სიზმრების ინტერპრეტაცია ანუ ფსიქოანალიზის დაბადება
- საბა შოშიტაშვილი

- 4 hours ago
- 15 min read
შესავალი
“I try in general to keep psychology clear from everything that is different in nature from it, even biological lines of thought.”
„ზოგადად, მე ვცდილობდი, რომ არ გადამეფარა ფსიქოლოგია ისეთი დისციპლინებით, რომლებიც საკუთარი ბუნებით განსხვავებიან მისაგან, თუნდაც ეს ბიოლოგიური აზრი ყოფილიყო“ (Freud; 1914)
მეცნიერებაში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ისეთი ტოტალური გავლენა აქვს დარგის განვითარებაზე, როგორიც ფროიდს ფსიქოანალიზზე. ზიგმუნდ ფროიდი გახლავთ ფსიქოანალიზის დამფუძნებელი და მისი ტექსტები საუკუნის შემდეგაც კი არ კარგავს აქტუალობას. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელი მეცნიერის გარდაცვალებიდან თითქმის საუკუნეა გასული და მას შემდეგ უამრავი სიახლე შეემატა ფსიქოანალიზს, მაინც შეიძლება ითქვას, რომ დღესაც კი ფსიქოანალიზის პლანეტა ფროიდის ორბიტაზე ბრუნავს. სიზმრების ინტერპრეტაცია ერთგვარი დამფუძნებლური ტექსტია ფსიქოანალიზის ისტორიაში და, ალბათ, არის კიდეც ნაშრომი, რომლითაც შეიძლება შეცურო ფსიქოანალიზის ოკიანეთში. სიზმრების შესახებ, მხოლოდ ფროიდთანაც კი, იმდენ ინფორმაციას შევხვდებით, რომ მათი რაიმე ლოგიკით ორგანიზება აღემატება ჩვენს ძალისხმევას და ამიტომ მკითხველს შეიძლება შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ტექსტიც სიზმრისეული ლოგიკით არის აგებული. ჩვენი მიზანია შეძლებისამებრ ორიგინალთან მიახლოვებულად განვიხილოთ სიზმრების თეორია, ისე, როგორც, ჩვენი აზრით, ფროიდი გადმოსცემს მას და ამავდროულად ტექსტის პირველ ნაწილში მკითხველს წარმოვადგენინოთ ის პიროვნული მეტამორფოზა, რომელმაც დაიხსნა ფსიქოლოგია ბიოლოგიზმისგან და შესაძლებელი გახადა ფსიქიკურის, როგორც კვლევის ობიექტის მეცნიერული დაფუძნება.
ადრეული შეხედულებები - ფიზიოლოგიურიდან ფსიქიკურამდე
სიზმრის ფენომენი, დღევანდელი მეცნიერების განვითარების ფონზეც კი, ურთულეს საკითხს წარმოადგენს და მათი კვლევა ხშირად პრობლემებს აწყდება, მით უმეტეს, რომ მეცხრამეტი-მეოცე საუკუნეებში აღნიშნული საკითხები თითქმის მთლიანად პროფანობის არამეცნიერულ სფეროდ მიიჩნეოდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, დავსვათ კითხვა იმის შესახებ თუ რამ აიძულა ავსტრიელი ნევროლოგი შეებიჯებინა ისეთ უსიერ ტყეში, რომელსაც ადამიანის წარმოსახვა შეიძლება ვუწოდოთ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოგვიწევს უფრო ახლოს გავიცნოთ ფროიდის ბიოგრაფია.
ფროიდი დაიბადა 1856 წლის 6 მაისს მორავიის ქალაქ ფრაიბურგში. 4 წლის ასაკში ოჯახს მოუწია ავსტრიაში გადასახლება. აქ ფროიდი მიიღებს განათლებას. როგორც თავად ამბობს გიმნაზიაში მოწინავე და პრივილეგირებული სტუდენტი იყო, რომელსაც გამოცდებს არ აბარებინებდნენ. მამამისი ფროიდის კარიერის არჩევაში არ ერეოდა და ამ საკითხს შვილის ინტერესებს ანდობდა. როგორც ფროიდი ამბობს იგი დიდ დაინტერესებას არ იჩენდა პრაქტიკოსი ექიმის კარიერის მიმართ, არც თავიდან და არც მოგვიანებით, იგი უფრო მეტად მეცნიერის კარიერაზე ფიქრობდა და ინტერესდებოდა ადამიანთა დამოკიდებულებებით, ნაცვლად ბუნების კანონზომიერებისა. კითხვის შესწავლასთან ერთად იწყებს ბიბლიურ ტექსტებში ჩაღრმავებას, უფროს მასწავლებელთან მეგობრობის გამო ინტერესდება იურიდიული სფეროთი, ხოლო უკვე შემდგომ დარვინის შეხედულებებით (ფროიდი, 2014 a). ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა მასზე წარუშლელ კვალს ტოვებს და ამ კვალის მიგნება მის ნაშრომებში სირთულეს არ წარმოადგენს.
უნივერსიტეტში ყოფნისას ფროიდი გულდაწყვეტით აღნიშნავს იმდროინდელ ანტისემიტურ დამოკიდებულებებს, რომლებმაც, ფროიდის აზრით, აზროვნების ავტონომიურობა და მუდმივად ოპოზიციური მოსზაზრებების დაცვა ასწავლეს. 1876-1882 წლებში ფროიდი მუშაობს ერნესტ ბრიუკეს ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც გულთბილად ხვდებიან, თუმცა მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწია შეეწყვიტა მკვლევრის კარიერა და პრაქტიკოსი გამხდარიყო. „ჩემმა ყველაზე პატივცემულმა მასწავლებელმა მამაჩემის დიდსულოვანი დაუფიქრებლობა გამოასწორა. მან ჩემი ცუდი მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით დაჟინებით მომიწოდა, შემეწყვიტა თეორიული კარიერა“ (ფროიდი, 2014 a, გვ. 165). ამ დროს ფროიდი ხდება ასპირანტი და ნახევარ წელზე მეტი მეინერტთან მუშაობს. აქ იგი იკვლევს დაბალი სახეობის თევზების (Ammocoetes-Petromizon) ზურგის ტვინსა და შემდგომში ადამიანის ნერვულ სისტემას. ამ პერიოდში ფროიდი ინტერესდება ნერვული დაავადებებით, რის შესასწავლადაც ვენაში ნიადაგი არ არსებობდა, ამიტომ მიზნად დაისახავს პარიზში შარკოსთან გამგზავრებას, სალპეტრიერის კლინიკაში. ამ დროისთვის ფროიდს უკვე მოხვეჭილი აქვს ავტორიტეტული ექიმის სახელი, რომლის დიაგნოზშიც ეჭვი არავის შეჰქონდა, თუმცა ეს ციტადელი მალევე ეცემა: „ნევროზების შესახებ არაფერი ვიცოდი. როცა ერთხელ ჩემს მსმენელებს წარვუდგინე ნევროტიკი ფიქსირებული თავის ტკივილით, როგორც ქრონიკული მკაცრად შემოსაზღვრული მენინგიტის შემთხვევა, ყველა ჩამომშორდა სამართლიანი კრიტიკული გულისწყრომით და ჩემი ნაადრევი პედაგოგიური საქმიანობა დასრულდა“ (ფროიდი, 2014 a, გვ. 166-167). ალბათ სწორედ ესეც იყო შემთხვევა, რომელმაც ფროიდის პარიზში გამგზავრების გეგმას ხორცი შეასხა.
