top of page
Search
Writer's pictureGiga Maminashvili

ფსიქოანალიზი და ფსიქოთერაპია


ფსიქოთერაპია არ არის მედიცინა, თუმცა ის ემიჯნება არა მხოლოდ მედიცინას, არამედ ფილოსოფიურ დისკურსსაც ადამიანის ტანჯვის, მისი ბედნიერებისა და უბედურების შესახებ. ფსიქოთერაპია ამავე დროს არ არის არც მაგიის, მისტიციზმისა და ეზოთერიკის სფერო. ფსიქოთერაპიის ადგილი, ისევე როგორც მისი ფუნქცია, ტექნიკა და ძირითადი თეორიული კონცეპტები ფსიქოანალიზის წიაღში უნდა ვეძიოთ, ფსიქოანალიზის, რომელიც წარმოიშვა და დღემდე აგრძელებს არსებობას რელიგიის, მედიცინის, ფილოსოფიისა და მაგიის გზაჯვარედინზე ისე რომ მკაცრად ემიჯნება თითოეულს. ფსიქოთერაპიის ადგილის განმსაზღვრელ ერთადერთ თეორიას, მხოლოდ ფსიქოანალიზი წარმოადგენს, ხოლო ნებისმიერი სკოლა თუ მიმდინარეობა ფსიქოთერაპიაში, რომელიც მაქსიმალურად შორდება ფსიქოანალიზს, ძირითად პრინციპებს, რომლებსაც ეს უკანასკნელი ეფუძნება, ამავე დროს უახლოვდება კიდეც იმ სფეროებს, რომლებსაც ფსიქოანალიზმა ადამიანის ფსიქიკური ტანჯვისა და პათოლოგიის შესახებ სპეკულაციის შესაძლებლობა გამოსტაცა ხელიდან. იგულისხმება მედიცინა, ფილოსოფია და რელიგია. ე.ი. რაც უფრო შორს დგას თეორია ფსიქოანალიზის ძირითადი პოსტულატებისგან, მით უფრო ნაკლებად გავს ის ფსიქოთერაპიას, რადგან მისი მეთოდი და ტექნიკა, სულ უფრო ნაკლებად იყენებს ფსიქიკურის სფეროს ფსიქიკური აშლილობის მკურნალობისა და გაგების საქმეში. ცხადია დღესაც, ისევე როგორც ფსიქოანალიზის დაბადების საწყის ეტაპზე, საქმე ეხება მიზეზებს და წარმოშობას, რომლებმაც უნდა ახსნან ადამიანთან ფსიქიკური ტანჯვა, ისევე როგორც ისეთი ფსიქიკური ფენომენები, როგორიც არის ფსიქონევროტული სიმპტომი, ჰალუცინაცია და ბოდვა ფსიქოზის დროს და ა.შ. ფროიდის რევოლუციური აღმოჩენა, რომელმაც ფსიქოთერაპიას ჩაუყარა საფუძველი, ფსიქიკური ფენომენების, ისევე როგორც ფსიქიკური პათოლოგიებისთვის აზრის მინიჭებაში მდგომარეობს. ფსიქოანალიზი სიმპტომს განიხილავს, როგორც გარკვეული მნიშვნელობის მატარებელ ფორმაციას და მიიჩნევს, რომ ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება დეტერმინირებულია შინაარსებით, ფანტაზმებით, განდევნილი სურვილებით, ბავშვობის გამოცდილებით, რომელთა ბუნებაც წმინდად ფსიქიკურია. ე.ი. ფსიქოანალიზი პათოლოგიის, ისევე როგორც ნორმალური ფსიქიკური ცხოვრების ახსნისათვის ფსიქიკურის სფეროს არ ტოვებს; ტანჯვის მიზეზების აღმოსაჩენად ტრანსცენდენტულის ან წმინდად ორგანულის სფეროს არ მიმართავს.


