რატომ ხდება ვირტუალური სამყარო მოზარდისთვის რეალობაზე მნიშვნელოვანი?
ვიდეო თამაშები თანამედროვე ციფრული კულტურის ნაწილია, თუმცა ხანგრძლივმა და ინტენსიურმა თამაშმა შესაძლოა მენტალურ ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ICD-11-ში გეიმინგის აშლილობა დამოკიდებულებით ქცევასთან დაკავშირებულ აშლილობადაა კლასიფიცირებული, ხოლო DSM-5-ში ინტერნეტ გეიმინგის აშლილობა შემდგომი შესწავლის საჭიროების მქონე მდგომარეობად განიხილება, რომელიც ხასიათდება თამაშზე კონტროლის დაკარგვით, ტოლერანტობითა და აღკვეთის სიმპტომებით.
ინტერნეტ თამაშებით გადამეტებული გატაცება განსაკუთრებით მოზარდებთან შეიმჩნევა, ისინი თავიანთი დასვენების უმეტეს დროს და არა მარტო, თამაშში ატარებენ, რაც ვირტუალური აუტიზმის საფრთხეს აჩენს, აღნიშნული აფერხებს მათ კოორდინაციას რეალურ ცხოვრებაში (Zamfir, 2018). ინტერნეტ გეიმინგის აშლილობას თან ახლავს სირთულეები, რომლებიც ინდივიდს ხელს უშლის სრულფასოვან ცხოვრებაში: ძილის ცუდი ხარისხი, ინტერპერსონალური პრობლემები, დაბალი აკადემიური მიღწევები, დაბალი ცხოვრების ხარისხი, ემოციური სირთულეები (Chew, 2022). თუმცა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გეიმინგის თანმხლები სირთულეების განხილვა, არამედ იმის გაგებაც, თუ რა ხდის ვირტუალურ სამყაროს მოზარდისთვის განსაკუთრებით მიმზიდველს და რა ფუნქციას ასრულებს ის მის ფსიქიკურ ცხოვრებაში.
ვიდეო თამაშების განვითარება
პირველი კომერციული ვიდეო თამაშების ისტორია დაახლოებით 60 -იანი წლებიდან დაიწყო. Spacewar! (1962) არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში, რომელზეც დაფუძნდა მრავალი კომერციული არკადული ვიდეო თამაში (Monnens and Goldberg, 2015). კომპიუტერულმა თამაშებმა მალევე, 1982 წლიდან მიიქცია მეცნიერების ყურადღება და მას ამერიკელმა ფიზიკოსმა ნელსონმა „კომპიუტერული კატატონია“ უწოდა. ის თამაშების ავტორებს დევიანტებად მოიხსენიებს, რომლებმაც ნაცვლად წარმატებული ბიზნესის წამოწყებისა „მთელი მათი შემოქმედებითი ლტოლვა მიმართეს ამ მონომანიურ განყოფილებაში“ (Nilles, 1982, p. 181).
ვიდეო თამაშები ეტაპობრივად განვითარდა, დაიხვეწა გრაფიკა, სიუჟეტი, ზოგიერთი მათგანი ისტორიულ ფაქტებსა და გეოგრაფიულ ლოკაციებს ეფუძნება. ვიდეოთამაშების ჟანრების მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს განსხვავებული ინტერესებისა და გემოვნების მქონე მოთამაშეებს, იპოვონ მათთვის სასურველი ვირტუალური სამყარო. იქნება ეს სათავგადასავლო, მოქმედებითი, სტრატეგიული თუ სიმულაციური თამაში, მოთამაშეს შეუძლია იბრძოლოს, გამოიკვლიოს უცნობი სივრცეები, შექმნას საკუთარი სამყარო, ააშენოს სახლი ან ქალაქი, მოირგოს სასურველი პერსონაჟი და თავად განსაზღვროს ავატარის გარეგნობა თუ შესაძლებლობები. ამგვარად, ვიდეოთამაშები არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის განხორციელებისა და ისეთი სამყაროს შექმნის შესაძლებლობასაც იძლევა, რომელშიც მოთამაშეს შეუძლია საკუთარი სურვილებისა და წარმოსახვის მიხედვით იმოქმედოს.
