სიყვარული: დაკარგულის ძიებაში
- ანკო პირველი

- 8 minutes ago
- 14 min read
ეროსი, როგორც სიცოცხლის ლტოლვა და სიყვარულისა თუ შემოქმედებითობის მთავარი მამოძრავებელი ძალა, განუყოფელია თანატოსისგან - სიკვდილის ლტოლვის, სიძულვილისა და დესტრუქციისგან. სწორედ ამ ორი ლტოლვის ურთიერთქმედება განსაზღვრავს ადამიანის სასიყვარულო ცხოვრების დინამიკას. სასიყვარულო ურთიერთობა ის სივრცეა, სადაც კონდენსირდება სუბიექტის ფსიქიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კონფლიქტები: ფსიქოსექსუალური განვითარების გადაულახავი ეტაპები, ტრავმული გამოცდილებები, პირველად ობიექტებთან ურთიერთობის დინამიკა და მათი მნესტიკური კვალი. სწორედ აქ იკვეთება ნარცისული, ეროტიკული, სადისტური და მაზოხისტური კომპონენტები; აქტიურდება პროექციისა და იდენტიფიკაციის მექანიზმები, ფლობისა და კონტროლის ტენდენციები. ამავდროულად, სასიყვარულო კავშირში ხშირად იჩენს თავს ნარცისული ერთიანობისაკენ რეგრესიის სურვილი - იმ მდგომარეობისაკენ დაბრუნების მცდელობა, სადაც საზღვარი ორ სუბიექტს შორის იშლება. ამიტომაც სასიყვარულო ურთიერთობები წარმოადგენს ფსიქოანალიზის ერთ-ერთ ცენტრალურ პრობლემატიკას, რომელსაც ყოველი ფსიქოანალიტიკოსი აწყდება საკუთარ კლინიკურ პრაქტიკაში.
ფროიდის მიხედვით, ობიექტ-ლიბიდოს განვითარების უმაღლესი ფაზა შეყვარებულობის მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტი საკუთარ თავს ობიექტის სიყვარულის სასარგებლოდ თმობს (Freud, 1914/2005). ამავე დროს, შეყვარებულობა გულისხმობს ფსიქიკური წონასწორობის ისეთ ცვლილებას, რომელიც ყოველდღიური გამოცდილების საზღვრებს სცდება და გარკვეული თვალსაზრისით „სიგიჟის“ ელემენტსაც შეიცავს.
სიყვარული თავისი არსით ნარცისულია (Lacan, 1975) როგორც ლაკანი იტყოდა, ის კი თავის მხრივ ეყრდნობოდა ფროიდს, რომლის მიხედვითაც სიყვარული ფუნდამენტურად ეგოცენტრულია; ფროიდისთვის სასიყვარულო არჩევანის მხოლოდ ორი ტიპი არსებობს: ნარცისული და მხარდაჭერაზე დაფუძნებული არჩევანი. არც ეს უკანასკნელია მოკლებული ნარცისულ საფუძველს, რადგან სუბიექტი სიყვარულის ობიექტად ირჩევს იმას, ვინც პირველადი დიდი სხვის ადგილს იკავებს - ვინც კვებავდა, ზრუნავდა და იცავდა. ნარცისული არჩევანისას კი სუბიექტი ობიექტში საკუთარ თავს, საკუთარი თავის იდეალურ ხატს ან იმ თვისებებს ამოიცნობს, რომლებიც საკუთარი იდეალის მისაღწევად აკლია (Freud, 1914/2005). ამგვარად, როდესაც ნარცისიზმი სასიყვარულო ურთიერთობაში წამყვან როლს იკავებს, სუბიექტი ობიექტთან ურთიერთობს არა როგორც სხვასთან, არამედ როგორც თავის სარკისებურ ხატთან, შესაბამისად ობიექტი ხდება ხორცშესხმული იდეალი, იდეალი რომლის დაკარგვაც საკუთარი თავის დაკარგვის ტოლფასია.
თუმცა რა არის სინამდვილეში სიყვარული და მასთან განუყოფლად დაკავშირებული ვნება? რასმოიცავს იგი და რატომ ახდენს ასეთ ძლიერ გავლენას სუბიექტზე? როლანდ გორი წიგნში „ვნებათალოგიკა“ წერს, რომ სასიყვარულო ვნება არის ის, რაც ზემოდან ეფარება ბავშვობის სევდას (Gori, 2010). სასიყვარულო რიტორიკაში ხშირად გვესმის ფრაზები: „შენ ჩემი ყველაფერი ხარ“, „შენ ჩემისიცოცხლე ხარ“. ეს სიტყვები პირველად დედისგან ესმის ბავშვს. ისინი ბავშვისთვის ატარებენ დაპირებას, რომ არასოდეს განცალკევდება მისგან, როგორც პირველადი სიყვარულისგან. თუმცა როდესაც საქმე გვაქვს ნევროზის სუბიექტთან, მას ოიდიპოსის გავლით უწევს სამუდამოდ დაკარგოს პირველადი სიყვარულის ობიექტი და განდევნოს ინცესტი - გახდეს აკრძალვის, ენისა და კულტურის სუბიექტი. ამასთანავე, სამუდამოდ განწირულია ეძებოს ეს სიყვარული სხვაში, ჩამნაცვლებელ ობიექტში. ხოლო როდესაც ის სასიყვარულო რიტორიკაში მოისმენს იგივე სიტყვებს - სინამდვილეში ილუზორულ დანაპირებს, სუბიექტს ახსენდება პირველადი, ყველაზე ძლიერი და ინტენსიური სიყვარული, მას აქვს განცდა რომ შეხვდა და აღმოაჩინა დაკარგული ობიექტი, იპოვა ის ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა.
