ფანტაზმი
- მაია კერვალიშვილი

- 15 hours ago
- 9 min read
“მე მივდიოდი მასთან და ვათავისუფლებდი ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომდაგროვილი ფანტაზმებისგან…”
ბრეიერი ანა ო-ს შემთხვევაზე
ამ ფრაზიდან ჩანს ჯერ კიდევ როდიდან მოდიან ერთად ფსიქოანალიტიკური თეორია და ფანტაზმისცნება.
ფანტაზმი გერმანული სიტყვა Phantasie მომდინარეობს და გულისხმობს წარმოსახვით სამყაროს და მის შემადგენელს. ფროიდის განმარტებით, ფანტაზმი არის კომპლექსური ფსიქიკური კონსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს წარმოსახვით სცენარს, სადაც სუბიექტის არაცნობიერი სურვილი, დაცვითი მექანიზმებით შენიღბული და დეფორმირებული სახით, პოულობს თავის სიმბოლურ აღსრულებას. ეს სცენარი, რომელიც შეიძლება არსებობდეს როგორც ცნობიერ, წინაცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე, იგება რეალური გამოცდილებისა და გაგონილი ამბების უნიკალური კომბინაციით და ერთგვარ პროტოტიპად, ანუ მოდელად ევლინება სუბიექტის მიმდინარე სურვილებსა და ფსიქიკურ ცხოვრებას.
ფანტაზმის დაბადება ფროიდთან
ფანტაზმის წარმოშობა ფროიდთან, ბავშვის სამყაროში რეალობის პრინციპის შემოჭრის შედეგად სუბიექტურის და ობიექტურის დაპირისპირებით აიხსნება, რაც იქამდე სიამოვნების პრინციპზე დაფუძნებულ სუბიექტურ სამყაროს, რომელიც მთლიანად არაცნობიერია, ნაწილებად ყოფს. ერთ-ერთი ასეთი ნაწილი კი განაგრძობს არსებობას აზროვნების დამოუკიდებელ ფორმად, რომელიც ემორჩილება რა მხოლოდ სიამოვნების პრინციპს, მიისწრაფის ილუზორული დაკმაყოფილებისკენ.
ფროიდმა ფანტაზმებზე დაკვირვება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისტერიული პაციენტი ქალების მონაყოლის უკან, რომლებიც აღწერდნენ მამის მხრიდან ცდუნების სცენას, არა რეალური მატრავმირებელი მოვლენა, არამედ ფანტაზმი დაინახა. ფროიდი ფლისისადმი მიწერილ ცნობილ წერილში წერს: “მე უნდა გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო, მე აღარ მჯერა ჩემი ნევროტიკას (Je ne crois plus à ma neurotica)”. ამ პერიოდიდან, ხდება გადატრიალება ფსიქოანალიტიკურ თეორიაში. ფროიდი რწმუნდება რომ საქმე ეხება არა რეალურ სცენას, სადაც მამა გარკვეულწილად პერვერტად არისწარმოდგენილი და ბავშვი, ამ შემთხვევაში გოგონა კი პასიურ პოზიციაში მყოფ მსხვერპლად, არამედ თავად პაციენტის ფანტაზმატურ კონსტრუქტს, სადაც ის თავად არის აქტიური სუბიექტი ვინც ფანტაზმირებს მამის ან მამობრივი ფიგურების ირგვლივ გარკვეული სექსუალი კონოტაციის მქონე შინაარსებს. ამ პერიოდიდან მოყოლებული გარდატეხა ხდება თეორიაში, ფროიდი იწყებს მოსმენას არა მხოლოდ რეალური მოვლენების, რომლებსაც შეიძლება ჰქონოდა ადგილი, არამედ როგორ გადაამუშავა ეს მოვლენები პაციენტმა და როგორ აირეკლა ეს ყველაფერი ფსიქიკურ ცხოვრებაში, ანუ ფანტაზმის დონეზე. ამით იბადება ფსიქიკური რეალობა რომლის ირგვლივაც და რომლის ფრაგლებშიც მუშაობს ფსიქოანალიტიკოსი.
