top of page
Search

პერვერსიული ფანტაზმი ფროიდთან

“ნევროზი პერვერსიის ნეგატივია” - წერდა ფროიდი (Freud, 1905), ან კიდევ ნევროზს პასიურ პერვერსიას, ხოლო ნამდვილ პერვერსიას - აქტიურ პერვერსიას ეძახდა, რადგან ფიქრობდა, რომ ის რაც ვლინდება, რაც რეალიზდება პერვერსიაში, ნევროზში მხოლოდ არაცნობიერი ფანტაზმის სახითაა. მისი 1919 წლის ნაშრომი “ნაცემი ბავშვი” (un enfant est battu. Contribution à la connaissance de la genèse des perversions sexuelles) ქვესათაუროთ “კონტრიბუცია სექსუალური პერვერსიების გენეზისის გაგებაში", ფროიდი აღწერს პერვერსიულ ფანტაზმს , რომელიც შესაძლოა ნევროზის ფარგლებში დარჩეს, ან მოგვიანებით პერვერსიის საფუძველი გახდეს. ფროიდი წერს, რომ ეს ფანტაზმი, როგორც პერვერსიის პირველადი მახასიათებელი/შტრიხი ისე ვლინდება (les traits primaires de perversion), და არა როგორც ნამდვილი პერვერსია. ის შესაძლოა განიდევნოს, სუბლიმაცია განიცადოს, რეაქციულ ფორმაციად იქცეს ან პერვერსიად ჩამოყალიბდეს.


ფროიდი ნაცემი ბავშის ფანტაზმს თავის 6 პაციენტზე დაკვირვებით აღწერს (4 ქალი და 2 მამაკაცი). ნაცემი ბავშვის ფანტაზმი ეხმარება ფროიდს პერვერსიის ფსიქოგენეზის გაგებაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სტატია გვაჩვენებს, რომ:

1. პერვერსია სათავეს იღებს ინფანტილურ სექსუალობაში და ის ბავშვობის ინცესტუალურ ობიექტებთან და ოიდიპოსის კომპლექსთანაა დაკავშირებული. ე.ი. ოიდიპოსის კომპლექსი არა მხოლოდ ნევროზის, არამედ პერვერსიის ფსიქოგენეზშიც არის წარმოდგენილი;

2. თუ როგორ არის სუბიექტი დივიზირებული თავის ინცესტუალურ განდევნილ სურვილს და მასტურბაციულ დაკმაყოფილებას შორის, რომელიც ამ ფანტაზმითაა ფიქსირებული;

3. ცემის ფანტაზმი ნევროტიკებთან თავისებურად ვლინდება, თითქოს მოგლეჯილი და იზოლირებულია მთელი ნევროზის შინაარს და ცალკე ადგილი აქვს მიჩენილი. ამიტომაც შესაძლოა ის ანალიზის პროცესს მიღმა დარჩეს;

4. ფროიდი ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკური ბისექსუალობის ცნებაზე, რომელიც წარმოდგენილია ნორმალურ და პათოლოგიურ ინდივიდთან (ფროიდის ტერმინებით თუ ვიტყვით). 


განვიხილოთ როგორ ვლინდება ცემის ფანტაზმი გოგონასთან და ბიჭთან. 

ცემის ფანტაზმი გოგონასთან:

პირველი ფაზა: მამა სცემს ბავშვს— ვლინდება დღის ცნობიერი სიზმრის/ფანტაზმირების სახით - rêverie diurne . ფროიდი სვამს კითხვას, ამ პირველ ფაზას რამდენად უნდა მივანიჭოთ ფანტაზმის ფუნქცია. ეს ჰგავს უფრო ერთგვარ მოგონებას, რომლის დროსაც განჩნდა სურვილი. ამ ეტაპზე ფანტაზმის ავტორი არ არის ნაცემი ბავშვი, ძირითადად მისი და ან ძმაა და სცენას არ აქვს სექსუალური ხასიათი. ამ პირველადი ფანტაზმის შინაარსია: მამას არ უყვარს ეს სხვა ბავშვი, რომელიც მე მძულს. მამას მხოლოდ მე ვუყვარვარ. 

