top of page

ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲔᲑᲘ

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის, როგორც განვითარებადი ჯგუფის დაფუძნება არის ფრანგი და ქართველი კოლეგების თანამშრომლობის გაგრძელება ამჯერად ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფარგლებში. ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე წარმოადგენს ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის გადაკვეთის წერტილს სამი ინსტიტუციისთვის, იგულისხმება:

 

 

 

სამივე ინსტიტუცია ჯგუფის თეორიული და პრაქტიკული მუშაობის ძირითად დასაყრდენს (რესურსს) წარმოადგენს.

Universite_Paris_logo_horizontal_edited.
download.jfif
espace_edited.jpg

ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲓᲐᲛᲤᲣᲫᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

Association de Formation Psychanalytique et de Recherches Freudiennes

ასოციაცია Espace Analytique-Association de formation psychanalytique et de recherche freudien წარმოადგენს ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის სუპერვიზორს და ერთ-ერთ დამფუძნებელს (ქართული ჯგუფის შესახებ ინფორმაცია იხილეთ Espace Analytique–ის ოფიციალურ საიტზე http://espace-analytique.org/Enseignements_formation/Etranger/139): ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე Espace Analytique-ის საერთაშორისო კოლეჯის, საერთაშორისო ქსელის წევრი ასოციაციაა. Espace Analytique-ის ქსელი აერთიანებს ასოციაციებს ბელგიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ბულგარეთში, სენეგალში, ლიბანში, არგენტინაში, მაროკოში, ირლანდიასა და საქართველოში).

 

1984 წელს პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრმა (შემდგომში ლაკანის მიერ დაარსებული ასოციაციის, ფროიდიანული სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელმა), ცნობილმა ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსმა მოდ მანონიმ (Maud Mannoni) (შემდგომში ჟაკ ლაკანისა და დონალდ ვინიკოტის მოსწავლემ, რომელმაც ამ უკანასკნელთან სუპერვიზია გაიარა) დააფუძნა ასოციაცია სახელწოდებით ფსიქოანალიტიკური კვლევისა და ფორმაციის ფროიდიანული ცენტრი. 10 წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ასოციაციას შეუერთდა ფრანგ ფსიქოანალიტიკოსთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ფრანსუაზ დოლტოს, ჟაკ ლაკანისა და ანგლოსაქსური სკოლის მიმდევრები (ვინიკოტი, მელანი კლაინი). მიუხედავად ლაკანიანურ ასოციაციებსა და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ ასოციაციას შორის 1953 წლიდან დაწყებული განხეთქილებისა, ასოციაციამ შეძლო გაეერთიანებინა სხვადასხვა მიმართულების ფსიქოანალიტიკოსები და გამხდარიყო ფსიქოანალიტიკოსის ფორმირების, ანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის ტრანსმისიის საკითხებში ერთ–ერთი ავტორიტეტული ინსტიტუცია საფრანგეთში. 1994 წელს ასოციაციამ შეიცვალა სახელწოდება და დაერქვა Espace Analytique– Association de Formation Psychanalytique et de Recherches Freudiennes (ანალიტიკური სივრცე–ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაცია). ასოციაცია Espace Analytique მკაცრად იცავს ფსიქოანალიტიკოსის ფორმირების ძირითად პრინციპებს, რაც გულისხმობს თეორიულ სწავლებას, პირად ანალიზს და სუპერვიზიას. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში Espace Analytique-ის ფარგლებში იმართება სემინარები, კოლოქვიუმები, კონფერენციები, სწავლების დღეები, სუპერვიზიის ჯგუფები და ა.შ. (იხ ბმული https://www.espace-analytique.org/brochure_2020-2021.pdf)

 

კლინიკური სტაჟირების უზრუნველყოფა Espace Analytique-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია ასოციაციის ფარგლებში ფსიქოანალიტიკურ ფორმაციაში მყოფი კანდიდატები გადიან პირად ანალიზს და სუპერვიზიას, როგორც საფრანგეთში ასევე მის ფარგლებს გარეთ, მაგალითად საქართველოში, ბულგარეთში და ა.შ.

