White Brush Strokes

ᲞᲠᲔᲐᲛᲑᲣᲚᲐ

ᲞᲠᲔᲐᲛᲑᲣᲚᲐ

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დაფუძნება ფრანგი და ქართველი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს. ამ ურთიერთობებს საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა, როდესაც d’Espace Analytique-ის წევრები პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში და რამდენიმე სემინარი მიუძღვნეს ბავშვთა ფსიქოანალიზს. 2006 წელს დაფუძნდა თბილისის მწვანე სახლი, ხოლო 2011 წელს ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე, თავიდან როგორც განვითარებადი ჯგუფი. ამ წლების განმავლობაში განხორციელებულმა კლინიკურმა და თეორიულმა სამუშაომ თბილსის მწვანე სახლის (ფრანსუაზ დოლტოს მოსწავლეების მიერ დაარსებული ფსიქოანალიტიკური ინსტიტუცია ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის), ქართული ჯგუფისა და საუნივერსიტეტო სივრცის ფარგლებში შექმნა დისკურსიული ველი,  როგორც ფსიქოანალიტიკური ასოციაციის დაფუძნების აუცილებელი ნიადაგი, ასევე კლინიკური და კონცეპტუალური ბაზა, რომელიც საბოლოოდ კრისტალიზირდა და ინტეგრირდა დაფუძნებული ასოციაციის ფარგლებში.  ასოციაციას დაერქვა „ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე“. ქართული რადგან ასოციაცია ფუნქციონირებს საქართველოში, ფსიქოანალიტიკური რადგან ის მიზნად ისახავს ფსიქოანალიტიკური სწავლების შესაძლებლობის შექმნას ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ფსიქოანალიტიკური თეორიისა და პრაქტიკის გავრცელებას, სივრცე რადგან ის ქმნის გარემოს, რომელიც ღიაა განსხვავებული დისკურსების, აგრეთვე განსხვავებული თეორიული ორიენტაციისა და პრაქტიკის მქონე კოლეგებისათვის, სტუდენტებისათვის და სხვა ყველა ფსიქოანალიზით დაინტერესებული სუბიექტისთვის.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფსიქოანალიზისადმი, ისევე როგორც ჟაკ ლაკანის შემოქმედებისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. სტუდენტები, ახალგაზრდა პრაქტიკოსი ფსიქოლოგები, კლინიკური ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები, სულ უფრო ხშირად ეფუძნებიან ფსიქოანალიზს და ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ ტექსტებს საკუთარი კლინიკური პრაქტიკისა თუ თეორიული და კვლევითი საქმიანობის დროს. დღეს ჩვენ ვხდებით ფსიქოანალიზისაკენ მასიური დაბრუნების მოწმენი  ქვეყნებში სადაც ანალიტიკური პრაქტიკა ათწლეულების განმავლობაში აკრძალული იყო. ახალგაზრდები ფროიდის ფუნდამენტური ტექსტების წყალობით, ხშირად საუნივერსიტეტო სივრცეში, აღმოაჩენენ ფსიქოანალიზს, რაც მათში აღძრავს ფსიქოანალიტიკური ფორმაციის დაწყების, ან ფსიქოანალიტიკური თეორიის კვლევით საქმიანობაში გამოყენების საკმარის სურვილს, იმისათვის, რომ ფსიქოანალიტიკურმა ასოციაციამ, როგორც დაფუძნებულმა და ღია ინსტიტუციამ უპასუხოს მას. დღეს უნივერსიტეტის კედლებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში, აგრეთვე ინტელექტუალური დისკუსიების დროს (საქართველოში მოღვაწე სოციოლოგები, ფილოსოფოსები, ლიტერატორები) ფსიქოანალიზის ფუნდამენტური კონცეპტებით ოპერირებენ. ეს კონცეპტები ამ წრეებში ცირკულირებს და წარუშლელ კვალს ტოვებს ახალგაზრდა მკვლევართა და თეორეტიკოსთა აზროვნებაზე.