მეორე ფაზა: მე ვარ ნაცემი მამაჩემის მიერ- ეს ფაზა ყველაზე პათოგენურია. ეს არის უკვე არაცნობიერი ფანტაზმი, რომელიც რეალობაში არასოდეს მომხდარა და რომელიც ანალიზის დროს რეკონსტრუქციას მოითხოვს. აქ ვხედავთ, რომ  ფანტაზმის ავტორი ხდება ნაცემი ბავშვი, მამა რჩება ის ვინც სცემს. ფროიდისთვის, ფანტაზმი “მე ვარ ნაცემი მამაჩემის მიერ” განიდევნება, ესეიგი განიდევნება გოგონას ინცესტუალური ოიდიპური სურვილი მამის მიმართ. ეს არის მაზოხისტური ფანტაზმი, რომლის მიღმაც დამალულ სიამოვნებას ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ტკივილს მიღმა ამოფარებული სიამოვნება გოგონას დასჯას ემსახურება, თავისი ინცესტუალური სურვილების გამო. ესეიგი შემოდის დანაშაულის გრძნობა. მეორე მხრივ, კი ეროტიული ტკბობა. ამ ფაზაზე ბრალის გრძნობა და ეროტიზმი ემთხვევა. სწორედ ამაში ხედავს ფროიდი მაზოხიზმის აზრს.

მესამე ფაზა: მამის ჩამნაცვლებელი (ძირითადად მასწავლებელი) ცემს ბავშვს (ძირითადად ბიჭს). ეს ფანტაზმი სექსუალური აღგზნების წყაროა და მოყვება კომპულსიური მასტურბაციული აქტივობა. აქ გოგონა რომელსაც ეკუთვნის ეს ფანტაზმი, არ არის ის ვისაც სცემენ. თვითონ არის დამკვირვებელი სადისტური სცენის, სადაც სცემენ ბიჭს. შეიძლება ითქვას ის ვუაიერისტულ პოზიციაშია. ამ ფანტაზმში, გოგონა იდენტიფიცირდება ბიჭთან. მას მერე რაც გოგონა შორდება მამის მიმართ თავის ინცესტუალურ სურვილს, მარტივად ტოვებს ფემინურ როლს, და ამის მერე თვითონ სურს იყოს ბიჭი (მასკულინური კომპლექსი). 


ცემის ფანტაზმი ბიჭთან: 

ნაცემი ბავშვის ფანტაზმი ბიჭთან განსხვავებულად მიმდინარეობს. ფროიდი აღმოაჩენს, რომ პირველი ფაზის ექვივალენტი, რომელიც გოგოსთან გვხდება, ბიჭთან არ დაიკვირვება. 

მეორე ფაზა  : “მე ვარ ნაცემი მამის მიერ” - ბიჭის შემხვევაშიც ის ვინც სცემს მამაა და არა დედა როგორც ვივარაუდებდით. ესეიგი მეორე ფაზაზე ბიჭიც და გოგოც ერთნაირად წარმოადგენენ ამ ფანტაზმს. 

მესამე ფაზას კი ბიჭთან ვაწყდებით შემდეგნაირად : “მე ვარ ნაცემი დედის მიერ ან მისი ჩანმნაცვლებლის. ეს მაზოხისტური ფანტაზმი ბიჭის ინცესტუალური ფანტაზმის ტრანსფორმაციაა. ის დატოვებს აქტიურ პოზიციას, და იკავებს პასიურ პოზიციას იმ ფიგურის მიმართ ვინც ცემს. ფროიდი ამბობს, რომ ეს ბიჭის ფემინური პოზიციაა. 


