(La) femme
- ნატალია გოგოლაძე

- 12 minutes ago
- 4 min read
ფსიქოანალიზში ქალი და ქალური ტკბობის საკითხი, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. თუ ფროიდი ქალურ სექსუალობას ბნელ კონტინენტად შერაცხავს, ლაკანი ქალური ტკბობის საკითხის განხილვას გვთავაზობს. ქალური სექსუალობის მსგავსად, ქალური ტკბობის საკითხიც არანაკლები ბუნდოვანებით გამოირჩევა. ლაკანი ქალისა და ქალური ტკბობის საკითხს ძალიან საინტერესო კუთხით წარმოაჩენს და ამბობს, რომ სიტყვა „ქალი“, დიდი ასოთი არ იწერება. „La femme n’existe pas“ - იტყვის ის სემინარში Encore[1]. ლაკანის ამ თეზისში, ცენტრალურ ადგილს არტიკლი „La“ იკავებს, რომელიც ფრანგულ ენაში, რაღაცის უნივერსალურობაზე მიუთითებს. შესაბამისად, სიტყვა „ქალი“, დაწერილი დიდი ასოთი, ანუ „La femme“, არის ქალის უნივერსალური კატეგორია და არა ქალი, როგორც ერთ-ერთი სხვა ქალებს შორის. მარტივია, ამ ფრაზის ერთი შეხედვით ზედაპირულობამ, შეცდომაში შეგვიყვანოს და გვაფიქრებინოს, თითქოს ქალი, როგორც ბიოლოგიური სქესი, რეალურად არ არსებობდეს. ფრაზაში - „ქალი არ არსებობს“, ლაკანი გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ქალი სიმბოლურ რეგისტრში არ იწერება, როგორც რაღაც უნივერსალური, წინასწარ განსაზღვრული, მაშინ, როდესაც კაცის პოზიცია სიმბოლურ რეგისტრში ჩაწერილი და განსაზღვრულია, ანუ არსებობს კატეგორია - ყველა კაცი. კაცი არის ის, ვისი ტკბობაც აღმნიშვნელს ემორჩილება, ქალური ტკბობის იმ ნაწილისაგან განსხვავებით, რომელი ტკბობაც არ არის მოხელთებული ერთი უნივერსალური აღმნიშვნელით და ის რაღაც მეტის, ზედმეტობის ხასიათს ატარებს, რომელსაც ლაკანი შემდგომ „სხვა ტკბობას“[2] დაარქმევს. ეს არის ტოტალური ტკბობა, რომელიც არ იწერება სიმბოლურში, მის მიღმაა და შესაბამისად მოუხელთებელ, მისტიურ ხასიათს ატარებს. რა თქმა უნდა, ქალთანაც გვაქვს ტკბობა, რომელიც ფალიკურ წესრიგს ემორჩილება, მაგრამ ასევე გვაქვს ტკბობის ის ნაწილიც, რომელიც მის მიღმა ფუნქციონირებს. ლაკანი ამაზე სემინარ Encore-ში მიგვითითებს: „Il n’y a pas La femme, article define pour designer l’universel“[3]. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, თითოეული ქალი, იძულებულია თავად მოახდინოს იმის კონსტრუირება, თუ რას ნიშნავს იყო ქალი, რადგან არ არსებობს რაღაც ცოდნა, რაც მემკვიდრეობით გადაეცემოდა თითოეულ ქალს და უპასუხებდა ამ საკითხს. მაგალითად, დედას არ ძალუძს გადასცეს ქალიშვილს ერთგვარი მემკვიდრეული კოდი ქალურობისა, რომელიც ჩაიწერება მის არაცნობიერში და შემდეგ თაობებს გადაეცემა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ მემკვიდრეულ კოდში იგულისხმება უშუალოდ ქალურობის საკითხი და არა მაგალითად, დედად გახდომისა, რომელი ცოდნის გადაცემაც ნამდვილად ხდება თაობიდან თაობამდე. ამ ადგილას არაცნობიერში ნაკლია, უნივერსალური აღმიშვნელის ნაკლი, რომელსაც კაპიტალისტური დისკურსი ძალიან მოხერხებულად დაეპატრონა და ქალებისათვის