top of page
Search

ფსიქოანალიტიკური თეორიები ანტისოციალური ქცევის შესახებ (ნაწილი II)

Updated: Oct 10, 2021

ლიტერატურის მიმოხილვა

ზიგმუნდ ფროიდი (1856–1939)

ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი კრიმინალური აქტის, ისევე როგორც კრიმინალის პიროვნებისადმი განსაკუთრებული ინტერესით არ გამოირჩეოდა. კრიმინალი, დანაშაული და სასჯელი ფროიდის კვლევის საგანს მითების, ფანტაზმებისა და ნევროტული სიმპტომის ფარგლებში წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ფროიდის 1916 წელს დაწერილი სტატია „კრიმინალი (კრიმინალები) ბრალის გრძნობის გავლენით“[9] ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ბუნების კრიმინოგენული ასპექტების გაგებისათვის. სტატიაში, რომელის ტექსტიც სულ სამ გვერდს შეიცავს, ავტორი აღწერს განსაცვიფრებელ და უკიდურესად პარადოქსული ბუნების ფენომენს. ამ ფენომენზე დაკვირვების შესაძლებლობა ფროიდს ხანგრძლივი კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში არაერთხელ მისცემია.


ფროიდის პაციენტები ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო პირობებში ანხორციელებდნენ ანტისოციალურ აქტს, მსუბუქ დანაშაულს სჩადიოდნენ. ფროიდს აკვირვებს ჩადენილი ქმედებების მიზეზი და ეფექტი პაციენტების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ერთის მხრივ კრიმინალურ აქტს პაციენტები ანხორციელებდნენ სწორედ იმ იმიტომ, რომ ის კანონით იკრძალებოდა. ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური მიზიდულობის ძალას მისი უკანონობა განაპირობებდა. მეორეს მხრივ, ანტისოციალური ქმედება პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შემსუბუქების ეფექტს იძლეოდა. დანაშაულებრივი ქმედების ავტორები (ფროიდის პაციენტები) იტანჯებოდნენ განსაკუთრებით მძიმე და უცნობი წარმოშობის ბრალის გრძნობით. დანაშაულის რეალური განხორციელება დროში ემთხვეოდა ბრალის გრძნობის ინტენსივობის კლებას, ან როგორც მინიმუმ ბრალის გრძნობა ჩადენილ ქმედებას, როგორც რაღაც განსაზღვრულთან და ცნობიერებისათვის გასაგებ მოვლენასთან ამყარებდა კავშირს. შედეგად ბრალის გრძნობის დამთრგუნველი გავლენა ან სრულიად ქრებოდა, ან მნიშვნელოვნად იკლებდა:


„რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, საჭიროდ მივიჩნევ ვთქვა, რომ ბრალის გრძნობა შეცდომის ჩადენამდე არსებობდა, წინ უსწრებდა მას. დანაშაული კი არ უსწრებდა წინ ბრალის გრძნობას, არამედ პირიქით, ბრალის გრძნობა დანაშაულის ჩადენას. დანაშაული წარმოსდგებოდა ბრალის გრძნობისაგან. უფლება გვაქვს მივიჩნოთ ეს პიროვნებები, როგორც კრიმინალები ბრალის გრძნობის გავლენით“[10]

ფროიდს აინტერესებს ის თუ საიდან იღებს სათავეს ბუნდოვანი და გაუგებარი წარმოშობის დანაშაულის წინმსწრები ბრალის გრძნობა. გარდა ამისა, ის სვამს კითხვას იმის შესახებ თუ რამდენად არის შესაძლებელი აღწერილი ნევროტული მექანიზმით აიხსნას ადამიანთა შორის კრიმინალი და დანაშაულებრივი ქმედება. პირველ კითხვაზე პასუხს ოიდიპოსის კომპლექსი წარმოადგენს. ქვემოთ მოცემული ციტატა ფროიდის ტექსტიდან სწორედ ოიდიპოსის „კრიმინალურ“ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ამ ბურუსით მოცული ბრალის გრძნობის სათავე ოიდიპოსის კომპლექსია, რომელიც [ბრალის გრძნობა] წარმოადგენს რეაქციას ორ დიდ კრიმინალურ გულისთქმაზე: (intention)[განზრახვა, „ჩანაფიქრი“, ინტენცია], მამის მკვლელობაზე და დედასთან სექსუალურ ურთიერთობაზე“ [11]

მეორე კითხვას, რომელიც ბრალის გრძნობის გავლენით დანაშაულის ჩადენის ფენომენის განზოგადებას ეხება, ფროიდი პასუხობს უარყოფითად. მისი აზრით, „კრიმინალი ბრალის გრძნობით“ არ ეხება იმ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიან ყოველგვარი ბრალის გრძნობის გარეშე და არ განიცდიან შინაგან მორალურ აკრძალვებს.

გარდა მამის ობიექტზე მიმართული ოიდიპალური ბუნების დესტრუქციულობისა, ბრალის გრძნობის გავლენით კრიმინალის განხორციელების ერთ–ერთ ამხსნელ ფაქტორს, რომელსაც ფროიდი გვთავაზებს, წარმოადგენს დასჯის მოთხოვნილება. ფროიდი მიიჩნევს, რომ სასჯელი ბრალის გრძნობის დამთრგუნველი ეფექტისაგან ინდივიდს ათავისუფლებს. გარდა ამისა, ბრალის გრძნობა, რომელიც არაცნობიერი ბუნების არის, რადგანაც ინდივიდისთვის უცნობია მისი წარმოშობის მიზეზები, დანაშაულის განხორციელების შემდეგ ებმის ჩადენილ ქცევას, რეალურად განხორციელებულ აქტს, ე.ი. წმნიდად ფსიქიკური აღარ არის, ობიექტურად აღსრულებულ ფაქტზე, როგორც ცრუ მიზეზზე პროეცირდება, რაც დროებითი სულიერი წონასწორობის მომტანია.


დანაშაულის ფენომენს მოკლედ განვიხილავთ ფროიდის ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის ჭრილშიც, რადგან ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ნაშრომში ტოტემი და ტაბუ კრიმინალს განიხილავს, როგორც კოლექტივისა და კულტურის წარმოშობისათვის აუცილებელ აქტს. ფროიდის მეცნიერული მითი პირველყოფილი ორდის შესახებ, რომელიც ერთის მხრივ აგებულია ფსიქოანალიტიკურ კლინიკაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ეთნოლოგიურ და ანთროპოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით (ნაშრომი ტოტემი და ტაბუ მოიცავს უკიდურესად ვრცელ ბიბლიოგრაფიას), სწორედ პრიმორდიალურ, პირველყოფილ დანაშაულს გულისხმობს, დანაშაულს, რომელიც კულტურული ცხოვრების, აკრძალვებსა და წესებზე აგებული საზოგადოებისა და მორალის ფუნდამენტს წარმოადგენს. მორალის ფილოგენეზი, ასევე ონტოგენეზი (ოიდიპოსის კომპლექსი) გულისხმობს სწორედ მკვლელობის აქტს ან მამის გზიდან ჩამოშორების, მისი მოკვლის სურვილს (იხ.ტოტემი და ტაბუ). მკვლელობის პირველყოფილ აქტს, განხორციელებულს პრიმიტიული ორდის ფარგლებში მამის წინააღმდეგ შეთქმული ძმების მიერ, მასტრუქტურირებელი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც საფუძვლად ედება ორ ფუნდამენტურ აკრძალვას ინცესტზე და მკვლელობაზე. ბრალის გრძნობა, როგორც ჩადენილი დანაშაულისა და მკვდარი მამის (სიმბოლური მამა ყოველთვის მკვდარია) მხრიდან შესაძლო შურისძიების შიშის შედეგი პირველყოფილ კოლექტივს აიძულებს აღმართოს ტოტემი და თაყვანი სცეს მას, როგორც მოკლული და შეჭმული მამის სიმბოლურ რეპრეზენტაციას, ღვთაების პიიმიტიულ ფორმასა და მონოთეისტური ღმერთის ველურ წინაპარს. საქმე ეხება კოლექტიურ, ჯგუფურ კრიმინალს და ბრალის გრძნობას, რომლის სოციო–კულტურულ დამორჩილებასა და მოთვინიერებასაც დიდი სოციალური ინსტიტუტები (რელიგია, ჯარი, მთავრობა) დღემდე წარმატებით ანხორციელებენ, თუმცა ბრალის გრძნობის ტყვეობაში მყოფი სუბიექტისაგან ნევროტული მორჩილების სანაცვლოდ. მამის მკვლელობის პირველყოფილი აქტი კულტურული მნიშვნელობის აქტს წარმოადგენს, რომელმაც ბრალის გრძნობისა და იდენტიფიკაციის მექანიზმების წყალობით, მკვლელობის აქტის განმეორება უნდა აღკვეთოს. მკვლელობისაქტმა, მასთანდაკავშირებულმაბრალისგრძნობამდა შურისძიების შიშმა ადამიანის მოდგმას სამუდამოდ ათქმევინა უარიმკვლელობაზე, კანიბალიზმზედა ინცესტზე. მოკლული მამის ქალები ტაბუირებული ობიექტები გახდნენ, რამაც ეგზოგამიას დაუდო საფუძველი, რაციმას ნიშნავს, რომმამაკაცმაქალი ოჯახის, ტომისა თუპირველყოფილიგაერთიანებისფარგლებსგარეთუნდა ეძებოს. პირველყოფილი მამის მკვლელობის აქტიდა ბრალის გრძნობა თაობიდან თაობას გადაეცა, რამაც საბოლოოდ დაკანონა კონფლიქტი სურვილსა დააკრძალვასშორის, რომელიცბრალისგრძნობისადა მორალური იმპერატივების გავლენით საბოლოოდ განმტკიცდა, როგორც ამორალური, არაადამიანური აქტის კულტურული მემკვიდრეობა. ფროიდისთვის კულტურა დაფუძნებულია ინცესტუალური და დესტრუქციული ბუნების ლტოლვების განდევნასა და რეპრესიაზე. ცივილიზაციისათვის გადახდილი ფასი ლტოლვითი ბუნების ტენდენციების განდევნაში მდგომარეობს. რეპრესია ლტოლვითი ცხოვრების კულტურულ რეჟიმს ქმნის. თუ კულტურას შევადარებთ სახლს, მაშინ ამ სახლის საძირკველს წარმოადგენს განდევნა, ხოლო ის რაც საძირკველს ამაგრებს და განდევნისა და კულტურული რეპრესიის მუდმივ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს არის მკვლელობის ამორალური სურვილი. ე.ი. კულტურა და საზოგადოებრივი ცხოვრება ეფუძნება ანტისოციალური ტენდენციის (ან ჩადენილი აქტის, თუ საქმე გვაქვს მის ფილოგენეტიკურ ასპექტთან) განხორციელების სურვილს, სასჯელის შიშს, შიშის გავლენით მკვლელობაზე და ინცესტზე აკრძალვის გაშინაგნებასა და ბრალის გრძნობას, რომელიც მიმართულია არა რეალურად განხორციელებულ ქცევაზე, არამედ ამ ქცევის განხორციელების სურვილზე. ნაშრომი ტოტემი და ტაბუ ოიდიპოსის კომპლექსის კლინიკური მოდელის ანთროპოლოგიურ ვარიანტს წარმოადგენს, სადაც ერთი მეორეს ამყარებს, ანთროპოლოგია ფსიქოანალიტიკური კლინიკის (მაგალითად, ობსესიური ნევროზის გაგება შეუძლებელია ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგიის გარეშე, რომელიც კაცობრიობისა და კონკრეტული ინდივიდის მამის რეპრეზენტაციასთან დამოკიდებულებას აღწერს), ხოლო ანალიტიკური პრაქტიკა ანთროპოლოგიის სამსახურში დგას. კითხვა, რომელსაც ფროიდის სტატია კრიმინალიუ ქცევაზე სვამს ასე ჟღერს: რატომ განიცდის ნევროტიკი ბრალის გრძნობას, მაშინ როდესაც რეალურად დანაშაული არ ჩაუდენია? საიდან იღებს სათავეს ნევროტული ბრალის გრძნობა კანონმორჩილებითა და ავტორიტეტებისადმი დაქვემდებარებული პოზიციით გამორჩეულ ინდივიდთან? უზრუნველყოფს თუ არა უდანაშაულობა ამ სიტყვის იურიდიული გაგებით, ფსიქიკური უდანაშაულობის განცდას? როგორც ჩანს არა, რადგან ნევროტიკი დამნაშავეა, დამნაშავეა მისი ფსიქიკური რეალობა. რადგან მამის ობიექტისადმი არაცნობიერი მკვლელობის სურვილის, როგორც განდევნილი რეპრეზენტაციის გაცნობიერება არ შეუძლებელია ნევროტიკს საკუთარი დანაშაულის „მონანიების“ ფსიქიკური შესაძლებლობა არ აქვს. ის დამნაშავეა, თუმცა არ იცის რაში სდებენ ბრალს. დამნაშავეა და უცოდინარი ამავე დროს (ისევე როგორც ოიდიპოსი).


ნევროტიკი ბრალის გრძნობის მსხვერპლია დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და რომლის ჩადენის არაცნობიერი სურვილიც აქვს. ნევროტიკი ავტორიტეტულ ფიგურებს, მამის რეპრეზენტაციებს ემორჩილება, ემსახურება მათ, როგორც დამნაშავე, როგორც დასჯილი სუბიექტი. ნევროტიკს ავტორიტეტების წინაშე ხმის ამოღების უფლება არ აქვს, რადგან ის რასაც არაცნობიერად ამ ავტორიტეტების მიმართ განიცდის არის მათი განადგურების სურვილი. რაც უფრო ძლიერია დესტრუქციული ტენდენციების ეკონომიური ასპექტი, მით უფრო სადისტური და სასტიკია ზე მე, რომელიც მეს აიძულებს განდევნოს აღნიშნული ტენდენციები. ე.ი. დესტრუქციულობის რაოდენობრივი ასპექტის ზრდა ზე მეს მობილიზაციას იწვევს, ეს უკანასკნელი კი აუტანელი ბრალის გრძნობის. აღწერილი შიდაფსიქიკური მექანიზმი გულისხმობს ჩაკეტილ წრეს: რაოდენობრივი ასპექტის მატება განდევნის მექანიზმებისა და ზე მეს აქტივაციის სრული დატვირთვით მუშაობას ახდენს, ხოლო დესტრუქციული ტენდენციის რეპრესია მისი გაორმაგებული ძალით რეაქტივაციის მიზეზი ხდება... და ა.შ. გამოსავალი სწორედ ნევროტული კრიმინალური აქტია. როცა ბრალის გრძნობისა და დესტრუქციული ტენდენციების შიდაფსიქიკური რეგულაცია მარცხს განიცდის ნევროტიკი ანხორციელებს აქტს, კონფლიქტის ექსტერნალიზაციის მიზნით. ის რაც ფსიქიკური აპარატის ქვაბში ვეღარ იხარშება გარეთ ანტისოციალური ქცევის სახით იღვრება. ნევროტიკის „კრიმინო–თერაპია“ ნევროტული სტრუქტურის დეკომპენსაციის პროფილაქტიკაა. თავშეკავებული ნევროტიკი „სისულელეებს სჩადის“. ზე მე, რომლის ნორმალურ ფუნქციონირებაზეც არის დამოკიდებული პიროვნების მორალური სიჯანსაღე პათოლოგიის შემთხვევაში ინდივიდს კანონსაწინააღმდეგო აქტის ჩადენისაკენ უბიძგებს, რაც ამ ინსტანციის პარადოქსულ და ამავე დროს პათოგენურ ბუნებაზე მეტყველებს.


თუ ნევროტიკი ერთ–ერთ ეჭვმიტანილს წარმოადგენს, ხოლო გამოძიებას არ შეუძლია მისი ბრალეულობის დადასტურება, ასოციაციური ტესტი ე.წ. სიტყვა–გასაღებზე მასში ნამდვილი დამნაშავისათვის დამახასიათებელ ფსიქო–აფექტურ დინამიკას აღძრავს, რაც შეიძლება არასწორი საგამოძიებო დასკვნის მიზეზი გახდეს. სასტიმულო სიტყვებსა და პირველად ასოციაციებს შორის არსებული დროითი მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაც მკვლევარისთვის კონკრეტული კომპლექსის აქტივაციაზე მიუთითებს ნევროტული სტრუქტურის მქონე პაციენტთან ობიექტური საგამოძიებო დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა, რადგან თემა, რომელიც კომპლექსის ბირთვს შეიძლება წარმოადგენდეს ნევროტიკისათვის შეიძლებ წმინდად წარმოსახვითი იყოს (მაგალითად მკვლელობა) და არა რეალური (თუმცა ნამდვილი დამნაშავისათვის დამახასიათებელი აფექტური რეაქციით), შესაბამისად იურიდიულად უსარგებლო, რადგანაც ფანტაზმისთვის, თუნცად ის სწორედ მკველობის დესტრუქციულ ტენდენციებს გულისხმობდეს, ინდივიდი კანონის წინაშე პასუხს არ აგებს. ფროიდი „აღიარების ტექნიკოსების“ საქმეს ართულებს. კრიმინალი რეალურად სჩადის დანაშაულს, ხოლო ნევროტიკი ამ დანაშაულის ჩადენის სურვილს განიცდის; კრიმინალთან საქმე ეხება საიდუმლოს, რომელსაც ის არ აღიარებს, უმალავს სხვას, ხოლო ნევროტიკთან საიდუმლოს, რომლის შესახებაც მან არაფერი იცის (არაცნობიერია) და რომელსაც ის საკუთარ თავს უმალავს.


მიუხედავად ამისა, ნევროტიკის ისტერიული „უცოდინრობა“ ზოგიერთი ანალიტიკოსისათვის არ წარმოადგენს არცოდნის, ობიექტურ, ჭეშმარიტ ფორმას. ფრანგი ანალიტიკოსი, პოლ–ლორან ასუნი[12] მიიჩნევს, რომ ნევროტიკმა ცნობიერად თუ არაცნობიერად აუცილებლად „იცის“ საკუთარი ფსიქიკური დამნაშავეობის შესახებ, რაც ხდება კიდეც ნევროტული სიმპტომის ფორმაციის მიზეზი, რომელიც ამ ცოდნას სიმბოლიზირებული და ცნობიერებისათვის გაუგებარი ფორმით გამოხატავს. ასუნის აზრით, კრიმინალი განსხვავებით ნევროტიკისაგან, დანაშაულებრივ აქტს ფუნდამენტური არცოდნის პირობებში ანხორციელებს, რომელსაც ავტორი უწოდებს „დამნაშავე უცოდინრობას“. ბრალის გრძნობას, რომელიც ნევროტიკთან ფსიქიკურის ფარგლებს არ სცდება (და რომლის საყოფაცხოვრებო გავლენასაც ის ყოველდღიურად განიცდის), კრიმინალი სოციალურ სცენაზე ათამაშებს, ისე, რომ არაფერი იცის ამ ბრალის გრძნობის შესახებ. კრიმინალთან ბრალის გრძნობა პრიმიტიულია, არქაული და დანაშაულებრივი ქმედებით ფსიქიკურის სფეროდან გარეთ გადმოსროლილი. სწორედ ბრალის გრძნობის განხორციელებულ აქტად გარდაქმნის კრიმინალური ოპერაცია კრიმინალს ამ გრძნობის ცნობიერად განცდის უნარს ართმევს. სწორედ ამ მიზეზის გამო ამბობენ, რომ კრიმინალს ბრალის გრძნობა არ გააჩნია. კრიმინალთან ბრალის გრძნობა იმდენად არაცნობიერია და დანაშაულებრივ ქცევასთან თანაშეზრდილი, რომ ის სუბიექტის მიერ არ განიცდება. კრიმინალი ბრალის გრძნობას „ვერ გრძნობს“, მაშინ როდესაც ნევროტიკი მისი წარმოშობის მიზეზებს ვერ აცნობიერებს. კრიმინალი და სასამართლო ქმნის ხელოვნურ მთლიანობას, ხოლო ნევროტიკი ორივე რეალობას შიდაფსიქიკური სიმპტომის დონეზე აერთიანებს. ის რაც ნევროტიკთან მუშაობს შიგნით, კრიმინალთან გარედან, სასამართლოს სახით ასრულებს იგივე ფუნქციას; საქმე ეხება დანაშაულს და სასჯელს. ნევროტიკი ორივე რეალობას მოიცავს, ხოლო კრიმინალისთვის სასჯელი მხოლოდ გარეთ არსებობს.