ამგვარად, შეყვარებულობის ვნება ბავშვობის დროინდელი ნარცისული დანაკარგის ადგილას აღმოცენდება, დანაკარგის, რომელიც არასოდეს გამხდარა ცნობიერი მოგონების ნაწილი. ვნებასთან კონფრონტაცია წააგავს ილუზიას ფანტომურ ნაწილზე, რომლმაც განიცადა ამპუტაცია პრიმორდიალურ პერიოდში. ყველა ის გრძნობა რაც თან ახლავს სიყვარულის მდგომარეობას, არის ის, რაც ფორმას აძლევს და სახელს არქმევს იმ თავდაპირველ ვნებას, რაც დავიწყებულია. ვინიკოტის კონცეპტის - „ჩამონგრევის შიშის“ (Fear of Breakdown) მსგავსად, ვნებით შეყვარებულ ადამიანს ეშინია არა მომავლის ტკივილის, არამედ იმ ტკივილის, რომელიც ერთხელ უკვე გადაიტანა, უკვე განიცადა, თუმცა ვერასოდეს მოახერხა მისი სიმბოლიზაცია. სასიყვარულო ობიექტი აწმყოში სწორედ ამ დანაკარგის გაცნობიერების ჩამკეტის ფუნქციას ასრულებს. იგი ფარავს იმ დანაკარგს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოხდა, არასოდეს სახელდებულა დანაკარგად, „თითქოს ვიღაცამ უნდა მითხრას - ნუღარ ღელავთ, თქვენ უკვე დაკარგული გაქვთ“. ამიტომაც, ის ვინც თავით ეშვება ვნებაში, ხშირად მიდის რისკზე - იყოს მიტოვებული, მიტოვებული აწმყოში სასიყვარულო ობიექტის მიერ, რომელიც სინამდვილეში პირველად სასიყვარულო ობიექტს განასახიერებს (Gori, 2010).
რატომ ეძებს ადამიანი სიყვარულს განუწყვეტლივ? შესაძლოა იმიტომ, რომ ყველას სჭირდება იყოს სხვის მიერ აღიარებული როგორც სიყვარულის, ისე სხვისი სურვილის ობიექტად. სწორედ ამიტომ წიგნ - „წყვილის კლინიკის“ ავტორები სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგული სიტყვის აღიარების (reconnaissance) ჟღერადობრივ სიახლოვეს სიტყვასთან დაბადება (naissance). შემთხვევითი არ არის, რომ შეყვარებული სუბიექტი ხშირად ამბობს: „თითქოს თავიდან დავიბადე“, „ახალგაზრდობა დამიბრუნდა“, „თავს ბავშვივით ვგრძნობ“. ამავე ლოგიკით, დეკარტის ცნობილი ფორმულის - „ვფიქრობ, მაშასადემე ვარსებობ“ პარაფრაზი სიყვარულში შეიძლება ასე ჟღერდეს: „გიყვარვარ, მაშასადამე ვარსებობ“ (De Neuter & Bastien, 2007).
ლაკანის ცნობილი ფორმულა - „მე შენ მიყვარხარ, მაგრამ, რადგან შენში ჩემთვის აუხსნელად რაღაც შენზე მეტი მიყვარს - ობიექტი პატარა “ა”, მე შენ გასახიჩრებ“ [1] - სიყვარულის პარადოქსულ სტრუქტურას გამოხატავს. სუბიექტს უყვარდება არა სხვა, როგორც ასეთი, არამედ ის აღმნიშვნელები მასში, რომლებიც მისთვის ოდესღაც განცდილი სიყვარულის აღმნიშვნელებია. „სიყვარული ითხოვს სიყვარულს და ის ამ მოთხოვნას არასოდეს წყვეტს, ის კიდევ და კიდევ ითხოვს“ [2], თუმცა სიყვარულის ისტორიები არ მეორდება - ისინი მხოლოდ ირითმებიან. ამგვარად, სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორი ადამიანის სასიყვარულო აღმნიშვნელთა ვირტუალური შეხვედრა, „ყოველი სიყვარული ორი არაცნობიერი ცოდნის გარკვეულ ურთიერთობას ეყრდნობა“ [3] (Lauru, 2001).
ფროიდის მიხედვით, შეყვარებულობა ობიექტზე ეგო-ლიბიდოს ისეთი ინტენსივობით გადმოღვრას გულისხმობს, რომ მას ძალუძს შეასუსტოს განდევნის მოქმედება და აღადგინოს პერვერსიული ტენდენციები, მას ობიექტი იდეალის ხარისხამდე აყავს (Freud, 1914/2005). სწორედ ეს ხსნის იმ სუბიექტური გაქრობის შფოთვებს, რომლებიც ხშირად ახლავს სასიყვარულო ვნებას. სრული შერწყმა ზოგიერთი წყვილისთვის იდეალს წარმოადგენს, თუმცა ასეთი იდეალი ყოველთვის მოიცავს საფრთხეს: შერწყმა გულისხმობს განსხვავებულობის წაშლას და, სულ მცირე, ერთ-ერთი პარტნიორის სუბიექტურ „გაქრობას“.
ამასთანავე, სასიყვარულო მდგომარეობისთვის დამახასიათებელ ეიფორიისა და გარკვეული იმედგაცრუების შემდეგ განვითარებულ, ზოგჯერ უკიდურესად მძაფრ დეპრესიას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ამ თვალსაზრისით ჩნდება კითხვა: ხომ არ შეიძლება სასიყვარულო მდგომარეობა ნორმალურ მანიად განვიხილოთ, ხოლო დეპრესია - სასიყვარულო მელანქოლიად? (Lauru, 2001).
ფანტაზმი
რას ეფუძნება სასიყვარულო ურთიერთობა, თუ არა ფანტაზმს? პირველადი სიყვარულის გამოცდილება და მისი შემდგომი დაკარგვა სუბიექტის ფსიქიკურ ცხოვრებაში მნესტიკურ კვალს ტოვებს. ეს კვალი ჩაწერილია სუბიექტის არაცნობიერში და შესაბამისად მისი ხელახალი მოხელთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვითი რეგისტრის - ფანტაზმის მეშვეობით. ფროიდისეული პერსპექტივით, ფანტაზმი შეიძლება გავიგოთ როგორც არაცნობიერი სცენარი, რომელიც მონაწილეობს აღქმის ორგანიზებაში, მიმართულებას აძლევს სურვილს დაგავლენას ახდენს სუბიექტის არჩევანსა და ქცევაზე. იგი ერთგვარი ჩარჩოა, რომლის საშუალებითაც სუბიექტი არა მხოლოდ რეალობას ინტერპრეტირებს, არამედ საკუთარ ადგილსაც განსაზღვრავს სხვის სურვილში. ამიტომ, როდესაც საყვარელ ადამიანს ვეუბნებით „მიყვარხარ“, ამ გამონათქვამში შეიძლება ფარულად ისმოდეს მოთხოვნაც: „მსურს, რომ ჩემი ფანტაზმის სცენარში გარკვეული როლი შეასრულო“. (De Neuter & Bastien, 2007).
