ბავშვი მშობლების საწოლში
- თამარ კუპრეიშვილი

- Feb 28
- 4 min read
ბავშვის მშობლების საწოლში დაძინება ქართულ რეალობაში გავრცელებული პრაქტიკაა. როცა მშობლებს სხვადასხვა სირთულეების გამო შვილი თერაპიაზე მოჰყავთ, მალევე ირკვევა, რომ უმეტეს შემთხვევაში, მას დედასთან სძინავს, ცოლქმრულ საწოლში. ფსიქოანალიტიკური დისკურსი ამ შემთხვევაში ინტერესდება, რას ნიშნავს ეს ადგილი ბავშვის ფსიქიკურ ეკონომიაში და რა ადგილს იკავებს ბავშვი მშობლების ფანტაზმში. ძილი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური აუცილებლობა, ის არის მოცემულობა, სადაც სხეული, ფანტაზმი და სურვილი ერთმანეთთან იკვეთება. ამ ინტიმური სივრცის მშობელთან გაზიარება, წარმოშობს სხეულის საზღვრების ბუნდოვანებას, დაშორების შფოთვას, ნარცისულ ალიანსს და ხდება ინდიკატორი იმ სიმბოლური ორგანიზაციისა, რომელიც აყალიბებს ურთიერთობებს დედა- ბავშვსა და მამა- ბავშვს შორის. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ბავშვის მშობელთან ერთად ძილი კულტურულადაა განპირობებული, ეს არ აფერხებს ბავშვის ფსიქოაფექტურ ავტონომიას, რადგან ამ შემთხვევაში კულტურა მოქმედებს, როგორც მესამე- არსებობს სიტყვები, წესები, სიმბოლოები, რაც დამცავ ფაქტორს წარმოადგენს (Yolande Govindama, 2015).
როდესაც ქალი ორსულდება, მისი როგორც სხეული, ასევე ფსიქიკური მდგომარეობა იცვლის დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ. მომავალი დედა საკუთარი თვითობის განცდის ნაწილს დებს ბავშვში, რომელიც მის სხეულში იზრდება. ამიტომაც, საწყის ეტაპზე, ჩვილი არ არის გამოყოფილი დედისგან, იქმნება დედა- შვილის დიადა. დედა უზრუნველყოფს გარემოს მთლიანობას და ამით უქმნის ჩვილს არსებობის უწყვეტობას. პროექციული იდენტიფიკაციის საშუალებით ის არათუ ხვდება, არამედ გრძნობს, თუ რა სჭირდება ბავშვს. თუმცა, სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი გვესმოდეს, რას გულისხმობს ვინიკოტი, როცა ამბობს, რომ დედობა მოიაზრებს გარკვეულწილად დროებით ფსიქიკურ ტრანსფორმაციას, სიტყვა დროებითი ხაზგასმით, რადგან ჯანმრთელობა მდგომარეობს ცვლილების უნარში, რომელიც დაკავშირებულია სეპარაციასთან, დედის უნართან, დაუბრუნდეს საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობას და მისცეს ბავშვს სივრცე, სადაც ის შეძლებს რეალობასთან ურთიერთობას საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების გამოხატვით. დედა, რომელიც ზედმეტად კარგად ხვდება, თუ რა სჭირდება ბავშვს, მყისიერად უკმაყოფილებს მოთხოვნილებას და არ აძლევს მას გამოხატვის საშუალებას, როცა ეს ასაკობრივად უკვე შეუძლია, ინარჩუნებს მაგიურ, ჰალუცინაციურ ურთიერთობას, რაც საფრთხეს უქმნის ობიექტურ ურთიერთობებსა და ფსიქიკურ განვითარებას (Winnicott, D. W. 1960). როდესაც ბავშვს არ ეძლევა შესაძლებლობა ადგილი დაიკავოს, როგორც ცალკე სუბიექტმა, ბავშვი რჩება პირველად ურთიერთობებში, სადაც ჯერ კიდევ დედის ნაწილია.