ფსიქოთერაპია, ისევე როგორც ფსიქოანალიზი მედიცინის სფერო არ არის, ფსიქოთერაპია ფსიქოანალიზის წყალობით მედიცინას გაემიჯნა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, როდესაც ფროიდმა ხანგრძლივი კლინიკური მუშაობის შემდეგ დაასაბუთა, რომ ფსიქიკური აშლილობების მქონე ინდივიდების ტანჯვის მიზეზი არის არა ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაცია, გენეტიკური ფაქტორები ან სხვა წმინდად ბიოლოგიური წარმოშობის ფაქტორები, არამედ პაციენტის ფსიქიკური, ხშირად განდევნილი შინაარსები, ბავშვობის გამოცდილება, ინფანტილური სექსუალობა და მშობლებთან ურთიერთობები, ოჯახი, მამისა და დედის ფუნქცია და ა.შ. ე.ი. ფსიქოანალიზი, განსხვავებით იმდროინდელი ფსიქიატრიისაგან ფსიქიკური პათოლოგიის მიღმა ხედავს აზრს, მნიშვნელობას, რომელიც ხშირად დეფორმირებული, სიმბოლური ფორმით, როგორც მეტაფორა ავლენს თავს. ფსიქოანალიზისთვის სიმპტომი ან სიმპტომატური ფორმაცია, მაგალითად მცდარი ქმედებები ან სიზმარი, მეტყველებენ სიმართლეზე, ჭეშმარიტებაზე, რომლის ბუნებაც არის ფსიქიკური და ხშირად არაცნობიერი. ფსიქოანალიზი ამ ჰუმანური აქტით პაციენტებს ათავისუფლებს უაზრობისგან, რომლისთვისაც ისინი აღწერილობითმა და ნოზოგრაფიული ვნებით შეპყრობილმა ფსიქიატრიამ გასწირა. შეიძლება ითქვას, რომ ოცდამეერთე საუკუნის ფსიქიატრია, განსხვავებით ფსიქოდინამიური ფსიქიატრიისაგან, ერთგვარად რეგრესირებს შორეულ წარსულში და DSM IV-ის გავლენით მედიცინის წმინდად აღწერილობითი დარგი ხდება. დსმ4 ფსიქიკური აშლილობების აღწერით, სიმპტომების კლასიფიკაციითა და ფარმაკოინდუსტრის დახმარებით მისი მოსპობით არის დაკავებული, მაშინ როდესაც ფსიქოანალიზის მიზანს სიმპტომის მნიშვნელობის გაგება წარმოადგენს. მაგალითად ფსიქოანალიზისთვის მთავარია არა ობსესიური ნევროზის დროს აკვიატებების აღწერა და სტატისტიკური ანალიზი, არამედ იმ მნიშვნელობის აღმოჩენა, რომელსაც ეს აკვიატებები სიმბოლური ფორმით გადმოსცემენ. მოვიყვან ფერენცის ციტატას 1933 წელს დაწერილი სტატიიდან: „ფსიქოანალიზის გავლენა მედიცინაზე“: „დიდი ცვლილებები, რომლებიც ფსიქიატრიამ მას შემდეგ განიცადა, როდესაც ფროიდის იდეებმა ფსიქიატრიული კლინიკების სქელი კედლები გაარღვია, დღეს ყველასთვის არის ცნობილი. ამიერიდან არავინ კმაყოფილდება მხოლოდ აღწერილობითი მეთოდით, რომელიც გულისხმობს კლინიკური შემთხვევების სიმპტომატოლოგიურ ჯგუფებად კლასიფიკაციას. იბადება ამ სიმპტომების კონტექსტის ანალიზისა და მათი შინაარსებით, მნიშვნელობებით ერთმანეთთან დაკავშირების მოთხოვნილება, რასაც ფროიდამდე დაწერილ ფსიქიატრიულ ლიტერატურაში წამყვანი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ფსიქიატრიული თავშესაფრები გარდაიქმნება ფსიქოთერაპიული მკურნალობის ადგილად, სადაც ფსიქოანალიტიკური განათლების მქონე ექიმები ყოველდღიურად და შეძლებისდაგვარად ერთი საათის განმავლობაში დაკავდებიან თითოეული შემთხვევის მკურნალობით. ის რაც ფსიქიატრიის ძველმა მეტრმა, გულკეთილმა პინელმა აღასრულა გარეგნულად/გარედან–ვგულისხმობ ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანთათვის ჭაჭვების ახსნასა და გათავისუფლებას––ფროიდმა აღასრულა შიგნიდან. მისი აღმოჩენის წყალობით, შეშლილთა სიმპტომები აღარ წარმოადგენს მონსტრული ფორმაციების უბრალო კოლექციას, რომელიც სულელების მიერ უარყოფილი იყო, როგორც აზრსმოკლებული და გიჟური ფენომენები. ფსიქოტიკებიც საუბრობენ ენაზე, რომლის გაგება შეუძლია მას, ვისაც ადეკვატური განათლება აქვს მიღებული. ამგვარად პირველად იქნა გადალახული, ღრმა უფსკრული რომელიც ჯანმრთელი სულის ადამიანს ფსიქიკურად დაავადებულისაგან მიჯნავდა“ (ციტატის დასასრული)


როგორ გაათავისუფლა ფროიდმა პაციენტები შიგნიდან? ფილიპ პინელმა პარიზში არსებულ ფსიქიატრიულ თავშესაფარში, რომელსაც ქვია ბისეტრი ჯაჭვებით დაბმულ პაციენტებს მიანიჭა თავისუფლება და ფსიქიატრიული ბანაკები, თავშესაფრები ფსიქიატრიულ კლინიკებად გარდაქმნა. ე.ი. ამ აქტით პინელმა პაციენტები ფიზიკურად გაათავისუფლა და თანამედროვე ფსიქიატრიას, როგორც მედიცინის დარგს დაუდო საფუძველი. ამავე დროს, შეიმუშავა ე.წ. მორალური მკურნალობის მეთოდი და ფსიქიატრიის ისტორიაში, როგორც ჰუმანისტმა დაიმკვიდრა ადგილი. ზიგმუნდ ფროიდმა, პინელის შემდეგ, სიმპტომისა და ფსიქიკური ტანჯვის მნიშვნელობის გაშიფვრა შეძლო, ხოლო მას შემდეგ რაც ერთი შეხედვით უაზრო ფორმაციებმა შეიძინეს აზრი, მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ ფსიქიკური პათოლოგიების, ისევე როგორც ნორმალური ფსიქიკური ცხოვრების დეტერმინაციაში მონაწილეობას იღებს ერთი და იგივე ტენდენციები, ერთი და იგივე ლტოლვები და ფსიქიკური კომპლექსები, გახლეჩამ ნორმასა და პათოლოგიას შორის, შეშლილსა და ნორმალურს შორის პირობითი მნიშვნელობა შეიძინა. გარდა ამისა, სიმპტომისთვის, არაცნობიერი რეპრეზენტაციისთვის ან ერთი შეხედვით აზრს მოკლებული სიზმრის შინაარსისთვის აზრის მინიჭება ამ ფსიქიკური ფორმაციებისგან ათავისუფლებს ინდივიდს, რადგან აუტანელია ის, რისი მნიშვნელობაც პაციენტმა არ იცის, ასეთ შემთხვევაში სიმპტომი განიცდება, როგორც უცხო სხეული, ობსესიური ნევროზის დროს აკვიატება, პარანოიის დროს პერსეკუცია და ა.შ. ჟაკ ლაკანი ამბობდა, რომ სიმპტომი არის ის რაც ყველაზე ნამდვილია, რაც ყველაზე ჭეშმარიტია სუბიექტთან. პაციენტი მაშინ ხდება სიმპტომის ტყვე, მაგალითად ობსესიური ნევროზის დროს, როდესაც პაციენტისთვის აკვიატებული ქმედების განხორციელება აზრსმოკლებულ აქტს წარმოადგენს. სიმპტომის მნიშვნელობის გაგება ანალიტიკური სეანსის დროს არა მხოლოდ ამ სიმპტომისგან ათავისუფლებს პაციენტს, არამედ იმ მადეტერმინირებელი შიდა ფსიქიკური მიზეზებისგანაც, რომლებმაც მის ფორმაციაში მიიღეს მონაწილეობა. შედეგად არა მხოლოდ სიმპტომი ქრება, არამედ იცვლება ინდივიდის საკუთარ სურვილთან, საკუთარ ლტოლვებთან და გარესამყაროსთან ურთიერთობაც, იცვლება მისი ფსიქიკური ეკონომია და დინამიკა.


