არის თუ არა ფსიქოანალიზი მეცნიერება?
- გიორგი შარმაზანაშვილი

- Jul 26
- 8 min read
ჟაკ ლაკანის XI სემინარი „ფსიქოანალიზის ოთხი ფუნდამენტური ცნება“ იწყება კითხვით: შეიძლება თუ არა ფსიქოანალიზი მეცნიერებად მივიჩნიოთ და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ტიპის მეცნიერებასთან გვაქვს საქმე? ამ საკითხზე პასუხის გასაცემად საჭიროა განვსაზღვროთ, რას შეისწავლის ფსიქოანალიზი და რით განსხვავდება მისი კვლევის საგანი თანამედროვე მეცნიერების ობიექტისგან.
ლაკანი პიკასოს სიტყვებს იმოწმებს: „მე არ ვეძებ, მე ვპოულობ“. ამ ფრაზით ერთმანეთისგან იმიჯნება ორი განსხვავებული შემეცნებითი პოზიცია. თანამედროვე მეცნიერება ეძებს ობიექტურ ცოდნას უკვე ჩამოყალიბებული საგნებისა და მოვლენების შესახებ. ფსიქოანალიზი კი ინტერესდება არა მხოლოდ იმით, თუ რა არის კონკრეტული ობიექტი, არამედ იმ პირობებითაც, რომელთა საფუძველზე რაღაც საერთოდ ცალკეულ ობიექტად შეიძლება გამოჩნდეს.
ამიტომ ფსიქოანალიზი ჩვეულებრივი გაგებით ობიექტებზე ორიენტირებული მეცნიერება არ არის. იგი შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც განსხვავებების, წყვეტების, ბზარების, ღიობების, ნაკლებისა და სურვილის მიზეზების კვლევა, რითაც იგი სცდება ობიექტურობის ტრადიციულ ჩარჩოებს.
ობიექტურობიდან ობიექტალობამდე
თანამედროვე მეცნიერების ძირითადი მოდალობა ობიექტურობაა. მისი ყურადღება მიმართულია სამყაროში არსებული საგნების, მოვლენებისა და კანონზომიერებებისკენ. იგი შეისწავლის იმას, რაც უკვე გამოიყო და საკვლევ ობიექტად ჩამოყალიბდა.
ფსიქოანალიზის საგნის აღსაწერად ლაკანი იყენებს განსხვავებულ ცნებას - ობიექტალობას (objectalité). ობიექტალობა გულისხმობს არა უბრალოდ ობიექტების, არამედ მათი წარმოქმნის პირობების კვლევას. აქ მთავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ „რა არის ეს საგანი?“, საჭიროა ასევე ვიკითხოთ: როგორ გახდა შესაძლებელი მისი გამოყოფა, ამოცნობა და სახელდება?
იმისთვის, რომ რაღაც ცალკეულ ერთეულად გამოჩნდეს, იგი დანარჩენი გარემოსგან უნდა განვასხვაოთ. როდესაც ყურადღებას კონკრეტულ ობიექტზე ვამახვილებთ, ის წინა პლანზე გამოდის, ყველაფერი დანარჩენი კი ფონად იქცევა. ამ ოპერაციაში გადამწყვეტ როლს ენა ასრულებს: იგი რაღაცას ასახელებს და ამ გზით სხვა საგნებისგან გამოყოფს.
ამავე პრინციპით იქმნება სიტყვების მნიშვნელობაც. არც ერთ სიტყვას არ აქვს სრულიად დამოუკიდებელი მნიშვნელობა. იგი მხოლოდ სხვა სიტყვებისგან განსხვავებით და მათთან მიმართებით იძენს მნიშვნელობას. ენა, შესაბამისად, განსხვავებათა სისტემაა.
ერთის არსებობისთვის საჭირო სამი ელემენტი
ერთი ობიექტის გამოსაყოფად თავდაპირველად ორი მხარე გვჭირდება: თავად ობიექტი და ის ფონი, რომლისგანაც ობიექტი განსხვავდება. თუმცა მათ შორის მესამე ელემენტიც უნდა არსებობდეს - მინიმალური, არარედუცირებადი განსხვავება.