სალპეტრიერში შარკოსთან ჩასულ ფროიდს ყურადღებით არ დახვედრიან, თუმცა მას შემდეგ, რაც შარკოს მისი ახალი ლექციების გერმანულად თარგმნას დაჰპირდება, ფროიდი შარკოსთან დაახლოებული პირი ხდება. აქ იგი გაეცნობა ისტერიის ფენომენსა და ჰიპნოზის ტექნიკას. 1886 წელს ფროიდი ვენაში ფუძნდება და ქორწინდება. მის თვითგადმოცემაში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იბყრობდა, ქორწინებაზე გაკეთებული კომენტარი: „შემიძლია აქ გიამბოთ, რომ ჩემი საცოლის დანაშაული იყო, თუკი მე ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში ცნობილი არ გავხდი“ (ფროიდი, 2014 a, p. 169). საქმე ისაა, რომ ორი წლით ადრე 1884 წელს ფროიდი იკვლევდა კოკაინის ლოკალურ ანესთეზიურ ეფექტს. კვლევის დასრულებამდე იგი შვებულებაში გაემგზავრება, საცოლის სანახავად, ამ დროს კი ფროიდის მეგობარი, რომელსაც გაენდო აღმოჩენაში, კარლ ქოლერი ჩაატარებს გადამწყვეტ ექსპერიმენტებს და ჰაიდელბერგში ოფთალმოლოგთა ყრილობაზე აჩვენებს დემონსტრაციებს, რის გამოც ღირსება ქოლერს ხვდება წილად, აქვე ფროიდი ამბობს, რომ ამ ფაქტმა საცოლისადმი მისი გრძნობები ვერ შეარყია (ფროიდი, 2014 a). საინტერესოა, რომ არა ეს იმედგაცრუება იარსებებდა თუ არა ფსიქოანალიზი საერთოდ.
ვენაში დაფუძნებულ ფროიდს სკეპტიკურად უყურებენ აკრიტიკებენ ჰიპნოზისა და მამაკაცებში ისტერიის არსებობის მტკიცების გამო, ამიტომ ფროიდი კერძო კაბინეტის ფარგლებში იწყებს მუშაობას. ამ დროისთვის ისტერიასთან გამკლავების სამი ძირითდი სტრატეგია არსებობდა: შარკოს შხაპები, ელექტროშოკური თერაპია და ჰიპნოზი. მხოლოდ შარკოს შხაპებზე პაციენტების გადამისამართებით ფროიდს ეკონომიკური პრობლემები შეექმნა, ესეც, რომ არა აღნიშნული მეთოდი ეფექტურობით არ გამოირჩეოდა ისევე, როგორც ელექტროშოკური თერაპია, რომლის არაფექტურობასაც, ნევროზების მკურნალობაში, მალე მეცნიერული საზოგადოებებიც აღიარებენ. ამრიგად ფროიდს ერთადერთი ჰიპნოზიღა რჩებოდა, რომელსაც, თავის მხრივ, პრობლემები ქონდა: ყველა პაციენტის ჰიპნოზში გადაყვანა შეუძლებელი იყო, ამავდროულად, ჰიპნოტური სუგესტიით მიღებული შედეგები დროებითი იყო და, რაც ყველაზე მთავარია, ფროიდი ვერ აღწევდა ღრმა ჰიპნოტურ მდგომარებობას პაციენტებში. ამიტომ ცოდნის გასაღრმავებლად იგი გაემგზავრება ქალაქ ნანსში სადაც ლიებოსა და ბერნჰეიმის ჰიპნოტურ ტექნიკებს გაეცნობა, ამ უკანასკნელის ორ ნაშრომსაც თარგმნის გერმანულად. ნანსში ყოფნისას ფროიდი ერთ მოგონებაზე ამახვილებს ყურადღებას როდესაც მოწმე გახდა ბერნჰეიმის ექსპერიმენტისა: ჰიპნოტურ ძილში გადაყვანილ ადამიანს ბერნჰეიმი სხვა და სხვა ტიპის ხატებს შთააგონებდა და მათი განცდის შესაძლებლობას აძლევდა, ჰიპნოზიდან გამოსულ ინდივიდს, როგორც მოსალოდნელი იყო, არაფერი ახსოვდა, თუმცა ბერნჰეიმის დაჟინებული მტკიცების შემდეგ ჰიპნოზის ქვეშ მყოფი სუბიექტი დაეჭვდა და ნელ-ნელა მოგონებების აღდგენა დაიწყო, ამის შესახებ ფროიდი წერს: „ის ფაქტი, რომ მან ეს ყველაფერი იცოდა, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა და, იმავდროულად ის, რომ სხვა წყაროდან არ გააჩნდა ინფორმაცია, გვაძლევს ისეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ეს დასკვნები მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი. უბრალოდ, ისინი არ იყვნენ ხელმისაწვდომნი, მან არ იცოდა, რომ იცოდა მათ შესახებ“ (ფროიდი, 2023, გვ. 80). ამ დროს ფროიდის თავში უკვე მწიფდება ჰიპოთეზები ცნობიერებისგან დამალული შინაარსებისა და განდევნის შესახებ, ასევე იმ დაჟინებულობის შესახებ, რომლითაც, პრაქტიკის დასაწყისში, აიძულებდა პაციენტებს მივიწყებული მოგონებების გახსენებას. ყველაფრის მიუხედავად ნანსის ვოიაჟი არც ისე წარმატებული გამოდგა, ვინაიდან თავად ბერნჰეიმიც დიდი პრობლემებს აწყდებოდა ჰიპნოზით მკურნალობისას (ფროიდი, 2014 a).
ამ ნაწილში შეიძლება მცირედით გავეცნოთ მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბებულ ჰიპნოზის ორ ძირითად სკოლას. ნანსის სკოლა დააფუძნა ოგიუსტ ამბროაზ ლიებომ (1823-1904) ხოლო შემდგომში მას უძღვებოდა იპოლიტ ბერნჰეიმი (1840-1919) ამ სკოლის მიხედვით ჰიპნოზი არ წარმოადგენს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლისკენაც მხოლოდ ისტერიული სუბიექტები არიან მიდრეკილები, არამედ ჰიპნოზი ჯანმრთელი ადამიანისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა. ნანსის სკოლის მიხედვით ჰიპნოზი, როგორც ასეთი, არ არსებობს, ასებობს, მხოლოდ, შთაგონება, რომლის დახმარებითაც სუბიექტი ემორჩილება ჰიპნოტიზორის ბრძანებას, აღნიშნული დამოკიდებულება კარგად ჩანს ნანსის სკოლის წარმომადგენელთა გამონათქვამში: „ჰიპნოზი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სუგესტია“ (კორინთელი, 2022, გვ. 81). ნანსის სკოლა ჰიპნოზს ძირითადად მკურნალობისთვის იყენებდა. მეორე ცნობილი სკოლა პარიზის სალპერიერის კლინიკის სახელს ატარებს და მისი გამოჩენელი ფიგურა ჟან მარტენ შარკო (1825-1893) გახლავთ, იგი ჰიპნოზში ხედავდა პათოლოგიურ მოვლენას და მას ისტერიასთან აიგივებდა, ამის სადემონსტრაციოდ შარკო ჰიპნოზში ხელოვნურად იწვევდა ისეთ სიმპტომებს, როგორებიც არის ისტერიული დამბლა, კონტრაქტურები, მუტიზმი ან ამნეზია (კორინთელი, 2022). ორივე სკოლას ჰიპნოზის შესწავლაში განუზომელი წვლილი აქვთ შეტანილი თუმცა ფროიდისთვის ჰიპნოზზე არც ნანსის და არც საპეტიერის შეხედულებები აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, არამედ საჭირო გახდა კიდევ ერთი პიროვნების მოსაზრებები, რომელსაც ქვემოთ შევეხებით.
