top of page

ᲤᲡᲘᲥᲝᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ

ᲤᲡᲘᲥᲝᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲝᲡᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲜᲝᲛᲘᲜᲐᲪᲘᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲓᲣᲠᲐ ESPACE ANALYTIQUE-ᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲘᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲚᲐᲙᲐᲜᲘᲐᲜᲣᲠᲘ ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲐ ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲨᲘ ᲗᲣ ᲛᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲡ ᲒᲐᲠᲔᲗ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲐᲠᲔᲜᲐᲖᲔ:

ლაკანიანური ასოციაციები ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის  შედარებით რთულ გაზს ირჩევენ. როგორც საერთაშორისო ასოციაციის, ასევე ლაკანიანური ასოციაციის ფარგლებში ფსიქოანალიტიკოსის ფორმაცია სამ ძირითად ღერძს ეფუძნება: პირადი, ან სხვაგვარად დიდაქტიკური ანალიზი, სუპერვიზია, სხვაგვარად საკონტროლო ანალიზი (ლაკანიანურ ჟარგონზე) და თეორიული სწავლება.

პირადი ანალიზი ფორმაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა განსხვავებით საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის სტანდარტისაგან (300 საათი), დიდაქტიკური ანალიზის საათები განსაზღვრული არ არის. კანდიდატის ანალიზი შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდეს, იქამდე ვიდრე ანალიტიკოსი და კანდიდატი არ დარწმუნდებიან, რომ დიდაქტიკური ანალიზი ნამდვილად დასრულდა, ან მნიშვნელოვნად ღრმა იყო იმისათვის, რომ სუბიექტმა ფსიქოანალიტიკოსის ადგილის დაკავება შეძლოს და მოუსმინოს სხვას.

იმისათვის, რომ კანდიდატს ინსტიტუციამ ანალიტიკოსის სტატუსი მიანიჭოს, აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი ანალიტიკური პრაქტიკის ქონა პაციენტებთან (არა აუცილებლად კაბინეტის, არამედ ინსტიტუციის ფარგლებშიც) და ორ სხვადასხვა სუპერვაიზორთან 2 წლის განმავლობაში საკონტროლო ანალიზის გავლა. კანდიდატი დასაწყისისთვის მონაწილეა, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად ასოციაციის ფარგლებში ასოციაციის წევრ ანალიტიკოსთან დიდაქტიკურ ანალიზს იწყებს. მოგვიანებით ის ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე იღებს ასოცირებული წევრის სტატუსს და 5 წლიანი ანალიტიკური პრაქტიკისა და საკონტროლო ანალიზის გავლის შემდეგ პრაქტიკოსი ანალიტიკოსის სტატუსს (გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კანდიდატის ჟიურის კომისიის წინაშე წარდგენას). 10 წლიანი ანალიტიკური პრაქტიკისა და 5 წლიანი სუპერვიზიის შემდეგ, უკვე პრაქტიკოსი ანალიტიკოსის (ე.ი. ფორმირებული ფსიქოანალიტიკოსის) სტატუსის მქონე კოლეგას  სურვილისამებრ (რაც აღარ წარმოადგენს აუცილებლობას) შეუძლია წარსდგეს ჟიურის ორ განსხვავებულ ჯგუფთან, რომელმაც კანდიდატის სრულ წევრობაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სრული წევრობის მოპოვებისათვის კანდიდატისაგან მოითხოვენ, რომ მას ფსიქოანალიზის განვითარებაში საკუთარი წვლილი ქონდეს შეტანილი (იხ. ვრცლად ფსიქოანალიტიკური ფორმაციის შესახებ ლაკანიანურ ასოციაციებში აქ).

ᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲙᲕᲐᲚᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲘᲜᲘᲭᲔᲑᲐ:

ასოციაცია Espace Analytique-ის სადამფუძნებლო ტექსტის ფორმაციის ნაწილში ვკითხულობთ:

„არც ერთ სხვა აქტივობას ანალიტიკური ფორმაციის პროცესში არ შეუძლია ჩაანაცვლოს კანდიდატის პირადი ანალიზი, ისევე როგორც ამ უკანასკნელის კლინიკური პრაქტიკის სუპერვიზია. კანდიდატს შეუძლია პირადი ანალიზი გაიაროს Espace Analytique-ის წევრ ანალიტიკოსთან, ან სხვა Espace Analytique-ის მიერ აღიარებული ასოციაციის წევრ ანალიტიკოსთან. კომისია და ჟიური კვალიფიკაციის მინიჭების დროს ითვალისწინებს არა მხოლოდ პირად ანალიზსა (როგორც ფაქტს) და სუპერვიზიას, არამედ კანდიდატის ფსიქოანალიტიკურ გამოცდილებას მთელი ფორმაციის პროცესში, ისევე როგორც კანდიდატის ანალიტიკურ პრაქტიკას და განვლილ გზას. თუ კანდიდატს არ იცნობენ ჟიურის წევრები ისინი უფლებას იტოვებენ მიმართონ კანდიდატის სუპერვიზორს, ან უკიდურეს შემთხვევაში ანალიტიკოსს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ კანდიდატის მიერ გაწეული პიროვნული თუ კლინიკური სამუშაო. კომისია აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს კანდიდატის კლინიკური პრაქტიკის ეთიკურ ასპექტებზეც. მიუხედავად ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურისა ანალიტიკოსი აღიარებული და შეცნობილია მხოლოდ და მხოლოდ და უპირველეს ყოვლისა საკუთარი პაციენტების მიერ, ხოლო ასოციაცია Espace Analytique წარმოადგენს ანალიტიკოსის ფორმაციის ხარისხის გარანტორს“.