თუ ობიექტსა და ფონს შორის განსხვავება მთლიანად გაქრება, ისინი ორ დამოუკიდებელ ერთეულად ვეღარ გამოჩნდებიან. მაშასადამე, ერთი ობიექტის არსებობა სულ მცირე სამ სტრუქტურულ ელემენტს გულისხმობს:
1. წინა პლანზე გამოსულ ობიექტს;
2. ფონს ან მეორე ობიექტს;
3. მათ შორის არსებულ განსხვავებასა და ინტერვალს.
ამიტომ „ერთი“ ისეთი მარტივი და დახურული მთლიანობა არ არის, როგორადაც ის ერთი შეხედვით წარმოგვიდგება. ერთის გამოსაყოფად ჯერ განსხვავება უნდა შეიქმნას. იქ, სადაც ორი განსხვავებული ერთეული არსებობს, აუცილებლად არის მათ შორის არსებული მესამე ელემენტიც - ღიობი (დისტანცია ორ ელემენტს შორის), რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს და ამავე დროს ერთმანეთისგან განასხვავებს.
ამ მესამე ელემენტის გასაგებად მნიშვნელოვანია ლაკანის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება - objet petit a (ობიექტი პატარა ა). იგი არ უნდა იყოს გაგებული როგორც ჩვეულებრივი ნივთი, რომლის მიღებაც ადამიანს სურს. Objet a აღნიშნავს არა სურვილის საბოლოო ობიექტს, არამედ სურვილის ობიექტ-მიზეზს.
ადამიანს ხშირად შეუძლია თქვას, რა სურს, მაგრამ გაცილებით რთულია პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ სურს მას ეს. ლაკანიანური თეორიის მიხედვით, სურვილს წარმოშობს ნაკლი. ადამიანს რაღაც იმიტომ სურს, რომ იგი არ აქვს და მის არქონას ნაკლად განიცდის.
თუმცა უბრალო არქონა და ნაკლი ერთმანეთის იდენტური არ არის. ადამიანს უამრავი რამ არ გააჩნია, მაგრამ ყველა მათგანის არქონას დანაკარგად არ განიცდის. რაღაც მხოლოდ მაშინ ხდება სურვილის მიზეზი, როდესაც მის არარსებობას სუბიექტი საკუთარ ნაკლად აღიქვამს. ამ მექანიზმს მარკეტინგში ნათლად დაინახავთ. ადამიანს შეიძლება არასოდეს უფიქრია კონკრეტული ნივთის საჭიროებაზე, მაგრამ რეკლამა მას უქმნის განცდას, რომ ამ ნივთის გარეშე რაღაც აკლია. შესაბამისად, რეკლამა უბრალოდ ობიექტს კი არ გვთავაზობს, არამედ ნაკლის გამოცდილებას გვიჩენს.
სასურველი ობიექტის მოპოვების შემდეგ სურვილი სუსტდება და სხვა ობიექტზე გადადის. ეს გვიჩვენებს, რომ სურვილს თვითონ ნივთი არ წარმოშობდა. მის უკან მოქმედებდა ნაკლი, რომლის საბოლოოდ შევსებაც ვერც ერთმა კონკრეტულმა ობიექტმა ვერ შეძლო.
Objet a სწორედ ამ სიცარიელის ადგილს აღნიშნავს. ის არ არის დაკარგული ნივთი, რომლის პოვნაც სურვილს საბოლოოდ დაასრულებს. პირიქით, ის არის სტრუქტურული ბზარი რომელიც სურვილს მოძრაობაში ტოვებს.
თუ objet a ნაკლის ადგილს წარმოადგენს, ჩნდება კითხვა: რა წარმოშობს თავად ამ ადგილს?