მელანი კლაინი (1882–1960)

მელანი კლაინი, ბავშვთა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი, შანდორ ფერენცისა და კარლ აბრაჰამის მოსწავლე (აგრეთვე ანალიზანტი), რევოლუციური იდეების ავტორი ფსიქოანალიზში, რომელმაც ანალიტიკური კლინიკა უკიდურესად გაამდიდრა თეორიული და პრაქტიკული ცოდნით ფსიქოზების შესახებ, ნამდვილი ჩემპიონია დესტრუქციისა და სიძულვილის კვლევის საქმეში.


თუ ფროიდს და სხვა ძველი თაობის ანალიტიკოსებს აინტერესებთ ზრდასრული ნევროტიკის დესტრუქციული ლტოლვები და ოიდიპალური ფანტაზმი მამის მკვლელობის შესახებ, მელანი კლაინის ინტერესის საგანს წარმოადგენს ბავშვთან (ხშირად ფსიქოზით დაავადებულ ბავშვთან) ფანტაზმატიკური და წარმოსახვითი ცხოვრების ყველა ასპექტი ფსიქოსექსუალური განვითარების არა მხოლოდ ოიდიპალურ ეტაპზე, არამედ ორალურ, ორალურ–კანიბალისტურ და ანალურ–სადისტურ ეტაპებზე. სიძულვილი მელანი კლაინისთვის პირველადი ბუნების ტენდენციაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ე.წ. კარგი ობიექტის მთლიანობას და მის ინტერიორიზაციას. დესტრუქციის პროექცია დედის მკერდის პირველად ობიექტს ორად ხლეჩს. იქმნება კარგი და ცუდი მკერდი, კარგი და ცუდი რძე, კარგი და ცუდი ობიექტი. კლაინის ობიექტის ლოკალიზება შეუძლებელია, ის შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი, როგორც ცუდი, ასევე კარგი, უსაფრთხოების განცდასთან დაკავშირებული ან პერსეკუტორი, ტოქსიკური ან პირიქით სულიერი სიჯანსაღის შინაგანი საყრდენი.


პირველადი შიზო–პარანოიდული ეტაპი დესტრუქციული ტენდენციებით გამოირჩევა და გულისხმობს ობიექტზე დამანგრეველი შეტევების განხორციელებას, დესტრუქციის პროექციის ძალით ობიექტი ხდება ცუდი, რომლის გაშინაგნების შემთხვევაშიც ის პრიმიტიული ფისიკური ცხოვრების პარანოიზაციას ეწევა და ა.შ. კლაინის ჩვილი ბავშვი და მისი პრიმიტიული თვითობა (Self, Soi) კარგი და ცუდი ობიექტების, სიძულვილისა და სიყვარულის, შურის, სიხარბისა და პრიმიტიული ეჭვის განცდებშია დანთქმული (ბავშვს ეშინია, რომ არ გაანადგუროს დედის მკერდი, საკუთარი დესტრუქციის ეშინია, რის გამოც ობიექტის ფუქნციას წარმოადგენს გაუძლოს იერიშს, გადარჩეს, შეინარჩუნოს მთლიანობა და ინტერიორიზაციისათვის გამოსადეგი დარჩეს). დეპრესიული პოზიცია გამოსავალს წარმოადენს. ობიექტი გლოვის საგანია, ხდება ტოტალური და ინტერიორიზირებადი. ბავშვი აუცილებლად უნდა გადიოდეს დეპრესიულ პოზიციას, იმისათვის, რომ ობიექტმა შეიძინოს სიმყარე, გახდეს შინაგანი და პოზიტიურად ინვესტირებული.


ის რაც მნიშვნელოვანია კლაინის თეორიაში და დაკავშირებულია ანტისოციალური ქცევის ანალიზთან არის ადრეული ოიდიპოსის კომპლექსი[13], რომელიც კლაინის აზრით, ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებაში გაცილებით უფრო ადრე იღებს მონაწილეობას, ვიდრე ფროიდს მიაჩნდა (ფალიკური ფაზა). ადრეული ოიდიპოსის კომპლექსის ცნებასთან ერთად კლაინი პრიმიტიულ ზე–მეზე საუბრობს, რომელიც არა მხოლოდ ოიდიპალურ, არამედ ორალურ და ანალურ ეტაპებზე ბავშვის ფსიქოსექსუალურ განვითარებაში იღებს მონაწილეობას. კლაინის თეორია მთლიანად ფანტაზმზეა აგებულ, განსაკუთრებით დესტრუქციული ბუნების ფანტაზმებზე. 1927 და 1934 წელს კლაინი ანტისოციალურ ქცევას უძღვნის სტატიებს, სადაც ის ანტისცოალურ ქცევასა და ბავშვის დესტრუქციულ ფანტაზმებს შორის გარკვეულ ანალოგიებს განიხილავს. ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კრიმინალური აქტების განხორციელების ფორმა და შინაარსი კლაინის აზრით, ძალიან ახლოს დგას ბავშვებთან ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკის დროს თამაშის, სიტყვისა და ნახატების ენაზე გადმოცემულ ფანტაზმებთან. სტატიები „კრიმინალური ტენდენციები ნორმალურ ბავშვებთან“ (1927)[14] და „კრიმინალურობა“ (1934)[15]ეძღვნება ანტისოციალური ქცევისა და ფანტაზმის სტრუქტურულ და შინაარსობრივ მსგავსებას.


სტატიის შესავალში კლაინი განიხილავს ფროიდის ანთროპოლოგიურ შეხედულებას მორალის ფსიქოგენეზთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბავშვები წარმოადგენენ ანალიტიკური ჰიპოთეზის დასტურს, იმის შესახებ რომ ინდივიდი ისევე როგორც ბიოლოგიურად, აგრეთვე ფსიქიკურად იმეორებს კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპს. კულტურულ ინდივიდთან ფსიქოანალიზი აწყდება განდევნილი და არაცნობიერი ფორმით ყველა ტენდენციას, რომელიც პრიმიტივს ქცევის დონეზე ახასიათებს. კლაინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას კანიბალისტურ და მკვლელობის რიტუალურ ფორმებს ანიჭებს. კლაინს ბავშვებთან ანალიტიკური პრაქტიკა არწმუნებს, რომ შინაგანი ბრძოლა ინდივიდის პრიმიტიულ და ცივილურ ასპექტებს შორის იწყება ადრეული ბავშვობის ასაკში. მისი აზრით, ბავშვი განციდის თანდაყოლილი ანტისოციალური ტენდენციების ძლიერ გავლენას, ისევე როგორც მისი შორეული წინაპრები, იმ მნიშვნელოვანი განსხვავებით, რომ ბავშვი თამაშის, წარმოსახვისა და ფანტაზმატიკური გადამუშავების წყალობით პრიმიტიული ანტისოციალური ტენდენციების რეალურ განხორციელებას სიმბოლური მნიშვნელობის ქმედებებით ანაცვლებს (ხატავს, ძერწავს, თამაშობს, ლაპარაკობს). მელანი კლაინი აღნიშნავს, რომ ზე–მეს მოქმედება სიცოცხლის მეორე წლიდან იწყება. ზე მეს პრიმიტიული და ადრეული ფორმა კლაინისთვის დაკავშირებულია ორალურ–კანიბალისტურ და ანალურ–სადისტურ ეტაპებთან, განსხვავებით ფროიდის გენიტალური, ან ოიდიპალური ზე–მესგან.


მელანი კლაინი მიიჩნევს, რომ ანტისოციალური ტენდენციების გავლენას განიცდის ყველა ბავშვი, თუმცა ის რაც კლინიკურ ახსნას მოითხოვს არის ამ ტენდენციების განმტკიცება და ქცევითი გამოვლინებები. კლაინისათვის კრიმინალური ტენდენციების პირველ ობიექტებს მშობლები წარმოადგენენ. ორალურ–კანიბალისტური და ანალურ–სადისტური ფაზებისათვის დამახასიათებელი დესტრქუციულობა შემდგომ ოიდიპალურ სტადიას კვებავს დესტრუქციით. თუ ფროიდის აზრით, ოიდიპოსის კომპლექსისთვის დამახასიათებელი დესტრუქციული ლტოლვები მამასთან მეტოქეობაში ავლენს თავს, კლაინისთვის დესტრუქციის ობიექტებს წარმოადგენს ორივე მშობელი მიუხედავად ბავშვის სქესისა. კლაინი მიიჩნევს, რომ ზე–მე, როგორც კასტრაციის ფანტაზმისა და მამასთან იდენტიფიკაციის შედეგი წარმოადგენს მაღალორგანიზებულ და დიფერენცირებულ ინსტანციას ზე–მეს პრიმიტიულ, ორალურ და დედობრივ ფორმებთან შედარებით. ადრეული სტადიები შედარებით გვიანდელ, ოიდიპალურ ფაზაზე ახდენენ გავლენას. პირიმიტიული ზე მე, რომელსაც ფესვები ორალურ და ანალურ სადიზმში აქვს გადგმული და უმი, გადაუმუშავებელი სიძულვილით იკვებება ბავშვის წარმოსახვას დესტრუქციული, სისასტიკის გამომხატველი შინაარსებით ამდიდრებს. უნდა ითქვას, რომ კლაინიანური შეხედულება უფრო ახლოს დგას ნამდვილ კრიმინალთან და კრიმინალის პიროვნებასთან ვიდრე პირველი კლასიკური ჰიპოთეზა, რადგან კლაინისთვის კრიმინალური აქტის განხორციელებაში მონაწილეობას იღებს ორალური სტადიისათვის დამახასიათებელი პირველადი სიძულვილი, ე.ი. ნარცისტული ბუნების ტენდენციები, რაც დასტურდება კიდეც ანტისოციალური ქცევის მქონე ინდივიდის ფსიქიკური სტრუქტურით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ახლოს დგას, ნარცისტულ აშლილობებთან, ნარცისტულ–პერვერტულ ტენდენციებთნ, იდენტობის პათოლოგიებთან, მოსაზღვრე მდგომარეობებთან, ფსიქოპათიასთან, პარანოიულ ფსიქოზთან და ა.შ. ქვემოთ მოცემული ციტატა მომავალი კრიმინალის ფორმირების ფსიქოგენეზს ეხება:


„კბენის პრიმიტიული ფანტაზმი და ობიექტის დანაწევრების სურვილი აღვივებს ბრალის გრძნობას და აღრმავებს ბავშვის დედასთან მიჯაჭვულობას. ორიდან ხუთ წლამდე ასაკში პატარა გოგონები გამოხატავენ დედების მიმართ სიყვარულსა და სითბოს, თუმცა ეს მიჯაჭვულობა ემყარება შფოთვასა და ბრალის გრძნობას დედის ობიექტის მიმართ და ბავშვს უბიძგებს მთლიანად დაშორდეს მამის ობიექტს. ამგვარად ეს რთული ფსიქიკური სიტუაცია კიდევ უფრო მეტად რთულდება: ბავშვი იცავს რა თავს ტენდენციებისგან, რომლებსაც ზე–მე სჯის და კრძალავს, ის თავ აფარებს ჰომოსექსუალურ ტენდენციებს, აღრმავებს მათ; ეს არის ის რასაც ჩვენ ვუწოდებთ შებრუნებულ [გაუკუღმართებულ] ოიდიპოსის კომპლექსს. აღწერილი სიტუაცია თავს ავლენს გოგიონას მხრიდან დედის, ხოლო ბიჭის მხრიდან მამის ობიექტზე ძალიან ძლიერ ფიქისაციაში. სულ ერთი ნაბიჯი რჩება იქამდე, რომ აღწერილი ურთიერთობები თავის მხრივ ვეღარ ასრულებდნენ საკუთარ ფუნქციას [იგულისხმობა მშობლებზე ჰომოსექსუალური ფიქსაცია ბრალის გრძნობისა და შფოთვის გავლენით, რომლის წყაროსაც პირველადი ზე–მე წარმოადგენს].


ასეთ შემთხვევაში ბავშვი ერთდროულად ორივე მშობელს აქცევს ზურგს. სწორედ ეს წარმოადგენს ასოციალური პიროვნების ფორმირების საფუძველს, რადგან ურთიერთობები დედასთან და მამასთან განსაზღვრავს ყველა შემდგომი ურთიერთობის ბუნებას. არსებობს ურთიერთობის სხვა ტიპი, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს ასოციალური პიროვნების ფორმირების ერთ–ერთ ძირითად მიზეზს: საქმე ეხება ურთიერთობებს უფროს და უმცროს დებსა და ძმებს შორის. ფსიქოანალიზი ბავშვებთან ადასტურებს ყველა კლინიკური შემთხვევის დონეზე, რომ ბავშვები უკიდურესად ეჭვიანები არიან საკუთარი ძმებისა და დების მიართ. პატარა ბავშვი, რომელმაც სავარაუდოდ არაფერი იცის დაბადების შესახებ, ფლობს ძალიან ზუსტ არაცნობიერ ცოდნას, რომლის მიხედვითაც ბავშვები დედის მუცელში მოძრაობენ. ეჭვიანობა აღვიძებს ძალადობრივ სიძულვილს დედის მუცელში მყოფი ბავშვის მიმართ და აღძრავს სურვილს (გავრცელებული ფანტაზმი ბავშვებში, რომელიც დედის ახალი დაფეხმძიმების დროს იქმნება) დედის მუცლის გამოფატრვრის, დასახიჩრების და იქ მყოფი ბავშვის დანაწევრებისა და დაკბენის“[16]მელანი კლაინი დაწვრილებით აღწერს ბავშვებთან თამაშის დონეზე ანალიტიკური სეანსების დროს გამოვლენილ დესტრუქციულ ფანტაზმებს. კლაინის ერთ–ერთი პაციენტი, 5 წილის პიტერი, რომლის აგრესიის ობიექტებსაც მშობლები და პატარა ძმა წარმოადგენდა თოჯინას აგლეჯდა თავს ხოლო თოჯინის სხეულს ყიდდა წარმოსახვით ყასაბზე, რომელსაც სხეული უნდა გაეყიდა უკვე მომზადებული საკვების ფორმით. პიტერმა თოჯინის თავი შეინახა, რათა თვითონ ეჭამა ის. ანალიტიკოსს უთხრა, რომ თავი ყველაზე გემრიელი ნაწილი იყო. თოჯინის ტანსაცმელი მიითვისა და თქვა, რომ თვითონ ჩაიცმევდა. როდესაც პტერი მივიდა კლაინთან ანალიზზე, ის იყო მშიშარა ბავშვი, განიცდიდია შინაგან აკრძალვებს, იყო ძნელად აღსაზრდელი და სრულიად მოკლებული თამაშის უნარს. მას მხოლოდ სათამაშოების დამტვრევა შეეძლო. მისი აკრძალვა თამაშზე, ისევე როგორც შფოთვა ღრმად იყო დაკავშირებული ორალურ–სადისტურ და ანალურ სადისტურ ფიქსაციებთან.


ფანტაზემები, რომლებიც წარმოადგენენ თამაშის ნამდვილ მამოძრავებლ ძალას ბავშვებთან, პიტერთან ვერ ასრულებდნენ ამ ფუნქციას, რადგან ამ ფანტაზმების ბუნება უკიდურესად სასტიკი იყო და შესაბამისად განდევნილი. პიტერს არაცნობიერად ეშინოდა განდევნილი ფანტაზმების რეალურად განხორციელების და პროექციის ძალით გარშემომყოფთაგან ელოდა ისეთივე სადისტურ მოპყრობას, როგორიც მის ფანტაზმებში იყო ასახული. სადისტური სურვილები, რომლებსაც ის დედის მიმართ განიცდიდა, მას აიძულებდა დედისგან თავი შორს დაეჭირა და მასთან ქონოდა ცუდი ურთიერთობები. მისი ლიბიდო ორიენტირებული იყო მამის ობიექტზე, მაგრამ რადგან მამისაც ძალიან ეშინოდა, ნამდვილი ურთიერთობების დამყარება მხოლოდ პატარა ძმასთან შეეძლო.


ძმისადმი ურთიერთობაც ცხადია იყო ამბივალენტური. ის თუ როგორ ელოდა ბავშვი გარშემომყოფთაგან დასჯას ნათლად ჩანს შემდეგ მაგალითში: ის ერთხელ თამაშობდა (სეანსის დროს) ორი თოჯინით, რომლებიც წარმოადგენდნენ პიტერისა და მისი უმცროსი ძმის რეპრეზენტაციებს. თოჯინები ელიან დედისგან დატუქსვას, არაწესიერი საქციელისთვის. დედა მოდის, მიიჩნევს, რომ ბავშვები დასვრილები არან, მათ სჯის და მიდის. ორივე ბავშვი (თამაშის დროს ორი თოჯინა) განაახლებს თამაშს, რომელმაც ისინი დასვარა. დედა მოდის ხელახლა და სჯის მათ. ასე გრძელდება დაუსრულებლად. საბოლოოდ, დასჯის შიში იმდენად ძლიერდება, რომ ისინი გადაწყვეტენ მოკლან დედა.


პიტერი პატარა თოჯინის ეგზეკუციას ანხორციელებს, ის მას ანაწევრებს და სხეულის ნაწილებს ჭამს. მამა მოდის დედის დასახმარებლად; მამაც მოკლულია განსაკუთრებული სისასტიკით; შემდეგ, ბავშვები მამასაც ანაწევრებენ და ჭამენ. ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ. მათ შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურთ. მაგრამ უცბად პიტერი ინტენსიურ შფოთვას განიცდის: თამაში გრძელდება; როგორც ჩანს მშობლები გაცოცხლდნენ და დაბრუნდნენ. შფოთვის ჩართვის შემდეგ ბავშვმა ორივე თოჯინა დამალა დივანის ქვეშ, რათა ისინი მშობლებს ვერ ეპოვნათ. მშობლები ნახულობენ დამალულ თოჯინებს, მამა თავს აჭრის პიტერს, დედა თავს აჭრის პატარა ძმას, რის შემდეგაც მშობლები ხარშავენ ბავშვებს და ჭამენ მათ.