ფანტაზმის საბაზისო აქსიომა შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: დაუკმაყოფილებელი სურვილები ფანტაზმების მამოძრავებელი ლტოლვითი ძალებია (გერმ. Triebkräfte), რომლებიც სათავეს იღებენ სურვილებში (გერმ. Wünsche), რომლებიც თავის მხრივ დაუკმაყოფილებლობისგან იბადებიან და საწყისი ნაკლულობით (manque inaugural) საზრდოობენ. პირველადი სურვილის (გერმ. Wünsche)ეფექტით, არაცნობიერი ძალა აიძულებს ადამიანს, გადაამუშავოს თავისი გამოცდილება და მოგონება. ფროიდისთვის Wunsch არის, ჰალუცინაციური გზით, იმ პირველი სიამოვნების გამოცდილების რეპროდუცირების მცდელობა, რომელიც განცდილი იყო არქაული ბიოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებისას. ფანტაზმი არ არის მხოლოდ ამ არქაული სურვილის ეფექტი, ის ასევე არის მიმდინარე სურვილების მატრიცა. სუბიექტის არაცნობიერი არქაული ფანტაზმები, ფაქტობრივად, ეძებენ სულ მცირე ნაწილობრივ რეალიზაციას სუბიექტის კონკრეტულ ცხოვრებაში. ამგვარად, ისინი გარდაქმნიან აღქმებსა და მოგონებებს, უდევს საფუძვლად სიზმრებს, წამოცდენებსა და შეცდომით მოქმედებებს, განაპირობებენ მასტურბაციულ აქტივობებს, გამოიხატებიან დღის ოცნებებში და ცდილობენ აქტუალიზაციას შენიღბული ფორმით სუბიექტის პროფესიული, ურთიერთობრივი, სექსუალური და ემოციური არჩევანის მეშვეობით.
ამგვარად, ჩვენ ვხედავთ ფანტაზმსა და სურვილს შორის არსებული კავშირების ციკლურ ხასიათს. მაგრამ ასევე შეგვიძლია დავინახოთ, რომ არსებობს ცნობიერი, წინარეცნობიერი და არაცნობიერი ფანტაზმები. ზოგიერთი ასეთი არაცნობიერი ფანტაზმი სუბიექტისთვის მისაწვდომი ხდება მხოლოდანალიზის პროცესში, ხოლო სხვები კი, სამუდამოდ რჩებიან პირველადი განდევნის ტყვეობაში, მათი მხოლოდ რეკონსტრუქციაა შესაძლებელი ინტერპრეტაციის გზით. ფროიდი ამას ავითარებს თავის სტატიაში „ნაცემი ბავშვი“, ფორმულა, რომელსაც ის იყენებს მაზოხისტური ფანტაზმის სახელდებისთვის, რომელსაც ხშირად ხვდებოდა თავის პრაქტიკაში (Ein Kind wird geschlagen, 1919, trad. fr. in Névrose, psychose et perversion, 1973). იქვე ფროიდი მიუთითებს, რომ თუ ფანტაზმი წარმოადგენს სუბიექტის არაცნობიერ სურვილს, თავად სუბიექტი ფანტაზმში შეიძლება წარმოდგენილი იყოს მასში ჩართული სხვადასხვა პერსონაჟით. პირველადი ნარცისიზმისა და ტრანზიტივიზმის გათვალისწინებით, ამ ფანტაზმატულ სცენარში როლების გაცვლა ხშირია. ფანტაზმი “ნაცემი ბავშვი” ენობრივი ენონსიაციაა, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია ტექსტის მსგავსად გაშიფვრის გზით. ფანტაზმის კონსტიტუციაში სურვილის მნიშვნელობის კიდევ ერთი მტკიცებულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არარსებობს უშუალო კავშირი ფანტაზმსა და ბავშვის მიერ განცდილ კონკრეტულ მოვლენებს შორის.
