top of page
Search

მამა დივანზე, ‘’ყოვლისშემძლე’’ დედა და მისი უდიდებულესობა ბავშვი“: როცა დიადა ტრიადას კლავს

ამ სტატიის დაწერის სურვილი გამიჩინა ყოველდღიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად ნანახმა სურათმა. სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ერთ სპეციფიკურ, თითქოს სტანდარტულ, მაგრამ ფსიქიკური სტრუქტურის კუთხით ძალიან საყურადღებო სურათს: ოჯახს, სადაც ქალი იქცა აბსოლუტურ ცენტრად, ის არის ქმრისთვისაც და შვილისთვისაც „ყოვლისშემძლე“, „ყოვლისმცოდნე“ და „ყოვლისმქონე“ ფიგურა. ყველაზე პარადოქსული კი ის არის, რომ ამ უხილავი გარიგებით წყვილი სრულიად კმაყოფილია. ორივე მხარეს გულწრფელად სჯერა, რომ ეს დინამიკა ნორმალურია და ასეც უნდაიყოს. ისინი თერაპიაზე მოდიან არა საკუთარი, ცოლქმრული ურთიერთობის გადასახედად, არამედ კონკრეტული პრობლემით: ბავშვი „ცუდად იქცევა“, არის უმართავი და არავის და არაფერს ემორჩილება. თუმცა, როდესაც ვიწყებთ ოჯახის რეალური ყოველდღიურობის გამოკითხვას, ვხედავთ მიზანსცენას, რომელიც ამ „ცუდ ქცევას“ სრულიად ლოგიკურს ხდის: ბავშვს სძინავს დედასთან, მამა განდევნილია დივანზე და მთელი ოჯახი მორჩილად შეჰყურებს დედას.     


ფასადურად, გარედან ჩანს, რომ ქალი მუდმივად წუხს ამ „აუტანელ“ პოზიციაზე, წუწუნებს, რომ ყველაფრის კეთება თავად უწევს და ძალ-ღონე აღარ აქვს. მაგრამ სინამდვილეში, სწორედ აქ იმალება მთავარი მახე: დედა ფარულ, უდიდეს ტკბობას განიცდის ამ მოწამეობრივი, მაგრამ ყოვლისშემძლე როლით. ის იფერებს ამ ტვირთს, რადგან ეს მას ოჯახის შეუცვლელ, ცენტრალურ ღერძად აქცევს, რომლის გარეშეც თითქოს ვერავინ გადარჩება. მამას კი სავსებით აწყობს ეს მოცემულობა, დივანზე წოლით ის მარტივად ირიდებს თავიდან ზრდასრული, ავტორიტეტული მამაკაცის პასუხისმგებლობას.           


ბავშვის უმართავი ქცევა არ არის უბრალოდ ჭირვეულობა ან მისი ცალკეული პრობლემა. ეს ქცევაარის ოჯახის სიმპტომი, ბავშვის ერთადერთი, გაუცნობიერებელი გზა, გამოხატოს პროტესტი ამ ჩაკეტილი სისტემის მიმართ, სადაც მამამ თავისი ადგილი დათმო, ხოლო დედამ, მთელი საარსებო სივრცე შთანთქა. წყვილი, რომელიც ბავშვის გაჩენამდე ერთობლივი, ცოცხალი ინტერესებით ცხოვრობდა, მშობლობის სტატუსის მიღებისთანავე რადიკალურად იცვლება. ყალიბდება ახალი, აბსოლუტური ცენტრი, ბავშვი, რომლის გარშემოც ოჯახის მთელი ფსიქიკური ენერგია იყრის თავს. ამახალ რეალობაში დედა და შვილი ერთიან, დაურღვეველ დიადას (სიმბიოზს) ქმნიან, ხოლო მამა, რომელმაც თითქოს უკვე შეასრულა თავისი რეპროდუქციული როლი, ჩუმად, უპრეტენზიოდ ინაცვლებს „დივანზე“. ყველაზე პარადოქსული და კლინიკურად საყურადღებო ამ სურათში არაკონფლიქტი, არამედ მისი არარსებობაა. გარეგნულად, ეს არის იდილია, სადაც ყველა მხარე „კმაყოფილია“.      