სასიყვარულო არჩევანში მეორე ადამიანი იკავებს იმ ადგილს, რომელიც სუბიექტის არაცნობიერ ფანტაზმში უკვე სტრუქტურირებულია. სწორედ ამიტომ შეყვარებულს ხშირად შეუძლია განსაზღვროს, თუ ვინ უყვარს, თუმცა უჭირს იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა უყვარს მასში. აქ შესაძლებელია პარალელის გავლება ფროიდის მელანქოლიის ფორმულასთან: მელანქოლიკმა იცის, ვინ დაკარგა, მაგრამ არ იცის, რა დაკარგა მასში. მსგავსად ამისა, შეყვარებულმა იცის თავისი სიყვარულის ობიექტი, მაგრამ ბოლომდე არ იცის ის „რაღაც“, რაც ამ ობიექტს მისი სურვილის მიზეზად აქცევს.
ლაკანისთვის ფანტაზმი განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული მიმართება წარმოსახვით ობიექტთან - ობიექტ პატარა „ა“-სთან, სხეულის იმ ფრაგმენტთან, რომელსაც სუბიექტი სხვაში ეძებს, რადგან მიაჩნია, რომ სწორედ ის შეძლებს იმ ფუნდამენტური ნაკლის შევსებას, რომელიც სხეულის გარკვეული ნაწილების დაკარგვის შედეგად წარმოიშვა. ასეთ ობიექტებს მიეკუთვნება, მაგალითად, დედის მკერდი (რომელსაც ბავშვი თავდაპირველად საკუთარი სხეულის ნაწილად აღიქვამს), ასევე ხმა და მზერა (რადგან საკუთარი თავის დანახვა ისე, როგორც სხვა გვხედავს, შეუძლებელია). აქვე ნათლად იკვეთება განსხვავებაც ფროიდისა და ლაკანის პერსპექტივებს შორის: ფროიდთან მოთხოვნა იქნებოდა - „იყავი დედა ჩემთვის“, ხოლო ლაკანიანურ პერსპექტივაში იგი ასე ფორმულირდება - „იყავი ჩემთვის დედობრივი მკერდი ან მზერა“ (De Neuter & Bastien, 2007). ამგვარად, სასიყვარულო პარტნიორს მოეთხოვება არა მხოლოდ პირველადი ობიექტის ჩანაცვლება, არამედ იმ დაკარგული ობიექტის ფუნქციის განსახიერებაც, რომელიც სუბიექტის ფანტაზმის ორგანიზებას უზრუნველყოფს.
შორს რომ არ წავიდეთ, ასე გვიხსნის გალაკტიონი ფანტაზმის რაობას სიყვარულის მდგომარეობაში:
« რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული ».
ლირიკული სუბიექტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, ემთხვევა თუ არა საყვარელიადამიანი თავის რეალურ სახეს. პირიქით, იგი პირდაპირ აცხადებს, რომ უყვარს მასში საკუთარიოცნება და მზად არის ცდებოდეს, რადგან სწორედ ეს „ბოდვა“ ქმნის სიყვარულის დღესასწაულს. სასიყვარულო ობიექტის მიუწვდომლობაც შემთხვევითი არ არის: დისტანცია იცავს ფანტაზმსრეალობასთან შეჯახებისგან და საშუალებას აძლევს ობიექტს, შეინარჩუნოს ის ბრწყინვალება, რომელსაც სუბიექტის სურვილი ანიჭებს. ამგვარად, გალაკტიონი პოეტური ენით გადმოსცემს იმას, რასაც ფსიქოანალიზი ფანტაზმის ფუნქციად განსაზღვრავს: სუბიექტს უყვარს არა მხოლოდ სხვა, არამედ საკუთარი სურვილის სცენა, რომელიც სხვაში სხეულდება.
თუმცა წყვილის ურთიერთობაში ერთმანეთს არა ერთი, არამედ ორი ფანტაზმი ხვდება. მათი თანაარსებობა გარდაუვალ სირთულეს შეიცავს, რადგან თითოეული პარტნიორი მეორეს საკუთარი ფანტაზმის ჩარჩოში ანიჭებს ადგილს, ხოლო ამავე დროს თავადაც იკავებს გარკვეულ პოზიციას სხვის წარმოსახვით სცენარში. ეს ურთიერთშეთავსება ნათლად ჩანს სადომაზოხისტურ ურთიერთობაში, სადაც ერთი პარტნიორი აქტიურ, მაკონტროლებელ ან დამსჯელ პოზიციას იკავებს, მეორე კი - დამორჩილებულის ან მსხვერპლის პოზიციას. ასევე ხშირად გვხვდება „გადამრჩენლის“ ფანტაზმი რომლის მიზანსცენაშიც ერთი იკავებს მზრუნველი, დამცველი და ხშირად დედობრივი ფიგურის პოზიციას, მეორე კი წარმოდგება როგორც უმწეო, ინფანტილური ან მუდმივად გადასარჩენი. დროთა განმავლობაში იგივე კომპოზიცია, რომელმაც წყვილი გააერთიანა, შეიძლება მათიკონფლიქტების ყველაზე მყარ საფუძვლად იქცეს. პარტნიორებს უჭირთ ამ პოზიციების დატოვება, რადგან მათი ცვლილება არა მხოლოდ ურთიერთობის წესს, არამედ თითოეული მათგანისსურვილისა და იდენტობის ორგანიზაციასაც ემუქრება. ამ თვალსაზრისით ფანტაზმი შეიძლება მართლაც გადაიქცეს იმ „უხეშ კლდედ“[4], რომელსაც წყვილი როგორც შეუძლებლობას ისე აწყდება.
ზოგჯერ ფანტაზმური ლოგიკა იქამდე მიდის, რომ სუბიექტი ცდილობს სრულად გაიგივდეს იმ ობიექტთან, რომელიც სხვაში სურვილს იწვევს. ისტერიული პოზიცია ამ ლოგიკას მკაფიოდ წარმოაჩენს. როდესაც ლაკანი ამბობს, რომ ისტერიულის სურვილი სხვისი სურვილის სურვილია, იგულისხმება არა მხოლოდ სურვილი, იყოს სასურველი, არამედ კითხვაც: „ვინ ვარ მე სხვის სურვილში?“ ამ კითხვაზე საპასუხოდ სუბიექტი შეიძლება სრულად იდენტიფიცირდეს სხვისი სურვილის მიზეზთან და გახდეს მისი ობიექტი პატარა ა (De Neuter & Bastien, 2007).