პაციენტების მრავალფეროვან ფანტაზმებზე დაკვირვების საფუძველზე, ფროიდი გამოყოფს ფანტაზმთა სპეციფიკურ ჯგუფს, რომელთაც ის „პირველად“ (originaires) ფანტაზმებს უწოდებს. ეს უკანასკნელნი სუბიექტის წარმოშობის ფუნდამენტურ საკითხებს ეხება, კერძოდ:
ინდივიდის წარმოშობას: ჩასახვის აქტი (პირველადი სცენა) ან სუბიექტის ადგილი საგვარეულო ჯაჭვში (საოჯახო რომანი);
სექსუალობის წარმოშობას: სუბიექტის სექსუალური ინიციაცია (ცდუნების ფანტაზმი);
სქესობრივი განსხვავების წარმოშობას: ანატომიური განსხვავების გაცნობიერება (კასტრაციის ფანტაზმი).
პირველადი სცენის ფანტაზმი, თავისი ძალადობრივი ხასიათით, ნათლად აჩვენებს ბავშვის მიერ ზრდასრულის ეროტიზმის ინტერნალიზების პროცესს. რაც შეეხება ცდუნების ფანტაზმს, ის ერთდროულად მიუთითებს ოიდიპოსის კომპლექსის გამოვლინებასა და ბავშვობის დროინდელი მასტურბაციული აქტივობებისგან დაცვის მექანიზმზე - აქ ფანტაზმი აერთიანებს აკრძალულ სურვილსდა ამავე სურვილის უარყოფას მისი სხვაზე (ზრდასრულზე) პროეცირების გზით.“
ფანტაზმის განვითარება ლაკანთან
ფროიდის კვალდაკვალ, ჟ. ლაკანმა ხაზი გაუსვა ფანტაზმის არსებითად ენობრივ ბუნებას. მან ასევე აჩვენა, რომ ფანტაზმის პერსონაჟებს მასში გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვთ გარკვეული იზოლირებული ელემენტების გამო (სიტყვები, ფონემები და ასოცირებული ობიექტები, სხეულის ნაწილები, ქცევითი შტრიხები და ა.შ.), ვიდრე მათი მთლიანობის გამო. მან შემოგვთავაზა შემდეგი მათემა (mathème): $◇a, რაც იკითხება როგორც: „გადახაზული S, პუანსონი პატარა a“. ეს მათემა აღნიშნავს არაცნობიერის სუბიექტის სპეციფიკურ კავშირს a ობიექტთან (როგორც დაკარგულ, ცარიელ ადგილთან, ნაპრალთან, რომლის დახშობასაც სუბიექტი მთელი ცხოვრების მანძილზე შეეცდება სხვადასხვა წარმოსახვითი ობიექტებით) რომელიც მისი სურვილის არაცნობიერ მიზეზს წარმოადგენს; სუბიექტისა, რომელიც გადახაზულია და შეუქცევადად დაყოფილი აღმნიშვნელთა სამყაროში შესვლისგამო. (ფრანგ. ვერსია: Dans le prolongement de Freud, J. Lacan a souligné la nature essentiellement langagière du fantasme. Il a aussi démontré que les personnages du fantasme y valaient bien plus par certains éléments isolés (paroles, phonèmes et objets associés, parties du corps, traits de comportement, etc.) que par leur totalité.
Il proposa le mathème suivant: $•a, à lire «S barré poinçon de petit a». Ce mathème désigne le rapport particulier d'un sujet de l'inconscient, barré et irréductiblement divisé par son entrée dans l'univers des signifiants, avec l'objet a qui constitue la cause inconsciente de son désir.)