აღწერილი ფანტაზმატიკური სცენა მელანი კლაინისათვისზოგიერთი შემზარავი კრიმინალური აქტის ანალოგს წარმოადგენს (საქმე ეხება კლაინის ეპოქაში ჩადენილ გახმაურებულ დანაშაულებს). ერთ–ერთი ასეთი კრიმინალი დაკავშირებულია ახალგაზრდა კაცითან, რომელიც უახლოვდებოდა აგრეთვე ახალგაზრდა მამაკაცებს, იკმაყოფილებდა მათთან ჰომოსექსუალურ სურვილებს, კლავდა მათ, აჭრიდა თავს, ანაწევრებდა სხეულს, რომელსაც წვავდა, ხოლო მსხვერპლის ტანსაცმელს საკუთარ გარდერობში ინახავდა. მეორე კრიმინალი, რომელსაც კლაინი პიტერის ფანტაზმებთან მიმართებაში აღწერს დაკავშირებულია აგრეთვე სერიულ მკვლელობებთან. მკვლელი გვამებისაგან ამზადებდა ძეხვეულს და ყიდდა, როგორც საკვებ პროდუქტს. მელანი კლაინს ანცვიფრებს არა ჩადენილი აქტების წარმოუდგენელი სისასტიკე, არამედ მათი 100 პროცენტიანი მსგავსება პიტერის მიერ ანალიტიკურ სცენაზე გათამაშებულ ფანტაზმებთან.


აღწერილი კლინიკური შემთხვევა ეხება ინფანტილური ნევროზის მძიმე ფორმას, რომელიც ანტისოციალური ტენდენციების თამაშის დონეზე რეალიზაციის ფსიქიკურ რესურსს აუცილებლად გულისხმობს. კლაინს აინტერესებს ის თუ რა განაპირობებს ფანტაზმის ნამდვილ კრიმინალურ აქტად გარდაქმნას. პიტერის დაუნდობელი ზე–მე წარმოადგენდა პაციენტის დესტრუქციული ტენდენციების შიდაფსიქიკურ პროდუქტს, მაშინ როდესაც კლაინის აზრით, კრიმინალის პრიმიტიული ზე–მე დაკავშირებულია ბავშვობაში განცდილ რეალურ და არა მხოლოდ ფსიქიკურ ტრავმატიზმთან. მომავალი კრიმინალი მშობლებისა და ოჯახის წევრების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის ნამდვილი მსხვერპლია. ბავშვი აგრესორთან იდენტიფიკაციის წყალობით ცდილობს გადარჩეს. მისი ზე–მე არა ნორმალური სოციალიზაციის, არამედ მატრავმირებელი გამოცდილების შედეგს წარმოადგენს, რომლის სისასტიკეც მიმართულია არა მხოლოდ მე–ზე, არამედ გარშემომყოფებზე[17]. კლაინის აზრით, ნამდვილ კრიმინალთან ანტისოციალურ ქცევას განაპირობებს არა ზე–მეს სისუსტე ან მისი არარსებობა, არამედ ნევროტიკისაგან სრულიად განსხვავებული ზე–მეს ფუნქციონირება. კრიმინალის ზე–მე ორალური და ანალურ–სადისტური ტენდენციებით იკვებება. კრიმინალთან ფანტაზმის კონსტრუირება შეუძლებელია და ზე–მესა და არაცნობიერი ტენდენციების დესტრუქციულობა გარეთ, აქტის დონეზე ავლენს თავს.


ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშის შფოთვა იმდენად გამანადგურებელია მისი ფსიქიკური ცხოვრებისათვის, რომ დესტრუქციული ტენდნენციების ფსიქიკური გადამუშავება შეუძლებელი ხდება: დესტრუქციული ტენდნეციები შფოთვას შობენ; იმ შემთხვევაში თუ ბავშვი რეალურად გახდა ძალადობის მსხვერპლი, არაცნობიერად მის მიერ ძალადობა აღიქმება, როგორც სასჯელი ამ ტენდენციებისათვის, შფოთვის დონე კიდევ უფრო იმატებს, ისევე როგორც დესტრუქცია, რომლის ფსიქიკური გადამუშავებაც მარცხს განიცდის. ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს კრიმინალური აქტის რეალური განხორციელება. კლაინის აზრით, განსხვავება ნევროტიკ და ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვს შორის მდგომარეობს შფოთვის დონის არანორმალურ რაოდენობაში, რომელსაც ეს უკანასკნელი განიცდის. შფოთვა ღრმავდება რეალური მატრავმირებელი გამოცდილებით, მაშინ როდესაც ნევროტული ბავშვი ნამდვილი ძალადობის მსხვერპლი, როგორც წესი არ არის. ბავშვის თანდაყოლილ შინაგან დესტრუქციას მატრავმირებელი ძალადობრივი აქტი საბოლოოდ ამყარებს და ქმნის ე.წ. სიძულვილის ზე–მეს, ზე–მეს რომელიც არა აკრძალვის, არამედ დესტრუქციის პროდუქტია. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვისთვის, ოიდიპალური კონფლიქტი გაუსაძლისია, ის ამ კონფლიქტს დანაშაულის ჩადენით აღწევს თავს.


რაც შეეხება ანტისოციალური ქცევის პრევენციას, მელანი კლაინი ამ საკითხისადმი ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება ბავშვებს და არა ზრდასრულ, ფორმირებულ კრიმინალებს. ბავშვს, მათ შორის ფსიქოზით დაავადებულ ბავშვს, გააჩნია ტრანსფერის განვითარების უნარი (განსხვავებით ანა ფროიდის მოსაზრებისაგან, რომელიც მიიჩნევდა, რომ ბავშვებს ტრანსფერის უნარი არ აქვთ), რაც კლაინს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. გარდა ამისა, ბავშვი ფსიქიკური განვითარებისა და ჩამოყალიბების ეტაპზე იმყოფება, მისი ფსიქიკური სტრუქტურის ფორმირება, განსხვავებით მოზრდილისაგან, ჯერ არ არის დასრულებული. ზრდასრულ კრიმინალებთან, განსაკუთრებით მაშინ თუ კრიმინალი ან პერვერტია ან ფსიქოზით დაავადებული, ფსიქოანალიტიკოსის შანსები სულ უფრო მცირდება. მელანი კლაინი, ისევე როგორც ვინიკოტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ გარემოს, ოჯახურ ატმოსფეროს, რომელიც ბავშვს სიყვარულს უნდა უდასტურებდეს, მიუხედავად დესტრუქციული ტენდენციებისა, რომელსაც ბავშვი ოჯახის წევრების მიმართ ფანტაზმებისა და წარმოსახვის დონეზე შეიძლება განიცდიდეს. ის რაც კრიმინალთან მუშაობის დროს ანალიტიკოსს აშინებს არის კრიმინალის ღრმად განმტკიცებული ნეგატივიზმი გარშემომყოფთა და მათ შორის ანალიტიკოსის მიმართ. ანალიტიკოსი სწრაფად ხდება ცუდ, დესტრუქციულ, პერსეკუტორ ობიექტთან იდენტიფიცირებული კრიმინალის მიერ, ან ხშირად მანიპულაციისა და მორალური წამების ობიექტადაც შეიძლება იქცეს პერვერტის ხელში. მიუხედავად ამისა, კლაინი მიიჩნევს, რომ კრიმინალის ნეგატივიზმი ზედაპირულია და ხანგრძლივი ანალიტიკური მუშაობის შემდეგ შესაძლებელია ამ ინდივიდებთან სიყვარულისა და დაცვის, უსაფრთხოების ღრმად განდევნილი მოთხოვნილების აღმოჩენა. კრიმინალი სიყვარულის მატრავმირებელი დეფიციტის ან დედობრივი სიყვარულის გადაჭარბებული ფორმების მსხვერპლია. ის წარმოადგენს ტრავმირებულ ინდივიდს, რომელმაც განიცადა ნევროტიკისათვის ძნელად გასაგები კოშმარი, დაუცველობისა და უმწეობის პრიმორდიალური გამოცდილება. კრიმინალი ცდილობს მეორე ადამიანსაც განაცდევინოს ის, რის მსხვერპლასაც თავად წარმოადგენს. ქვემოთ მოცემული ციტატა კრიმინალის სიყვარულისა და სიძულვილის ფსიქოპათოლოგიას ეხება:

„რადგან მდევნელი ობიექტი (აგერთვე სიძულვილის ობიექტი), ჩვილ ბავშვთან, წარმოადგენს საწყის ობიექტს, რომელიც ამავე დროს არის სიყვარულისა და მთელი მისი ლიბიდოს ობიექტიც [მკერდი], კრიმინალი იმყოფება საკუთარი სიყვარულის ობიექტის სიძულვილისა და დევნის ფსიქოლოგიურ სიტუაციაში. იქმნება აუტანელი სიტუაცია: ყველა მოგონება, სიყვარულის გამოცდილება ამა თუ იმ ობიექტის მიმართ უნდა იყოს ცნობიერებიდან აღკვეთილი. თუ სამყაროში მხოლოდ მტრები არსებობენ და ეს არის ის რასაც განიცდის კრიმინალი, მაშინ მისი სიძულვილი და ნგრევის სურვილი, მისი აზრით, ნაწილობრივ სამართლიანია. ეს პოზიცია ამსუბუქებს მის არაცნობიერ ბრალის გრძნობას. სიძულვილი ხშირად გამოყენებულია, როგორც სიყვარულის შენიღბვის ეფექტური გზა; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუბიექტისთვის, რომელიც მუდმივად პერსეკუციის წარმოსახვითი საფრთხის წინაშე დგას, ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენს საკუთარი მეს უსაფრთხოება“.[18]


მელანი კლაინი სტატიას კრიმინალური ტენდენციების შესახებ ოპტიმისტურად ამთავრებს. მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაწყვეტის პრაქტიკულ გზას სწორედ ანალიტიკური მუშაობა წარმოადგენს ბავშვებთან. ის რაც ფსიქოანალიზისათვის ზრდასრული კრიმინალის შემთხვევაში უკიდურესად ძნელია ან შეუძლებელი სრულიად განხორციელებადია ბავშვებთან, რომლებიც, როგორც კლაინის არაერთმა კლინიკურმა დაკვირვებამ აჩვენა, კრიმონოგენული ფანტაზმების ნამდვილ საბადოს წარმოადგენენ:

„ამრიგად, იმ შემთხვევებში, როდესაც ზე–მეს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს შფოთვის აღძვრა, ის მე–ში აღვიძებს დაცვის ძალადობრივ, არაეთიკურ და თავისი ბუნებით ასოციალურ მექანიზმებს. მაგრამ როდესაც ბავშვის სადიზმი იკლებს და როდესაც ზე–მეს ბუნება და ფუნქცია ტრანსფორმირდება იმგვარად, რომ ეს უკანასკნელი შობს ნორმალურ, არაგამანადგურებელ შფოთვასა და დაბალი ინტნსივობის ბრალის გრძნობას, დაცვის მექანიზმები, რომლებიც ქმნიან ეთიკური და მორალური პოზიციისათვის აუცილებელ საფუძველს, მოქმედებაში მოდიან, ბავშვი იწყებს გარშემომყოფთა პატივისცემას და იხსნება სოციალური გრძნობების მიმართ. ჩვენ ვიცით თუ რამდენად რთულია ზრდასრულ კრიმინალთან სწორი მიდგომის გამოძებნა და მისი განკურნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პესიმისტები ამ სფეროში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია კრიმინალ და ფსიქოტიკ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება და მათი განკურნება. საუკეთესო წამალი დელიქვენტურობისთვის იქნებოდა ფსიქოანალიზის გამოყენება ბავშვებთან, რომლებიც ავლენენ ფსიქოზისა და კრიმინალურობის პირველ ნიშნებს“.[19]


დონალდ ვინიკოტი (1896–1971)

დონალდ ვინოკოტი, ინგლისელი პედიატრი, ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, ინგლისური სკოლის ერთ–ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელია მელანი კლაინის შემდეგ. ვინოკოტმა ფსიქოანალიტიკური თეორია და განსაკუთრებით ბავშვთა ფსიქოანალიზი ისეთი მნიშვნელოვანი კლინიკური და თეორიული კონცეპტებით გაამდიდრა, როგორიც არის გარდამავალი ობიექტი, საკმარისად კარგი დედა, ნამდვილი და მცდარი თვითობა (Faux Self; Soi), გარემოს ფუნქცია და ა.შ. დედობრივი სიყვარულისა და რეალური (და არა ფანტაზმატიკური) დედის ფუქნციის კვლევით ვინიკოტი კლაინიანური სიძულვილის ფსიქოპათოლოგიის ნამდვილ კომპენსაციას წარმოადგენს. თუ კლაინის კვლევის საგანია დესტრუქციული ტენდენციების, ბრალის გრძნობისა და შფოთვის პათოგენური სიჭარბე, ვინოკოტისთვის სიყვარულისა და გარემოს ფუნქციის დეფიციტია მნიშვნელოვანი.


ვინიკოტმა 1956 წელს ბრიტანეთის ფსიქოანალიტიკურ საზოგადოებას წარუდგინა სტატია სახელწოდებით „ანტისოციალური ტენდენცია“[20], რომელიც ნამდვილ სახელმძღვანელოდ იქცა ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე ფსიქოანალიტიკოსებისთვის.


სტატიის შესავალს ვინიკოტი საზოგადოების ანტისოციალური ინდივიდისადმი დამოკიდებულების ირიბ კრიტიკას უძღვნის. მაგალითი, რომლითაც ვინიკოტი საზოგადოების როლისა და ფუქნციის ხაზგასმას ცდილობს სტატიის პირველივე გვერძე, ეხება ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვს. ვინიკოტის ბავშვთა ფსიქოანალიტიკური პრაქტიკის პირველ პაციენტს, რომელსაც ის ფსიქიატრიული კლინიკის დისპანსერში მკურნალობდა. ბავშვი ერთი წლის განმავლობაში რეგულარულ ანალიზს გადიოდა ვიონიკოტთან. მკურნალობა შეწყდა არა პაციენტის ან ანალიტიკოსის სურვილით, არამედ პრობლემის გამო, რომელსაც ვინიკოტის პაციენტი დისპანსერისთვის წარმოადგენდა. ვინიკოტის აზრით, ანალიზი ძალიან კარგად მიდიოდა, როგორც ანალიტიკოსისთვის ასევე ბავშვისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა ვინოკოტს უკანალზე მწარედ არა ერთხელ და ორჯერ უკბინა. ბავშვი რამოდენიმეჯერ აძვრა დისპანსერის სახურავზე, მოუშვა ცენტრალური ონკანი, რამაც შენობის სარდაფში ნამდვილი წყალდიდობა გამოიწვია. ძალის დახმარებით გააღო ვინოკოტის მანქანის კარები და ავტომატური სტარტერის წყალობით პირველი სიჩქარით ატარა ანალიტიკოსის ავტომობილი. დისპანსერმა მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სხვა პაციენტების უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ბავშვი გაგზავნილ იქნა ე.წ. აღმზრდელობით სახლში. ვინიკოტი აგრძელებს პატარა პაციენტის ისტორიის თხრობას. სტატიის წარდგენის პერიოდში (1956 წელი) საქმე უკვე 35 წლის მამაკაცის ცხოვრებას ეხება, რომელიც საკუთარი შრომით არჩენს ოჯახს, დაოჯახებულია და ყავს ბევრი შვილი.


მიუხედავად ამისა, ვინიკოტი ამბობს, რომ ამ პაციენტს 35 წლის ასაკში მასთან დიდი ხნის წინ შეწყვეტილი ანალიტიკური სეანსების გაგრძელების თხოვნით რომ მიემართა, ის სავარაუდოდ უარს ეტყოდა მას, რადგანაც მიიჩნევს, რომ ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვზე, ისევე როგორც ზრდასრულ ფსიქოპათზე საზოგადოება, გარემო და ოჯახი უნდა ზრუნავდეს, ხოლო ფსიქოანალიზი უნდა წარმოადგენდეს დამატებით ზომას, თერაპიულ ინტერვენციას. ვინიკოტის აზრით, ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვისა და მოზარდის მკურნალუბა არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსის კაბინეტში, არამედ ინსტიტუციის ფარგლებში, ე.ი. კეთილგანწყობილ სოციალურ გარემოში უნდა მინდინარეობდეს. თუ გარემო და განსაკუთრებით ოჯახი სწორად უპასუხებს ბავშვის ანტისოციალურ ქცევას და იგებს ამ ქცევის ფსიქიკურ მნიშვნელობას ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი ანალიტიკური სეანსების გარეშეც განიკურნოს.


ვინიკოტის ფსიქოანალიტიკური შეხედულება, განსხვავებით თანამედროვე ბიჰევიორიზმისაგან, ანტისოციალურ ქცევას განიხილავს, არა როგორც შეტევის, ჩაქრობის ან მოსპობის ობიექტს, არამედ გაგების ობიექტს. ვინიკოტის ორიგინალური იდეა ანტისოციალური ტენდენციების შესახებ კრიმინალურ ქცევას გზავნილის ფუნაციასა და მნიშვნელობას ანიჭებს, გზავნილის, რომლის ადრესატსაც გარემო, ოჯახის წევრები, მშობლები, მასწავლებლები და აღმზრდელები წარმოადგენენ. ანტისოციალური ქცევა, არის კოლექტივისაგან დახმარებისა და „ხელში აყვანის“, „ხელით ტარების“ მოთხოვნა[21] ანტისოციალური ქცევა არის სოციუმში გადარჩენის განწირული მცდელობა და დახმარების მოთხოვნის უკიდურესი ზომა, გზავნილი რომელიც საზოგადოებრივი იდეალის სხეულზე, როგორც კრიმინალის მიერ გასროლილი ტყვია ისე აისხლიტება და უკან სასჯელის სახით უბრუნდება წესრიგის დამრღვევ ბავშვს თუ მოზარდს.


ანტისოციალური ქცევით ბავშვი ცდილობს მშობლებს უთხრას ის, რაც გამოუთქმელია, სიმბოლიზაციას უსხლტება ხელიდან და აქტის სახით ავლენს თავს გარეთ. რა შინაარსებს შეიძლება შეიცავდეს ანტისოციალური ქცევა, როგორც საზოგადოებაზე მიმართული გზავნილი და რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ის? ვინიკოტის აზრით, მაგალითად წვრილმანი, განმეორებადი ხასიათის ქურდობა ბავშვთან დედის ობიექტისაგან სიყვარულის მოთხოვნის ფუნქციას ემსახურება. ბავშვი დედისგან ითხოვს სიყვარულს, რადგანაც განიცდის დეპრიცავიას ფსიქო–აფექტური ურთიერთობების დონეზე. ვინიკოტი მიიჩნევს, რომ არსებობს დეპრივაციასა და ანტისოციალურ ტენდენციებს შორის პირდაპირი კავშირი. როდესაც ოჯახი მისთვის დამახასიათებელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ხასიათდება ფსიქო–სოციალური არასრულფასოვნებით ბავშვი განიცდის სიყვარულის ნაკლეობობას და ქურდობს. საინტერესოა ის თუ რას იპარავს ბავშვი და რის სიმბოლიზაციას შეიძლება წარმოადგენდეს მოპარული საგანი. იქამდე ვიდრე ქურდობის აქტის სიმბოლურ მნიშვნელობას განვიხილავდეთ, საჭიროა გავიგოთ ის თუ რას განიცდის ბავშვი ქურდობის დროს, რა წარმოადგენს ქურდობის მამოძრავებელ ძალას ამ სიტყვის აფექტური გაგებით. ვინიკოტის აზრით, საქმე ეხება იმედს (სასოებას), რომელიც სასოწარკვეთისგან იცავს ბავშვს და რომელსაც (იმედი) არ განიცდის დეპრესიული ბავშვი; პირიქით დეპრესიული ბავშვი უიმედო ბავშვია და შესაბამისად არასდროს სჩადის დანაშაულს. ქურდობის აქტის მამოძრავებელ ძალს წარმოადგენს იმედი.


