"ჯაყოს ხიზნების" ფროიდიანული ანალიზი
- ანკო პირველი

- 2 days ago
- 13 min read
შესავალი
მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების უმთავრეს შედევრზე საუბარი თავისთავად ძალზედ საპასუხისმგებლო და რთული ამოცანაა. შესაბამისად, მოცემული ანალიზი წარმოადგენს „ჯაყოს ხიზნებზე“ ფსიქოანალიტიკური რეფლექსიის მხოლოდ ნაწილობრივ მცდელობას.
“ჯაყოს ხიზნები” თავისი კომპლექსური და მრავალშრიანი შინაარსით ინტერპრეტაციების უსაზღვრო არჩევანს გვიტოვებს, თუმცა ლიმიტაციებიდან გამომდინარე ჩვენი ძირითადი ყურადღება უშუალოდ მთავარი გმირის -თეიმურაზის პერსონაჟზე შეჩერდება. უფრო კონკრეტულად, ვეცდებით ფროიდიანული რაკურსით გავაშუქოთ, რატომ არის თეიმურაზი სწორედ ისეთი, როგორიც არის, რა შეიძლება ხდებოდეს მის ფსიქიკაში და არაცნობიერში; სხვაგვარად რომ ვთქვათ, „თეიმურაზობა“, როგორც საქართველოს ჭირი, დავინახოთ არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შიდა, სუბიექტური პერსპექტივიდანაც. ამასთანავე, შევეცდებით, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, პარალელები გავავლოთ და გამოვკვეთოთ ზიგმუნდ ფროიდის და მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევს შორის არსებული თანხვედრები.
სანამ აღნიშნული საკითხის განხილვას დავიწყებდეთ, მნიშვნელოვანია მცირე შესავალი გავაკეთოთ უშუალოდ მიხეილ ჯავახიშვილის იმ მხარეზე, რომელიც ადამიანის უძირო ფსიქიკაზე დაკვირვებისა და შემდგომ ამ დაკვირვების ენაში მოხელთების საოცარ უნარს უკავშირდება. ჯავახიშვილი თავისი წერის მანერითა და ქართული ენის ფლობის განსაკუთრებული ოსტატობით ახერხებს, რომ პირდაპირი გზა გაიკვალოს, ჩამოშალოს ბარიერები და ადამიანის სულის ყველაზე დაფარულ კუნჭულებამდე შეაღწიოს; ბუნებრივია, იგი ამას ვერ შეძლებდა, პირველ რიგში საკუთარ სულში ხედვის უნარი რომ არ ჰქონოდა. მისი ჩანაწერებიდან ვკითხულობთ:
„დაკვირვება და ავტობიოგრაფია განუყრელად არის ერთმანეთში ჩახლართული. განცდილი და საკუთარი თვალით ნანახი ისევე არა ჰგავს მოგონილს, როგორც სულიერი უსულოს“.
„ვინც მუდამ იხედება თავის სულში, ის მუდამ ხედავს მხეცს, ნანობს. და თვითონვე აკრავს თავის თავს ჯვარზე. სწუხს, იგლიჯება. (და ჯვარცმულია)“.
მიხეილ ჯავახიშვილი და ზიგმუნდ ფროიდი ერთმანეთის თანამედროვენი იყვნენ და არც არის გასაკვირი, რომ ჯავახიშვილი კარგად იცნობდა ფროიდის იმ დროისთვის რევოლუციურ იდეებსა და აღმოჩენებს. თუმცა ის, თუ როგორ შეიგრძნობს საკუთარ თავში არაცნობიერის არსებობას, მისი დამოუკიდებელი აზროვნების სიღრმესა და მახვილ ინტუიციაზე მეტყველებს. ჯავახიშვილი როდესაც საკუთარი მუშაობის სტილს აღწერს, წერს შემდეგს:
“ღამით დანაწერის რითმი უფრო სწრაფია და მაღალი, მაგრამ ამავე დროს სახიფათოც არის და მავნებელიც. ზოგჯერ ღამე გამიტეხია, სამაგიეროდ მეორე დღეს აღარ ვვარგებულვარ. გმირთა სახე ლოგინში ჩაგყვება, გჯიჯგნის, გწურავს, გაწამებს. ტვინი მომართული საათივით მუშაობს, აღარ გემორჩილება, ვიღაც თუ რაღაც ტყვედ გიპყრობს და ცოცხივით დაგათრევს. ჯანსაღი შრომა მხოლოდ დღისით შეიძლება, ვინაიდან დღისით შენ თვითონ იმორჩილებ იმ ვიღაცას - ქვეშეცნობილს და მტკიცე ხელით მიგყავს იგი, როგორც გამოცდილ მხედარს თავგამწევი ცხენი, ღამით კი აღვირი მიშვებულია და გიჟი ცხენი უგზოუკვლოდ გაბორიალებს”.
„სანამ წერას შევუდგებოდე, ბინდ-ბუნდად ვხედავ ამბავის ღერძს, მთავარ იდეას და რამდენიმე გმირს. შემდეგ ეს ბინდი თანდათან იფანტება და ყველაფერს თანდათან ეფინება შუქი: ნივთი ხელშესახები ხდება, სახე მიახლოვდება, სურნელი მატულობს, თვალი უკეთ სჭრის და თითქოს ხუთივე გრძნობა იღვიძებს, მახვილდება და გამალებით მუშაობს. სადღაა გეგმა და წინდაწინვე დალაგებული სქმემა! გეგმა იმიტომ ინგრევა, რომ იგი მხოლოდ მშრალი გონების ნახელავია, წერის დროს კი „ორნი არიან, ძმანი არიან“. გონება და გუმანი ყევარივით მუშაობენ ხელიხელჩაკიდებულნი და ორგანულად შედუღებულნი. მათ თავის გზით მიჰყავთ მოთხრობა და წინანდელ გეგმისგან მხოლოდ მცირე ნაწილსღა სესხულობენ“.