ნაკლის გამოცდილება შეიძლება ორ მომენტად განვიხილოთ. პირველი არის აკრძალვის, გაყოფისა და ჭრის აქტი, რომელსაც ლაკანიანურ ალგებრაში - (ფალოსი) აღნიშნავს. მეორეა ამ ჭრის შედეგად დარჩენილი ღიობი - objet a.
-ф სიმბოლურ კასტრაციას უკავშირდება. აქ კასტრაცია არ ნიშნავს ფიზიკურ ან ანატომიურ მოვლენას. ეს არის სიმბოლური ოპერაცია, რომლის შედეგადაც სუბიექტი ხვდება, რომ სრული და საბოლოო დაკმაყოფილება შეუძლებელია. იგი ასევე აღმოაჩენს, რომ არსებობს ენა, კანონი, სოციალური წესები და სხვა ადამიანების სურვილები, რომელთა სრულად კონტროლიც არ შეუძლია.
აკრძალვა ჭრას ახორციელებს, ხოლო objet a ამ ჭრის შედეგად წარმოქმნილ ღიობს აღნიშნავს. სწორედ ამ ბზარში ჩნდება ნაკლი და, მასთან ერთად, ადამიანური სურვილი.
როდესაც საუბარი გვქონდა ობიექტის ცალკეულ ერთეულად გამოყოფაში მონაწილე სამ ელემენტზე, როგორც ვხედავთ აკრძალვის სახით შემოდის მეოთხეც, რომელსაც ლაკანის თეორიაში ეწოდება “Nom-du-Père” ანუ მამის სახელი.
სიმბოლურ წესრიგში შესვლა
ადამიანის ადრეული გამოცდილება თავდაპირველად სხეულებრივ მოთხოვნილებებთან და მზრუნველ ადამიანზე დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული. ჩვილს მუდმივი ზრუნვა სჭირდება და მისი მოთხოვნილებები ჯერ კიდევ არ არის ორგანიზებული სოციალური წესებით.
განვითარების პროცესში ბავშვი თანდათან აწყდება შეზღუდვებს. იგი აღმოაჩენს, რომ დაკმაყოფილება ყოველთვის დაუყოვნებლივ არ ხდება; რომ არსებობს დრო, ადგილი და წესი; რომ მოთხოვნა გარკვეული ფორმით, განსაკუთრებით კი სიტყვებით უნდა გამოიხატოს. Სიტყვებში, რომელშიც აღმზრდელი ეუბნება ბავშვს რომ იხმაროს საკუთარი სიტყვები, იმის სათქმელად რაც სურს, მაგრამ ეს მისი სიტყვები არ არის, ეს აღმზრდელის სიტყვებია.
საზღვრისა და აკრძალვის ამ ფუნქციას ლაკანი მამის სახელს უკავშირებს. ფრანგულ ენაში nom - „სახელი“ და non - „არა“ მსგავსად ჟღერს. ამის გამო „მამის სახელი“ ამავე დროს შეიძლება გავიგოთ როგორც „მამის აკრძალვა“.
მამობრივი ფუნქცია არ გულისხმობს აუცილებლად ბიოლოგიურ მამას, მამაკაცს ან კონკრეტულ პიროვნებას. ეს არის სიმბოლური ფუნქცია, რომელიც ბავშვს აჩვენებს, რომ მას და პირველადი მზრუნველის სურვილს შორის საზღვარი არსებობს. ამ ფუნქციის შესრულება სხვადასხვა ადამიანმა ან სოციალურმა ინსტანციამ შეიძლება იტვირთოს.
მისი მთავარი გზავნილია, რომ მზრუნველი მთლიანად ბავშვს არ ეკუთვნის და ბავშვიც ვერ გახდება მისი სურვილის სრულყოფილი ობიექტი. არსებობს სხვა ურთიერთობები, ინტერესები, სურვილები და სოციალური წესები.
ეს შეზღუდვა თავდაპირველად შეიძლება დანაკარგად განიცდებოდეს, მაგრამ იგი აუცილებელ ფსიქიკურ სივრცესაც ქმნის. ბავშვი აღარ არის ვალდებული, მთელი არსებობა სხვისი სურვილის გამოცნობასა და დაკმაყოფილებას დაუქვემდებაროს.