იმედის, როგორც მომავალზე მიმართული აფექტური მდგომარეობის პერიოდში ბავშვი ანტისოციალურ ქმედებას ანხორციელებს და „იმედოვნებს“, რომ გარშემომყეფებს ამ ქცევით „მიაწვდენს ხმას“, გააგებინებს, რომ სასოწარკვეთისა და დაყუპვის პირას დგას. ანტისოციალური ქცევა, ქურდობა, განწირული მცდელობაა, რომელიც იმედის მარცვალს შეიცავს და მიმართულია სხვაზე, ოჯახზე და განსაკუთრებით დედაზე, რომლის სიყვარულიც ბავშვის ფსიქიკური გადარჩენისათვის აუცილებელი პირობაა. ანტისოციალური ტენდენციების მქონე თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ე.წ. მზრუნველობამოკლებული ბავშვების ერთ–ერთი სიმღერის ტექსტი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში კანონმორჩილ მოქალაქეთაგან ფულადი დახმარების მიღების ფუნქციას ემსახურებოდა ასე ჟღერს: „დედა მიყვარს ძალიან, მამა ნატვრის თავლია, საყვარელო ჩემო დედი...“. კითხვას, თუ რას შეიძლება ითხოვდეს ბავშვი გარშემომყოფთგან ანტისოციალური ქცევით (ან ამ შეთხვევაში მათხოვრობით) სიმღერის ტექსტი ვინიკოტისეულ პასუხს სცემს: სიყვარულს, დედობრივ სიყვარულს. უპატრონო ბავშვები ფულს არ ითხოვენ, ითხოვენ სიყვარულს, რითიც აიხსნება კიდეც ის ფაქტი, რომ ამ ბავშვების უმრავლესობას ფული მიაქვს პერვერტ მშობელთან ან ამ მშობლის რეპრეზენტაციასთან, თვითონ არ ხარჯავს, რადგან რაც მიიღო ხურდების სახით (ფული) არ არის ის რასაც ითხოვდა (სიყვარული) მათხოვრობით (ანტისოციალური ქცევა).


მოთხოვრობით ნაშოვნი ფული ბავშვს ყოველთვის ზრდასრულთან, უფროსთან, მშობლის ფიგურასთან მიაქვს და სანაცვლოდ იმედოვნებს, რომ სიყვარულს მიიღებს მისგან. მათხოვრობა წვრილანი ქურდობის, როგორც ანტისოციალური ქცევის შედარებით „სოციალიზირებულ“ ფორმას წარმოადგენს, როგორც ერთ, ასევე მეორე ქცევას საერთო არაცნობიერი დეტერმინაცია გააჩნია (სიყვარულის ნაკლებობა, დეპრივაცია, სიყვარულის მოთხოვნა და იმედი ამ სიყვარულის მიღების).


ვინიკოტი მიიჩნევს, რომ ანალიტიკოსმა, თერაპევტებმა იმედის პერიოდი (période de l’espoir) ხელიდან არ უნდა გაუშვან. ქურდობა, რომელიც გულისხმობს იმედს ამავე დროს წარმოადგენს მეორე ადამიანთან და სოციუმთან დაკარგული ფსიქო–აფექტური კავშირის აღდგენის ანტისოციალურ ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ ანტისოციალური აქტი, სოციალური აქტის მხოლოდ ერთ ერთ ვერსიას წარმოადგენს. ანტისოციალური ქმედება, რომელიც იმედის ნაპერწკალს გულისხმობს და გზავნილის სახით მიმართულია სხვაზე, ბევრად უფრო სოციალურია თავისი ბუნებით ვიდრე უიმედო და სასოწარკვეთილი, ე.ი. დეპრესიული ბავშვის პოზიცია სოციუმის მიმართ. ხშირად ანტისოციალური ტენდენციები შეფასებულია, როგორც დეზადაპტაციის სინდრომი, მაშინ როდესაც ანტისოციალური ქცევა დეპრივაციულ გარემოსთან ადაპტაციის ერთადერთ გზას წარმოადგენს. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვი არაადაპტირებულ ბავშვს არ ნიშნავს, რადგანაც ანტისოციალური ქცევა დემორალიზებულ საზოგადოებასთან ან დეპრივაციულ ოჯახთან ადაპტაციის კრიმინალურ ვერსიას წარმოადგენს.


იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ვეღარ ასრულებს საკუთარ ფუნქციას (ამ სიტყვის ფართო გაგებით), მაშინ ვინიკოტის აზრით, ოჯახური დეფიციტის შევსება ინსტიტუციებს უნდა დაეკისროს. იგულისხმება არა სოციალური ინსტიტუტები, არამედ სპეციალიზირებული დაწესებულებები (პროტექციის სახლი, მედიკო–ფსიქოლოგიური ცენტრები, ფსიქიატრიული კლინიკის დღის ცენტრები და ა.შ.).


საჭიროებს დაზუსტებას ის თუ რა ტიპის სიყვარულის დეფიციტზეა საუბარი და რა ასაკში. ანტისოციალური ტენდენციების ეტიოლოგია დაკავშირებულია აფექტური დეპრივაციის გამოცდილებასთან სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს და მეორე წლის განმავლობაში (ვინიკოტის მიხედვით). ვინიკოტი დარწმუნებულია, რომ ანტისოციალური ტენდენციების მიღმა დეპრივაციის ნამდვილი გამოცდილება იმალება (ე.ი. საქმე ეხება სიყვარულის რეალურ ნაკლებობას) და არა პრივაციის ნორმალურ მდგომარეობას (მაგალითად როდესაც დედა სწრაფად ვერ პასუხობს ბავშვის მოთხოვნს კვებაზე, ან დროებით ტოვებს მას, ან ძუძუთი კვებას ანაცვლებს ხელოვნურით და ა.შ.). დეპრივაცია ჩვილობის ასაკში გულისხმობს დაკარგვის გამოცდილებას, კარგი ობიექტის დაკარგვის გამოცდილებას (კლაინის გაგებით, რომლის გავლენასაც ვინიკოტი განიცდის). ბავშვს კარგ ბიექტთან აკავშირებდა პოზიტიური აფექტური გამოცდილება, თუმცა გარკვეულ დრომდე, როგორც ვინიკოტი ამბობს გარკვეულ თარიღამდე, იქამდე ვიდრე ის ამ ობიექტს დაკარგავდა. ბავშვს ადრეულ ასაკში ხელიდან ეცლება ობიექტი, რომელიც ფსიქიკური უსაფრთხოებისა და დაკმაყოფილების გამოცდილების გარანტს წარმოადგენს. ბავშვმა დაკარგული ობიქტის მეხსიერებაში ცოცხლად შენარჩუნება ვერ შეძლო, რადგან ობიექტის დაკარგვასა და მის ხელახალ გამოჩენას შორის არსებული დროითი მონაკვეთი პათოგენურად ხანგრძლივი აღმოჩნდა. ე.ი. დეპრივაციის ფენომენი მოიცავს ერთდროულად ადრეულისა და დაგვიანებულის ცნებას. ობიეტი ზედმეტად ადრეულ ასაკში იკარგება, ხოლო მისი ხელახალი გამოჩენა დაგვიანებულია, რადგან დეპრივაციის მატრავმირებელი გამოცდილების გამოსწორება შეუძლებლი ხდება. დეპრივაცია გულისხმობს აგრეთვე უეცარ ტრავმატიზმს და მატრავმირებელი მდგომარეობის დროში გახანგრძლივებასაც, აგრეთვე იმას რაც ნორმალურია და ამავე დროს უდავოდ არანორმალურიც (ვინიკოტი ისევე როგორც სხვა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ობიექტი უნდა დაიკარგოს და მისი რეპრეზენტაცია ხელახლა იქნეს აღმოჩენილი, თუმცა ამ შემთხვევაში დაკარგვის ადრეულ მატრავმირებელ გამოცდილებაზეა საუბარი და არა სეპარაციის ნორმალურ და თანდათანობით პროცესზე). ბავშვი ქურდობის აქტით იპარავს რაღაცას რაც გააჩნდა, რისი ქონის ფსიქიკური უფლებაც ქონდა და რაც დაკარგა. ე.ი. ქურდობს პირველად დედობრივ სიყვარულს.


იმედის დაკარგვა, პათოლოგიური დეპრესია დაკავშირებულია კარგი შინაგანი ობიექტის დაკარგვასთან, ან ინტროეცირებული ობიექტის სიკვდილთან. ვინიკოტი ცდილობს კლაინის ობიექტისა და ბოულბის (John Bowlby (1907-1990) დეპრივაციის კონცეპტების შერწყმას, რათა ანტისოციალური ქცევის ფსიქიკური დეტერმინაცია ბავშვის პირველადი ობიექტური თეორიებით ახსნას.


ანტისოციალური ტენდნეცია მოიცავს ორ ძირითად, დესტრუქციული ბუნების მიდრეკილებას: მიდრეკილებას ქურდობისაკენ (როგორც კონკრეტული, ქცევითი, ასევე ზოგადი გაგებით) და მიდრეკილებას ნგრევისაკე (დანგრევისაკენ–Détruire). ვინიკოტი მიიჩნევს, რომ ბავშვი ანტისოციალური ქცევით ეძებს რაღაცას ყველგან, იმას რაც დაკარგულია. თუ ვერ პოულობს ერთ ადგილას, მაგალითად სკოლაში, იმედს არ კარგავს და ეძებს სხვაგან, მაგალითად მოზარდებისათვის დამახასიათებელ ბანდაში, სამეზობლოში, ზრდასრულ და ბევრად უფროს ინდივიდებთან მეგობრობს და ა.შ. ბავშვი ეძებს სტაბილურ, აფექტურად მდგრად და დაცულ გარემოს, რომელიც გაუძლებს და აიტანს თავგანწირული მაძიებლის იმპულსური და უკონტროლო ქცევით შექმნილ დაძაბულ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს. მაშინ როდესაც ბავშვი აშავებს გარემოს ფუქნციას წარმოადენს ფსიქო–აფექტური და სოციალური მდგრადობის შენარჩუნბა. ვინიკოტის აზრით, აღწერილი ძიების პროცესი დაკარგული პოზიტიური გარემოსა და ბავშვის მიმართ ადამიანური პოზიციის (რომელიც ბავშვისადმი გააჩნდა დედას და რომელიც ბავშვმა დაკარგა) ხელახლა აღმოჩენის იმედით არის მოტივირებული.


ერთ–ერთი პაციენტი, 11 წლის ბიჭი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ გადიოდა ანალიზს ჩემთან ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდა. ბავშვი არღვევდა ანალიტიკურ ჩარჩოს, ყველა შესაძლო სოციალურ ნორმას, ანადგურებდა სათამაშოებს, ისევე როგორც ფსიქოთერაპევტის პოზიციას, ადგილსა და ობიექტს. ანალიტიკური სივრცე ბავშვის დესტრუქციისა და აგრესიის სცენა იყო. მიუხედავად უკიდურესად განვითარებული ინტელექტუალური უნარებისა ბავშვს არ შეეძლო დესტრუქციული ტენდენციების ნორმალური თამაშის ფორმით სიმბოლიზაცია და ფსიქიკური გადამუშავება, თუმცა ანტისოციალური ქცევები თავისთავად, რომელსაც ის სეასნების დროს ანხორციელებდა გარკვეული მნიშვნელობის მატარებელი იყო და ემსახურებოდა სწორედ იმ ფუნქციებს, რომელებზეც ვინიკოტი საუბრობს: დესტრუქციული ან აკრძალული ქცევის განხორციელებამდე ბავშვი ამბობდა, რომ ის აპირებდა მაგალითად სახატავი ფურცლის დაწვას, ან სათამაშო მანქანის დამტვრევას. ერთი სიტყვით მაფრთხილებდა „დაგეგმილი“ დანაშაულის ჩადენის შესახებ და ცდილობდა ჩემი რეაქციის იდენტიფიცირებას, ცდილობდა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ჩემი მეტ–ნაკლებად ნეიტრალური აფექტური პოზიცია. აინტერესებდა გამოიწვევდა თუ არა ეს აქტი ჩემში რსიხვას, ბავშვის დსჯის სადისტურ სურვილს (რომელსაც ბიჰევიორალური ინტერვენცია პოზიტიურად პასუხობს) და ა.შ. ბავშვი პერვერტული მანერით ფსიქოთერაპევტში დესტრუქციული კონტრ–ტრანსფერის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა, რათა მეც გავმხდარიყავი დესტრუქციული პროცესების „სრულფასოვანი“ თანამონაწილე. მე ან სადო–მაზოხისტური ურთიერთობების ნაწილი უნდა გავმხდარიყავი ან ანალიტიკური პოზიციისათვის დამახასიათებელი ნორმალური მაზოხიზმის ფარგლებში დავრჩენილიყავი. სეანსის საწყის ეტაპზე პაციენტი ბავშვის დამანგრეველი აქტივობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, ხოლო სეანსის ბოლოს დესტრუქციის ეკონომიური ასპექტი იკლებდა და ბავშვი იწყებდა ხატვას, ნორმალურ თამაშს, საუბრობდა ჩემთან გულახდილად, ერთი სიტყვით სეანსის ბოლოს პოზიტიური ტრანსფერისათვის სიძულვილის მიერ დაკავებული ფსიქიკური ტერიტორია თვისუფლდებოდა. ერთ–ერთ სეანსზე, როდესაც ნგრევით მიღებულმა ტკბობამ და დესტრუქციამ მიაღწია ქცევითი და აფექტური გამოვლინებების პიკს ბავშვი უეცრად გაჩერდა, ჩაფიქრდა, მოკალათდა სავარძელში, დამაკვირდა და მკითხა: „იცით რა? მე ძალიან მაინტერესებს რამდენხანს გაუძლებთ ამას, რამდენხანს უნდა გაუძლოთ რასაც მე ვაკეთებ აქ. მითხარით რა როგორ უძლებთ ჩემ საქციელებს და რატომ არ ბრაზდებით“? მე ბავშვს შევთავაზე დაეხატა. პაციენტმა დახატა ეკლესია, პატარა სახლი, ყვავილები. დახატა სკოლის შენობა და ბავშვები სკოლის ეზოში. სეანსი დავასრულეთ, დამემშვიდობა და მითხრა ერთ კვირაში მოვალ და გავაგრძელოთო. აღწერილ სეანსზე ბავშვი ანტისოციალური ქცევითა და დესტრუქციული შეტევებით ამოწმებდა ობიექტის მდგრადობას და მოთმინების ზღვარს.


აინტერესებდა ის თუ სად გადიოდა ზღვარი ობიექტის საპასუხო მრისხანებასა და მისი მხრიდან გამოვლენილ ტოლერანტობას შორის. გარდა ამისა, ანალიტიკურ ჩარჩოზე და ფსიქოთერაპევტზე განხორციელებული შეტევებით ბავშვი ობიექტის უსაფრთხოებას ამოწმებდა. შეასრულებდა თუ არა ობიექტი თავის მასტრუქტურირებელ, ფსიქიკური ორგანიზატორის ფუნქციას მასზე განხორციელებული თავდასხმების მიუხედავად? თუ ობიექტი გადარჩა და შეინარჩუნა კარგი შინაგანი ობიექტისათვის დამახასიათებელი ფუნქცია თერაპევტსა და პაციენტს შორის ნდობისა და პოზიტიური ტრანსფერის ელემენტები ჩნდება, რაც ანალიტიკურ მუშაობას ხდის შესაძლებელს: ბავშვი იწყებს ხატვას, თამაშობს, საუბრობს თერაპევტთან––აგრესიის სიმბოლიზაციისათვის გზა იხსნება.


ვინიკოტის აზრით, ბავშვი ანტისოციალური ქცევით ეძებს პოზიტიურ, მიმღებ გარემოს, რომლის პირველად ფორმას წარმოადგენს დედა და დედის მკლავები, რომლითაც ის ბავშვს ატარებს (ბავშვის ტარება, დედის ხელებით და მისი ფსიქიკური ტარება/ხელში დაჭერა წარმოადგენს ვინიკოტის ანალიტიკურ ტერმინს–holding). თუ დედა ბავშვთან ნორმალურ აფექტურ ურთიერთობებს ვერ ამყარებს, ბავშვი დედას ხელიდან ფსიქიკურად უვარდება. დედებს, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ღრმა ნარცისტულ კრიზისს განიცდიან და ბავშვის ობიექტის ნორმალურ ინვესტიციას ვერ ახერხებენ, ესიზმრებათ, რომ ჩვილი ხელიდან უვარდებათ, რომელიც იატაკზე ენარცხება და თავიდან მოსდის სისხლი (დედის ნარცისტული ჰემორალგიის პროექცია). ე.ი. ვინიკოტის აზრით, პოზიტიური, მდგრადი და ტოლერანტული გარემოს პირველად მაგალითს წარმოადგენს დედის მკლავები, უბე, ხოლო ამ მკლავების უფრო მეტად სოციალურ ვერსიებს, რომლებმაც ბავშვი კოლექტივის ფარგლებში ფსიქიკურად უნდა ატარონ, წარმოადგენს ურთიერთობა მშობლებთან, სახლი, ოჯახი, სანათესაო, სკოლა, უბნის პოლიციის განყოფილებაც კი. დედის მკლავებისა და ტარების ფუქნციის ყველაზე განზოგადებულ და ვინიკოტისეულ ვერსიას წარმოადგენს ქვეყანა მთლიანად და ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა.