 

ლაკანის მიერ დაარსებული ფროიდიანული სკოლის დაშლის შემდეგ (1980) 1982 წელს მოდ მანონი, პატრიკ გიოომარი და ოქტავ მანონი (ფრანგი ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი) სხვა კოლეგებთან ერთდ აფუძნებენ Espace Analytique-ს. ასოციაციის ვრცელ სადამფუძნებლო ტექსტში ვკითხულობთ Espace Analytique-ისათვის დამახასიათებელ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს: „მხოლოდ დისკურსთა და აზრთა პლურალიზმს, ისევე როგორც კლინიკური გამოცდილების მუდმივ გაცვლას კოლეგებს შორის შეუძლია განაპირობოს ფსიქოანალიტიკური ასოციაციის არსებობა, რომლის მოწოდებაც არის ანალიტიკოსის ფორმაცია და კვლევა“. Espace Analytique საკუთარ რიგებში აერთიანებს განსხვავებული თეორიული ორიენტაციისა და აზროვნების ფსიქოანალიტიკოსებს. ასოციაციის მთავარ საგამომცემლო ორგანოს წარმოადგენს ჟურნალი „Figure de la psychanalyse-Logos Ananké“ (ED. Erès, Paris იხ.ბმული: https://www.espace-analytique.org/Dossiers_publications/66); რომელიც ერთ-ერთი ავტორიტეტული ჟურნალია ფრანგულ ფსიქოანალიტიკურ წრეებში. Espace Analytique-ის წევრ და ფორმაციაში მყოფ ფსიქოანალიტიკოსთა სამეცნიერო აქტივობა უკიდურესად ნაყოფიერია. მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების (სხვადასხვა ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები) გარდა, მაგალითად ბოლო 2 წლის განმავლობაში Espace Analytique-ის ფარგლებში წევრ ფსიქოანალიტიკოსთა 50-ზე მეტი წიგნი გამოიცა საფრანგეთში, რომელიც ფსიქოანალიტიკურ თეორიასა და პრაქტიკას ეხება (იხ. ბმული https://www.espace-analytique.org/Dossiers_publications). დღეს Espace Analytique-ის ბევრი წევრი საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ფსიქოანალიტიკოსები არიან, რომლებიც არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკურ პრაქტიკისა და თეორიას გადასცემენ ახალ თაობას, არამედ საკუთარი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ფსიქოანალიზის განვითარებაში ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ფსიქოანალიზი დგას.

 

ჩამოვთვლით Espace Analytique-ის ზოგიერთ წევრთა სახელებს, რომლებსაც დღეს საკუთარი წვლილი შეაქვთ ფსიქოანალიზის განვითარებაში: Danièle Brun, Paul-Laurant Assoun, Gisèle Chaboudez, Roland Gori, Jacques Sédat, Alain Vanier, Pierre Mari, Jean-Jacques Rassial, Olivier Douville, Christian Hoffmann, Moustafa Safouan, Markos Zafiropoulus, Patrick Landman, Luiz Eduardo Prado de Oliveira, Didier Lauru, Jean-Claude Aguerre, Claude Boukobza† , Catherine Saladin, Marielle David, Patrick Delaroche, Joël Dor† Claude-Noëlle Pickman, Catherine Mathelin, Dominique Tourrès, Sabine Parmentier , Guy Sapriel, Patrick De Neuter, Claire Gillie, Marie Pesenti, Geneviève Torgemen Wolmark.

პარტნიორები: HTML Embed

პარიზის დენი–დიდროს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პარიზის დენი დიდროს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საფრანგეთში ყველაზე დიდი მულტიდისციპლინარული უნივერსიტეტია, სადაც 1971  წელს ცნობილი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსის ჟან ლაპლანშისა და მის კოლეგების მიერ დაარსდა ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დეპარტამენტი. ეს იმ დროისათვის პირველი წარმატებული მცდელობა იყო ევროპაში ფსიქოანალიზის სწავლებისა საუნივერსიტეტო სივრცეში. სადოქტორო და სამაგისტრო სკოლებს ფსიქოპათოლოგიასა და ფსიქოანალიზში უნივერსიტეტში ხელმძღვანელობენ ფსიქოანალიტიკოსები და ფსიქიატრები სხვადასხვა ასოციაციიდან.  პროფესორების დიდი უმრავლესობა, რომლებიც ფსიქოანალიზს ასწავლიან უნივერსიტეტში ამავე დროს არიან Espace Analytique–ის და პარიზის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრები (SPP). 2011 წელს დიდროს სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოანალიზის დეპარტამენტმა გააფორმა სამეცნიერო თანამშრომლობის მემორანდუმი ილიას უნივერსიტეტთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ვიზიტი დიდროს უნივერსიტეტიდან ილიას უნივერსიტეტში, ისევე როგორც ილიას უნივერსიტეტიდან დიდროს უნივერსიტეტში. დიდროს უნივერსიტეტში ფსიქოპათოლოგიის სწავლება მთლიანად ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის არის, რაც ფაქტიურად დიდ იშვიათობას წარმოადგენს ევროპაში.