ბროიერი და ფროიდი - კათარზისიდან ფსიქოანალიზამდე
ფსიქოანალიზის დაბადებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იოზეფ ბროერს, რომელსაც ფროიდი ცალკე თავს უძღვნის „თვითგადმოცემაში“.
ჩვენ უკვე გავიცანით ჰიპნოზისადმი მიდგომას, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ნანსისა და სალპეტრიერის სკოლებიც ჰიპნოზში, ფაქტობრივად, მხოლოდ სუგესტიის პოტენციალს ხედავდნენ. ამ მოსაზრებისგან განსხვავებით ბროერი ანა ო.-სთან მუშაობისას მივიდა დასკვნამდე, რომ ჰიპნოტურ მდგომარეობაში ანას შეეძლო გაეხსენებინა პათოლოგიის წარმომშობი მიზეზები, ფხიზელი მდგომარეობისგან განსხვავებით, ხოლო გახსენების შემდეგ სიმპტომები ქრებოდა. სწორედ ბროიერის ამ აღმოჩენას უნდა მივაწეროთ ფროიდის გადაწყვეტალებაც, რომ დაეთმო მცოდნე სუბიექტის ნარცისული პოზიცია - ექიმისა, რომლიც ვალდებულია იცოდეს პათოგენეზის ეტიოლოგია - და ეღიარებინა ის ფაქტი, რომ მხოლოდ პაციენტმა შეიძლება იცოდეს საკუთარი დაავადების მიზეზები. ხოლო ჰიპნოზმა მას ასწავლა, რომ მიუხედავად სიფხიზლეში არცოდნისა, მაინც, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ინდივიდში გარკვეული გამოცდილებები არსებობენ, თუნდა სადღაც ღრმად ცნობიერებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მაგრამ მაინც არსებობენ.
ბროიერი საკუთარ მიდგომას კათარზისს უწოდებდა, რომელსაც ფროიდი მალევე გაემიჯნება. ამის მიზეზად ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს: პირველ რიგში, პათოგენეზის სცენის ჰიპნოზში აღდგენის მიუხედავად ჰიპნოზიდან გამოსულ ინდივიდს ჰიპნოტური ამნეზიის გავლენით აღარაფერი აღარ ახსოვდა დაავადების წარმოშობაზე, ამ საკითხზე ფროიდი წერს: „ჩემს პაციენტებს უნდა „ცოდნოდათ“ ყველაფერი ის, რასაც ჩვეულებრივ ჰიპნოზი ხდიდა მისაწვდომს“ (ფროიდი, 2014 a, გვ. 182). მეორე რიგში, კათარზისის ეფექტი დროებითი იყო და სიმპტომები კვლავ ბრუნდებოდა. მესამე, ჰიპნოზით ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ პაციენტს ჰიპნოტიზიორთან ეროტიული ურთიერთობის დამყარების უკონტროლო სურვილი შეიძლება გაუჩნდეს, ამ პრობლემას ფროიდამდე ბროეიერიც წააწყდა ანა ო.-სთან. ამრიგად, ფროიდი უარს ამბობს ჰიპნოზზე, ნაცვლად ამისა იმუშავებს ახალ მეთოდს, რომელშიც ტახტზე მწოლიარე პაციენტი თავისუფალ ასოციაციებს მიმართავს, ხოლო ანალიტიკოსი მის უკან ზის უსმენს და დრო და დრო ინტერპრეტაციებს აძლევს. ანალიზანტის ტახტზე ფროიდის პაციენტებმა სხვა უამრავ საკითხთან ერთად საკუთარ სიზმრებზეც დაიწყეს საუბარი (ფროიდი, 2014 a). ამ დროიდან მოყოლებული, ფროიდი ცდილობს საკუთარი ტექნიკის დახვეწას, რომლის შედეგადაც შეიქმნება ფსიქოანალიტიკური თეორია, რომელიც კლინიკური შემთხვევების სიღრმისეულ ანალიზზეა დაფუძნებული.
სიზმრის საკითხი ფროიდამდე
უძველესი დროიდან მოყოლებული კაცობრიობა ხვდებოდა და იაზრებდა ისეთი რთული ფიქიკური მოვლენის მნიშვნელობას, როგორიც არის სიზმარი. კაცობრიობის განვითარების ეტაპებს თანს სდევდა სიზმრის საკითხზე ფიქრი და ამ მისტერიული ფენომენის რამენაირად ახსნის მცდელობები. მეცნიერებამდელ საზოგადოებებში, რომელთა უმეტესობა გაჟღენთილი იყო ანიმისტური, მაგიური თუ მისტიკური იდეებით, სიზმარი მიიჩნეოდა ერთგვარ გამოცხადებად, რომ თითქოს წინაპართა სულები სიზმრის მეშვეობით ამყარებდნენ კონტაქტს ცოცხლებთან, ასევე არსებობდა მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც სიზმარი მომავალს წინასწარმეტყველებდა. კაცობრიობის ისტორიაზე სიზმრის გავლენის სადემონსტრაციოდ მოვიყვანთ მაგალითს: როგორც ცნობილია ალექსანდრე მაკედონელს თავის ლაშქრობებში ყოველთვის თან დაჰყავდა სიზმრის ამხსნელები, ერთ-ერთი ბრძოლისას ქალაქ ტვიროსთან დამხდურებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ალექსანრეს, რის შემდეგაც გადაწყვიტა ქალაქი ალყაში მოექცია. ერთ დღეს ალქსანდრე სიზმარში ხედავს სატირს, რომელიც რაღაცას ზეიმობდა, სიზმრის ამხსნელებმა ეს სიმბოლო გამარჯვების ნიშნად მიიჩნიეს, ამიტომ ალექსანდრემ ალყა მოხსნა და შეტევაზე გადავიდა, მისი სიზმარი „ახდა“ და სატირივით მაკედონელმაც იზეიმა გამარჯვება (ფროიდი, 2023).