მაგალითად, ისტერიულმა სუბიექტმა შეიძლება დაიკავოს ის პოზიცია, რომელსაც პერვერსიული სტრუქტურის მქონე სუბიექტი საკუთარ სცენაში სთავაზობს, და ამ გზით ჩაერთოს ისეთ პრაქტიკებში, რომლებიც მისთვის მატრავმირებელი ხდება. ამგვარი ეროტიკული მიზანსცენის კინემატოგრაფიულ ილუსტრაციად შეიძლება განვიხილოთ ფილმი „9½ კვირა“, სადაც ურთიერთობა თანდათან ექცევა კონტროლის და სუბიექტებს შორის საზღვრების მოშლის ლოგიკაში. ჰანეკეს „პიანისტი ქალი“ კი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება კაცი პერვერსიული სტრუქტურის მქონე ქალის მსხვერპლად იქცეს. ზოგადად, პერვერსიულ ურთიერთობაში ერთ-ერთი პარტნიორის სრული ობიექტივაცია ხდება, უგუვებელყოფილია მისი როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა და გათელილია პიროვნული მახასიათებლები, პაციენტებისგან გვესმის - „აღარ ვარ ჩემი თავი, არ ვიცი როგორ დავკარგე ჩემი პიროვნება, ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ რაც ჩემში ზიზღს იწვევს, მაგრამ უძლური ვარ გამოვიდე ამ ურთიერთობიდან“. ზოგიერთ ქალთან გვხვდება პენისის როგორც ობიექტის ძიება ფანტაზმის ფორმით - სრულიად არაცნობიერი მანამ, სანამ ის ანალიზის პროცესში არ გამოვლინდება როგორც მამაკაცის ემასკულაციის ფანტაზმი. ემასკულაციის ეს ფანტაზმი ეკრანზე გადაიტანა ავტორმა ფილმისა „გრძნობათა იმპერია“. ეს ფილმი შეიქმნა იაპონურ ქრონიკაში ფართოდ განხილული რეალური შემთხვევის საფუძველზე (De Neuter & Bastien, 2007).
თუმცა გარეგნულად პათოლოგიური სასიყვარულო კავშირი ყოველთვის მხოლოდ დესტრუქციის წყაროდ არ გვევლინება. ლაკანმა შემოგვთავაზა სიყვარულის ტოპოლოგიური ვარიანტი, რომელსაცშეიძლება ვუწოდოთ „პროთეზული“ ან „სინთომური[5] სიყვარული“. ეს არის ისეთი სიყვარული, რომელიც გარეგნულად პათოლოგიურ ურთიერთობას ჰგავს, მაგრამ სუბიექტს აძლევს საშუალებასიცხოვროს შედარებით ნაკლები ფსიქიკური ტანჯვით, რამდენადაც ეს სასიყვარულო კავშირი წარმოადგენს სუბსტიტუტს, ჩამნაცვლებელს იმ ნაპრალისა, რომელიც არსებობს სუბიექტის რეალურის, წარმოსახვითის და სიმბოლურის კვანძში. ჯერ კიდევ ფროიდი საუბრობდა სიმპტომზე, როგორც განკურნების მცდელობაზე და შესაბამისად სიმპტომური და სინთომური სასიყვარულოკავშირი შეიძლება გახდეს დესტრუქტურაციის, ჩამოშლის წინააღმდეგ აღმართული ბარიერი, ბარიერი, რომელმაც შეიძლება სუბიექტი ფსიქოტური დეკომპესაციისგან დაიცვას (De Neuter & Bastien, 2007). ამგვარად, სიყვარული აქ აღარ არის მხოლოდ სურვილის ან ფანტაზმის სივრცე, იგი შეიძლებაგახდეს ფსიქიკის სტრუქტურის დამჭერი.
და ბოლოს, თუ ფანტაზმი ერთი მხრივ სასიყვარულო ობიექტს სურვილის სცენარში ანიჭებს ადგილს და ორ სუბიექტს შორის თანხვედრად წარმოჩინდება, მეორე მხრივ ამ შეხვედრის საზღვარსაც ავლენს. ამ საზღვარს ლაკანი თავის ცნობილ ფორმულაში გამოხატავს: “არ არსებობს სექსუალური მიმართება” (Il n’y a pas de rapport sexuel). ფრანგულში სიტყვა rapport, ერთი მხრივ, ყოველდღიურ ენაში სექსუალურ ურთიერთობას აღნიშნავს, ხოლო, მეორე მხრივ, მათემატიკურ და ლოგიკურ მნიშვნელობასაც ატარებს - შესაბამისობას, თანაფარდობას, ურთიერთმიმართებას. ლაკანის მიხედვით სექსუალურ ურთიერთობაში ფალოსის ფუნქცია აჩენს იმას, რომ მამაკაცსა და ქალს შორის არსებობს სტრუქტურული აცდენა და არა პირიქით - სრული თანხვედრა და შერწყმის შესაძლებლობა (Gournel, 2019). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფალოსი, როგორც სურვილისა და დანაკლისის აღმნიშვნელი, ორ სუბიექტს შორის ერთიანობას კი არ უზრუნველყოფს, არამედ ცხადყოფს, რომ თითოეული სუბიექტი სურვილს განსხვავებული გზით უკავშირდება. ამიტომაც მათი შეხვედრა ყოველთვის მოიცავს აცდენას და ფუნდამენტურ ასიმეტრიას.
სიძულვილი
Pathologie: pathos - ვნება, logos - სწავლება; ამგვარად სიტყვასიტყვითი „პათოლოგია“ „ვნებების შესწავლას“ ნიშნავს, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვნება რაღაც კუთხით თავის თავში შეიცავს პათოლოგიურ ნაწილს, რასაც ადასტურებს ის ხშირი ფაქტი, თუ როგორ გადაიზრდება ხოლმე ვნებიანი „გიჟური“ სიყვარული პათოლოგიაში, აგრესიულ დესტრუქციაში, ერთმანეთის განადგურების სურვილში. ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარულის მდგომარეობას ყოველთვის თან ახლავს - ტანჯვა, რომელიც საწყის ეტაპზე გამოხატულია როგორც „ვნება“ და თანდათანობით შეიძლება ტრანსფორმირდეს მორალურ ტანჯვაში და სულის ტკივილში (Gori, 2010).