მიუხედავად ფსიქოანალიზისადმი აღწერილი ძლიერი ინტერესისა თითოეულის ძალისხმევა ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, ხშირად ქაოტურს, რადგან ის საჭიროებს გამაერთიანებელ ორგანიზმს, რომელიც დააფუძნებდა და განამტკიცებდა ფსიქოანალიზით დაინტერესებულთა კავშირს, ერთი მტკიცე და ღია ასოციაციის ფარგლებში, რომლის ფუნქციაც და მიზანიც არის სოციალური, ამ შემთხვევაში პროფესიული კავშირების შექმნა და გამყარება.

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის მიზანს წარმოადგენს დააფუძნოს ადგილი, სააზროვნო სივრცე როგორც თეორიული, ასევე კლინიკური რეფლექსიისათვის, რომელიც არა მხოლოდ სიტყვისა და პროფესიული თვითგამოხატვის, არამედ მოსმენისა და გაზიარების ადგილიც იქნება. ფსიქოანალიტიკური, ან თუნდაც კლინიკური პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წარმოუდგენელია ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე. ფსიქოანალიტიკური ინსტიტუციის მიზანი არა მხოლოდ კანდიდატის ფორმაცია, ან თეორიული და კლინიკური სწავლების წარმოებაა, არამედ სივრცის შექმნაც, რომელიც კოლეგებს, აგრეთვე სტაჟირებაზე მყოფ სტუდენტებსა და ფსიქიკურის სფეროში დასაქმებულ სუბიექტებს შესთავაზებს დისკუსიის, განხილვისა და მოსმენის ადგილს, როგორც კლინიკური პრაქტიკის (კაბინეტის თუ ინსტიტუციის ფარგლებში) წარმოების აუცილებელ პირობას. ანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი ანალიტიკური დისკურსის ნაწილი უნდა იყოს და მხარდაჭერილი კოლეგებისა და ინსტიტუციის მიერ. ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის ფარგლებში სტუდენტებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოანალიტიკურ ფორმაციაში მყოფ კანდიდატებს და ფსიქოანალიზით დაინტერესებულ პირებს უნდა შეეძლოთ საკუთარი მოსაზრებების, იდეების, ისევე როგორც კლინიკური გამოცდილების გაზიარება-ლაპარაკი ამ გამოცდილებაზე, ისევე როგორც სხვისი გამოცდილების მოსმენა და გაზიარება. ასოციაცია მათ სთავაზობს სემინარებს, კონფერენციებს, ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ ტექსტებზე სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას, კლინიკურ სუპერვიზიებს ჯგუფში და სურვილის შემთხვევაში კვალიფიცირებულ ფსიქოანალიტიკოსთნ ანალიზის დაწყების შესაძლებლობას. ასოციაციის ფარგლებში ზემოთ ჩამოთვლილი ყველა აქტივობა ქართველი და უცხოელი კოლეგების ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება, განსაკუთრებით პირადი ანალიზი და სუპერვიზია.

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც ღიაა ყველასათვის ვისაც სურს დაიწყოს ფსიქოანალიტიკური ფორმაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი, ან დააფუძნოს საკუთარი კლინიკური, კვლევითი ან თეორიული პრაქტიკა, ისევე როგორც ინტელექტუალური შრომა კვლევის ფსიქოანალიტიკურ მეთოდს.

ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე წარმოადგენს უცხოელი და ქართველი კოლეგების, ისევე როგორც სტუდენტების, ფსიქოთერაპევტების, კლინიკური ფსიქოლოგების ან ანალიტიკური ფორმაციის პროცესში მყოფი წევრების გამოცდილებისა და დისკურსების გადაკვეთის წერტილს, გზაჯვარედინს რაც ასოციაციას იცავს ყოველგვარი იზოლაციონიზმის, რადიკალიზმის ან ნარცისიზაციისაგან, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი გაერთიანებისა და სოციო-პროფესიული კავშირების მტერს. ასოციაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებთან, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე პირდაპირ თანამშრომლობას. ასოციაციის ადმინისტრაციული ორგანო სტრუქტურირებულია, მაგრამ თავად ასოციაცია ეწინააღმდეგება იერარქიზაციის ყოველგვარ მცდელობას, რაც მას იცავს იდეალიზაციისა და მეტრის დისკურსისაგან, სხვაგვარად მასის ფსიქოლოგიისაგან (ზ.ფროიდი). პროფესიული და კოლეგიალური თანასწორობა და საერთო კონცეპტუალური სისტემისა და პრაქტიკის ირგვლივ გაერთიანება წარმოადგენს ასოციაციის მთავარ მამოძრავებელ დინამიურ ძალას და ეთიკას რომელსაც ის ეფუძნება.