ვიდეო თამაშების მრავალფეროვნება მოთამაშეს საშუალებას აძლევს, საკუთარი ფანტაზიის შესაბამისი სამყარო იპოვოს. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა ფსიქიკურ ფუნქციას ასრულებს ეს სამყარო კონკრეტული მოზარდის ცხოვრებაში და რატომ ხდება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
ვიდეო თამაშები ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან
ვიდეო თამაშები ფანტაზიის განხორციელების ფართო სივრცეს ქმნის, რომელშიც შესაძლებელია ის, რაც რეალურ ცხოვრებაში შეუძლებელი ან აკრძალულია. მოთამაშეს შეუძლია მოკვდეს და კვლავ გაცოცხლდეს, იყოს ბუნების კანონზომიერების მიღმა, მოკლას მოწინააღმდეგე დასჯის შიშის გარეშე, იფრინოს, ააშენოს სასახლე ან სრულიად ახალი სამყარო შექმნას. ზოგიერთ თამაშს აქვს ღმერთის რეჟიმი (God mode), რომელშიც მოთამაშე უკვდავი და უძლეველია. ამგვარად, ვირტუალური სივრცე ხშირად რეალობის შეზღუდვებისგან გათავისუფლების შესაძლებლობას იძლევა და მოთამაშეს ისეთი ძალაუფლების განცდას სთავაზობს, რომლის მიღწევაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუძლებელია.
ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან ვიდეო თამაშებში შეუზღუდავი შესაძლებლობების განცდა, შეიძლება დავუკავშიროთ ინფანტილური ყოვლისშემძლეობის ფანტაზმს. იგი ადრეული ფსიქიკური განვითარების იმ მდგომარეობას უკავშირდება, როდესაც საკუთარი სურვილისა და გარე რეალობის საზღვრები ჯერ სრულად გამიჯნული არ არის. განვითარების პროცესში ბავშვი თანდათან ეჯახება იმ ფაქტს, რომ სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ საკუთარ ნებაზე არ არის დამოკიდებული და გარე სამყაროსაც აქვს საკუთარი კანონზომიერებები. აღნიშნული გამოცდილების გავლით იგი სწავლობს ლოდინს, იმედგაცრუების ატანას და გააზრებას, რომ ყოველთვის ვერ მიიღებს იმას, რაც სურს (Winnicott, D. W. 1971). ამ თვალსაზრისით, ვიდეოთამაშში ყოვლისშემძლეობის განცდის ძიება შეიძლება განვიხილოთ, როგორც რეალობასთან დაკავშირებული უმწეობისა და იმედგაცრუებისგან თავდაცვის ერთ-ერთი შესაძლო ფორმა. ვირტუალურ სამყაროში მოთამაშეს შეუძლია კვლავ მოირგოს ის პოზიცია, რომელშიც თავად განსაზღვრავს მოვლენების განვითარებას და საკუთარი სურვილების განხორციელებას. ვირტუალურ სივრცესთან ამგვარი ურთიერთობის გასააზრებლად საინტერესოა 13 წლის მოზარდის ნახატი, სახელწოდებით „ხედი ჩემი ოთახის ფანჯრიდან“.

ნახატზე ფანჯარას სქელი წითელი ფარდა ფარავს. ის ზღუდავს როგორც გარეთ არსებული სივრცის დანახვის, ისე დღის მონაკვეთის აღქმის შესაძლებლობას. მოზარდს უჭირს გაიხსენოს, რა ჩანს ფანჯრიდან, ამასთანავე, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და ფარდის გადაწევას არც კი განიხილავს. ნახატის ეს ელემენტები შესაძლოა სიმბოლურად წავიკითხოთ, როგორც გარე რეალობასთან კავშირის შეზღუდვისა და მის მიმართ გარკვეული პასიურობის გამოხატულება. ფარდა თითქოს ყოფს მოზარდის შინაგან სივრცეს გარე სამყაროსგან, ხოლო ფანჯრის მიღმა არსებული რეალობა მისთვის მიუწვდომელი რჩება. ამ ინტერპრეტაციით, ნახატი ბადებს კითხვას, რამდენად იქცევა ვირტუალური სამყარო მოზარდისთვის ისეთ სივრცედ, რომელშიც დარჩენა უფრო მარტივია, ვიდრე გარე რეალობასთან შეხვედრა და მასთან დაკავშირებული გამოცდილებების მიღება.
