“Day Dreaming“ ანუ ფანტაზმატიზაციის ფსიქიკური პროცესი ფსიქოანალიტიკურ თეორიაში, ზიგმუნდ ფროიდის მიხედვით
- მაკა არეშიძე

- 2 days ago
- 4 min read
ფსიქოთერაპიული და ფსიქიატრიული პრაქტიკისას ხშირად ვხვდებით პაციენტებს, რომლებსაც ახასიათებთ დღის ფანტაზიები ე.წ. “daydreaming”-ის ფანტაზმური აქტივობები.
რა ფსიქოლოგიური ფენომენები დგას ამ ფსიქიკური პროცესის უკან?
ფანტაზია წარმოადგენს ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, რომელიც საშუალებას აძლევს შინაგან სურვილებს, ემოციებსა და კრეატიულ ენერგიას ინტეგრირდნენ რეალურ სამყაროში.
ზიგმუნდ ფროიდი (Creative Writers and Day-Dreaming, 1908; Hysterical Phantasies and Their Relation to Bisexuality, 1908) ხედავს ფანტაზირების ფსიქიკურ პროცესს, როგორც მექანიზმს, რომელიც ემსახურება განდევნილი არაცნობიერი სურვილების დაკმაყოფილებას, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ინდივიდებში.
ფროიდის მიხედვით, ბავშვის თამაში წარმოადგენს მისი შინაგანი სამყაროს, სურვილებისა და ემოციების გამოხატვის მნიშვნელოვან ფორმას. თამაშის პროცესში ბავშვი ქმნის საკუთარ ფანტაზიურ სამყაროს, სადაც რეალური საგნები ახალ მნიშვნელობას იძენს. ამგვარად, თამაში ბავშვისთვის არის სიმბოლური მოქმედება, რომლის მეშვეობითაც ის ახდენს საკუთარი განცდებისა და სურვილების გამოხატვას.
ფროიდი აღნიშნავს, რომ თამაში ბავშვისთვის ერთგვარი „უსაფრთხო სივრცეა“, სადაც მას შეუძლია თავისუფლად გამოხატოს ემოციები და განახორციელოს ის სურვილები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ვერ ხორციელდება. თამაშის დროს ბავშვი ხშირად ბაძავს ზრდასრულთა ქცევას და იმ სოციალურ როლებს ირგებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აკვირდება.
ბავშვის თამაში წარმოადგენს სექსუალური/ლიბიდინალური ენერგიის პირველად გამოხატულების საშუალებას - ამბობს ფროიდი. (“Childhood play is the first outlet of libidinal energy”).
ფროიდის აზრით, ბავშვის ერთ-ერთი მთავარი სურვილია იყოს დიდი და ზრდასრული, რაც ნათლად ვლინდება მის თამაშებში. ბავშვი თამაშის პროცესში ახდენს იმ ქცევების, როლებისა და საქმიანობების იმიტაციას, რომლებიც ზრდასრულთა სამყაროს ეკუთვნის. ბავშვი არ მალავს საკუთარ სურვილებსა და ფანტაზიებს; პირიქით, ის მათ უშუალოდ და ბუნებრივად გამოხატავს თამაშის საშუალებით. (“There is little that gives children greater pleasure than when a grown-up… plays with them as an equal”).
ფროიდი ბავშვის თამაშებს ადარებს შემოქმედებითობით საქმიანობას ზრდასრულებში. ისევე როგორც, ბავშვები სპონტანურად და უშუალოდ გამოხატავენ თავიანთ შინაგან სურვილებს თამაშის სახით და ქმნიან საკუთარ სამყაროს დაუფარავი სურვილებით, ფანტაზიებით და გამოცდილებებით, ასევე მწერლები და პოეტები გამოხატავენ თავიანთ ფანტაზიებს ესთეტიკური ფორმით, სიუჟეტებითა და მხატვრული ხერხებით. ფროიდის თქმით, ყველა ბავშვი თამაშის დროს იქცევა კრეატიულ მწერლად. იგი ქმნის საკუთარ სამყაროს ან არსებულს ისე გადააწყობს, რომ ეს მისთვის სიამოვნების მომტანი იყოს. (“Every child at play behaves like a creative writer… he creates a world of his own”).
