ტერმინები ტრავმა, ტრავმატული, ტრავმატიზმი, მატრავმირებელი გავრცელების უკიდურესად ვრცელი დიაპაზონით გამოირჩევა. ხშირად გაურკვეველია ის თუ რას გულისხმობენ ტრავმატიზმის ტერმინის ქვეშ კლინიკური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ფსიქოანალიტიკოსები და ფსიქიატრები.
აღნიშნული სტატიის მიზანს წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური თეორიების უმოკლესი განხილვა ტრავმატიზმზე, რომლებიც ფროიდის შრომებიდან იღებენ სათავეს.
კლასიკური ფსიქოანალიზის ფარგლებშიც კი ტრავმატიზმის ცნება ერთმანეისაგან სრულიად განსხვავებულ კლინიკურ კონტექსტში შეიძლება გამოიყენებოდეს. ფროიდი ფსიქოანალიტიკური კონცეპტების შემუშავების საწყის ეტაპზე სწორედ ტრავმას ანიჭებს მადეტერმინირებელ მნიშვნელობას ისტერიის ეტიოლოგიაში.
ფროიდისთვის ტრავმატიზმი ყოველთვის სექუალობასთან არის დაკავშირებული, ხოლო ბავშვობის მატრავმირებელი გამოცდილება, (ან ფანტაზმი, რომელიც შესაძლოა სულაც არ გულისხმობდეს რეალურ გამოცდილებას, თუმცა სუბიექტის მიერ რეალობის აღქმას ხდიდეს მატრავმირებელს), ფროიდისათვის წარმოადგენს ე.წ. სამი დიდი ნევროზის მადეტერმინირებელ ძალას: იგულისხმება ისტერია, ფობიური ნევროზი და ობსესიურ–კომპულსიური აშლილობა.
გარდა ამისა, ტრავმატიზმი შესაძლოა გახდეს ფსიქოზის ერთ–ერთი ჩამრთველი ფაქტორიც, განსაკუთრებით მაშინ თუ ტრავმატიზმის სუბიექტი ფსიქოტური სტრუქტურის მატარებელია. შეიძლება ითქვას, რომ ფროიდისათვის ტრავმატიზმი ყოველთვის ფსიქიკურია, სადაც მატრავმირებელი ძალა მხოლოდ მოვლენას არ აქვს, რომელსაც რეალობაში შეიძლება ქონოდა ადგილი.
მოვლენა იმდენად ხდება მატრავმირებელი, რამდენადაც ის სუბიექტის ფსიქიკურ ცხოვრებაში აწყდება ფანტაზმს, რეპრეზენტაციას, განდევნილ გამოცდილებას, გარკვეულ ფსიქიკურ მნიშვნელობას რომელმაც უკვე მოახდინა ინდივიდის ტრავმირება და რომელიც თითქოს რეალური, გარეთ მომხდარი მოვლენის მუდმივ მოლოდინშია. ფსიქიკური რეპრეზენტაციებისა და რეალობის საბედისწერო შეხვედრა ფსიქიკური მუშაობის სრულ პარალიზებას იწვევს, რაც ტრავმატული ნევროზის მიზეზი ხდება. ფსიქოანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინდივიდის ტრავმატულ პოტენციალს (la potentialité traumatique), ფსიქიკის ტრავმატოფილურ სტრუქტურას, რომელიც მოვლენას მატრავმირებელი მნიშვნელობით ტვირთავს.
ფროიდი ტრავმატული ნევროზის ფსიქოპათოლოგიას ეხება ერთ–ერთ ფუნდამენტურ ნაშრომში: "სიამოვნების პრინციპის მიღმა", სადაც ის აკვიატებულ გამეორებას სიკვდილის ლტოლვას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ტრავმატიზმის კლინიკური სურათის ერთ–ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს მატრავმირებელი მოვლენის სიზმარში რეპროდუქცია.
ფროიდს აინტერესებს ის თუ რა აიძულებს ფსიქიკას იმუშაოს სიამოვნების პრინციპის მიღმა, მოახდინოს მატრავმირებელი, უკიდურესად მძიმე, უსიამოვნო გამოცდილების რეპროდუქცია სიზმარში და ეს პროცესი დაუქვემდებაროს აკვიატებულ განმეორებას, რომელიც ფსიქიკურ ეკონომიას მნიშვნელოვნად აზიანებს და სუბიექტთან ფსიქიკური ძალების გაფლანგვას იწვევს.