ასოციაცია Espace Analytique სხვა ლაკანიანური ასოციაციების მსგავსად  იცავს ანალიტიკოსის ფორმაციის შემდეგ პროტოკოლს, რომელიც მოიცავს 5 განსხვავებულ სტატუსს:

1. მონაწილე (Participant) : ფსიქოანალიტიკური ფორმაციის დაწყების მსურველი კანდიდატი მიმართავს Espace Analytique- ის მიმღებ კომისიას, რომელსაც უზიარებს ამ სურვილის შესახებ და ცდილობს დაასაბუთოს მისი ინტერესი ფსიქოანალიზისა და ანალიტიკური პრაქტიკისადმი. მიმღებ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ კანდიდატი იწყებს პირად ანალიზს და ესწრება ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სასწავლო სემინარებსა და სხვა თეორიულ-კლინიკურ აქტივობებს. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდა კანდიდატები კლინიკურ პრაქტიკას, როგორც სტაჟიორები, ან როგორც კლინიკური ფსიქოლოგები სხვადასხვა ინსტიტუციის ფარგლებში იღებენ, რაც წინ უსწრებს პირადი, კერძო პრაქტიკის დაწყებას კაბინეტში.

 

2. Espace Analytique-ის ასოცირებული წევრი (Adhérent). ასოცირებულ წევრად იწოდებიან ისინი, ვინც საკუთარ კლინიკურ პრაქტიკაში ეფუძნებიან ფსიქოანალიზს, ან მუშაობენ ინსტიტუციებში, რომლებიც დაკავშირებულია ფსიქოანალიზთან. ასოცირებული წევრები არიან ფორმაციაში მყოფი ანალიტიკოსები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ ასოციაცია Espace Analytique-ის აქტივობებში, როგორც სასწავლო, ასევე საორგანიზაციო საკითხებში, ან ეხმარებიან ასოციაციას ფსიქოანალიზის გავრცელებაში. ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭება Espace Analytique-ის შინაგანაწესის დაცვით ხდება. ნომინაციის პროცედურას ახორციელებს ადმინისტრაციული საბჭო. ასოცირებულ წევრს შეუძლია დაესწროს გენერალურ საბჭოს და წევრთა შეკრებებს, მაგრამ არ შეუძლია ხმის უფლებით სრულად სარგებლობა.

 

3. Espace Analytique-ის პრაქტიკოსი ანალიტიკოსი (Analyste praticien) ასოციაციის პრაქტიკოსი ანალიტიკოსის სტატუსი ფორმაციაში მყოფ კანდიდატს უკვე ფორმირებულ ფსიქოანალიტიკოსთა რიცხვს მიაკუთვნებს. მიმღები კომისია განიხილავს კანდიდატის მოთხოვნას წარსდგეს ჟიურის წინაშე და მიიღოს ანალიტიკოსის სტატუსი. კანდიდატი გადის სამ გასაუბრებას სამ სხვადასხვა წევრ ანალიტიკოსთან. ინტერვიუების დროს კანდიდატი ყვება ფორმაციის საკუთარი სუბიექტური გამოცდილებისა და იმ გზის შესახებ, რომელიც მან გაიარა (პირადი ანალიზი, სუპერვიზია, თეორიული სწავლება). ჟიურის წევრები კანდიდატს გამოკითხავენ მისი ანალიტიკური პრაქტიკისა და კლინიკური გამოცდილების შესახებ. მოსაზრება კანდიდატთან, მის მზაობასთან დაკავშირებით აწარმოოს ანალიტიკური პრაქტიკა, კომისიამ შეიძლება კანდიდატის სუპერვიზორისგანაც მოისმინოს. კანდიდატის ანალიტიკოსი მიმღებმა კომისიამ  ძალიან იშვიათად შიძლება ჩართოს აღწერილ პროცედურაში. ანალიტიკოსს შეიძლება სთხოვონ დადასტურება, კანდიდატმა გაიარა ანალიზი, დაასრულა ის ან ანალიზის პროცესშია თუ არა. იმისათვის, რომ კანდიდატმა პრაქტიკოსი ანალიტიკოსის სტატუსი მიიღოს უნდა უპასუხოს ორ პირობას: უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი ანალიტიკური პრაქტიკა  და სუპერვიზია გავლილი 2 წლის განმავლობაში.