დედისა და ახალშობილი ბავშვის მთლიანობა ნორმაა, ისინი ქმნიან ერთობას (unit), მაგრამ ბავშვის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანი ხდება დედა-შვილის დიადაში მოხდეს მესამე ელემენტის ინტეგრირება, რომელიც შეასრულებს დიფერენცირების, კანონის, ამკრძალავ ფუნქციას, რაც საკმაოდ ხატოვნად აქვს ლაკანს აღწერილი. ლაკანის მიხედვით მესამე ელემენტი- მამის ფუნქციაა, ფანქარი ნიანგის ყბაში. ნიანგის ყბა განასახიერებს დედის სურვილს, საფრთხეს, რომელიც ბავშვს ჩაყლაპვით ემუქრება და არ აძლევს ავტონომიის საშუალებას, ჯოხი კი არის კანონი, წესები, მანძილი დედასა და ბავშვს შორის, რაც უზრუნველყოფს სეპარაციას და ამ გზით პიროვნების ჩამოყალიბებას. ამ კონტექსტში, დედა-შვილის ერთად ძილი გარკვეულწილად მიუთითებს მამის ფუნქციის ჩავარდნაზე, დედასა და ბავშვს შორის ნარცისულ ალიანსზე. თანამედროვე სამყაროში ქალები სულ უფრო აქტიურები ხდებიან, ხშირად გვესმის სიტყვები- „მე ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ვარ“, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა ხანდახან ეს გამორიცხავს კაცის და ამასთანავე, მამის როლს. კლინიკურ პრაქტიკაში ვხვდებით ოჯახებს, რომლებშიც მამა დივანზე იძინებს, ბავშვი და დედა კი - ცოლქმრულ საწოლში. მამა პრაქტიკულად იკავებს სტუმრის, და არა ოჯახის წევრის ადგილს. საქმე გვაქვს ქალთან, რომელიც ყოვლისშემძლეობის ფანტაზმს რეალობაში ავითარებს, შვილს მამის ადგილის დაკავებისა და კანონის მიღმა ყოფნის უფლებას აძლევს, რაც მომავალში ბავშვისთვის სოციალურ ურთიერთობებსა და ინსტიტუციებთან თანამშრომლობის პრობლემატიკას წარმოშობს. რეალურად ბავშვი საყრდენის გარეშეა, მას არ მიუთითეს საკუთარი და აიძულეს პარაზიტულად დაეკავებინა მამის ადგილი, რაც შესაძლოა იყოს ერთგვარი დაღი მის ცხოვრებაში და საკუთარი ადგილის დაუსრულებელი ძიების მცდელობა. მშობლების საწოლში ძილი შეიძლება მივიჩნიოთ ოჯახის ერთგვარ სიმპტომად, სადაც მამის ფუნქცია არ მუშაობს.
ფრანსუაზ დოლტო მიიჩნევს, რომ ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის გადამწყვეტია სხეულის ხატის ჩამოყალიბება. სხეულის ხატი ყალიბდება სიტყვით, სიმბოლური ურთიერთობებით და იმ საზღვრებით, რომლებიც ბავშვს უჩვენებს, სად მთავრდება თვითონ და სად იწყება სხვა (Dolto, F. 1984). როდესაც ბავშვი მუდმივად ეკვრის მშობლის სხეულს და იკავებს მის ინტიმურ სივრცეს, სხეულის ხატი რჩება ბუნდოვანი; ბავშვს არ უჩნდება განცდა, რომ მისი სხეული ეკუთვნის მას და რომ ის არ არის დედის სურვილის გაგრძელება. ამ კონტექსტში ცალკე საწოლში დაძინება არ არის დისციპლინური მოთხოვნა, ის სიმბოლური აქტია, რომელიც ბავშვს აძლევს საშუალებას, საკუთარი სხეული განიცადოს, როგორც განცალკევებული, ავტონომიური. ამასთანავე, ბავშვის დედასთან ძილი, შესაძლოა იყოს რეგრესი ორალურ ფაზაში, სადაც დედის სხეული სიამოვნებისა და დამშვიდების წყაროდ გამოიყენება. რაც მის ინფანტილიზაციაზე, კასტრაციის დაყოვნებაზე მიანიშნებს.