დედამ მიიღო ყოვლისშემძლეობის განცდა და ობიექტი, რომელიც მის დანაკლისს ავსებს; მამამ მიიღო კომფორტი და გათავისუფლდა ზრდასრული მამაკაცისა თუ მარეგულირებელი ფიგურის (კანონის) მძიმე ტვირთისგან; ბავშვი კი „მისი უდიდებულესობის“ (His Majesty the baby)[1] ტახტზე ზის. თუმცა, ფსიქოანალიტიკური გადმოსახედიდან, ეს მუნჯი, ორმხრივად მომგებიანი გარიგება სინამდვილეში ფსიქიკური ჩიხია, რომლის მთავარი მსხვერპლიც სწორედ ის არის, ვისაც ყველაზე მეტად ეთაყვანებიან, ბავშვი, რომელსაც საკუთარი, ავთენტური სურვილის ჩამოყალიბების სივრცესართმევენ  -     ბავშვი, როგორც “კერპი” (ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით).  როდესაც ბავშვი ჩნდება, მშობლები ხშირად მასში საკუთარ აუსრულებელ ოცნებებსა და იდეალურობის მოთხოვნას დებენ. ბავშვი ხდება „მისი უდიდებულესობა“, მას ყველაფერს პატიობენ, მის ირგვლივ ბრუნავს სამყარო. დედა მთელ თავის ყურადღებასა და სიყვარულს პარტნიორიდან შვილზე გადაიტანს. მამა კი, იმის მაგივრად, რომ შეახსენოს ოჯახს, „მეც აქ ვარ, ჩვენ ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვართ“, უბრძოლველად თმობს პოზიციებს და ბავშვს აძლევს საშუალებას, დედასთან სრულიად მარტო, კონკურენციის გარეშე დარჩეს.      

                                                                                                                                         

ჩნდება კითხვა, რატომ მოსწონს მამას დივანზე ყოფნა? მამობის სიმბოლური ფუნქცია არ არის მხოლოდ ფულის მოტანა ან ბავშვთან თამაში. მამის მთავარი როლი ოჯახში ჯანსაღი საზღვრებისა დაწესების შემოტანაა. მან უნდა შეძლოს დედა-შვილის ამ მჭიდრო, შემბოჭველი კავშირის რბილად გაწყვეტა და ბავშვისთვის იმის თქმა, რომ „დედა მხოლოდ შენი არ არის“. ეს ძალიან რთული ფსიქიკური სამუშაოა. დივანზე წამოწოლა და ტელეფონში ყურება კი მამისთვის გაქცევაა ამ რთული ფუნქციისგან პასუხისმგებლობისგან. ის ირჩევს იყოს ოჯახის „უფროსი ბავშვი“ და არა ავტორიტეტი. თავის მხრივ, დედასაც აწყობს ეს: მას ხომ უკვე ჰყავს ბავშვი, რომელიც მის ყველა ემოციურ სიცარიელეს ავსებს, და „ზედმეტი“ მამაკაცი, რომელიც ამ იდილიაში ჩაერევა, აღარ სჭირდება.      

                                                                                                        