თამაშის დროს, გარე რეალობასთან დისტანცირებასთან ერთად, დროის შეგრძნების დაქვეითებაც დაიკვირვება. ფროიდის მიხედვით, არაცნობიერი დროით თანმიმდევრობას არ ემორჩილება (Freud, 1915/1957), რაც გვიბიძგებს, დავფიქრდეთ, როგორ იცვლება თამაშისას დროის ჩვეულებრივ შემზღუდავი ფუნქცია. მართალია, დროის შეგრძნების დაკარგვა თავისთავად არ ადასტურებს არაცნობიერი პროცესების გააქტიურებას, თუმცა გვიბიძგებს, დავფიქრდეთ ამაზე მით უფრო, რომ არაცნობიერი ლტოლვების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თამაშში აგრესიის გამოხატვის გასაანალიზებლად. მოზარდებთან მუშაობისას ზოგჯერ ვისმენთ, ისინი თამაშში შედიან არა მხოლოდ სათამაშოდ, არამედ სხვა მოთამაშის შეურაცხყოფის ან დამცირების მიზნითაც. ვირტუალურ სივრცეში აგრესია შეიძლება გამოიხატოს კიბერბულინგით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, დამამცირებელი ჟესტებით ან უკვე დამარცხებული ავატარის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებებით. ასეთ ვითარებაში თამაშის გარემო შეიძლება აგრესიის გამოხატვისა და გარკვეული სახის დაკმაყოფილების მიღების შესაძლებლობად იქცეს.
საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთი თამაშის დავალება ერთსა და იმავე მოქმედების მრავალჯერ გამეორებას მოითხოვს. მოთამაშეს შეიძლება დაევალოს კონკრეტული მოქმედების 15-ჯერ, შემდეგ 25-ჯერ, 50-ჯერ და ბოლოს 70-ჯერ შესრულება. ერთ-ერთი მოზარდი ამ გამოცდილებას ასე აღწერს: „15-ჯერ რომ კლავ სხვის ავატარს, გეკვიატება რა და მერე სულ გინდება, თან გეუბნება, რომ დავალება შეასრულე და ეგეც მოგწონს, თან ეჩვევი მოკვლას და კარგად რომ გამოგდის, ეგეც მოგწონს“. მოზარდის მონათხრობში ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ მოქმედების განმეორება, არამედ ისიც, რომ დავალების შესრულება თანდათან სასიამოვნო და სასურველ გამოცდილებად იქცევა. აქ მოქმედების გამეორებას ემატება მიღწევის განცდა, თამაშის მიერ გაცემული ჯილდო და საკუთარი უნარის გაუმჯობესებით მიღებული კმაყოფილება. ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით, ეს პროცესი შეიძლება განვიხილოთ როგორც განმეორებისა და ტკბობის ურთიერთკავშირის ერთ ერთი შესაძლო გამოვლინება. ამგვარად, თამაშის გარკვეული ელემენტები შესაძლოა აკვიატების მსგავს ხასიათს იძენდეს, როდესაც მოქმედების განმეორების სურვილი თავად პროცესისგან მიღებულ დაკმაყოფილებას უკავშირდება.