სიზმარში მატრავმირებელი მოვლენისა თუ სიტუაციის განმეორება ორი მნიშვნელოვანი თავისებურებით გამოირჩევა. სიზმარში ტრავმატული სცენის რეპროდუქციის ეკონომიური ასპექტი ხასიათდება ძლიერი აგზნების დონით, ფსიქოფიზიკური ორგანიზმის ენერგეტიკული დემობილიზაციით, მძაფრი აგზნებით, რომელიც წმნიდა სახით, ყოველგვარი გადამუშავებისა და მოდიფიკაციის, აგრეთვე ყოველგვარი ობიექტის გარეშე აღმოცენდება ძალიან სწრაფად.
ამ შემთხვევაში ტერმინი აგზნება არ გულისხმობს არც აგრესიას, არც დესტრუქციულ ტენდენციებს, არც ლიბიდინალურ ძალებს, ის თითქმის წმინდად ბიოლოგიური მნიშვნელობით არის გამოყენებული და სიზმრის სუბიექტს, მეს მოულოდნელად ესხმის თავს.
აგზნება ტრავმატული ნევროზის დროს სუბიექტისათვის ყოველგვარი აზრისაგან არის დაცლილი, ფსიქიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
აფექტი, აგზნება სრულიად დეზეროტიზირებულია, დაცლილია ლიბიდინალური ტენდენციებისაგან. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ შემთხვევაში აგზნებას სრულიად დაკარგული აქვს კავშირი სუბიექტის ფანტაზმატიკურ ცხოვრებასთან, არაცნობიერ რეპრეზენტაციებთან, სექუალობასთან, და რაც მთავარია ობიექტთან რომელსაც შეიძლება ფანტაზმის ან რეალობის დონეზე ებმოდეს ეს უკანასკნელი.
ამ მიზეზების გამო აგზნება შობს შფოთვას, თუმცა შფოთვას, რომელიც თავს მთლიანად სომატურ გამოვლინებებში ავლენს, ხოლო მე–ს მიერ ის განიცდება, როგორც იმობილიზაციის, პარალიზებულობის, აბსოლუტური უმწეობის მდგომარეობა.
აგზნება ფანტაზმის, ფსიქიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური მუშაობის ფილტრს არ გაივლის და სუბიექტი ხდება გაუფილტრავი, არაგადამუშავებული, უაზრო ენერგეტიკული ტალღის მსხვერპლი, რომელიც სიზმარში აკვიატებიული განმეორების კანონის ძალით მუდმივად აღმოცენდება, გაივლის გარკვეულ ფაზას და ქრება, ნულამდე დაიყვანება, რის გამოც ფროიდი სიზმარში ტრავმატული სიტუაციის განმეორებას სიკვდილის ლტოლვას უკვაშირებს.
თუ გამანადგურებელი აგზნება, რომელიც მეს დეზინტეგრაციას იწვევს, ხოლო ტრავმატიზმის დროს შეიძლება გამოიწვიოს გახლეჩაც, არ არის დაკავშირებული არაფერთან რასაც შეიძლება ვუწოდოთ ფსიქიკური, მაშინ რა მნიშვნელობა ენიჭება ამ შემთხვევაში თვით რეალურ, ობიექტურად მომხდარ მატრავმირებელ მოვლენას? ნუთუ ტრავმატიზმი, როგორც სინამდვილე, როგორც მოვლენა არ წარმოადგენს აგზნების ობიექტს და მის გამომწვევ მიზეზს? ამ კითხვაზე პასუხს კვლავ სიზმრის ფსიქოპათოლოგია იძლევა.
ტრავმატული სიზმრების მეორე მნიშვნელოვან ასპექტს, გარდა ეკონომიური, ენერგეტიკული ასპექტისა, წარმოადგენს დინამიკური ასპექტი. სიზმარი ტრავმატულ მოვლენაზე არ წარმოადგენს ნორმალურ სიზმარს, სიზმრისათვის დამახასიათებელი ფსიქოპათოლოგიის ფარგლებს სცდება. გარდა ამისა, სიზმარი ტრავმატულ მოვლენაზე არ არის კოშმარი.