სასიყვარულო ურთიერთობის საწყის ეტაპზე მოსმენილი ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „აქამდე თურმე არ მიცხოვრია, ვიპოვე ჩემი მოერე ნახევარი, ზუსტად ერთნაირები ვართ, სხვებმა არ იციან რა ყოფილა ცხოვრება“ და სხვა მსგავსი გამონათქვამები, შესაძლოა ავის მომასწავებელი აღმოჩნდნენ - გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტი „სიგიჟით“ და აღფრთოვანებით იწყება ურთიერთობა, მით მეტი იმედგაცრუებით და ტკივილით შეიძლება დამთავრდეს. მტკივნეული განშორების შემდეგ როგორც წესი ადგილი აქვს სასოწარკვეთას, დეპრესიას, აგრესიას, შურისძიების სურვილს და სხვა აფექტურ ემოციებს.
რატომ შეიცავს ვნებიანი სიყვარული სიძულვილის და განადგურების კომპონენტს? - ფროიდის აზრით, გარე სტიმულისგან თავის დასაცავად ეგო ცდილობს შეინარჩუნოს ჰომეოსტაზი და განდევნოს ის, რაც არღვევს სიამოვნებას, ანუ სიძულვილი არის ეგოს თავდაცვითი რეაქცია გარე სამყაროზე. აქედან გამომდინარე, სიძულვილის არსებობა წინ უსწრებს სიყვარულს და ამავე დროს მედლის ორ მხარეს წარმოადგენენ - არ არსებობს სიყვარული სიძულვილის გარეშე; სწორედ ამ ამბივალენტობის შესახებ ქმნის ლაკანი ნეოლოგიზმს „hainamoration“, სადაც გააერთიანა ორი სიტყვა: haine - სიძულვილი და énamoration - სიყვარული (De Neuter & Bastien, 2007). თუ სასიყვარულო ურთიერთობაში დავაკვირდებით სიყვარული-სიძულვილის დინამიკას, დავინახავთ, რომ როდესაც ურთიერთობა ირღვევა და სადისტურ სტადიაზე რეგრესირებს, სიძულვილი ეროტიკულ ხასიათს იძენს და რიგ შემთხვევებში შესაძლოა სასიყვარულო კავშირის უწყვეტობის გარანტიც კი გახდეს (Lauru, 2001).
როდესაც სიძულვილი ხდება სასიყვარულო ურთიერთობების მაორგანიზებელი ძალა, მისი გამოხატულება ყოველთვის თვალსაჩინო არ არის. მაგალითად, ერთი შეხედვით კონფორმისტი, სოციალურ ნორმებზე მორგებული სუბიექტი, საკუთარ თავში უარყოფილ[6] (désavouée) ტანჯვას შესაძლოა ობიექტზე გამანადგურებლად პროეცირებდეს, და რაც უფრო მეტად არის ეს დინამიკა პერვერსიული ცოდნით (savoir-faire pervers) გადაფარული, მით მეტად უსხლტება იგი კლინიკურ დაკვირვებას. ეს სიმბოლური მნიშვნელობით მშვიდი და ცივი მკვლელობაა. ასეთმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შემოატრიალონ წესი და კანონი თავიანთ სასარგებლოდ, როგორ აღმოაჩინონ სხვის ენასა და მეტყველებაში არსებული გარდაუვალი უზუსტობა თუ ნაკლი და მისივე წინააღმდეგ გამოიყენონ (Gori, 2010).
სიძულვილით აღსავსე ვნების ლოგიკაში დაკარგვას განსაკუთრებული ადგილი უკავია. აქ დაკარგვა არ უნდა გავიგოთ როგორც განშორება ან ობიექტის რეალური გაქრობა; იგი წარმოადგენს იმფუნდამენტურ ოპერაციას, რომლის მეშვეობითაც სუბიექტი ყალიბდება რეალობასთან მიმართებით. გორი ამ იდეას ფროიდის Fort/Da-ს თამაშს უკავშირებს: ბავშვი, რომელიც განმეორებით ისვრისნაცნობ საგნებს, არაფერ სხვას არ აკეთებს, თუ არა გარეგანის წარმოქმნას. მართალია, გარემო ფიზიკურად მანამდეც არსებობდა, მაგრამ ფსიქიკური თვალსაზრისით იგი მხოლოდ მაშინ იძენსარსებობას, როდესაც ობიექტი იკარგება. სწორედ დაკარგვა წარმოშობს განსხვავებას საკუთართავსა და მეორეს, შიდას და გარეს შორის. ფსიქოანალიზი ამ პროცესს სიმბოლიზაციას უწოდებს, რადგან დაკარგული ობიექტი რეალური სახით კი აღარ არის ხელმისაწვდომი, არამედ ის ადგილს უკვე სიმბოლურ რეგისტრში იკავებს. მკვლელობა წერას ჰგავს: ორივე შემთხვევაში, მაგრამ განსხვავებულად, მეტყველებაში დუმილის და სიცოცხლეში სიკვდილის შემოტანით, არყოფნის ყოფნად წარმოქმნას გულისხმობს. ყოველი სიმბოლიზაცია რაღაცას „კლავს“ - სიტყვა ანაცვლებს საგანს, აღმნიშვნელის გაჩენა საგნის სიკვდილის ფასად ხდება. ენისა და საუბრის „მელანქოლიზაციაში“[7] გადაგდებული და დაკარგული შესაძლებელია ხელახლა ვიპოვოთ, უფრო სწორად შევქმნათ. თუმცა როდესაც სუბიექტური თუ კოლექტიური მიზეზების გამო დაკარგული ვერ იქნა ნაპოვნი-შექმინილი[8] ენაში და ენის საშუალებით, მაშინ ახლიდან უნდა გადავაგდოთ და დავკარგოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ და შევქმნათ (Gori, 2010).
თუ ვინიკოტის ხედვას წყვილის ურთიერთობაშიც გადმოვიტანთ, შესაძლოა ითქვას, რომ ურთიერთობაში ხშირად ადგილი აქვს ტრანზიციულ სივრცეს (De Neuter & Bastien, 2007). ვინიკოტისთვის სწორედ ტრანზიციულ სივრცეში ხდება შინაგანი და გარეგანი რეალობების დიფერენციაცია. ეს არის ის შუალედური სივრცე, სადაც ბავშვი თანდათან სწავლობს, რომ ობიექტიარც მთლიანად მისი შინაგანი ფანტაზმის ნაწილია და არც სრულიად უცხო და მტრული რეალობა. სწორედ აქ იწყება “სუბიექტური ობიექტის” გარდაქმნა გარე ობიექტად.