სურვილი როგორც სხვისი სურვილი
ბავშვს სურს პირველადი მზრუნველის ყურადღება და სიყვარული. თუმცა იგი მალე აღმოაჩენს, რომ მზრუნველ ადამიანს მის გარდა სხვა ინტერესებიც აქვს. ბავშვი იწყებს ფიქრს: რა სურს მას? რა იზიდავს მის ყურადღებას? როგორი უნდა ვიყო, რომ მისი სურვილის ობიექტი გავხდე?
აქედან მომდინარეობს ლაკანის ცნობილი ფორმულა: სურვილი არის სხვისი სურვილი.
ეს ფორმულა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ მნიშვნელობას შეიცავს. ადამიანს შეიძლება სურდეს ის, რაც სხვას სურს; მას სურს, რომ თავად იყოს სხვისთვის სასურველი; საკუთარი სურვილის განსაზღვრისას იგი სხვების სურვილებით ხელმძღვანელობს; და ზოგადად, სურვილს სოციალური ურთიერთობებისგან სწავლობს.
ეს მექანიზმი ზრდასრულ ცხოვრებაშიც გრძელდება. ადამიანი ხშირად იცვლის ქცევას, ინტერესებსა და თვითწარმოდგენას იმის მიხედვით, თუ რას მოელიან მისგან სხვები. იგი ცდილობს გამოიცნოს სხვისი სურვილი და საკუთარი თავი ამ წარმოსახვით მოთხოვნას მოარგოს.
მამობრივი ფუნქციის მნიშვნელობა სწორედ ამ უსასრულო მიჯაჭვულობის შეზღუდვაში მდგომარეობს. იგი ბავშვს უჩვენებს, რომ სხვისი სურვილის სრულყოფილად დაკმაყოფილება შეუძლებელია და რომ მას საკუთარი ადგილი და სურვილი უნდა ჰქონდეს.
დივიზირებული სუბიექტი და გაუცხოება ენაში
სიმბოლურ წესრიგში შესვლა აუცილებელია, მაგრამ იგი გაუცხოებასაც წარმოშობს. ადამიანი იბადება სამყაროში, სადაც ენა, სახელები და სოციალური წესები უკვე არსებობს. საკუთარ სახელსაც კი სხვები გვაძლევენ.
საკუთარი გამოცდილების გამოსახატავად სუბიექტმა იმ სიტყვებით უნდა ისაუბროს, რომლებიც თვითონ არ შეუქმნია. სწორედ ამიტომ ადამიანი ერთდროულად არის სხეულებრივი და ენობრივი არსება.
ერთ მხარეს დგას სხეული - მისი მოთხოვნილებები, შეგრძნებები და მატერიალური გამოცდილება. მეორე მხარეს კი სიმბოლური წესრიგია - სიტყვები, სახელები, კანონები და სოციალური მოლოდინები. ამ ორ განზომილებას შორის სრული თანხვედრა შეუძლებელია. სხეულებრივი გამოცდილების ნაწილი ყოველთვის რჩება სიტყვების მიღმა.
ამგვარად წარმოიქმნება დივიზირებული სუბიექტი, რომელსაც ლაკანი $ -ით აღნიშნავს. სუბიექტის გაყოფა შემთხვევითი დარღვევა არ არის, რომლის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრაც შესაძლებელი იქნებოდა. ის ადამიანის სუბიექტურობის სტრუქტურული პირობაა.
ეს არის კვეთა ცხოველურ არსებობასა და წერიგის, აღმნიშვნელთა ჯაჭვის სუბიექტს შორის, სადაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს და რა თქმა უნდა არც პირველად ობიექტთან დაბრუნების და გაერთიანების საშუალება, რომელსაც გვპირდებიან სხვადასხვა მეთოდებით.