ბოლოს, მასში შეგვიძლია ამოვიკითხოთ სიმბოლურის, წარმოსახვითის და რეალურის კვანძურიკავშირის (◇) ფუნქცია, რომელსაც ფანტაზმი ახორციელებს, ისევე როგორც დაცვის ორმაგი ფუნქცია. ისმართლაც იცავს სუბიექტს არა მხოლოდ რეალურის საშინელებისგან, არამედ მისი დაყოფის ეფექტებისგანაც, რაც სიმბოლური კასტრაციის შედეგია; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის იცავს მას აღმნიშვნელების მიმართ რადიკალური დამოკიდებულებისგან. აღნიშნული მათემის თვალსაჩინო განმარტებას გვაძლევს პოლ ლოღან ასუნი, რომლის მიხედვითაც, სუბიექტი და „სხვა“ (l'Autre) ერთმანეთთან კავშირში შედიან ორი ოპერაციის მეშვეობით, რომლებიც ობიექტთან კორელაციურ მიმართებას აწესებენ: ესენია გაუცხოება (aliénation) და სეპარაცია (séparation). იმისათვის, რომიარსებოს (exsister), სუბიექტი იმდენადვე უნდა გამოეყოს „სხვას“, რამდენადაც ახდენს ობიექტთან გაუცხოებას. ფანტაზმის ფორმულაში, სუბიექტი გვევლინება როგორც „გადახაზული“, ანუ დაყოფილი a ობიექტის „პირისპირ“. „პატარა a“ გვევლინება ერთდროულად როგორც ნაშთი, როგორც სუბიექტის გაქრობის (fading) საყრდენი და, შესაბამისად, „სხვისი“ მარცხის (დეფექტის) კორელატი. ფანტაზმი, ფაქტობრივად, წარმოადგენს თავდაცვას იმ „უმწეობის“ (détresse) წინაშე, რომელიც „სხვის“ სიცარიელესთან (ვაკუუმთან) შეხვედრისას ჩნდება.
ე.წ. „პერსონის“ (L'homme) სქემის დამუშავებისას (Ecrits, 1966), ლაკანი ფანტაზმს წარმოადგენს ზედაპირად, რომელიც მოიცავს „მე“-ს (moi), წარმოსახვითი სხვის (l'autre imaginaire), პირველადი დედის, „მე-იდეალისა“ (l'idéal du moi) და ობიექტის სხვადასხვა ფიგურებს. ფანტაზმის ეს ზედაპირი შემოსაზღვრულია წარმოსახვითი და სიმბოლური სფეროებით, მაშინ როცა ფანტაზმი ფარავს რეალურის სფეროს. ეს აღნიშვნები მიუთითებს ფანტაზმის ტრანსინდივიდუალურ ხასიათზე, მის მონაწილეობაზე (თუნდაც მარგინალურზე) სიმბოლურ და წარმოსახვით სფეროებში და, უპირველეს ყოვლისა, რეალურის ობტურაციის ფუნქციაზე. (რეალური აქ აღნიშნავს სუბიექტის გამოუთქმელობას, იმას, რასთან შეხვედრაც მისთვის აუტანელია და რაც, მიუხედავად ამისა, წარმოადგენს იმას, რასაც ის გამუდმებით აწყდება; ასეთია, მაგალითად, დედის კასტრაციის რეალური ან მისი ბავშვობის ტრავმა, რომელიც ეწინააღმდეგება იმპლემენტაციას წარმოსახვასა თუ სიმბოლიზაციაში და დავიწყებას ეცემა ამ ფანტაზმის ეკრანის მიღმა).
ამ პერსპექტივაში, ფანტაზმში არსებული მამის მზერა გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრეთავად მამა. იგივე ეხება დედის მკერდს, რომელიც ბავშვს კვებავს, მათრახს, რომელსაც მასწავლებელი იყენებს ბავშვის დასასჯელად ან ვირთხას, რომლითაც აწამებენ მსხვერპლს. როგორც „ადამიანი ვირთხებით“ (L'Homme aux rats) ანალიზისას გამოჩნდა, ფანტაზმის ეს ობიექტები ფუნქციონირებენ არა მხოლოდ როგორც ობიექტები, არამედ როგორც აღმნიშვნელები. თავად ფროიდმაც კარგად გაუსვა ხაზი თავისი პაციენტის დიდ მგრძნობელობას სიტყვების მთელი სერიის მიმართ, რომელიც მოიცავდა აღმნიშვნელი „ვირთხა“.