ბავშვებისგან განსვხვავებით, რომლებიც თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ სურვილებს თამაშის საშუალებით, ზრდასრულები ხშირად ცდილობენ თავიანთი ფანტაზიების დაფარვასა და შინაგან სივრცეში შენარჩუნებას.
ზოგიერთი სურვილი ისეთი ბუნებისაა, რომ მისი ღიად გამოხატვა, სოციალური ნორმებისა და მოლოდინების გამო, მიუღებლად ითვლება, რის გამოც ადამიანი იძულებულია ისინი დამალოს ან გააკონტროლოს.
ამგვარად, ზრდასრულებში ხშირად ჩნდება საკუთარი ფანტაზიების მიმართ სირცხვილის განცდა, რადგან მათი უმრავლესობა შეიძლება იყოს სექსუალური, ინცესტუალური, დესტრუქციული ან ნარცისტული ბუნების.
ე.ი. ფროიდის მიხედვით, ფანტაზიების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს დაუკმაყოფილებელი სურვილები. თითოეული ფანტაზია გარკვეული სურვილის სიმბოლურ განხორციელებას წარმოადგენსდა ამ გზით ინდივიდი ცდილობს რეალობაში დაუკმაყოფილებელი მდგომარეობის კომპენსირებასა და „გამოსწორებას“. ამდენად, ფანტაზია შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფსიქიკური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ადამიანი შიდაფსიქიკურ სცენაზე ახერხებს იმ სურვილებისდაკმაყოფილებას, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ვერ ხორციელდება.
ასევე, არ შეიძლება უგულვებელვყოთ ფანტაზიისა და სიზმრის კავშირი. ფანტაზიებს ხშირად „დღის სიზმრებს“ (Day-dreaming) უწოდებენ, რადგან ისინი გარკვეულწილად გვაძლევენ გასაღებს ღამის სიზმრების გაგებისთვის. ჩვენი ღამის სიზმრები, სხვა არაფერია, თუ არა ასეთი ფანტაზიები, როგორც ეს სიზმრის ინტერპრეტაციით შეგვიძლია დავამტკიცოთ. (იხ. The Interpretation of Dreams Sigmund Freud (1900), თავი მეშვიდე). ღამის განმავლობაში ადამიანში, ასევე, ჩნდება ისეთი სურვილები და იმპულსები, რომელთა აღიარებაც ან გამოხატვაც ხშირად სირცხვილს იწვევს. სწორედ ამიტომ, ეს სურვილები განდევნილია და გადადის არაცნობიერში. შედეგად, ისინი პირდაპირი ფორმით ვერ გამოიხატება და სიზმრებში მხოლოდ დამახინჯებული, სიმბოლური სახით ვლინდება. ამგვარად, სიზმარი შეიძლება განვიხილოთ, როგორც არაცნობიერში განდევნილი სურვილებისა დაფანტაზიების არაპირდაპირი გამოხატულება.
დღის სიზმრები, თანაბარი სიხშირით გვხვდება ორივე სქესში, თუმცა, გოგონებსა და ქალებში ისინი ყოველთვის ეროტიულ ხასიათს ატარებს. მამაკაცებში კი შეილება იყოს ეროტიულიც და ამციბიციურიც, რომლებიც დაკავშირებულია წარმატებასთან, ძალაუფლებასთან ან სოციალურ აღიარებასთან, თუმცა მამაკაცების ყველა გმირული საქმე და წარმატება, ხშირად, საბოლოოდ დაკავშირებულია ქალის მოწონებისა და ყურადღების მოპოვებისკენ და სხვა მამაკაცებთან უპირატესობის დამტკიცების სურვილთან. როგორც ვიცით, ფროიდის კონცეფციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ლიბიდოს — სექსუალური ინსტინქტების ენერგიას: “The energy of the sexual instincts is what we call libido”. ადამიანში არსებული სექსუალური ენერგია (ლიბიდო) ყოველთვის პირდაპირ სექსუალურ ქცევაში არ გამოვლინდება. ხშირად ის „გარდაიქმნება“ სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ აქტივობებად. ამ პროცესს უწოდებს ფროიდი სუბლიმაციას: “Sublimation is a process that concerns object-libido and consists in the instinct directing itself towards an aim other than, and remote from, that of sexual satisfaction”. სწორედ ამიტომ, ფროიდის აზრით, მამაკაცების ყველა გმირული საქმე დაწარმატება, კონკურენციისკენ სწრაფვა და სოციალური აღიარება, ასევე დაკავშირებულია ეროტიულ იმპულსებთან.
