ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘ

1376643_10151647487737499_1078940048_n.jpg

ასოციაციის მიზანია წევრთა ფსიქოანალიტიკური ფორმაციის უზრუნველყოფა ფრანგული და სხვა კვალიფიციური ასოციაციის/ასოციაციების ფარგლებში მათი სუპერვიზიის პირობებში. ქართული ასოციაციის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის შექმნას ტექნიკური, ადმინისტრაციული და რაც მთავარია დისკურსიული საფუძველი რათა Espace Analytique-თან ისევე როგორც სხვა ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუციებთან კავშირი და გაცვლა იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, ხშირი და ნაყოფიერი. ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრთა პირადი ანალიზის, კონტროლის (კლინიკური შემთხვევების სუპერვიზია) და თეორიული სწავლების უზრუნველყოფა, რომელიც უნდა იყოს განხორციელებული ფრანგული და სხვა კვალიფიციური ასოციაციების მიერ ქართულ ფსიქოანალიტიკურ ასოციაციასთან ერთად, წარმოადგენს ჩვენი გაერთიანების უპირველეს მიზანს. ასოციაციის ერთ-ერთ დავალებაა აღწერილ აქტივობათა დისტანციური უზრუნველყოფა, ისევე როგორც სასწავლო აქტივობების ორგანიზება უცხოელი კოლეგების ვიზიტების, აგრეთვე ქართველი კოლეგების უცხოეთში ვიზიტების დროს.

ასოციაციის მეორე მიზანია ღია თეორიული და კლინიკური სივრცის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ჯგუფის წევრები, ასოცირებული წევრები და სხვა დაინტერესებული პრაქტიკოსები (კლინიკური ფსიქოლოგები, ფსიქოანალიტიკოსები, ფსიქოთერაპევტები, ინსტიტუციური პრაქტიკის მქონე კოლეგები) შეძლებენ საკუთარი კლინიკურ პრაქტიკაზე საუბარსა და სირთულეების განხილვას, რომლებსაც ისინი შეიძლება აწყდებოდნენ. გარდა ამისა, ასოციაციის მიზანია შექმნას სივრცე, რომელიც პრაქტიკოსებს, სტუდენტებს, ფსიქოანალიზით დაინტერესებულ პირებს პროფესიული და სოციალური მიკუთვნებულობის განცდას შეუქმნის და  ფსიქოანალიტიკური დისკურსის ნაწილად აქცევს მათ სრული თანასწორობისა და კოლეგიალობის პირობებში, სადაც კლინიკური პრაქტიკის მქონე სუბიექტები იპოვიან მოსმენის და თქმის, ლაპარაკისა და გაცვლის ადგილს.

ასოციაციის მესამე მიზანია სტუდენტებთან, სტაჟიორებთან და ახალგაზრდა კოლეგებთან აქტიური მუშაობა, მათი დაინტერესება ფსიქოანალიტიკური თეორიითა და პრაქტიკით, ისევე როგორც საუნივერსიტეტო სივრცესთან თანამშრომლობა. ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ერთ-ერთ საყრდენსა და მხარდამჭერს წარმოადგენს პარიზის დენი დიდროს სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დეპარტამენტი. გარდა ამისა, Espace Analytique-ის რამდენიმე წევრი ანალიტიკოსი ამავე დროს დიდროს უნივერსიტეტის პროფესორიც არის, რაც ჩვენი და ფრანგული ასოციაციის საუნივერსიტეტო გამოცდილებაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ქართული ასოციაციის რამდენიმე წევრი ქართულ უნივერსიტეტებში ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის ფუნდამენტურ კონცეპტებზე ლექციებს კითხულობს (ილიას უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თსუ). ასოციაციის მიზანია (რომელსაც ის მრავალი წელია უკვე წარმატებით ახორციელებს) ფსიქოანალიზით დაინტერესებული ფრანგულენოვანი სტუდენტების საფრანგეთში საუნივერსიტეტო სწავლების, ასოციაციური სწავლებისა და სტაჟირების უზრუნველყოფა, ისევე როგორც მათი კავშირის უზრუნველყოფა საფრანგეთის საელჩოსთან და თბილისის ფრანგულ ინსტიტუტთან.