როდესაც ჯავახიშვილს ვკითხულობთ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ერთი ამოსუნთქვით წერს, სიტყვების მდინარე უძალისხმევოდ მოედინება, მაგრამ ავტორის შემდეგი ჩანაწერი გვანახებს თუ როგორი შრომა და მიზანდასახულობა დგას ამ ყველაფრის მიღმა:
„გარემოებამ ორჯერ გამარუსა და ისე დამავიწყა ქართული, რომ საყველპუროც ძლივსღა მესმოდა. მაგრამ როცა გადავწყვიტე მწერლობისთვის მომეკიდნა ხელი, ქართულ წიგნს შევეკედლე, ზედიზედ სამი ზაფხული გავატარე ქართლში, მივიწყებულიც აღვიდგინე და ახალიც მრავლად შევიძინე. ლექსიკონი, სასულიერო წიგნები და საერთოდ კლასიკოსები - აი წინდი ყოველგვარი ხელობის გამარჯვებისა. ლექსიკის მუდმივი გამდიდრება და თავდაპირველად სასაუბრო ხალხური ენის შესწავლა ის საძირკველია, ურომლისოდაც ვერავითარი სალიტერატურო ძეგლი ვერ შეიქმნის. მეტსაც ვიტყვი: თუ საშუალო ნიჭის ავტორმა ზედმიწევნით იცის ქართული, ის ქართულის უცოდინარს ძლიერ ნიჭიერ მწერალსაც აჯობებს“.
„სანამ წერას შევუდგებოდე, კარგა ხანს აღარც უცხო ენაზე დაწერილ წიგნს ვეკარები. მიზანიც გასაგებია: ტვინის ენობრივი აპარატი სუფთა ქართულ მეტყველებაზე გადმომაქვს“.
„ჯაყოს ხიზნებმა აუარებელი მკითხველიც გამიჩინა და დამაწყევალიც, ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს - თუ გინდა ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყროთ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო. ჯერ ერთი, რუსებისა არ იყოს, კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, და მეორეც, საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და თეთრ საყელოს ვერავინ გამამეტებინებს.“
სამწუხაროდ არც არის გასაკვირი საზოგადოების მხრიდან მსგავსი აგრესია, მათ ხომ საკუთარი თავები დაინახეს თეიმურაზში, ჯაყოში და მარგოში. „ჯაყოს ხიზნები“ მართლაც უმძიმესი წასაკითხია უკლებლივ ყველასთვის. მეტიც, ეს რომანი იმ ეპოქის ბოლშევიკური სისხლით არის დაწერილი და ამიტომაც განსაკუთრებული სისასტიკით გვიდებს თვალწინ ხელის გულზე გადაშლილ ქართულ ხასიათს. თუმცა ყველაზე ტრაგიკული, ალბათ, ის არის, რომ თითქმის ასი წლის გასვლის შემდეგაც კვლავ მტკივნეულად აქტუალურია ჯაყო ჯივაშვილის ძალადობა და თეიმურაზ ხევისთავის უუნარობა — წინააღმდეგობა გაუწიოს მას და საკუთარი ღირსება დაიცვას.
„ჯაყოს ხიზნებს“ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. „ჯაყო გმინვაა ჩემი სულის“.
შინაარსი
– გამ...მმარჯვება, ჯაყო!
– ნათლია კნიაზს გახლავარ!
„და ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი ღიმილით და ხელგაშლით გადაეღობა თავის ნახიზნარსა და ნამოურავალს – ჯაყო ჯივაშვილს, რომელმაც ძველადვე ნაჩვევი ხელით ოსური ქუდი მარდად მოიშვლიპა, უცნაურად დაიჭიხვინა და თავისი ნაბატონევის ორივე ხელი, – დამდნარი, დონდლო და უძვლო ხელები ბუმბულზე გაზრდილ და წიგნებით შეჭმულ თეიმურაზ ხევისთავისა უმალვე თავის დათვურ თათში ჩაიმალა და ჩაიბღუჭა.
ჯაყომ ცალის ხელით დოინჯი შემოიყარა, ცხენის კბილები გააელვა და დაიჭიხვინა:
– მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!“
მწერალი ნაწარმოების დასაწყისშივე ნათელს ჰფენს ადამიანის ორ ურთიერთ დაპირისპირებულ ბუნებას - ერთი სრულიად ველური, უმი ლტოლვითი ძალა, ცივილიზებული სამყაროს მიერ გამოდევნილი და ჯაყოს სახით დაბრუნებული, როგორც ავტორი აღწერს „შავის, ხშირისა და აბურძვნილის ჯაგრით შემოსილი პირსახით, ტყიდან გამოვარდნილი დათვი“, მეორე კი, უმზეო ყვავილივით ნაზი და ლამაზი, ნატიფად ასხმული და ნაქანდაკევი, მწიგნობრობით დაღლილი, დაშრეტილი, გამოწურული და დამდნარი ნაკაცარი, ვიღაცამ მას ცოცხალი ენციკლოპედია დაარქვა.
თეიმურაზი არ პატრონობს მამა-პაპისეულ ქონებას, ფანტავს და ანიავებს:
„ტყეც და სსს... სახნავ-სათესიც ხალხს ეკუთვნის, თავი და... დდაანებე, ღალას ნუღარ გამოართმევ. ხალხი არ შეაწუხო... ბრძანების ნაცვლად ჯაყოს კვლავ დარიგებით გაბერავდა, მერე მარჯვნივ და მარცხნივ ნასწავლის რჩევას უხვად გააბნევდა, გლეხებს ათასს იმედს მისცემდა, მიწების განაწილებას დაჰპირდებოდა და, სვინდისდამშვიდებული, ისევ ტფილისისკენ მოეშურებოდა“. სადაც „მოუთმენლად ელოდებოდნენ მჭლე გაზეთი, კოტრი კოოპერატივი, ძილმორეული კულტურული საზოგადოება, სახალხო სახლი, უფასო კურსები და ათასი უთავბოლო ჩხირკედელობა, ფუსფუსი, ჩურჩული, ლაყბობა და ენის მოსაფხანი ამბავი“.