ბრიტანელი პედიატრი და ფსიქოანალიტიკოსი დონალდ ვინიკოტი გვეუბნება, რომ ბავშვის დაბადებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში (დაახლოებით 5-6 თვემდე), დედის სრული, თითქმის ფანატიკური კონცენტრაცია შვილზე აბსოლუტურად ნორმალური და სასიცოცხლოდ აუცილებელია.  ამ ეტაპზე დედა უზრუნველყოფს ეგრედწოდებულ „ჰოლდინგს“ (Holding)[2]ახალშობილის ფსიქიკა იმდენად სუსტი და ფრაგმენტულია, რომ დედა მას თავისი ფიზიკური თუემოციური ჩახუტებით „კრავს“. ის წინასწარ ხვდება ბავშვის ყველა მოთხოვნილებას და იცავს მასგარე სამყაროს ქაოსისგან. ამ დროს დედა და შვილი მართლაც ერთი მთლიანობაა და მამის მთავარი ფუნქციაა, უბრალოდ სიმშვიდე შეუქმნას დედას, რათა მან შვილის „ჰოლდინგი“ შეძლოს. მაგრამ,დაახლოებით 6 თვის შემდეგ, როდესაც ბავშვი ნელ-ნელა იწყებს გარემოს აღქმას და მოტორულ განვითარებას, დედამ ეს მჭიდრო კავშირი უნდა შეასუსტოს. ის უნდა გახდეს არა იდეალური, არამედ „საკმარისად კარგი დედა“ (Good-enough mother)[3]. ეს ნიშნავს, რომ მან შეგნებულად უნდა დაუშვას პატარ-პატარა იმედგაცრუებები, მაგალითად, ყოველ წამოტირებაზე წამიერად აღარ გაჩნდეს მის გვერდით. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ეს მცირე იმედგაცრუება ახვედრებს ბავშვს: „მე და დედაერთი ორგანიზმი არ ვართ, ის ცალკეა და მე ცალკე“. სწორედ ამ, გარდამტეხ ეტაპზე შემოდისმამა სცენაზე სრული დატვირთვით. მამა უნდა იქცეს უსაფრთხო ხიდად, რომლითაც ბავშვი დედისკალთიდან (და „ჰოლდინგიდან“) დიდ სამყაროში გადის. როცა მამა დივანზეა გარიყული და ამ პროცესში არ ერევა, დედა აგრძელებს ჩვილობის დროინდელ „ჰოლდინგს“ 1, 3 ან თუნდაც 10 წლისასაკში. ის, რაც 3 თვის ბავშვისთვის გადარჩენის პირობა იყო, 3 წლის ბავშვისთვის მახრჩობელა ციხედ იქცევა. ბავშვი რჩება დედის სამყაროში ჩაკეტილი და ვეღარასოდეს პოულობს საკუთარ, დამოუკიდებელ პიროვნებას. ხშირად პრობლემა მამის ფიზიკურ არყოფნაში კი არა, იმაშია, თუ როგორ საუბრობს დედა მამაზე. თუ ქალი პარტნიორს აღიქვამს მხოლოდ დამხმარე პერსონალად, არ სცემს პატივს მის სიტყვას და ბავშვის თანდასწრებით აუფასურებს მას, ბავშვი ხვდება, რომ მამასძალა არ აქვს. ასეთ ოჯახში ბავშვი რჩება დედის უზარმაზარი, ყოვლისშემძლე გავლენის პირისპირ, ყოველგვარი დამცავი ფარის (მამის ავტორიტეტის) გარეშე.


ყველაზე სევდიანი ამ „მშვიდობიან“ ოჯახურ გარიგებაში თავად ბავშვის ბედია. ის აღარ არის თავისუფალი ადამიანი; ის იქცევამშობლების ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებელ „პროექტად“. რადგან ცოლ-ქმარს შორის რეალური, ცოცხალი ურთიერთობა მოკვდა, მთელი ეს დაგროვილი და გამოუთქმელი დაძაბულობა ბავშვზე გადადის. ხშირად სწორედ ასეთ ოჯახებში უვითარდებათ ბავშვებს აუხსნელი შფოთვები, ქცევითი პრობლემები ან ფიზიკური სიმპტომები, ისინი თავიანთი სხეულითა და ფსიქიკით იხდიან იმ სიმშვიდის საფასურს, რომელსაც მშობლები ასე ოსტატურად ინარჩუნებენ.


„დივანზე” გარიყული მამისა და ბავშვზე მიჯაჭვული დედის“ სურათი არ არის უბრალოდ დაღლილობის ან თანამედროვე ცხოვრების ტემპის ბრალი. ეს არის განგაშის სიგნალი. ჯანსაღი ბავშვი იზრდება იქ, სადაც ხედავს მშობლების ცოცხალ, თუნდაც ზოგჯერ კონფლიქტურ, მაგრამ ნამდვილ ურთიერთობას. როცა მამა დადედა იბრუნებენ საკუთარ ცოლ-ქმრულ სივრცეს, ისინი ამით ბავშვს ართმევენ ილუზიურ გვირგვინს, მაგრამ სამაგიეროდ აძლევენ ყველაზე დიდ საჩუქარს — თავისუფლებას, გაიზარდოს და იყოს უბრალოდ ბავშვი.



[1] Freud. 1914. “On narcissisme. An introduction”;

[2] Winnicott. 1965. “The Maturational Processes and the Facilitating Environment”;

[3] Winnicott. 1971. “Playing and Reality”.                                                                                                                                                                                                                                                                    

 
 
 

Comments


bottom of page