top of page
Search

საბჭოთა კავშირის ნგრევა და კოლექტივის მელანქოლიზაცია - 3 ფაზა და კლინიკური გამოსავალი

ზოგიერთი პოლიტიკური ფენომენის ფსიქოგენეტიკურ ფაქტორთა შესახებ საქართველოში.


I ფაზა : ჩამონგრევის გამოცდილება, მელანქოლიზაცია და რელიგიის დაბრუნება

1996-98 წლებში, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ გამოწვეული მასობრივი ეიფორიის, ეგზალტაციისა და მანიაკალური აღტკინების ფაზების ბოლოს მყარდება ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი სოციალური კავშირებისა და კოლექტივის ფსიქიკური ცხოვრების ღრმა მელანქოლიზაციის.


სოციალური და პოლიტიკური სხეულის დისოციაციის, დეზინტეგრაციის, დეინსტიტუციონალიზაციისა და კანონის ღრმა პერვერტიზაციის ფონზე, იდეოლოგიის მამების პოლიტიკური სცენიდან გაქრობის ფონზე, პოსტ-საბჭოთა ქართული საზოგადოება განიცდის ღრმა კრიზისს, რომელიც სოციო-პოლიტიკური და კულტურული დეზორიენტაციის ფორმით ავლენს თავს, ხოლო ახალ თაობასთან წარმოშობს იდენტობის კრიზისს, რომელიც სასწრაფოდ ითხოვს კლინიკური გამოსავლის მოძებნას აუტანელი კონფლიქტიდან.


ეს კონფლიქტი წარმოიქმნა არა სუბიექტის მე-ს, მის სუპერ-ეგოსა და სურვილს შორის (შიდაფსიქიკური, ე.ი. ნევროტული კონფლიქტის კლასიკური, ფროიდიანული ფორმა), არამედ სუპერ-ეგოსა და მასში დაცულ კულტურულ მემკვიდრეობასა და ახალ, გარეთ არსებულ პოსტსაბჭოთა ნეორეალობას შორის[1].


კონფლიქტის პირველი ფორმა განაპირობებს საზოგადოების, ისევე როგორც სუბიექტის ნევროტიზაციას სიმბოლური რეგისტრის ღერძზე, მაშინ როდესაც გარკვეული სოციალური, პოლიტიკური თუ კულტურული მემკვიდრეობის მქონე სუბიექტის კონფლიქტი რეალობასთან განაპირობებს კოლექტივის ფსიქიკური ცხოვრების ფსიქოტიზაციას და შესაბამისად აღვიძებს პარანოიულ და პერსეკუტორულ ბირთვს, რომელიც ინდივიდთან და ინდივიდებისაგან შემდგარ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს მეტ-ნაკლებად ინაქტიური ფორმით  (Melani Klein).

ახალი თაობა, 90-იან წლებში უკვე განასახიერებს თაობას მემკვიდრეობის გარეშე[2] ან თაობას უსარგებლო მემკვიდრეობით, რომელიც მზად არის უარყოს როგორც წარსული, ასევე მშობლების ფიგურები, საბჭოთა სოციო-კულტურული კოდი და შექმნას ახალი ღირებულებითი სისტემა, კულტურული ტრანსმისიისა და სიმბოლური, სოციო-კულტურული და პატერნალური აღმნიშვნელებით გამყარებული საყრდენების სრული არარსებობის პირობებში. დაკარგული ენა, სიტყვა მამებსა და შვილებს შორის, მშობლების ცოდნისა და გამოცდილების დისკვალიფიკაცია და სრული კარიკატურიზაცია ახალ თაობაში წარმოშობს სირცხვილის გრძნობას და ნაცვლად მშობლების ფიგურებთან იდენტიფიკაციისა, რაც კულტურული ტრანსმისიის გზით მათ აქცევდა, როგორც ენობრივი, ასევ კულტურული სიმდიდრის დეპოზიტარებად, ისინი ამ ფიგურებთან რადიკალური დეზიდენტიფიკაციის გზას ირჩევენ[3]. კი არ განდევნიან საბჭოთა გამოცდილებას არამედ ამ გამოცდილებით მიღებულ მემკვიდრეობით ნაწილს გახლეჩისა და დისოციაციის გზით მექანიკურად მოიგლეჯენ ფსიქიკური სხეულიდან.


პოსტსაბჭოთა ხორცმეტის მსგავსი ამპუტაციური გზით მოშორებისათვის ახალ თაობას დიდი ფასის გადახდა უწევს, ვინაიდან ისინი ხდებიან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ რადიკალური რელიგიური დისკურსებისათვის პრივილეგირებული სამიზნე ჯგუფი.


იმისათვის, რომ დღეს მიმდინარე დესტრუქციული პროცესები მეტ-ნაკლებად გასაგები გახდეს იძულებული ვართ ისევ  დავუბრუნდეთ ე.წ. 90-იანებს  და მელანქოლიური ფაზიდან გამოსვლის პერიოდს, მიახლოებით 97-98 წლებს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი ახალი თაობის მშობლები და მათი მშობლები (იგულისხმება საბჭოთა კავშირის, როგორც ტოტალიტარული სისტემის ნანგრევებში მოყოლილი თაობა) ეკლესიის, როგორც ადგილის და როგორც მეტ ნაკლებად დახურული, ჩარჩოში მოქცეული და რიტუალით ორგანიზებული სივრცის ფსიქიკურ ზე-ინვესტირებას ახდენს.


კანონის სრული პერვერტიზაციის, სიმბოლური მამის ფუნქციის ფორკლუზიის (ჟ.ლაკანი) და ოჯახის რეალური მამის ფინანსური და სოციალური კასტრაციის ფონზე, ეკლესია კოლექტივის მთავარი სოციო-კულტურული ორგანიზატორი ხდება ამ კოლექტივში გააქტიურებული შიზო-პარანოიდული და პერსეკუტორული შფოთვების ფონზე.