ვინიკოტი აგრძელებს, ქურდობის, როგორც ანტისოციალური ქცევის პარადიგმის ანალიზს. ბავშვი იპარავს ნივთს არა მოპარული ნივთის დაუფლების მიზნით, არამედ ბავშვი ქურდობის აქტით დედას ეძებს, რომელზეც მას გარკვეული უფლებები გააჩნია. უნდა განვმარტოთ ის თუ რას გულისხმობს ვინიკოტი, როდესაც ამბობს, რომ ბავშვს დედაზე გააჩნია გარკვეული უფლებები: დედა შექმნილია ბავშვის მიერ. ბავშვის გარეშე დედა არ არსებობს. დედამ პოზიტიურად უპასუხა ბავშვის პირველად შემოქმედებითობას და ამგვარად გადაიქცა ობიექტად, რომლის დაუფლების ფსიქიკური მზაობაც ახალშობილს აქვს. დეპრივაციის გამოცდილება, როგორც ანტისოციალური ტენდენციების ერთ–ერთი დეტერმინატი, დედის ობიექტის მიმართ დესტრუქციული და ლიბიდინალური ტენდენციების პოლარიზაციას, მათ რადიკალურ გახლეჩას უწყობს ხელს. ე.ი. ობიექტისადმი ფსიქიკური ამბივალენტურობის შენარჩუნება შეუძლებელი ხდება. ქურდობა ვინიკოტისთვის წარმოადგნს თვითგანკურნების გზას, რადგან ქურდობის აქტი ერთდროულად აერთიანებს, როგორც დესტრუქციულ, ასევე ლიბიდინალურ ტენდენციებს დედის დაკარგული ობიქეტის მიმართ. ბავშვი ქურდობს, რაც დესტრუქციის ნიშანია, თუმცა იპარავს რაღაცას რაც უყვარს, ან სიყვარულის ობიქტის პრიმიტიულ სიმბოლოს შეიძლება წარმოადგენდეს. ვინიკოტი განიხილავს ისეთი ტიპის ანტისოციალურ ტენდენციებს, ან ანტისოციალური ქცევის პირველ ნიშნებს, როგორიც არის ხანგრძლივი ენურეზი, შარდის შეუკავებლობა და ღორმუცელობა. ე.წ. ღორმუცელა ბავშვი (l’enfant glouton) ვინიკოტის ანალიტიკური ინტერესის საგანს, სწორედ ანტისოციალური ტენდენციების კონტექსტში წარმოადგნს. შარდის შეუკავებლობა, განსაკუთრებით მოშარდვა დედის მუხლებზე კალთაში როგორც დედის სხეულზე აგრესიული შეტევისა და დესტრუქციის, ასევე ბავშვის დედაზე უფლების გამომხატველ ქცევას წარმოადგენს. შარდის შეუკავებლობა ვინიკოტისთვის დეპრივაციისა და ანტისოციალური ტენდენციების ერთ ერთი პირველი ნიშანია. ღორმუცელობა, შარდის შეუკავებლობა, ქურდობა და ა.შ. წარმოადგენს სიმპტომებს, რომელთა მნიშვნელობები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა არაცნობიერი მიზანი აქვთ საერთო: შეუქმნან დედას, მშობლებს და სხვა ოჯახის წევრებს უხერხულობა. ანტისოციალური სიმპტომატიკის სამიზნეს მშობლების ნარცისიზმი წარმოადგენს. ღორმუცელობა ვინიკოტის აზრით, დეპრივაციის პირდაპირი შედეგია და განსახვავდება სიხარბისგან, რომელიც წარმოადგენს არა ანტისოცოალურ ქცევას, არამედ ორალური ლტოლვების გადამეტებული აქტივაციის შედეგს. ღორმუცელობა გამოხატავს მე–ს მოთხოვნილებებს სიყვარულსა და უსაფრთხოებაზე, მიმართულია გარემოზე, რომლისგანაც ბავშვი პროტექციას მოითხოვს, მაშინ როდესაც სიხარბე არა სიყვარულთან, არამედ ინსტინქტუალური მოთხოვნილებისა და პრიმიტიული ორალური ლტოლვების დაკმაყოფილებასთან არის კავშირში. ღორმუცელობა კომპულსიური ქცევაა, ბავშვი გადასანსლული საკვებით სიყვარულის შინაგანი დეფიციტის შევსებას ცდილობს და დედის ობიექტისაგან განკურნებას მოითხოვს. ვინიკოტის აზრით, ღორმუცელობა ანტისოციალურია თავისი ბუნებით და ქურდობის ქცევის წინამორბედი. ვინიკოტი დარწმუნებულია, რომ თუ დედა სწორად უპასუხებს ამ ქცევას ბავშვი ანალიტიკური ინტერვენციის გარეშეც შეიძლება განიკურნოს ანტისოციალური ტენდენციების პირველი ნიშნებისაგან. შარდის შეუკავებლობა, ღორმუცელობა, ქურდობა და ნგრევის, განადგურების ტენდენცია ერთმანეთთან განუყოფელ კავშირში მყოფ სიმპტომთა ჯგუფს ქმნის. ის რაც აერთიანებს სიმპტომთა ამ ნაკრებს არის დეპრივაცია და რეგრესია განვითარების პრიმიტიულ სტადიებზე.


ბავშვებთან ანტისოციალური ქცევის ერთ–ერთ შენიღბულ ფორმას წარმოადგენს სახლიდან გასვლისა და რაიმე ნივთის ან საკვების ყიდვის დაუმორჩილებელი ლტოლვა. ეს ტენდენცია არც ნევროზის და არც ფსიქოზის კლინიკის შემადგენელი ნაწილი არ არის. ვინიკოტის აზრით, საქმე ეხება ნამდვილ ანტისოციალურ ტენდენციას სუფთა სახით. ჯიბის ფული და საჩუქრები, რომლებსაც ბავშვებს მშობლები დაბადების დღეზე ჩუქნიან აგერთვე მოიცავს ანტისოციალური ტენდენციების ელემენტს, მოტივირებულია ყიდვისა და საგნის დაუფლების დაუოკებელი სურვილით და საზოგადოდ მიჩნეულია, როგორც ნორმალური ქცევა.


დონალდ ვინიკოტის ფსიქოანალიტიკური თეორია ანტისოციალური ტენდენციების შესახებ განსაკუთრებით ფასეულია იმ მიზეზით, რომ ავტორი ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვს განასხვავებს, როგორც ნევროტიკი, ასევე ფსიქოტიკი ბავშვისგან და ქმნის ანტისოციალური ტენდენციების სრულიად ორიგინალურ, დამოუკიდებელ ფსიქოპათოლოგიას. კლინიკური განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვმა იცის, რომ საკუთარი უბედურებისა და ტანჯვის ნამდვილ მიზეზს წარმოადგენს დეპრივაციული გარემო, მაშინ როდესაც ფსიქოტიკი მოკლებულია ამ ცოდნას. ანტისოციალური ტენდენციების ბავშვთან მე საკმარისად ფორმირებულია იმისათვის, რომ „გააცნობიეროს“ ფსიქიკური პრობლემების მიზეზი (ბავშვმა იცის თუ ვინ არის დამნაშავე), რაც მას ფსიქოზისაგან იხსნის, რადგან ფსიქოზის დროს მე ფორმირებას ვერ ასწრებს, ტრავმატიზმი მეს მინიმალურ ინტეგრაციას დროში უსწრებს წინ. ცოდნა არასრულფსოვანი გარემოს, როგორც ტანჯვისა და პიროვნული დეზინტეგრაციის მიზეზის შესახებ, ბავშვს „მორალურ“ უფლებას ანიჭებს ანტისოციალური, ამორალური ქცევით მოითხოვოს ყურადღება და სიყვარული, ე.ი. დახმარება, განკურნება.


რადგან ანტისოციალური ტენდენციების ბავშვის თვითდიაგნოსტიკა პრობლემების გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორების ზუსტ იდენტიფიკაციას გულისხმობს და გარემოსაგან ითხოვს შველას, ვინიკოტის აზრით, ამ ბავშვის ფსიქოთერაპევტის ფუნქციაც სწორედ გარემომ, სოციუმმა და არა მხოლოდ ანალიტიკოსმა უნდა იკისროს. თუ ბავშვი გადის ანალიზს, მაშინ ანალიტიკოსი ტრანსფერის ბავშვის ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოზე გადანაწილებას უნდა ცდილობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვინიკოტი ანალიტიკოსებს ურჩევს მორალურად მოემზადნონ შოკისთვის, რომელსაც კანონდამრღვევი ბავშვი თუ მოზარდი ნევროტული სტრუქტურის მქონე ანალიტიკოსს განაცდევინებს.


დანიელ ლაგაში (1903–1972)

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, სფრანგეთის ფსიქოანალიტიკური საზოგადოებისა და შემდგომში საფრანგეთის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფუძემდებელი, ჟაკ ლაკანის ერთ–ერთი თანამებრძოლი, დანიელ ლაგაში ფსიქოანალიტიკური ფსიქოპათოლოგიის ბრწყინვალე წარმომადგენელია. ლაგაშის შრომები ეძღვნება ჰალუცინაციების მეტაფსიქოლოგიურ გაგებას, ფსიქოტურ დეპრესიასა და მელანქოლიას და ა.შ.. ნაშრომი „ფსიქოანალიზი“[22] შეფასებულია, როგორც სიზუსტისა და აკადემიურობის მაგალითი ფსიქოანალიზში. ლაგაშმა ფსიქოანალიზი უნივერსიტეტის ფარგლებში განავითარა, საუნივერსიტეტო საგნად აქცია. სორბონას უნივერსიტეტში ლაგაშმა შექმნა ლაბორატორია, რომელიც სოციალური მოვლენების ფსიქოანალიტიკურ კვლევას ემსახურებოდა. სწორედ ამ კვლევით ცენტრში შეისწავლიდა ლაგაში კრიმინალურ პიროვნებასა და კრიმინალურ ქცევას. ადამიანთან კრიმინოგენეზის საკითხს ლაგაში მრავალ კვლევას უძღვნის. მოცემულ ნაშრომში მხოლოდ მოკლედ განვიხილავთ ლაგაშის ზოგიერთ იდეასა და კლინიკურ მიგნებას კრიმინალის პიროვნებასთან დაკავშირებით. ანჯელო ჰესნერი ნაშრომში „დანაშაულის ფსიქოლოგია“[23] (ლაგაშის მიერ 1950 წელს კრიმინოლოგიის საკითხისადმი მიძღვნილ პარიზის საერთაშორისო კონგრესზე წარდგენილ სტატიას განიხილავს[24].


დანიელ ლაგაში განსხვავებით ვინიკოტისა და კლაინისაგან ზრდასრული კრიმინალის მეტაფსიქოლოგიურ პორტრეტს ქმნის და ფსიქოპათოლოგიისა და კლინიკის ტერმინებში აღწერს მას. თუ ფროიდს აინტერესებს არაცნობიერი კრიმინოგენული ტენდენცია ნევროტიკთან ლაგაშის კვლევის საგანს დანაშაულის რეალური განხორციელების ფსიქოდინამიკა წარმოადგენს.


ლაგაშის აზრით, კრიმინალური ტენდენციების მიზეზი სოციალიზაციისა და იდენტიფიკაციის დარღვევების დონეზე უნდა ვეძიოთ. სოციალიზიაციის პირველი პერიოდი დაკავშირებულია დედასთან, როგორც პირველად ობიექტთან, სხვასთან, მეორე ადამიანთან ურთიერთობის საწყის ფორმასთან. იდენტიფიკაციის დარღვევებში იგულისხმება პირველადი იდენტიფიკაცია და არა ოიდიპალური. ლაგაში საუბრობს დარღვევებზე, რომლებსაც თანამედროვე ფსიქოპათოლოგიაში უწოდებენ ნარცისტულ და იდენტურობის აშლილობებს (Troubles narcissique-identitaires).


კრიმინალის პიროვნების მთავარ ნიშანს წარმოადგენს ეგოცენტრიზმი: კრიმინალს მორალური ბუნების პრობლემაზე მსჯელობა მხოლოდ პირად, ნარცისტულ პოზიციაზე დაყრდნობით შეუძლია. სხვის ადგილზე საკუთარი თავის მოაზრების ფსიქიკურ უნარს არის მოკლებული. კრიმინალის მიზნები, ისევე როგორც სექსუალური ობიექტები ნარცისტული და ნაწილობრივი (ე.ი. პერვერტული) ხასიათის არის. ის მეორე ადამიანისადმი ყოველთვის კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა და მიდრეკილია დაადანაშაულოს სხვა. პასუხისმგებლობისა და ბრალის გრძნობის დეფიციტის გავლენით დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კრიმინალი სასჯელზე რეაგირებს, როგორც უდანაშაულო.

კრიმინალის კლინიკური პორტრეტის მეორე ნიშანია პიროვნული უმწიფრობა, რაც გამოიხატება შემდეგში: კრიმინალს არ აქვს აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების დროში გადავადების უნარი, მაშინაც კი თუ დაკმაყოფილება პირდაპირ კავშირშია სხვათა უფლებებისა და უსაფრთხოების დარღვევასთან ან მოსალოდნელ სასჯელთან. კრიმინალი მსჯელობის, თვითკრიტიკისა და ემოციების კონტროლის შსაძლებლობების უკმარისობას განიცდის. წარსული გამოცდილება (მაგალითად სასჯელი) არ არის კავშირში კრიმინალური აქტების სამომავლო განხორციელების კლებასთან (რეციდივისტი–აკვიატებული განმეორება). სასჯელი, როგორც ფსიქოსოციალური გამოცდილება და იურიდიული აქტი კრიმინალის ფსიქიკურ ცხოვრებაში ადგილს ვერ იმკვიდრებს.


ლაგაში აღწერილ პიროვნულ ნიშნებს ანზოგადებს და მათ განიხილავს კრიმინალის მეორე ადამიანთან ურთიერთობის კონტექსტში. საქმე ეხება სხვებისა და საერთო–კოლექტიური ფასეულობების უარყოფას ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და დომინანტური ტენდენციების სასარგებლოდ. კრიმინალი პრიმიტიული და არქაული მოთხოვნილებების კარნახით მოქმედებს. კრიმიალის გულგრილი დამოკიდებულება საერთო ღირებულებებისადმი არ ნიშნავს იმას, რომ ის არ განციდის წესებისა და აკრძალვების გავლენას, რომელთა მიხედვითაც გეგმავს საკუთარ ქცევას. საქმე ეხება, აკრძალვებისა და წესების პერვერტულ, კრიმინალურ ვერსიას (მაგალითად ქურდული კანონი, მაფია და ა.შ.). ის რასაც უტევს კრიმინალი არის კონკრეტულ სოციუმში აღიარებული აკრძალვებისა და ფასეულობების სისტემა, ხოლო მისი მეს მომწიფების მინიმალური ხარისხი, საკმარის ფსიქიკურ რესურსს ქმნის კანონის კრიმინალური ვერსიის შექმნისთვის.


ლაგაშის აზრით, რადგან კრიმინალი იდენტიფიკაციის პრობლემებს განიცდის, ყოველთვის ეძებს არამყარი იდენტიფიკაციისათვის საყრდენს. კრიმინალი ეძებს ჯგუფს, ბანდას, სადაც კანონსაწინააღმდეგო ტენდენციების ლეგალიზაციას მოახდენს და იდენტიფიკაციას გაიმყარებს[25]. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით დანაშაული საზოგადოებაში თვითდამკვიდრების პათოლოგიურ ფორმას წარმოადგენს[26]. ლაგაში მიიჩნევს, რომ იდენტიფიკაციის დეფიციტის კომპენსაციას კრიმინალთან მისი ჰეროიკული იდენტიფიკაცია ახდენს. კრიმინალი ხშირად გმირთან არის იდენტიფიცირებული.


კრიმინალური აქტის ფსიქიკური დეტერმინაცია ლაგაშის მიხედვით

რაში მდგომარეობს კრიმინალური აქტის ფუნქცია და მნიშვნელობა? ანჯელო ჰესნერი ლაგაშის იდეებზე დაყრდნობით ცდილობს დაადასტრუროს კრიმინალური აქტის უკიდურესად ირაციონალური ბუნება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ლოგიკურ–რაციონალურ ახსნას ვერ პოვებს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კითხვა, რომელსაც ბრალდებულს დამტკიცებული ჩადენილი დანაშაულის შესახებ უსვამენ, სწორედ დანაშაულის მოტივების იდენტიფიკაციას ისახავს მიზნად. ხშირ შემთხვევაში დასახელებული მოტივაციის სიმსუბუქე არაპროპორციულია ჩადენილი დანაშაულის სისასტიკესთან და სიმძიმესთან მიმართებაში. ხშირად აქტი გამოიყურება, როგორც ყოველგვარ მოტივაციას მოკლებული. შესაძლოა დანაშაულის მოტივაციის იდენტიფიცირება, თუმცა ის თუ რას განიცდის ინდივიდი მისი აღსრულების მომენტში „მოტივაციის ფსიქოლოგიის“ ფარგლებს სცდება. დანიელ ლაგაშისათვის რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება ე.წ. პასაჟი აქტისკენ (passage à l’acte). ლაგაშის აზრით, დანაშაული, როგორც ფასეულობათა კონფლიქტის გამოხატულება წარმოადგენს ადამიანური არსებობის განცალკევებულ სტრუქტურას. კრიმინალი მოტივირებულია არაცნობიერი ტენდენციებით, ისევე როგორც ამ ტენდენციების ობიეტი და მიზანიც არის არაცნობიერი: „მეს აქტივობა გაჟღენთილია პარაზიტული, არაცნობიერი მოტივაციებით, ისევე როგორც ნევროტული სიმპტომები და მცდარი ქმედებები“[27] დანიელ ლაგაშისთვის კრიმინალური აქტი არაცნობიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების განსაკუთრებული ფორმა, განსაკუთრებული მანერაა, რომელიც დაკმაყოფილების პროცესის დრამატიზაციას წარმოადგენს და ფსიქიკურ კონფლიქტს გამოხატავს კონკრეტული ქმედების განხორციელების დონეზე. კრიმინალური აქტის მისტიური, ბურუსით მოცული მნიშვნელობა გულისხმობს ყოვლისშემძლეობის განცდის პრიმიტიულ ეგზალტირებულ ფორმას. დესტრუქცია ხდება ფსიქიკური აუცილებლობა. სწორედ ამ მიზეზის გამო ლაგაში თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუ კრიმინალს აუკრძალავენ კონფლიქტის ქმედების დონეზე რეალიზაციას, ან თუ ფიზიკური გარემო მას არ მისცემს ამის შესაძლებლობას, ნარცისტული ყოვლისშემძლეობის ტრიუმფს ცვლის მძიმე დეპრესიული მდგომარეობა, პანიკა ან სტუპორის (stupeur) განცდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება თქვას, რომ ლაგაშისთვის კრიმინალური აქტის მომწიფებისა და განხორციელების ფსიქიკური პროცესის შეჩერება სუბიექტს არ ძალუძს. გამოთქმა „ფსიქიკური აუცილებლობა“ ინდივიდს გამოსავალს არ უტოვებს. დესტრუქცია აუცილებლობისა და თვითგადარჩენის ლოგიკას ექვემდებარება.


ლაგაშის აზრით, კრიმინალი არაცნობიერი წნეხისაგან (დაძაბულობა) თავს იცავს შინაგანი კონფლიქტის გარეგანი აჟიტაციის (en agissant son conflit au dehors) გზით. ე.ი. ფსიქიკური ეკონომიის (ლტოლვითი ბუნების ტენდენციების ინტენსივობა და რაოდენობრივი ასპექტი) შინაგან რეგულაციას (მაგალითად სიმპტომის ან სიზმრის მუშაობის გზით) გარეგანი რეგულაცია ცვლის. ლაგაშის აზრით, კრიმინალს ჰეროიკული იდენტიფიკაცია შინაგანი კონფლიქტის ექსტერნალიზაციისათვის სჭირდება. დანიელ ლაგაშის აზრით, კრიმინალი არ წარმოადგენს ა–მორალურ ადამიანს, ე.ი. ადამიანს მორალის გარეშე. ის კრიმინალურ მორალს უწოდებს არქაულ სინდისს, არქაულ მორალს. არქაული მორალის გავლენით კრიმინალი პიროვნებათა შორის ურთიერთობებს განიცდის, როგორც სადო–მაზოხისტურს; ან თვითონ არის სადიზმის ობიექტი ან სხვა. ლაგაშის არქაული მორალის ცნება ძალიან ახლოს დგას მელანი კლაინი პრიმიტიულ ორალურ–სადისტურ ზე–მესთან.


