„მიყვარს, მაგრამ აღარ მსურს“ — რატომ ქრება ვნება იქ, სადაც პატივისცემა ჩნდება?
- თამარ ამაშუკელი

- 19 minutes ago
- 5 min read
კლინიკურ პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვისმენთ პაციენტებისგან ჩივილებს იმის შესახებ, რომ მათუჭირთ უყვარდეთ და პატივს სცემდნენ პარტნიორს (მაგალითად, მეუღლეს, ბავშვების დედას) და ამავდროულად უყურებდნენ მას, როგორც სექსუალურ, ვნების აღმძვრელ ობიექტს. ქალებისთვის კი თითქოს წარმოუდგენელია, რომ პარტნიორი, რომელიც მათთვის სიყვარულის, უსაფრთხოებისა და საყრდენის ფუნქციას ასრულებს, იყოს ამავდროულად ძლიერი სექსუალური ლტოლვის ობიექტი.
ეს ფენომენი ჯერ კიდევ 1912 წელს აღწერა ზიგმუნდ ფროიდმა, ნაშრომში „დამცირების საყოველთაო ტენდენციის შესახებ სიყვარულის სფეროში“ ("On the Universal Tendency to Debasement in the Sphere of Love")[1]. მისი აზრით, პრობლემა ჩვენს ფსიქიკურ სტრუქტურაშია და არა პარტნიორში. ადამიანებთან ხშირად დაიკვირვება შინაგანი კონფლიქტი, სადაც სიყვარული და სექსუალობა თითქოს ერთმანეთს გამორიცხავს. როდესაც ეს ორი ლტოლვა ერთმანეთს სცილდება, მამაკაცის ფსიქიკაში ქალები ორ, ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულ კატეგორიად იყოფიან. ასეთი ადამიანების სასიყვარულო ცხოვრება რჩება ორად გახლეჩილი — ორ მიმართულებად, რაც შემდგომ უკვე ხელოვნებაში მიიღებს ზეციური და მიწიერი (ცხოველური) სიყვარულის სახეს.
„მადონა“ (ზეციური სიყვარული): ეს არის საიმედო პარტნიორი, რომლის მიმართაც მამაკაცი განიცდის უდიდეს პატივისცემასა და სინაზეს. თუმცა, იდეალიზებულ პარტნიორთან სექსუალობა დათრგუნულია. ფროიდი ამ ტრაგიკულ პარადოქსს ასე აყალიბებს: „როდესაც ისინი უყვართ – აღარ სურთ ფლობა; ხოლო როდესაც სურთ ფლობა — მათი სიყვარული არ შეუძლიათ“.[2]
ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს ძველ ბერძნულ მითს პიგმალიონზე, რომელიც იყო მოქანდაკე და რომელმაც უარყო ცოცხალი, რეალური ქალები (როგორც ნაკლოვანები და „ბინძურები“), გამოაქანდაკა სპილოს ძვლის უზადო, ხელშეუხებელი ფიგურა და მთელი თავისი გრძნობები მას მიუძღვნა. თუმცა, როგორც მითში, ისე რეალურ ცხოვრებაში, ზედმეტად იდეალიზებულ, „კვარცხლბეკზე შესმულ“ [3] ცივ ქანდაკებასთან, სრულფასოვანი და ვნებიანი ცხოვრება შეუძლებელია.