ისტორიულ-კულტურულ ფესვებს სრულიად მოწყვეტილი რელიგიურობის ახალი ფორმები კოლექტივის ფსიქიკური ინვესტიციის ადგილი ხდება. რელიგიურობის ეს ახალი, პოსტ-საბჭოთა ფორმები  გამოირჩევა ზოგიერთი ისეთი მახასიათებლებით, რომელიც ამავე დროს დაიკვირვება დეზორგანიზებული და დაობლებული პოსტსაბჭოთა კოლექტივის ფსიქიკურ ცხოვრებაშიც. სწორედ ეს მახასიათებლებია, რომლებიც განასხვავებს პოსტსაბჭოთა რელიგიურ პრაქტიკას ისევე როგორც, მაგალითად გლობალიზაციისა და იდენტობის კრიზისის ფონზე რელიგიის დაბრუნებას ისლამურ კულტურებში, რელიგიურობის ტრადიციული ფორმებისაგან.


ეს ახალი რელიგიური პრაქტიკა კლასიკური ან ტრადიციული რელიგიური ცხოვრებისაგან შემდეგი ნიშნებით განსხვავდება: უპირველეს ყოვლისა ტრადიციული ქრისტიანისათვის დამახასიათებელი ბრალისა და სინანულის გრძნობებს ცვლის სხვისი დადანაშაულების ძლიერი ტენდენცია. ნაცვლად განდევნისა, რომელიც რელიგიური საზოგადოების ნევროტიზაციას ახდენს ჩვენ ვაკვირდებით პროექციისა და პროექციული იდენტიფიკაციის მასიურ ფორმებს. შედეგად დამნაშავე ვარ არა მე, რომელიც მოწოდებულია მოინანიოს, არამედ სხვა, რომელმაც უნდა გადაიხადოს არ ჩადენილი დანაშაულისათვის. შედეგად ბრალის გრძნობასა და შფოთვას (ტრადიციული რელიგიურობა) ცვლის სიძულვილის დამანგრეველი აფექტები, რომლებიც მიმართულია სხვაზე, როგორც ალტერზე, სხვაზე რომელიც სარკეში მე არ მგავს და წარმოქმნის უკიდურეს ნარცისტულ დაძაბულობას, რაც ამ სხვის სრული განადგურებითა და მოსპობით უნდა განიტვირთოს.


ეს სხვა, როგორც მდევნელი (პერსეკუტორი), რომელიც წარმოსახვით და ბოდვით რეგისტრში ემუქრება კოლექტივის ფსევდო ღირებულებით სიტემასა და მყიფე იდენტობას, იქნა აღნიშნული სიტყვით „ამერიკა“ და აგრეთვე სიტყვით „დასავლეთი“, შესაბამისად კოლექტივის ამ ნაწილთან დამყარდა ერთგვარი სულიერი ნათესაობა რუსეთთან, რომელიც განსხვავებით ქართული საზოგადოებისაგან ინარჩუნებს საბჭოთა იდეალებს, გულწრფელად დასტირის მათ და იმედოვნებს ამ იდეალების აუცილებელ რეკონსტრუქციას მომავალში.  ამ მიზნით რუსეთი არ ეხება საბჭოთა ძეგლებს, ქანდაკებებსა და ქუჩებს, რომლებიც თითქოს მომავალში კვლავ უნდა შეეგებონ პუტინის მიერ რეკონსტრუირებულ საბჭოთა კავშირს.


რუსული პოლიტიკა და პროპაგანდა სხვა არაფერი იყო თუ არა ამ დაბრუნებისთვის მომზადების 25 წლიანი პერიოდი. საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთის ხელისუფლებამ ეკლესია დაიქვემდებარა და სახელმწიფო მანქანის სამსახურში ჩააყენა. სახელმწიფომ შეინარჩუნა  მასზე დომინაცია, როგორც ინსტიტუციაზე და გამოიყენა ის, როგორც ფსიქო-აფექტური და სოციოლოგიური რესურსი მასების მართვის მიზნით. რაც შეეხება ქართულ რეალობას, აქ ეკლესია დომინირებდა, უფრო მეტიც, ხშირად აშინებდა ხელისუფლებებს დამოუკიდებლობის პერიოდში.


საქართველოში რელიგიური პრაქტიკის პოსტსაბჭოთა ფორმები არც პროვოცირებულია ხელისუფლებების მიერ და არც მართული, განსხვავებით რუსეთისაგან, არამედ წარმოადგენს კოლექტივის ფარგლებში აღმოცენებულ სპონტანურ და თვითორგანიზებად პროცესს, რომლის ინტენსივობაც და აღსრულების გულმოდგინებაც თავად ეკლესიის წარმომდგენლებსაც კი აკვირვებდათ.


პოსტსაბჭოთა რელიგიურობის განსხვავება მისი ისტორიულ-კულტურული და კლასიკური ფორმებისაგან, მდგომარეობს ნევროტული ფუნქციონირების (ზ.ფროიდი) ფსიქოტურ და პარანოიულ ღერძზე ფუნქციონირებით ჩანაცვლებაში. უპირველეს ყოვლისა ეს გამოიხატა ე.წ. თვითწარმოქმნის, თვითშობის ფსიქოტურ ფანტაზმებში (Paul-Claud Racamier), რომლის მიხედვითაც ქართული მართლმადიდებლობა არ არის კავშირში არც ერთ სხვა კულტურულ ტრადიციასთან, არამედ წარმოადგენს წმინდად ქართულ ფენომენს, ე.ი. რელიგიურობის ეს ფორმა იმთავითვე შეიცავდა ნარცისტულ და მეგალომანიურ კომპონენტებს. უპირველეს ყოვლისა ეს გამოიხატა რელიგიური პრაქტიკის დამოკიდებულებაში რაოდენობისა და ფიზიკური ზომების მიმართ.