მეცნიერებამდელი ადამიანი სიზმარს მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევდა, რომელსაც გარკვეული დატვირთვა ჰქონდა. ფილოსოფიაში არსებობდა მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც სიზმარი სულის უფრო აღმატებულ რეალიზაციად, ერთგვარ ამაღლებულ სივრცედ მიიჩნეოდა. ფროიდის თანამედროვე ექიმ-მეცნიერთა მოსაზრებები კი ემიჯნებოდა არამეცნიერულ შეხედულებებს და სიზმარს ძილის დროს ფიზიკური გაღიზიანებით პროვოცირებულ ტვინის უბანთა შემთხვევით აქტივობად განიხილავდა (ფროიდი, 2014 b). უფრო მეტიც იმ დროისთვის სიზმრების კვლევა მეცნიერს ჩირქს სცხებდა, ეჭვქვეშ აყენებდა მის ავტორიტეტს და მისტიციზმისკენ გადახრაზე მუთითებდა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროში სიზმრის საკითხით დაინტერესება სახიფათო ავანტურა იყო, რომელსაც დიდი რეზონანსი უნდა გამოეწვია, მაგრამ ფროიდის მოლოდინებისგან განსხვავებით იმდროიდელი ვენის სამეცნიერო წრეებისთვის „სიზმრების ინტერპრეტაცია“ თითქმის შეუმჩნეველი დარჩა. მეცნიერების პოზიციაზე მდგომი ფროიდი ხვდება, რომ სიზმრის პროცესის ასეთი სემპლისტური ახსნა - თითქოსდა იგი ფიზიკური გაღიზიანების უაზრო ნარჩენები ყოფილიყო - უნაყოფო იქნებოდა და არსებული შეხედულებები გადასინჯვას საჭიროებდნენ. საკითხში ჩაღრმავებისას ფროიდი გაოცდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ რეალობასთან პროფანული ახსნები უფრო ახლოს იდგა, ვიდრე მეცნიერული. როდესაც ფროიდი სიზმრებს იმავე მეთოდით მიუდგა, რომლითაც ფსიქიკურ აშლილობებს იკვლევდა აღმოაჩინა, რომ სიზმრები მართლაც რაღაცას გამოხატავენ და გვამცნობენ ინდივიდის ფსიქიკური ცხოვრების შესახებ. ფსიქოანალიტიკური ხედვა, მართალია, ემიჯნება სიზმარში გამოცხადების იდეას, მაგრამ, როგორც ფროიდი შემდგომში თავადვე იტყვის: „ამრიგად სიზმრის ფორმულა ასეთია: ისინი განდევნილი სურვილების შენიღბული ასრულებაა. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, აღინიშნოს ხალხური შეხედულების სამართლიანობა, რომელიც სიზმარს განიხილავს, როგორც მომავლის განჭვრეტას. სინამდვლეში სიზმარში ვლინდება არა ის მომავალი, რომელიც დადგება, არამედ ის, რომლის დადგომის სურვილიც გვაქვს. ხალხური სული აქაც ისე იქცევა, როგორც სხვა შემთხვევებში: მას იმისი სჯერა, რაც სურს“ (ფროიდი, 2014 b, გვ. 126). სიზმრების საკითხით ფროიდის დაინტერესებამ განხორციელება ჰპოვა 1900 წ. გამოცემულ წიგნში - „სიზმრების ინტერპრეტაცია“, რომელიც ერთგვარ დამფუძნებლურ წიგნად ითვლება ფსიქოანალიზის ისტორიაში, ვინაიდან ამდროინდელი ფროიდი სრულად თავისუფლდება ფიზიოლოგიის გავლენისგან და მთლიანად ფსიქიკურის სფეროში იწყებს მსჯელობას.
ფსიქოანალიზის დაბადება
ჩვენ ფროიდის ადრეულ გზას უკვე გავეცანით და, შეძლებისამებრ, შევიქმენით წარმოდგენა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ფსიქოანალიზის დაბადებას მოასწავებდა, მკითხველს შეიძლება მოეჩვენეოს კიდეც, რომ ამ თემაზე ზედმეტად დიდხანს შევაჩერეთ მათი ყურადღება, მაგრამ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ერთგვარი ინკუბაციური პერიოდი არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხზე საუბრისას, ვიდრე თავად ჩამოყალიბებული თეორია. არ არსებობს შეთანხმებული აზრი ფსიქოანალიზის დაბადების თარიღთან დაკავშირებით, ფროიდის ისტერიის კვლევის მიდგომებში შეუძლებელია არ დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ აქ საქმე ნამდვილად ჩანასახოვან ფსიქოანალიზთან გვაქვს, ამიტომ ზოგნი ფსიქოანალიზის დაბადებად ისტერიის კვლევებს მიიჩნევენ, კაცმა, რომ თქვას, სამართლიანადაც, ვინაიდან სიზმრების ინტერპრეტაციამდე სამი წლით ადრე ტერმინი ფსიქოანალიზი უკვე არსებობდა. მიუხედავად ამისა ყველაზე პოპულარული აზრით ფსიქოანალიზის დაბადების თარიღად 1900 წელი მიიჩნევა, დამფუძნებლურ ტექსტად კი „სიზმრების ინტერპრეტაცია“. ჩვენი აზრით, ამას თავისი მიზეზი აქვს: სიზმრების კვლევამ ცხადყო, რომ ფსიქოანალიზი უბრალოდ ფსიქოპათოლოგიის დამატებას კი არ წარმოადგენს, არამედ მისი დახმარებით შესაძლებელია ნორმალური ფსიქიკური ცხოვრებისა და პიროვნების კვლევა. შეიძლება ისიც კი ვივარაუდოთ, რომ სწორედ სიზმრებმა გაუხსნეს გზა, უკვე შემდგომში, კულტურულ, სოციო-პოლიტიკურ, ანთროპოლოგიურ თუ ყოველდღიური ცხოვრების კვლებს.
საკითხზე საუბრისას აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ სიზმრების ინტერპრეტაცია ვიხსნათ იმ მისტიციზმის სფეროდან, რომელშიც ხშირად შეიძლება მოხვდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადო შეხედულებები სიზმრების შესახებ, უმეტეს შემთხვევაში, მისტიციზმის სფეროს განეკუთვნება. ფსიქოანალიზი ემიჯნება მსგავსი სახის დაშვებებს და სიზმარს განიხილავს პიროვნების ფსიქიკური რეალობის გამოვლინებად, რომელიც მეცნიერული ინტერპრეტაციის ჩარჩოებს განეკუთვნება, ანუ ინტერპრეტაცია მოიცავს ფროიდის მიერ შემოტანილ თავისუფალ ასოციაციებში კაუზალური კავშირების აღმოჩენასა და დეტერმინიზმს, რაც ემსახურება პირველადი პროცესების ანალიზში დაშლასა და შესაბამისად მანიფესტური შინაარსის ლატენტურ შინაარსად აღდგენას, რასაც ინტერპრეტაცია ეწოდება (ფროიდი, 2014 b). მოცემულ საკითხს დეტალურად განვიხილავთ. ფროიდი ემპირიულ ინდიკატორად განიხილავდა სიტყვას, სუბიექტის ასოციაციებს - გარკვეული საკითხის ირგვლივ თავში მოსული აზრების ვერბალიზებას, რაც, ჩვენი აზრით, „ყველაზე ფსიქიკური პროცესია“, რომელსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, ფროიდი იკვლევდა ასოციაციურ კავშირებს სიზმრის ვერბალურ თუ ხატოვან ნაწილებში. აღნიშნული მიდგომა პრეცედენტულობით ხასიათდება, ვინაიდან არ არსებობს ორი ერთი და იგივე გამოცდილებების მქონე ადამიანი, ან გამოცდილება, რომელიც იდენტურად ჩაიწერება ორი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში, შესაბამისად არ არსებობს კონკრეტული სიმბოლოების უნიფიცირებული განმარტება, ვთქვათ, როგორც გვხვდება-ხოლმე ტრადიციულ ხალხურ სიზმრის ახსნის მეთოდებში ან, თუნდაც იუნგიანურ მიდგომაში.