აგრეთვე არ არის არც შიშის და არც შფოთვის სიზმარი. ისევე როგორც სიზმრის ნორმალური მუშაობის დროს, ასევე კოშმარისა და შფოთვის სიზმრის დროსაც სიზმრის სიუჟეტი დამახინჯებულია, მოდიფიცირებულია, ცენზურისა და მეს, აგრეთვე რეალობის მუშაობით არის დაღდასმული.
ხშირ შემთხვევაში ანალიზისათვის მიუწვდომელი, გაუგებარი შინაარსით ხასიათდება. ე.ი. სიზმრის სამივე ფორმა გულისხმობს მე–ს და ცენზურის მუშაობას, რასაც ფროიდი სიზმრის მუშაობას უწოდებს.
სამივე ტიპის სიზმრის სიუჟეტი გაჯერებულია განდევნილი რეპრეზენტაციებით, არაცნობიერი სურვილებით, ხშირად ფანტაზმებით, რომლებიც მზა სახით ეწერებიან სიზმრის ზოგად სურათში. სამივე ტიპის სიზმარი სუბიექტისათვის აზრით, თუნდაც განდევნილი, არაცნობიერი მაგრამ მაინც აზრით არის დატვირთული და შესაბამისად ანალიზს ექვემდებარება, რაც ნიშნავს იმას, რომ სუბიექტს სიზმრის მაპროვოცირებელი ძალების სიმბოლიზაცია შეუძლია ანალიტიკური დისკურსის დროს მეტყველების დონეზე. მარტივად რომ ვთქვათ საქმე გამოუთქმელ, ენით აღუწერელ ტანჯვას არ ეხება, რომელიც სწორედ ტრავმატიზმისათვის არის დამახასიათებელი.
დავუბრუნდები ტრავმატულ სიზმრებს, ან სიზმრებს ტრავმატიზმზე, რომელთა მეორე დამახასიათებელ კლინიკურ ნიშანს წარმოადგენს მატრავმირებელი მოვლენის თითქმის აბსოლუტური სიზუსტით რეპროდუქცია სიზმარში, რაც არც ერთი ზემოთ აღწერილი სიზმრისათვის არ არის ნიშნეული.
მატრავმირებელი მოვლენა უხეშად, ბრუტალურად იჭრება ფსიქიკურის სფეროში, არღვევს, შეანგრევს ცნობიერების ფარს, ახდენს მეს დემობილიზაციას, ხშირად დისოციაციას (შანდორ ფერენცის მიხედვით), იწვევს დაცვითი მექანიზმების სრულ პარალიზებას და ფსიქიკურ ცხოვრებაში იმკვიდრებს ადგილს, როგორც არაფსიქიკური, უფრო მეტიც, როგორც წმინდად ობიექტური რეალობა. თუ ლაკანის ტერმინს გამოვიყენებთ არა რეალობა არამედ რეალური. ლაკანი ტერმინ რეალურში გულისხმობს ფენომენს, რომელიც ფსიქიკურის ანტიპოდს წარმოადგენს და რომელზეც ფსიქიკური ცხოვრება როგორც ლოდზე, ქვაზე ისე იმსხვრევა.
ჟაკ ლაკანისათვის რეალური (le réel) წარმოადგენს მოვლენას, რომელიც ფსიქიკურის ფარგლებს სცდება, რომელიც ფანტაზმის, არაცნობიერი რეპრეზენტაციებისა და მეს ჩარჩოებს ტოვებს და გარედან უტევს სუბიექტს. (ტერმინი რეალობა (la réalité–რეალობა le réel–რეალური) იგივე მნიშვნელობით არ შეიძლება იყოს დატვირთული, რადგანაც რეალობა ყოველთვის ფსიქიკური სუბიექტის მიერ არის აღქმული. რეალობის აღქმა არ შეიძლება იყოს განძარცვული ფსიქიკური შინაარსებისაგან).
