top of page
socratesmosaic1.jpg

ᲯᲒᲣᲤᲘᲡ ᲡᲣᲞᲔᲠᲕᲘᲖᲘᲐ

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში, როგორც წევრებს, ასევე სხვა მონაწილეებს აქვთ კლინიკური პრაქტიკა პაციენტებთან ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუციებში და კერძოდ, კაბინეტებში. ამ პრაქტიკის ნაწილი წმინდად ფსიქოანალიტიკურია, ან ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიას გულისხმობს, ხოლო ნაწილი ინსპირირებულია ფსიქოანალიზით და ფსიქოდინამიკური თეორიებით ფსიქიკური ცხოვრების შესახებ. ბევრი კოლეგა ასოციაციიდან მუშაობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, საპატიმროებში, ბავშვთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრებში და ა.შ. კლინიკური სუპერვიზია წარმოადგენს ნორმალური კლინიკური მუშაობის, ტრანსფერის კონტროლისა და აგრეთვე ეთიკური ასპექტების დაცვის აუცილებელ პირობას, პროცედურას, რომელიც პრაქტიკოსს შესაძლებლობას აძლევს გადაამუშაოს კლინიკური გამოცდილება, თავიდან აიცილოს დეზორიენტაცია და დაბნეულობა ფსიქიკური ცხოვრების სფეროში რთული მოგზაურობის დროს და შესძლოს საკუთრი გამოცდილების, ასევე სირთულეების შესახებ საუბარი სუპერვიზორთან ჯგუფში, რაც ხელს უწყობს ამ გამოცდილების ცირკულაციას, გაცვლას და ისტორიზაციას, აგრეთვე ფსიქიკურ გადამუშავებას, რადგან ფსიქოთერაპია გულისხმობს რთული ფსიქიკური სამუშაოს აღსრულებას, როგორც პაციენტის, ასევე ფსიქოთერაპევტისა და ანალიტიკოსის მხრიდან.

აქედან გამომდინარე კლინიკური შემთხვევის სუპერვიზია ჯგუფის მუშაობის ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტს წარმოადგენს.

კლინიკური შემთხვევების სუპერვიზიებს უძღვებიან ფრანგი ფსიქოანალიტიკოსები და ფსიქიატრები პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციიდან. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ მწვანე სახლს 2006  წლიდან დღემდე სუპერვიზიას უწევენ  ფრანსუაზ დოლტოს მოსწავლეები საფრანგეთიდან. 2011 წლიდან დღემდე სუპერვიზიები რეგულარულად წარმოებს სკაიპით, ისევე როგორც ვიზიტების დროს (თვეში მინიმუმ ორი კლინიკური შემთხვევის განხილვა).

 

ქართული ასოციაციის ფარგლებში (ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე) სუპერვიზიის ჯგუფების ორგანიზება მიზნად ისახავს ღია კლინიკური სივრცის შექმნას, სადაც ინსტიტუციური თუ კერძო კლინიკური პრაქტიკის მქონე კოლეგებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჯგუფში განიხილონ კლინიკური შემთხვევები, სირთულეები, რომლებსაც შეიძლება აწყდებოდნენ პაციენტებთან მუშაობის დროს. გარდა ამისა, რეგულარული სუპერვიზიის ჯგუფების არსებობა ინსტიტუციის ფარგლებში პაციენტებთან მომუშავე კლინიკურ ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს შესაძლებლობას მისცემს როგორც ფსიქიკურ, ასევე თეორიულ და კლინიკურ გადამუშავებას დაუქვემდებარონ კლინიკური შემთხვევა, სადაც სუპერვიზიის ჯგუფი შეასრულებს სიმბოლური მესამის ფუნქციას და დუალისტური ურთიერთობებით წარმოქმნილი რთული ტრანსფერული სიტუაციების თავიდან არიდებისა და პრევენციისათვის აუცილებელ სივრცეს შექმნის.

ჯგუფის სუპერვიზიის წესები:

ჯგუფის სუპერვიზია განკუთვნილია ფართო პუბლიკისათვის, მათთვის ვისაც კლინიკური პრაქტიკა აქვს და ამ პრაქტიკაში ეყრდნობა ფსიქოანალიზს, ან ითვალისწინებს ფსიქოდინამიკურ მიდგომებს. ჯგუფის სუპერვიზია არ ნიშნავს ინდივიდუალურ სუპერვიზიას ფორმაციაში მყოფი კანდიდატებისათვის, თუმცა ჯგუფის სუპერვიზიაში მონაწილეობა კანდიდატებსაც ეთვლებათ, როგორც კლინიკური გამოცდილება, რომელსაც მიმღები კომისია (ფრანგული ასოციაციის ჟიური) ყოველთვის ითვალისწინებს.