აგრესია და ნარცისიზმი

დანიელ ლაგაში განიხილავს ფრუსტრაციისა და აგრესიის როლს კრიმინალური ტენდენციების კონტექსტში. საქმე ეხება ფრუსტრაციასა და აგრესიას, რომელსაც ბავშვი განიცდის დედის პირველად ობიექტთან ურთიერთობის დროს ჩვილობის ასაკში. ისევე როგორც მელანი კლაინი და ვინიკოტი, დანიელ ლაგაშიც კრიმინალური ტენდენციების ფესვებს დედის ობიექტთან არქაული ურთიერთობების დონეზე ხედავს. დედისა და ბავშვის პირველადი ურთიერთობები გულისხმობს ყოვლისშემძლე დედას, რომელზეც ბავშვი მთლიანად არის დამოკიდებული და ბავშვის მოთხოვნილებებს, რომლებიც განიცდება, როგორც პარაზიტული. კონფლიქტი იქმნება დედასა და ბავშვს შორის მოთხოვნილებებისა და დაკმაყოფილების (პოზიტიური ან ნეგატიური პასუხის) რეციპროკული ურთიერთობების ფარგლებში. პირველი ადამიანი, რომელიც არის არა მე, რომელიც განასახიერებს პირველ სხვას (Le premier Autre) არის ყოვლისშემძლე დედის ობიექტი, რომელთანაც ბავშვი იდენტიფიცირდება, რათა თავი დააღწიოს სხვაზე აბსოლუტური დამოკიდებულებისა და უსუსურების განცდას. ამ იდენტიფიკაციის საფუძველზე ბავშვთან იქმნება ყოვლისშემძლეობის ნარცისტული ფანტაზმი, რომელიც სწორედ უსუსურების კომპენსაციის ფუნქციას იძენს. დედის ნეგატიური პასუხი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე ბავშვის პირველად ნარცისტულ სტრუქტურასა და ყოვლისშემძლეობის ფანტაზმს საფრთხეს უქმნის, ის კვლავ განიცდის მტკივნეულ დამოკიდებულებას სხვაზე და დედას, რომელიც დროულად ვერ პასუხობს ბავშვის ძახილს დაკმაყოფილებაზე, ნარცისტული მრისხანების ობიექტად აქცევს. პირველადი ნარცისტულ–მაზოხისტური პოზიცია დომინანტური ხდება. ბავშვი იდენტიფიცირდება ყოვლისშემძლე და მაფრუსტრირებელ დედასთან, რომელზეც აგრესიის პროექციას ახდენდა. დესტრუქციული პროექციებით გაჯერებულ ობიექტთან იდენტიფიკაცია ინდივიდს მეორე ადამიანისადმი (ყოვლისშემძლე და მაფრუსტრირებელი დედის შემდგომი რეპრეზენტაციები) სიძულვილით განაწყობს. პირველადი სიტუაცია დედასა და ბავშვს შორის შებრუნებული ხდება: ბავშვი, შემდგომში ზრდასრული, თვითდამკვიდრების მიზნით უარყოფს სხვას, სხვის უფლებებს და ა.შ. მეორე ადამიანის განადგურებამ პრიმორდიალური უსუსურების მდგომარეობაში დაბრუნებისაგან უნდა იხსნას ინდივიდი. სხვაზე დომინირება პირველადი ნარცისტულ–მაზოხისტური პოზიციის შებრუნებული ვარიანტია და მეორე ადამიანზე ტრიუმფსა და მასზე განხორციელებულ სადიზმს გულისხმობს. ინდივიდი მე–იდეალისა და მისი ყოვლისშემძლეობის ფანტაზმის გავლენით მოქმედებს. თვითდამკვიდრება ავტომატურად გულისხმობს მეორე ადამიანის უარყოფას, რასაც კრიმინალი მუქარითა და ძალადობით გამოხატავს. ადამიანი, რომელიც არის მუქარისა და ძალადობის ობიექტი პრეისტორიული ნარცისტული ჭრილობისა და ყოვლისშემძლე ობიექტის რეპრეზენტაციაა, რომელსაც არსებობის უფლება არ აქვს. სადიზმის ინტენსივობის ზრდა, რომელიც ძალადობის ფორმებს იღებს ინდივიდს ე.წ. უმწეობის შფოთვისაგან იცავს. შფოთვის ბუნება პრიმიტიულია და გულისხმობს არქაული, ჩვილობის ასაკისათვის დამახასიათებელი უსუსურების მდგომარეობაში დაბრუნების ავისმომასწავებელ ფანტაზმს[28].


დანიელ ლაგაში საუბრობს ფრუსტრაციის მნიშვნელობაზე, რომლის ფსიქოპათოლოგიაც განსხვავდება ზოგადად მაფრუსტრირებელ გარემოზე ნორმალური ნევროტიკის რეაქციისაგან. ლაგაშის აზრით, ფრუსტრაცია უნდა განიხილებოდეს კრიმინალის პიროვნების პარანოიული სტრუქტურის კონტექსტში (პარანოიული სტრუქტურა ჯერ კიდევ არ ნიშნავს პარანოიას, როგორც ფსიქოზის ერთ–ერთ ფორმას). კრიმინალური პიროვნების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარე, ე.ი. მექანიკური ბუნების ფრუსტრაცია. როდესაც ფრუსტრაციის მიზეზი არის არა სიამოვნების მიღებაზე შინაგანი ნევროტული აკრძალვა, არამედ გარემო და შესაბამისად დედის პირველი ობიექტი. ფრუსტრაცია, რომელიც გარემოდან იღებს სათავეს და ყოველთვის დაკავშირებულია მეორე ადამიანთან, მისგან ქმნის მტრის ხატს. გარე ფრსუქტრაცია ამ შემთხვევაში წარმოადგენს ძლიერად ინვესტირებული სურვილების დაკმაყოფილებაზე უარის მიღების გამოცდილებას, ხოლო უარის სათავე ლაგაშის აზრით ყოველთვის მეორე ადამიანია (ისევე როგორც ჩვილობის ასაკში). კრიმინალი, რომელიც მეორე ადამიანისაგან (ან მისი განზოგადოებული ვერსიისაგან, კოლექტივისგან) ითხოვს პოზიტიურ პასუხს სურვილის დაკმაყოფილების შინაგან იმპერატვივზე, სწორედ ამ თხოვნის ფაქტით ანიჭებს კიდეც ძალაუფლებას სხვას: მეორე ადამიანს შეუძლია მოთხოვნას უპასუხოს პოზიტიურად ან პირიქით, იმედი გაუცრუოს კრიმინალს. ე.ი. მეორე ადამიანი კრიმინალის პარანოიული წარმოსახვის ნაწილი ხდება და ყოვლისშემძლეობის თვისებას იძენს. მოთხოვნა უარის შემთხვევაში ძალადობრივი ხდება, რადგან კრიმინალი პრიმიტიული შფოთვით პასუხობს უარს[29] უარის მთქმელის წარმოსახვითი თუ რეალური რეპრეზენტაცია ყოველთვის გულისხმობს მშობლის პრიმიტიული იმაგოს ანარეკლს. კრიმინალის მიერ უარი განცდილია, როგორც მარცხი, იწვევს უსუსურების განცდას და პერსეკუციის შფოთვას. ე.ი. კრიმინალისა და მსხვერპლის ურთიერთობის პარანოიზაცია ხდება. მსხვერპლი პერსეკუტორის პოზიციას იკავებს და უარით კრიმინალს ფსიქიკური კატასტროფის წინაშე აყენებს. ლაგაშის აზრით, ასეთ შემთხვევაში თვით სურვილი ხდება აგრესიული. სურვილი სიძულვილსა და დესტრუქციულ ტენდენციებს ერწყმის (მაგალითად გაუპატიურება). ლაგაში ხაზს უსვამს, რომ რეალობა რომელსაც სურვილი ეჯახებ, როგორც ბარიერს, არასდროს ასახავს მატერიალური საგნების რეალობას, არასდროს არის ფიზიკური ბუნების[30]. საქმე ეხება ყოველთვის ადამიანთაშორის ურთიერთობებსა და ძალაუფლებას ინტერპერსონალურ კონტექსტში. ლაგაში დარწმუნებულია, რომ ფრუსტრციის წყარო, თუნდაც ის სათავეს იღებდეს წმინდად ფიზიკური გარემოდან (მაგალითად წვიმა), კრიმინალის მიერ მაინც განიცდება, როგორც მეორე ადამიანთან დაკავშირებული. ე.ი. ფრუსტრაციის წყარო ყოველთვის ადამიანია. ფიზიკური, თუნდაც „მეტეოროლოგიური ფრუსტრაციის“ შემთხვევაში კრიმინალი ყოველთვის ეძებს მეორე ადამიანს აგრესიის პროეცირებისათვის. ფრუსტრირებულის კონცეფცია, სხვაზე სამუდამოდ დამოკიდებულის თვითაღქმა, ფიზიკური გარემოსა და ბუნებრივი მოვლენების ანთროპომორფულ ანიმაციას განაპირობებს.


აღწერილი პარანოიული ფანტაზმების გავლენას ნევროტიკიც განიცდის, თუმცა ის განდევნის მათ. განდევნის მექანიზმის მოშლა პარანოიული სტრუქტურის ინდივიდთან დესტრუქციულ პროექციას უხსნის გზას. ნევროტიკთან დესტრუქციული ფანტაზმები შიდაფსიქიკური რეალობის მოდიფიკაციას ახდენენ (აუტოპლასტიკური რეაქცია), ხოლო კრიმინალთან გარემოს შეცვლის, ე.ი. სურვილის დაკმაყოფილების ბარიერების გზიდან ჩამოცილების ტენდენციას შობს (ალოპლასტიკური რეაქცია).




პრობლემის გადაჭრის თეორიული გზა

თერაპია

ფსიქოანალიტიკური თეორია და პრაქტიკა, ანალიტიკური კონცეპტები და ტექნიკა განუყოფელ კავშირშია ერთმანეთთან, ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. თუ განვიხილავთ თეორიულ კონცეპტს ეს იმას ნიშნავს, რომ განვიხილავთ ფსიქოანალიზის ტექნიკურ ასპექტებსაც და პირიქით. ანალიტიკურ კლინიკაზე დაფუძნებული თეორიული შეხედულებები წარმოდგენილია თავში, რომელსაც ქვია „ლიტერატურის მიმოხილვა“ აქ კი მოკლედ აღვწერთ სირთულეებს, რომელსაც ფსიქოანალიზი აწყდება ანტისოციალური ტენდენციების მქონე პაციენტებთან მუშაობის დროს. განვიხილავთ ზოგიერთ ტექნიკურ წესს დანიელ ლაგაშის[31] მიხედვით. კრიმინალური პიროვნებისთვის (la personnalité criminelle) დამახასიათებელი ზოგიერთი კლინიკური ნიშანი ანალიტიკურ მკურნალობას ამ ტიპის პაციენტებთან უკიდურესად ართულებს: სუსტი მე ეგოცენტრიზმისა და უმწიფრობის ნიშნებით, ზე–მეს ანომალიები (არქაული და სადისტური ზე–მე), მეორე ადამიანთან ურთიერთობის სადო–მაზოხისტური ლოგიკა, სადაც ერთი ადამიანი მეორეს აზიანებს და პირიქით, არაგულახდილობა, განკურნების სურვილის არარსებობა, ისევე როგორც დაავადებისა და საკუთარი ფსიქიკური პრობლემების შესახებ თვითცნობიერების არარსებობა, თვითრეფლექსიისა და თვითკრიტიკისადმი ზიზღი, აფექტური გაუწონასწორებლობა, დესტრუქციული ტრანსფერი და ა.შ. წარმოადგენს კლინიკურ მიზეზებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ცვლის კლასიკური ფსიქოანალიტიკური ტექნიკისა და ინტერვენციისათვის დამახასიათებელ ფორმას ამ ტიპის პაციენტებთან მუშაობის დროს. დანიელ ლაგაში საუბრობს პოზიტიური ურთიერთობების დამყარების პრეანალიტიკურ ეტაპზე. იგულისხმება ანალიტიკოსის პირველი შეხვედრა პაციენტთან და რამოდენიმე სეანსი პირისპირ. ანალიტიკოსი პირველი ფაზის განმავლობაში ნეიტრალურ ობიექტს არ უნდა წარმოადგენდეს, რომელიც მხოლოდ უსმენს. მაგალითად, ის უნდა განასახიერებდეს ყოვლისშემძლე და კეთილგანწყობილ არსებას: ხშირ შემთხვევაში ანტისოციალური ქცევის მქონე ინდივიდმა ბავშვობაში განიცადა დამღუპველი გამოცდილება ისეთ ფსიქო–სოციალურ სიტუაციაში, სადაც ის ელოდა დახმარებასა და მხარდაჭერას მეორე ადამიანისაგან, რომელსაც ის ანიჭებდა ყოვლისშემძლეობის თვისებას; განვითარების შემდგომ სტადიებზე მისი მე მერყეობდა ყოვლისშემძლეობის განცდასა და უსუსურების, აგრეთვე არასრულფასოვნების განცდას შორის; ბავშვი მადლიერების პათოლოგიური გრძნობით არის განწყობილი დაუნდობელი გარემოსადმი, რომელიც მას მოცემულ მომენტში ემუქრება განადგურებით და მასში პანიკური შფოთვის მობილიზაციას ახდენს. პანიკას ბავშვი ხელიდან აგრესიული ქცევით უსხლტება, ფსიქიკური კატასტროფისგან აგრესიით იცავს თავს. ანალიტიკური სივრცე, სადაც მატრავმირებელი გამიცდილების განმეორება დაუშვებელია და აღკვეთილი, პაციენტს არწმუნებს ფსიქოანალიტიკოსის კეთილგანწყობაში და ყოვლისშემძლეობაში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ნარცსიტული ყოვლისშემძლეობის განცდის ანალიტიკოსზე პროექციის, რის განხორციელების შესაძლებლობაც მშობლებისა და ავტორიტეტების ობიექტებზე მას არ მისცემია. ანალიტიკოსის თავშეკავება და გულგრილობა პაციენტის სადო–მაზოხისტური მიდრეკილებების ფრუსტრაციას უნდა ახდენდეს. უარს უნდა ეუბნებოდეს მას დაკმაყოფილების ძალადობრივ ფორმებზე, ე.ი. საკუთარ თავს არ უნდა სთავაზობდეს პაციენტის სადიზმს, ისევე როგორც მისი მაზოხიზმი არ უნდა დააკმაყოფილოს აგრესიული „ინტერპრეტაციებით“. რეზულტატი, რომელსაც ანალიტიკოსი პირველი ფაზისაგან პოზიტიური ტრანსფერის სასარგებლოდ ელის არის აგერსიულობის შფოთვით ჩანაცვლება. ე.ი. შფოთვა წარმოადგენს აუცილებელ მოკავშირეს ანალიტიკოსისთვის. შფოთვა ფსიქიკის ნევროტიზაციას ახდენს და აგრესია კლებულობს. პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ, პაციენტი მზად არის დაიწყოს რეგულარული ფსიქოანალაიზი ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. პაციენტი იგზავნება ხანგრძლივი ანალიზისათვის მეორე ანალიტიკოსთან, რომელიც ითვალისწინებს გამოგზავნილი პაციენტის დაკმაყოფილების გამოცდილებას პირველ ანალიტიკოსთან და რთულ პირობებში აგრძელებს მასთან მუშაობას ფსიქოანალიზის ფუნდამენტური წესების დაცვით.


პრობლემისპრაქტიკული გადაჭრისგზა

პრევენცია

ანტისოციალური ტენდნეციების პირველადი ნიშნების იდენტიფიცირება პრევენციის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, რათა ამ ტენდენციებმა ჩამოყალიბებული ფსიქოპათიის სახე არ მიიღოს. ანტისოციალური ტენდნეციების მქონე ინდივიდი, როგორც ფსიქიკურ, ასევე იურიდიულ და ინსტიტუციონალურ ფაზებს გაივლის. ანტისოციალური ტენდენციის პირველი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვი ან ანალიტიკოსის პაციენტი ხდება, ან მშობლები აკითხავენ მედიკო–ფსიქოლოგიურ ცენტრს, პრევენციული მიზნების მქონე დაწესებულებებს და ა.შ. მეორე ფაზა ჩამოყალიბებულ ანტისოციალურ ქცევებს გულისხმობს და ასეთ შემთხვევაში სკოლა იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მკურნალობის შესახებ და ბავშვი აკითხავს პედოფსიქიატრს, მეტ–ნაკლებად მკაცრი შინაგანაწესის მქონე აღმზრდელობით დაწესებულებას და ა.შ. მესამე ფაზას მოზარდობის ან ზრდასრულობის ასაკში წარმოადგენს ფსიქოპათია და კრიმინალური, კანონსაწინააღმდეგო ქცევის ფორმირება. ასეთ შემთხვევაში კარი, რომელიც ამ ინდივიდისთვის იღება არის არა ანალიტიკოსის კაბინეტის ან მედიკო–ფსიქოლოგიური ცენტრის, არამედ ციხის. საზოგადოება, რომელიც ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვს უწოდებს აგრესიულს, აღუზრდელს, საშიშს და არ გააჩნია რესურსი შესთავაზოს მას ადგილი, ცენტრი, უფასო ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ უმოკლებს მას ციხეში მისასვლელ გზას, მაშინ როდესაც დასავლეთში ეს გზა, როგორც ზემოთ აღვწერეთ ძალიან გრძელია და ჩახერგილი ათასგვარი პრევენციული თუ სამკურნალო ზომებით. კანონსაწინააღმდეგო ქცევა უნდა ისჯებოდეს, თუმცა სასჯელი უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას, მას შემდეგ რაც სხვა მეთოდებმა მარცხი განიცადეს. თბილისის საჯარო სკოლებში გახშირებული ძალადობა მოზარდთა შორის წარმოადგენს საზოგადოების ნამდვილ სიმპტომს, რომლის უკანაც ცხადია დაავადება დგას. ამ დაავადების ეტიოლოგია სავარაუდოდ იმდენად კომპლექსური ბუნების არის, რომ მოითხოვს არა ერთ, არამედ რამოდენიმე მულტიდისციპლინარულ კვლევას. მკვლევარს პრევენცია, როგორც თვითმიზანი პრობლემის რეალური მიზეზების იდენტიფიცირებაში არ უნდა უშლიდეს ხელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის საზოგადოებრივ დისკურსს უნდა გაემიჯნოს და მოუსმინოს კრიმინალს ან ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვს, მის მშობლებს, სანათესაოს, გაიგოს რაც შეიძლება მეტი მისი ცხოვრებისა და მატრავმირებელი გამოცდილების შესახებ, მისი მშობლების ცხოვრების შესახებ, ოჯახის სტრუქტურის შესახებ და ა.შ. აგრესიასა და ანტისოციალურ ქცევას შორის სტატისტიკური კორლაციის დადგენა სტანდარტული ტესტებით ითვალისწინებს არა ამ ქცევის მქონე ბავშვის ინტერესებს, არამედ სოციალური დეზორგანიზატორების მართვისა და დროული იდენტიფიკაციის სოციო–პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ნაცვლად სიყვარულისა, რომლის მომაკვდინებელ დეფიციტსაც განიცდის, გარემოსაგან აღმზრდელობითი ზომებით შენიღბულ დასჯასა და აგრესიას იღებს, აგრესიას, რომელსაც ცხადია თვითონ აღძრავს სხვაში. კრიმინალი და აგრესიული ქცევით გამორჩეული ბავშვი საზოგადოებას, სკოლას, დედ–მამას ნარცისტულ ჭრილობას აყენებს და საპასუხო აგრესიის ობიექტი ხდება. რას სთავაზობს ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვს დღეს საზოგადოება, სახელმწიფო, საგანმანათლებლო სისტემა? გარადა მანდატურის ფიგურისა, რომელიც არის მკაცრი ზე–მეს რეპრეზენტაცია, სთავაზობს თუ არა საზოგადოება ბავშვს ვინიკოტისეულ დედის მკლავებს, რომელმაც უნდა ატაროს ის? საინტერესოა ვის მკლავებში იმყოფება თანამედროვე საქართველოში ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვი, ვის უჭირავს ის? თუ არავის და ენარცხება ძირს, როგორც ნარცისტული დედის კოშმარში ჩვილი ბავშვი? მორალური სადიზმი არ არის ანტისოციალური ქცევა, თუმცა ხშირად გამოიყენება ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვის „მოსარჯულებლად“. ფსიქიკური (წმინდად კლინიკური), სოციოლოგიური და სხვა ტიპის პრობლემების მორალიზაცია, მათი კარგისა და ცუდის ტერმინებში განხილვა ამცირებს ბავშვებთან და მოაზრდებთან დაკავშირებული პრობლემების რეალური მიზეზების გაგების შანსს. მკვლევარის დამოუკიდებლობის ხარისხი სოციო–პოლიტიკური დისკურსისაგან აუცილებელი პირობაა ისეთი ენიგმატიკური ფენომენის გასაგებად, როგორიც არის მკვლელობა სკოლაში, ოჯახის წევრის მკვლელობა სოფლებში, რეგიონებში და ა.შ. ანტისოციალური ტნდენციების მქონე ბავშვი, მოზარდი ან ფორმირებული კრიმინალი წარმოადგენს პარაზიტს საზოგადოების სხეულზე, რომლისგანაც საზოგადოება არანაკლებ ძალადობრივი ფორმით თავისუფლდება. დემოკრატიული, დასავლური ტიპის საზოგადოების იდეალი ჩვენს ქვეყანაში ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვისთვის ადგილს არ ტოვებს (იდელი არ ტოვებს ადგილს და არა დამყარებული დემოკრატია). ევროპული და ცივილიზებული ქვეყნის იდეალი გამორიცხავს ყველა ელემენტს სოციო–კულტურული რეალობიდან, რომელიც ამ იდეალის მდგრადობასა და სიცოცხლის უნარიანობას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს. ერთ–ერთ ასეთ ელემენტს წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვი ან მოზარდი სკოლაში. ამიტომ იტყვიან ხოლმე: „გაირიცხა სკოლიდან“, ე.ი. საზოგადოებიდან. ფსიქოლოგს, თუ ის პრევენციაზე ფიქრობს და თუ მან ყური მოკრა ფრაზას „გაირიცხა სკოლიდან“, მხოლოდ ერთადერთი კითხვა უნდა უჩნდებოდეს: „იქამდე ვიდრე მოსწავლე სკოლიდან გაირიცხებოდა რა ზომებს მიმართა სკოლის დირექციამ. რა ტიპის უფასო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ქონდა ბავშვს ან მოზარდს სკოლიდან გარიცხავმდე? (ცხადია არ იგულისხმება თბილისის ცენტრში განთავსებული ერთი–ორი სკოლა, რომლის ერთი–ორი დირექტორი საზოგადოების ცნობადი სახე შეიძლება იყოს). საინტერესოა ის თუ როგორ პასუხობს საზოგადოება ბავშვის ან მოზარდის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომელსაც ვინიკოტის აზრით, გზავნილის ფუნქცია აქვს. დასჯა დანაშაულის განმეორების მიზეზი ხდება და დესტრუქციული წერბრუნვის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა ბავშვის მიერ განხორციელოებული აქტის ფსიქიკური მნიშვნელობის გაგებით არის შესაძლებელი. პასუხი უნდა იყოს ტოლერანტული და ლიბიდინალურად ინვესტირებული. დასჯა, როგორც პასუხი, თუნდაც ამ სიტყვის ბიჰევიორისტული გაგებით, შეუძლებელია გულისხმობდეს სიყვარულის ელემენტებს, რომლის დეფიციტსაც ინდივიდი განიცდის. როგორია ფსიქოლოგთა პოზიცია საქართველოში ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვების მიმართ? ეს პოზიცია ერთი წინადადებით შეიძლება აღიწეროს: „თუ კარგად იქცევა წავახალისოდ, თუ ცუდად იქცევა დავსაჯოთ, ზოგი ქცევა განვამტკიცოთ, ზოგიც მოვსპოთ. მაგრამ რა უნდა მოვსპოთ? ის რაც შინაგანი შეუძლებლობისა და ფსიქიკური კატასტროფისაგან თავის დაღწევის გზას წარმოადგენს. არც დასჯა და არც წახალისება არ უსვამს ბავშვს კითხვას ტანჯვის შესახებ, რომელსაც ის შეიძლება განიცდიდეს. მხოლოდ მშობლების გულს ახარებს დასჯა–წახალისებით განმტკიცებული სამაგალითო ქცევით, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა უპასუხოს ყოვლისშემძლე ქართველი დედის იდეალს და ამით მოუშუშოს მშობლებს ნარცისტული ჭრილობა, მიყენებული ანტისოციალური ქცევის მქონე შვილის მიერ, რომელიც ამ მშობლებს „თავს ჭრის“ ავტობუსში, სტუმრად თუ სკოლაში, ზუსტად ისე, როგორც მელანი კლაინის 5 წლის პაციენტი, პატარა პიტერი აგლეჯს თავს თოჯინას (მშობლების რეპრეზენტაციას), ხოლო სხეული ყასაბთან მიაქვს გასაყიდად.


ძალიან მოკლედ აღვწერ ფრანგულ სისტემას, რომელიც ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვის ან მოზარდის სოციალიზაციაზე ზრუნავს:

სკოლაში სკოლის მასწავლებელი, სკოლის ფსიქოლოგი ან სკოლის ექიმი ამჩნევს, რომ ბავშვს აქვს ოჯახური პრობლემები. ოჯახი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალურ სოციალიზაციას. სკოლის დირექცია ადგენს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბავშვის ფსიქიკური და სოციალური (ოჯახური) სიტუაცია წარმოადგენს დელიქვენტური ქცევის ჩამოყალიბების ნამდვილ რისკს. სკოლა აგზავნის შედგენილ დსოსიეს შესაბამის ინსტიტუციებში, რომელთა ფუნქციასაც ბავშვის სოციო–ფსიქიკურ ცხოვრებაზე ზრუნვა წარმოადგენს. ამ აქტს უწოდებენ შეტყობინებას, სკოლა ატყობინებს დაწესებულებებს ბავშვის ვინაობისა და პრობლემების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ სკოლა ეჭვობს, რომ ეს პრობლემები მართლაც არსებობს. ხშირად საჭირო ხდება მოსამართლის საქმის კურსში ჩაყენება, ე.ი. ერთ –ერთი შეტყობინება მოსამართლესაც ეგზავნება, სადაც აღწერილია ბავშვის ოჯახური მდგომარეობა. მოსამართლე რამოდენიმე გზას ერთდროულად სთავაზობს სკოლას და იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ტიპის დაწესებულებასა და ინსტიტუციაში უნდა გაიგზავნოს ბავშვი, რომელმაც მისი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. მოსამართლე მიმართავს ე.წ. ბავშვთა სოციალური დახმარების ასოციაციას (aide social à l’enfant, l’ASE) ან დაწესებულებას, რომელსაც ქვია: აღმზრდელობითი ზომები ბუნებრივ გარემოში (action éducative en milieu ouvert, AEMO), რომელიც აღმზრდელ–ფსიქოლოგს (ფსიქოლოგ–პედაგოგს) ავალდებულებს რეგულარულად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშაოს ბავშვთან სახლში. ასოციაციის წარმომადგენელი მოსამართლის დავალებით ბავშვს აკითხავს სახლში. მესამე ინსტანცია, რომელსაც შეიძლება მიმართოს მოსამართლემ ბავშვზე ზრუნვისა და პროტექციის მიზნით, არის მედიკო–ფსიქოლოგიური ცენტრი (centre medico-psychologique CMP). თითოეულ კვარტალს, რაიონულ ცენტრს თუ უბანს ემსახურება ერთი ან რამოდენიმე მედიკო–ფსიქოლოგიური ცენტრი. ცენტრის ფარგლებში ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ ფსიქოანალიტიკოსები, ფსიქიატრები, სპეციალიზირებული ექთნები, აღმზრდელები და სპეციალური მომზადების მქონე სკოლის მასწავლებლები. სკოლის მასწავლებელი და მედიკო–ფსიქოლოგიური ცენტრის პედაგოგი თანამშრომლობენ და მოქმედებენ ერთმანეთთან შეთანხმებით. ფსიქოანალიტიკოსი დამოუკიდებელია თავის აქტივობაში და ურთიერთობს მხოლოდ ბავშვთან და მის მშობელთან, უგზავნის წერილს სკოლას, პედაგოგს, ფსიქიატრს და ა.შ. აღმზრდელი სკოლაშიც დაყვება ბავშვს და სახლშიც. მედოკო–ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომლები კვირაში 4–ჯერ დილით იკრიბებიან შეხვედრების ოთახში და განიხილავენ თითოეული ბავშვის პრობლემებს, პროგრესსა თუ რეგრესს, საუბრობენ ახალ პაციენტებზე. ფსიქოანალიტიკოსი, ექთანი, ფსიქიატრი, აღმზრდელი და სკოლის სპეციალიზირებული მასწავლებელი ერთად მსჯელობენ ჯგუფში იმის შესახებ თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა კონკრეტულ ბავშვთან. თუ ბავშვი ცენტრში არ მოდის მუშობელს ურეკავენ და ეკითხებიან გაცდენის მიზეზს, ან აღმზრდელი მიდის ბავშვთან ოჯახში და ცდილობს მშობელი დაარწმუნოს მკურნალობის აუცილებლობაში. გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებისა მუშაობს სხვადასხვა ტიპის ჯგუფებიც, რომლებსაც შეიძლება ერქვას „ჯგუფი დედა–ბავშვი“, „ფსიქოზით დაავადებულ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფი“ და ა.შ. ჯგუფის მუშაობის შესახებ ჯგუფის ფსიქოანალიტიკოსი წარუდგენს ანგარიშს ინდივიდუალურ ფსიქოანალიტიკოსს და ცენტრის სხვა თანამშრომლებს.


მოსამართლეს ხშირად უწევს ბავშვისა და მშობლის სეპარაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, იმ შემთხვევაში თუ მშობლები ნარკოდამოკიდებული ინდივიდებია არიან, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლია და ა.შ. სასამართლო საკუთარ თავზე იღებს ბავშვისთვის ე.წ. მიმღები ოჯახის გამოძებნას, რომელიც მიიღებს ბავშვს, იზრუნებს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ უსაფრთხოებაზე და ანგარიშვალდებული იქნება ჩამოთვლილ ინსტიტუციებთან. ბავშვი მიმღებ ოჯახში იქამდე რჩება ვიდრე მოსამართლე არ დარწმუნდება, რომ ბავშვის მშობლების ფსიქიკური მდგომარეობა მეტ–ნაკლებად გამოსწორებულია. ასეთ შემთხვევაში ბვშვი უბრუნდება საკუთარ ოჯახს. თუ ბავშვს ოჯახური და სოციალური პრობლემების გარდა ფსიქიკური პრობლემებიც აქვს, ასეთ შემთხვევაში როგორც წესი, მოსამართლე მას მედიკო–ფსიქოლოგიურ ცენტრში აგზავნის. გადაწყვეტილებებს მოსამართლე მშობლების თანხმობის გარეშე არ იღებს, მშობლები ამ პროცესების აქტიურ მონაწილეებს წარმოადგენენ (გარდა ზოგიერთი მძიმე შემთხვევისა, როდესაც მშობლების სამართლებრივი პასუხიისმგებლობის საკითხი დგას). მოსამართლე გადაწყვეტილებებს ფსიქოლოგების, აღმზრდელებისა და სკოლის მასწავლებლების მიერ მომზადებული დოსიეების საფუძველზე იღებს. თუ საქმე ეხება მოზარდს, რომელიც სწავლობს კოლეჯში, მის ფსიქო–სოციალურ ცხოვრებაზე ზრუნავენ მასწავლებლები, კოლეჯის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და სასკოლო ექიმები. თითოეულ მათგანს აქვს უფლება იმუშაოს ბავშვებთან და მის ოჯახის წევრებთან თუ საქმე ეხება მსუბუქ შემთხვევას. თუ მოზარდის ფსიქო–სოციალური მდგომარეობა მძიმეა, ისინიც ისევე როგორც სკოლის თანამშრომლები ადგენენ დოსიეს და უგზავნიან შეტყობინებებს სხვადასხვა ინსტანციას. გარდა ამისა, საფრანგეთში არსებობს სტრუქტურა, ახალგაზრდების იურიდიული პროტექცია (protection juridique des jeunes, PJJ), რომელიც ფსიქო–სოციალური პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სპორტული, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებით არის დაკავებული. ახალგაზრდების იურიდიული პროტექცია თანამშრომლობს მოსამართლეებთან და მედიკო–ფსიქოლოგიურ ცენტრებთან. ბავშვი ან მოზარდი დახურული ტიპის ინტერნატში იმ შემთხვევაში იგზავნება თუ კანონსაწინააღმდეგო ქცევა განმეორებად სახეს იღებს.


მწვანე სახლი, რომელიც სწორედ პრევენციული დაწესებულებაა და ემსახურება ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს, თბილისში ფრანგი ფსიქოანალიტიკოსების დახმარებით დაარსდა და დღემდე აგრძელებს სხვადასხვა აშლილობების მქონე ბავშვებთან მუშაობას. რამოდენიმე თვის წინ, მწვანე სახლს მიმართა ბათუმში მაცხოვრებმა ოჯახმა. მშობლებმა მოიყვანეს ბავშვი, რომელიც ნამდვილად საჭიროებდა ხანგრძლივ და კომპლექსურ ფსიქიკურ მკურნალობას. დედა მზად იყო მიეტოვებინა ბათუმში სამსახური, დაექირავა თბილისში ბინა და ორი თვის განმავლობაში მაინც ეტარებინა ბავშვი მწვანე სახლში ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებზე. სეანსები ორი თვის განმავლობაში სამსახურის დაკარგვის ფასად. ჩვენ ვთხოვეთ მშობელს თავად მიეღო გადაწყვეტილება, რადგან ვითვალისწინებდით ფსიქოთერაპიის ხანგრძლივობას ბავშვებთან, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში ორ თვეზე მეტ ხანს გრძელდება. კითხვაზე, თუ რა არის საჭირო პრევენციისთვის ერთადერთ პასუხს წარმოადგენს––ადგილი პრევენციისთვის. ადგილი, დაწესებულება, რომელიც უფასოდ მოემსახურება ბავშვებსა და მათ მშობლებს ნომერ პირველი პირობაა პრევენციისთვის. საქართველოს თითოეულ რაიონში უნდა ფუნქციონირებდეს თუნდაც ერთი მედიკო–ფსიქოლოგიური ცენტრი ან ინსტიტუცია, რომალიც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური პრობლემებით დაკავდება, აგრეთვე ფსიქიატრიული კლინიკები და კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტთა კაბინეტები მოზრდილთათვის. „ექიმი სოფელს“ პოლიტიკური დისკურსის ნაწილია, ხოლო ერთი პედოფსიქიატრი რაიონს ანტისოციალური ქცევის პრევენციისათვის აუცილებელი პირობა.

დასკვნა

ფსიქოანალიტიკური თეორიები დანაშაულისა და ანტისოციალური ტენდენციების შესახებ ორ ძირითად ღერძზეა სტრუქტურირებული, ბრალის გრძნობასა და ნარცისიზმზე. ერთის მხრივ, დამნაშავე ბრალის გრძნობის გავლენით არღვევს კანონს, ანტისოციალურ ქცევას ბრალის გრძნობა უსწრებს წინ და ხდება ამ ქცევის მთავარი ფსიქიკური დეტერმინატი, ხოლო მეორეს მხრივ, ნარცისიზმი ბრალის გრძნობის ანტონიმს წარმოადგენს და კრიმინალის ფიგურისაგან ქმნის სუბიექტს, რომელიც ტრიუმფალურ გამარჯვებას ზეიმობს ბრალის გრძნობასა და კანონზე . დამნაშავის ნარცისტული ფიგურა საზოგადოების ფანტაზმატიკური ცხოვრების ინვესტიციის ობიექტია, რადგან თვითკმარია თავისი ბუნებით და ანხორციელებს ნევროტიკის განდევნილ სურვილს. კრიმინალის ნარცისტული ფიგურა ხშირად იდეალიზაციის ობიექტია, რადგან კრიმინალი ყველაფერს რაც მის მეგალომანიურ თვითშეფასებას შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს თავიდან იცილებს, საკუთარი თავისგან ქმნის გმირს, რომელიც ბრალის გრძნობას ამარცხებს. როდესაც მე–ლიბიდო პროეცირდება ობიქტზე, იღვრება ობიექტზე (დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მსხვერპლზე) ბრალის გრძნობისთვის ადგილი აღარ რჩება, დანაშაულის განხორციელების აქტი კი ვენებისა და „კრიმინალური ბედნიერების“ განცდას შობს[32] სიყვარულის პათოლოგიური მდგომარეობა, როგორც უკიდურესად ნარცისტული მდგომარეობა ხშირად შეყვარებულის მკვლელობით ან თვითმკვლელობით მთავრდება. აქაც სწორედ შეყვარებულის (ნარცისტული ობიექტი) მხრიდან უარის შემთხვევაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლაგაშის აგრესია–ფრუსტრაციის თეორიას მსხვერპლისა და დამნაშავის ურთიერთობის პარანოიზაციის კონტექსტში.


ფსიქოანალიზის მეორე ძირითადი იდეა ანტისოციალური ტენდენციებისა თუ დანაშაულის შესახებ დაფუძნებულია ფუნდამენტურ განსხვავებაზე, რომელიც ფანტაზმსა და აქტს, ფსიქიკურ რეალობასა და მის მატერიალიზებულ, ქცევით ვერსიას შორის არსებობს. ნევროტიკი არის აკრძალული სურვილის სუბიექტი. განდევნილი სურვილი, ისევე როგორც არაცნობიერი დესტრუქციული ბუნების ტენდენციები ქმნის ფანტაზმს, სიზმარს, მცდარ ქმედებებს ან სიმპტომს. კომპრომისული ფსიქიკური ფორმაციების ანალიზი ნევროტიკთან მამის მკვლელობის, როგორც განდევნილი სურვილის არსებობას ადასტურებს. ნევროტიკთან მკვლელობის ფანტაზმის ფუქნციას, სწორედ მისი რეალურად განხორციელების აღკვეთა წარმოადგენს, მაშინ როდესაც ნარცისტული ტიპის კრიმინალი არაცნობიერ დესტრუქციულ ტენდენციასა და რეალობას შორის გამაშუალებელ ფანტაზმს ვერ ქმნის, შედეგად ტენდენცია ფსიქიკურის სფეროს არღვევს და ვლინდება განხორციელებული აქტის დონეზე. ე.ი. კრიმინალი ოიდიპოსის კომპლექსის მიღმა მოქმედებს, შესაბამისად თავისუფალია ბრალის გრძნობისა და აკრძალვისაგან, ისევე როგორც ნევროტული შფოთვისაგან სასჯელთან და კასტრაციასთან დაკავშირებით. კრიმინალის ნარცისტული ფიგურა არაკასტრირებადია, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე პერვერტს ეხება. ნევროტიკი წარმოადგენს სუბიექტს, რომელმაც კასტრაციის მტკივნეული ოპერაცია წარმატებით გაიარა, მაშინ როდესაც კრიმინალი კასტრაციას ხელიდან დაუსხლტა და ნაცვლად შინაგანი კანონისა, იურიდიული კანონის წინაშე აგებს პასუხს. ფანტაზმი მამის მკვლელობის შესახებ ზოგავს რეალურ მამას, მისი უსაფრთხოების გარანტიაა, მაშინ როდესაც ამ ფანტაზმის სტრუქტურის რღვევა დესტრქუციული ტენდენციების გარეთ გადმოღვრის საფრთხეს შობს და შესაბამისად ნამდვილი მამის (ამ სიტყვის ზოგადი გაგებით) უსაფრთხოებასაც აყენებს ეჭვ–ქვეშ, ე.ი. დამნაშავე კაცს კლავს, მაშინ როდესაც ნევროტიკი ხედავს სიზმარს, სადაც მას ასამართლებენ ჩადენილი დანაშაულის გამო. ის რაც ნევროტიკთან სიზმრისა და ფანტაზმის ქვაბში იხარშება, კრიმინალთან განხორციელებული აქტის დონეზე სრულიად უმი სახით ავლენს თავს.


