top of page
Search

კოშმარი და სიზმრის მუშაობის მარცხი - სუბიექტი ფსიქიკური კატასტროფისა და გამოღვიძების მიჯნაზე

 

1900 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „სიზმრების ინტერპრეტაცია“ ზიგმუნდ ფროიდი არაცნობიერის ფუნქციონირების კანონზომიერებებს განსაზღვრავს.  სიზმარი დეტერმინირებულია ენისა და კულტურის სუბიექტთან და გააჩნია სტრუქტურა, ისევე როგორც ფორმაციის მექანიზმები, რომლებიც არა მხოლოდ სიზმრისთვის, არამედ მთლიანად სუბიექტის ფსიქიკური ცხოვრებისა და შემოქმედებითი აქტივობისათვის არის დამახასიათებელი.

იქამდე ვიდრე დაფუძნდებოდეს არაცნობიერი როგორც პირველადი განდევნისა და ენის შედეგი, იქამდე ვიდრე გაჩნდებოდეს დიფერენციაცია შინაგანსა და გარეგანს, ფსიქიკურსა და ობიექტურს შორის, ბავშვი განიცდის აგონიას, პირველად პრიმიტიულ მდგომარეობებს არარსებობისა და ატომიზაციის, სრული დისოციაციისა და დეზინტეგრაციის შფოთვას. პირველად სხვასთან ურთიერთობა, დედის ხმა, რიტმულობა, კვება და დედისა და გარემოს მიერ ბავშვის, როგორც სურვილის ობიექტის ინვესტირება აფუძნებს დიფერენციაციის პირველად პრიმიტიულ ფორმებს  ჩემსა და სხვას შორის. განვითარების ესოდენ არქაულ და ადრეულ ეტაპზე ბავშვი სიზმარს არ ხედავს, ის ჰალუცინირებს, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ანვითარებს ხატების ერთგვარ სერიას, რომელის რეპროდუქციაც მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც რეალური ობიექტი, დედის მკერდი არ იმყოფება ბავშვის განკარგულებაში. პირველადი ობიექტის დაკარგვა, ან მისი არყოფნა ბადებს პრიმიტიულ ფსიქიკურ ფორმაციას-ჰალუცინატორულ ხატს, რომლის ინტერიორიზაცია (გაშინაგნება) აფუძნებს შინაგან ობიექტს, როგორც მთავარ ღერძს, ან ჩანასახს ზოგადად წარმოსახვითი, ფანტაზმური და სიზმრის აქტივობისათვის. სიზმარი, რომელიც არაცნობიერში მიდინარე ე.წ. პირველადი პროცესების (კონდენსაცია, გადანაცვლება, ხატისმიერი ენა და ა.შ...) მკაცრად განსაზღვრული კანონზომიერებების პროდუქტია ეფარება, როგორც ილუზია, როგორც სცენა, ან ერთგვარი სანახაობრივი წარმოდგენა თავზარდამცემ რეალურის რეგისტრს, რეალურის რომელიც არ იწერება, რომელიც ხელიდან უსხლტება მეტაფორიზაციისა და სიმბოლიზაციის მცდელობებს და რომელიც წარმოადგენს ფსიქიკურის ანტიპოდს.

სიზმრის გარეშე ძილი შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა არა მხოლოდ ძილი, არამედ ფსიქიკური ცხოვრება მთლიანად, გამოღვიძების შემდეგაც.  უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ სუბიექტი გამოღვიძების შემდეგაც რჩება სიზმარში, ვინაიდან მის აღქმებზე, წარმოდგენებსა და მსჯელობებზე, მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე მუდმივად ახდენს გავლენას ფანტაზმები, არაცნობიერი სურვილი და არაცნობიერი პროცესები, მისწრაფებები და იდეალები, რომლებიც ფსიქიკური და ლიბიდინალური მნიშვნელობებით ამდიდრებენ ცხოვრებას. სიზმრიდან გამოსვლა, სხვაგვარად არაცნობიერი ფსიქიკური რეალობის ამოტრიალება, მისი გადმოღვრა გარეთ ყოველგვარი ფსიქიკური გადამუშავების გარეშე კოშმარისა და ტოტალური დეზორგანიზაციის ტოლფასია.