ამრიგად, ფსიქოანალიზი კლინიკურ მასალაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მიზეზები, ისევე როგორც ნორმალური ფსიქიკური ცხოვრების მადეტერმინირებელი ძალები ფსიქიკურის და არა წმინდად ორგანულის სფეროში უნდა ვეძიოთ, ამ აქტით ის ფსიქოთერაპიის ადგილს განსაზღვრავს მედიცინასთან მიმართებაში და მკვეთრად მიჯნავს მას მედიცინისგან. ფსიქოანალიზისთვის მნიშვნელობას იძენს არა ავადმყოფობის ისტორია, არამედ ავადმყოფის ისტორია, რომელიც უდევს საფუძვლად სიმპტომს, ე.ი. ავადმყოფობას. ფსიქოანალიზმა აღმოფხვრა გახლეჩა, რომელიც არსებობს მედიცინაში სუბიექტის ფსიქიკურ ისტორიასა და სიმპტომს შორის. ფროიდის აღმოჩენის შემდეგ სიმპტომი აღარ განიხილება როგორც სუბიექტისაგან, მისი ფსიქიკური ცხოვრებისაგან დამოუკიდებელი ფორმაცია, რომლის მკურნალობაც ინდივიდის ფსიქიკური ისტორიისა და ბიოგრაფიის მხედველობაში მიღების გარეშე არის შესაძლებელი.


ფსიქოანალიზმა ფსიქოთერაპიის ადგილი და ფუნქცია არა მხოლოდ მედიცინასთან, არამედ ფილოსოფიასთან მიმართებაშიც განსაზღვრა. ფსიქოანალიტიკური თეორია და პრაქტიკა წარმოადგენს ხანგრძლივი კლინიკური გამოცდილების შედეგს. პაციენტის დისკურსი, პაციენტის სიტყვა არის ის ემპირიული მასალა, რომლის საფუძველზეც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები ფსიქიკური ცხოვრების შესახებ, მაშინ როდესაც ფილოსოფიური დისკურსი ადამიანის სულიერი თუ სოციო–კულტურული მდგომარეობის შესახებ ეფუძნება კონკრეტულ მოაზროვნეთა რეტროსპექციას და ერთგვარად სპეკულაციურ სახეს ატარებს. მიუხედავად ამისა, მთავარი განსხვავება ფსიქოანალიზსა და ფილოსოფიას შორის მდგომარეობს არაცნობიერის, როგორც ძირითადი კლინიკური პოსტულატის ფორმირებაში. არაცნობიერის ცნება, ისევე როგორც ტერმინი ცხადია ფროიდს არ ეკუთვნის. 1703 წელს ეს ტერმინი ჩნდება ლეიბნიცის შრომებში, აგრეთვე შოპენჰაუერისა და განსაკუთებით ნიცშეს ფილოსოფია არაპირდაპირ გულისხმობს არაცნობიერის გავლენას ადამიანის ყოფიერებაზე. მიუხედავად ამისა, ფილოსოფია არ არის დაკავებული არაცნობიერსა და ცნობიერებას შორის ფსიქოანალიზის მიერ აღმოჩენილი დიალექტიკური კონფლიქტის კვლევით. არაცნობიერის გავლენა, მისი ფუნქციონირების პრინციპები და ურთიერთქმედება სხვა შიდაფსიქიკურ ინსტანციებთან არ წარმოადგენს ფილოსოფიური შესწავლის საგანს. არაცნობიერი ფილოსოფიაში მისტიკასთან ახლოს მდგომი ცნებაა, მისი შინაარსები და მასში მიმდინარე ე.წ. პირველადი პროცესები ფილოსოფიისთვის უცნობი იყო. მთავარი განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: ფილოსოფიისთვის ფსიქიკურია ის რაც არის ცნობიერი და რაც პირდაპირ განიცდება ინდივიდის მიერ. ფსიქოანალიზი არაცნობიერის კონცეპტით, განსაკუთრებით იმ შინაარსების, რეპრეზენტაციების, ფანტაზმებისა და ლტოლვების აღმოჩენით, რომლებიც წარმოადგენენ არაცნობიერის შიგთავსს ფსიქიკურის სფეროს მნიშვნელოვნად აფართოებს, რაც ფსიქოთერაპიისთვის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯსა და გამოთავისუფლებულ ადგილს ნიშნავს, რადგან კვლევის, ისევე როგორც ფსიქოთერაპიული მუშაობის სფერო უკიდურესად ფართოვდება. ამრიგად არაცნობიერის, როგორც ნამდვილი ფსიქიკური რეალობის, აღმოჩენით ფროიდი ფსიქოთერაპიას ათავისუფლებს არა მხოლოდ წმინდად სამედიცინო მატერიალიზმისგან, არამედ მეტაფიზიკური სპეკულაციებისგანაც.