სიზმრის მუშაობა (Traumarbeit) და ინტერპრეტაცია (Deutungsarbeit)
„სიზმარი ფორმირებულია ნევროტული სიმპტომის მსგავსად, ესაა კომპრომისული წარმონაქმნი განდევნილი ლტოლვის მოთხოვნასა და ეგოში ცენზურის რეზისტენციას შორის. ასეთი გენეზისის შედეგად სიზმარი ისეთივე გაუგებარია, როგორიც სიმპტომი და ისეთივე ინტერპრეტაცია სჭირდება“ (ფროიდი, 2014 a, გვ. 198). „სიზმარი თავად წარმოადგენს ნევროტულ სიმპტომს და, ფაქტობრივად, განუზომელი უპირატესობა აქვს, რადგან ყველა ჯანმრთელ ადამიანში ვლინდება“ (ფროიდი, 2023, გვ. 64), ვკითხულობთ სხვაგან. ფროიდის ამ სიტყვებში კარგად ჩანს თუ რამდენად დავალავლებულია სიზმრების თეორია ნევროზების კლინიკისგან. ჩვენი თემა მაქსიმალურად ცდილობს გვერდი აუაროს, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია, ფსიქოპათოლოგიის საკითხს, ამიტომ ნევროოზებზე საუბრისას მაქსიმალურად ლაკონიურები ვიქნებით და შევეცდებით, მხოლოდ, მის დიალექტიკურ ბუნებაზე დავსვათ აქცენტი, ეს უკანასკნელი დაგვეხმარება სიზრის მუშაობის უკეთ გაგებაში.
ფროიდისთვის ისტერიული სიმპტომი ერთგვარ კომპრომისულ ფორმაციას წარმოადგენს, რომელიც ჩნდება იდის მოთხოვნილებასა და სუპერ-ეგოს მოთხოვნიას შორის. სუპერეგოს აკრძალვის გამო ცნობიერებიდან განიდევნება მიუღებელი შინაარსები, ისინი კონტრინვესტიციის წნეხით გადაინაცვლებენ და შეკავდებიან ფსიქიკის უფრო ღრმა შრეებში, რომელსაც არაცნობიერს ვუწოდებთ. სწორედ ამ რეზისტენციის წყალობით სპეციალური ჩარევის გარეშე ინდივიდისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელნი ხდებიან რეპრესირებული მოგონებები და შინაარსები, თუმცა რაც განდევნილია განდევნილი არა ერთხელ და სამუდამუდამოდ, არამედ მუდმივად მოითხოვს ენერგიის ხარჯვას კონტრინვესტიციის სახით, რათა არაცნობიერში შეკავდეს, სწორედ ამიტომ, რიგ შემთხვევებში, განდევნილი სურვილები კომპრომისული, სიმბოლიზირებული, დამახინჯებული (მათ შორის კონვერსიების, კონვულსიებისა თუ ჰემიპლეგიის) სახით ავლენენ თავს (ფროიდი, 2023).
სწორედ განდევნის ხარჯზე ნევროტიკი ვერ აცნობიერებს საკუთარ ტრავმატულ გამოცდილებას, ზუსტად ისე, როგორც ნორმალურ ადამიანს იშვიათად თუ ამახსოვრდება სიზმარი, სპეციალური ძალისხმევის გარეშე, აქ სიზმრის ინტეპრეტაცია ანაცვლებს ჰიპნოზს, რადგან სწორედ ინტერპრეტაციის წყალობით მისაწვდომი ხდება ის რაც ჩვეულებრივ მიუწვდომელია. თავად სიმბოლიზაციის პროცესს პირველადი პროცესები წარმართავენ, რომელთა შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი. არაცნობიერი პროცესების გავლენით ლტოლვეითი რეპრეზენტაციები იმგვარ „დამახინჯებას“ განიცდიან, რომ სპეციალური ჩარევის გაერეშე ნორმალური ინდივიდისთვის აზრს მოკლებულები ხდებიან. ზუსტად ამგვარად სიზმრის მუშაობასაც განდევნა უძღვის წინ. რეპრესირებული სურვილები სიზმარში მანიფესტირებული სახით ავლენენ თავს, ანუ ისინი დამახინჯებული, ხშირად, უაზრო და აფსურდული სახით გვევლინებიან, ფროიდი ამას სიზმრის მუშაობას (Traumarbeit) უწოდებს. მანიფესტური შინაარსი თავისთავად, ხშირად, არაფრის მომცემია, იგი შედგება, ეგრედ წოდებული, დღის ნარჩენებისგან (Tagesreste) ანუ შინაარსებისა თუ ხატებისგან, რომლებიც ინდივიდმა სიზმრის ხილვამდე, წინა დღეს ნახა. აქედან გამომდინარე, ხშირად, ჩვენს სიზმრებში თავს იჩენს ჩვენთვის აბსოლუტურად ნაცნობი სცენები, ადგილები თუ ობიექტები, თუმცა დღის ნარჩენების გვერდით, ვლინდებიან უფრო ბუნდოვანი სცენებიც. სუბიექტის მიერ, სიზმრის ხატებზე, თავში მოსული ასოციაცების ხარჯზე შესაძლებელი ხდება მანიფესტურიდან ლატენტური შინაარსის აღდგენა. როგორც წესი სიზმრის ხატები, დღის ნარჩენები ასოციაციურად ჩართულნი არიან მნესტიკურ კვალში ბავშვობის, რომელიმე არაცნობიერ ლტოლვით რეპრეზენტაციასთან, სწორედ ამიტომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ობიექტის მიუხედავად სიზმრის მუშაობა კონკრეტულ ობიექტებს ამოარჩევს გარემოდან, ობიექტებს, რომლებსაც გარკვეული ცნობიერი თუ არაცნობიერი მნიშვნელობა აქვთ სუბიექტისთვის (ფროიდი, 2014 b).
აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ფსიქოანალიზისადმი პანსექსუალობის ცილისწამება, რომელზე პასუხიც, შეიძლება ითქვას წინა წინადადებით გავეცით, ფროიდი ამის შესახებ წერს: „მე არსოდეს წამომიყენებია ხშირად ჩემდამი მიწერილი მტკიცება - თითქოს ყველა სიზმარს სექსუალური შინაარსი აქვს ან სექსუალური ლტოლვის ძალებზე დაიყვანება“ (ფროიდი, 2014 a, გვ. 199). ლატენტური შინაარსი გულისხმობს მანიფესტირბულის საფუძველმდებარე საზრისს. სიზმრის მუშაობის საპირისპირო პროცესს წარმოადგენს ინტერპრეტაცია (Deutungsarbeit), რომელიც მანიფესტირებულის ლატენტურ შინაარსად გარდაქმნას ისახავს მიზნად. ამ პროცესის უკეთ გასაგებად მოვიყვანოთ ფროიდის ცნობილი შედარება, როდესაც იგი ფსიქოანალიტიკოსის საქმიანობას არქეოლოგისას ადარებს. როგორც არქეოლოგი ანტიკური შენობის ნაშთიდან აღადგენს მის პირვანდელ სახეს, სწორედ ასევე ანალიზიც სიზმრის მუშაობისგან დამახინჯებულ სცენარს აღადგენს პირვანდელ ლატენტურ შინაარსად (ფროიდი, 2023).