ფანტაზმის a ობიექტს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. როგორც რეალური ობიექტი (მზერა, ხმა, ძუძუ დაფეკალიები) შეუქცევადად დაკარგულია, მაგრამ ექვემდებარება წარმოსახვითში გადატანას (სემინარიXIV, 1966-1967, „ფანტაზმის ლოგიკა“). ჩვენ მართლაც არასოდეს გვაქვს წვდომა ჩვენს მზერაზე სხვისი შეხედვისას, და არც ჩვენს ხმაზე, როგორც მას სხვა აღიქვამს. ფეკალიები აშკარად სხეულის ისნაწილებია, რომლებიც მოცილებადია და უნდა დაიკარგოს. რაც შეეხება ძუძუს, ის დაკარგულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვს ოდესღაც მოაკლდა დედის ძუძუ, არამედ უფრო არსებითად იმიტომ, რომის აღიქმებოდა ბავშვის მიერ როგორც საკუთარი სხეულის განუყოფელი ნაწილი. რეალური a ობიექტების რაოდენობა შეზღუდულია. წარმოსახვითი ობტურატორი ობიექტებისა კი უსასრულო: გარკვეული მზერა, რომელიც იზიდავს; მათრახი, რომლისაც ეშინიათ; ძუძუს ფორმა, რომელიც ხიბლავს; საძულველი ვირთხა; დაგროვილი საკოლექციო ნივთები; მაცდუნებელი თმები; ჰალუცინირებული წამწამი; სათაყვანებელი ხმა და ა.შ.
ის, რომ ფანტაზმის ობიექტი განსხვავდება საჭიროების ობიექტისა და ლტოლვის ობიექტისგან, ადვილად ჩანს, როდესაც პარადიგმად განვიხილავთ: ძუძუს (ფანტაზმის წარმოსახვითი ან რეალურიობიექტი), დედის რძეს (საჭიროების ობიექტი) და პირს (ლტოლვის ობიექტი). გარდა ამისა, ის, რომ ფანტაზმის ობიექტი არ ემთხვევა სიყვარულის ობიექტს, ვლინდება წყვილების არა ერთ სირთულეში და განსაკუთრებით ხშირ გახლეჩვაში (clivage), რომელიც აცალკევებს ქალს, როგორც სიყვარულის ობიექტს, იმ ქალისგან, რომელიც აღძრავს სურვილს. ფანტაზმის ობიექტისგან განსხვავებით, სიყვარულის ობიექტი ხშირად დაღდასმულია იდეალიზაციით ან ნარცისიზმით, რაც ბევრ შეყვარებულს აიძულებს აღიაროს, რომ ის, რაც მას სხვაში უყვარს, მისივე საკუთარი, მეტ-ნაკლებად იდეალიზებული ხატის ანარეკლია. წყვილების ცხოვრების სირთულე და კომპლექსურობა დიდწილად იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა ერთ ობიექტში, სუბიექტისთვის დამაკმაყოფილებელი გზით, თანხვედრაში მოვიდეს ფანტაზმის ობიექტი, ლტოლვისა და სიყვარულის ობიექტები.
მილერი ერთმანეთს უპირისპირებს ფანტაზმის ორი სტილს და თითოეული მათგანს აკუთვნებს რომელიმე სქესს: წმინდა ნეტარების (jouissance) ფანტაზმი, სადაც „სხვა“ დაყვანილია a ობიექტამდე, და სიყვარულის ფანტაზმი. მისი დაშვებით, სიყვარულის ინსტანცია გაცილებით უფრო მეტად არის წარმოდგენილი ქალურ ფანტაზმში, ვიდრე მამაკაცურ მხარეს. „ნაცემი ბავშვის“ ფანტაზმი, უდავოდ, მოიცავს ნეტარებისკენ მოხმობას, თუმცა ფროიდი ფანტაზმის მის მიერ მოცემულ საეტაპო ანალიზში ყურადღებით აღნიშნავს, რომ „იყო ნაცემი“ ასევე არის სიყვარულის ნიშანი და სწორედ ამ სტატუსით არის ეს ცუდი მოპყრობა ჩაწერილი ფანტაზმში.