ფროიდი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ორივე სქესისთვის ცემის ფანტაზმი ოიდიპოსის კომპლექსისგან იღებს სათავეს, გოგონასთვის ის “პირდაპირი” ოიდიპოსის კომპლექსიდან მომდინარეობს. ფანტაზმი “მე ვარ ნაცემი მამის მიერ” ჰეტეროსექსუალური ინცესტუალური ურთიერთობის სუბსტიტუციაა. ხოლო ბიჭის შემთხვევაში - არაპირდაპირი, შეტრიალებული ოიდიპოსიდან მოდის და მამის მიმართ ბიჭის ჰომოსექსუალური ინცესტუალური ურთიერთობიდანაა ნაწარმოები. ბიჭი პრეგენიტალური დედის ადგილს იკავებს და მასთან იდენტიფიცირდება. ფროიდი ამბობს, რომ ბიჭის შემთხვევაში ორივე ფაზა პასიური ფანტაზმისგან შედგება, მამის მიმართ ფემინური პოზიცია. და არ აქვს მნიშვნელობა ვინც ცემს დედაა თუ მამა.


ორივე სქესის შემთხვევაში ლაპარაკია მაზოხისტურ ფანტაზმზე, ოღონდ გოგოს შემთხვევაში არაცნობიერი მაზოხისტური ფანტაზმი ნორმალური ოიდიპალური პოზიციიდან მოდის, ხოლო ბიჭის შემთხვევაში გაუკუღმართებული პოზიციიდან იღებს სათავეს, სადაც სიყვარულის ობიექტი მამაა. 


„სარკის პერვერტული ფანტაზმი — დაცვა ფსიქოზური კოლაფსისგან“

განვიხილოთ კლინიკური შეთხვევა, სადაც პაციენტის მიერ მოყოლილი სარკის ფანტაზმი საშუალებას გვაძლევს კლინიკურად დავინახოთ ის, რასაც ფროიდი თეორიულად აღწერს ნაცემი ბავშვის ფანტაზმში.


ერთ სტატიაში რ. რიზენბერგ მალკომი (1988) აღწერს იმ გადამწყვეტ გარდატეხას, რომელიც მოხდა პაციენტის ანალიზის პროცესში. ლაპარაკია პაციენტზე, რომელთანაც გამოხატულია მაზოხისტური პერვერსია; მისი სექსუალური ცხოვრება 20 წლის ასაკიდან მოყოლებული დომინირებული იყო სადომაზოხისტური პერვერტული ფანტაზმებითა და კომპულსიური მასტურბაციით, ასევე მამაკაცი პარტნიორების განუწყვეტელი ცვლით. ხანგრძლივი ანალიზის დაწყებამდე იგი რამდენჯერმე იყო ჰოსპიტალიზებული ფსიქოზური დეკომპენსაციების გამო.


რამდენიმე წლის განმავლობაში პაციენტს არასოდეს უსაუბრია ანალიტიკოსთან არც თავისი პერვერტული ფანტაზმების და არც მასტურბატორული აქტივობის შესახებ. ეს ელემენტები ანალიტიკოსმა კონტრტრანსფერის საშუალებით აღმოაჩინა. ანალიტიკოსმა შეამჩნია, რომ პაციენტი მას ხშირად უყვებოდა ყოველდღიური ცხოვრების სცენებს ისეთი ფორმით, რომლითაც ის მოცული ხდებოდა იმ დონემდე, რომ თავად ანალიტიკოსსაც უჩნდებოდა სურვილი ამ სცენებში მიეღო მონაწილეობა. 


ანალიტიკოსი თავის ამ ძლიერ ცნობისმოყვარეობას ხედავს როგორც პაციენტის სურვილის შედეგს და ამ ინტერპრეტაციას პაციენტის წინაშე აკეთებს. ამ ინტერპრეტაციამ პაციენტი დაუბრუნა საკუთარ ცნობისმოყვარეობას ანალიტიკოსის მიმართ, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდებოდა შაბათ-კვირის განშორებების დროს.