ჯაყო კი ნაბიჯ-ნაბიჯ, მოტყუებით ქურდავდა თავად თეიმურაზს, ითვისებდა საგვარეულო ქონებას, საგვარეულო სადაც თეიმურაზი ხევისთავების ბოლო წარმომადგენელია. ნაცარს იყრიდა თვალებში, მარჯვენა ყურში შეუშვებდა და მარცხენა ყურიდან გააფრენდა მასთან მიტანილ სიმართლეს, არც ეცალა თეიმურაზს ჭორების გამოძიებისთვის. თეიმურაზი ერკვეოდა ყველაფერში, იქნებოდა ეს გერმანელების დამკვიდრების საკითხი აფრიკაში, ინგლისის პოლიტიკა ეშმაკის კუნძულზე, ზანზიბარის სულთანის გარდაცვალების ამბები, რაიმე მეცნიერული გამოკვლევა თუ რომელიმე ქვეყნის რომელიმე მოღვაწის რომელიმე სიტყვის ახსნა-განმარტება. “თუ ვინმე გაჰბედავდა და თეიმურაზს კამათს აუტეხავდა, ქაღალდის ჩრჩილი მოპირდაპირეს უმალ ავტორებისა და ციტატების სეტყვით გააბრუებდა”.
ერთხელ კი “თეიმურაზის მყუდრო ცხოვრებაში დიდი გაუგებრობა მოხდა:
თეიმურაზმა მოულოდნელად ცოლი შეირთო”.
შეიძლება ითქვას, რომ თეიმურაზის შემთხვევაში ადგილი აქვს მოქმედებიდან აზროვნებამდე რეგრესიას, რასაც ფროიდი ობსესიურ ნევროზზე საუბრისას აღწერს. კერძოდ, ფსიქიკური ენერგია, რომელიც ქმედებაში უნდა რეალიზდებოდეს, უკან იხევს და აზრებში გადაინაცვლებს — თეიმურაზი აღარ მოქმედებს, არამედ ფიქრობს.
ფროიდი ამ პროცესს ინფანტილურ სექსუალობას უკავშირებს. მის მიხედვით, დანახვისა და ცოდნისსურვილი ხშირად აკრძალულთან არის დაკავშირებული; ხოლო როდესაც ეს ლტოლვა განდევნასექვემდებარება, იგი უკან ბრუნდება ისეთი ფორმით, რომელიც ქმედების ჩამნაცვლებლად იქცევა.ამგვარად, თვით აზროვნების პროცესი ხდება სექსუალიზებული. კმაყოფილება, რომელსაც სუბიექტიაზროვნებითი შედეგის მიღწევისას განიცდის, აღიქმება როგორც სექსუალური კმაყოფილება. თეიმურაზიც მუდმივად ფიქრობს, აანალიზებს და მსჯელობს, ხოლო როდესაც მარგო “გაზეთ-ჟურნალებში ჩაწოლილ თეიმურაზს მიუჯდებოდა ხოლმე და ბაასის გაბმას ჰლამობდა, თეიმურაზს არ ეცალა: – დაიცა, მარგო... დამაცა, რა ვქნა!. არა მცალიან. მერმე მ... მოვილაპარაკოთ”.
თეიმურაზი, როგორც ობსესიური ნევროტიკი შეიძლება ითქვას რომ ინჰიბირებულია. ფროიდი ინჰიბიციას განსაზღვრავს როგორც ეგოს ფუნქციურ შეზღუდვას, რაც განსაკუთრებით ხშირად პროფესიულ საქმიანობასა და აქტივობას უკავშირდება - ეგოს ეკრძალება მოქმედება და უკან იხევს, რადგან წარმატების შემთხვევაში სუპერ-ეგოსთან შევა კონფლიქტში.
ჯავახიშვილი შემდეგნაირად აღწერს თეიმურაზის გამუდმებით ერთ წრეზე ტრიალს, გადაწყვეტილებების გადადებას, საქმის გაჭიანურებას, პოპულისტური ენით პროკრასტინაციას:
„თეიმურაზის კარებს ვექილის წარწერა ჰქონდა. ათასში ერთხელ ვინმე გზა დაბნეული გაბრიყვდებოდა და თეიმურაზს საქმეს ჩააბარებდა. მერმე იმ საქმის პატრონი ნანობდა და თავში ხელს იცემდა: თეიმურაზი საქმეს ხალისით აიღებდა, მაგრამ ბოლომდე ვერასოდეს ვერ მიატანდა. ხან აზრს დროზე არ დასწერდა, ხან განსაჩივრების ვადას გადააცილებდა, ხან ნაკისრი საქმე სულ დაავიწყდებოდა, ხან კიდევ საქმის გარჩევას ვერ დაესწრებოდა, რადგან იმ დღეს ან გადაუდებელი საგაზეთო წერილი ჰქონდა დასაწერი, ან კრებაზე იყო წასასვლელი, ან კიდევ, სასამართლოში მიმავალი, ქუჩაში ვინმეს წააწყდებოდა და ისე გაჰყვებოდა კამათსა და მუსაიფში, რომ საქმესაც დაივიწყებდა და ოჯახშიც საღამოზე ძლივს დაბრუნდებოდა“.