განკუთვნილი უამრავი პროდუქტი, კატეგორია - ყველა ქალი-ს ქვეშ მოაქცია. მაგალითად, „ყველა ქალი ოცნებობს მბზინვარე თმაზე“, მბზინვარე თმა ხდება იდეალიზირებული ფემინურობის სიმბოლო, ანუ ის, რაც შეავსებს იმ უნივერსალური აღმნიშვნელის არყოფნის ადგილს, რომელზეც მანამდე ვისაუბრეთ. კაპიტალისტური დისკურსი თავად ამ ნაკლის არსებობაზე პარაზიტირებს და უამრავ ილუზორულ ვერსიას გვთავაზობს ამის პასუხად. ახლა რაც შეეხება ქალურ ტკბობას, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ტკბობა, რომელსაც ლაკანი „სხვა ტკბობას“ უწოდებს, დაკავშირებულია სხეულთან, მაგრამ არ არის ლოკალიზებული, უფრო კომპლექსური, დიფუზური ხასიათისაა და დაკავშირებულია რეალურის რეგისტრთან, რომელიც ყველანაირ სიმბოლიზაციას უსხლტება ხელიდან. ვფიქრობ, შეგვიძლია შევეცადოთ და გავყვეთ ქალური ტკბობის კომპლექსურ საკითხს, რომლის განხილვაც ძალიან რთულია და ამისათვის შემოვლითი გზით წასვლა მოგვიწევს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალური ტკბობა ფალიკური წესრიგის მიღმაა და არ არის არტიკულირებადი. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქმე ეხება ქალურ ტკბობას დაარა ქალის ტკბობას. „ქალური“ მოიაზრებს ტკბობის კონკრეტულ ფორმას, რომელიც ფალიკურის მიღმაა და შეიძლება გვხვდებოდეს ორივე სქესთან, როგორც ქალთან, ასევე კაცთან. ქალის ტკბობაკი უშუალოდ კონკრეტული ქალის, როგორც სუბიექტის, კონკრეტულ ტკბობას ეხება. ვფიქრობ,საინტერესო იქნება თუ ამ საკითხს ფსიქოპათოლოგიის ჭრილში, კონკრეტულად კი დანიელ პოლშრებერის თვალით შევხედავთ. დანიელ პოლ შრებერი (1842-1911) - წარმოშობით გერმანელი, დიდად პატივსაცემი პიროვნება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ფსიქოანალიზისა და ფსიქიატრიის ისტორიაში პოლ შრებერი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან თავისი ავადმყოფობის პერიოდში ის წერს ნაშრომს, სახელად „ნევროპათის მოგონებები“, რომელსაც შემდგომ უკვე ფროიდი გაანალიზებს 1911 წლის ცნობილ ნაშრომში - „ფსიქოანალიტიკური ჩანაწერები პარანოიის შემთხვევის ავტობიოგრაფიული აღწერის შესახებ“[4]. თავის ნაშრომში „ნევროპათის მოგონებები“ [5] შრებერი წერს : “Eines morgens beim Erwachen ging mir,wie ein Blitzstrahl, der Gedanke durch den Kopf: wie schön wäre es doch, eine Frau zu sein und dem Geschlechtsgenus sich hinzugeben. Der Gedanke war sofort wieder verschwunden; ich kann nur sagen, das er mir ein eigentumliches gefuhl hinterließ”[6]. დროთა განმავლობაში შრებერი რწმუნდება, რომ ღმერთი მას ქალად გადააქცევს, გაანაყოფიერებს, ამ ღვთიური კავშირისგან გაჩნდება ახალი კაცობრიობა და ამ გზით ის სამყაროს გადაარჩენს. იმისათვის, რომ ღმერთი მიუახლოვდეს, საჭიროა იყოს ქალი. სხივები, რომლებიც ღმერთისგან მოდის, მხოლოდ ქალის სხეულს შეიძლება რომ შეუერთდნენ. მისი სხეულიც უკვე მზად არის ქალის ორგანოების წარმოსაქმნელად. აღსანიშნია, რომ შრებერი