მაგრამ თუ ფსიქოანალიზი არ არის არც მედიცინა და არც წმინდად ფილოსოფიური მოძღვრება ადამიანის სულიერი ცხოვრების შესახებ, მაშინ ჩნდება საფრთხე იმისა, რომ ის გახდეს რელიგიის, მისტიკის ან მაგიის სფერო. თუ ფსიქიკური ცხოვრება და პათოლოგია არც ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული და არც ეგზისტენციალური საზრისის ან სოციო–კულტურული რეალობის პირდაპირ გავლენას განიცდის, მაშინ ის დეტერმინირებული უნდა იყოს ღვთაების, ზებუნებრივი ძალების, ან თუ უფრო პრიმიტიულად ვიტყვით, ბოროტი და კეთილი სულების მიერ. რადგან რელიგია, პრიმიტიული ხალხების მითოლოგია, შამანიზმი, ერთის მხრივ თანამედროვე ფსიქოთერაპიის ველური წინაპარია, ხოლო მეორეს მხრივ, ფსიქიკურ ცხოვრებას გარეგნული დეტერმინაციით ხსნის, ე.ი. გარე ძალების დამანგრეველი თუ პოზიტიური გავლენის სწამს. განსხვავებით მედიცინისგან მისტიკისა და მაგიის, ისევე როგორც რელიგიის სფერო ფსიქიკური აშლილობის შესახებ მწყობრ თეორიას ქმნის და განკურნების გზებს, ზუსტად თუ ვიტყვით ტექნიკებს გვთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. სხეულებრივ თერაპიას, სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას ძალიან ბევრი აკავშირებს დღესაც შამანიზმთან. უნდა ითქვას, რომ შამანიზმი, სხეულებრივი ტექნიკები, აღმოსავლური ფილოსოფია, ძენ ბუდიზმი, მედიტაცია და ა.შ. გაცილებით უფრო ეფექტური აღმოჩნდა ფსიქიკური ტანჯვის დროებითი ანესთეზიის საქმეში ვიდრე ფსიქიატრია ჰიდროთერაპიით, ელექტრო თერაპიით, ერგოთერაპიით, ამინაზინით, ან ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ოპტიმისტური თეორიებით.


თუ მედიცინა ფსიქიკური აშლილობების გაგებისა და მკურნალობის საქმეში წამყვან მნიშვნელობას ანიჭებდა დაავადების მხოლოდ ბიოლოგიურ, მატერიალურ სუბსტრატს, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას ან ფუნქციონალურ მოშლილობებს, ხოლო ფილოსოფია პრობლემის გადაჭრის გზას მეტაფიზიკურის სფეროში ეძებდა, შამანიზმი, მაგია, აღმოსავლური სისტემები ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ თავად მკურნალის, გურუს, მასწავლებლის ფიგურას. განკურნება დამოკიდებული იყო ტრადიციული და ისტორიულად განმტკიცებული კათარზისული ტექნიკების ფლობაზე, რომელსაც ქარიზმატული ფიგურა იყენებდა. ე.ი. მნიშვნელოვანი იყო მკურნალის ფიგურა და განსაკუთრებული ფსიქოლოგიური სიტუაცია, რომელიც მკურნალსა და სნეულს შორის მყარდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, მესმერის მაგნეტიზმის თეორიის შემდეგ, ფსიქიატრიაში ჩნდება მკურნალობის ერთი შეხედვით ახალი მეთოდი, ჰიპნოზი, რომელსაც პრაქტიკაში ისტერიულ პაციენტებთან აქტიურად იყენებენ, ისე რომ ჰიპნოზის ფსიქო–ფიზიოლოგიური მექანიზმის შესახებ თეორიული ცოდნა ჯერ კიდევ არ არსებობს. თუ ფსიქიატრია, იქამდე ვიდრე ის მედიცინის ერთ–ერთი დარგის სტატუსს მიიღებდა, განიცდიდა რელიგიის გავლენას, ჰიპნოტური მკურნალობის აქტიური გამოყენებით ფსიქიატრის ფიგურამ შეიძინა ჯადოქრისთვის, შამანისთვის დამახასიათებელი თვისება, კერძოდ კი მაღალი სუგესტიურობის თვისება და ყოვლისშემძლეობის განცდა. ჰიპნოტური სუგესტიის შიდაფსიქიკური მექანიზმის აღწერა შორს წაგვიყვანს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფროიდმა პაციენტებთან მაღალი სუგესტიურობის ამხსნელი ერთადერთი თეორია შემოგვთავაზა, რომელსაც ის დაწვრილებით აღწერს ნაშრომში „მასის ფსიქოლოგია და მე–ს ანალიზი“. ფროიდისთვის ჰიპნოტიზიორის ფიგურა მამის ავტორიტეტული იმაგოს რეპრეზენტაციაა, ხოლო ჰიპნოზის ენერგეტიკულ საყრდენს წარმოადგენს პაციენტის სიყვარული და ამავე დროს ინფანტილური მორჩილება, რომელსაც ის ექიმის სუბიექტისადმი განიცდის. ე.ი. სიმპტომის დროებითი გაქრობა, დროებითი რემისია დაკავშირებულია არა პაციენტის, არამედ ექიმის ფიგურასთან, რომელიც სუგესტიას, როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას იყენებს და პაციენტს დროებით შვებას გვრის. ფროიდი კლინიკური პრაქტიკის საწყის ეტაპზე ემიჯნება ჰიპნოზს რამოდენიმე მიზეზის გამო, თუმცა ჰიპნოზზე უარის თქმის მთავარ მიზეზს წარმოადგენს განკურნების პროცესში პაციენტის ცნობიერი მე–ს მინიმალური მონაწილეობა, ტრანსფერისა და შეწინააღმდეგების ანალიზის, ასევე პაციენტის სიტყვის ინტერპრეტაციის შეუძლებლობა. ჰიპნოტური ძილის შემდეგ პაციენტისთვის ისევ მიუწვდომელი რჩება მისი ფსიქიკური ტანჯვის მიზეზები, მათი გაცნობიერება შეუძლებელი ხდება, რის გამოც განდევნილი შინაარსები თუ არაცნობიერი ლტოლვები პათოგენურ ძალას კვლავაც ინარჩუნებენ. ფროიდი საბოლოოდ ამბობს უარს არა მხოლოდ ჰიპნოზზე, არამედ ანალიტიკოსის მხრიდან სუგესტიის თვით ყველაზე უმნიშვნელო გამოვლინებებზეც კი და ამ კლინიკური აქტით თერაპევტის ავტორიტეტული, სუგესტიური და ყოვლისშემძლე ფიგურისაგან ქმნის ნეიტრალურ მსმენელს. ჰიპნოზზე უარის თქმა, ფსიქოთერაპევტის ადგილს განსაზღვრავს და მას ათავისუფლებს ველური შამანის ან ავტორიტეტული ფიგურისათვის დამახასიათებელი თვისებებისგან. ფროიდი სუგესტიურ ტექნიკას მოსმენისა და თავისუფალი ასოციაციების ტექნიკით ანაცვლებს, სადაც არა შთაგონება, არამედ პაციენტის სიტყვა იძენს ფუნდამენტურ მნიშვნელობას.


ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ფსიქოანალიზმა გახადა ფსიქოთერაპია შესაძლებელი. ის მკვეთრად გამიჯნა მედიცინისგან, რადგან დაადასტურა ფსიქიკური ცხოვრების არაცნობიერი, ე.ი. ფსიქიკური და არა წმინდად ორგანული დეტერმინაცია, გამიჯნა ფილოსოფიისგან, რადგან დაადასტურა, რომ ფსიქიკურ ცხოვრებას მხოლოდ ცნობიერების სფერო არ განსაზღვრავს და გამიჯნა მისტიკისა და მაგიისაგან, რადგან ფსიქოთერაპევტის ყოვლისშემძლე ფიგურა ნეიტრალურ მსმენელად გარდაქმნა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სისტემის საერთო მახასიათებელს წარმოადგენს ფსიქიკური პათოლოგიების არაფსიქიკური მიზეზებით ახსნა, მაშინ როდესაც ფსიქოანალიზი ფსიქოთერაპევტისაგან მკაცრად მოითხოვს ფსიქიკური რეალობისადმი ერთგულებას. ფსიქოთერაპევტი ფსიქიკურ რეალობას არ უნდა ტოვებდეს და ამხსნელ მიზეზებსა და განკურნების გზებს სუბიექტის ფსიქიზმის მიღმა არ უნდა ეძებდეს. თეორია, რომელიც ფსიქიკურის სფეროს ტოვებს ავტომატურად ექცევა იმ სისტემების გავლენის ქვეშ, რომელთაგანაც ფსიქოანალიზმა ფსიქოთერაპიული პრაქტიკა იხსნა. ანალიტიკოსი პაციენტის ფსიქიკურ რეალობას უსმენს. მისთვის ობიექტური რეალობა მნიშვნელოვანია არა თავისთავად, არამედ იმის გათვალისწინებით თუ რა ფსიქიკურ, სუბიექტურ მნიშვნელობას ანიჭებს მას პაციენტი. ტრავმატიზმის ფსიქოანალიტიკურ თეორიაში ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება არა მატრავმირებელ მოვლენას, როგორც ობიექტურ ფაქტს, არამედ ამ მოვლენასა და ფსიქიკურ რეპრეზენტაციებს შორის საბედისწერო შეხვედრას, რომელიც ფანტაზმის სტრუქტურას არღვევს, რასაც მატრავმირებელი გავლენა აქვს. რჩევის მიცემით, პაციენტის რეალურ ცხოვრებაში აქტიური ჩარევით ფსიქოთერაპევტი ხშირად გაუცნობიერებლად ტოვებს ფსიქიკურის სფეროს და ცდილობს გარედან დაეხმაროს პაციენტს, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელის ფსიქოპათოლოგიას შინაგანი და წმინდად ფსიქიკური ფაქტორები განაპირობებენ.