სწორედ ამ ეტაპზე პაციენტმა სირცხვილით აღიარა, რომ დიდ დროს ატარებდა მასტურბაციაში, თავს კი გრძნობდა მშობლების წყვილისგან გამორიცხულად — მშობლების, რომლებიც მისთვის ანალიტიკოსის ფიგურაში იყვნენ წარმოდგენილნი. ამავე დროს, პირველად უამბო მას სარკის ფანტაზმის შესახებ.


ამ ფანტაზმში პაციენტი ხედავდა სარკეს, რომლშიც ვითარდებოდა ძალადობრივი, სადისტური და დამამცირებელი სექსუალური სცენები. მონაწილეები იყვნენ ინცესტური ჰომო და ჰეტეროსექსუალური წყვილები, რომელთა სექსუალური აქტები საათობით გრძელდებოდა. პაციენტი წარმოიდგენდა, რომ მონაცვლეობით თავად იყო ხან ერთი, ხან მეორე პარტნიორი ამ სასტიკ სცენებში. ამავე დროს, იგი წარმოიდგენდა მაყურებლებს, რომლებიც სცენას უყურებდნენ და საკუთარ სექსუალურ აღგზნებას ებრძოდნენ, რადგან თუ მას დანებდებოდნენ, მაშინ სარკეში ჩავარდებოდნენ.


ანალიტიკოსის მიერ ცნობისმოყვარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულმა ინტერპრეტაციამ შესაძლებელი გახადა ანალიტიკური სიტუაციის ამოძრავება და გარდაქმნა: ნაცვლად იმისა, რომ ეს დინამიკა ტრანსფერში არაცნობიერად განხორციელებულიყო და ჩიხში შესვლის რისკი წარმოქმნილიყო, იგი სიტყვიერად იქნა გამოხატული. 


ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, სეგალი (1995) აღნიშნავს, რომ ამ პაციენტთან არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ანალიტიკოსმა შეძლო პაციენტის პერვერტული ვუაიერიზმის გარდაქმნა ნორმალურ ბავშვურ ცნობისმოყვარეობად. ეს ცვლილება შესაძლებელი გახდა იმ მომენტიდან, როდესაც ანალიტიკოსმა თავად მოახერხა საკუთარი კონტრტრანსფერული ვუაიერიზმის გარდაქმნა — პაციენტის მიმართ დაშვებულ და ლეგიტიმურ ცნობისმოყვარეობად. ამ პროცესის შედეგად პაციენტში დაიწყო ანალიტიკოსთან იდენტიფიკაცია, რომელმაც შექმნა ფსიქიკური ბისექსუალობის საფუძველი და გახსნა გზა უფრო ინტეგრირებული ქალური ფსიქოსექსუალობისკენ.


ანალიზი: 

შეიძლება ითქვას, რომ აღწერილ შემთხვევაში მთავარი კლინიკური აქცენტი პერვერსიაზე არ არის, არამედ პერვესიული ფანტაზმის ეკონომიურ ფუნქციაზე პაციენტის ფსიქიკურ რეალობაში. ჩვენ ვხედავთ პაციენტს, რომელსაც ჰქონია ფსიქოზური ეპიზოდები. ანალიზის პროცესში, სარკის ფანტაზმის ორმაგი ფუნქცია ჩანს: ერთი მხრივ, იგი ხელის შემშლელია თავისი პერვერსიულობიდან გამომდინარე; თუმცა მეორე მხრივ, იცავს მას უფრო ღრმა რეგრესიისა და ფსიქოზური ტიპის დეკომპენსაციისგან — რომელიც ანალიზის დაწყებამდე არაერთხელ ჰქონია პაციენტს.