ფროიდი ინჰიბიციას ფუნქციასთან აკავშირებს, რომლის დარღვევაც, პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ხშირად სექსუალურ სფეროშიც ვლინდება. სექსუალური ფუნქციის სხვადასხვა სახის შეფერხებებსა და დარღვევებს იგი აერთიანებს ტერმინის — „ფსიქიკური იმპოტენციის“ — ქვეშ.
შეიძლება ითქვას, რომ ჯავახიშვილიც თეიმურაზის ფსიქიკურ იმპოტენციაზე საუბრობს, რომელიც ერთი მხრივ გამოიხატება სიმბოლური მნიშვნელობით, როგორც აბსოლუტური ქმედითუუნარობა, ხოლო მეორე მხრივ, პირდაპირი ანუ სექსუალური მნიშვნელობით - მას არ შეუძლია მარგოს დაკმაყოფილება. როგორც ჯაყო იტყოდა: „დედაკაცი ბაღი ხარ, თუ არ მორწყე, გახმები“, შედეგადაც „ნამდვილი სიყვარულის უნახავმა მარგომ, ბოლოს, თავისი თავი დააჯერა, ვითომ ასეთი მჩატე სიყვარული და ასეთი უსისხლო ცოლ-ქმრობა ამ ქვეყნიური და ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილიყო, ხოლო ის გაგიჟება და ცაში ავარდნილი ვნება, რომელიც წიგნებში ჰქონდა წაკითხული, პოეტების მშვენიერი ნაჭორალი და მათი ადუღებული ტვინის ნაბოდვარი ეგონა. დააჯერა მარგომ თავისი თავი და ძლივს გააყუჩა მოუსვენარი გული, რომელიც ხანდახან ისევ უცნაურად ჰკვნესოდა და გაუგებარს ჰბოდავდა, ისევ თავისას მოითხოვდა და ნისლოვან ლანდებს მისდევდა“.
თეიმურაზის ფსიქიკური იმპოტენციის ვარაუდს გარკვეულწილად მისი უშვილობაც ამყარებს — სურვილი, ჰყავდეს შვილი, ვერ რეალიზდება აქტში. ცხადია, უშვილობა თავისთავად არ ნიშნავს იმპოტენციას და მკითხველმაც ზუსტად არ იცის, რა ხდება უშუალოდ თეიმურაზისა და მარგოს სქესობრივ ურთიერთობაში. თუმცა, რომანის კონტექსტისა და განსაკუთრებით ფინალში პატარა ჯაყოს გამოჩენის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებს თეიმურაზის სექსუალურ იმპოტენციაზე.
ფროიდის 1913 წელს გამოქვეყნებულ “ტოტემი და ტაბუ”-ს ბოლო აბზაცებში ვკითხულობთ: “ნევროზით დაავადებულის მოქმედებას რაღაც აბრკოლებს, მასთან ქმედება აზრითაა ჩანაცვლებული. პრიმიტიული ადამიანი კი სრულიად დაუბრკოლებლად მოქმედებს, აზრს ის დაუფიქრებლად გადააქცევს მოქმედებად, მოქმედება, ასე ვთქვათ, მისთვის აზრის შემცვლელია. ამიტომ ვფიქრობ - თუმცა საკუთარი შეხედულების უტყუარობაში დარწმუნებული არ ვარ - რომ განხილულ შემთხვევას შეგვიძლია ეს სიტყვები მივუსადაგოთ: “პირველთაგან იყო ქმედება” (გოეთე, “ფაუსტი”).
1927 წლის ჯავახიშვილის ჩანაწერში კი ამას ვკითხულობთ:
“„ჯაყო“ ველურია, პრიმიტივი, უზნეო. სამაგიეროდ ჯანსაღია. თეიმურაზი უკვედეკადანსია, მომაკვდავი. რა სჯობია, მდიდარი წარსული და საფლავში დგომა თუუკულტურო ჯანმრთელობა”?
„ისევ დღე დღეს მისდევდა, კვირას – კვირა, წელიწადს – წელიწადი. თეიმურაზი კი მუდმივ სასწაულს ელოდებოდა. და სასწაულის მოლოდინში, მამულის დაბრუნებისა და ხელახალ გამდიდრების იმედიანობაში ნელ-ნელა დაილივნენ და დაცალიერდნენ თეიმურაზის გულიც, იმედებიც, წიგნსაცავიც და ბინაც“.
„არსენალად გადაქცეული ჯაყო თეიმურაზის მამულს გარს უვლიდა და, ვითარცა უპატრონო ქონებისა და თავისი ნაოფლარის კანონიერი მემკვიდრე, გააფთრებული გაჰკიოდა:
– ჩემია! ჩემია! ჯაყო დედას გიტირებდე, ვინც მოხვიდოდე!
გვერდით ძმები და ბიძები ჰყავდა: ქეშელა, გიბა, ტელა, მეშთა და ბრინკა. ისინიც ჯაყოს გაბერილ მადას იარაღით ადასტურებდნენ:
– მაშ, მაშა! ყველაფერი ჩვენია, ჩვენი! დედას გიტირებდით, დედასა“!!
მარგოს ხვეწნისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, თეიმურაზი ჯაყოს წინადადებას თანხმდება და საბოლოოდ თავადვე ეხიზნება საკუთარ ნახიზნარსა და ნამოურავალს. როდესაც მარგოს ჩასვლის დროც დგება, ჯაყო მას ნამუსს ხდის. შეუძლებელია მკითხველს მარგოს მიმართ თანაგრძნობა არ გაუჩნდეს:
„ნაცემი, ნაბეგვი, დაძალებული და გაჭუჭყიანებული მარგარიტა ხევისთავი – ახდილ ნამუსს, შელახულ პატივსა და გასრესილ თავმოყვარეობას ცხელის ცრემლით ჰგლოვობდა, მოწამლულივით ჰბორგავდა, სიმწარისაგან იკლაკნებოდა და გულში იმუქრებოდა“.