 

4. Espace Analytique-ის წევრი ანალიტიკოსი (Membres). იმისათვის რომ პრაქტიკოსი ანალიტიკოსი გახდეს ასოციაციის სრული წევრი ჟიურის კომისიის შეკრებამდე უნდა გაიაროს ორი გასაუბრება მიმღები კომისიის სამდივნოსთან, ხოლო მეორე გასაუბრება ამ კომისიის წევრებთან. მეორე ეტაპზე კანდიდატი თავად ადგენს ჟიურის კომისიას, თუმცა პროცედურა იმ შემთხვევაში იწყება თუ კანდიდატი წევრობის აუცილებელ კრიტერიუმებს პასუხობს:

  1. პირადი ანალიზი, რომელიც დასრულდა ან ახლოს არის ფინალურ ფაზასთან

  2. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 წლიანი ანალიტიკური პრაქტიკა

  3. უნდა ჰქონდეს, როგორც მინიმუმ 2 ანალიტიკური შემთხვევის სუპერვიზირება განხორციელებული 2 განსხვავებულ სუპერვიზორთან

კანდიდატი ადგენს ჟიურის კომისიას, რომელიც 4 ანალიტიკოსისაგან შედგება: როგორც მინიმუმ 2 ანალიტიკოსი უნდა იყოს Espace Analytique-ის წევრი, 2 შესაძლოა სხვა ფსიქოანალიტიკური ასოციაციის წევრიც იყოს, იმ შემთხვევაში თუ ასოციაცია სცნობს  ინსტიტუციებს, სადაც ისინი ფორმირდნენ. ასოციაციის 2 ფსიქოანალიტიკოსი შემთხვევითი შერჩევის წესით ხვდება ჟიურის კომისიაში, ხოლო ორ ანალიტიკოსს თავად მიმღები კომისია აწესებს. ჟიური კანდიდატს გამოკითხავს მის მიერ განვლილი გზის შესახებ: როგორ გადაწყვიტა გამხდარიყო ანალიტიკოსი, როგორ დაიწყო პირადი ანალიზი, შემდგომში სუპერვიზია და კლინიკური პრაქტიკა, რა სირთულეებს აწყდებოდა ამ დროის განმავლობაში. წევრობის კანდიდატს აგრეთვე ეკითხებიან პუბლიკაციებისა და თეორიულ-პრაქტიკული სამუშაოს შესახებ, რომელიც შიძლება გულისხმობდეს ლექციების კითხვას საუნივერსიტეტო სივრცეში, ან სემინარების ფსიქოანალიტიკური ინსტიტუციის ფარგლებში. ჟიური ითვალისწინებს აგრეთვე კანდიდატის მონაწილეობას კონფერენციებზე, კოლოქვიუმებზე, კონგრესებზე , მის მიერ წარდგენილ მოხსენებებს. წევრი ანალიტიკოსი, რომელიც თანხმდება იყოს მიმღები კომისიის ჟიური ვალდებულია ასოციაციის წევრთა შეკრებაზე, კანდიდატის კონფიდენციალობის სრული დაცვით, განიხილოს ჟიურად ყოფნის საკუთარი გამოცდილება, რომლის პროტოკოლიც წინასწარ მკაცრად არასდროს არის გაწერილი.

გადაწყვეტილების მიღებამდე ჟიური 4-ჯერ იკრიბება. სამჯერ კანდიდატთან ერთდ და ერთხელ კანდიდატის გარეშე. არც კანდიდატის ანალიტიკოსს და არც მის სუპერვიზორს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ჟიურის კომისიაში. ჟიურის წევრები ყოველი შეკრების შემდეგ იცვლებიან. ჟიურის ერთ წევრს, რომელიც მაგალითად პირველ შეკრებას დაესწრო, აღარ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მეორე შეკრებაში. ჟიურის პროცედურა გრძელდება ერთი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი იღებს უარს, კომისია მას აძლევს ერთ წელს. ერთი წლის შემდეგ კანდიდატი ისევ ითხოვს ჟიურის კომისიის შედგენას და პროცედურა თავიდან იწყება. წევრის ნომინაცია რატიფიცირებულია ადმინისტრაციული საბჭოს მიერ.

ᲤᲡᲘᲥᲝᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙᲝᲡᲘᲡ ᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲛᲡᲯᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲜᲘ (ᲐᲚᲔᲜ ᲕᲐᲜᲘᲔ. ᲐᲛᲝᲜᲐᲠᲘᲓᲘ ᲬᲘᲒᲜᲘᲓᲐᲜ « ᲤᲡᲘᲥᲝᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ »)

ფროიდის პირველი მოსწავლეები ანალიზირებულნი არ იყვნენ  ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. მიუხედავად ამისა, არსებობს მრავალი საბუთი იმისა, რომ ფროიდის გარემოცვის ფარგლებში ანალიზს ქონდა ადგილი. უნივერსიტეტში ლექციების კითხვის დროს თუ შეკრებებზე, რომლებიც ფროიდის სახლში იმართებოდა მონაწილეები განიხილავდნენ საკუთარ სიზმრებს ან პაციენტებთან მუშობის კლინიკურ ასპექტებსა და სიმპტომებს. ისინი ცდილობდნენ კლინიკურ მუშაობასთან დაკავშირებული კითხვებისათვის პასუხი საკუთარი სიზმრებისა და ფანტაზმების ანალიზის გზით გაეცათ. სიახლე, თეორიული წინსვლით განცდილი სიხარული, კვლევისა და აღმოჩენისკენ სწრაფვა ამ პირველ ჯგუფში  ერთგვარ ანალიტიკურ პროცესს დაედო საფუძვლად.