 

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებლები აქტიურად თანამშრომლობენ ან მოღვაწეობენ დიდროს უნივერსიტეტის ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის განყოფილებაში, რაც გულისხმობს კვლევით ურთიერთობას ლაბორატორიასთან „ფსიქოანალიზი, თანამედროვე მედიცინა და საზოგადოება“ (ლაბორატორიის ხელმძღვანელი პროფ. ალენ ვანიე-ქართული ასოციაციის საპატიო წევრი). წარმოებს ერთობლივი კვლევა ფსიქოანალიტიკურ ანთროპოლოგიაში, რომელიც გულისხმობს პოსტსაბჭოთა რელიგიური პრაქტიკის შესწავლას, აგრეთვე მამის ადგილსა და ფუნქციას პერესტროიკის შემდეგ. ქართული ასოციაციის დამფუძნებელი ასოციაციის Espace Analytique-ის წევრთა დიდი ნაწილი დიდროს უნივერსიტეტის პროფესორი და საპატიო პროფესორია (ალენ ვანიე, კრისტიან ჰოფმანი, მარკოზ ზაფიროპულუსი, დანიელ ბრუნი, კლერ ჟილი, პატრიკ ლანდმანი, პოლ-ლორან ასუნი, ურიელ როზენბლუმი).

 

ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის განყოფილება დღეს საერთაშორისოდ ცნობილი ორგანიზმია, რომელიც ფსიქოანალიზის პოზიციებს ამყარებს მთელს მსოფლიოში. დეპარტამენტის სადოქტორი, სამაგისტრო და საბაკალავრო სკოლებს აქვთ ურთიერთობა მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის ფსიქოპათოლოგიის განყოფილებებთან, მათ შორის საქართველოსთან, როგორც უნივერსიტეტის, ასევე ასოციაციის ფარგლებში.

 

ცნობისათვის ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოანალიზის ფაკულტეტის ფარგლებში ასწავლის: 40-ზე მეტი ემერიტუს პროფესორი, 50-ზე მეტი მეტრ დე კონფერენსიე (ქართული ვერსიით ასოცირებულ პროფესორს), 36 მასწავლებელ-მკვლევარი. ფაკულტეტის სამივე განყოფილება (სადოქტორო, სამაგისტრო და საბაკალავრო) აერთიანებს 2000 სტუდენტს, აქედან 350 დოქტორანტია, ხოლო სტუდენტთა 60% უცხოელი, 350 დოქტორანტიდან კი 270 დოქტორანტია უცხოელი. ფაკულტეტის ფარგლებში ფუნქციონირებს 15-ზე მეტი კვლევითი ლაბორატორია (მაგ. ფსიქოანალიზი, თანამედროვე მედიცინა და საზოგადოება, ფსიქოანალიზი და სოციალური მეცნიერებები, ფსიქოზი და მოსაზღვრე მდგომარეობები, მოზარდობის ფსიქოპათოლოგიის განყოფილება, ბავშვთა ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის განყოფილება, ტოქსიკომანიის ლაბორატორია და ა.შ.).

აღწერილი რესურსი ფასდაუდებელია ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცისა და მასში მონაწილე ახალგაზრდებისათვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც საფრანგეთში სურს გააგრძელოს სწავლა ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის მიმართულებით უნივერსიტეტში.

პარტნიორები: HTML Embed

ბავშვთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი

მწვანე სახლი ბავშვთა და მოზარდთა  ფსიქოლოგიური მომსახურების  ცენტრია, რომელიც 2006 წელს ქართველი და ფრანგი ფსიქოლოგებისა და ფსიქოანალიტიკოსების ერთობლივი თეორიული და კლინიკური მუშაობის საფუძველზე დაარსდა.

პირველი მწვანე სახლი, რომლის მიზანიც იყო ბავშვებთან ფსიქიკური დარღვევების პრევენცია 80-იან წლებში ცნობილმა ფრანგმა პედიატრმა, ფსიქოანალიტიკოსმა და ფსიქიატრმა ფრანსუაზ დოლტომ პარიზში დააფუძნა. დღეს მსოფლიოში მწვანე სახლის პრინციპით 300-ზე მეტი ინსტიტუცია მუშაობს ბავშვებთან და მათ მშობლებთან.