ფსიქიკური მუშაობა, დაცვის მექანიზმები და ფანტაზმის, როგორც ფილტრის ფუნქცია სრულ მარცხს განიცდიან ისეთი მატრავმირებელი მოვლენის წინაშე, რომელიც ფსიქიკურ ცხოვრებაში იჭრება, თუმცა იქ ადგილს ვერ იმკვიდრებს სტატუსით ფსიქიკური, არამედ განაგრძობს არსებობას სტატუსით რეალური.
შედეგად მატრავმირებელი მოვლენა ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე ავლენს თავს სიზმარში, ხოლო ფსიქიკურ ცხოვრებაში სუბიექტის მიერ განიცდება როგორც უცხო სხეული, მოუნელებელი მთელი და რაც მთავარია აზრისაგან დაცლილი, რადგანაც არც ერთ ფსიქიკურ რეპრეზენტაციას, ასე ვთქვათ პროდუქტს არ ებმის. არაინტეგრირებული მთელია. ქვის ნატეხია, რომლის დაფშვნას, გადამუშავებას, მინერალიზაციას ფსიქიკა ვერ ახდენს, თუ არ ჩავთვლით მარცხისათვის განწირულ მცდელობებს სიზმარში მატრავმირებელი მოვლენის აკვიატებული განმეორების დროს.
ერთის მხრივ სიზმარი ტრავმატიზმზე მოვლენის ფსიქიზაციას, რეალურის ფსიქიკურად გარდაქმნის მცდელობას წარმოადგენს, მოვლენის ფსიქიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციას ცდილობს, ხოლო მეორეს მხრივ, აუტანელი, არასიმბოლიზირებული, უსახელო აგზნების (რომელიც მეს მიერ განიცდება, არა როგორც კასტრაციული შფოთვა, არამედ როგორც განადგურების, წალეკვის შფოთვა) მინიმიზაციას ემსახურება. მატრავმირებელი მოვლენა ხელიდან უსხლტება მეს დაცვის მექანიზმებს და ფსიქიკის სფეროში იმ ფორმით განაგრძობს არსებობას, რა ფორმითაც ის მოხდა.
ფსიქიკაში, როგორც ინტეგრირებულ მთელში ქმნის ხვრელს, რომლის ამოქოლვა ფსიქიკური მუშაობის მიუხედავად შეუძლებელი ხდება. ქმნის ენერგეტიკულ პრობლემებს, რაც ფსიქიკურ ძალთა განლევის, ფსიქასთენიის, სომატური სიმპტომების მიზეზი ხდება.
არასიმბოლიზირებული აგზნება პირდაპირ სხეულში იღვრება, როგორც მდუღარე წყალი. ხვრელი ფსიქიკაში არღვევს ფსიქიკური ცხოვრების მთლიანობას, ჰერმეტიზმს და ისრუტავს ენერგეტიკული ძალების დიდ ნაწილს. ამ მდგომარეობის მეტაფორიზაციისათვის ხშირად გამოიყენებენ ტერმინს: "ფსიქიკური ჰემორალგია", ფსიქიკური სისხლდენა.
საქმე ეხება რეალური მოვლენის ფსიქიკურის სფეროში შეჭრის შედეგად წარმოქმნილ ხვრელს, ჭრილობას საიდანაც "სისიხლი", ანუ აგზნება, არასიმბოლიზირებული ფსიქიკური ენერგია მუდმივად წვეთავს და გუბდება სხეულში, სადაც აქტუალური ნევროზისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკის სახით, ხოლო წმინდად ფსიქიკურის სფეროში გარემოსთან აფექტური ურთიერთობების გაღარიბებაში ვლინდება. ხდება დაცემა, ფალიკური პოზიციის დაკარგვა. ტრავმატიზმის მომენტში წარმოქმნილი აგზნების ტრანსფორმაცია სიმბოლიზაციის, რეპრეზენტაციების, სიზმრისა და შემოქმედებითი მუშაობის გზით შეუძლებელი ხდება, რაც ფსიქიკურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად აღარიბებს, აფექტურად აღარიბებს. სუბიექტი ხდება ალექსითიმიური და ობიექტური კავშირების დამყარება უჭირს. თუ ლაკანის ტერმინს გამოვიყენებთ ტრავმატიზმის დროს ობიექტი ეცემა, ხდება ობიექტის ვარდნა, მისი მასიური დეზინვესტიციის მიზეზით. სიყვარული შეუძლებელი ხდება, რადაგან მე უძლურია ჩაეჭიდოს ობიექტს, რომელიც ტრავმატიზმის მომენტში გამოეცალა ხელიდან.