ე.ი. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადახრა ფსიქოთერაპიული პროცესის შორეულ წარსულში რეგრესიას ნიშნავს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც ფსიქოთერაპევტი მიიჩნევს, რომ პაციენტის სიმპტომის ფორმაციაში უპირობო და პირობითი რეფლექსების გარდა სხვა არაფერი მონაწილეობს ის ძალიან ახლოს დგება მედიცინასთან, განსაკუთრებით მაშინ თუ სწრაფი დიაგნოსტიკის მიზნით, ნაცვლად პაციენტის ხანგრძლივი მოსმენისა იყენებს DSM 4–ს, ფსიქომეტრულ მეთოდებს და ა.შ. ფსიქოთერაპევტი რეგრესირებს შორეულ წარსულში მაშინაც როდესაც ის შეპყრობილი ხდება ნარცისტული ყოვლისშემძლეობის განცდით და მიიჩნევს, რომ პაციენტის რეალურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, წაახალისოს ის, ხშირად წააქეზოს, შეაგულიანოს, ზოგჯერ დასაჯოს კიდეც, ფსიქოთერაპიული სივრცე რჩევების კორიანტელით შეავსოს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტი ჰიპნოტიზიორის ყოვლისშემძლე ფიგურასთან რეგრესირებს. მაგალითად, მაშინ როდესაც ფსიქოთერაპევტი პაციენტს შფოთვის ინტენსივობის შემცირების მიზნით სთავაზობს სუნთქვების ტექნიკას, ან მედიტაციას ის ავტომატურად ხდება იოგი, გურუ, რომელიც გარედან ცდილობს პრობლემის მოგვარებას, მაშინ როდესაც ის შიდაფსიქიკურად არის დეტერმინირებული. თუ ფსიქოთერაპევტი ცდილობს პაციენტისთვის ემპათიის მაქსიმალური ხარისხის ჩვენებას ზღვარი თერაპევტსა და მეგობარს, თერაპევტსა და მშობელს შორის თითქმის იშლება, რაც შეუძლებელს ხდის ტრანსფერის ანალიზს. ფსიქოთერაპიის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდის ცენტრალური ფიგურა არის არა პაციენტი, არამედ თერაპევტი. თერაპევტი ასეთ შემთხვევაში პოზიტიურად პასუხობს პაციენტის ნევროტულ სურვილს მორჩილებაზე, მაზოხზმზე იმ შემთხვევაში თუ თერაპევტი მიდრეკილია დირექტიული ტონით ესაუბროს პაციენტს და დასაჯოს ის. ძალიან ხშირად პაციენტი ნარცისტულად იდენტიფიცირდება თერაპევტთან და სუგესტიის გავლენით მისგან ქმნის ნამდვილ იდეალს, რის რეპრეზენტაციასაც თერაპევტი გურუს, ან მასწავლებლის, ბრძენი მრჩეველის პოზიციით კიდევ უფრო ამყარებს და ტრანსფერის კონტროლს შეუძლებელს ხდის. სეანსები ზედმეტად ეროტიზირებული ან დესტრუქციული ელემენტებით გაჯერებული ხდება, რაც ფსიქოთერაპევტის კასტრაციით ან პაციენტის ტრავმატიზმით მთავრდება.


თუ ფსიქოანალიზის ადგილი არც მედიცინის, არც ფილოსოფიის, არც რელიგიისა და მაგიის წიაღში არ მოიძებნება, მაშინ რა წარმოადგენს მისი კვლევის ობიექტს, ტერიტორიას, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ მას? თუ ლაკანის გამონათქვამს გამოვიყენებთ ფსიქოანალიზის საგანს წარმოადგენს არაცნობიერის სუბიექტი, არაცნობიერის დისკურსი და პაციენტის სიტყვა. ფსიქოთერაპია ენის გარეშე წარმოუდგენელია, აგრეთვე სიტყვის, რომელიც გადმოსცემს იმას რაც ყველაზე ნამდვილია სუბიექტთან და რაც არის კიდეც მისი ტანჯვის მიზეზი, სიტყვის, რომელიც ხშირად სხეულის ენაზე მეტყველებს, მაგალითად ისტერიული კონვერსიის დროს. ფსიქოანალიზის საგანს წარმოადგენს არაცნობიერი, რომელიც თავს ავლენს უპირველეს ყოვლისა სიმბოლურად, თუ საქმე ეხება ნევროზს და სიმპტომის სახით ქმნის მეტაფორას, ფსიქოზის დროს ბოდვასა და ჰალუცინაციას, პერსეკუციის შფოთვას და ა.შ. რადგან ფსიქოანალიტიკოსი ერთგულია მხოლოდ პაციენტის ფსიქიკური რეალობის, რომელიც ნევროზების დროს ხშირად სიმბოლური, ხოლო ფსიქოზების დროს პირდაპირი, გადაუმუშავებელი ფორმით ავლენს თავს, მაშინ ფსიქოანალიტიკოსი იძულებულია მკაცრად გაემიჯნოს ყველა სხვა ტიპის დისკურსს ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების შესახებ, რათა პაციენტის დისკურსის ნეიტრალური მსმენელი გახდეს. ე.ი. ის პაციენტს არ უნდა უსმენდეს, როგორც ექიმი, როგორც ფილოსოფოსი, როგორც მღვდელი ან როგორც შამანი. ანალიტიკოსის ობიექტი პაციენტის ტრანსფერისა და პროექციის ადგილი უნდა იყოს და შეასრულოს დაულაქავებელი სარკის ფუნქცია. ანალიტიკოსის მიკუთვნებულობა ნებისმიერ სხვა დისკურსთან გარდა პაციენტის დისკურსისა ამ სარკეს ალაქავებს, რომელიც პაციენტის ფსიქიკურ რეალობას ობიექტურად ვეღარ აირეკლავს. ანალიტიკოსის ადგილი ცარიელი ადგილია, რომელსაც პაციენტი პათოგენური ფსიქიკური შინაარსებით ავსებს. ფსიქოანალიტიკოსის სამუშაო ინსტრუმენტს წარმოადგენს მოსმენა, ის მუშაობს პაციენტის არაცნობიერ რეპრეზენტაციებზე, ფანტაზმებზე, სიზმარზე, სიმპტომზე და მის მნიშვნელობაზე, მცდარ ქმედებებზე, ისეთ ფენომენებზე, როგორიც არის ტრანსფერი და შეწინააღმდეგება, თავისუფალი ასოციაციები, თამაშისა და ნახატის ანალიზი ბავშვთან და ა.შ. უნდა ითქვას, რომ ფსიქოანალიზის გარეშე არ იარსებებდა ბავშვთა ფსიქოთერაპია, ისევე როგორც ნახატისა და თამაშის ტექნიკები.