ლაკანთან რეალური არ უნდა გავაიგივოთ უბრალოდ მატერიალურ სამყაროსთან ან ენის არსებობამდე მოცემულ ბუნებრივ მთლიანობასთან. რეალური არის ის, რასაც სიმბოლური წესრიგი ბოლომდე ვერ მოიცავს.
ადამიანის სხეულებრივ და ემოციურ გამოცდილებაში ყოველთვის რჩება რაღაც, რაც სიტყვებით სრულად ვერ გამოითქმის. ენა გამოცდილებას აწესრიგებს, მაგრამ მის ყველა ელემენტს ვერ ითვისებს. სწორედ ეს შეუძლებელი ნაშთი უკავშირდება რეალურს. ამ თვალსაზრისით, რეალური მხოლოდ სიმბოლურ წესრიგთან მიმართებით იჩენს თავს. მხოლოდ ენის არსებობის შემდეგ ხდება შესაძლებელი იმის დანახვა, თუ რა ვერ მოექცა ენაში.
არაცნობიერი როგორც წყვეტა
არაცნობიერი არ არის სადღაც სიღრმეში მოთავსებული საიდუმლო საცავი, რომელშიც ადამიანის ნამდვილი აზრები ინახება. იგი ყველაზე მკაფიოდ მეტყველების წყვეტებში ვლინდება:
· წამოცდენაში;
· სიტყვის დავიწყებაში;
· მოულოდნელ გამეორებაში;
· შეცდომაში;
· სიზმრის დეტალში;
· უნებლიე ხუმრობასა ან მოქმედებაში.
ასეთ მომენტებში სუბიექტი ამბობს ან აკეთებს იმაზე მეტს ან ნაკლებს, ვიდრე შეგნებულად ჰქონდა განზრახული. მეტყველების ჩვეულებრივი დინება ირღვევა და აღმნიშვნელთა მოულოდნელი კავშირი ჩნდება.
სწორედ ამიტომ არაცნობიერი მოვლენად უნდა გავიგოთ. ის დროებით იხსნება, რაღაცას ავლენს და შემდეგ კვლავ შეიძლება გაქრეს. ფსიქოანალიზის ამოცანა ამ გამოვლინების ძალით დაჭერა და მზა მნიშვნელობით შევსება არ არის, არამედ მისი ყურადღებით მოსმენაა.
ფსიქოანალიზი და ჰერმენევტიკა
ჰერმენევტიკა ტექსტის მნიშვნელობის ინტერპრეტაციას ემსახურება. ფსიქოანალიზიც მეტყველებასა და ინტერპრეტაციასთან მუშაობს, მაგრამ მისი დამოკიდებულება მნიშვნელობისადმი წინააღმდეგობრივია.
ეგრეთ წოდებული ეჭვის ჰერმენევტიკა ვარაუდობს, რომ ტექსტის ზედაპირი რაღაცას მალავს და მის უკან ნამდვილი მოტივი უნდა ვიპოვოთ. ამ მოდელში ანალიტიკოსს შეიძლება წინასწარ ჰქონდეს გადაწყვეტილი, რა დგას პაციენტის ყოველი სიტყვის უკან.
ლაკანიანური მიდგომა განსხვავებულია. ჭეშმარიტება ყოველთვის ტექსტის უკან არ იმალება. იგი შეიძლება თვითონ მეტყველების შიგნით, წამოცდენაში, ორაზროვნებაში, პაუზასა და წინააღმდეგობაში გამოვლინდეს.
ამიტომ ანალიზანტის სიტყვებს სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ. ანალიტიკოსმა მას მზა ინტერპრეტაცია არ უნდა მოახვიოს. საჭიროა იმის მოსმენა, თუ სად არღვევს მეტყველება საკუთარ უწყვეტობას და სად ჩნდება სუბიექტისთვის მოულოდნელი აღმნიშვნელი.