ვხედავთ, რომ პერვერსიული ფანტაზმი სტრუქტურირებული და განმეორებადია, ახდენს ლოტლვის ფიქსაციას და რეალობას და ფიქციას შორის ინარჩუნებს ზღვარს. შეიძლება ითქვას პერვერსიული ფანტაზმი კომპრომისული წარმონაქმნია - არც ნევროზი, არც ფსიქოზი, არამედ მათ შორის გამავალი დამცავი კონსტრუქტი ფსიქოზური კოლაფსის წინააღმდეგ. 


მკაფიო მსგავსებას ვხედავთ სარკის ფანტაზმსა და ნაცემი ბავშვის ფანტაზმს შორის. სარკე წარმოდგენილია, როგორც ეკრანი ფანტაზმისთვის, სადაც სუბიექტი მონაცვლეობით ხან მაზოხისტურ, ხანაც სადისტურ პოზიციაშია და ამავდროულად ვუაერისტულ პოზიციაშიც, რომელშიც ანალიტიკოსიც ხვდება. მზერა კი - როგორც ლტოლვა, რომელიც აქტში გადადის და ცირკულირებს ტრანსფერში. პერვერსიაში მნიშვნელოვანი როლი აქვს დემონსტრაციულ ხასიათს. პაციენტი ამ დემონსტრაციას ტრანსფერში ახორციელებს, თანაც ისე რომ სულაც არ ჰყვება თავისი პერვერტული სექსუალური ფანტაზმების შესახებ. 


როგორც ნაცემი ბავშვის ფანტაზმში, აქაც ვხედავთ რომ ფანტაზმი უბრალო სცენა არ არის, არამედ კომპლექსური დაცვითი კონტრუქტი, რომელიც მოიცავს დასჯის მოთხოვნილებას, ინცესტუალურ სურვილს და ტკბობას. 


სინტერეოსა, რომ სუბიექტი სამ სხვადასხვა პოზიციას იკავებს. ამავდროულად, ფანტაზმი მოიცავს მაყურებელს, რომელიც უყურებს სცენას, თუმცა თავს იცავს ზედმეტი აღგზნებისგან, რომ არ ჩავარდეს სარკეში, არ გახდნეს პერვერსიული სცენის აქტორი. ეს კონტრადიქცია შემთხვევითი არ უნდა იყოს, არამედ სტრუქტურული. ფანტაზმი ერთდროულად იცავს ზედმეტი აღგზნებისგან და ფსიქოტური ჩამოშლისგან; მეორე მხრივ - ტკბობის დაკარგვისგან - დეპრესიისა და სიცარიელისგან. მივდივართ მე-ს გახლეჩამდე (Ichspaltung - clivage du moi), რაც ასეთი სახასიათო მექანიზმია პერვერსიისთვის. სუბიექტი არის ფანტაზმში ისე რომ არ ჩავარდეს შიგნით, ტკბება ისე რომ არ გაქრეს და მაყურებელია ისე, რომ არ გაგიჟდეს. 


საბოლოოდ, სწორედ ვუაიერიზმის ტრანსფერში გადატანა ხდება ის წყარო, რომელსაც ანალიტიკოსი იარაღად გამოიყენებს და ანალიზის გეზს შეცვლის. პერვერსიული მზერის ლტოლვა (pulsion scopique) ნორმალურ ინფანტილურ ცნობისმოყვარეობად იქცევა - ამბობს ავტორი. იგულისხმება მეტის გაგება, მეტის შეცნობა - ცოდნის ლტოლვა (pulsion de savoir). ვუაიერიზმი შეწყვეტს ტრანსფერში ქმედებას და სიტყვის ობიექტი ხდება. 


მაზოხზმის ეკონომია კლინიკაში: 

კლინიკურ პრაქტიკაში ვხედავთ როგორი მრავაფეროვნებით ვლინდება მაზოხიზმი პაციენტის პირად, სექსუალურ, პროფესიულ ცხოვრებაში თუ უშუალოდ ანალიზის პროცესში. და ეს რა თქმა უნდა არ ეხება მხოლოდ პერვერსიულ სტრუქტურას. მაზოხიზმი ფონად გასდევს, როგორც ნევროზს, ასევე პერვერსიას. 