ლაკანმა შემოგვთავაზა განვასხვავოთ ისტერიული და ობსესიური ფანტაზმის ფორმულები. ისტერიისთვის შექმნილი მათემა ხაზს უსვამს, რომ ისტერიული ადამიანი სხვაში ეძებს არა თავისი ფანტაზმის ობიექტს, არამედ აბსოლუტურ „სხვას“ (Autre), მაშინ როცა ის ახდენს იდენტიფიკაციას სხვისი ფანტაზმის ობიექტთან და, ფარულად, ფალოსის ნაკლებობასთან. ობსესიურის ფორმულაში კიწარმოდგენილია a ობიექტების სიმრავლე და მათი ურთიერთ ჩანაცვლებადობა, რომლებიც მოქცეულია ფალოსის აღმნიშვნელის ქვეშ, ანუ ზედმეტად ეროტიზებულია (ლაკანი, სემინარი „გადატანა“, 1961 წლის აპრილი). რაც შეეხება პერვერტის ფანტაზმს, აქ ხაზგასმულია სხვისი მთლიანობის დაყოფის ძიება და სურვილი, ეს დაყოფა უკიდურესობამდე მიყვანოს (ლაკანი, Ecrits, 1966).
ფანტაზმთან მიმართებით, ლაკანისეულ პერსპექტივაში, ანალიზის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ შემოუაროს არქაულ არაცნობიერ ფანტაზმს იმის დადგენით, თუ რა წილი მიუძღვის ბავშვობის კონკრეტული „სხვის“ სურვილს ამ ფანტაზმის კონსტიტუციაში; იმ რადიკალური დამოკიდებულების დადგენით აღმნიშვნელზე, რომლის დაფარვასაც ეს ფანტაზმი ცდილობს და იმ სუბიექტური კვანძური ნაპრალის დადგენით, რომლის დავიწყებასაც წარმოსახვითი a ობიექტები ცდილობენ.
ფანტაზმიდან სიმპტომამდე
ფანტაზმის მეტაფსიქოლოგიური სტატუსი გვეხმარება მისი სპეციფიკის გაგებაში სხვა „არაცნობიერ წარმონაქმნებთან“ მიმართებით, განსაკუთრებით კი, სიზმართან და სიმპტომთან შედარებით.
როგორც ჯანმრთელი, ისე ნევროტიული ადამიანების ფანტაზიები, რომლებიც საფუძვლად უდევს სიზმრებსა თუ ფსიქოლოგიურ სიმპტომებს, ხშირად ძალიან ლოგიკური და მოწესრიგებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოდგენები თავისი სტრუქტურით ცნობიერ აზრებს ჰგავს, ისინი მაინც არაცნობიერში რჩებიან. ეს ფანტაზიები მანამ „ტივტივებენ“ ცნობიერების ზღურბლთან, სანამ მათში ჩადებული ემოციური ენერგია (კატექსისი) დაბალია. თუმცა, როგორც კი ეს ენერგია იმატებს და ფანტაზია „მნიშვნელოვანი“ ხდება, ფსიქიკის დამცავი მექანიზმები მას მაშინვე უკუაგდებენ და ცნობიერებაში არ უშვებენ. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთგვარი სასაზღვრო წარმონაქმნი წინარეცნობიერ-ცნობიერ და არაცნობიერ სისტემებს შორის.
უფრო ზუსტად: ფანტაზმები არაცნობიერია თავისი წარმოშობით და ცნობიერი თავისი „არქიტექტურით“ ან მორფოლოგიით. ფროიდი მათ ადარებს „ნახევარსისხლიანებს“ ან „მეტისებს“, რომლებიც მთლიანობაში გვანან „თეთრკანიანებს“, მაგრამ „ღალატობენ თავიანთ წარმოშობას რომელიმეთვალსაჩინო შტრიხით (Zug) და ამის გამო საზოგადოების მიღმა რჩებიან“. მეტაფსიქოლოგიურ, დამაშასადამე, კლინიკურ დონეზე, ფანტაზმი თავის წარმოშობასა და არაცნობიერ ბუნებას ამჟღავნებსსწორედ ასეთი განმასხვავებელი ნიშნით და არა გლობალურად. აქედან გასაგები ხდება, რომ ფანტაზმატური წარმონაქმნები ნაკლებად არიან „ჩაძირულნი“ არაცნობიერ ფუნქციონირებაში, ვიდრე სიზმრები და სიმპტომები, თუმცა ისინი მაინც არაცნობიერი სისტემის ფუნქციონირებას განეკუთვნებიან, სადაც „ფხიზელი ოცნება“ (წინარეცნობიერი) ორ რეგისტრს შორის „მბრუნავ ფირფიტად“ (გადამრთველად) გვევლინება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის მთავარი ელემენტი, რომელიც განასხვავებს სიმპტომის ფსიქოანალიტიკურ გაგებას: იმის ნაცვლად, რომ ფროიდმა ის თავიდანვე (ფსიქო)პათოლოგიად განიხილოს, მას არაცნობიერ წარმონაქმნს უწოდებს. ეს ნიშნავს, რომ სიმპტომი, თუმცა ის კონფლიქტურ პათოლოგიას განეკუთვნება, სწორედ ამ კონტექსტშივე იკითხება, როგორც შინაგანი მნიშვნელობის მატარებელი.
