30885520882_edited_edited.jpg

ᲡᲐᲛᲙᲘᲗᲮᲕᲔᲚᲝ ᲯᲒᲣᲤᲘ

ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ ტექსტებზე მუშაობა

ფსიქოანალიზი წარმოადგენს მოძღვრებას ფსიქიკური ცხოვრების შესახებ, რომელიც მისი დაბადებიდან დღემდე მოიცავს ყველაზე ვრცელ და შეიძლება ითქვას ამოუწურავ რაოდენობას ნაშრომების, წიგნებისა და გამოქვეყნებული სტატიებისა. მხოლოდ საფრანგეთში წელიწადში ათეულობით წიგნი იწერება, რომელიც ამდიდრებს ისედაც უსაზღვროდ ვრცელ ფსიქოანალიტიკურ ბიბლიოთეკას. იბეჭდება ათასობით სტატია. მიუხედავად ამისა, ფსიქოანალიზი როგორც თეორია ეფუძნება ფუნდამენტურ ტექსტებს და ავტორებს, რომლებმაც ჯერ დააფუძნეს, ხოლო მოგვიანებით ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანეს ანალიტიკურ თეორიაში. ჩვენი ასოციაცია მიიჩნევს, რომ ფროიდთან ერთდ ამ ავტორთა რიცხვს განეკუთვნება ჟაკ ლაკანი, მელანი კლაინი და დონალდ ვინიკოტი. ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე მრავალი წელია ჯგუფში მუშაობს ფუნდამენტურ ტექსტებზე, თუმცა 2020 წლიდან ეს სამუშაო უფრო მეტად სტრუქტურირებული და ორგანიზებული გახდა, უფრო ინტენსიურიც. ძირითადად, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ჯგუფი ირჩევს ზემოთ ჩამოთვლილი ავტორების, რომელიმე ერთ ნაშრომს ან სტატიას, რომელმაც შეცვალა ფსიქოანალიტიკური თეორია, დააფუძნა ახალი კონცეპტი, ან კლინიკურად ნაყოფიერი აღმოჩნდა ფსიქოანალიზის ისტორიაში.

2011 წელს ჯგუფის დაფუძნებისა და მისი ფუნქციონირების ერთ–ერთი მიზანი იყო ფუნდამენტური ფსიქოანალიტიკური შრომების კითხვა და მათი განხილვა ჯგუფში. კლასიკური ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტების გააზრება კოლეგებთან ერთად და ანალიტიკური ტექსტების პრეზენტაცია ჯგუფის წევრების მიერ.  ტექსტებზე მუშაობის დროს ჯგუფი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით:

ჯგუფის წევრები შეთანხმების საფუძველზე ირჩევენ ერთ რომელიმე ნაშრომს ან სტატიას. თითოეული მათგანი ტექსტზე მუშაობს დამოუკიდებლად, ეცნობა მას მთლიანად, მაგრამ ამავე დროს ირჩევს ნაშრომის ერთ–ერთ, მისთვის საინტერესო ნაწილს და წარუდგენს მას ჯგუფს. ე.ი. ტექსტი (იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება ვრცელ ნაშრომს) ნაწილდება ჯგუფის წევრებზე, ხოლო თითოეული წევრი საკუთარი ნაწილის პრეზენტაციას ახდენს. პრეზენტაცია ჯგუფში ნაშრომის ხმამაღლა წაკითხვას არ ნიშნავს, არამედ წარმდგენი ტექსტს დამუშავებული და გააზრებული სახით წარადგენს, რომელსაც მოხსენების ან სემინარის სახე აქვს. ნაშრომის ერთი ნაწილის წარდგენის შემდეგ ჯგუფი მსჯელობს და განიხილავს ტექსტის შინაარსს, ტექსტის თეორიულ და კლინიკურ ასპექტებს. ნაშრომის რთულ და ძნელად გასაგებ კონცეპტებზე ჯგუფი მუშაობს კოლექტიურად. თუ ჯგუფი ირჩევს ფსიქოანალიტიკური ლიტერატურიდან მნიშვნელოვან სტატიას (მაგ. ფერენცის, ვინიკოტის, ფროიდის სტატიას), ის ნაშრომზე მსჯელობას უძღვნის მხოლოდ ერთ შეხვედრას. ვრცელი ნაშრომის, წიგნის შემთხვევაში (მაგ. ფროიდის სიზმრების ინტერპრეტაცია, სამი ესე სექსუალობის შესახებ და ა.შ.) ჯგუფურ განხილვებს და პრეზენტაციებს შესაძლოა მიეძღვნას რამდენიმე შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი ტექსტების განხილვას სემინარებისა და ამავე დროს კლინიკური დისკუსიების სახე აქვს, რაც არა მხოლოდ ტექსტის გაგებასა და მის თეორიულ-კლინიკურ გააზრებას უწყობს ხელს, არამედ მონაწილეებს საშუალებას აძლევს გაცვალონ მოსაზრებები, გაიხსენონ კლინიკური შემთხვევები და შემთხვევის ამონარიდები, რომლებიც ტექსტის განხილვის პროცესში შეიძლება გაახსენდებათ. ფსიქოანალიზის ფუნდამენტური ტექსტების ჯგუფში განხილვა ქმნის „თავისუფალი ასოციაციებისათვის“ ხელსაყრელ გარემოს.

სამკითხველო ჯგუფის შეხვედრები იწერება და ინახება ასოციაციის არქივში. ამჟამად სამკითხველო ჯგუფში 15-25 ადამიანი მონაწილეობს და ის ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის (ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი, რომ მონაწილე იყოს პროფესიით, ე.ი. საუნივერსიტეტო განათლებით ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი), რომელიც ასოციაციის საწევრო გადასახადს იხდის, როგორც ასოცირებული წევრი (იხ. გაწევრიანების პირობები).