ფროიდისთვის სიზმრის ფუნქცია სურვილის რეალიზაციაა; სურვილის, ლტოლვითი და განდევნილი, ხშირად სანქცირებული ტენდენციების რეალიზაცია ფსიქიკური კონფლიქტის პირობებში, ე.ი. სიზმარი ლტოლვით ტენდენციებს და ენის, კულტურის მიერ დაწესებულ სიმბოლურ ლიმიტებს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის  კვალობაზე დაბადებული კომპრომისული ფსიქიკური ფორმაციაა.

სიზმარი ამ კონფლიქტის სიმბოლური და კომპრომისული ფორმაციაა, ისევე როგორც სიმპტომი, ისევე როგორც ხელოვნება და კულტურა. ეს კონფლიქტი წარმოადგენს სიზმრის მიზეზს, მისი ფორმირების ფსიქიკურ აუცილებლობას.

სიზმარი არის პირველადი, ბრუტალური, მეტ-ნაკლებად უმი მასალის მეორადი გადამუშავებისა და  რეპრეზენტაციის პროცესი. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამ პროცესს ფროიდი უწოდებს სიზმრის მუშაობას, მომავალში კი  კულტურის მუშაობას,  რომელიც სხვა არაფერია თუ არა ადამიანურ ენაზე, ე.ი. სიმბოლურისა და წარმოსახვითის ენაზე გადამუშავება და გამოხატვა რაღაცის რის მოხელთებაც მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაძლებელი (რეალურის რეგისტრი).

ე.ი. რომ არა სიზმრის მუშაობის სრულფასოვანი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს უწყვეტად, სუბიექტი აღმოჩნდებოდა ლტოლვითი ანარქიის პირისპირ, მაგალითად ფსიქოზის დროს.

სიზმარი, ე.ი. ის ფსიქიკური პროცესები, რომლებიც ქმნიან სიზმარს საფუძველთა საფუძველია ყოველგვარი შემოქმედებითობის, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სიზმრის მუშაობა,  ე.ი. პირველადი უმი ფსიქიკური შინაარსების გადამუშავების რთული პროცესი, რომელიც მაღალი კულტურული ღირებულების ფორმაციებს გვაძლევს. როდესაც სიზმრის მუშაობა განიცდის მარცხს მე ვეღარ ვიძინებ: სიზმარი ფროიდისთვის უპირველეს ყოვლისა  ძილის დარაჯია.

სიზმარი განზოგადოებული გაგებთ ადამიანთან შემოქმედებითი აქტივობის გულს წარმოადგენს. თუ სიზმარი არ ფუნქციონირებს, ე.ი. თუ წარმოსახვითი და ფანტაზმატური აქტივობა, ისევე როგორც სიმბოლიზაციის მექანიზმი განიცდის მარცხს ჩვენ ვართ ბრუტალური აქტის, აქტინგის კლინიკის წინაშე, აგრეთვე ჰალუცინატორული აქტივობის წინაშე, რაც არის სიზმრის ამობრუნებული,  ინვერტირებული ვერსია, და მისი გარეთ გადმოტყორცნა ამოტრიალებული ფორმით, ე.ი. კოშმარი.

მოკლედ თუ ვიტყვით ის რაც სიზმრის, ფანტაზმის, ფსიქიკური შინაარსებისა და ხატების მიღმა არსებობს არის რეალურის რეგისტრი, რომელსაც ლაკანი სხვაგვარად უწოდებს შეუძლებელს, ან რეგისტრს რომელიც არ სიმბოლიზირდება და არსებობს ენისა და აღმნიშვნელის მიღმა. რეალურის რეგისტრი ფუნდამენტურად მატრავმირებელია, ისევე როგორც კოშმარი, რომელიც თავის თავში შეიცავს ძლიერ ტრავმატოგენულ პოტენციალს, იმდენად რამდენადაც ის სუბიექტს ენობრივი და კულტურული საყრდენების ჩამოშლის ზღვარზე ამყოფებს. შეიძლება ითქვას გარეთ აგდებს (rejet), საკუთარი იდენტიფიკაციებისა და სიმბოლური საყრდენების მიღმა და ამ ძალადობრივი აქტით იწვევს სუბიექტის დეჰუმანიზაციას.