ფანტაზმების ამოკითხვა (გაშიფვრა), დაწყებული ისტერიული შეტევისას არსებული ფანტაზმიდან, დამთავრებული ფანტაზმის „ბავშვს სცემენ“, სწორედ ამ მუშაობას ავლენს.
სიმპტომები, შესაბამისად, გვევლინება ორ ძალას შორის არსებული „კონფლიქტის ეფექტად“, რომელთათვისაც ის „კომპრომისის“ როლს ასრულებს: „ორი ძალა, რომლებიც გაორებულნი იყვნენ, კვლავ ერთიანდებიან სიმპტომში, რიგდებიან რა სიმპტომის, როგორც კომპრომისული წარმონაქმნის, მეშვეობით“. ამგვარად, ის გარკვეულწილად იძლევა საშუალებას, რომ სუბიექტმა ერთდროულად უარიც თქვას ლტოლვით დაკმაყოფილებაზე და ამავდროულად განახორციელოს ის.
ამ „პროცესის“ ფორმულა თავიდანვე ასეთია: კონფლიქტი - განდევნა - კომპრომისული წარმონაქმნით ჩანაცვლება, ეს მეორდება ყველა ფსიქონევროტულ სიმპტომში.
სიმპტომის მდგრადობა და მისი „სიხისტე“ აიხსნება იმით, რომ ის მხოლოდ დაავადება კი არა, არამედ სუბიექტის არაცნობიერი სურვილისა და თვითდასჯის მექანიზმის ერთდროული აღსრულებაა. სიმპტომი წარმოადგენს თავისებურ კომპრომისს: მასში სუბიექტი პოულობს გზას, ერთი მხრივ, „დააკმაყოფილოს“ აკრძალული ლტოლვები, ხოლო მეორე მხრივ, დაისაჯოს მათ გამო ტანჯვისა და თვითგვემის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, სიმპტომისგან მიღებული ზედაპირული „სარგებლის“ გაქრობა საკმარისი არ არის მის დასაძლევად, რადგან მისი ფესვები გაცილებით ღრმაა და უკავშირდება პიროვნების ფუნდამენტურ დანაშაულის გრძნობასა და „სიკვდილის ლტოლვას“.
სიმპტომის მიღმა იმალება სუბიექტის შიში საკუთარი „ბოროტი“ ლტოლვების წინაშე, რაც მას აიძულებს, აირჩიოს ავადმყოფობა, როგორც თავდაცვისა და თვითკონტროლის ფორმა. სიმპტომი ერთგვარი ფილტრია, რომელიც ადამიანს იცავს იმ შიშველი და გაუსაძლისი ტკივილისგან, რასაც საკუთარ დესტრუქციულ ბუნებასთან პირისპირ შეხვედრა გამოიწვევდა. ამგვარად, სიმპტომის „მოხსნა“ ნიშნავს ფსიქიკის ყველაზე მგრძნობიარე „ნერვზე“ შეხებას, სადაც ერთმანეთს ხვდება დაუკმაყოფილებელი სურვილი და რადიკალური თვითდამსჯელი აქტი, რაც პროცესს უკიდურესად მტკივნეულსა და რთულს ხდის. ფანტაზმის დათმობით ჩვენ ვიპოვით სწორედ იმ საწყის სარგებელს, რომელსაც ატარებს ეს ოპერაცია, ეს აქტი, რასაც სიმპტომი წარმოადგენს.