გარკვეული დროის შემდეგ ანალიტიკოსთა ნაწილმა ფროიდს მიმართა ანალიზისთვის. ეს ანალიტიკური სეანსები პირველ მოსწავლეებთან გარდა ანალიტიკური მუშაობისა აგრეთვე გულისხმობდა თეორიულ და კლინიკურ დისკუსიებსაც, ისევე როგორც რჩევებს, რომლებსაც ფროიდი მასთან ანალიზზე მისულ ახალბედა პრაქტიკოსებს  აძლევდა. 1910 წელს, ნიუნბერგში გამართულ ფსიქოანალიზის მეორე კონგრესზე დაფუძნდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაცია (International Psychoanalytical Association, IPA). ამ კონგრესზე ფროიდი ფსიქოანალიტიკოსებს გადაჭრით ურჩევს საკუთარი ფორმაცია პირად ანალიზს დაუქვემდებარონ. ეს მოწოდება ჯერ-ჯერობით არსებობს მხოლოდ როგორც რეკომენდაცია და არა წესი, თუმცა ამ დროისათვის სულ უფრო ნათელი გახდა, რომ ანალიტიკოსის პირადი ანალიზი, ან როგორც ხშირად უწოდებენ დიდაქტიკური ანალიზი ფსიქოანალიტიკური ფორმაციის ცენტრალური ასპექტი იყო. ანალიტიკოსის ფორმაციამ 1920 წელს დაფუძნებულ ბერლინის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში განიცადა სტანდარტიზაცია. ბერლინის ინსტიტუტის დაფუძნებიდან ცოტა ხნის შემდეგ შესაძლებელი გახდა ანალიტიკოსთა ფორმირება გარკვეული წესების დაცვით. ეს ნაბიჯი, რომელმაც ფორმაცია და სელექცია გარკვეულ წესებს დაუქვემდებარა დროში დაემთხვა, როგორც ამას ბერნფელდი აღნიშნავს, ფროიდის კანცერის დიაგნოზს: საჭირო გახდა ფსიქოანალიტიკური მოძრაობისა და კვლევის გაგრძელების გარანტიების შექმნა. გადაწყვეტილება დიდაქტიკური ანალიზის აუცილებლობის შესახებ, რომელიც 1922 წელს საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კონგრესზე იქნა მიღებული, დღემდე პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. ბერლინის ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული მოდელი  IPA-ს ყველა სასწავლო ინსტიტუტისათვის საერთო სტანდარტად იქცა. ანალიტიკური ფორმაციის ყველა ეტაპი, კანდიდატის მიერ ანალიზის დაწყების გადაწყვეტილებაც კი, დაექვემდებარა კომისიის შეფასებებსა და დასკვნებს. ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლა, განსაკუთრებით კი ჟაკ ლაკანი ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხს ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებს. თვით IPA-ს წიაღშიც კი დღემდე არ არსებობს სრული თანხმობა ანალიტიკოსის ფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. სხვადასხვა ქვეყნის IPA-სთან ასოცირებული საზოგადოებები მეტ-ნაკლებად განსხვავებულ მიდგომებს ანვითარებს.

  • კონტროლი
    (იგულისხმება ფსიქოანალიტიკური ფორმაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, სუპერვიზია. ფრანგული სკოლა, განსაკუთრებით ლაკანიანური ასოციაციები სუპერვიზიასთან მიმართებაში უპირატესობას ანიჭებენ ტერმინს კონტროლი; საკონტროლო ანალიზი. დღეს ეს ტერმინები საფრანგეთში, როგორც სინონიმები გამოიყენება).