კრიმინალური აქტის განხორციელების დროს სუბიექტი და მისი ქმედება, სუბიექტი და აქტი განიცდის გახლეჩას. ნევროტიკი ჩადენილი დანაშაულის სუბიექტია, აღიარებს დანაშაულს, ხშირად საკუთარ თავზე იღებს არჩადენილს, მზად არის მოინანიოს თუნდაც უმცირესი შეცდომა ჩადენილი მოყვასის წინაშე, რომელიც შეიძლება სძულდეს. მაშინ როდესაც ფსიქოპათი, კრიმინალი–პერვერტი, კრიმინალი–პარანოიკი ანხორციელებს დანაშაულს ხელით, რომელიც მისი აღსრულების მომენტში მას არ ეკუთვნის. „ხელი“ რომელიც სჩადის დანაშაულს არ წარმოადგენს კრიმინალის სხეულისა და პიროვნების ნაწილს და მოქმედებს მისგან დამოუკიდებლად. ე.ი. არაცნობიერი დესტრუქცია, სიძულვილი პირდაპირ კავშირს ამყარებს სხეულთან როგორც დანაშაულის აღსრულების ინსტრუმენტთან სუბიექტის, მეს, პიროვნების ცენტრის გვერდის ავლით და მისგან ქმნის დესტრუქციულ მანქანას, რომლის შეჩერება მსხვერპლის განწირულ ხვეწნა–მუდარას არ შეუძლია. ბრალის პრიმიტიული გრძნობა კრიმინალთან პროეცირებულია გარეთ, ხოლო ჩადენილი დანაშაული ამ შემთხვევაშიც ბრალის გრძნობის შედეგს წარმოადგენს, რომლის შიდაფსიქიკური რეგულაცია მარცხს განიცდის, შესაბამისად დამნაშავეა არა კრიმინალი, არამედ სხვა, მსხვერპლი. ფსიქოტიკთან დანაშაული ბოდვის აქტის დონეზე რეალიზაციაა. ნევროტიკთან კრიმინალური აქტი მძიმე ბრალის გრძნობით ფანტაზმისა და სიმბოლიზაციის მექანიზმების წუთიერი პარალიზების შედეგი, ე.ი. ნევროტიკთან კრიმინალური აქტი მცდარი ქმედების დრამატულ ფორმას წარმოადგენს. პერვერტისთვის დანაშაულის ჩადენა რეალობისა და კასტრაციის უარყოფის საუკეთესო შესაძლებლობაა. დანაშაულის ჩადენის სურვილი ნევროტიკთან ქმნის ფანტაზმს, ფსიქოტიკთან ბოდვით კონსტრუქტს (რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს დანაშაულს, მაგალითად პარანოიის შემთხვევაში), ხოლო კრიმინალთან ნამდვილ აქტს.


მელანი კლაინი, ისევე როგორც ვინიკოტი ანტისოციალური ტენდენციების სათავეს ბავშვის დედის პირველად ობიექტთან ურთიერთობის დონეზე ხედავს. კლაინისთვის მნიშვნელოვანია დესტრუქციული, ორალურ–სადისტური ტენდენციებით გაჯერებული პრიმიტიული ზე–მეს პათოგენური აქტივობა, ვინიკოტისთვის სიყვარულის დეფიციტი რეალური დედის მხრიდან.


კრიმინალური აქტი, ანტისოციალური ქცევა სიკვდილისა და სიცოცხლის ლტოლვის სახიფათო გახლეჩაზე მიუთითებს. სიკვდილის ლტოლვა ლიბიდინალურ ტენდენციებს წყდება და სუფთა სახით ავლენს თავს არა სადიზმის, არამედ სისასტიკის დეზეროტიზირებულ ფორმებში. ანალიტიკოსები საუბრობენ კრიმინალის მაზოხიზმზეც, რომელიც ნარცისტულად იდენტიფიცირდება მსხვერპლთან ან ჩადენილი დანაშაულის შეგნებულად აღიარების შემთხვევაში სასჯელს უვლენს საკუთარ თავს. კრიმინალი გამოირჩევა უსაზღვრო ეგოიზმით და დესტრუქციული ტენდენციებით. კრიმინალური აქტის აღსრულების დროს ადგილი აქვს ეროსისა და თანატოსის გახლეჩას, ეროსი კრიმინალის მეს ინვსტირებას ახდენს, რაც მისგან ქმნის ეგოისტ ნარცისს, ხოლო თანატოსი ქცევის, აქტის ინვესტირებას, რაც მისგან ქმნის საშიშ დამნაშავეს.


ბიბლიოგრაფია

Sigmund Freud, les criminels par le sentiment de culpabilité (1916), in. Essais de psychanalyse appliquée Gallimard 1973

Donald W. Winnicott, la tendance antisociale (1956), in. de la pédiatrie à la psychanalyse 1969 Payot

Melanie Klein, Les tendances criminelles chez les enfants normaux(1927), in.Essais de psychanalyse payot 2005

Melanie Klein, La criminalité (1934) ,in.Essais de psychanalyse payot 2005

Melanie Klein, Le complexe d’oedipe, Payot 2006 Paris

Melanie Klein, Deuil et dépression, Payot 2004

Sandor Ferenczi, psychanalyse et criminologie (1928), in. Psychanalyse IV OEures complètes Payot 1982

Gérard Bonnet, La perversion. Se venger pour survivre, PUF 2008

Daniel lagache, Le psychanalyse, PUF 1964

J. Lacan, introduction théorique aux fonctions de la psychanalyse en criminologie, in.Ecrits I Edition du seuil 1999

Angelo Hesnard, psychologie du crime, ED. Claude Tchou Paris 2003

Dianne Casoni. Louis Brunet, La psychocriminologie. Apports psychanalystique et application clinique , ED. La presses de L’Université de montréal 2009

Paul-Laurant-Assoun, l’inconscient du crime. la criminologie freudienne. In. Recherche en psychanalyse. Le crime. ED. L’Esprit du temps 2004

Sophie de Mijolla-Mellor, le crime d’amour-propre, In. Recherche en psychanalyse. Le crime. ED. L’Esprit du temps 2004

Markos zafiropoulos, Le crime chez le jeune Lacan. Petit note d’archéologie psychanalytique ,In. Recherche en psychanalyse. Le crime. ED. L’Esprit du temps 2004

Claude Balier, Psychanalyse des comportements violents, Paris, PUF, 1988


[1] Paul-Laurant-Assoun, l’inconscient du crime. la criminologie freudienne. In. Recherche en psychanalyse. Le crime. ED. L’Esprit du temps 2004 [2] Theodor Reik Le besoin d'avouer 1997, Payot [3] Angelo Hesnard 1886-1969) (Angelo Hesnard, psychologie du crime, ED. Claude Tchou Paris 2003 [4] ფსიქოანალიზში არსებობს ტერმინი პასაჟი აქტისკენ (passage à l’acte); რომელიც განსახვავდება Acting out-ისგან, ეს უკანასკნელი მიმართულია სხვაზე და წარმოადგენს განხორციელებულ ქცევას, რომლის ობიექტიც მეორე ადამიანი ან მიკრო სოციუმი შეიძლება იყოს, მაშინ როდესაც passage à l’acte–ი სიმბოლურ მნიშვნელობას არ ატარებს და არ არის გზავნილი, რომლის ადრესატიც შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეგობარი და ა.შ. თვითმკვლელობის აქტი მძიმე ფორმის მელანქოლიის დროს არის პასაჟი აქტისკენ (passage à l’acte), ხოლო ისტერიული პაციენტის თვითმკვლელობის მცდელობები (რომლებიც აგრეთვე გულისხმობს განხორციელებულ, თუმცა იშვიათად სიცოცხლისათვის სახიფათო ქცევას) Acting out–ის მაგალითია, რომლიც გარშემომყოფთაგან სიყვარულის მოთხოვნისა და მათი ემოციური დაშანტაჟების ირაციონალურ მიზანს შეიცავს. პასაჟი აქტისკენ დამახასიათებელია ფსიქოზების კლინიკისათვის, მაშინ როდესაც Acting out–ი ნევროზის ფსიქოპათოლოგიის შემადგენელი ნაწილიც შეიძლება იყოს. [5] Sandor Ferenczi, psychanalyse et criminologie (1928), in. Psychanalyse IV OEures complètes Payot 1982 [6] Theodor Reik, Le besoin d'avouer 1997, Payot Paris [7] Gérard Bonnet, La perversion. Se venger pour survivre, PUF 2008 [8] Angelo Hesnard, psychologie du crime, ED. Claude Tchou Paris 2003 [9] Sigmund Freud, les criminels par le sentiment de culpabilité (1916), in. Essais de psychanalyse appliquée Gallimard 1973 [10] Sigmund Freud, les criminels par le sentiment de culpabilité (1916), in. Essais de psychanalyse appliquée Gallimard 1973 [11] Sigmund Freud, les criminels par le sentiment de culpabilité (1916) [12] Paul-Laurant-Assoun, l’inconscient du crime. la criminologie freudienne. In. Recherche en psychanalyse. Le crime. ED. L’Esprit du temps 2004 [13] Melanie Klein, Le complexe d’oedipe, Payot 2006 Paris [14] Melanie Klein, Les tendances criminelles chez les enfants normaux(1927), in.Essais de psychanalyse payot 2005 [15] Melanie Klein, La criminalité (1934) ,in.Essais de psychanalyse payot 2005 [16] Melanie Klein, Les tendances criminelles chez les enfants normaux(1927) [17]სწორედ ამ მიზეზის გამო დანიელ ლაგაში (Daniel Lagache 1903–1972) საუბრობს კრიმინალურ სინდისზე. კრიმინალი გარშემომყოფთა მიმართ გამოვლენილი სისასტიკით მათ „ასამართლებს“ და სჯის იმ დანაშაულისათვის, რომელიც ოჯახის წევრებმა ჩაიდინეს მის წინაშე. მაგალითად, პარანოიკის მიერ განხორციელებული მკვლელობის აქტი მსხვერპლზე პროეცირებული დესტრუქციისაგან თავის დაცვის უკიდურეს ზომას წარმოადგენს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, უნდა ითქვას, რომ პარანოიკი მსხვერპლისაგან იცავს თავს [18] Melanie Klein, Les tendances criminelles chez les enfants normaux (1927) [19] (Melanie Klein, Les tendances criminelles chez les enfants normaux(1927) [20] Donald W. Winnicott, la tendance antisociale (1956), in. de la pédiatrie à la psychanalyse 1969 Payot [21] ხშირად იტყვიან: „ეს კაცი ხელით არის სატარებელი, სათრევია“. უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციული საზოგადოებები ამ ფუნქციას თავს კარგად ართმევენ. [22] Daniel lagache, Le psychanalyse, PUF 1964 [23] Angelo Hesnard, psychologie du crime, ED. Claude Tchou Paris 2003 [24] Daniel Lagache, l’exemen psychanalytique en criminologie et introductio psychologique et psychanalytique en criminologie ; repports aux congrès international du criminologie, Paris 1950 [25] ლაგაშის ამ მოსაზრების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიმბოლური მამის კანონთან იდენტიფიკაცია კრიმინალს არ შეუძლია, რადგან თვითონ არის ის ვინც არღვევს მას, შესაბამისად მამის ამ ვერსიის (J. Lacan) კანონზე კონსტრუირებულ საზოგადოებაში ის ადგილს ვერ პოულობს და ეძებს ჯგუფს, რომელიც აგრეთვე კანონით არის რეგულირებული, რომელსაც ლაკანი პერვერტულ კანონს უწოდებს. ლაკანი სიტყვა პერვერზიის ანალიზს ახდენს. ფრანგულ ენაში სიტყვა პერვერზია–pèrversion ორი სიტყვის შეერთების შედეგს წარმოადგენს. სიტყვა père აღნიშნავს მამას, ხოლო სიტყვა version აღნიშნავს ვერსიას, ე.ი. პერვერტული კანონი, მამის რეპრეზენტაციის პერვერტული და არა სიმბოლური ვერსიის გამოხატულებაა. [26] აღნიშნული მოსაზრება მხოლოდ კითხვას სვამს, თუმცა ვერ პასუხობს მას, რადგან გაუგებარია ის თუ როგორ არის შესაძლებელი თვითდამკვიდრება დანაშაულებრივი ქცევით, როდესაც ის დესოციალიზაციისა და საზოგადოებიდან გარიყვის მთავარ მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოება იცნობს არა ერთ შემთხვევას, როდესაც მოზარდები და შემდგომში ზრდასრული ადამიანები ქურდის იდეალთან იდენტიფიკაციის გზით ცდილობდნენ თავის დამკვიდრებას თავის მხრივ დეზორგანიზირებული სოციუმის ფარგლებში. სტრუქტურალისტი ლაკანის იდეები აღწერილი ფენომენის ახსნისათვის გამოსადეგად მიმაჩნია: როდესაც ოჯახის რეალური და კსტრირებული მამა აღარ წარმოადგენს სიმბოლური მამის ფუნქციისათვის აუცილებელ საყრდენს, როდესაც ნაცვლად მამისა (ქმარი) დედის ფალიკური სურვილის მთავარ ობიექტს წარმოადგენს შვილი, მამის წარმოსახვითი და სასტიკი ვერსია სიმბოლურს ანაცვლებს. რეალური მამა, სიმბოლური მამისა (სახელმწიფო, კანონმდებლობა, სახელი და გვარი) და ნორმალური კანონისათვის, როგორც საყრდენი აღარ გამოდგება. რეალური მამის სიტყვა (რომლითაც ის შვილს მიმართავს), აკრძალვის ტრანსმისია ფალიკურ ეფექტურობას არის მოკლებული. კანონშემოქმედებით ფუქნციას წარმოსახვითი, კასტრატორი და სასტიკი მამა იღებს საკუთარ თავზე (ქურდი, როგორც იდეალი და ა.შ [27] (Daniel Lagache, l’exemen psychanalytique en criminologie et introductio psychologique et psychanalytique en criminologie ; repports aux congrès international du criminologie, Paris 1950). (ლაგაშის ციტატა მნიშნელოვანია, რადგან გულისხმობს დიფერენციაციას ერთის მხრივ სიმპტომებსა და მცდარ ქმედებებს, ხოლო მეორეს მხრივ აქტს შორის. „პარაზიტული ბუნების მოტივაცია“, ე.ი. განდევნილი არაცნობიერი ტენდენცია, როგორც ნევრიოზის, ასევე „ფსიქოკრიმინოლოგიის“ კლინიკის შემადგენელი ნაწილია, თუმცა ნევროზის შემთხვევაში სიმპტომის დონეზე სიმბოლიზირდება, ხოლო კრიმინალთან ხელიდან უსხლტება ფსიქიკურის სფეროს და აქტის სახით ავლენს თავს. რაც შეეხება მცდარ ქმედებებს, მაგალითად წამოცდენებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ თვით ენა სჩადის მსუბუქ „კრიმინალურ“ აქტს. განდევნა ენას კბილს ვეღარ აჭერს და არაცნობიერი ტენდენცია (პარაზიტული მოტივაცია ლაგაშის თქმით) წამოცდენის ფორმით ვლინდება, მაგრამ კვლავ ენისა და სიტყვის ფარგლებში, რაც ფსიქოანალიზში აქტის ანტიპოდს წარმოადგენს. ენა ანტისოციალური ტენდენციების კონტექსტში მოზარდობის ასაკისათვის დამახასიათებელი ბილწსიტყვაობის ფსიქოპათოლოგიის საკითხს სავმს. სავარაუდოდ ბილწსიტყვაობის დროს ენა იმდენად ეროტიზირებულია, რომ ე.წ. ფილტრის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ქუჩური გამოთქმა „სიტყვები გაფილტრე“ სწორედ ამ ფუნქციის მარცხზე მიუთითებს მეორე ადამიანთან. ბილწსიტყვაობა პოლ–ლორან ასუნის აზრით, რომელსაც ის ერთ–ერთ კონფერენციაზე გამოთქვამდა, ყოველთვის საკუთარი დედის ობიექტზეა მიმართული, მაშინაც კი თუ სუბიექტი დედას სხვას უგინებს და მაშინაც თუ გინების ტექსტი საერთოდ არ გულისხმობს სიტყვა დედას, როგორც აღმნიშვნელს. დაგინების ფენომენი, რომელიც ამ იდეის ავტორისათვის სრულიად უცნობია ადასტურებს კიდეც მის მოსაზრებას. (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაგინების ფენომენი დაფიცების ტრადიციულ ფუნქციას კარგავს. გამოთქმა “ჩემი დედა იყოს ჩემი ცოლი“ ოიდიპალურია და ტრიანგულაციას გულისხმობს, აგრეთვე ოიდიპალურ წყევლას დანაპირების არაღსრულების შემთხვევაში, ხოლო მოზარდის კომპულსიური დაგინება დედასთან დუალისტურ ურთიერთობებს მოიცავს და დესტრუქციული ბუნების არის) გინება მიმართულია ცუდი დედის ობიექტზე და კლაინიანური სიძულვილით ინვესტირებული.) [28] შფოთვის ეს ფორმა,განსხვავებით კასტრაციული, ე.ი. ნევროტული შფოთვისაგან, კრიმინოგენული ბუნების არის, მაშინ როდესაც კასტრაციის შფოთვა ნევროტიკთან მისი პატიოსნების მთავარ გარანტს წარმოადგენს [29] ხშირად ამბობენ: თუ ყაჩაღი გესხმით თავს წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, მიეცით რასაც გთხოვთ და წავიდეს. საფულის ან მობილური ტელეფონის გულისთვის ადამიანის მოკვლა სწორედ კრიმინალის პრიმიტიული შფოთვითა და მრისხანე რეაქციით შეიძლება აიხსნას, მაშინ როდესაც მსხვერპლი მას უძალიანდება, უარს ეუბნება ნივთის მიცემაზე. [30] იგულისხმება პრეგენიტალური ბუნების ნარცისტული ტენდენციები და არა სურვილი ამ ტერმინის ოიდიპალური გაგებით, რომელიც ყოველთვის აკრძალვის ბაბზაზე იქმნება, რომელიც ყოველთვის მიუწვდომელია და ინცესტუალური ბუნების. კრიმინალთან სურვილის ცნება ნარცისიზმთან არის ახლოს, მაშინ ორდესაც ნევროტიკთან სურვილი ობიექტის ინვესტიციას გულისხმობს. [31] Daniel lagache, Le psychanalyse, PUF 1964 [32] Paul-Laurant-Assoun, l’inconscient du crime. la criminologie freudienne. In. Recherche en psychanalyse. Le crime. ED. L’Esprit du temps 2004




158 views0 comments
bottom of page