ის ფაქტი, რომ თითოეული ფანტაზმი სურვილის ასრულებას ემსახურება, არასასურველი რეალობის დაკორექტირების გზით, კარგად ჩანს ახალგაზრდა პაციენტი ქალის ბავშვობის მოგონებაში: ის ხშირად იმალებოდა, იმ იმედით, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა მისი არყოფნა, თუმცა უშედეგოდ. ამ რეალობასთან გასამკლავებლად, პაციენტი ქალი, რომელიც ოჯახურ იერარქიაში „უმნიშვნელო“ შუათანა შვილის პოზიციაში აღმოჩნდა, დაჩრდილული პაპის ფავორიტი უფროსი დისა და პრივილეგირებული ძმის მიერ, ფსიქიკურ თავშესაფარს ქმნის “დიდი სახლის” ფანტაზიაში. ამ გამოგონილ სამყაროში ის ცენტრალური, სასურველი ფიგურაა. შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუროგორ ცდილობს ფანტაზმი რეალობის იმ ნაპრალების ამოვსებას, სადაც სუბიექტმა აღიარება ვერპოვა. ეს წარმოსახვითი კონსტრუქცია სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, გამოსწორდეს ის ტრავმული რეალობა, სადაც მას „საყვარელი“ ან „რჩეული“ შვილის სიმბოლური სტატუსი დააკლდა.
ზრდასრულ ასაკში ეს ფსიქიკური მოცემულობა გარდაიქმნა „პროფესიულ თავგანწირვად“. პაციენტისაკუთარ ცხოვრებას სრულად უძღვნის სამსახურებრივ მოვალეობებს, თუმცა არა პირადი ამბიციის, არამედ „საჭიროების“ განცდის გამო. მისი სიმპტომი - დაუღალავი შრომა და სხვების სამსახურში ყოფნა არის მცდელობა, ამოავსოს ბავშვობისდროინდელი დეფიციტი. იგი ცდილობს გახდეს „a ობიექტი“ (სხვისი სურვილის ობიექტი), რათა სხვის თვალში დაინახოს საკუთარი თავის, როგორც „მნიშვნელოვანი სუბიექტის“, დადასტურება. სიმპტომის ბუნების ორსახოვნება კარგად ჩანს, როცა ის იღლება, იფიტება, არ აქვს პირადი ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს ტკბება იმით, რომ ის არის შეუცვლელი და საჭირო.
აღნიშნული შემთხვევა ფანტაზმიდან სიმპტომზე გადასვლის თვალსაჩინო მაგალითია, იმის თუ როგორ ინაცვლებს ფანტაზმი: „მე ვარ ის, ვინც ყველას აკლია“ მოგვიანებით სიმპტომში: „ვიმუშავებ ისე, რომ რეალურად ვაკლდე ყველას“.
ბიბლიოგრაფია
Paul-Laurent Assoun, Lacan
Paul-Laurent Assoun, Leçons psychanalytiques sur le fantasme
Paul-Laurent Assoun, Psychanalyse
Josef Breuer et Sigmund Freud, « Le cas d’Anna O. », dans Études sur l’hystérie, 1895.
Roland Chemama et Bernard Vandermersch, Dictionnaire de la psychanalyse
Sigmund Freud, Lettre à Wilhelm Fliess, 21 septembre 1897
Sigmund Freud, « Formulations sur les deux principes du fonctionnement psychique », 1911.
Sigmund Freud, « Ein Kind wird geschlagen » (1919), trad. fr. dans Névrose, psychose et perversion, 1973.
Sigmund Freud, « Remarques sur un cas de névrose obsessionnelle (L’Homme aux rats) » (1909), dans Cinq psychanalyses, Paris, PUF
Jacques-Alain Miller, La fuite du sens
Jacques Lacan, Écrits, Paris, Seuil, 1966
Jacques Lacan, Le Séminaire, livre XIV : La logique du fantasme (1966-1967), inédit.
Jacques Lacan, Le Séminaire, livre VIII : Le transfert (1960-1961), séance d’avril 1961, inédit.




Comments