რელიგიური და საკრალური რიტუალების აღსრულების სივრცეთა დილატაცია, რელიგიური და საკრალური მნიშვნელობის ობიექტების უზომო მულტიპლიკაცია და ზომებში ზრდა, ე.ი. მინიატურული ზომებიდან მაკრო ზომებად გადაქცევა, მიუთითებს სადამფუძნებლო მითების ღრმა დეგრადაციაზე, მათი სიმბოლური ბირთვის დისოციაციის კვალობაზე, რამაც გამოიწვია მაღალი სიმბოლური ეფექტურობის მქონე (Claud-Lévi Strauss) რელიგიური რიტუალებისა და პრაქტიკის დემეტაფორიზაცია და დესიმბოლიზაცია. შედეგად ყველა საკრალურმა ობიექტმა, მაგალითად, ჯვარმა, ხატმა, ისევე როგორც ეკლესიამ, როგორც გარკვეული ფორმისა და სტრუქტურის მქონე ობიექტმა, განიცადა მასიური დესაკრალიზაცია, რის გამოც, საკრალურსა და პროფანულს შორის წაიშალა ყოველგვარი სიმბოლიგენური ლიმიტი[4]. გიგანტური ჯვრების აღმართვა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც მთლიანად კარგავს მასზე ჯვარცმული სუბიექტის იდეას, ისევე როგორც მოკლებული ხდება მართლმადიდებლური ტრადიციისათვის დამახასიათებელ კანონიკასა თუ ესთეტიკას სწორედ აღნიშნულ დემეტაფორიზაციაზე მიუთითებს[5]. 1998 წლიდან ჯვრები იზრდება ზომებში და იზრდება მათი რაოდენობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. იგივე შეიძლება ითქვას ხატებზე. მათი რეპროდუქციები გვხდება ყველგან, ექიმის კაბინეტებში, ნოტარიუსებთან, მიწისქვეშა გადასასვლელებში და ა.შ… თითქოს ხატი, როგორც სიმბოლო და რეპრეზენტაცია აფეთქდა, განიცადა დისოციაცია და მოედო მთელს ქვეყანას დატოვა რა მისთვის ისტორიულ-კულტურულად მიჩენილი და მკაცრად დეტერმინირებული სიმბოლური და საკრალური ადგილი, ე.ი. რიტუალის აღსრულების სივრცე. იგივე შეიძლება ითქვას ეკლესიებზე, ისინიც იზრდებიან და იძენენ გიგანტურ ზომებს და რაოდენობრივად თითქმის აჭარბებენ ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე ტაძრებს საქართველოში.


რაც შეეხება რიტუალების აღსრულებას, აქაც აღსანიშნავია ზღვრების წაშლა, საკრალურსა და პროფანულს, ისევე როგორც სიმბოლურსა და რეალურ რეგისტრებს შორის. უპირველეს ყოვლისა, რიტუალის აღსრულებისათვის დამახასიათებელი სიმბოლური მინიმალიზმი კარგავს სიმბოლურ ზომებს და იძენს რეალურ ზომებს, მაგალითად ჯვარი, როგორც სიმბოლო პატარა ზომის არის, რომელიც სიმბოლიზირებს იესოს მიერ გოლგოთაზე ატანილ ჯვარს.


II ფაზა : ტრავმა, დანაკარგის გამოცდილება, ნარცისტული ჰემორალგია 

მოცემული ტექსტის მიზანია მიმდინარე სოიცო-პოლიტიკური მოვლენების ზოგიერთი ფსიქოგენეტიკური ფაქტორის იდენტიფიცირება. ამ მიზნით იძულებული ვართ კვლავ დავუბრუნდეთ საბჭოთა კავშირის ჩამოშლის პერიოდს და ჰიპოთეზის სახით დავუშვათ, რომ ის წარმოადგენდა კომპლექსური და მრავალგანზომილებიანი ბუნების მქონე მატრავმირებელ მოვლენას ქართული საბჭოთა საზოგადოებისათვის. საბჭოთა კავშირის ჩამოშლა არ წარმოადგენს რევოლუციურ გადატრიალებას, როდესაც ხალხი აქტიურ პოზიციას იკავებს, კლავს მამას და ძალადობრივად იკავებს მის ადგილს. მაგალითად, ვარდების რევოლუციის დროს ჩვენ საქმე გვქონდა ერთგვარ კვაზი რევოლუციასთან, სადაც იყო დაპირისპირება მამასა და შვილს შორის, როდესაც შვილი მამის მხრიდან შურისძიების ქრონიკულ მოლოდინში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ საჭირო იყო მისი მხრიდან ყველა გამოსვლასა თუ წარმოთქმულ სიტყვაში გაძევებული მამის ხელახლა მოკვლა და დისკრედიტაცია.


სამწუხაროდ შურისმაძიებელი წარმოსახვითი და ოიდიპალური, გაგდებული მამა რეალობის რეგისტრში 2008 წელს ვლადიმერ პუტინის სახით დაბრუნდა, რამაც მესამე პრეზიდენტის ფსიქიკური ცხოვრების ფსიქოტიზაცია და ღრმა დესტაბილიზაცია განაპირობა. სწორედ ამიტომ, იმ დროისათვის პრეზიდენტის ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქაც სიტყვა „ჩამოშლა“ და გამონათქვამი „საქართველო არ ჩამოიშლება“. ინგლისელი ფსიქოანალიტიკოსი, დონალდ ვინიკოტი ამბობს, რომ ე.წ. ჩამოშლის თუ ჩამონგრევის შფოთვა ეხება არა თავზარდამცემ პერსპექტივას მომავალში, არამედ წარსულში უკვე მომხდარ ფსიქიკურ კატასტროფას. ე.ი. ის ვინც ჩამოშლა-ჩამონგრევის მატერორიზებელი შფოთვის გავლენის ქვეშ იმყოფება უკვე წარმოადგენს სუბიექტს, რომელიც წარსულში ჩამოიშალა, ან განიცადა ჩამონგრევის მძიმე გამოცდილება.


რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ნგრევას, აქ საზოგადოებას პასიური, ე.ი. ტრავმატოფილური პოზიცია უკავია და განასახიერებს არა რევოლუციონერ მოამბოხეს, არამედ ნგრევის პასიურ მსხვერპლს, ანვითარებს არა ბრალის გრძნობას, არამედ მასიური დანაკარგით გამოწვეულ პანიკისა და სირცხვილის მდგომარეობებს, როგორც ამ დანაკარგით გამოწვეული ნარცისტული ჭრილობის შედეგს.


სხვაგვარად თუ ვიტყვით, პოსტსაბჭოთა, მამებისა და შვილების  თაობა განასახიერებს არა მამის მკვლელ, არამედ დაობლებულ თაობას, რომელმაც დაკარგა მამა და მემკვიდრეობით მისგან მიიღო გამოუსადეგარი ღირებულებითი სისტემა, რამაც ნაცვლად ადაპტაციისა განაპირობა დეზადაპტაცია და ახალ სოციალურ რეალობაში დეზორიენტაცია. ეკლესიისა და ახალი რელიგიური პრაქტიკის ფსიქიკური ზე-ინვესტიცია აღწერილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ერთ-ერთ გზას წარმოადგენდა. 


თუ ჩვენ მხედველობაში არ მივიღებთ საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეულ მასობრივ კოლექტიურ ტრავმას, როგორც ერთ-ერთ მადეტერმინირებელ ფაქტორს, მაშინ გაუგებარი იქნება პოსტსაბჭოთა კოლექტივის მიერ ახალი რელიგიური პრაქტიკის ფსიქიკური ზე-ინვესტირება, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საბჭოთა ოჯახი არასდროს ყოფილა რელიგიური თუ საეკლესიო ცხოვრებით ორგანიზებული, უფრო მეტიც, პოსტსაბჭოთა მშობლებისა და შვილების თაობის რელიგიური რადიკალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მივაწეროთ ოჯახსა და სკოლაში რელიგიურ აღზრდას, ან სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო რელიგიური დისკურსებით ორგანიზებული, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მზგავს კულტურულ ტრანსმისიას საბჭოთა ოჯახსა თუ სკოლაში ნამდვილად არ ჰქონია ადგილი.


იმისათვის, რომ გასაგები გახდეს ტოტალიტარული სისტემის ჩამოშლის ტრავმატოგენული ძალა კოლექტივის ფსიქიკურ ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე ფაქტორის უბრალო ჩამოთვლით შემოვიფარგლებით:

პირველ რიგში საქმე ეხებოდა იდეოლოგიებისა და საბჭოთა იდეალების დემონტაჟს, რამაც გამოიწვია მასიური დეზილუზია, ე.ი. საბჭოთა ილუზიებმა განიცადეს რღვევა, რის გამოც კოლექტივი პირისპირ აღმოჩნდა რეალურის რეგისტრთან და განიცადა მასთან ფრონტალური შეჯახება, რეგისტრთან რომელიც აღარ იყო ილუზიებით ამორტიზირებული. საბჭოთა დიდმა სხვამ (ჟ. ლაკანი) განიცადა კოლაფსი და თავის ადგილას დატოვა რთულად რეპრეზენტირებადი სიცარიელე, რომელიც აღარ დაექვემდებარა სიმბოლიზაციასა და ფსიქიკურ გადამუშავებას[6]. ამგვარად, განიცადა დემონტაჟი ტოტალიტარულმა ინსტანციამ, რომელიც  სოციალური კავშირების მთავარი გარანტორი იყო დიქტატურის ფარგლებში. აღწერილი გარემოება ავტომატურად გულისხმობდა საბჭოთა სოციო-კულტურული ცხოვრების მაორგანიზებელი ინსტიტუციების ჩამოშლასაც. რღვევა განიცადა დისკურსებით განმტკიცებულმა და ინსტიტუციებით ორგანიზებულმა სოციალურმა კავშირებმა[7]. შედეგად რეალობა იქნა ინფილტრირებული ბრუტალური ლტოლვითი ბუნების ანარქიითა და ქაოსით. პოსტსაბჭოთა ეკლესია ხდება არა ინიციატორი სოციო კულტურული ცხოვრების ორგანიზების საქმეში, არამედ ინსტიტუცია, რომელიც პოზიტიურად პასუხობს დაობლებული და სრულ ქაოსში მყოფი კოლექტივის მოთხოვნას იყოს ორგანიზებული და ორიენტირებული დროსა და სივრცეში. აღნიშნული მოთხოვნა ეკლესიას განუზომელ ძალაუფლებას ანიჭებს.