არის თუ არა ტრავმატული ნევროზი, ნევროზი ამ ტერმინის ფსიქოანალიტიკური გაგებით? არა, რადგანაც ნევროზის დროს სუბიექტი ქმნის სიმპტომს, რომელიც გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია, რომელიც აღმოცენდება განდევნის შედეგად და წარმოადგენს დაპირისპირებულ ფსიქიკურ ძალთა შორის წარმოქმნილ კომპრომისს. სიმპტომი ყოველთვის ფსიქიკურია რადგანაც აუცილებლად სუბიექტური მნიშვნელობის არის და ფესვგადგმულია ინდივიდის ფსიქიკურ ცხოვრებაში, მაშინ როდესაც მატრავმირებელი მოვლენა ადგილს ვერ იმკვიდრებს ფსიქიკურის სფეროში.
ობსესიური აკვიატება და რიტუალები, ისტერიული კონვერსია, ფობიური ობიექტი ფობიით დაავადებულ პაციენტთან სრულიად ლეგალიზებულ ფსიქიკურ ფორმაციებს წარმოადგენს განსხვავებით ტრავმატული მოვლენისაგან, რომელიც ფსიქიკური მუშაობის გვერდის ავლით იჭრება ფსიქიკაში.
ტრავმატული მეხსიერება, განსხვავებით ნორმალური მეხსიერებისაგან მატრავმირებელ მოვლენას სრულიად უცვლელი სახით ინახავს, მის კონსერვაციას ახდენს, ხოლო სიზმრში ან მატრავმირებელი სიტუაციის მსგავს გარემოში (რომელიც პირველადი პროცესების დიონეზე ხშირად აღიქმება როგორც წარსული ტრავმატული გამოცდილების იდენტური), აღნიშნული მეხსიერების აქტივაციას იწვევს. მატვარმირებელი მოვლენა, უცვლელი სახით შემონახული მეხსიერებაში, იჭრება ცნობიერების სტრუქტურებში.
აქ საქმე გვაქვს მეხსიერებასთან, რომლის შინაარსებიც არასდროს არ ფერმკრთალდება, არ მოდიფიცირდება, ხოლო სუბიექტი (პაციენტი) წარმოადგენს მონუმენტს, სტელას, რომელიც ტრავმატული, უცვლელი მოგონების მემორიალს წარმოადგენს. დაუვიწყარ, მატრავმირებელ მოვლენას, როგორც მემორიალური დაფა, მონუმენტი ისე უძღვნის თავს. აღმართულია სახსოვრად დაუვიწყარი კოშმარისა.
მოკლედ რომ ვთქვათ მატრავმირებელი მოვლენის განდევნა შეუძლებელია, რაც ფსიქოანალიტიკოსს სრულიად პარადოქსულ ფუნქციას ანიჭებს: ნაცვლად განდევნილის გაცნობიერებისა ანალიტიკოსი ცდლილობს სუბიექტს დაეხმაროს მოვლენის განდევნაში. ტრავმატიზმის დროს მე ექსტრემალურ, უკიდურეს ზომებს მიმართავს. ნაცვლად ჩვეულებრივი დაცვის მექანიზმების აქტივაციისა ადგილი აქვს მეს დისოციაციას.
ტრავმატიზმის მომენტში შფოთვა, როგორც სიგნალი არ აღმოცენდება. შფოთვა, რომელმაც უნდა მოასწროს წარმოქმნა რათა მეს დაცვის მექანიზმების მობილიზაცია მოხდეს, დროში ჩამორჩება ტრავმატულ მოვლენას.