მწერალი გვანახებს თუ როგორ იტანჯებოდა მარგო, მეორე ჯერზე ის „აღარ ჰკიოდა და არც იბრძოდა. აღარც ბრძოლის თავი ჰქონდა და არც შველას მოელოდა. ბავშვივით სტიროდა, სლუკუნებდა და გაუგებარს ჰლუღლუღებდა. დედაკაცს ნერვიული სიცილი აუტყდა. ტირილი და კისკისი ერთმანეთში აურია, აძაგძაგდა და აიგრიხა“.
ბოლოს კი ჯაყო ახერხებს, შეანგრიოს მარგოს განდევნილი ქალურობის კარი — ანადგურებს ყოველგვარ ბარიერს და ძალადობრივად ტეხს მას.
„იმ ჭალაში, ლიახვის პირზე, როცა ცამ თვალი მოიფშვნიტა და ფერი იცვალა,
მიძინებულმა მარგომაც პირველად გამოიღვიძა. გაკვირვებით თვალი გაახილა და
ხარბად დასწვდა ცხოვრების ერთ საუნჯეს, რომელიც ამ ქვეყნად არც კი ეგულებოდა,
რაც უნდილმა და ჭიანაჭამმა თეიმურაზმა თავის უმის ვნებით ათ წელიწადში ვერ
გაუთბო მარგოს, ტყიდან გამოვარდნილმა ნადირმა, – ჩაკირულმა ჯაყომ – ათ წუთში
აუდუღა და აუჩქროლა“.
მარგოს პერსონაჟთან დაკავშირებით მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ავტორი თითქოს ადამიანურად თანაუგრძნობს მას. ამავე დროს, ჩანს, რომ ესმის თუ რა ხდება მარგოს თავს, ჯავახიშვილის 1924 წლის უბის წიგნაკის ჩანაწერებში ვკითხულობთ:
„სქესობრივი ინსტინქტი ზვავივით მოდის. კანონი, სინდისი, ზრდილობა, შიში - ყოველივეს დამპალ ჩითივით ჰხევს“, ასევე 1924 წლის ჩანაწერებში, ანუ როდესაც ის ჯაყოს ხიზნების წერის პროცესში იყო, ის ინიშნავს: “ვიყიდო ფრეიდის ფსიხოსექსუალობა”, სადაც იგი გაეცნობოდა ფროიდის მიერ აღწერილ ისტერიას ქალებში, რაც შეიძლება დასტურდებოდეს იმავე წლის მორიგ ჩანაწერში: “მარგო ისტერიით გახდა ავად სქესის ნიადაგზე. ჯაყომ მოარჩინა“.
მარგოც სწორედ ამ ზვავის მსხვერპლი ხდება, წლების განმავლობაში იძულებით განდევნილი სექსუალობა მასთან ისეთი ძალით ბრუნდება, რომ გააზრება, შეგნება, აღზრდა თუ კულტურა უძლური აღმოჩნდება ამ შემოჭრილი ველური ძალის წინაშე. ამიტომაც რამდენადაც ამაზრზენი და ტრაგიკულია მარგოს ჯაყოს საყვარლად ქცევა, იმდენადვე გასაგები ხდება ყველაფერი თუ ამას მორალური განსჯის ნაცვლად ფსიქიკური კონფლიქტის პერსპექტივიდან შევხედავთ.
„მარგო დედაკაცი იყო, ამიტომ იმის გულსაც უღიტინებდა იდუმალი წყურვილი საყვარლის აჩენისა. აქამდე ადვილად შეეძლო თუნდ ათიოდეს შოვნა, მაგრამ მან უჩინარი მაცდური დასძლია, გაუძლისს გაუძლო და ათი წელიწადი ჰზიდა მძიმე ტვირთი ძალით ალაგმულ ბუნებისა“.
სიუჟეტის მთელი ტრაგიკული სიმძიმე სწორედ იმ მომენტიდან შემოდის, როდესაც მარგო ნაშინდარში ჩადის დახეული კაბით, ბრძოლაში ნაღრძობი მკლავითა და მხარზე ჯაყოს ნაკბილარითდა თეიმურაზს სიმართლის დანახვა არ უნდა. აქედან იწყება თეიმურაზის სულიერი დაცემა და ნგრევა, მორალური დეგრადაცია და დაკნინება.
სიმბოლურია გარემო სადაც ნათავადარი ბრუნდება ნამოურავალის ხიზნად:
„ძველი ავეჯეულობა და სურათები დახეულ-დახვრვტილნი და ჩამტვრეულნი არიან. ჭვარტლით შემურულ კედლებზე მრავლად ჰკიდია ტყავეულობა, სამუშაო იარაღი და ხმელი ხილი. სახლში არც ერთი წიგნი აღარ მოიპოვებოდა. თეიმურაზის მამის სურათი, ფერადებით ნახატი და მშვენიერ მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული, ხონჩად არის გამოყენებული. ხატები და უძველეს წიგნების ყდები მწნილების და ყველის ქილებისათვის დაუხურავთ“.
როგორც ფროიდი იტყოდა „არაფერი ისე საუკეთესოდ არ ახასიათებს კულტურას, როგორც ის, თუ როგორ უვლის და აფასებს სულიერი საქმიანობის შედეგებს, ინტელექტუალურ, მეცნიერულ და შემოქმედებით მიღწევებს, იდეათა წამყვან როლს ადამიანთა ცხოვრებაში. სილამაზე, სისუფთავე და წესრიგი კულტურის მოთხოვნებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, მათ ისეთივე საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორც ბუნების ძალების დამორჩილებას“, ნაშინდარში კი ფეხქვეშაა გათელილი თეიმურაზის წინაპრების მიერ შექმნილი კულტურა და ცივილიზაცია როგორც ავტორი იტყოდა პიტეკანტტროპოსის მინამგვანი, პირუტყვივით ბნელი და უმეცარი, მიუვალ მთებსა და უღრან ტყეში გაზრდილი, ბნელ ხეობიდან გამოვარდნილი ველური ჯაყოს მიერ.