„მეძავი“ (ცხოველური სიყვარული): სრული სექსუალური თავისუფლებისთვის მამაკაცს სჭირდება ობიექტი, რომლის მიმართაც პატივისცემას არ გრძნობს. ფროიდის თქმით, ამ დროს „აღგზნება თავისუფლად ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სექსუალური ობიექტი ფსიქიკურად დაკნინებულია“. მამაკაცი მიმართავს მას, ვინც სოციალური თუ მორალური სტატუსით მასზე დაბლა დგას (მოკლებულია იდეალიზებას) რათა ყოველგვარი რიდის გარეშე მიეცეს სიამოვნებას. ეს დინამიკა პირდაპირ ეხმიანება ადამის, ევასა და აკრძალული ნაყოფის ბიბლიურ ალეგორიას. ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით, სურვილი ხშირად სწორედ იქ იღვიძებს, სადაც გადის ზღვარი „ნებადართულსა“ და „აკრძალულს“ შორის. სანამ ედემის ბაღში ნაყოფი ნებადართული იყო, ის მხოლოდ საკვებს წარმოადგენდა, მაგრამ აკრძალვამ მას განსაკუთრებული, მაცდური ღირებულება შესძინა. ურთიერთობაშიც, როდესაც პარტნიორი ხდება ზედმეტად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო, ის კარგავს ამ „აკრძალული ნაყოფის“ ხიბლს. კლინიკურ პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით ამ საკითხს ქალთანაც, როდესაც მისთვის წარმოუდგენელია, ერთ ადამიანში გააერთიანოს ის, ვინც მას იცავს (მზრუნველი ობიექტი) და ის, ვისთანაც სექსუალური სიამოვნებაა შესაძლებელი (ვნების ობიექტი). ხშირად ქალები ჩივიან, რომ მოიწყინეს; თითქოს იდეალურად არის ყველაფერი მათ ცხოვრებაში, იციან, რომ მათი ქმარი „იდეალურია“, მაგრამ მათ ყურადღებას მაინც იქცევენ სხვა მამაკაცები. ეს სხვა მამაკაცები, როგორც წესი, მიუწვდომლებად მოიაზრებიან (მაგალითად, ჰყავთ ცოლები ან აქვთ სხვა დამაბრკოლებელი გარემოება), და სწორედ ეს მიუწვდომლობა ქმნის ერთგვარ ბარიერს, რომელიც ქალს რეალურ ურთიერთობაში შესვლისგან იცავს — ურთიერთობაში, რომელიც ღალატად აღიქმება და ძლიერ დანაშაულის გრძნობას იწვევს.
ფროიდი აღნიშნავს, რომ „აკრძალვის პირობა ქალის სასიყვარულო ცხოვრებაში იგივე მნიშვნელობას ასრულებს, რასაც სქესობრივი ობიექტის დაკნინება მამაკაცის შემთხვევაში“. აი, რატომ ხდება ესგახლეჩა: ინცესტური ტაბუ და დაცვა: თუ მამაკაცი ზედმეტად კეთილი, უსაფრთხო და მზრუნველია, ის ფსიქიკაში მამის იდეალიზებულ ხატს (იმაგოს) ერწყმის. ამ დროს აქტიურდება არაცნობიერი დაცვის მექანიზმები, რომლებიც ინცესტზე აკრძალვას უკავშირდება. ქალს უჭირს მასთან სექსუალური ვნების გამოვლენა, რადგან ეს ფსიქიკურად „აკრძალულ“ ფიგურასთან სიახლოვეს ნიშნავს. სექსუალობა ამ შემთხვევაში აღიქმება როგორც რაღაც „დამამცირებელი“ ან „დამანგრეველი“ იმ სიყვარულისთვის, რომელიც მამის ფიგურას უკავშირდება). შიში ავტორიტეტული ფიგურის წინაშე: ერთ ადამიანში მზრუნველი მამისა და ვნებიანი მამაკაცის გაერთიანება შიშის მომგვრელია, რადგან ეს ქალს ბავშვურ უსუსურობაში აბრუნებს. თუ პარტნიორი ფლობს მამის ძალაუფლებასაც და სექსუალურ მიმზიდველობასაც, ის ხდება ყოვლისშემძლე ფიგურა, რომელსაც ქალის სრული „შთანთქმა“ შეუძლია. ამიტომ, ფსიქიკა გამოსავალს კვლავ გახლეჩაში (Splitting) პოულობს: უსაფრთხო ობიექტთან არის სიმშვიდე, მაგრამ არა ვნება. სექსუალური ლტოლვა კი იღვიძებს მხოლოდ იქ, სადაც მამაკაცი მიუწვდომელია(აკრძალული ობიექტი), უცხოა ან ურთიერთობა საიდუმლოა. აქ აკრძალვა თავად ხდება აღგზნების წყარო, რადგან ის უსაფრთხო დისტანციას ქმნის ოიდიპალურ ფიგურასთან. ჟაკ ლაკანი ამბობს, რომ „სურვილი ყოველთვის სხვისი სურვილია“[4] და ის აუცილებლად მოითხოვს დანაკლისს (სურვილი იბადება იქ, სადაც რაღაც გვაკლია, სადაც დაუკმაყოფილებლობაა). თუ პარტნიორი ხდება „ყველაფერი“ (საყრდენი, მამა, მეგობარი), სურვილისთვის ადგილი აღარ რჩება. სწორედ ამიტომ, ბევრი ქალისთვის ვნება მხოლოდ საიდუმლო ან აკრძალულ ვითარებაში იღვიძებს. აკრძალვა აქ არის არა დაბრკოლება, არამედ თავად ვნების საწვავი, რადგან ის ქმნის აუცილებელ დისტანციას ოიდიპალურ ფიგურასთან. მაგალითად, ხშირად ვხვდებით ქალებს, რომლებიც იტანჯებიან იმით, რომ ქორწინებაში, სადაც მათ აქვთ სრული ნდობა და პატივისცემა ქმრის მიმართ, სრულიად დაკარგეს სექსუალური ლტოლვა. თუმცა, როგორც კი ჩნდება აკრძალული მესამე პირი ან დგება ურთიერთობის დასრულების საფრთხე (იქმნება ბარიერი), ლტოლვა მყისიერად ბრუნდება. ეს ადასტურებს ფროიდის მოსაზრებას, რომ „ლიბიდოს აღგზნების გასაზრდელად აუცილებელია წინააღმდეგობა“ [5].
მეორე მხრივ, განვიხილოთ პაციენტი მამაკაცი, რომელიც თერაპიაზე მოვიდა შემდეგი ჩივილით: მას ჰყავს საყვარელი მეუღლე, რომელსაც აღმერთებს და მიიჩნევს იდეალურ პარტნიორად. თვლის, რომ იგი ძალიან კარგი დედაა ბავშვებისთვის, თუმცა წლებია, მის მიმართ გამქრალი აქვს ფიზიკური ლტოლვა. სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ის მიმართავს შემთხვევით, ფარულ კავშირებს ისეთ ქალებთან, რომელთა მიმართაც არანაირ ემოციურ სიახლოვეს და პატივისცემას არ გრძნობს (ანუ ფსიქიკურად „დაკნინებულ“ ობიექტებთან). ან ისეთ ქალებთან, რომლებიც მუდმივად უსაფრთხო დისტანციაზე იქნებიან. პაციენტის მეუღლე გაიგივებული იყო დედის იდეალიზებულ, „წმინდა“ ხატთან. ფროიდი აღნიშნავს დედის ფუნდამენტურ როლს მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაში. როდესაც პარტნიორი ხდება ზედმეტად მზრუნველი, საიმედო და „კარგი დედა“ საერთო შვილებისთვის, ის მამაკაცის ფსიქიკაში აცოცხლებს ყოვლისშემძლე დედის პირველად ხატს (იმაგოს). ამ დროს აქტიურდება არა მხოლოდ ინცესტის ტაბუ, არამედ მზრუნველ ფიგურასთან სრული შერწყმისა და საკუთარი, დამოუკიდებელი მამაკაცური სურვილის დაკარგვის არაცნობიერი შიშიც. სწორედ ამიტომ, მამაკაცს ეშინოდა, რომ თავისი ველური, დაუფარავი სექსუალური ფანტაზიებით წაბილწავდა და შეურაცხყოფდა საყვარელ ქალს, რადგან სექსი მისთვის არაცნობიერად დამამცირებელ აქტთან ასოცირდებოდა. ფროიდის სიტყვებით: „სადაც უყვარდა, იქ არ შეეძლო ფლობა“. გრძელვადიან ურთიერთობაში ყოფნა, ოჯახის შექმნა და სტაბილურობის შენარჩუნება, საბოლოო ჯამში, კულტურისა და ცივილიზაციის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია. შემთხვევითი არ არის, რომ კაცობრიობამ მოიგონა ქორწინების რიტუალები — ჯვრისწერა, ხელშეკრულების დადება, ოფიციალური ხელის მოწერა. სწორედ აქ იჩენს თავს ფსიქიკის მთავარი პარადოქსი: სურვილი ბუნებით ტრანსგრესიულია, მას სჭირდება საზღვარი, რომლის გადაკვეთაც აღგზნებას იწვევს. აკრძალვა არ კლავს სურვილს, პირიქით, ის ქმნის მას (ლაკანი ამის საილუსტრაციოდ ხშირად ციტირებდა პავლე მოციქულს: „რომ არა კანონი, მე ვერ შევიცნობდი ცოდვას“).[6] შესაბამისად, როდესაც პარტნიორი ხდება კანონიერი, უსაფრთხო და ნებადართული, მის მიმართ ვნება ბუნებრივად ნელდება, ხოლო ის, რაც ამ სოციალური თუ მორალური საზღვრის მიღმა რჩება, ახალი ცდუნების ობიექტად იქცევა.