ბერლინის ინსტიტუტში კლინიკური შემთხვევის კონტროლი (სუპერვიზია), პირად ანალიზთან ერთად ფორმაციის მეორე აუცილებელ წესად იქცა. ანალიტიკოსი საკუთარი კლინიკური შემთხვევის შესახებ მოუთხრობს მეორე, მასზე ბევრად უფრო გამოცდილ ანალიტიკოსს. ეს პრაქტიკა, იქამდე ვიდრე ის წესად დაინერგებოდა, არაფორმალურად ბევრად უფრო ადრეც არსებობდა პირველი თაობის ანალიტიკოსთან წრეებში. დასაწყისისთვის ანალიტიკოსის დიდაქტიკური ანალიზი კონტროლისაგან მკვეთრად არ იყო გამიჯნული. ტერმინ კონტროლს საფუძვლად  განსაკუთრებული გარემოება დაედო: თუ ახალგაზრდა ანალიტიკოსის ფორმირება მის მიერ პაციენტებთან განხორციელებულ სამუშაოსა და მიღებულ გამოცდილებას უნდა დაფუძნებოდა, მაშინ ბერლინის ინსტიტუტი ვალდებული იყო ამ ინსტიტუტის ფარგლებში პაციენტი ენდო ფორმაციაში მყოფი ახალგაზრდა ანალიტიკოსისათვის. მიუხედავად იმისა, რომ თეორიული განათლება ახალბედა პრაქტიკოსებს საკმარისი ჰქონდათ, ისევე როგორც მათი პირადი ანალიზი საკმაოდ წინ წასული იყო, მაინც აუცილებელი გახდა ამ ახალბედა პრაქტიკოსთა მიერ წარმოებული მკურნალობის კონტროლი ინსტიტუტის ბევრად უფრო გამოცდილი ანალიტიკოსების მიერ. ისინი ამ ფორმით პაციენტებს მფარველობდნენ. ანალიტიკოსი, რომელიც ანხორციელებდა კლინიკური შემთხვევის კონტროლს უფლებას იტოვებდა ფორმაციაში მყოფი ანალიტიკოსისათვის კონკრეტულ პაციენტთან მუშაობა აეკრძალა და ის საჭიროების შემთხვევაში  სხვა ანალიტიკოსთან გაეგზავნა. მაკონტროლებლის ასეთმა სტატუსმა, მისმა კავშირმა პირად ანალიზთან და ინსტიტუციის მიერ დაწესებულ იძულებებთან, ანალიტიკოსის ფორმაციის ეს აუცილებელი პროცედურა მსჯელობის საგნად აქცია, რაც ნათლად გამოიხატება ტერმინოლოგიურ მრავალფეროვნებაში, რომლითაც ამ პრაქტიკას მოიხსენიებენ: კონტროლი, სუპერვიზია, საკონტროლო ანალიზი, სუპერ-მოსმენა, მეოთხე ანალიზი და ა.შ.

ამგვარად, ფსიქოანალიტიკოსის ფორმაცია სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: დიდაქტიკური, სხვაგვარად პირადი ანალიზისგან, კონტროლისაგან და ინსტიტუციისაგან, ე.ი. თეორიული სწავლებისაგან ჯგუფისა და კოლექტივის ფარგლებში. ეს გარემოება „გადაუჭრელ დილემას“ წარმოშობს: „ერთი მხრივ, ფსიქოანალიზი ინსტიტუციონალიზაციას ვერ ეგუება და ინსტიტუციონალიზაციის მცდელობებს ყოველთვის უჯანყდება, მეორე მხრივ კი, იმისათვის, რომ ფსიქოანალიტიკოსი გახდე აუცილებელია მრავალთა შორის დამყარებული ურთიერთობებისა და გაცვლის მონაწილე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ინსტიტუციონალიზაციის გარეშე არ არსებობს ანალიტიკოსი, შესაბამისად არც ფსიქოანალიზი“ (M. Safouan, Jacques Lacan et la question de la formation des analystes, Paris, Seuil, 1983 ). საფუანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიტიკოსის ფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება პროფესიული ფორმაციისა და განათლების მიღების ყველა სხვა შემთხვევისაგან, რადგან როგორ ის ამბობს ანალიტიკოსის ფორმაციას „არაფერი აკავშირებს მუშაობისა და პრაქტიკის სტანდარტული მოდელის ჩამოყალიბებასთან, ისევე როგორც პრაქტიკული, გამოყენებადი ცოდნის ტრანსმისიასთან“.

  • ანალიტიკოსის ანალიზი და ანალიზის დასრულების საკითხი (ე.წ. ფინალური ანალიზი)

თუ ანალიტიკოსის ანალიზი მისი ფსიქოანალიტიკური ფორმაციის მთავარ ღერძს წარმოადგენს ისმება კითხვა თუ რას უნდა მოველოდეთ ამ ანალიზისგან და რამდენად არის ის კავშირში საერთოდ ანალიზის სასრულის საკითხთან? ფროიდისთვის ანალიტიკოსის პირადი ანალიზი ხანმოკლე უნდა ყოფილიყო და ამ ანალიზს ანალიზანტი არაცნობიერის  რეალურობაში უნდა დაერწმუნებინა, რასაც ის მხოლოდ თეორიული სწავლების გზით ვერაფრით შეძლებდა. პირადი ანალიზის დასრულების შემდეგ ანალიტიკოსს შეეძლო, უფრო მეტიც სასურველი იყო, შემდგომში ხშირად გაევლო ანალიზის რამდენიმე ტრანში, ეპიზოდური ანალიზები. ეს მოკრძალებული ამბიცია კარგად აჩვენებს ანალიტიკოსის ანალიზთან დამოკიდებულებას, რადგან მან იცის, რომ ანალიტიკური პროცესი მისი პირადი ანალიზის შეწყვეტასთან ერთად არ სრულდება. განსხვავებით ფროიდისგან, ფერენცისათვის, რომელმაც ანალიტიკოსის პირად ანალიზს ფსიქოანალიზის მეორე ფუნდამენტური წესი უწოდა, (რომლის გარეშეც ანალიტიკოსის მოსმენისა და ყურადღების განსაკუთრებული უნარის გამომუშავება შეუძლებელია), ანალიტიკოსის პირადი ანალიზი უნდა ყოფილიყო ყველაზე ღრმა, დასრულებული და ამომწურავი. ფერენციმ ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელსაც დღეს იზიარებს ყველა ანალიტიკოსი, რომ არ არსებობს განსხვავება თერაპიულ ანალიზსა (ჩვეულებრივ პაციენტებთან) და დიდაქტიკურ ანალიზს შორის (კანდიდატებთან). სწორედ ბერლინის ინსტიტუტის წიაღში, დიდაქტიკური ანალიზის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, ჰანს საშმა, კანდიდატთა ფორმაციის პროცესიდან საერთოდ გამორიცხა თეორიული სწავლება და კონტროლი, განსხვავებით ფორმაციის, ამავე ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული, პირველი მოდელისაგან.