ამ გარდაქმნის აუცილებელი პირობაა ის, რასაც ვინიკოტი „ობიექტის განადგურებას“ უწოდებს. საუბარი არ არის რეალურ განადგურებაზე. სუბიექტი ფანტაზმში ანადგურებს ობიექტს, რათა გამოსცადოს, გადაურჩება თუ არა იგი ამ დესტრუქციულ იმპულსს. სანამ სუბიექტისთვის ობიექტიმხოლოდ პროექციების მატარებელია, სუბიექტი რეალურად საკუთარ შინაგან სამყაროსთანურთიერთობს. მაგრამ როდესაც ობიექტი გადაურჩება ამ ფანტაზმურ განადგურებას დადამოუკიდებელ არსებად აღიარება მოხდება, შესაძლებელი ხდება მისი გამოყენება[9]. სწორედ აქგადადის ურთიერთობა ფანტაზმური სივრციდან გაზიარებული რეალობის სივრცეში. ამიტომაცგანასხვავებს ვინიკოტი „ობიექტთან მიმართებასა“ და „ობიექტის გამოყენებას“. მიმართების დროსობიექტი ჯერ კიდევ სუბიექტის ყოვლისშემძლეობის ფანტაზმის ფარგლებში არსებობს, მაშინროდესაც გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ობიექტი აღიარებულია როგორც რეალური, დამოუკიდებელი და საკუთარი სურვილის მქონე სხვა. ეს არის გადასვლა ნარცისული ყოვლისშემძლეობიდან ურთიერთობის რეალობაში (De Neuter & Bastien, 2007).
ვინიკოტი ამ გადასვლას ფროიდის სიამოვნებისა და რეალობის პრინციპებს შორის განათავსებს. სიამოვნების პრინციპი პირველადი პროცესების ლოგიკას ემორჩილება: დაუყოვნებელი დაკმაყოფილება, ყოვლისშემძლეობის ფანტაზმი და ობიექტის სრული კონტროლის ილუზია. რეალობის პრინციპი კი გულისხმობს გადავადებას, დანაკლისის აღიარებასა და გარე რეალობისმიღებას. სიამოვნების პრინციპიდან რეალობის პრინციპზე გადასვლა მყისიერად არ ხდება. მათ შორის არსებობს ტრანზიციული სივრცე, სადაც ბავშვი თანდათან სწავლობს, რომ ობიექტი არცმთლიანად მის მიერ შექმნილია და არც მთლიანად მისგან დამოუკიდებელი უცხო სხეულია. სწორედ ამ სივრცეში ყალიბდება რეალური ურთიერთობის შესაძლებლობა (De Neuter & Bastien, 2007).
ეს პროცესი ცენტრალურ მნიშვნელობას იძენს სასიყვარულო ურთიერთობაშიც. პარტნიორი ვერ დარჩება მხოლოდ ფანტაზმის ან სურვილის ობიექტად. იმისათვის, რომ ურთიერთობა რეალურად ჩამოყალიბდეს, აუცილებელია მეორე აღიარებულ იქნას როგორც დამოუკიდებელი, ავტონომიური დანაწილობრივ გაუკონტროლებელი სუბიექტი. სწორედ ამიტომ სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისში ხშირად ვხვდებით არაცნობიერ ტენდენციას, რომ პარტნიორმა თითქოს „გამოცდა“ უნდაჩააბაროს: გაუძლებს თუ არა აგრესიას, იმედგაცრუებას, განშორების მუქარას ან დისტანცირების მცდელობას. „ვცდილობ დაგშორდე, რათა გავიგო, საკმარისად ძლიერი ხარ თუ არა იმისთვის, რომ ჩემს დაშორებას და შენგან განცალკევების სურვილს გაუძლო; მაგრამ ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ამ განცალკევებაში თავს საკმარისად კარგად იგრძნობ და საბოლოოდ დამტოვებ“ (De Neuter & Bastien, 2007).
ამიტომ, თუ სუბიექტი აღწევს იმას, რასაც ვინიკოტი „ობიექტის გამოყენებას“ უწოდებს, იგი ნაკლებადხდება დამოკიდებული ობიექტის მუდმივ ხელმისაწვდომობაზე. ურთიერთობა აღარ ემყარებაშერწყმის მოთხოვნილებას ან ყოვლისშემძლეობის ფანტაზმს, არამედ ორი განცალკევებული სუბიექტის თანაარსებობას, რაც უფრო მეტად გადაურჩება ობიექტი განადგურებას, მით მეტადაა სიყვარული შესაძლებელი (De Neuter & Bastien, 2007).
ვინიკოტისთვის სწორედ „საკმარისად კარგი დედა“ ქმნის იმ პირველ გამოცდილებას, სადაც ბავშვიაღმოაჩენს, რომ ობიექტი არ ინგრევა მისი აგრესიის შედეგად. თუ ეს გამოცდილება არასაკმარისია, მისი გადამუშავება მოგვიანებით ხშირად ანალიტიკურ ურთიერთობაში ან სასიყვარულო კავშირშიგრძელდება. ამდენად, ანალიტიკოსიც და სასიყვარულო პარტნიორიც შეიძლება იქცნენ იმობიექტებად, რომლებმაც უნდა გაუძლონ სუბიექტის დესტრუქციულ ფანტაზმებს, რათა საბოლოოდ შესაძლებელი გახდეს მათი აღიარება როგორც რეალური, დამოუკიდებელი და გაზიარებულ სამყაროში არსებული სხვებისა.
ეროტომანია - „სიყვარულის სიგიჟე“
სიყვარულმა შეიძლება მრავალფეროვანი ფორმა და ინტენსივობა მიიღოს - დაწყებული ნევროტული, შედარებით მშვიდი თუ ვნებიანი სიყვარულიდან და დასრულებული ფსიქოტური ეროტომანიით. თუმცა, ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით, როგორც ნევროტული, ისე ფსიქოტური ვნება თავის თავში შეიცავს ეროტომანიის მარცვალს. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ნევროზის შემთხვევაში ეს ბირთვი განდევნის მექანიზმის გავლენით არაცნობიერში რჩება, ხოლო ფსიქოზში იგი სიმბოლური დამუშავების გარეშე, დაუფარავად, ნედლი სახით ვლინდება. ამ თვალსაზრისით, სიყვარული შეიძლება განვიხილოთ როგორც მეტ-ნაკლებად „მოშუშებული ნაწიბურები“, რომელთაუკან ფუნდამენტური ეროტომანია დგას (Gori, 2010).