ამავე დროს, ლაკანის გვიანდელი ცნება sinthome (სინტომი) აჩვენებს, რომ ყველაფერი ინტერპრეტაციას არ ემორჩილება. სუბიექტის მეტყველებასა და მოქმედებაში ყოველთვის შეიძლება დარჩეს ისეთი კვანძი, რომლის სრულად სიმბოლიზება შეუძლებელია. ფსიქოანალიზი, შესაბამისად, ინტერპრეტაციის შესაძლებლობასთან ერთად მის საზღვრებსაც აღიარებს.
ფსიქოანალიზი როგორც წარსულის რესუბიექტივაცია
ფროიდის ფორმულა Wo Es war, soll Ich werden ხშირად ითარგმნება როგორც „იქ სადაც იდი იყო, მე უნდა აღსრულდეს“. ლაკანიანური წაკითხვით, აქ საქმე მე-ს მიერ იდის განდევნას არ ეხება. უფრო ზუსტად, სუბიექტი უნდა მივიდეს იმ ადგილას, სადაც იგი მანამდე უკვე მოქმედებდა, თუმცა საკუთარ მოქმედებასა და სურვილს ვერ ცნობდა.
ანალიზში ადამიანი წარსულს უბრალოდ არ იხსენებს. იგი ძველ მოვლენებს ახალ სიმბოლურ კავშირებში ათავსებს და წარსულს საკუთარ ისტორიად გარდაქმნის. ეს რეტროაქტიული პროცესია: მოგვიანებით მიღებული მნიშვნელობა ცვლის იმას, თუ როგორ გვესმის ადრინდელი გამოცდილება.
ამ პროცესს შეიძლება რესუბიექტივაცია ვუწოდოთ. სუბიექტი საკუთარ სიტყვებს, მოქმედებებსა და გამოცდილებას აღიარებს როგორც საკუთარი ისტორიის ნაწილს. ეს არ ნიშნავს ყველაფრის გამართლებას; ის მომხდართან საკუთარი კავშირის ცნობასა და პასუხისმგებლობის მიღებას გულისხმობს.
ორფევსი და ორჯერ დაკარგული ევრიდიკე
ლაკანი ორფევსისა და ევრიდიკეს მითს არაცნობიერთან ანალიტიკოსის ურთიერთობის მეტაფორად იყენებს. ორფევსი დაკარგულ ევრიდიკეს ქვესკნელიდან გამოყვანას ცდილობს, მაგრამ უკან გახედვის გამო კვლავ კარგავს მას. ევრიდიკე, შესაბამისად, ორჯერ იკარგება.
არაცნობიერიც მსგავსი გზით ვლინდება. გარკვეული გამოცდილება თავდაპირველად განიდევნება ან იკარგება, შემდეგ კი სიმპტომში, სიზმარში ან წამოცდენაში მოულოდნელად ბრუნდება. თუმცა, თუ ანალიტიკოსი მის დაჭერასა და სწრაფად ახსნას შეეცდება, გამოვლინება შეიძლება კვლავ გაქრეს.
ამიტომ აღმოჩენა ყოველთვის ხელახლა აღმოჩენაცაა. აწმყოში წარმოქმნილი შეცდომა ან წყვეტა წარსულში დატოვებულ კვალს უკავშირდება. მაგრამ ეს კავშირი წინასწარ და ავტომატურად არ არის მოცემული, იგი ანალიზის პროცესში, რეტროაქტიულად ყალიბდება.
„ერთი“ როგორც ნაჭდევი
ჩვეულებრივ, ერთი მთლიანობას, ერთიანობასა და შეკრულობას ნიშნავს. ლაკანთან კი „ერთი“ პირველ რიგში ჭრა, ხაზი ან ნაჭდევია.
ამის მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ მონადირე, რომელიც ძვალზე ნიშანს აკეთებს ნანადირევის აღსანიშნავად. ნანადირევი უკვე დაჭრილია ბევრს ნაწილად, მაგრამ მისი აღმნიშვნელი კვალი რჩება, როგორც ძვალზე პირველად მიყენებული ჭრილობა . ნაჭდევი არყოფნილ საგანს ანაცვლებს, წარსულ მოვლენას სიმბოლურ ქსელში ინახავს და დათვლის შესაძლებლობას ქმნის.