ანალიზის დასასრულისა და ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხები გარდუვლად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ანალიზის საბოლოო მიზანი ხშირად ფსიქოანალიტიკური ინსტიტუციისათვის იდეალის ფუნქციას ასრულებს, რაც როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ პრობლემებს წარმოშობს: რა ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს ანალიტიკური ინსტიტუცია, იმ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ, რომ პირადი ანალიზის მიზანი სწორედ იმ შიდაფსიქიკური კვანძების გახსნაა, რომელთა გავლენითაც სუბიექტი ჯგუფის ფსიქოლოგიის ნაწილი შეიძლება გახდეს? ფროიდი ნაშრომში „დასრულებული და დაუსრულებელი ანალიზი“ აღნიშნავს, რომ ტერმინი დასრულებული ანალიზი პოლისემიური ბუნების არის. „ანალიზის დასასრულზე მაშინაც შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც ანალიტიკოსი და პაციენტი ერთმანეთს აღარ ხვდებიან, იმისათვის, რომ ერთი საათის განმავლობაში ანალიტიკური სამუშაო გასწიონ“ (S. Freud, «L’analyse avec fin et l’analyse sans fin » , 1937), იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი აღარ უნდა იტანჯებოდეს სიმპტომებით, დაძლეული უნდა ქონდეს შფოთვები და შინაგანი აკრძალვები, ხოლო ანალიტიკოსი უნდა დარწმუნდეს, რომ ანალიზი საკმარისად ღრმა იყო იმისათვის, რომ მისი შეწყვეტის შემთხვევაში პათოლოგიური პროცესების განმეორებისაგან პაციენტი დაცული იქნება. თუმცა დასრულებული ანალიზის ცნება ფროიდისთვის ბევრად უფრო ამბიციურ მიზნებსაც შეიცავს: ანალიზი იქამდე უნდა იყოს მიყვანილი, რომ მისი გაგრძელება ყოველგვარ აზრს მოკლებული გახდეს, ანალიზის გაგრძელებას, ფინალური ანალიზის შემთხვევაში, პაციენტისთვის არაფერი ახალი არ უნდა მოჰქონდეს. ამავე სტატიაში ფროიდი საუბრობს ზოგიერთ რთულად გადალახვად ზღუდეზე, რომელსაც ყოველი ანალიზი აწყდება.  ეს ზრუდეები დაკავშირებულია საწყისებთან და კასტრაციასთან, კასტრაციის კედელთან, რომელიც ქალთან ვლინდება პენისის ქონის სურვილში, როგორც ფუნდამენტურ კომპლექსში, რომელიც არაფერზე აღარ დაიყვანება, ხოლო მამაკაცთან ქალურობის უარყოფაში. ამ თვალსაზრისით ფროიდი ემიჯნება ფერენცის, რომელიც პირიქით მიიჩნევდა, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე დაბრკოლების გადალახვა ანალიზის დასრულების აუცილებელი პირობა იყო.

  • ლაკანთან ერთად

ფორმაციის სტანდარტიზაცია ხშირად გამხდარა ფსიქოანალიზის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე კრიტიკის საგანი. ამ თემაზე საყურადღებო შრომები აქვს გამოქვეყნებული ს. ბერნფელდსა და მუსტაფა საფუანს, რომელიც თავის მხრივ ბერნფელდის ნაშრომის კომენტირებასაც ახდენს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 1953 წელს ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლის ფარგლებში დაწყებული კრიზისი, რამაც ზოგიერთი ანალიტიკოსი აიძულა დაეტოვებინა IPA, (განსაკუთრებით ანალიტიკოსები, რომლებიც ამ ორგანიზაციის ფარგლებში დიდაქტიკური სამუშაოთი გამოირჩეოდნენ), საფუძვლად დაედო ახალ დებატებს ანალიტიკოსის ფორმაციის შესახებ. ყველას კარგად ახსოვს, რომ ლაკანთან დაპირისპირებაში მყოფი IPA-ს ანალიტიკოსები ლაკანს არა თეორიული ასპექტების ან მისი სწავლებისათვის, არამედ მისი ანალიტიკური პრაქტიკისათვის საყვედურობდნენ, რომლითაც ის გაემიჯნა ანალიტიკური სეანსის რიტუალიზირებულ პროცედურას. ლაკანის მიერ შემოღებული სეანსების ვარიაბილური დრო დაპირისპირების ერთადერთ და უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა, რომელიც კონფლიქტში შევიდა საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაწესებულ სეანსების სტანდარტიზირებულ ხანგრძლივობასთან. ისევე როგორც დღეს, განხეთქილების პერიოდშიც, პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების სტანდარტის მიხედვით საფრანგეთში ფსიქოანალიტიკური სეანსის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს. ანალიტიკოსები ლაკანიანური ასოციაციებიდან ხშირად მიმართავენ სეანსების ვარიაბილურ დროს, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია სეანსის მიმდინარეობაზე, პაციენტის დისკურსიულ ასპექტებზე და სხვა მრავალ ტრანსფერენტულ თუ კლინიკურ ფაქტორზე). ლაკანი 1956 წელს ერთ-ერთ თავის ნაშრომში, რომელიც განსაკუთრებული პოლემიკის საგანი გახდა, აკრიტიკებს იმ დროისათვის არსებულ ანალიტიკურ ინსტიტუციებს.