ფსიქოანალიზის დაბადება, ისევე როგორც ყველა ფსიქოანალიტიკური კონცეპტის, კლინიკური მიგნებისა თუ რევოლუციური აღმოჩენის შობა, დაკავშირებულია არა საწყის თეორიულ პოსტულატთან, არა წინასწარ ფორმირებულ ჰიპოთეზასთან, არამედ მეთოდთან, ანალიტიკურ ტექნიკასთან, რომელიც გამოიყენება პაციენტის არაცნობიერი ფსიქიკური შინაარსებისა და განდევნილი რეპრეზენტეციების კვლევასათვის.


მკურნალობისა და კვლევის ფსიქოანალიტიკური მეთოდი არ წარმოადგენს თეორიულ კონცეპტებზე კონსტრუირებულ ინსტრუმენტს, რომელმაც უნდა დაადასტუროს ამ თეორიის ჭეშმარიტება. პირიქით, ფსიქოანალიზი, როგორც თეორიული ნაგებობა არის ფსიქოანალიტიკური მეთოდის, ანალიტიკური ტექნიკის პირმშო. ფროიდი ჰიპნოზზე ამბობს უარს და პაციენტების მოსმენას სუფთა ფურცლიდან, ყოველგვარი თეორიული საყრდენის გარეშე იწყებს, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ფსიქოანალიტიკოსის ხვედრს, რომელიც გულისხმობს სიცარიელის, ბუნდოვნების, საწყისი უმეცრების გაძლებას, იქამდე ვიდრე ფროიდის მიერ შემუშავებული მეთოდის წყალობით, პაციენტის სიტყვა, პაციენტის ასოციაციები, სიზმრები, მცდარი ქმედებები და სიმპტომები ნათელს არ მოფენს ფსიქიკურ ქაოსს. ფსიქოანალიზის ისტორიაში არ არსებობს აღმოჩენა, რომელიც არ ემყარებოდეს ანალიტიკოსის კლინიკურ გამოცდილებას, კლინიკურ შემთხვევას და პაციენტის სიტყვას, შინაარსებს, რომლებიც ეკუთვნის ყოველთვის პაციენტს და არასდროს ანალიტიკოსს. შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოანალიზი საკუთარ არსებობას პაციენტებს უნდა უმადლოდეს, რადგან პაციენტია ის ვინც საუბრობს, ვინც ლაპარაკობს, ხოლო ფსიქოანალიტიკოსია ის ვინც უსმენს. თუ ეს როლები მნიშვნელოვნად იცვლება და ფსიქოთერაპევტი ხდება ის ვინც ლაპარაკობს, ხოლო პაციენტი ის ვინც უსმენს, მაშინ ფსიქოთერაპიული სეანსი, მიუხედავად მისი თეორიული ორიენტაციისა, ემსგავსება სუგესტიურ თერაპიას და თერაპევტის ყოვლისშემძლეობის განცდის გამყარების სამსახურში დგება, პაციენტისა და მისი ფსიქიკური ცხოვრების გაგების საზიანოდ.