„მე ვარ ის, ვინც სხვას უყვარს“ - კლერამბოს მიერ აღწერილი ეროტომანიული ბოდვისფუნდამენტურ პოსტულატი - ეროტომანი დარწმუნებულია, რომ ინიციატივა სხვისგან მოდის და სასოწარკვეთილად ეძებს ამის დადასტურებას. იგი ცდილობს რეალობაში იპოვოს ნიშნები, რომლებიც ამ წინასწარ არსებულ დარწმუნებულობას დაადასტურებს. „სხვას რაღაც უნდა ჩემგანდა მისი სურვილი კორელაციაში მოდის ჩემს, როგორც სუბიექტის არსებობასთან“ - სუბიექტის არსებობის საფუძველი სხვის სურვილზეა დამოკიდებული, იგი არსებობს იმდენად, რამდენადაც დარწმუნებულია, რომ სხვისი სურვილის ობიექტია. კლერამბოს კიდევ ერთიმნიშვნელოვანი დაკვირვებაა, რომ ერთი ნახვით სიყვარული ხშირად სევდიან მდგომარეობაში ჩნდება. ეროტომანიის შემთხვევაში ეს სევდა უკიდურეს ინტენსივობას აღწევს და ხშირად მელანქოლიურ მდგომარეობას წარმოადგენს. ამდენად, ეროტომანიული ვნება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მელანქოლიის საწინააღმდეგოდ აგებული თავდაცვითი კონსტრუქცია, რომელიც სუბიექტს ფსიქიკური დაშლისგან იცავს (Gori, 2010).
ეროტომანიული ბოდვის ობიექტი ხშირად მაღალი სოციალური სტატუსის მქონე პიროვნებაა - საზოგადოებაში პრესტიჟული, ავტორიტეტული ან ძალაუფლების მატარებელი ფიგურა. ასეთიარჩევანი შემთხვევითი არ არის: სწორედ ამ ფიგურას ენიჭება დიდი სხვის ფუნქცია. ეროტომანიულ და ფილიაციის ბოდვას შორის ბევრი ჰომოლოგია არსებობს, რადგან ორივე შემთხვევაში სუბიექტის არსებობა დიდი სხის ფიგურას უკავშირდება, თუმცა ფილიაციის ბოდვის შემთხვევაში სუბიექტიამავე დროს თავს მიაკუთვნებს განსაკუთრებულ გვარს, წარმომავლობას ან სიმბოლურ ხაზს, რომელშიც დიდი სხვაა ჩაწერილი. შეიძლება ითქვას, რომ ამ გზით იგი ცდილობს შეიქმნას, მოიპოვოს სახელი, ან მინიმუმ სახელი დაარქვას იმ პრიმორდიალურ ტანჯვას, რომელიც არსებობის ფუნდამენტური გახლეჩიდან იღებს სათავეს (Gori, 2010).
ფროიდის მიხედვით, იდეალიზებული დიდი სხვა ბავშვობისდროინდელი დაკარგული ნარცისიზმის კვალს ატარებს და პირველადი სისავსის ნოსტალგიას აღძრავს. ეს იდეალიზირებული ობიექტი შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც „მე-იდეალს“ (moi idéal), ისე ერთადერთ, ჩაუნაცვლებელ დედობრივ იმაგოს. ამასთან დაკავშირებით როლანდ გორის მოჰყავს ფრანსუა პერიეს (1967) პირვანდელი ინტერპრეტაცია - “ეროტომანი ეძებს პარციალური ობიექტის დაკარგვას“ და ამატებს მისი აზრის შემდგომ განვითარებას, რომ თითქოს ეროტომანში უნდა არსებობდეს ისეთი ადგილის დანაკლისი, რომელიც პარციალური ობიექტის სიმბოლიზაციას მოახდენდა. იმისათვის რომ წარმოიშვას სურვილი, ობიექტი უნდა დაიკარგოს; ამ კუთხით ანორექსიის დროსაც მსგავსი ხდება - ანორექსიკი ხანდახან სიკვდილამდეც კი მიდის იმისათვის რომ მივიდეს „არაფრამდე“, სადაც დანაკარგია, შემდეგ კი უჩნდება კვების სურვილი (Gori, 2010).
ფროიდმა ტრანსფერი სიყვარულს შეადარა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ ტრანსფერი არის ნამდვილი სიყვარული. ლაკანის შემდეგ, კლერამბოს გავლით, ახლა უკვე შეგვიძლია გამოვავლინოთ, რომ ვნების ყველა ფორმის საფუძველში დგას პირველადი ეროტომანიული პოზიცია, მიუხედავად იმისა, ნევროტული ფორმით ვლინდება იგი თუ ფსიქოტური. ის, რასაც ტრანსფერი და ეროტომანია უპირისპირდება, არის გლოვის მუშაობა, თუმცა ეს გლოვა ნაკლებად ეხება იმას, რაც დაიკარგა, არამედ უფრო მეტად იმას, რაც არარეალიზებული დარჩა. სწორედ ეს დანაკარგი წარმოადგენს არაცნობიერის ყველა ფორმაციისა და ყველა ვნების მიცელიუმს (Gori, 2010).
განკურნება?
სასიყვარულო ურთიერთობაში ხშირად ჩაქსოვილია სხვადასხვა სახით გამოხატული ისეთი სიმპტომები და გამოცდილებები, რომლებმაც ვერ იპოვეს მეტაფორიზაციის ადგილი და ვერ შეძლეს ენაში მოხვედრა, ენაში, სადაც ტკივილი იქცეოდა თხრობად და მოხდებოდა დანაკარგის სიმბოლიზაცია.
სწორედ აქ იკვეთება ფსიქოანალიზის საჭიროება, ანალიზი ქმნის იმ სივრცეს, სადაც შეუძლებელი თანდათან სიტყვად იქცევა. ის, რაც აქამდე მხოლოდ განმეორებად აქტად, სიმპტომად ან ტკივილად არსებობდა, ანალიზის საშუალებით ხდება ამ ყველაფრის მეტყველებაში აღმოცენება, სუბიექტური სიმართლის პოვნა, რათა მოხდეს განცდილი ისტორიის ხელახალი გადაწერა სიმბოლურ რეგისტრში.