ინსტიტუციური ასპექტები და ანალიტიკოსის ფორმაციის საკითხი ლაკანის ფიქრის მთავარი საგანი ხდება. 1964 წელს ის ინსტიტუციის ფუნქციონირების წესებსა და ჩარჩოს ცვლის, რომელიც წარმოსადგენს არა დასრულებულ მოდელს, არამედ მოცემულობას, რომელიც ფუნქციონირებისა და მუშაობის პერიოდში უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც მოდელი. არა ერთმა ფსიქოანალიტიკურმა ასოციაციამ სცადა ინსტიტუციის ფუნქციონირების ამ წესების გათვალისწინება და დანერგვა. მოგვიანებით ლაკანი განხორციელებული ცვლილებების წარუმატებლობას აღიარებს და მის მიერ დაფუძნებულ ინსტიტუციას აუქმებს. 1967 წელს ლაკანი აზუსტებს ინსტიტუციის ფუნქციონირების ძირითად ასპექტებს და ამავე დროს გვთავაზობს თეორიას ანალიზის დასრულების (დასრულებული ანალიზის) შესახებ. ლაკანმა დაუკავშირა რა ერთმანეთს პირადი ანალიზი, ინსტიტუციის ფუნქციონირება და ანალიზის სასრულის საკითხი, გამოთქვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც არ არსებობს ფსიქოანალიტიკოსის ფორმაცია, უნდა ვისაუბროთ არა ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციაზე, არამედ არაცნობიერის ფორმაციაზე (კანდიდატის არაცნობიერის ფორმაციაზე). ამ შეხედულების მიხედვით, პირად ანალიზს მხოლოდ მაშინ აქვს დიდაქტიკური ეფექტი თუ შედეგად არაცნობიერის რეორგანიზაციისა და სტრუქტურაციის ახლებურ ფორმას ვიღებთ, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ანალიტიკოსის სურვილის დაბადებას, ამ სურვილის კონსტრუირებას, როგორც სეანსზე ანალიტიკოსის პოზიციის მთავარ საყრდენს.

ლაკანი ცდილობდა საკუთარი შეხედულებებისაგან ანალიტიკოსის ფორმაციაზე არ შეექმნა სისტემა. გავიხსენოთ, რომ ფროიდი ადლერს თეორიისგან სწორედ სისტემის  შექმნას საყვედურობდა. ლაკანის მოსაზრების მიხედვით, ანალიტიკოსი მიუხედავად ფორმაციასთან დაკავშირებული პროცედურებისა საბოლოოდ თავად აძლევს თავს უფლებას იყოს ანალიტიკოსი. მოგვიანებით ლაკანი ამ ფორმულას შეავსებს და იტყვის, რომ ანალიტიკოსის ავტორიზაციის ამ პროცესში სხვებიც იღებენ მონაწილეობას, თუმცა უპირველეს ყოვლისა ანალიტიკოსი თავად არის გარანტი უპასუხოს და დაიკავოს ანალიტიკოსის ადგილი. ტრადიციულ ანალიტიკურ საზოგადოებებში იყო პერიოდი, როდესაც კანდიდატს სთხოვდნენ ხელი მოეწერა დოკუმენტისათვის, რომლის მიხედვითაც კომისიის მიერ გამოტანილ დასკვნამდე მას ეკრძალებოდა პაციენტების მიღება, რაც ამავე დროს ერთგვარ სიყალბესაც წარმოადგენდა, რადგან კანდიდატთა უმრავლესობას უკვე ჰქონდა დაწყებული ანალიტიკური პრაქტიკა. ლაკანის გამონათქვამი, სადაც ის აღნიშნავს, რომ კანდიდატი თავად არის გარანტი იმისა, რომ გახდეს ანალიტიკოსი, მიუთითებს პაციენტსა და ანალიტიკოსს შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომლის ფარგლებშიც ანალიტიკოსი ვალდებულია დამოუკიდებლად გაართვას თავი სირთულეებს და მუდმივად არ იყოს დამოკიდებული სხვაზე. ანალიტიკოსი სეანსებს არ უნდა წარმართავდეს ერთხელ და სამუდამოდ დასწავლილი ტექნიკური წესების მიხედვით, ის მათ იმიტაციას არ უნდა ახდენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ანალიზთან აღარ გვექნება.