„ნეტა ამისთანა ვაჟკაცს კნიაზობა ვინ მოგცემდე? სისხლისა გეშინიან თეიმურაზსა, შენი წირი მე, სისხლისა! ქათამიც ვერ დაჰკლავდე, ქათამიცა! შენა, თეიმურაზ, კნიაზი კი არა ხარ, ბრინკა ხარ, ბრინკა! ბრინკა ჯაყოს ნათესავი იყო, – დავრდომილი, გონჯი, საბრალო და ყველაფრით უბადრუკი“.
“ოცი წელიწადი იმისთვის კი არ ვიმუშავე, რომ ბოლოს სოფ...ფფლის მასწავლებლობით დავასრულო ჩემი სიცოცხლე და მ...მმოღვაწეობა” და შემდეგ თეიმურაზი ჯაყოს დუქანში იწყებს მუშაობას.
თეიმურაზი ხედავს რაც ხდება, ხედავს საკუთარ დაცემას, ვითარების ნამდვილ სახეს, თუმცა იმისნაცვლად რომ იმოქმედოს - დაიცვას საკუთარი ღირსება, ცოლი და მამა-პაპისეული დანატოვარი, ისუსასრულოდ ფიქრობს, ხან ეჭვი შეეპარება, ხან კი თავადვე იწყებს გამართლებების ძიებას:
„რა ვქნა, ეს ჯაყო ასე უცებ საიდან გაჩნდა მარგოს ოთახში? ან იქნება აქამდე
მარგოს ელაპარაკებოდა?“ ერთი წუთის შემდეგ თეიმურაზმა ეს ამბავი დაივიწყა, ხოლო ხუთიოდე წუთის, შემდეგ ტკბილი ხვრინვა ამოუშვა”.
შემდეგ ისევ იაზრებს სიტუაციის სიმყრალეს: რუსთაველის პროსპექტიდან ამ ორღობის ბოლომდე! საზოგადო საქმის მეთაურიდან თავის ნამოჯამაგირევ ჯაყოს დახლიდრობამდე?! თუმცა ეს ცოდნავერაფერში ეხმარება. მეტიც, ტრაგედიაც ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ყველაფრისგააზრება და სრულიად უძლურია მოქმედებისთვის. გამძვინვარებული შინაგანი კონფლიქტის ფონზე, კისერზე ჩამოკიდებული ძაღლის ლეში უფრო დამძიმდა და უარესად აყროლდა.
„ივანემ ყველაფერი სთქვა. მხოლოდ მარგოს სახელი არ ახსენა. თეიმურაზი აქამდე ბრმა იყო. ეხლა კი თვალის ბინდი გაეფანტა და თვალწინ მზაკვრობისა და ორპირობის, ვერაგობისა და ღალატის საზარელი სურათი გაეშალა.
ღმერთო დიდებულო! ღმერთო ძლიერო! ნუთუ?! ნუთუ მართალია?! ვინ,
მარგომ?.. ვის, ჯაყოს?. დაიჯეროს თეიმურაზმა? ხა-ხა-ხა! სასაცილოა! ოღონდაც,
სასაცილოა! საარაკო სისულელეა! ავი სულის ბოდვაა! ადუღებულ ოცნების როშვაა!
ეშმაკის ბოროტი ოხუნჯობაა; – მეტი არაფერია!..
თეიმურაზმა თვალწინ ორი თვის წარსული გადაიშალა და ცოლქმრული
ურთიერთობა მოიგონა.“ ...“თეიმურაზმა მოგონების ბასრი და სისხლიანი მახვილი უფრო ღრმად ჩაირჭო გულში და ულმობლად დაიტრიალა.“
„განა მარგომ ცხადად არ დაუმტკიცა თავის ქმარს ცოლის ერთგულება, მეგობრის მოვალეობა, უსაზღვრო მოთმინება და საარაკო გამძლეობა? ეხლა კი თეიმურაზს ეს ერთად-ერთი მეგობარიც უნდა ჩამოაშორონ?! და თეიმურაზმა ანაზდეულად იგრძნო თავზარდამცემი შიში ბავშვისა, რომელიც დედამ უცხო და ბნელ ქვეყანაში თავის კაბის კალთას ჩამოაშორა და მარტოდ-მარტო დასტოვა. იგრძნო ასეთი შიში თეიმურაზმა და აჟრჟოლდა, დაიბნა და აჩუყდა. და როგორც უპატრონოდ მიგდებული ბავშვი დარბის ჩაბნელებულ ქალაქში და მთრთოლვარე ხმით გაჰკივის: „დედა! დედილო! სადა ხარ,დედილოო”, თეიმურაზიც ასე ეულად იჯდა გორის ციხის კედელზე და იძახდა:
– მარგო! ჩემო მარგუში!... ჩემო მარგარიტავ! ჩემო მარგალიტო! მომწყინდა უშენობა... დავიტანჯე უშენოდ“.
„რწმენას ეძებს თეიმურაზ ხევისთავი; ეძებს ღმერთს ან სატანას, ზეციურს ან ქვეყნიურს. სულის სიბნელეს ისევ ის სჯობია, რომ გულში შავი ქვა ედოს, ურწმუნო სულის ტარება და ცარიელის გულით სიარული აღარ შეუძლიან, არა! იმ საშინელ ღამის შემდეგ, როცა ივანემ თვალი აუხილა, თეიმურაზს პატარა სახარება თან დააქვს ჯიბით, მალვით კითხულობს ღვთის სიტყვას თეიმურაზ ხევისთავი, თითქო სასირცხვილო საქმეს სჩადის და დღის ნათელს ერიდება“.