1. სუპერვიზიის ჯგუფი იკრიბება ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში.​

2. ჯგუფში მონაწილეობა შეუძლია წევრებს, ხოლო ასოცირებულ წევრებს მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილების შემდეგ. გასაუბრებაზე სუპერვიზიის ჯგუფში მონაწილეობის მსურველმა უნდა დაადასტუროს საკუთრი ინტერესი ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური პრაქტიკისადმი, აგრეთვე უნდა მოუყვეს კომისიას საკუთრი კლინიკური გამოცდილების შესახებ. კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების გათვალისწინებით ყურადღება მიექცევა მსურველის პიროვნულ პოზიციას, კლინიკური რეალობისა და პრაქტიკისადმი მისი დამოკიდებულების სერიოზულობისა და გააზრებულობის ხარისხსა და სიღრმეს. მხოლოდ ამის შემდეგ, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გააწევრიანოს თუ არა მსურველი სუპერვიზიის ჯგუფში.

 

3. სუპერვიზიები შედგება დისტანციურად და ჯგუფის სუპერვიზორის საქართველოში ვიზიტების დროს. თავად ჯგუფი შეიკრიბება ასოციაციაში, ხოლო სუპერვიზორი დისტანციურად ჩაერთვება ჯგუფის მუშაობაში, რაც ასოციაციის მიერ ტექნიკურად იქნება უზრუნველყოფილი. სუპერვიზიები შედგება ასოციაციის სუპერვიზორების ვიზიტების დროსაც, რასაც 2011 წლიდან უკვე ახორციელებს ჩვენი ასოციაცია.

 

4. სუპერვიზიის ჯგუფები, ისევე, როგორც ასოციაციის სხვა აქტივობები არ ისახავს კომერციულ მიზნებს. შესაბამისად სუპერვიზიის გადასახადს აწესებს თავად სუპერვიზორი, რომელიც უნდა იყოს ნომინალური და ხელმისაწვდომი თანხა გადანაწილებული ჯგუფის თოთოეულ წევრზე. ჯგუფის მონაწილე იხდის თანხის იგივე ოდენობას, რომელსაც გადაიხდის კლინიკური შემთხვევის წარმდგენი მონაწილე. მაგ: იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის სუპერვიზორი დააწესებს ერთი სუპერვიზიისათვის (რომელიც 1,30 საათის განმავლობაში გრძელდება) თანხას 150 ლარის ოდენობით, ხოლო სუპერვიზიის ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენს 10-ს, თითოეულ მონაწილეს, ისევე როგორც შემთხვევის წარმდგენს მოუწევს 30 ლარის გადახდა. ასოციაცია იტოვებს უფლებას მონაწილეთა სურვილის შემთხვევაში შემოწირულობის სახით მიიღოს დამატებითი თანხა ჯგუფის სუპერვიზიაში. დამატებითი თანხა ასოციაციის ბიუჯეტის ნაწილი გახდება, ხოლო ფიქსირებული თანხა, როგორც ჰონორარი გადაერიცხება სუპერვიზორს.

 

5. ჯგუფში კლინიკური შემთხვევის წარდგენის წესი არ არის პროტოკოლიზირებული. ჩვენი ასოციაცია ამ მხრივ ფრანგული სკოლის ერთგულია, სადაც შემთხვევის წარმდგენს ენიჭება შემთხვევის წარდგენისა და გადმოცემის თავისუფლება. მონაწილე 40 წუთის განმავლობაში წარადგენს შემთხვევას. სუპერვიზორმა შეიძლება დაუსვას დამაზუსტებელი კითხვები. შემთხვევის პრეზენტაციის შემდეგ სუპერვიზორი ჯგუფთან და წარმდგენთან ერთად განიხილავს შემთხვევას, ქმნის კლინიკური და ფსიქოანალიტიკური რეფლექსიისათვის აუცილებელ გარემოს. მონაწილეებს შეუძლიათ დაუსვან კითხვები წარმდგენს, სუპერვიზორს, ან თავად გამოთქვან მოსაზრებები, ინტერპრეტაციები და დასკვნები წარდგენილი შემთხვევის შესახებ.

 

6. ასოციაციის ოფიციალური სუპერვიზორები არიან: ოლივიე დუვილი და კატრინ ვანიე. კატრინ სალადენი სუპერვიზიას უწევს მწვანე სახლის ჯგუფს (იხ. ინფორმაცია დამფუძნებლებისა და საპატიო წევრების შესახებ). ყოველ ახალ სასწავლო წელს ასოციაცია ეცდება ახალი სუპერვიზორი დაუნიშნოს ჯგუფს, რაც სუპერვიზიებზე კლინიკური გამოცდილების მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.

 

7. ასოციაციაში გაიმართება თვეში ჯგუფის  ერთი სუპერვიზია (იხ. პროგრამა).

bottom of page