2006 წლიდან დღემდე თბილისში მწვანე სახლის კლინიკური და თეორიული მუშაობა მოიცავს ბავშვებთან და მათ მშობლებთან, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ ფსიქოთერაპიას სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებთან, კლინიკურ სუპერვიზიებს, სემინარებსა და ლექციებს, რომლებსაც ქართველი და ფრანგი კოლეგები ერთობლივად უძღვებიან.

მწვანე სახლში ბავშვებთან და მათ ოჯახებთან კლინიკური და თერაპიული მუშაობა ბავშვთა ფსიქოდინამიკური და ფსიქოანალიტიკური თერაპიის ძირითად პრინციპებს ეფუძნება, რომელსაც ფსიქოანალიზის წიაღში მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. დღეს ბავშვთა ფსიქოანალიზი წარმოადგენს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ წამყვან მეთოდს, რომელიც ეფუძნება ერთ საუკუნოვან კლინიკურ და თეორიულ კვლევებსა და გამოცდილებას.

ბავშვთა ფსიქოთერაპია, მეთოდები და ტექნიკა რომლებსაც დღეს ბავშვებთან თერაპიული ან პრევენციული მუშაობის დროს იყენებენ სწორედ ფსიქოანალიზის წიაღში იშვა და დღემდე ბავშვთა ფსიქიკური დარღვევების მკურნალობის საქმეში შეუცვლელ ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. კლინიკური ანამნეზი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოდიაგნოსტიკა, მშობლებისა და ბავშვების მოსმენა, თამაში, ძერწვა, ნახატის ანალიზი, ინტერპრეტაცია და ბავშვისა და მშობლებისათვის გასაგებ ენაზე, სიტყვებით, სიმბოლური კომუნიკაციით არაცნობიერი პათოგენური შინაარსების გაცნობიერება მწვანე სახლის კლინიკური და თერაპიული მუშაობის ძირითად შემადგენელ ასპექტებს წარმოადგენს.

2006 წლიდან დღემდე მწვანე სახლმა 900 მეტ ბავშვსა და მის მშობლეს გაუწია ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც გულისხმობს ჯგუფურ ფსიქოთერაპიასა ინდივიდუალურ კონსულტაციებს ბავშვებთან და მათ მშობლებთან. ამ წლების განმავლობაში მწვანე სახლის აქტივობა მხოლოდ ფსიქოთარაპიით არ შემოიფარგლებოდა. მწვანე სახლი მისი დაარსების დღიდან წარმოადგენდა ფრანგი და ქართველი კოლეგების თეორიული და კლინიკური მუშაობის ადგილს, რაც მოიცავს კლინიკური შემთხვევების სუპერვიზიას, სასემინარო კურსებს ბავშვთა ფსიქოპათოლოგიაში, საუნივერსიტეტო კონფერენციებს, სტაჟირებას ფრანგულ კლინიკებში, საერთო პუბლიკაციებსა და თარგმანებს.

თბილისის მწვანე სახლის ფუნქციონირება და კლინიკური მუშაობა ორ მიზანს ემსახურება:

  1. პრევენცია. ბავშვთა ფსიქოპათოლოგიაში უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქიკურ დარღვევათა ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას. ისეთი ფსიქიკური აშლილობები, როგორიც არის ბავშვთა აუტიზმი და განვითრების მძიმე დარღვევები ხშირ შემთხვევაში სწორედ ადრეულ, ჩვილობის ასაკში ოჯახთან, გარემოსთან, პირველად ობიექტებთან აფექტური და ემოციური ურთიერთობის დარღვევებით არის გამოწვეული. აქედან გამომდინარე, დარღვევების პირველადი კლინიკური ნიშნების იდენტიფიცირება და ადრეული ფსიქოთერაპიული ინტერვენცია, რომელიც ფსიქოლოგის, ბავშვისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით ხორციელდება, ამ დაღვევათა შემსუბუქების ან თავიდან აცილების საუკეთესო გზას წარმოადგენს. მწვანე სახლის მუშაობის ძირითადი პრინციპი სწორედ პრევენციას ეფუძნება, რადგან ის წარმოადგენს ადგილს, სადაც ბავშვს, ისევე როგორც მის მშობლებსა და ოჯახის წევრებს სთავაზობს სრულიად განსაკუთრებულ სივრცეს, რომელიც მკაცრად ემიჯნება პედაგოგიურ, აღმზრდელობით ან სამედიცინო დაწესებულებას და მთლიანად არის ორიენტირებული ბავშვისა და ოჯახის ფსიქიკურ ცხოვრებაზე, ოჯახისა და ბავშვის ფსიქობიოგრაფიაზე, წარსულში განცდილი ტრავმატიზმებისა თუ პათოგენური მოვლენების გადამუშავებასა და მათ ფსიქიკურ ინტეგრაციაზე, ისევე როგორც ბავშვთან და მის მშობლებთან ახალი ფსიქიკური შესაძლებლობებისა და რესურსების აღმოჩენაზე. მწვანე სახლი, როგორც ინსტიტუცია, რომელიც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის პრინციპებს ეფუძნება უპირატესობას ანიჭებს არა მხოლოდ სიმპტომს, გარეგნულ ქცევით გამოვლინებებს ან კონკრეტულ დარღვევას, რომელიც კლინიკური სურათის მხოლოდ ერთ ასპექტეს შეიძლება წარმოადგენდეს, არამედ მთლიანად სუბიექტს, ბავშვს როგორც ინდივიდს, რომელიც ოჯახის ისტორიის, მშობლების ფსიქიკური ცხოვრებისა და მათი ცნობიერი თუ არაცნობიერი სურვილების ნაწილია. აქედან გამომდინარე,ბავშვისა და ოჯახის, როგორც ერთი მთლიანი და კომპლექსური სისტემის ზოგიერთი არაცნობიერი და პათოგენური შინაარსების გაცნობიერება მწვანე სახლის ფსიქოთერაპიულ სივრცეში, წარმოადგენს პრევენციის საუკეთესო გზას, რომელიც ბავშვს, ხშირად რამოდენიმე თვის ჩვილ ბავშვსაც კი ეხმარება ადრეულ ასაკში სიმპტომების დონეზე გამოვლენილი სერიოზული ფსიქიკური დარღვევების თავიდან აცილებაში.

  2. თერაპია. 2006 წლიდან მწვანე სახლის ფსიქოლოგებისთვის ნათელი გახდა, რომ  მათი მუშაობის მიზანი მხოლოდ პრევენცია არ შეიძლებოდა ყოფილიყო. საქართველოში ბავშვთა ფსიქკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და კვალიფიციური ცენტრების სიმცირე გახდა მიზეზი, იმისა, რომ დღეს მწვანე სახლის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას, გარდა პრევენციისა, ბავშვთა და მოაზრდთა ფსიქიკური დაღევევების თერაპიაც წარმოადგენს. ბავშვთა ფსიქოთერაპია კომპლექსური ცნებაა და მოიცავს განსხვავებულ თეორიულ, ტექნიკურ თუ მეთოდოლოგიურ ასპექტებს. მწვანე სახლი, როგორც თერაპიული დაწესებულება კლასიკური მეთოდით მუშაობს, რომელსაც დღეს ბავშვთა ფსიქოანალიზს, ან სხვაგვარად ბავშვთა ფსიქოთერაპიას უწოდებენ, რაც როგორც პაციენტებისგან, აგრეთვე მათი მშობლებისა და თერაპევტებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მოთმინებას და სისტემატიურობას. ბავშვთა ფსიქოთერაპია ეფუძნება სიტყვას, მეტყველებას, ან გამოხატვის სხვა ნებისმიერ ფორმას (ნახატის ანალიზი, ბავშვის სხეულის ენა, ძერწვა, მშობელთა მონათხრობი და რაც მთავარია თამაში, ისევე როგორც ურთიერთობა ფსიქოტერაპევტთან, რომელიც არც ბავშვის მშობელია, არც ექიმი და არც მისი აღმზრდელი), რომელიც პირდაპირი ან სიმბოლური ფორმით გადმოსცემს ბავშვთან ფსიქიკური ტანჯვის, სიმპტომების მნიშვნელობასა და შინაარსებს. ამ მნიშვნელობების გაცნობიერება, მათი ბავშვისა და ოჯახის მიერ ინტეგრაცია და ანალიზი წარმოადგენს თერაპიული მუშაობის ძირითად მიზანს.