ერთი შეხედვით, მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ რწმენასთან დაბრუნება თეიმურაზის ერთადერთი ნათელი წერტილია მის თავზე დამტყდარი მოვლენების საპასუხოდ, თუმცა მიხეილ ჯავახიშვილი საპირისპირო ინტერპრეტაციის შესაძლებლობასაც გვიტოვებს - თეიმურაზის მიერ ღმერთის ძიება შესაძლოა მისი უკიდურესი ინფანტილიზმის გამოვლინებად მივიღოთ; მას გამოეცალა მარგო როგორც დედობრივი ფიგურა, ხოლო „დედის“ გარეშე დარჩენილი ბავშვი კვლავ იწყებს ღმერთის - როგორც მშობლის ჩამნაცვლებლის ძებნას, რათა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და საკუთარ უმოქმედობას რელიგიური გამართლება მოუძებნოს.
ის ვარაუდი, რომ მარგო თეიმურაზის არაცნობიერში დედას განასახიერებს, მის იმპოტენციას უფრო გასაგებს ხდის. ამ კონტექსტში შეგვიძლია დავეყრდნოთ ფროიდის 1912 წლის ნაშრომს „სასიყვარულო სფეროში დამცირების უნივერსალური ტენდენციის შესახებ“, სადაც კაცების სასიყვარულო ცხოვრებაში არსებულ ორ ნაკადს აღწერს: ნაზი და სენსუალური. როდესაც სენსუალობა უკავშირდება ინცესტუალურ ობიექტს, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ფსიქიკურ იმპოტენციას.
დავუბრუნდეთ რწმენის საკითხს:
ფროიდი „ერთი ილუზიის მომავალში“ 1927 წელს აღნიშნავს, რომ უმწეობის განცდა ყოველთვის შენარჩუნებული რჩება ადამიანში რაც მამის მონატრებას და ღმერთების საჭიროებას წარმოქმნის. ღმერთებს კვლავ სამი ამოცანა აქვთ შესასრულებელი: დააძლევინოს ადამიანს ბუნების შიში, შეაგუოს ბედისწერის სისასტიკეს, რომელიც მას, პირველ რიგში, სიკვდილის სახით ევლინება და აუნაზღაუროს ტანჯვა და დანაკლისი, რომელსაც მას კულტურა ადამიანებთან თანაცხორებით განაცდევინებს.
რამოდენიმე წლის მერე, 1930 წელს „კულტურით უკმაყოფილებაში“ წერს:
„რელიგიური მოთხოვნილების სათავე ბავშვური უმწეობა და მასთან დაკავშირებული მამისკენ ლტოლვაა; ეს გრძნობა ბავშვობაში ჩნდება და შიში, რომელსაც ადამიანი ბედისწერის ყოვლისშემძლეობის წინაშე განიცდის, სულიერ ცხოვრებაში მისი შენარჩუნების პირობაა. გამიჭირდება დაგისახელოთ ბავშვობის უფრო ძლიერი მოთხოვნილების მაგალითი, ვიდრე მამის მფარველობის საჭიროებაა“.
„თეიმურაზ ხევისთავი ჰგრძნობდა, რომ იმის ნაგვემ გულში სული წმინდა ჩაფრინდა, ან თვითონ თეიმურაზი მოსწყდა ცოდვილ ქვეყანას და მისწვდა ზეციერ მამას, რომელსაც კარგა ხანს ეძებდა და მოუწოდებდა“.
საკითხს კიდევ უფრო კომპლექსურად რომ შევეხოთ, გავიხსენოთ ფროიდის სიტყვები ერთი ილუზიის მომავლიდან: „რელიგია შეგვიძლია კაცობრიობის აკვიატებულ ნევროზად ჩავთვალოთ, რომლის საფუძველიც, ინფანტილური ნევროზის მსგავსად, „ოიდიპოსის კომპლექსი“, ანუ მამასთან ამბივალენტური დამოკიდებულებაა“. ჯავახიშვილი აქაც გვიტოვებს შემდეგი ინტერპრეტაციის არსებობის შესაძლებლობას: თეიმურაზსთან მწვავედ დგას ოიდიპოსის კომპლექსის საკითხი: ის არ არის მამამისთან - ავთანდილ ხევისთანვთან იდენტიფიცირებული - მამა, რომელიც ქმნიდა, იცავდა და უვლიდა საგვარეულო საგანძურს, თეიმურაზი ვერ იკავებს ფალიკურ ადგილს, ვერ იბარებს მამის მემკვიდრეობას, ამ სიტყვის ფართო გაგებით. ამის მაგივრად, თეიმურაზი დედაზეა მიჯაჭვული, მაგრამ როდესაც დედა იკარგება, მამას, ანუ ღმერთს უხმობს საშველად.
„თეიმურაზმა იმ დღეს სულის სიცხე გაინელა, ოდესღაც მორღვეული რწმენა გაიმთელა, ნაგვემ კისრიდან ძაღლის მძორი ჩამოიხსნა და წაბილწულ გულიდან ყარტლი ამოირეცხა. აღარც მყრალი ლეშის სუნი ესმის თეიმურაზს. ის დღეც თითქო განათლდა და ქვეყანაც გამხიარულდა“, მაგრამ ეს ბედნიერება ძალზედ ხანმოკლე აღმოჩნდა - თეიმურაზი რეალობას პირდაპირ შუბლით ასკდება - შიშველ მარგოს და ჯაყოს წაასწრებს.