დაცვის მექანიზმი ამ შემთხვევაში დისოციაციაა. მე–ს ერთი ნაწილი სრულიად უარყოფს მომხდარს, უხეშად ემიჯნება რეალობას, რაც შესაძლებელი ხდება ტრავმატიზმის დროს კოგნიტური სისტემების სრული პარალიზებით. მე, რომელიც თავს ვერ იცავს მოვლენით გამოწვეული აგზნების ტალღისაგან თითქოს საკუთარი სხეულიდან სწრაფად მოიგლეჯს ტრავმატულ ნაწილს და მას ტრავმატული მეხსიერების სახით, მთლიანი სხეულისაგან სრულიად დისოცირებული სახით, შეინახავს.
ფერენცი მიიჩნევს, რომ ბრუტალური მოვლენით დისოცირებული მე–ს ერთი ნაწილი ინახავს ტრავმატულ ინფორმაციას უცვლელი სახით, ხოლო მეორე ნაწილი თითქოს არც კი დაზარალებულა. სწორედ ამიტომ ტრავმირებული სუბიექტი ხშირად სრულიად ადაპტირებულია რეალობასთან, ხშირად ჰიპერადაპტირებულიც კი, ხოლო ადაპტაციის მიღმა მეს დისოცირებული ნაწილი განცდილი კოშმარის უცვლელი სახით კონსერვაცის ეწევა. ე.ი. ტრავმატული მოვლენა ცნობიერებიდან და მე–ს სტრუქტურებიდან არაცნობიერისაკენ კი არ ინაცვლებს, არამედ მეს ხლეჩს და მის ერთ–ერთ დისოცირებულ ნაწილში ტრავმატული, კომემორიალური მეხსიერების სახით უცვლელად ინახავს მოვლენას.
ამ მიზეზის გამო კლინიკური მუშაობის დროს ფსიქოლოგის მთავარ შეცდომას ხშირად წარმოადგენს მცდელობა "ალაპარაკოს" პაციენტი ტრავმატულ მოვლენაზე. პაციენტს არ შეუძლია ილაპარაკოს ტრავმატიზმზე, რადგანაც ტრავმატიზმის მომენტში მოვლენა ხელიდან უსხლტება სემანტიკურ ბადეს, შინაარსებს, არაცნობიერ რეპრეზენტაციებს, რომლებიც ლაკანის აზრით სტრუქტურურებულია, როგორც ენა. ტრავმატიზმი არღვევს ამ ბადის მთლიანობას, სადაც ქმნის არასიმბოლიზირებულ, ამოუქოლავ ფსიქიკურ ხვრელს. მატრავმირებელი მოვლენა არაცნობიერი ლინგვისტური სტრუქტურების მიღმა განაგრძობს არსებობას არასიმბოლიზირებული, უმი, გადაუმუშავებელი სახით, რაც სრულიად შეუძლებელს ხდის მატრავმირებელ მოვლენაზე საუბარს, რადგანაც სიტყვა სწორედ სიმბოლოს წარმოადგენს.
ფსიქოანალიზის მიზანია არა მატრავმირებელი მოვლენის თხრობითი ფორმით გადმოცემა არამედ მისი ხელახლა განცდა ანალიტიკური სენასის დროს (ისე როგორც ეს ტრავმატული სიზმრების დროს ხდება) და ამ განცდის მომენტში ერთის მხრივ გამანადგურებელი შფოთვის შემსუბუქება, ხოლო მეორეს მხრივ ტრავმატული გამოცდილებისათვის სიტყვების, სიმბოლოებისა და აზრის მინიჭება.
აზრის, რომელიც ტრავმატულ მოვლენას არასდროს გააჩნდა. სიტყვების, რომლის საშუალებითაც არსდროს ყოფილა ტრავმატიზმი გამოთქმული. თუმცა სიმბოლიზატორის, აზრის მიმნიჭებლის ფუნქცია ანალიტიკოსმა უნდა აღასრულოს. უნდა შესძლოს სახელდება განცდილი კატასტროფის და მის მეტაფორიზაციაში დაეხმაროს პაციენტს. ანალიტიკურ სეანსზე ფერენცი ამ მიზანს პაციენტის ღრმა რეგრესიის წყალობით ანხორციელებდა. ამ ხერხით იკაფავდა გზას დისოცირებული მე–ს ტრავმირებული ნაწილისაკენ.