გოვინდამა აღნიშნავს, რომ ბავშვის მშობლების საწოლში წოლა დედის შფოთვითი და დაუმუშავებელი პირადი მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული, დედისთვის ბავშვის ცალკე ძილი ობიექტის დაკარგვასთან ასოცირდება, რაც აფერხებს ბავშვისთვის დედის ობიექტის ინტერნალიზებას (გაშინაგნებას) და მოითხოვს დედასთან ახლოს ყოფნას რეალურ რეგისტრში (Yolande Govindama, 2015). ამ დროს ბავშვი დედის ფანტაზმში იკავებს ნაკლის ადგილს, სადაც ის არა ცალკე პიროვნება, არამედ დედის ნარცისული თვითგაგრძელებაა, რაც აჩენს ფსიქიკური ინცესტის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, წყვილის სიყვარული ფსიქოანალიტიკურ კონტექსტში განიხილება არა მხოლოდ ემოციურ ან სოციალურ ფაქტორად, არამედ როგორც სტრუქტურულ ფუნქციად, რომელიც იცავს ბავშვს დიადური შერწყმისა და ნარცისული ინცესტისაგან.
წარმოდგენილ კონტექსტში განვიხილოთ კლინიკური შემთხვევა. დედამ მოზარდი ბიჭი თერაპიაზე მოიყვანა. აღნიშნავდა, რომ ბავშვი ჰიპერაქტიურია. წყვილი განქორწინებული იყო, ბიჭი კი დედასთან იძინებდა. ერთ- ერთ კონსულტაციაზე დედამ აღნიშნა, რომ მისი შვილი დამჯდარი შარდავდა, რაც აშინებდა და მის სექსუალურ ორიენტაციაზე აფიქრებდა. აქ საქმე ეხებოდა დედასთან იდენტიფიკაციას, სხეულის ხატი სათანადოდ არ იყო ჩამოყალიბებული. მამა დედის ნებით ძალიან შეზღუდულად იყო მოზარდის ცხოვრებაში წარმოდგენილი, სკოლაში სიარული ბავშვის სურვილზე იყო დამოკიდებული, ეკრანი კი ულიმიტოდ ხელმისაწვდომი. ფაქტიურად ოჯახის სტრუქტურა სრულიად იყო მორღვეული. როცა მოზარდმა ცალკე ძილი მოითხოვა, დედამ თერაპიული პროცესის შეწყვეტა გადაწყვიტა. აღნიშნულ ქეისში ჩანს კასტრაციისა და საზღვრების არსებობის მნიშვნელობა, რაც ჰუმანიზაციისა და სოციალიზაციის ფუნდამენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, როცა ბავშვი მოზრდილ ასაკში განაგრძობს დედასთან შერწყმულ არსებობას, დგება სქესისა და სექსუალური ორიენტაციის საკითხი. რადგან ის დედის სხეულის გაგრძელებაა, შესაძლოა იდენტიფიცირდეს კიდეც დედის სქესთან, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. დღეს ბევრი მარტოხელა დედა ზრდის ბავშვს, თუმცა თუ დედა თვითონ ემორჩილება სიმბოლურ კასტრაციას და შვილის ცხოვრებაში არის ვინმე, ვინც ასრულებს მამის ფუნქციას, ბაბუა, ბიძა, ოჯახის მეგობარი, ან ინსტიტუცია, ამ შემთხვევაში შემოდის წესი, სიმბოლური კასტრაცია, რომელიც ბავშვს ცალკე სუბიექტად აფორმირებს, საკუთარ ადგილსა და ავტონომიას ანიჭებს.
ამგვარად, ბავშვის ცალკე ძილი არ არის სიმკაცრის გამოჩენა მშობლების მხრიდან, არამედ ეს არის სიმბოლური აქტი, რომელიც ხელს უწყობს სხეულის საზღვრების ჩამოყალიბება/შეგრძნებას, ობიექტის ინტერნალიზაციასა და ფსიქიკურ ავტონომიას. მშობლების სიყვარული და მათი სიმბოლური კავშირი კი ქმნის ჩარჩოს, რომელშიც ბავშვი არა სხვისი სურვილის გაგრძელება არამედ განცალკევებული სუბიექტია, რომელსაც აქვს საკუთარი სხეული, საკუთარი ადგილი და საკუთარი სურვილი.
ბიბლიოგრაფია
1. Govindama, Y. (2015). Sleep disturbances in early childhood: Narcissistic seduction and incestuous dynamics. Journal of Psychoanalytic Psychopathology, 12(2), 45–62.
2. Lacan, J. (1956–1957). Le Séminaire, Livre IV: La relation d’objet. Paris: Seuil.
3. Winnicott, D. W. (1960). The theory of the parent–infant relationship. International Journal of Psychoanalysis, 41, 585–595.
4. Dolto, F. (1984). L’image inconsciente du corps. Paris: Seuil.




Comments