როგორც ავღნიშნეთ, ფროიდის თეორიის თანახმად, განდევნილი სურვილები ფსიქიკაში არ ქრება. ისინი აგრძელებს მოქმედებას არაცნობიერ დონეზე და ცდილობენ გამოხატვის სხვა გზის პოვნას. რადგან პირდაპირი გამოხატვა დაბლოკილია, ეს სურვილები შეიძლება გამოვლინდეს არაპირდაპირი ფორმით, როგორც სიზმრების სახით, ისე ფსიქიკური ან სომატური სიმპტომების სახით. სწორედ ამიტომ ფროიდი სიმპტომს განიხილავს, როგორც განდევნილი სურვილისა და შინაგანი კონფლიქტის კომპრომისულ გამოხატულებას.
არაცნობიერ ფანტაზიას, მნიშვნელოვანი კავშირი აქვს სუბიექტის სექსუალურ ცხოვრებასთან, რადგან იგი ასევე დაკავშირებულია იმ ფანტაზმატურ პროცესთან, რომელიც ბავშვობასა და პუბერტატში, სექსუალური კმაყოფილების მიღებას ემსახურებოდა და თან ახლავდა სხეულებრივი სიამოვნება, მათ შორის მასტურბაციის პროცესში.
როდესაც ადამიანი ზღუდავს ან წყვეტს ასეთი ტიპის სიამოვნებების პირდაპირ რეალიზაციას, სექსუალური ენერგია(ლიბიდო) სრულად არ ქრება, არამედ განაგრძობს არსებობას და შესაძლოა „გარდაიქმნას“ სიმპტომურ ფორმებად. ამიტომ ისტერიული სიმპტომი თითქოს ნაწილობრივ ანაცვლებს დაკარგულ დაუკმაყოფილებელ სექსუალურ სურვილებს.
ე.ი. ისტერიული სიმპტომები, სხვა არაფერია, თუ არა არაცნობერი ფანტაზიები, რომელიც კონვერსიის სახით ვლინდება.
ფროიდის მიხედვით, პარანოიდული სუბიექტის ბოდვებიც, იმავე ბუნების ფანტაზიებია, თუმცა ისტერიისგან განსხვავებით, ისინი არ გარდაიქმნება ფსიქონევროტულ სიმპტომებად. ნაცვლად ამისა, ეს ფანტაზიები პროექციის მექანიზმით გადადის გარეგან რეალობაში და აღიქმება როგორც რეალური მოვლენა. (იხ. „Psycho-Analytic Notes on an Autobiographical Account of a Case of Paranoia “ - 1911 წ.). ეს ფანტაზიები ხშირად დაკავშირებულია სექსუალური ინსტინქტის სადო-მაზოხისტურ კომპონენტებთან და გარკვეულ მსგავსებას ავლენს ისტერიული სუბიექტების არაცნობიერ ფანტაზიებთან.
და ბოლოს, ადამიანისთვის არაფერია იმაზე რთული, ვიდრე უარი თქვას სიამოვენებაზე, რაც მან ერთხელ უკვე განიცადა, შესაბამისად ის მუდმივად ეძებს ამ სიამოვნების სხვა ფორმებში გადატანას, კომპენსაციის სახით (Hermann Hesse-Siddhartha). “hardly anything is harder for a man than to give up a pleasure which he has once experienced.“




Comments