სიზმრების კლასიფიკაცია
ფროიდი ესეში გამოყოფს სამი სახის სიზმარს: გააზრებული, გასაგები სიზმრები: ამ კატეგორიის სიზმრები ძირითადად ხანმოკლენი არიან და მათი ახსნა მარტივია ჩვენი ნორმალური სულიერი ცხოვრების თვალსაზრისით. ისინი ნორმალურად აღიქმება, მათში ვერ ვნახულობთ ვერაფერ უცნაურს და ამიტომ ამ კატეგორიის სიზმრებს დიდი ყურადღება არ ეთმობა. მოცემულ სიზმრებს შეგვიძლია ვუწოდოთ ბავშვური და მათგან ყველაზე ცხადი ილუსტრაცია მივიღოთ, მაგალითად: სამი წლის გოგონამ საღამოს ტბაზე გაისეირნა თუმცა გასეირნება არასაკმარისად ხანგრძლივი მოეჩვენა და ნაპირზე გადმოსვლისას ტიროდა. მეორე დილას გოგონა ყვება რომ ღამით ტბაზე გაისეირნა, ესეიგი სიზმარში გააგრძელა სურვილი, რომელიც დღის მანძილზე ვერ დაკმაყოფილდა. აზრობრივად მკაფიო, მაგრამ უცნაური სიზმრები: ამ ტიპის სიზმრებს ინდივიდი ვერ უკავშირებს საკუთარ სულიერ ცხოვრებას (მაგალითად, როცა მას ესიზმრება ისეთი რამ, რაც არ შეესაბამება რეალობას), მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს მეტად გასაგები ხასიათი აქვს. აზრს მოკლებული, გაუგებარი სიზმრები: ამგვარი სიზმრები ატარებენ უთავბოლო, უაზრო ხასიათს. აქ ვხვდებით სიზმრის აშკარა და ფარული შინაარსის დაპირისპირებასა და გამოცანებს, რომლებიც ქრებიან მხოლოდ მანიფესტირებულისიზმრის ფარული აზრებით შეცვლის შემდეგ (ფროიდი, 2014 b).
ამასთანავე ფროიდი გვთავაზობს სიმრების ალტერნატიულ კლასიფიკაციას განდევნის ხარისხიდან გამომდინარე. „სურვილების ასრულების თვალსაზრისით სიზმარი სამი სახისაა. სიზმრები, რომლებიც წარმოადგენენ არარეპრესირებულ სურვილს შეუნიღბავი სახით: ასეთებია ინფანტილური ტიპის სიზმრები. მეორე რიგში, სიზმრები, რომლებიც გამოხატავენ რეპრესირებულ სურვილებს შენიღბული სახით: ასეთია, ალბათ, ჩვენი სიმრების უდიდესი უმრავლესობა, რომელთა გაგებასაც ანალიზი სჭირდება. მესამე რიგში, სიზმრები, რომლებიც გამოხატავენ რეპრესირებულ სურვილებს, მაგრამ შეუნიღბავად ან არასაკმარისი შენიღბვით. ამ სიზმრებს მუდმივად თან ახლავს ძილის შემწყვეტი შფოთვა; აქ შფოთვა სიზმრის დამახინჯების მაგივრობას წევს, ხოლო მეორე ტიპის სიზმრებში შფოთვა სიზმრის მეშვეობით აღმოიფხვრება. განსაკუთრებული სირთულის გარეშე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ამჟამად ჩვენთან ძილში შფოთვის გამომწვევი წარმოდგენა, ოდესღაც, ჩვენი სურვილი იყო, შემდეგ კი რეპრესიას დაექვემდებარა“ (ფროიდი, 2023)
პირველადი პროცესები
სიზმრების კვლევისას ფროიდი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს გარკვეული სახის კანონზომიერებები, რომლებიც აწესრიგებენ სიზმრის მანიფესტურ შინაარს ისეთად, როგორადაც ჩვენ აღვიქვავთ მას. ფროიდი მოცემულ მექანიზმს უწოდებს სიზმრის მუშაობას, რომელიც თავისხმირივ არაცნობიერია და შესაბამისად პირველად არაცნობიერ პროცესებს განეკუთვნება. იმისათვის, რომ სიზმრის ლატენტურ შინაარსს მივაგნოთ აუცილებელია დავშალოთ სიზმრის მუშაობის მიერ შექმნილი კონსტრუქცია, ამ პროცესს ანალიზი ეწოდება. ფარული შინაარსის გასაგებად საჭიროა გვესმოდეს ის თუ რა სახის დამახინჯება შეიძლება, განიცადოს მან, პირველადი პროცესების გავლენით (ფროიდი, 2014 b).
ფროიდი ესეში ოთხ ძირითად, არაცნობიერ პროცესს განიხილავს, რომელთაგან პირველს უწოდებს ხატისმიერ რეპრეზენტაციას, პლასტიურ წარმოდგენებს ან დრამატიზაციას ანუ აბსტრაქტული ენობრივი ფორმაციების ვიზუალურ ხატებად გარდაქმნას, რაც თავის მხრივ რეგრესიის ფორმას წარმოადგენს,როგორც წესი ცნობიერ მდგომარეობაში ადამიანები სიტყვების დახმარებით ვფიქრობთ, თუმცა არაცნობიერის ენა მითო-პოეტურია, შესაბამისად იგი შეირწყავს ვერბალურის გარდა სურათ ხატოვან გამოხატვის ხერხს, რაც სიზმარში ვერბალურ ფიქრს სიტვაციის, სურათ-ხატოვან, შეიძლება ითქვას, გამოხატვის უფრო პრიმიტიულ ფორმად, გარდაქმნის. აღნიშნულ მექანიზმზე ფროიდი წერს: „ეს პროცესი აზრების ვიზუალურ ხატებად გარდაქმნაში მდგომარეობს. დავიმახსოვროთ რომ სიზმრის ყველა აზრი ამგვარ გრდაქმნას არ ექვემდებარება; მათი რაღა ნაწილი ინარჩუნებს საკუთარ ფორმას და სიზმარში იჩენს თავს, როგორც აზრი ან ცოდნა“ (კორინთელი, 2022, გვ. 153). ფროიდი ხატისმიერი რეპრეზანტაციის მექანიზმს გაზეთში მოთხრობილი ამბის ილუსტაციით გამოხატვას ადარებს და ამბობს, რომ, რაღაც შემთხვევებში, ჩვენ, შეიძლება, წარმატებით მოვახერხოთ ამბის სურათით გადმოცემა, მაგრამ, რიგ შემთხვევებში, ასეთი მიდგომა სირთულეებს აწყდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე აბსტრაქტული სიტყვის ან მეტყველების ისეთი ერთეულის გადმოცემას ეხება, როგორიც არის ნაწილაკი ან კავშირი. აქედან გამომდინარე სიზმარში ხატების გვერდით თავს იჩენს ცალკეული სიტყვები ან ფრაზები. ასევე ზოგიერთი სიზმარის ხატი შეიცავს სენსორულ მონაცემებს, როგორებიცაა სმენითი კინესთეტიკური ტაქტილური ან ყნოსვითი მონაცემები. დრამატიზაციის დეკონსტრუქციად, ფაქტობრივად, შეგვიძლია მივიჩნიოთ სიზმრის მოყოლა (კორინთელი, 2022).