ლაკანის ამბიცია ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის ძირითადი შემადგენელი ნაწილების, პირადი ანალიზის, კონტროლის და ინსტიტუციის რეარტიკულაცია იყო. მისი აზრით, ფორმაციის ეს მოდალობები ერთმანეთისგან არ უნდა ყოფილიყო გამიჯნული, არამედ სამივე ელემენტს შორის უნდა დამყარებულიყო დინამიური ურთიერთქმედების პროცესი. საბოლოოდ პირად ანალიზს, კონტროლს და თეორიულ სწავლებას ერთი საერთო ანალიტიკური მუშაობის მნიშვნელობა უნდა შეეძინა. ამგვარად ლაკანმა უპირატესობა ტერმინს კონტროლის ანალიზი მიანიჭა ტერმინ კონტროლთან მიმართებაში, ხოლო ანალიტიკოსის პირადი ანალიზსა და ინსტიტუციას შორის ურთიერთქმედების დასამყარებლად ლაკანმა შემოგვთავაზე სპეციფიური მოდელი, რომელსაც უწოდა პასი (პასები) (სიტყვა passe, ზმნა passer ფრანგულ ენაში აღნიშნავს გატარებას, გასვლას, გავლას. მაგალითად passer le concours-კონკურსის გავლა). პასების მოდელმა ერთგვარი საერთო თანხმობის ფუნქცია შეასრულა, ის წარმოადგენდა  ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუციაში შეღწევისა და ადგილის დამკვიდრების რთულ პროცედურას. ანალიტიკოსის აღიარებისა და ინსტიტუციაში მიღების ჩარჩო პასების მიხედვით კანდიდატისაგან (რომელიც გადის  პასაჟს ანალიზანტის პოზიციიდან ანალიტიკოსის პოზიციამდე) მოითხოვდა პასის ორ წარმომადგენელთან, (passeur) (მათ ინსტიტუცია შემთხვევითი წესით ირჩევდა) შეხვედრას. ორივე წარმომადგენელი თავად უნდა ყოფილიყო პირადი ანალიზის გავლის პროცესში. ამ პროცედურის შემდეგ პასის წარმომადგენლები უნდა შეხვედროდნენ ჟიურის ორ წარმომადგენელს და გაეზიარებინათ მათთვის კანდიდატთან გასაუბრების დროს მიღებული შთაბეჭდილებები. პასების მიზანი იყო ინსტიტუციისათვის დამახასიათებელი იერარქიზაციისა და ბიუროკრატიის დაბალანსება, რადგან ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება პირდაპირ ჟიურის შეხედულებებზე და წარმოდგენებზე აღარ იყო დამოკიდებული.

ლაკანმა ანალიტიკოსის ფორმაცია დაუქვემდებარა ფროიდის ცნობილ გამონათქვამს „იქ სადაც იყო იდი, მე უნდა დამკვიდრდეს“ (S. Freud, Nouvelles conférences d’introduction à la psychanalyse (1933)) ; თუმცა ამავე დროს შეცვალა ეს ფრაზა ფრაზით: „იქ სადაც იყო ეს, იქ მე როგორც სუბიექტი უნდა დავიბადო“. ამით ლაკანმა განსაზღვრა ანალიტიკური პროცესის ეთიკა, რომელიც გულისხმობს პარადოქსს საიდანაც იბადება სურვილი, როგორც კანონის მიერ წარმოებული და ამავე დროს კანონით სამუდამოდ დაღდასმული ფორმაცია. ანალიზის მიზანია სუბიექტმა აღიაროს კანონი, რაც ამავე დროს კანონის საკუთარ თავზე მორგებას არ ნიშნავს. სუბიექტმა ანალიზზე უნდა შეიცნოს კანონსა და სურვილს შორის არსებული ღრმა კავშირი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, იმას, რომ კანონი და სურვილი არა ორი განსხვავებული, არამედ იგივეობრივი ფენომენებია. ანალიზი სუბიექტურობის რეორგანიზაციას უნდა ახდენდეს.

1967 წელს ლაკანი მსჯელობის საგნად აქცევს აგრეთვე ფსიქოანალიზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, ფანტაზმის საკითხს. შეუძლია თუ არა სუბიექტს რეალობასთან იურთიერთოს, შეინარჩუნოს მასთან კავშირი, ისევე როგორც მიმართოს საკუთარი სურვილი ფანტაზმის გარეშე? ფანტაზმი ქმნის სარკმელს, ფანჯარას, რომელიც რეალობაზე გადის. ანალიზის ერთ -ერთი მიზანი ხდება საკუთარი ფანტაზმის გადაკვეთა.

ლაკანი სიცოცხლის ბოლომდე უძღვნიდა სემინარებსა და შრომებს ფსიქოანალიტიკოსის ფორმაციის საკითხს, თუმცა საბოლოო და დასრულებული მოდელის შემოთავაზებისაგან თავს იკავებდა.

bottom of page