თავის მემუარებში არ საუბრობს სექსუალურ ტკბობაზე,მისი ენა არ არის მსგავსი შინაარსებით გაჟღენთილი, არამედ რაღაც მისტიურით, რელიგიურით. მისთვის ქალური ტკბობა ღმერთთან შეერთების მისტიური განცდაა და არა სხეულში ლოკალიზებული სიამოვნება, თუმცა ერთ-ერთ მონაკვეთში ის აღწერს ამ ტკბობის სხეულებრივ გამოხატულებასაც, როდესაც მისი მთლიანი ნერვული სისტემა ქალურმა ვნებამ მოიცვა: „Es überkam mich eine Art weiblicher Wollust in meinem ganzen Nervensystem”[7](რაღაც ქალურმა ვნებამ მოიცვა ჩემი მთლიანი ნერვული სისტემა). ესე იგი, მისთვის ქალური ტკბობა ლოკალიზებულია არა გენიტალიებში, არამედ ნერვულ დაბოლოებებში. რადგან ტკბობა არ არის ლოკალიზებული სხეულის კონკრეტულ ნაწილში, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას გარედან შემოსული სხივების, მის ნერვულ დაბოლოებებთან შეკავშირებად, რაც ამ ტკბობის არაფალიკურ ხასიათზე მიგვითითებს და ზოგადად ქალური ტკბობის სტრუქტურულ პრინციპს წარმოგვიჩენს. სწორედ ამას გულისხმობს ლაკანი, როდესაც ამბობს, რომ ქალი არ არის სრული - „La femme n’est pas-toute dans la function phallique.“[8] ესე იგი, ფალიკური ტკბობა, ფალიკური ფუნქცია არ მოიცავს მთლიანად (pas toute) ქალურობასა და ქალურ ტკბობას, ის უფრო მეტია, ლახავს ფალიკური ტკბობისა და ფალოსით, როგორც სიმბოლური ოპერატორით ორგანიზებულ რეალობას. ტერმინი „Pas toute” ლაკანისათვის ნიშნავს არა იმას, რაც არ არის მთლიანი, არამედ იმას, რომ ქალურ ტკბობას შეუძლია გადალახოს საზღვრები და აღმოჩნდეს ფალიკური წესრიგით ორგანიზებული ტკბობის მიღმა. შესაბამისად, ფემინურ პოზიციაში საქმე გვაქვს არა დანაკლისთან, არამედ მეტ ტკბობასთან, რაღაცასთან, რაც სცდება სიმბოლურის ზღვარს, ანუ შეუძლებლობასთან მისი სიტყვაში მოხელთებისა. დანიელ პოლ შრებერი ტკბობის სწორედ ამმდგომარეობას განიცდის და აღწერს თავის მემუარებში, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მასთან ეს სტრუქტურა არა ქალური, არამედ ფსიქოტურია.
[1] Jacques Lacan, Livre XX: Encore (Paris: Éditions du Seuil, 1975) p.72
[2] Jacques Lacan, Livre XX: Encore (Paris: Éditions du Seuil, 1975) p.69
[3] Jacques Lacan, Livre XX: Encore (Paris: Éditions du Seuil, 1975) p.75
[4]Freud Sigmund, Psychoanalytische Bemerkungen über einen autobiographisch beschriebenen Fall von Paranoia (Dementia paranoides) (1911)
[5] Daniel Paul Schreber, Denkwürdigkeiten eines Nervenkranken (1903) p.57
[6] ერთ დილას, რომ გავიღვიძე, მეხის დარტყმის მსგავსად, ერთი აზრი მომივიდა: რა საოცრად კარგი იქნებოდა, ქალად ყოფნა და სექსუალური აქტით ტკბობა. ეს აზრი მაშინვე გაქრა; მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მან უცნაური შთაბეჭდილება დამიტოვა.
[7] Daniel Paul Schreber, Denkwürdigkeiten eines Nervenkranken (1903) p.101
[8] Jacques Lacan, Livre XX: Encore (Paris: Éditions du Seuil, 1975) p.75





Comments