მაშინ როდესაც სიზმრის, ოცნებისა და ფანტაზირების ნორმალური პროცესი, ნევროტულად ორგანიზებულ საზოგადოებაში თუ სუბიექტთან, ლტოლვით და ბრუტალურ ტენდენციებს სიმბოლიზაციას, აღმნიშვნელსა და ენას უქვემდებარებს. სიზმარი სუბიექტის არქაულ, პრიმიტიულ გამოცდილებას მნიშვნელობებს სძენს, მნიშვნელობებს, რომლის გარეშეც სუბიექტი სიცარიელისა და არარსებობის შფოთვას განავითარებდა.  მეტაფორა და მეტონიმი, სხვაგვარად გადანაცვლება და კონდენსაცია სიზმრის მუშაობის, მისი გადამამუშავებელი მანქანის მთავარ ღერძებს წარმოადგენს, შედეგად ფსიქიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება შესაძლებელი ხდება, ვინაიდან დესტრუქციული და დამანგრეველი, ისევე როგორც სექსუალური ლტოლვები, ბრუტალური ტენდენციები, სისასტიკე, შური, სიხარბე, ნარცისტული ტენდენციები და სხვისი განადგურების სურვილი სიზმრის მეტაფორიზაციის მანქანის მიერ დამორჩილებულია, სიმბოლიზირებული და ენას, ე.ი. სიმბოლურ წესრიგს არის დაქვემდებარებული. აქედან გამომდინარე, სიზმრის მუშაობის მარცხი კოშმარის ტოლფასია, ხოლო განზოგადებული გაგებით კოლექტივის ცხოვრებაში ის უდრის კულტურის მარცხს, გზას უხსნის ბარბაროსობასა და დესტრუქციას, მყარდება ლტოლვითი ანარქია, როდესაც სოციალური ცხოვრება მამის სიმბოლური კანონით აღარ არის რეგულირებული. სხვაგვარად თუ ვიტყვით საზოგადოებაში პარანოიულ, ფსიქოტურ პროცესებს ეხსნება გზა, იმდენად რამდენადაც ენა, აკრძალვა, კანონი და მეტაფორიზაცია-სიმბოლიზაციის მექანიზმი ცუდად მუშაობს.

კოშმარი

სიზმრის მუშაობის ესოდენ ღირებულ ფსიქიკურ პროცესს აქვს ტენდენცია ტრანსფორმირდეს კოშმარად. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სიზმარი და ის მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს სიზმარსა და სხვა ფსიქიკურ ფორმაციებს ყველა ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთდ ემსახურება სუბიექტის პირველად სხვასთან ურთიერთობით განცდილი უმწეობისა, დიდი სხვის ტკბობის, დიდი სხვის ტკბობის ობიექტად ყოფნის მდგომარეობიდან თავის დაღწევას ამ არქაული გამოცდილების სუბიექტივაციის გზით. მაშინ როდესაც საზოგადოებისა თუ სუბიექტის ფსიქიკური კონსტიტუციის თავისებურებების, ან ფსიქიკური სტრუქტურის თავისებურებების გამო სიზმარი ამ არქაული გამოცდილების მეტაფორიზაციას თავს ვერ ართმევს, ის ხდება პასიური მსხვერპლი დიდი სხვის ტკბობისა და ძალადობის, რაც განიცდება, როგორც თავზარდამცემი პერსპექტივა, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში გამოღვიძებით უნდა იქნეს აღკვეთილი. გამოღვიძება სინამდვილეში გამოსვლაა კოშმარიდან სიზმარში დაბრუნების მიზნით, როცა გამოფხიზლებული სუბიექტი კვლავ ხდება ფანტაზმისა და ენის სუბიექტი და არა უმწეო ობიექტი გამანადგურებელი ტკბობისა და კოშმარის, ძალადობის.

კოშმარი წარმოადგენს სიზმრის მუშაობის მარცხს, ის არღვევს სიზმრის ქსოვილს, ბრუტალურად იჭრება წარმოსახვითისა და სიმბოლურის ურთიერთქმედებით კონსტრუირებულ სტრუქტურაში, როგორც რეალური და წარმოქმნის არასიმბოლიზირებად ხვრელს, შედეგად მასიურ შფოთვას. სიზმარი შეიძლება გადაიქცეს კოშმარად, ისევე როგორც ფანტაზმი (სუბიექტთან), მითი და კოლექტიური წარმოსახვითი ფორმაციები საზოგადოების შემთხვევაში ჩამოშლისა და რეკონსტრუქციის   შემდეგ ბოდვით-ჰალუცინატორულ, ე.ი. ფსიქოტურ ფორმაციებად ტრანსფორმაციის რისკს გულისხმობენ.