ეს არის უნარული ნიშანი - პირველი განმასხვავებელი კვალი. შესაბამისად, ლაკანის „ერთი“ არ აღნიშნავს თავდაპირველ, დახურულ მთლიანობას. ის არის გაყოფის მოქმედება, რომლის შედეგადაც განსხვავება, აღმნიშვნელი და დათვლა ხდება შესაძლებელი.
ამავე საკითხს უკავშირდება გერმანული Unbegriff. სიტყვა Begriff ნიშნავს ცნებას და ეტიმოლოგიურად მოჭერასა და ხელში ჩაგდებას უკავშირდება. Unbegriff შეიძლება გავიგოთ როგორც ის, რაც ასეთ დაჭერას გაურბის. ამ სიტყვაში გერმანული უარყოფითი წინსართი un- ფრანგულ un-ს „ერთს“ ეხმიანება. შედეგად „ერთი“ მთლიანობის ნაცვლად უარყოფას, წყვეტასა და ნაკლს უკავშირდება.
რა სახის მეცნიერებაა ფსიქოანალიზი?
ფსიქოანალიზი ვერ იქნება მეცნიერება იმავე მნიშვნელობით, როგორც ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია. იგი არ შეისწავლის უკვე ჩამოყალიბებულ ობიექტებს მხოლოდ გარეგანი, ობიექტური მეთოდებით და მისი დასკვნები ვერ დაექვემდებარება იმავე სახის უნივერსალურ გაზომვასა და ექსპერიმენტულ გამეორებას.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფსიქოანალიზი მთლიანად უნდა გაიგივდეს თავისუფალ ინტერპრეტაციასთან ან ჰერმენევტიკასთან. მას აქვს საკუთარი, მკაფიო კვლევის საგანი: სუბიექტის გაყოფა, არაცნობიერის მოქმედება, აღმნიშვნელთა ურთიერთობა, ნაკლის წარმოქმნა და სურვილის მიზეზი.
ფსიქოანალიზი ყურადღებას მიმართავს არა მხოლოდ იმისკენ, რაც უკვე ობიექტად ჩამოყალიბდა, არამედ იმ ჭრისკენაც, რომელმაც ობიექტის გამოყოფა შესაძლებელი გახადა. იგი შეისწავლის არა მხოლოდ ადამიანის სურვილის ობიექტებს, არამედ იმ სტრუქტურულ სიცარიელეს, რომლის გამოც ადამიანში ჩნდება სურვილი.
ამ თვალსაზრისით, ფსიქოანალიზი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც სუბიექტის, განსხვავების, ნაკლისა და სურვილის მიზეზების მეცნიერება. მისი ობიექტი მყარი და უცვლელი ნივთი არ არის. მისი „ობიექტი“ სწორედ ის ღიობია, რომელიც ორი ერთეულის შორის ჩნდება, მათ განსხვავებას შესაძლებელს ხდის და სივრცეს ქმნის, სადაც ადამიანური სურვილი იბადება.
ბიბლიოგრაფია:
Lacan, Jacques. The Four Fundamental Concepts of Psycho-Analysis: The Seminar of Jacques Lacan, Book XI. Edited by Jacques-Alain Miller. Translated by Alan Sheridan. New York: W. W. Norton & Company, 1978.
Lacan, Jacques. The Sinthome: The Seminar of Jacques Lacan, Book XXIII. Edited by Jacques-Alain Miller. Translated by A. R. Price. Cambridge: Polity Press, 2016.
Freud, Sigmund. “New Introductory Lectures on Psycho-Analysis.” In The Standard Edition of the Complete Psychological Works of Sigmund Freud, Vol. XXII. Translated by James Strachey. London: Hogarth Press, 1964.
Fink, Bruce. The Lacanian Subject: Between Language and Jouissance. Princeton: Princeton University Press, 1995.




Comments