ხშირად მოთამაშეები ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისგანაც კი თავს იკავებენ. რა ანიჭებს თამაშს ისეთ მნიშვნელობას, რომ ის ზოგჯერ პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე უპირატესი ხდება? ამ საკითხის გააზრების ერთ ერთი გზა ჯგუფურ თამაშებში ლიბიდინარული კავშირების განხილვაა. ფროიდის მიხედვით, ბრბოს წევრებს ერთმანეთთან და საერთო მიზანთან ლიბიდინარული კავშირები აერთიანებთ (ფროიდი, 2013). ამ პერსპექტივიდან, ჯგუფურ თამაშში ჩართულობა შეიძლება ერთგვარი ლიბიდინალური წრის შენარჩუნების საჭიროებას უკავშირდებოდეს. თამაშიდან გამოსვლა ამ კავშირიდან დროებით გამოთიშვასაც ნიშნავს. ბევრ თამაშში პაუზის ფუნქცია არ არსებობს, ხოლო ვირტუალური სივრციდან გასვლამ შესაძლოა მარცხი ან ავატარის სიკვდილი გამოიწვიოს. ამგვარად, თამაშის გაგრძელება მხოლოდ უშუალო სიამოვნების მიღებას აღარ უკავშირდება, ის შესაძლოა ჯგუფში საკუთარი ადგილისა და ლიბიდინალური კავშირის შენარჩუნების საშუალებადაც იქცეს.
თუ ამ გამოცდილებებს ერთად განვიხილავთ, დავინახავთ, ვირტუალური სივრცე მოზარდს საშუალებას აძლევს, განიცადოს ყოვლისშემძლეობა, მიიღოს სწრაფი დაკმაყოფილება, გამოხატოს აგრესია და შეინარჩუნოს კავშირი სხვებთან. თუმცა, როდესაც ვირტუალური სამყარო რეალურ ცხოვრებაზე მეტ ფსიქიკურ კმაყოფილებას ანიჭებს მოზარდს, მან შესაძლოა თანდათან ყოველდღიური ურთიერთობებისა და გამოცდილებების ადგილი დაიკავოს.
მოზარდობა როგორც აუცილებელი დისჰარმონიის ფაზა
ანა ფროიდი მოზარდობას აღწერდა, როგორც ბრძოლას სტიმულსა და ეგოს შორის. სქესობრივი მომწიფების პერიოდში ძლიერი იდი-ს წინაშე შედარებით სუსტი ეგო დგას, ამიტომაც ეგოს გამარჯვება და დამარცხება ერთმენთს ენაცვლება. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა ემყარება პირველად და თანდაყოლილ პრიმიტიულ მტრობას ეგოსა და იდის მისწრაფებებს შორის. 1958 წელს ანა ფროიდმა მოზარდობა განსაზღვრა, როგორც „აუცილებელი დისჰარმონიის ფაზა“, რომელიც ახალგაზრდებში შინაგანი და გარეგანი ქაოსის მდგომარეობას იწვევს (Stavrou, 2018). ვიდეო თამაშდამოკიდებული მოზარდები კი თავიანთი იზოლირებით, რაც გამოწვეულია გადამეტებული თამაშით, შეიძლება ითქვას ამცირებენ ამ დისჰარმონიას, თითქოს ისინი განერიდებიან დაძაბულობას, რომელიც რეალობასთან ურთიერთობით არის გამოწვეული და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იდენტობის ფორმირებაში. როგორც ლაკანი ამბობს, ინდივიდი სხვის მზერაში იბადება (Lacan, 1949), გეიმერების შემთხვევაში სხვა (ადამიანი) რეალურ სივრცეში, თითქმის არ არსებობს, განსაკუთრებით იმ მოზარდებისთვის, რომლებიც თავიანთ ოთახებში იკეტებიან და უარს ამბობენ ნებისმიერი სახის სოციალიზაციაზე.