შედარებით რთული მექანიზმი, რომელსაც სიზმრის მუშაობა ფლობს ცნობილია კონდენსაციის(Verdichtung) სახელით. აღნიშნული მექანიზმი თვალში საცემია მეორე და მით უფრო მესამე ტიპის სიზმრებისთვის. კონდენსაციის მუშაობას ფროიდი შემოკლებულ თარგმანს ადარებს და გულისხმობს, რომ სიზმრის მანიფესტირბული შინაარსი ყოველთვის უფრო მოკლეა ვიდრე მისი ლატენტური შინაარსი. ფროიდი გამოყოფს სამი ტიპის კონდენსაციას 1. კონკრეტული ლატენტური ელემენტების გამოტოვება მანიფესტირებულ შინაარსში. 2. მხოლოდ გარკვეული ფრაგმენტის გადატანა ლატენტურიდან მანიფესტირებულ შინაარსში და 3. ლატენტური შინაარსების გაერთიანებითა და შერწყმით მანიფესტირებულ შინაარსში (ფროიდი, 2023).სიზმარში სიტუაციები და ზოგჯერ პიროვნებებიც ინტეგრირებული სახით არიან წარმოჩენილნი, მაგალითად,როდესაც გვესიზმრება ადამიანი, რომელიც წარმოადგენს A-პიროვნებას, გამოიყურება, როგორც B-პიროვნება, აცვია, როგორც C-პიროვნებას და აკეთებს რაღაცას, რასაც აკეთებს ხოლმე D-პიროვნება, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს კონდენსაციასთან და ანალიზისთვის საჭიროა, გაერთიანებულ ხატებს შორის საერთო X მნიშვნელის პოვნა, რომლის ხარჯზეც სიზმრის მუშაობამ შეძლო ხატების ერთმანეთთან შერწყმა. კონდენსაციის ასახსნელად შეიძლება სიზმრის მუშაობა მითიური ქმნილების გამოგონებას შევადაროთ, ვთქვათ, როგორც ქიმერა, რომელიც ერთდროულად არის ლომი, თხა და გველი. ხატების შერწყმის დეტერმინანტი უნდა ვეძებოთ იმ კავშირებში, რომლებიც საერთოა თითოეული ელემენტის თვისებებში. ფროიდი მექანიზმის ილუსტრაციისთვის გვთავაზობს ამონარიდს საკუთარი სიზმრიდან: „სიზმარში ვზივარ ვაგონში და მუხლებზე მიდევს რაღაც საგანი, რომელსაც აქვს ცილინდრის ქუდის ფორმა და გამჭვირვალე შუშისგანაა დამზადებული. ამ სურათთან დაკავშირებით მაშინვე მომდის ანდაზა: ქუდით ხელში შეიძლება მთელი ქვეყანა შემოიაროვო. შუშის ცილინდრი მაგონებს აუერის ნათურას, და მე მაშინვე ვხვდები, რომ მინდოდა რაღაც ისეთი გამომეგონებინა, რომელიც დამეხმარებოდა ისეთივე მდიდარი გავმხდარიყავი, როგორიც ჩემი თანამემამულე დოქტორი აუერ ფონ ველსბახია: მაშინ შემეძლებოდა მოგზაურობა, იმის მაგივრად, რომ ვენაში ვიჯდე. სიზმარში მე ვმოგზაურობ ჩემს გამოგონებასთან შუშის ცილინდრის ქუდთან ერთად...“ (ფროიდი, 2014 b, p. 103) როგორც ვხედავთ მოცემულ სიზმარში სიზმრის მუშაობამ ორი ხატის ცილინდრის ქუფდისა და აუერის ნათურის კომბინირებით შექმნა ქიმერა - შუშის ცილინდრის ქუდი, რომელიც ფროიდის სურვილს გამოხატავდა, ყოფილიყო მდიდარი და წარმატებული, რათა შესძლებოდა მსოფლიოს შემოვლა. კონდენსაციის მექანიზმის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენ, ისიც, რომ მისთვის კონტრადიქციების კონდენსირებაც არ წარმოადგენს სირთულეს. პირიქით შეიძლება ვიფიქროთ კიდეც, რომ, როდესაც სიზმარში გარკვეული იდეა ნეგაციის ფორმით არის გადმოცემული, შესაძლოა, რეალურად, იგი აფირმაციას გამოხატავდეს. ამიტომაც თუ სიზმრის ასოციაციები „ან-ან“ კავშირშია მოცემული, ფროიდის რეკომენდაციით, ეს კავშირო უნდა ჩავანაცვლოთ „და“ კავშირით ანუ X-ცა და Y-იც და არა X-ი ან Y-ი (ფროიდი, 2014 b).
ყველაზე რთული მექანიზმი, რომელსაც სიზმრის მუშაობა იყენებს არის გადანაცვლება (Verschiebung). აღნიშნულ მექანიზმზე ფროიდი წერს: „სიზმრის მუშაობის დროს ფსიქიკური აქცენტი გადაინაცვლებს აზრებიდან და წარმოდგენებიდან, რომელთაც ისინი სამართლიანად ფლობენ, სხვებზე, რომელთაც, ჩემი მსჯელობით, ასეთ მნიშვნელოვნებაზე არავითარი უფლება არ აქვთ; არც ერთი პროცესი ისე ძლიერად არ გვეხმარება, როგორც ეს უკანასკნელი, სიზმრის აზრის დამალვაში და სიზმრის შინაარსსა და მის ფარულ აზრებს შორის კავშირის გაუგებრად გახდომაში“ (ფროიდი, 2014 b, p. 105) გადანაცვლების მუშაობა ყველაზე დიდ პრობლემას უქმნის ინტერპრეტაციას, რადგან იგი ყურადღებას მიმართავს შინაარსებისკენ, რომლებიც ამ ყურადღებას არ იმსახურებენ, რათა დაიფაროს სიზმრის რეალური დეტერმინანტი. რაც უფრო ბუნდოვანი და გაუგებარია სიზმარი, მის შექმნაში მით უფრო დიდი მონაწილეობა შეიძლება მივაწეროთ გადანაცვლებას. გადანაცვლების საილუსტრაციოდ ფროიდს მოყავს შესანიშნავი მაგალითი, რომელიც ერდროულად გვიჩვენებს გადანაცვლებასაც და თავისუფალი ასოციაციების აუცილებლობასაც:
„ქალიშვილი სიზმარში ხედავს თავისი დის ერთადერთ შვილს გარდაცვლილს ზუსტად იგივე ვითარებაში, რომელშიც ერთი წლის წინ ნახა გარდაცვლილი პირველი დიშვილი. ამასთან ქალი არ განიცდის არავითარ სიბრალულს, მაგრამ რა საკვირველია, პროტესტს გამოთქვამს იმ ინტერპრეტაციისადმი, რომლის მიხედვითაც სიზმარში ბავშვის სიკვდილი მის სურვილს გამოხატავდა. ამის აღიარება არც არის საჭირო: საქმე ისაა რომ დის პირველი შვილის კუბოსთან ის უკანასკნელად შეხვდა და დაელაპარაკა საყვარელ ადამიანს; მეორე შვილიც რომ მომკვდარიყო ქალი ალბათ კვლავ შეხვდებოდა დის სახლში საყვარელ ადამიანს. ქალს სურს მასთან შეხვედრა, მაგრამ პროტესტს აცხადებს ამ გრძნობის წინააღმდეგ. სიზმრის ხილვის დღეს ქალმა ბილეთი აიღო მისი საყვარელი ადამიანის ლექციაზე დასასწრებად. მისი სიზმარი არის უბრალოდ „მოუსვენარი სიზმარი“, როგორც ეს ხდება ხოლმე მოგზაურობის, თეატრში წასვლის ან სხვა მოსალოდნელი სიამოვნების წინ. სიზმრის მუშაობა სასურველი მისწრაფებების დასამალად არჩევს ისეთ სიტუვაციას, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეეფერება სასიხარულო მოლოდინების გრძნობებს, მაგრამ სიტუვაციას რომელმაც ერთხელ სამსახური უკვე გაუწია. იმ გარემოებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ სიზმრის მიმართ ემოციები შეესაბამებიან სიზმრის არა აშკარა არამედ ლატენტურ შინაარსს. სიტუვაცია სიზმარში განჭვრეტს დიდი ხნის ნანატრ შეხვედრას და მძიმე გრძნობებისთვის არავითარი საბაბი არ არსებობს“ (ფროიდი, 2014 b, pp. 127-128).