ფროიდი აღწერს ნეგატიურ თერაპიულ რეაქციას, როდესაც პაციენტი რეზისტენტულია ცვლილებების, გამოჯანმრთელების მიმართ. შესამჩნევია როგორ ტრიალებს ის ერთსა და იმავე წრეში, ხანდახან თითქოს გამოსავალიც ხელის გულზეა, მაგრამ პაციენტი უარს ამბობს ცვლილებაზე. ამ დროს ჩნდება კითხვა რა როლს ასრულებს ტანჯვა მის ფსიქიკურ ეკონომიაში? რა მოხდება თუ კი ამ ტანჯვას დაასრულებს? ფსიქოსომატურ პაციენტებთან მომუშავე ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ სიფთხილეზე. არც თუ ისე იშვიათია ფსიქიკური ტანჯვის სომატური დაავადებით ჩანაცვლება. ობსესიურ ნევროზში ხშირად სუბიექტი აბალანსებს : თუ კი მაგალითად პროფესიულ სფეროში თავს უფლებას მისცემს წარმატებას მიაღწიოს, მაშინ რაღაც უნდა გააფუჭოს პირად ცხოვრებაში და ამგვარად შეინარჩუნოს ტანჯვა. ზოგიერთ შემთხვევაში წარმატება მოდის სიცარიელის ადგილას, იმ პირველადი დანაკლისის (carence) ადგილას, რომლის სიმბოლიზირებაც არ მოხდა: მიტოვებული, გადაგდებული , უარყოფილი სუბიექტი, რომლისთვისაც წარმატება დანაშაულის გრძნობის მობილიზებას ახდენს. ან კიდევ პრიქით, ნაადრევად მომწიფებული, სუბიექტი რომელიც თავისი მშობლების სიმყიფეს, სისუსტეს მალავს, უარყოფს. 


სუბიექტის მაზოხისტური ნაწილის გაანალიზებას თითქმის ყოველთვის ეფექტი აქვს ანალიზის პროცესში. ეს ის ნაწილია, რომელიც სუბიექტის დისკურსს შემოატრიალებს. სუბიექტი რომელიც უძლურად გრძნობს თავს თავისი სიმპტომების წინაშე, სხვა რაკურსით დაინახავს თავის ტანჯვას და აღმოაჩენს ტკბობის წილს ამ უკანასკნელში, რაც ცვლის მის პოზიციას და მოთხოვნას ანალიზის მიმართ. 


დასკვნა

ფროიდისთვის პერვერსია არ შემოიფარგლება სექსუალური ცხოვრების თავისებურებით, რასაც შემდეგ შრომებში გაანავრცობს, განსაკუთრებით მოკლე სტატიაში ფეტიშიზმის (Freud, 1927) შესახებ, სადაც ის პერვერსიის ლოგიკას აღწერს. ფროიდი ნაცემი ბავშვით განდევნის როლს გვიჩვენებს პერვერსიაში. პერვერსიის საფუძველში ის “პირველად განდევნას პოულობს”. მოგვიანებით კი ფროიდი პერვერსიის სტურქტურისკენ მიგვანიშნებს, რომელიც უპირისპირდება მის პირველ ევოლუციონისტურ თეორიას. პერვერსია როგორც სუბიექტური პოზიცია ისე გვევლინება. სუბიექტი დგება დედის კასტრაციის წინაშე და გააჩნია რა არაცნობიერ არჩევანს აკეთებს ამ რეალობას შეჯახებული. პერვერტი იქნება ის, ვინც უარს იტყვის კასტრაციაზე და ამ უარით ის თავს დაიმკვიდრებს, როგორც ცალკე კლინიკური ერთეული. ფროიდი აღწერს უარყოფას და მე-ს გახლეჩას, როგორც პერვერსიის კასტრაციისგან თავდიცვის მექანიზმებს. ეს არის ის დაცვითი მექანიზმები, რომლებიც ფსიქოზშიც და პერვერსიაშიც შეგვხდება სხვადასხვა ფორმით. პერვერსიაში გვევლინება, ისე, რომ სუბიექტი რეალობასთან კავშირს ინარჩუნებს, მეტიც ალბათ პერვერტი მეტად ადაპტირებულია რეალობასთან ვიდრე ნებისმიერი სხვა.  