დანაკარგის გამოცდილება და დეინსტიტუციონალიზაცია

გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის ნგრევა იყო კოლოსალური დანაკარგის გამოცდილება, როგორც რეალური, ასევე წარმოსახვითი და სიმბოლური რეგისტრების დონეზე. სამსახურის დაკარგვამ და ტოტალურმა უმუშევრობამ პოსტსაბჭოთა საზოგადოების წევრებს დააკარგვინა ინსტიტუციონალური მიკუთვნებულობის[8] განცდა და ამავე დროს სიმბოლური ადგილი სოციუმში, რომელთანაც სუბიექტი იდენტიფიცირდებოდა, როგორც მაგალითად ექიმი, მასწავლებელი, მშენებელი და ა.შ... პროფესიის აღმნიშვნელმა სახელებმა, სიმბოლურის რეგისტრში განიცადეს სრული დელეგიტიმიზაცია, რამაც გამოიწვია მშობლების თაობის, როგორც მორალური, ასევე ღირებულებითი დისკვალიფიკაცია შვილების თვალში. მშობლებს აღარაფერი ჰქონდათ არც სათქმელი და არც გადასაცემი შვილებისათვის. მათი უმრავლესობა სირცხვილისა და ბრალის გრძნობის გავლენით საკუთარი კასტრაციისა და მარცხის უხეში ეგზგიბიციონიზმით დაკავდა, რაც მათთვის ამავე დროს თავის გამართლების მცდელობაც იყო[9]. ისინი ვინც  მელანქოლიზაციას, გლოვის ალკოლიზაციას, ადიქციას ან კანონთან პერვერსიულ თამაშებს ხელიდან დაუსხლტა თავი შეაფარა იდეალიზირებულ წარსულს და ნოსტალგიას. სიბნელემ, სიცივემ და უფულობამ კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა სიმბოლური დანაკარგის გლოვა, ე.ი. საზოგადოებაში ადგილის დაკარგვის გლოვა. 97-98 წლისათვის ეკლესია საკუთარ წიაღში აერთიანებს მძიმე ნარცისტული ჰემორალგიის ქვეშ მყოფ, მორალურად განადგურებულ კოლექტივს. მამის სიმბოლური ფუნქცია ჩანაცვლებულია მეტრის ძიებითა და მეტრის დისკურსისადმი სრული მორჩილებით. ეკლესია, როგორც რთული იერარქიის მქონე ინსტიტუცია კომპლექსურად პასუხობს დაზარალებულთა რევანდიკაციას, ზარალის ანაზღაურების, დანაკარგების კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ მოთხოვნას.


III ფაზა : დასავლეთი, აწმყო და პერსპექტივა

დავუბრუნდეთ დღევანდელობას. ზემოთ აღწერილი ღრმა კრიზისის ერთ-ერთი გამოსავალი ეკლესიის ზე-ინვესტირებასთან ერთად იყო დასავლეთის, როგორც დედამიწაზე განხორციელებული სამოთხის იდეალიზაცია და პოლიტიკაში, ისევე როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღიად პროდასავლური კურსის არჩევა, კურსის, რომელსაც ყველა ხელისუფლებამ ავად თუ კარგად უერთგულა.  ეკლესიის პოზიციების შესუსტების ფონზე, რომელიც დასავლეთს არასდროს მოიაზრებდა, როგორც ხსნას, არამედ განიხილავდა, როგორც ერთგვარ საფრთხეს,  ქვეყანაში ჩამოყალიბდა საზოგადოების პროდასავლური ფენა, რომელმაც  მეტ-ნაკლებად ყველა თაობა მოიცვა. ეკლესია ამ პროცესს ღიად არ შეწინააღმდეგებია, პირიქით სცადა, ასე თუ ისე, იმიტაციების გზით, ფეხი აეწყო ამ ტენდენციისათვის.


დღეს, 2022-2024 წელებში პრობლემა იბადება  ხელისუფლების ფარგლებში. არ მსურს ვისაუბრო ჰიპოთეზებით თუ რატომ ან რა მიზეზებით ჩნდება ის, ეს პოლიტიკოსების საქმეა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება ანვითარებს ღიად ანტიდასავლურ პოზიციას და ისე როგორც არც ერთი ინსტიტუცია საქართველოში, მათ შორის ეკლესიაც კი, უპირისპირდება, როგორც ევროპის იდეას ზოგადად, ასევე გაჟღენთილი ხდება ყველა იმ ანტიდასავლური იდეითა თუ რთული და საკმაოდ პარანოიული სტრუქტურის მქონე თეორიით, რომელიც დასავლეთს წარმოაჩენს როგორც ქრისტიანობის მტერს, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების მტერს, სქესთა შორის დიფერენციაციის მტერს, ეროვნული და ნაციონალური იდენტობისათვის პოტენციურ საფრთხეს, რაც არა მხოლოდ არ ასახავს დასავლურ სინამდვილეს, არამედ უხეშად აყალბებს მას და ანაცვლებს შეთქმულების თეორიებით.

 

ფაზა IV : ხელისუფლების მანევრი

ამ ფონზე ხელისუფლება ახორციელებს უკიდურესად მაღალი ეფექტურობის მქონე მანევრს, რომელიც საქართველოში აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ განუხორციელებია. პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ ყველა ხელისუფლება საქართველოში საკუთარი გადაწყვეტილებებისა თუ მოქმედებების უმთავრეს ამოსავალ წერტილად დემოკრატიისა და თავისუფლების დასავლურ იდეასა იყენებდა, როგორც უმთავრეს პოლიტიკური და ეთიკური აქტების მიზანშეწონილობის საზომს. მართალია ხშირად ისინი იმიტირებდნენ დასავლეთს, მაგრამ ნაწილობრივ მართლაც ახერხებდნენ დასავლური ღირებულებების განხორციელებას რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება ეკლესიას, აქამდე ყველა ხელისუფლება წმინდად ელექტორალური გათვლებისა თუ წინასაარჩევნო რისკების გავლენით განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა ეკლესიის მიმართ და ყოველთვის თავს არიდებდა ამ ინსტიტუციასთან ღია კონფლიქტში შესვლას.


სხვაგვარად თუ ვიტყვით, პოსტსაბჭოთა საქართველოში დასავლეთი ყოველთვის იკავებდა და ინარჩუნებდა ინსტანციისა და მეტრის ადგილს ეკლესიასთან ერთად აბსოლუტური ღირებულებითი კონტრადიქციის პირობებში. განსაკუთრებით ახალ თაობასთან დასავლეთი ერთმნიშვნელოვნად უპირატეს პოზიციებში იმყოფებოდა. ეკლესია და რელიგიური პრაქტიკის პოსტსაბჭოთა ვერსია ყოველთვის შეიცავდა საკუთარ თავში გავლენის მოხდენისა და მართვის უსაზღვრო რესურსებს, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელმაც თავი შეაფარა ეკლესიას და ამით სცადა თავი დაეღწია პანიკის, დეზორგანიზაციისა და სოციო-კულტურული დეზორიენტაციისათვის.


მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელისუფლება საქართველოში მეტ-ნაკლებად მაამებლურ პოზიციას იკავებდა ეკლესიის მიმართ, დაძაბულობა ორ დიდ ინსტიტუციას შორის ყოველთვის ავლენდა თავს. ცხადია შეუძლებელია ხელისუფალს არ გასჩენოდა შურისა და მეტოქეობის განცდა  ესოდენ განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ინსტიტუციისადმი. ეკლესიის კრიტიკა, მიუხედავად ყველაფრისა წააწყდა ერთგვარ იმპერატიულ აკრძალვას და დაფუძნდა, როგორც ტაბუ, ტოტემიზმისათვის დამახასიათებელ ყველა ამბივალენტურ გრძნობასა და ტენდენციასთან ერთად[10].


ბოლო წლებში საქართველოში დასავლეთი აშკარა უპირატესობით მიიწევდა წინ, განსაკუთრებით ახალ თაობასთან და ნელ-ნელა მნიშვნელოვნად ანაცვლებდა პოსტსაბჭოთა მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენას მასებზე. ამ დროისათვის მხოლოდ ეკლესია აღარ არის ის ვისაც შეუძლია სოციო-კულტურული ცხოვრების ორგანიზება იერარქიის, დიქტატურისა და მუქარის, აგრეთვე ძალაუფლების ბრუტალური დემონსტრაციებით, არამედ არსებობს დასავლეთიც, სადაც მამის სიმბოლური კანონი, თანასწორობა, სოციალური სამართლიანობის პრინციპი არეგულირებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს, ხოლო სოციალურ კავშირებს დემოკრატიული ინსტიტუციების ძალით ქმნის და განამტკიცებს. აქ აღარ არის საჭირო მეტრის, დიქტატორის, ან იდეალური მამის არსებობა, რომელიც ინკარნირებული შეიძლება იყოს პოლიტიკურ თუ რელიგიურ ფიგურებში, ვინაიდან მამის მაორგანიზებელი ფუნქცია სიმბოლურ აქტებში, ენასა და დაწერილ კანონებში ავლენს თავს. ე.ი. ბოლო წლების განმავლობაში დასავლეთი და გახსნილი გზა ევროპისაკენ განასახიერებს ზემოთ აღწერილი ჩიხიდან გამოსავლის იმ ერთადერთ გზას, რომელიც აღარ გულისხმობს წრეს და აკვიატებული განმეორებების ძალით სოციო-პოლიტიკურ სცენაზე ერთი და იგივეს დაბრუნების ავტომატიზმამდე დაყვანილ ტირანიას. ბოლო დროს თითქოს ეკლესიაც შეეგუა ამ გარღვევას, თუმცა შეინარჩუნა ყველა ის პოზიცია, რომლითაც გახდა ცნობილი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ. ცხადია ეკლესიის პოზიციების შესუსტებას ხელი შეუწყო იმ გაუგონარმა სკანდალებმა, რომლებიც ეკლესიისათვის უკიდურესად მადისკრედიტირებელი აღმოჩნდა.


სწორედ ამ დროს, როცა გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს ხელისუფლება იღებს ძალიან „უცნაურ“ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ კურსსა და უმაღლეს სტრატეგიულ მიზნებს, არამედ დამოუკიდებლობის პერიოდში ფორმირებული და განვითარებული სოციალური და პოლიტიკური პროცესების ლოგიკასაც. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მიერ გადადგმული კატასტროფული ნაბიჯი გარკვეული თვალსაზრისით და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის თვალში არა მხოლოდ ასუსტებს მას, არამედ პირიქით, აძლიერებს მის პოზიციებს. როგორ? ხელისუფლების გადაწყვეტილება არა მხოლოდ ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის შეცვლაში მდგომარეობს, არამედ ენერგიის, ძალისა და ეფექტურობის ახალი წყაროს აღმოჩენაშიც, რომელსაც ის უერთდება და ამ ახალი წყაროსაგან საკუთარ რეზერვუარებში კოლოსალური ძალის, გავლენისა და ეფექტურობის მქონე წიაღისეულის გადმოტვირთვას ახორციელებს. ამ საბადოს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოში ეკლესია. ხელისუფლება უბრალოდ და მექანიკურად კი არ მიუერთდა ამ წყაროს, ეკლესიის წიაღში დაბადებული ანტიდასავლური და ფსევდო ტრადიციული ქართული დისკურსების გაჟღერებით, არამედ ეკლესიას მთლიანად ჩამოართვა პრეროგატივა და უფლება ამ საბადოზე. ამ აქტით ეკლესია კი არ გააძლიერა, არამედ დაასუსტა (მოახდინა მისი ადგილისა და ფუნქციის უზურპაცია) და ეკლესიის ძალაუფლებაც მთლიანად მიითვისა და აქამდე მხოლოდ რელიგიური დისკურსები ოფიციალურ, სამთავრობო პოლიტიკურ ნარატივად გარდაქმნა. შეიძლება ითქვას, რომ ამ აქტით ეკლესია ერთგვარად იმედგაცრუებული უნდა დარჩენილიყო, როდესაც ხელისუფლებამ ანტი დასავლური რიტორიკა მთლიანად გადაიბარა და საკუთარ თავზე აიღო (ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ საკითხს ეკლესიის წარმომადგენლები „სამსახურის გარეშე დარჩნენ“). სწორედ ამიტომ იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ლამის რელიგიური ფიგურები რაიონიდან რაიონში დადიოდნენ და ოჯახის სიწმინდის შესახებ ქადაგებებს აღავლენდნენ, რასაც ცხადია არაფერი აკავშირებდა არც ტრადიციულ, არც საბჭოთა და არც პოსტსაბჭოთა ქართულ ოჯახთან და მის ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებთან დღეს.