ფორმაცია

ყველაფერი რაც ანალიტიკოსის შესახებ ითქვა განუყოფლად არის დაკავშირებული საკითხთან, რომელიც ფსიქოანალიზში დღემდე არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. სხვადასხვა სკოლას ამ საკითხის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრება გააჩნია. საქმე ეხება ფსიქოანალიტიკოსის განათლებას, როგორც ამბობენ, ფორმაციას. ანალიტიკოსი უნდა ფორმირდეს. ანალიტიკოსის ფორმაცია სამი ფუნდამენტური ნაწილისაგან შედგება, რომლებსაც იზიარებს ყველა ანალიტიკური სკოლა თუ ასოციაცია: 1. თეორიული ცოდნა. მომავალმა ანალიტიკოსმა (რომელიც ხშირად ან ფსიქიატრია ან ფსიქოლოგი) თეორიული განათლება უნდა მიიღოს ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფარგლებში და არა უნივერსიტეტში. თეორიული ცოდნის გადაცემა გულისხმობს ანალიტიკურ ტექსტებზე ჯგუფურ მუშაობას, სემინარებს, რომლებსაც უძღვებიან უკვე აღიარებული და გამოცდილი ანალიტიკოსები, პაციენტის კლინიკურ პრეზენტაციებს, კონფერენციებს, კონგრესებზე დასწრებას და ა.შ. ასოციაცია საკუთარ თავზე იღებს ანალიტიკოსის განათლებას, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება და დაკავშირებულია მეორე ფუნდამენტურ ნაწილთან, 2. დიდაქტიკურ (პირად) ანალიზთან. ფსიქოანალიტიკური განათლების პროცესში მყოფი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფარგლებში ირჩევს ამ ასოციაციის წევრ ანალიტიკოსს და ხდება მისი ანალიზანტი, რაც მას არაფრით არ განასხვავებს ჩვეულებრივი პაციენტისაგან. ფსიქოანალიტიკური ფორმაციის ხანგრძლივობა იზომება დროით, რომელიც პირად, ანუ დიდაქტიკურ ანალიზს ხმარდება და გულისხმობს პასაჟს პაციენტის სტატუსსა და ანალიტიკოსის სტატუსს შორის. ე.ი. ყველა ანალიტიკოსი თავიდან პაციენტი იყო. 3. სუპერვიზია ანუ კონტროლი ფსიქოანალიტოკოსის განათლების მესამე და საბოლოო ნაწილია. მაშინ როდესაც, მომავალი ანალიტიკოსის (პაციენტის) პირადი ანალიზი დასასრულს უახლოვდება ან მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება, ანალიზანტი ასოციაციის ფარგლებში ირჩევს მეორე ანალიტიკოსს, რომელსაც ის წარუდგენს კლინიკურ შემთხვევებს საკუთარი პრაქტიკიდან. სუპერვიზიის, ან ე.წ. საკონტროლო ანალიზის დასრულების შემდეგ ასოციაცია ანალიტიკური განათლების პროცესში მყოფ ფსიქოლოგს, ფსიქიატრს ან სხვა პროფესიის წარმომადგენელს ფსიქოანალიტიკოსის სტატუსს ანიჭებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ფსიქოანალიტიკოსის დიპლომი, სადაც ფსიქოანალიზი შეიძლება ფიგურირებდეს, როგორც პროფესიის აღმნიშვნელი სიტყვა. გარდა ამისა, ფსიქოანალიტიკური განათლება განისაზღვრება არა მიღებული თეორიული ცოდნით, არამედ პირადი ანალიზითა და მისი ხანგრძლივობით. იმისათვის, რომ ფსიქოლოგმა ან ფსიქიატრმა მიიღოს ანალიტიკოსის სტატუსი პირადი ანალიზი უნდა დასრულდეს. აღნიშნული გარემოებები ფსიქოანალიტიკურ განათლებას უნივერსიტეტის კედლებში შეუძლებელს ხდის, რადგანაც უნივერსიტეტი სწორედ თეორიული ცოდნის გადაცემას გულისხმობს, აგრეთვე დიპლომს, რომელიც ამ თეორიული ცოდნის შემოწმების საფუძველზე ენიჭება ინდივიდს, მაშინ როდესაც არც ერთი და არც მეორე მას ანალიტიკოსის სტატუსს არ ანიჭებს, რადგანაც ფსიქოანალიტიკური სკოლები ამ პარამეტრებს არ სცნობენ, როგორც საკმარის კრიტერიუმებს.


ზიგმუნდ ფროიდი, რომლის მიერ შემუშავებულ ძირითად ფსიქოანალიტიკურ კონცეპტებსაც მიეძღვნა აღნიშნული ნაშრომი, არასდროს ყოფილა ანალიზირებული სხვა ანალიტიკოსის მიერ. მიუხედავად ამისა, პირადი ანალიზის, როგორც ფსიქოანალიტიკური განათლების მთავარი საყრდენის მნიშვნელობა ამ ფაქტით არ კნინდება. ფსიქოანალიზის დაბადება, დაკავშირებულია არა მხოლოდ ისტერიულ პაციენტებთან, არამედ ფროიდის თვითანალიზთანაც. ნაშრომი „სიზმრების ინტერპრეტაცია“, რომლის გამოცემის თარიღიც ხშირად ფსიქოანალიზის დაბადების თარიღადაც არის მიჩნეული, სწორედ ფროიდის თვითანალიზის ნაყოფს წარმოადგენს. ფროიდი საკუთარ სიზმრებს აანალიზებდა და ანალიზის შედეგებს ვილჰელმ ფლისს სწერდა, როგორც ნამდვილი ანალიტიკოსის წარმოსახვით ვერსიას, რომელიც ფროიდის ტრანსფერის ობიექტი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ფროიდმა გაიარა პირადი ანალიზის რთული და ხანგრძლივი გზა, თუმცა არა ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ფროიდის თვითანალიზი პირადი ანალიზის არასრულფასოვანი და დაუსრულებელი ფორმაა.


არაცნობიერი ფსიქიკური რეალობის აღმოჩენა საკუთარი არაცნობიერის აღმოჩენით იწყება. ფსიქოანალიტიკური თეორიის გაგება, ისევე როგორც მისი პრაქტიკული გამოყენება ამ აღმოჩენის გარეშე შეუძლებელია. იმისათვის, რომ სუბიექტი განიკურნოს, ან გახდეს ფსიქოანალიტიკოსი აუცილებელია მეორე ადამიანი, ფუნდამენტური მნიშვნელობის სხვა, რომელიც პაციენტს მეგზურობას გაუწევს არაცნობიერში აუტანელი მოგზაურობის დროს, დაეხმარება მას სიმართლეს შეხედოს თვალებში, სიმართლეს რომელიც პაციენტის ტანჯვის ნამდვილ მიზეზს წარმოადგენს და რომელთან პირისპირ შეხვედრის ძალაც თვით ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი არ შესწევს მას. კოშმარი გამოღვიძებით სრულდება, რომელმაც არაცნობიერ ჭეშმარიტებასთან ავისმომასწავებელი შეხვედრა უნდა აღკვეთოს.





772 views0 comments

Comments


bottom of page