კოშმარი  უბრალოდ საშიში სიზმარი, ან შფოთვის სიზმარი არ არის, ის ინდივიდს ემუქრება განადგურებით, როგორც სუბიექტს რადგან სუბიექტი სხვა არაფერია თუ არა  აღმნიშვნელი რომელიც გაჩნდა იქ სადაც იყო სიცარიელე, ხვრელი; სწორედ ამიტომ კოშმარის კულმინაცია სხვა არაფერია თუ არა სუბიექტზე მიმართული მუქარა, ფსიქიკური საფრთხე, რომელიც ამ ხვრელში, არასიმბოლიზირებად უფსკრულში ჩავარდნის საფრთხის წინაშე აყენებს მას.  

მიუხედავად ამისა, კოშმარი, მაშინაც კი თუ ის განმეორებადია და რიგ შემთხვევებში გარკვეული ფსიქოპათოლოგიის საწყის ფაზაზეც შეიძლება მიუთითებდეს, იშვიათად სრულდება ფსიქიკური კატასტროფით გამოღვიძების შემდეგ, ვინაიდან ნევროტული სტრუქტურის მქონე, ე.ი. ოიდიპოსსა და მამის კანონზე ორგანიზებული სუბიექტი და საზოგადოება გამოღვიძების მომენტიდანვე აღმნიშვნელის, სიტყვისა და ენის ძალით კვლავ ამოავსებს ფსიქიკურის სფეროში მომენტალურად გაჩენილ ხვრელს, ე.ი. კოშმარს საცობს დაუცობს. გამოღვიძების მომენტში, რომელსაც წინ უძღვის ტოტალური ინჰიბიცია და ძილის დამბლა, სუბიექტი წამოიყვირებს სიტყვას, ვინაიდან სიზმრის კოშმარად ტრანსფორმაციის მომენტში სიტყვები, ენა და აღმნიშვნელო ტოვებენ სცენას, სცენას რომელსაც იკავებენ მონსტრული ხატები. კოშმარის სუბიექტი განსხვავებით სიზმრის სუბიექტისაგან უენო, დამუნჯებული სუბიექტია, რომელზეც აქტიურად ზემოქმედებს დიდი სხვა, იგულისხმება კოშმარული ხატები სიზმარში.  

ფსიქოტური სტრუქტურის დროს სუბიექტი კოშმარიდან ვერ იღვიძებს, მაშინაც კი როდესაც მას არ სძინავს, ვინაიდან სიმბოლიზაციისა და მეტაფორიზაციის, სხვისი ტკბობის კონდენსირების მექანიზმები მასთან მომენტალურად კი არ წყვეტენ ფუნქციონირებას, როგორც ნევროტიკის კოშმარში ხდება ეს მხოლოდ ძილის დროს, არამედ ქრონიკულად არ მუშაობენ. რეალურის რეგისტრი და დიდი სხვა, პერსეკუტორი სხვა ფსიქოტიკთან მხოლოდ გამოღვიძების აქტით ანულაციას და ნეიტრალიზაციას არ ექვემდებარება. შედეგად ფსიქოტური სუბიექტი იძულებულია ნაცვლად მეტაფორიზაციისა და სიმბოლიზაციისა რეალურის რეგისტრს, პერსეკუტორულ შფოთვებს, ბრუტალურად შემოჭრილ კოშმარულ ხმებსა და ხატებს ბოდვით-ჰალუცინატორული ფორმაციებით დაუპირისპირდეს. ე.ი. სიმბოლიზაციისა და ენის მარცხი, მამის მეტაფორისა და მამის კანონის მარცხი ფსიქოტიკთან კომპენსირებულია ჩამოშლილი რეალობის ბოდვითი და ჰალუცინატორული რეკონსტრუქციის მცდელობებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ სიზმარი იგივე კოშმართან მიმართებაში რაც ნევროზი ფსიქოზთან მიმართებაში.

 

გიგა მამინაშვილი

ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი (Université Paris Cité_Sorbon)

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი

ასოციაცია Espace Analytique de Paris – Association de formation et de recherche Freudien -ის წევრი

 

 
 
 

Comments


bottom of page