ამავე დროს, სუბიექტური სიმართლის პოვნას, შესაძლოა დაუპირისპირდეს, როგორც ლაკანი იტყოდა, არცოდნის ვნება (la passion d'ignorer). ამ ორი ურთიერთდაპირისპირებული ტენდენციის არსებობის შესახებ შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ოიდიპოსის მითი: ჩვეულებრივ, ოიდიპოსის დანაშაული მამის მკვლელობასა და დედასთან ინცესტურ კავშირს უკავშირდება. თუმცა, მისი ნამდვილი „დანაშაული“ სხვა რამეში მდგომარეობს: მან არ ისურვა უცოდინრად დარჩენა. მან ამჯობინა სიმართლის ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოდნა საკუთარი სამყაროს ნგრევას ნიშნავდა. მის საპირისპიროდ იოკასტე (დედა) განასახიერებს სწორედ იმას, რასაც ლაკანი „არცოდნის ვნებას“ უწოდებს. ამგვარად იოკასტე წარმოადგენს იმ პერვერსიულ შემაცდენელს, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ძიება და გვიბიძგებს იმის არ ცოდნისკენ, რასაც ოიდიპოსის ცოდნის სურვილი ცდილობს რომ აღმოაჩინოს. ეს ორი პერსონაჟი შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენი ფსიქიკის ორ ანტაგონისტურ და ამავე დროს განუცალკევებელ მხარედ. შეიძლება ითქვას, რომ შეცნობის ყველა სურვილს ინცესტუალური წარმომავლობა აქვს, არღვევს აკრძალვას, რომელიც სხვა არაფერია თუ არა არცოდნის ვნება, რომელიც ქმნის ტკბობას (Gori, 2010).
ანალიზი ქმნის იმ მდგომარეობას, სადაც სუბიექტი თავს ათავსებს არცოდნის განზმომილებაში, აღიარებს საკუთარ არაცნობიერს და შემდგომში ეს არცოდნა ხდება სტრუქტურული ადგილისაიდანაც წარმოიშობა სიმართლის გაგების სურვილი (Gori, 2010). ანალიზი არ ცდილობს სუბიექტიდააბრუნოს იმ ილუზორულ მდგომარეობაში, სადაც აღარ არსებობს დანაკლისი, პირიქით, ანალიზი თანდათან გვაშორებს, გადაგვაკვეთინებს იმ ფანტაზმს, რომ შესაძლებელია არსებობდეს სიყვარული დანაკარგის და სურვილი ნაკლის გარეშე. მხოლოდ შემდეგ ხდება გასაგები ლაკანის შემდეგი სიტყვები „სიყვარული ნიშნავს გასცე ის, რაც არ გაქვს”. და ბოლოს, როგორც ფროიდი იტყოდა ძლიერი ეგოიზმი დაავადებისგან გვიცავს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებელია სიყვარული, რათა არ დასნეულდე, თუმცა მხოლოდ დასნეულება გრჩება, როდესაც საკუთარი უსუსურობიდან გამომდინარე მოკლებული ხარ სიყვარულის შესაძლებლობას (Freud, 1914/2005).
[1] « Je t’aime, mais, parce que inexplicablement j’aime en toi quelque chose de plus que toi, l’objet petit “a”, je te mutile» (J. Lacan, Séminaire XX, séance du 10 avril 1973).
[2] « L'amour - lui - demande l'amour, il ne cesse pas de le demander, il le demande encore!» (Lacan, J. 1975. Encore, livre XX, Paris, Le Seuil).
[3] « Tout amour se supporte d’un certain rapport entre deux savoirs inconscients.» (J. Lacan, Encore, Séminaire XX, Paris, Le Seuil, 1973),
[4] ფროიდის მეტაფორა, გამოყენებული 1937 წლის ნაშრომში „ანალიზი დასასრულით და დასასრულის გარეშე“, სადაც გამოყოფს ორივე სქესში ფემინური მხარის უარყოფის პრობლემატიკას, როგორც ანალიტიკური მუშაობის ერთ-ერთ ცენტრალურ წინააღმდეგობას.
[5] სინთომი არის ისეთი სიმპტომი, რომელსაც აქვს სიცოცხლისთვის აუცილებელი ფუნქცია - ხელახლა შეკრას სუბიექტისარასწორად შეკრული ფსიქიკური სტრუქტურა.
[6] Le désaveu და la dénégation ქართულად ორივე „უარყოფად“ ითარგმნება, თუმცა ერთსა და იმავე მექანიზმს არაღნიშნავს. La dénégation აშკარა, სიტყვიერი უარყოფაა, ხოლო le désaveu — იმპლიციტური, არაპირდაპირი უარყოფა, რომლის დროსაც სუბიექტი რეალობას ერთდროულად აღიარებს და უარყოფს.
[7] ენის მელანქოლიზაცია « Mélancolie du langage » აღნიშნავს პროცესს, რომლის მეშვეობითაც სიტყვები გამოეყოფა ხატებს (image), იმისათვის რომ არსებობაში მოიტანოს არარსებობა. (Pontalis, Perdre de vue, 1988)
[8] იგულისხმება ვინიკოტის გამოთქმა trouve-crée (Winnicott 1971, Jeu et realite).
[9] “The Use of an Object" - იგულისხმება ვინიკოტის მიერ აღწერილი ბავშვის განვითარების სტადია, სადაც მას ობიექტის გამოყენების უნარი უყალიბდება.
გამოყენებული ლიტერატურა:
· De Neuter, P., & Bastien, D. (2007). Clinique du couple. Érès.
· Freud, S. (2005). Pour introduire le narcissisme. In J. Laplanche (Éd.), Œuvres complètes: Psychanalyse(Vol. XII, 1913–1914, pp. 213–245). Presses Universitaires de France. (Œuvre originale publiée en 1914)
· Gori, R. (2010). Logique des passions. Flammarion.
· Gournel, M.-T. (2019). Il n’y a pas de rapport sexuel : Le fondement de la psychanalyse. Revue des Collèges de Clinique psychanalytique du Champ Lacanien, 18(1), 103–109. https://shs.cairn.info/article/RCCPCL_018_0103
· Lacan, J. (1975). Le Séminaire, livre XX: Encore (1972–1973). Éditions du Seuil.
· Lauru, D. (Éd.). (2001). Tomber en amour. Érès.




Comments