პოსტსაბჭოთა ეკლესიის ძალა, რომელიც მდგომარეობდა ეთნო-ნაციონალისტური, მეგალომანიური, ანტიდასავლური დისკურსების გავრცელებაში მთლიანად ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა. ეს ძალა კი არ დაიკარგა, უბრალოდ რეინვესტირდა ხელისუფლების წიაღში. სხვაგვარად თუ ვიტყვით ხელისუფლება იმ ირაციონალური, ფანტაზმატიკური და ღრმად არაცნობიერი ბუნების შინაარსებსა და რეპრეზენტაციებს დაეპატრონა, რომლის განმგებელიც აქამდე მხოლოდ ეკლესია იყო. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის ძალა და გავლენა საზოგადოებაზე ხელისუფლებამ მთლიანად გაიშინაგნა და ამ გზით, მიითვისა რა ეკლესიის აქტივები, ენერგეტიკული თვალსაზრისით, გაძლიერდა... რა თქმა უნდა საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელიც ეკლესიასთან განიცდიდა მიკუთვნებულობას და საკუთარ მყიფე იდენტობას ეკლესიას აყრდნობდა. აქედან გამომდინარე, სახელისუფლებო ნარატივი უფრო მეტად ცოცხალი და შთამაგონებელი ხდება და იწვევს ერთგვარ პულსაციას კოლექტივის არაცნობიერში, რეზონირებს არქაულ შინაარსებთან.


Gen Z: დასავლეთი, როგორც იდენტობის ღერძი. ყოფნა არ ყოფნის ეგზიტენციალური საკითხი.

მიუხედავად აღწერილი მდგომარეობის, რომელიც 2024 წელს დამყარდა საქართველოში, ამავე დროს არსებობს საზოგადოების მხედველობაში  მისაღები და საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც არა მთლიანად, მაგრამ ძირითადად განასახიერებს ახალი თაობა. საზოგადოების ეს ნაწილი აღნიშნულია უხეში სიტყვით Gen Z. სოციუმის ამ ფენისთვის[11] აღმნიშვნელი „დასავლეთი“ და განსაკუთრებით ევროპა იდენტობის მთავარი საყრდენი ხდება იმ კულტურული და პოლიტიკური მემკვიდრეობის სიღატაკის ფონზე, რომელიც მათ ერგოთ საკუთარი მშობლებისა და მათი მშობლების მხრიდან. იდენტობის საკითხი ამ თაობისათვის წამყვანი მნიშვნელობის არის, რადგან ის გადის იდენტობისა და სუბიექტივაციის კონსტრუირების რთულ და მტკივნეულ გზას, რომელიც გამოიხატება მოსაზღვრე მდგომარეობებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომებში, ქრონიკული პანიკის, დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის მდგომარეობებში; შინაგანი სიცარიელის მდგომარეობით წარმოქმნილი არარსებობისა და გაქრობის შფოთვის კლინიკაში. საქმე ეხება თაობას, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი სოციალური სხეულის არამედ ფსიქიკური და ეროგენული სხეულის მუდმივი კონსტრუირებისა და გამოძერწვის პროცესში იმყოფება.  გადარჩენის ერთადერთი გზა საზოგადოების ამ ნაწილისათვის, რომელმაც ასე თუ ისე, მეტ-ნაკლები წარმატებით საკუთარი იდენტობა დასავლეთსა და დასავლურ ღირებულებით სისტემას დააფუძნა, არის ევროპასთან დაახლოება და ევროინტეგრაცია.  წინააღმდეგ შემთხვევაში მათი იდენტობა და ფსიქო-სოციალური არსებობა ისეთივე ჩამოშლის საფრთხის წინაშე დადგება, როგორი ჩამოშლაც განიცადა მათმა მშობლებმა, აგრეთვე ბებიებმა და ბაბუებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება სწორედ საზოგადოების ამ ნაწილისათვის და არა ყველასთვის, წარმოშობს ეგზისტენციალურ საფრთხეს ენითა და კულტურით ორგანიზებულ სივრცეში რეალური არსებობისა, ემუქრება რა მათ სრული მარგინალიზაციითა და ფსიქიკური, ე.ი. მორალური მკვლელობით. შესაძლოა ხელისუფლებას ან ოპოზიციას ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება პოლიტიკური და ღირებულებითი დაპირისპირება ეგონოს, მაშინ როდესაც სინამდვილეში საქმე   არც კულტურულ და არც ღირებულებით კონფლიქტს არ ეხება,  როგორც მაგალითად ამას ჰქონდა ადგილი პარიზში 1968 წლის მაისის თვეში. ამ თაობისათვის ეს არის არა უბრალოდ პოლიტიკური და ღირებულებითი კონფლიქტის საკითხი, არამედ წარმოადგენს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას, საზოგადოებაში ენისა და კანონის სუბიექტად ყოფნა არ ყოფნის საკითხისათვის.


აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას საქართველოში გადაწყვეტილი აქვს ზურგი აქციოს დასავლეთს, მაშინ მას მოუწევს საზოგადოების ამ ფენის მორალური განადგურება. ახალი თაობა ბოლომდე იბრძოლებს რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს გარდა იმ იდენტობის საყრდენებისა, რომელსაც ეჭიდება მთელი არსებითა და ძალით. ე.ი. მათი ბრძოლა არა მხოლოდ პოლიტიკური ბუნების არის, არამედ საკუთარ თავში სტრუქტურულ შეუძლებლობას და შეუთავსებლობას გულისხმობს ანტიდასავლურ ტენდენციებთან და რიტორიკასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ როგორც ქართველები იტყვიან, მათ ცოცხალი თავით დათმონ დასავლეთის იდეა, თუ არ ჩავთვლით ქვეყნის დატოვების პერსპექტივას, რომლითაც სამწუხაროდ შეიძლება ისარგებლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთის, როგორ იდეისა და ღირებულებათა სისტემის, ასევე იდენტობის მთავარი საყრდენის საქართველოში ჩამოშლა გამოიწვევდა საზოგადოების ამ ნაწილთან იდენტობის ძირითადი საყრდენების ისევე როგორც ყველა ნარცისტული მონტაჟის ჩამოშლას, რაც შედეგად ნაცვლად იდენტობის კრიზისის კლინიკისა, რომელსაც ამჟამად გადაკვეთს ახალი თაობა, მივიღებდით ღრმა დეპრესიულ, ნარცისტული ჰემორალგიისათვის დამახასიათებელ მელანქოლიურ კლინიკას, სადაც დასავლეთი განასახიერებდა დაკარგულ და გამოუგლოვებელ ობიექტს მსგავსი კოლოსალური დანაკარგის ფსიქიკური გადაუმუშავებლობის ფონზე. მსგავსი ტრაგიკული სცენარის განხორციელება  იქნებოდა სხვა არაფერი თუ არა ისტორიის ყველაზე ბრუტალური, დაუნდობელი და ცინიკური განმეორება რადგან ჩვენ მივიღებდით დამოუკიდებლობიდან 34 წლის შემდეგ კიდევ ერთ მელანქოლიზირებულ თაობას, რომელიც გამოუსადეგარი გახდებოდა კულტურული ტრანსმისიისათვის და აღმოჩნდებოდა მისთვის კულტურულად და პოლიტიკურად სრულიად უცნობ, ჰეტეროგენურ სივრცეში.


თუ მათი მშობლებისა და ბებია ბაბუების თაობა საბჭოთა კავშირის ჩამოშლის ტრავმატიზმის ფსიქიკურ გადამუშავებასა და გამოგლოვას შეეწირა, ისინი ევროპის იდეისა და პერსპექტივის ჩამონგრევის მსხვერპლნი გახდებიან. პირველნი საბჭოთა კავშირის, ხოლო მეორენი ევროკავშირის იდეის მათთვის სამუდამო ჩამორთმევას გადაყვებიან.   


სხვაგვარად თუ ვიტყვით, ანტიდასავლური იდეისა და პოლიტიკის რეალურ ცხოვრებაში განხორციელება საზოგადოების ამ ნაწილის ფსიქიკურ მკვლელობაზე გადის და ვინაიდან ისინი ახალ თაობას, თაობათა ჯაჭვში ბოლო თაობას განასახიერებენ, ეს აქტი წმინდად პროკრეაციული (ამ სიტყვის არა ბიოლოგიური გაგებით) თვალსაზრისით, როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე ოპოზიციისა და მთელი ერისათვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ეს ისტორიის განმეორება იქნებოდა, მაგრამ მესამე წრეზე წასვლის უფლებას აწ უკვე Gen Z თაობის შვილებს რუსეთი აღარასოდეს მისცემს!




[1] Chalva Maminachvili, « Les nouvelles formes de pratique religieuse dans le monde orthodoxe postsoviétique : l’analyse métapsychologique des figures paternelles et de leur place après l’effondrement de l’Union soviétique », thèse de doctorat, soutenue en 2020, sous la direction de Prf. Alain Vanier, au sein de laboratoire  « Centre de recherches Psychanalyse, Médecine et Société (Paris ; 2001-....) », in. École doctorale Recherches en psychanalyse et psychopathologie

[2] ARENDT Hannah, « La crise de la culture. Huit exercices de pensée politique », in Folio essais, n° 113, LEVY Patrick (dir.), Galimard, 1972.

[3] BENSLAMA Fethi, « D'un renoncement au père », in Topique, no 85, 2003/4, p. 139-148.

BENSLAMA Fethi, « L’idéal blessé et le SurMusulman », in L’idéal de la cruauté. Subjectivité ;

BENSLAMA Fethi et GRANDGUILLAUME Gilbert, « Transformation de la figure du père et fonction paternelle », in Le père : Métaphore paternelle et fonctions du père : l’interdit, la filiation, la transmission, Espace Analytique, Denoël, 1989, p. 337-351.

[4] ELIADE Mircea, le sacré et le profane, Galimard, 1965.

[5] DEPRET Isabelle, « Tradition orthodoxe et symboles religieux en Grèce. La loi sur le patrimoine ecclésiastique », in Archives de sciences sociales des religions, no 149, 2010/1, p. 129-150

[6] ZIZEK Slavoj, L’intraitable-Psychanalyse, Politique et Culture de Masse, Economika, 2013 

[7] LACAN Jacques, « L’envers de la psychanalyse », in le séminaire, livre XVII, Seuil, 1991.

[8] KAES René, « Souffrance et psychopathologie des liens institutionnels », in Inconscient et culture, Dunod, 2012, p. 11-20.

[9] KAES René, « Rupture catastrophiques et travail de la mémoire », in Violence d’Etat et la psychanalyse, PUGUET J., KAES R. (dir), Paris, Bordas,1989.

[10] FREUD Sigmund, Totem et tabou, Petite Bibliothèque Payot, 2001.

[11] ახალგაზრდების ეს ნაწილი გარდა ასაკობრივი კატეგორიზაციისა არ არის შესწავლილი და აღწერილი არცსოციო-პოლიტიკური და იდეოლოგიური და არც ფსიქოლოგიური პრიზმიდან... თუ არ ჩავთვლით მათი იდეალიზაციის მცდელობებს ფეისბუქზე დედობრივი ფიგურების მხრიდან.

 
 
 

Comments


bottom of page