ამგვარად გადანაცვლების მექანიზმმა სიზმრის მთელი აქცენტი გადაიტანა მძიმე მოგონებაზე გარდაცვლილი დიშვილის შესახებ თუმცა თავისუფალი ასოციაციაციების მეშვეობით შესაძლებელი გახდა სიზმრისს რეალური მოტივის - საყვარელ მამაკაცთან შეხვედრის სურვილის, მიკვლევა.
მეორეადი გადამუშავების მექანიზმი ცდილობს სიზმრის ხატებისა და აზრების ქაოსური ბუნება თანმიმდევრულად დაკავშირებული, კოჰერენტული და გასაგები გახადოს. მოცემული მექანიზმი ცდილობს სიზმრის სცენარი მოწესრიგებულ ჰარმონიულ მთლიანობად აქციოს. მეორად გადამუშავებაზე ფროიდი წერს:
„სიზმარი, უპირველეს ყოვლისა, აღმოაჩენს უცილობელ კავშირებს ფარული აზრების ყველა ნაწილს შორის იმით, რომ მთელ ამ მასალას ერთ სიტუაციაში აერთიანაებს: იგი გამოხატავს ლოგიკურ კავშირს დროში და სივრცეში დაახლოებით იმ მხატვარივით, რომელიც პარნასის გამომხატველ სურათზე აერთიანებს ყველა პოეტის გამომსახველობას, რომლებიც, რა თქმა უნდა, არასოდეს იმყოფებოდნენ ერთად მთის ერთ წერტილზე, მაგრამ წარმოდგენაში, უეჭველად, ერთ ოჯახს ქმნიან” (ფროიდი, 2014 b, p. 111).
სიზმრის მეორადი რედაქცია ნაუცბათევად შექმნილ ესკიზს გავს, რომელიც, მხოლოდ, ილუზიას ქმნის შინაარსის კოჰერენტულობასთან დაკავშირებით, რალურად კი უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სიზმრები ერთიანი მოწესრიგებული სიუჟეტისგან არ შედგება, არამედ ხშირად ვხვდებით უეცარ გადახტომებს სცენიდან სცენაზე, ეს ზუსტად ის ხარვეზებია, რომელთა აღმოფხვრასაც სიზმრის მეორადი გადამუშავება ვერ ახერხებს, რიგ შემთხვევბში (ფროიდი, 2014 b).
სიზმრის ბიოლოგიური დანიშნულება
ნებისმიერ სიზმარს ერთი საერთო მახასიათებელი ნამდვილად აქვს, მათ ძილის დროს ვხედავთ. ძილი თავისთავად მოსვენების მდგომარეობაა, რომლის დაკავშირებაც პირველად პრენატალურ პერიოდთან შესაძლებელია, ვიქმნით რა ისეთ პირობებს, როგორიც აქვს ბავშვს მუცლადყოფნისას, სითბო სიბნელე და გამღიზიანებლებისგან შედარებითად თავისუფალი გარემო. ამ ლოგიკას თუ გავყვებით სიზმარი ნამდვილ პრობლებას წარმოადგენ, რადგან იგი არა ფსიქიკის მოსვენების არამედ აქტივობის მდგომარეობას გამოხატავს, თანამედროვე კვლევებით კი სიზმრის ხილვისას ტვინის აქტივობა ძალიან ახლოს დგას ფხიზლად ყოფნის დროს აქტივობასთან. მაშინ ისმის კითხვა - რატომ გადაწყვიტა ფსიქიკურმა ცხოვრებამ ასთი რთული კომპექსის ფორმირება მაშინ, როდესაც მოსვენებული უნდა იყოს და ენერგიას უნდა ზოგავდეს. ფროიდი ამ პრობლემიდან გამოსავალს გვთავაზობს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: სიზმარს აქვს ბიოლოგიური დანიშნულება, რაც საკმაოდ ლოგიკურია, რადგან მსგავსი სახის აქტივობა ენერგიის დიდ დანაკარგთან ასოცირდება და რომ არა მისი მნიშვნელობა სიზმრის ნახვას საფუძველი არ ექნებოდა. რაში მდგომარეობს სიზმრის ფუნქცია? ფროიდის აზრით ეს უკანასკნელი არის დაძაბულობის შემცირება. ადამიანს სომატურ დონეზე ძილის შენარჩუნებისთვის სჭირდება პერცეპტული გაღიზიანებების რედუქცია და ამით ერთგვარი კომფორტის შექმნა, უფრო სწორად აგზნების შემცირება მაგალითად, როგორიცაა აუდიალური ანუ სიჩუმის შენარჩუნდება. სწორედ ასე იქცევა სიზმარი, ფსიქიკურის თვალსაზრისით, ვინაიდან ამცირებს ფსიქიკურ აღზნებას სურვილის სიზმარში ასრულებით, ამრიგად გვევლინება ძილის შემანარჩუნებლად. მაგალითად ავიღოთ ბავშვი, რომელსაც დედა აძინებს იმ დროს, როდესაც უნდა კიდევ ითამაშოს, თამაშის დაუკმაყოფილებელი სურვილი სიზმარში დაკმაყოფილებას ჰპოვებს და ამრიგად შენარჩუნდება ძილი(ფროიდი, 2014 b).
ბიბლიოგრაფია
კორინთელი, რ. (2022). დინამიკური ფსიქიატრია. თბილისი: აზროვნების აკადემიის გამომცემლობა.
ფროიდი, ზ. (2014 a). თვითგადმოცემა. In ზ. ფროიდი, ფსიქოანალიზი (pp. 162-227). თბილისი: სიახლე.
ფროიდი, ზ. (2014 b). სიზმრების შესახებ. In ზ. ფროიდი, ფსიქოლოგიური თხზულებები (pp. 81-136). თბილისი: პეგა.
ფროიდი, ზ. (2023). ფსიქოანალიზის შესავალი. თბილისი: აქტი.




Comments