მწვანე სახლის მომსახურება:

  • პრევენციული ჯგუფი ბავშვებისთვის, მშობლებისთვის და ოჯახის სხვა წევრებისთვის - ემსახურება ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციას ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე, სანამ ბავშვის მეტ-ნაკლები სიმძიმის პრობლემა გართულდება ან შეუქცევად ხასიათს მიიღებს;

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის  თერაპიული ჯგუფები - აუტისტური სპექტრის აშლილობისა თუ სხვა დიაგნოზის მქონე ბავშვებთან ერთად გაერთიანებულნი არიან ის ბავშვებიც, რომლებსაც აქვთ შედარებით მსუბუქი  პრობლემები, მაგრამ გაუჭირდათ საბავშვო ბაღში ადაპტაცია და სჭირდებათ სპეციფიკური ფსიქოლოგიური ან ფსიქოთერაპიული დახმარება.    ინტეგრირებული ჯგუფები  ასაკის მიხედვითაა დიფერენცირებული;

  • ბავშვებისა და მოზარდებისთვის  ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული მომსახურება - როგორც აუტიზმის,  ასევე სხვა ნაკლები სიმძიმის ფსიქო-ემოციური ან ქცევის დარღვევის შემთხვევაში;

  • ინდივიდუალური თერაპიული კონსულტაციები ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის;

  • მუსიკათერაპია;

  • სპეცპედაგოგის ინდივიდუალური მომსახურება - აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და სკოლისთვის მოსამზადებლად;

  • ქვიშის თერაპია (Sandplay Therapy)

  • ცეკვით თერაპია

2015 წლიდან "მწვანე სახლი" არის "ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო პროგრამის" ერთ-ერთი მიმწოდებელი.

პარტნიორები: HTML Embed

ᲤᲠᲐᲜᲒᲣᲚᲘ ᲘᲜᲡᲢᲘᲢᲣᲢᲘ

საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში (წარსულში ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი) ყოველთვის მხარში ედგა, როგორც თბილისის მწვანე სახლს, ასევე ასოციაცია ქართულ ფსიქოანალიტიკურ სივრცეს. ბატონი ჟილ კარასო, რენო სალენსი, ქალბატონი მიუსო, ბატონი პასკალ მენიე, ერიკ ფურნიე, პიერ კლუე, ევა კსერგო, ადელინ ლატრილი და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არიან ადამიანები ვისი ძალისხმევითაც ფრანგ კოლეგებთან ერთდ Espace Analytique-იდან დღემდე ფუნქციონირებს მწვანე სახლი, რომელიც არაკომერციული საზოგადოებაა. მხარდაჭერა გამოიხატებოდა წელიწადში რამდენიმე ვიზიტის დაფინანსებაში საფრანგეთიდან საქართველოში, სტუდენტებისათვის სტიპენდიების მინიჭებაში, მწვანე სახლისათვის ლოკაციის გამოძებნასა და სხვა ადმინისტრაციულ თუ ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში. საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი, მისი დირექტორი ბატონი პიერ კლუე წარმოადგენენ ნამდვილ ხიდს ჩვენი ასოციაციისათვის, რომელიც განაპირობებს ფრანგ და საერთაშორისო კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობას.

პარტნიორები: HTML Embed

ᲡᲐᲤᲠᲐᲜᲒᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲔᲚᲩᲝ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ

საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში ყოველთვის მხარში ედგა, როგორც თბილისის მწვანე სახლს, ასევე ასოციაცია ქართულ ფსიქოანალიტიკურ სივრცეს. ბატონი ჟილ კარასო, რენო სალენსი, ქალბატონი მიუსო, ბატონი პასკალ მენიე, ერიკ ფურნიე, პიერ კლუე, ევა კსერგო, ადელინ ლატრილი და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არიან ადამიანები ვისი ძალისხმევითაც ფრანგ კოლეგებთან ერთდ Espace Analytique-იდან დღემდე ფუნქციონირებს მწვანე სახლი, რომელიც არაკომერციული საზოგადოებაა. მხარდაჭერა გამოიხატებოდა წელიწადში რამდენიმე ვიზიტის დაფინანსებაში საფრანგეთიდან საქართველოში, სტუდენტებისათვის სტიპენდიების მინიჭებაში, მწვანე სახლისათვის ლოკაციის გამოძებნასა და სხვა ადმინისტრაციულ თუ ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში. საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი, მისი დირექტორი ბატონი პიერ კლუე წარმოადგენენ ნამდვილ ხიდს ჩვენი ასოციაციისათვის, რომელიც განაპირობებს ფრანგ და საერთაშორისო კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობას.

პარტნიორები: HTML Embed

ᲙᲐᲕᲙᲐᲡᲘᲘᲡ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘ

ᲘᲚᲘᲐᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘ

Association Espace psychanalytique dе Bulgarie

bottom of page