„გორში აშენებულს ქრისტიანულ ხუხულასაც უჩინარმა ბედმა თითი წაჰკრა და ისე დააბნია, რომ გუშინდელ მორწმუნე თეიმურაზს იმ ნაცოდვილარ რწმენისა ეხლა ერთი ნაპერწკალიც აღარ ახსოვს. კმარა! აღარ ძალუძს თეიმურაზს მარად ამ ბნელ ორმოში ჩასვლა და ჩაძირვა. სჯობს ორიოდე წუთში გათავდეს ყველაფერი: უაზრო წარსულიც, შხამიანი აწმყოც, ბნელი მომავალიც და... ძაღლის ლეშიც. მყრალი ძაღლის მძორიც, რომელმაც ლამის გაჰგუდოს ხევისთავიც და ის ხეობაც. ეყოფა თეიმურაზს გოლგოთის აღმართი, ეყოფა!“ - ეს არის ალბათ რომანის ყველაზე რთული და კომპლექსური ადგილი, სადაცჯავახიშვილს მისეული თხრობის უნარით და ენის გამოყენების ოსტატობით უკვე მოხერხებული აქვს, რომ მკითხველმა შვება იგრძნოს თეიმურაზის თვითმკვლელობაში, მხოლოდ მერე შემოდის საღი აზრი რომ სუიციდი არ არის გამოსავალი, თუმცა პირველი ფიქრი უკვე გაფიქრებულია. შემდგომში განვითარებული მოვლენები კი უარესად გულისგამაწვრილებელი და ტრაგიკულია.
„რა იცის ივანემ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს თეიმურაზის სულში! რა იცის ივანემ, რომ თეიმურაზის ენა წასვლაზე ჰყბედობს, გული კი უკვნესის, ნაშინდარს ებღაუჭება და გაჰკივის:
– „არა, არა! აქედან ვერსად წავალ! მარგოს ვერ მოვშორდები! თუნდ ფეხქვეშ გამიგდოს, თუნდ ფურთხივით გამგლისოს და მონად გამიხადოს, მაინც ვერ მოვშორდები ჩემს მარგოს... ჩემს მარგუშის... ჩემს მარგალიტს, ჩემს ერთადერთ ღმერთსა და ბატონს“.
ყველაფერთან ერთად, ერთი შეხედვით თეიმურაზის უმოქმედობა შეიძლება დავაბრალოთ მის მაღალგანვითარებულ მორალს, როგორც ავტორი იტყოდა „კრავივით უმანკო და მტრედივით უცოდველ“ ნაკაცარს ქათმის დაკვლაც არ შეუძლია, თუმცა თუ უფრო ღრმად შევეხებით, შესაძლებელია მასში მორალური მაზოხიზმიც დავინახოთ; თუ ფროიდს დავესესხებით ნაშრომიდან „მაზოხიზმის ეკონომიური პრობლემა“, თეიმურაზის არაცნობიერი ბრალის განცდა მოითხოვს სასჯელს მშობლიური ძალის მხრიდან. მორალური მაზოხიზმის მეშვეობით მორალი ხელახლასექსუალიზირდება, ოიდიპოსის კომპლექსი აღდგება, და გაიხსნება რეგრესული გზა მორალიდან უკან— ოიდიპოსის კომპლექსამდე. ეს არც მორალის სასარგებლოდ სრულდება და არც ინდივიდისათვის.მისი მორალური ცნობიერების დიდი ნაწილი შესაძლოა სწორედ მაზოხიზმის სასარგებლოდდაიკარგოს.
„მშობლიური წარმომადგენლის მხრიდან დასჯის გამოსაწვევად, მაზოხისტიიძულებულია იმოქმედოს საწინააღმდეგოდ იმისა, რაც მისთვის შესაფერისია, იმუშაოსსაკუთარი ინტერესის წინააღმდეგ, გაანადგუროს რეალურ სამყაროში მის წინაშეარსებული შესაძლებლობები და შესაძლოა, მთლიანად გააქროს საკუთარი რეალურიარსებობაც“. სხვა სიტყვებით, თეიმურაზი იკავებს ფემინურ, პასიურ პოზიციას და ტანჯვა ხდება ერთგვარი ტკბობის წყაროც.
„ცეცხლთან ელის ნაცოლარს ხევისთავი. და მისი მოლოდინი იმ ცეცხლზე უფრო
მწვავეა. კიდობნიდან ძველ ხატს ამოიღებს, იმ ხატს კუთხეში დაასვენებს,
სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა...
კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისცემული თეიმურაზი.
ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი.
იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი.
ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს:
აღარსად სჩანან ძაღლის მძორები.
აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს.
ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს.
ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი“.
ფინალის ინტერპრეტაცია ჯავახიშვილს მკითხველისთვის აქვს მინდობილი..
ბიბლიოგრაფია
Couvreur, C. (1996). Introduction aux écrits de Freud sur la névrose obsessionnelle. In La névrose obsessionnelle (pp. 19–30). Paris: Presses Universitaires de France.
Freud, S. (1912). « Sur le plus général des rabaissements de la vie amoureuse ». In La vie sexuelle. Paris: Presses Universitaires de France.
Freud, S. (1913). Totem et tabou. Paris: Payot.
Freud, S. (1924). « Le problème économique du masochisme ». In Névrose, psychose et perversion. Paris: Presses Universitaires de France.
Freud, S. (1926). Inhibition, symptôme et angoisse. Paris: Presses Universitaires de France.
Freud, S. (1927). L’avenir d’une illusion. Paris: Presses Universitaires de France.
Freud, S. (1930). Le malaise dans la culture. Paris: Presses Universitaires de France.
Javakhishvili, M. (1924). ჯაყოს ხიზნები. თბილისი.
Javakhishvili, M. (2025). უბის წიგნაკის ჩანაწერები. თბილისი: არტანუჯი.




Comments