სეანსზე ტრავმატული გამოცდილების აქტივაციისას ანალიტიკოსი პაციენტს ეხმარება მოვლენის სიმბოლიზირებაში, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს საკუთარ კოშმარზე საუბარი ენის საშუალებით, რათა ტრავმატული გამოცდილება ინტეგრირდეს ინდივიდის წარსულ გამოცდილებასთან და ფსიქიკური ცხოვრების ნაწილი გახდეს.
ფსიქოანალიტიკოსი ცდილობს, რომ პაციენტმა ტრავმატული მოვლენა გამოაბას რომელიმე ფსიქიკური რეპრეზენტაციის, ფანტაზმის, განდევნილი სურვილის კაუჭს, რათა მოვლენამ ფსიქიკურის სფეროში დაიმკვიდროს ადგილი. შეიცვალოს სტატუსი: რეალური, სტატუსით: ფსიქიკური.
რა ხდება ტრავმატიზმის დროს? რატომ არ რთავს მე დაცვის მექანიზმებს უშუალოდ ტრავმატიზმის მომენტში? ფსიქიკა რატომ ხვდება მატრავმირებელ მოვლენას სრულიად მოუმზადებელი, შეუიარაღებელი? რატომ აქვს სუბიექტს ტრავმატიზმის დროს პრიმორდიალური, ჩვილი ბავშვისათვის დამახასიათებელი უმწეობის განცდა? რატომ იშლება საზღვარი მესა და არა მეს, შიგნითასა და გარეთას შორის? რატომ ზარალდება ტრავმატიზმის დროს ყველაზე მეტად სხეული? რატომ აქვს ტრავმატიზმს მაფსიქოტიზირებელი გავლენა ინდივიდზე? რატომ არ ხდება ტრავმატიზმის სიმბოლიზაცია, მაშინ როდესაც ნებისმიერი სხვა ტიპის გამოცდილება გარკვეულ ფსიქიკურ მნიშვნელობას იძენს სუბიექტისთვის? რატომ არ ქმნის ტრავმატული ნევროზის დროს პაციენტი არაცნობიერი მნიშვნელობებით გაჯერებულ, ისეთ უკიდურესად ეკონომიურ ფსიქიკურ ფორმაციას, როგორიც არის კლასიკური ნევროტული სიმპტომი? რა კავშირშია ტრავმატიზმი და კსატრაცია, ტრავმატიზმი და ფანტაზმი ერთმანეთთან? ეს არის კითხვები, რომლებსაც ფსიქოანალიზი სვამს ტრავმატული ნევროზის ირგვლივ.
პასუხის გაცემა აღნიშნული სტატიის ფარგლებში შეუძლებელია, თუმცა ჩამოთვლილი კითხვების არსებობა კლინიკურ ფსიქოლოგს აიძულებს იმუშაოს ენის საშუალებით, სწორედ ენით გამოუთქმელ, ენითაღუწერელ ფსიქიკურ ტანჯვასთან.
რეზიუმესტატია ეძღვნება ფსიქოანალიტიკურ შეხედულებას ტრავმატულ ნევროზზე, სადაც ხაზი ესმება მატრავმირებელი მოვლენის სიმძიმეს, რომელიც სუბიექტისათვის შეუძლებელს ხდის მის სიმბოლიზაციას, რეპრეზენტაციას არაცნობიერი შინაარსების ან ფანტაზმების სახით.
შედეგად ტრავმატული მოვლენა ფსიქიკურის სფეროში განაგრძობს არსებობას, უცვლელი სახით. არ ხდება მისი განდევნა, არასდროს კარგავს პირვანდელ აფექტურ მუხტს და აკვიატებული განმეორების ძალით მუდმივად აღმოცენდება სიზმარში.
სიზმრის მუშაობა, ისევე როგორც ეგოს დაცვითი მექანიზმების მუშაობა სრულიად არაეფექტურია, რადგანაც მატრავმირებელი მოვლენა აღნიშნული მექანიზმების მობილიზაციამდე იჭრება ფსიქიკაში, ქმნის არასიმბოლიზირებად ფსიქიკურ ხვრელს და
Comments