ამ მხრივ საინტერესო ფენომენია ჰიკიკომორი, ძირითადად იაპონიაში გვხვდება, ის ვლინდება სახლზე ცენტრირებულ ცხოვრების სტილსა და სკოლაში სიარულზე უარის თქმაში. შესაძლოა მოზარდმა ღამით დატოვოს საკუთარი ოთახი, მაშინ როცა იმის ალბათობა, რომ სხვა მას დაინახავს მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ჰიკიკომორის მქონე მოზარდი ძირითადად დროს ინტერნეტთან ატარებს, კითხულობს ან ვიდეო თამაშების თამაშითაა დაკავებული (Teo and Caw, 2010). შესაძლოა აღწერილი ფენომენი გავდეს გლოვის იმ ეტაპს, რომელზეც ანა ფროიდი საუბრობს: მოზარდობა ბავშვობასთან გამომშვიდობებას, ბავშვობის პრივილეგიების დაკარგვას გულისხმობს, რასაც ის გლოვით პასუხობს (Freud, 1989). გარდა გლოვისა და დანაკარგის გამოცდილებისა, მოზარდს უწევს უარი თქვას ინფანტილურ ყოვლისშემძლეობის ფანტაზმზე და ავითარებს კონტროლის დაკარგვის შიშს (Briggs, 2003). ამგვარად, ჰიკიკომორი იქნება ეს თუ ვირტუალურ სივრცეში ჩართულობა შესაძლოა მოზარდი ამ გზით ცდილობდეს, დროებით შეაჩეროს დაპირისპირება საკუთარ სურვილებსა და რეალობის მოთხოვნებს შორის, გადადოს მათთან გამკლავება და დარჩეს ისეთ გარემოში, სადაც მოვლენების განვითარებაზე მეტი გავლენა აქვს. ვიდეო თამაშები განსხვავებით რეალობისგან, მყისიერად პასუხობს მოზარდის მოთხოვნას.
დასკვნა
ვირტუალური სამყარო მოზარდისთვის შესაძლოა თავშესაფრად იქცეს, რომელიც რეალობისგან დისტანცირებისა და შინაგანი დაძაბულობის დროებით შემსუბუქების შესაძლებლობას აძლევს. მოზარდობისთვის დამახასიათებელი შინაგანი დისჰარმონია და იდენტობის ჩამოყალიბების სირთულეები გეიმინგის საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ პერიოდში მოზარდმა თანდათან უნდა მიიღოს საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები და ისწავლოს ურთიერთობები, რომლებშიც კონტროლი ყოველთვის მის ხელში არ არის. ვიდეო თამაშებში მუდმივმა გაქცევამ მოზარდი შესაძლოა რეალურ სოციალურ ურთიერთობებს დააშოროს და რეალობის შეზღუდვებთან გამკლავება გაართულოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეკრანს მიღმა დავინახოთ სუბიექტი, რომლისთვისაც თამაში იმ შინაგან სირთულეებზე პასუხია, რომელთა გააზრება და გამოხატვა ჯერ კიდევ უჭირს.
ბიბლიოგრაფია
American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). American Psychiatric Association.
Freud, S. (1957). The unconscious. In J. Strachey (Ed. & Trans.), The standard edition of the complete psychological works of Sigmund Freud (Vol. 14, pp. 159–215). Hogarth Press. (Original work published 1915).
Lacan, J. (1977). The mirror stage as formative of the I function as revealed in psychoanalytic experience (A. Sheridan, Trans.). In Écrits: A selection (pp. 1–7). W. W. Norton & Company. (Original work published 1949).
Nilles, J. M. (1982). Exploring the world of the personal computer. Prentice Hall Trade.
Stavrou, P.-D. (2018). Addiction to video games: A case study on the effectiveness of psychodynamic psychotherapy on a teenage addict struggling with low self-esteem and aggression issues. Psychology, 9, 2436–2456.
Teo, A. R., & Gaw, A. C. (2010). Hikikomori, a Japanese culture-bound syndrome of social withdrawal? A proposal for DSM-5. The Journal of Nervous and Mental Disease, 198(6), 444–449.
Winnicott, D. W. (1971). Playing and reality. Tavistock Publications.
Zamfir, M. T. (2018). The consumption of virtual environment more than 4 hours/day, in the children between 0–3 years old, can cause a syndrome similar with the autism spectrum disorder. Journal of Romanian Literary Studies, 13, 953–968.
ფროიდი, ზ. (2013). მასების ფსიქოლოგია და მე-ს ანალიზი. გამომცემლობა „გეო“.





Comments