თუ ეს ასეა, მაშინ რას ვაწერთ ხელს სინამდვილეში? ხელის მოწერით ჩვენ არა მხოლოდ თანაცხოვრებას ვადასტურებთ, არამედ ეს სიმბოლური ხელმოწერა ნიშნავს შეზღუდვაზე თანხმობას. ჩვენ ვამბობთ უარს დაუბრკოლებელ, ველურ, ინსტინქტურ ვნებაზე და „ყველაფრის ქონის“ ილუზიაზე იმისათვის, რომ მივიღოთ უსაფრთხოება, ნდობა, ერთგულება და საერთო მომავალი. კულტურა ჩვენგან მსხვერპლს ითხოვს: სოციალური სტრუქტურისა და სტაბილური ოჯახის ასაშენებლად, ინდივიდმ აუნდა დათმოს თავისი პირველყოფილი, დაუმორჩილებელი ლიბიდინალური ლტოლვების ნაწილი (ან მოახდინოს მათი სუბლიმაცია). სიმპტომისგან დისტანცირება ხდება მაშინ, როდესაც ვიღებთ რეალობას და ვწყვეტთ პარტნიორის იდეალიზებას (პიგმალიონის ქანდაკებასავით) ან მის დემონიზაციას, დაკნინებას (მეძავი). ფსიქოანალიტიკური თერაპია არ გვპირდება იდეალურ დასასრულს, სადაც პიროვნება სრულიად უმტკივნეულოდ აერთიანებს მეგობარსა და საყვარელს ერთ იდეალურ ობიექტში. თერაპიის მიზანი ილუზიებისგან გათავისუფლებაა. პროცესი ეხმარება პაციენტს გაიაზროს, რატომ სჭირდება მას ეს გახლეჩა, რას გაურბის და რას ეძებს სინამდვილეში. ტრანსფორმაცია იწყება მაშინ, როდესაც ვსწავლობთ საკუთარი ამბივალენტობის ატანას და ვწყვეტთ პარტნიორისგან ყოვლისშემძლე ფიგურის შექმნას (იქნება ეს იდეალური „მადონა“ თუ დემონიზებული „მეძავი“). საბოლოოდ, ზრდასრული სიყვარული მოითხოვს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებას. არჩევანი კი, თავის მხრივ, ყოველთვის გულისხმობს დანაკლისის მიღებას — იმის აღიარებას, რომ ერთი ობიექტის არჩევისას, ჩვენ რაღაც სხვაზე, თუნდაც ძლიერ ფანტაზიაზე, გვიწევს უარის თქმა.
[1] იგულისხმება ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომი "On the Universal Tendency to Debasement in the Sphere of Love" (1912).
[2] ფროიდის ციტატის ზუსტი მითითება “On the Universal Tendency to Debasement in the Sphere of Love" (1912).
[3] „კვარცხლბეკზე შესმა“ გულისხმობს პარტნიორის უკიდურეს გაიდეალებას, როდესაც მასმიეწერება სრულყოფილება და აყვანილია მიუწვდომელ, ღვთაებრივ რანგში.
[4] Lacan, J. (1964). The Seminar, Book XI: The Four Fundamental Concepts of Psychoanalysis. New York: Norton.
[5] Freud, S. (1912). The Dynamics of Transference. Standard Edition, Vol. 12. London: Hogarth Press.
[6] The Holy Bible. Romans 7.




Comments