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე 2019 წლიდან (Espace Géorgien pour la psychanalyse) ფრანგული ასოციაცია Espace Analytique-association de formation psychanalytique et de recherche freudien)-ის საერთაშორისო ქსელის წევრია, რომელსაც კურირებს Espace Analitique-ის საერთშორისო კოლეჯი. (იხ.https://www.espace-analytique.org/Enseignements_formation/Etranger/139)

შინაგანაწესი Espace Analytique-ის საერთაშორისო კოლეჯის შესახებ:

„ᲐᲡᲝᲪᲘᲐᲪᲘᲔᲑᲘ ᲣᲪᲮᲝᲔᲗᲨᲘ: « ᲔᲡᲞᲐᲡ ᲐᲜᲐᲚᲘᲢᲘᲙ »-ᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲥᲡᲔᲚᲘ

„ესპას ანალიტიკ“-ის სახელწოდების მქონე უხოური ასოციაციები შეიძლება დაფუძნდეს ამავე სახელწოდების მქონე უკვე არსებული ასოციაციის მინიმუმ ერთი წევრის ინიციატივით. თითოეული ასეთი ასოციაცია იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა იქნეს დაფუძნებული, რომელშიც მას გააჩნია სათავო ოფისი. ამგვარად დაფუძნებული ასოციაციები ერთმანეთთან სუბორდინაციაში არ იმყოფებიან და A.F.P.R.F. (ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევების ასოციაცია)- „ესპას ანალიტიკ“-თან ერთად „ესპას ანალიტიკ“-ის ქსელს ქმნიან. თითოეული ასოციაციის დაფუძნებას A.F.P.R.F. –„ესპას ანალიტიკ“-ის (ფრანგული ასოციაციის) და სხვა ქვეყნებში უკვე არსებული ამავე სახელწოდების ასოციაციების დირექტორთა საბჭოს თანხმობა სჭირდება. დირექტორთა საბჭოს გადაწვეტილება ახალ ასოციაციას „ესპას ანალიტიკ“-ის სახელისა და მის ქსელში გაერთიანების უფლებას ანიჭებს. ამ უფლებით სარგებლობაზე კონტროლს შემდგომ „ესპას ანალიტიკ“-ის „საეთაშორისო კოლეჯი“ ახორციელებს (იხ. მე-9 მუხლი).  ამ ასოციაციების წესდებები უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებებს პროექტსა და საერთო ორიენტაციებზე, მათ შორის, დებულებებს ფსიქოანალიზის უმთავრეს საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანს ფსიქოანალიზის პოლიტიკის პერიოდული განახლება უნდა წარმოადგენდეს.

ამ მიზნით „ესპას ანალიტიკ“-ის ასოციაციებს შორის უნდა ჩამოყალიბდეს საერთო მუშაობის ფორმა. მეორე მხრივ, თითოეული ასოციაცია ვალდებულია:

  • შეიტანოს თავის დებულებასა და შინაგანაწესში „ესპას ანალიტიკ“-ის „საერთაშორისო კოლეჯი“, სულ მცირე ისეთივე პრეროგატივებით, რომლებიც გათვალისწინებულია დებულების მე-9 მუხლში. კოლეჯი „ესპას ანალიტიკ“-ის ასოციაციების საერთო ხელმძღვანელი ორგანოა და მათ შორის კავშირს უზრუნველყოფს;

  • თავის დებულებასა და შინაგანაწესში მოიხსენიოს „ესპას ანალიტიკ“-ის ქსელში გაერთიანებული სხვა ასოციაციები;

  • ხელი შეუწყოს ასოციაციებს შორის ჯვარედინ რეგისტრაციებს;

  • წესდებების სხვა დებულებებთან დაკავშირებით სასურველია, რომ დაცული იყოს გარკვეული სიახლოვე/კავშირი, რაც ასოციაციებს, მაგალითად, შესაძლებლობას მისცემს აღიარონ ერთმანეთში გახორციელებული დანიშვნები და სხვა“.