რა მიმართებას ვაწყდებით ე.ი. განდევნას, უარყოფას და მე-ს გახლეჩას შორის? პერვერტთან განდევნა ეხება ზოგიერთ შინაარსს, რომ დარჩეს დისტანცირებული. თუმცა არ ეხება კასტრაციას. კასტრაცია არის უარყოფილი და ეს არის პერვერსიის ცენტრალური ნაწილი (ფალოსთან დამოკდიებულება, კანონთან დამოკიდებულება). მე-ს გახლეჩა არის ის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს ხდის პერვერტის რეალობასთან კავშირს, თანაც ისე რომ ოიდიპალურ კონფლიქტში არ ამოყოს თავი.


შეჯამებისთვის შეგვიძლია გამოვყოთ 4 კრიტერიეუმი, რომელიც გამოარჩევდა პერვერსიას ნევროზსა და ფსიქოზისგან:

- უარყოფა;

- მე-ს გახლეჩა;

- ობიექტის არჩევანი (ან ფალიკური დედის სუბსტიტუცია, ან სუბიექტის ნარცისული დუბლი. პერვერტისთვის არჩევანი არ დგას ქალსა თუ კაცზე , არამედ კასტრირებულსა არაკასტირებულზე.); 

- აქტი, რეალიზებული ფანტაზმი - თუ კი ნევროზში ფანტაზმი ცირკულირებს, გადაადგილდება, ცვლილებას განიცდის, პერვერსიაში ფანტაზმი ფიქსირებულია, რიგიდულია - ყოველთვის ერთი და იგივე სცენარი, ერთი და იგივე ობიექტი და ერთ და იგივე აქტი - განხორციელება. 


პერვერსიაში ფანტაზმის mise en acte - ხდება - დადგმა, გათამაშება. ფანტაზმში ყოველთვის არის ტკბობის ელემენტი. პერვერტი კი სწორედ ამ ელემენტს მოძებნის და გამოიყენებს. პერვერტი გადალახავს, ფანტაზმის წარმოსახვით სფეროს და სხეულის ტკბობას მოახმარს რეალიზებულ ფანტაზმს. 


უნდა აღინიშნოს, რომ პერვერტულ ფანტაზმს სხვა სტრუქტურებშიც ვაწყდებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პერვერტული ფანტაზმის ან შტრიხის მქონე სუბიექტი აუცილებლად პერვერტია. ეს პერვერტული შტრიხი ეხება სუბიექტის დამოკიდებულებას ტკბობასთან და სიმპტომთან. ფროიდი ახსენებს “პერვერსიის პიერველად შტრიხს” -trait primaire de perversion”, რაშიც მოიაზრებს ინფანტილურ ფანტაზმზე ფიქსაციას. 



ბიბლიოგრაფია:

Freud, S. (1905). Trois essais sur la théorie sexuelle. Paris : PUF.

Freud, S. (1919). Un enfant est battu. Paris : PUF.

Freud, S. (1927). Le fétichisme. Paris : PUF.

Freud, S. (1938). Le clivage du moi dans le processus de défense. Paris : PUF.

Riesenberg Malcom R. (1988), « The mirror : A perverse sexual phantasy in a woman seen as a defence against a psychotic breakdown »,” in Quinodoz, J.-M. (2004). Lire Freud. Paris : PUF.

 
 
 

Comments


bottom of page