top of page
Search

,,ოპერაციული აზროვნება” - თეორიული კონცეპტი პარიზის ფსიქოსომატური სკოლის მიხედვით


ავტორები: პიერ მარტი და მიშელ დე მ’უზენი

ფანტაზმის არარსებობა, ოპერაციული აზროვნება, ფსიქიკური სიცარიელე და სომატიზაციის მექანიზმი


მოცემული სტატია ეხება ფსიქოსომატიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ კონცეპტს - ოპერაციულ აზროვნებას, რომელიც უკავშირდება ფანტაზმისა თუ ფანტაზმატიკური აქტივობის არარსებობას ან/და დეფიციტს ინდივიდის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ისევე, როგორც სიზმრის მუშაობა, ფანტაზმატიკური აქტივობა ინდივიდის ყოველდღიური ფსიქიკური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი შემადგენელია, რადგან ლტოლვითი ტენდენციების უწყვეტ სიმბოლიზაციას უზრუნველყოფენ, ისევე როგორც გარკვეულ გარე თუ შიდაფსიქიკურ პროცესებს რეპრეზენტაციის სამსახურში დგანან. პიერ მარტისა და მიშელ დე მ’უზენის თანახმად, სიზმრის მუშაობა (რომელსაც ფროიდი ნაშრომში ,,სიზმრების ინტერპრეტაცია” აღწერს როგორც ფსიქიკურ პროცესს, რომელიც სიზმრის ლატენტურ შინაარსს  მანიფესტურ შინაარსად გარდაქმნის) ისევე, როგორც ფანტაზმატიკური აქტივობა, იცავს ფსიქიკას და სხეულს სწორედ მათი ინტეგრაციული ფუნქციის მეშვეობით. მიიჩნევენ, რომ ფსიქიკური ღირებულება რომელიც სიზმარს აქვს, ისევე შეიძლება მიესადაგოს ფანტაზმურ აქტივობას. უფრო კონკრეტულად ფანტაზმის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ  ის წარმოადგენს წარმოსახვით სცენარს, რომელშიც სუბიექტი თავად არის ჩართული და რომელიც, მეტ-ნაკლებად სახეცვლილი ფორმით, ასახავს არაცნობიერი სურვილის ასრულებას (Laplanche & Pontalis, 1967/1973).  ფანტაზმი არის  სცენოგრაფიული ველი ფსიქიკაში, ,,დრამატიზაციის’’ თუ სურათხატების ერთგვარი პროექტორი, რომელიც აზროვნების პროცესს ახლავს თან და ფსიქიკურ ეკონომიაში დიდ როლს ასრულებს; აზროვნების მოქნილობა და მისი თავისუფალი დინება სწორედ ფანტაზმატიკური აქტივობის გავლენით არის ისეთი, როგორიც არის - დინამიური და რომელიც ფანტაზმის გავლენით მხოლოდ აზროვნებით, კოგნიტურ და ინტელექტუალურ პროცესებზე აღარ დაიყვანება. რა ხდება მაშინ, როცა ის არ არსებობს, როდესაც  სუბიექტის ფსიქიკურ ცხოვრებაში ფანტაზმატური და წარმოსახვითი აქტივობა დეფიციტარული ხდება? ინტეგრაციის ეს ფუნქცია, რომელზეც ავტორები საუბრობენ, ყველაზე ნათლად დაიკვირვება ფსიქოსომატურ პაციენტებში მაშინ, როდესაც მათთან ეს ფუნქცია ან არ არის წარმოდგენილი, ან მასიურ დეფიციტს განიცდის. ამ დროს კი, მნიშვნელოვანია ავტორთა მიერ იმის შენიშვნა, რომ ფანტაზმის დეფიციტი თუ არარსებობა თანაარსებობს/წარმოდგენილია აზროვნების სრულიად ორიგინალურ ფორმასთან, რომელსაც ,,ოპერაციულ აზროვნებას” უწოდებენ.


პირველ რიგში ვთქვათ, რომ ,,ოპერაციული აზროვნების’’(pensée opératoire) ახსნისას, საუბარია (1) ცნობიერ აზროვნების პროცესზე,  რომელიც წარმოდგენილია რაიმე საგრძნობი დონის ფანტაზმატიკურ აქტივობასთან კავშირის გარეშე (Marty & de M'Uzan, 1994/1963), მოკლებულია ,,სარჩულს” და გაჯერებულია მშრალი ფაქტებით, არ არის სიმბოლო წარმოდგენილი, არ არის მეტაფორა და ა.შ თუ ლაკანიანურად განვმარტავთ, ესაა ,,აღმნიშნელის გაქვავება” - აზრი აღარ არის დაკავშირებული არაცნობიერთან და არაცნობიერ სურვილთან, ის წყდება ,,სუბიექტს” და რჩება მხოლოდ მშრალი ინფორმაცია (ოპერაციული აზროვნების დროს დისტანცია აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის ქრება და სიტყვა აღარ არის სიმბოლო, ის ნივთის მატერიის ნაწილი ხდება, აქ სიტყვა კარგავს თავის მეტაფორულ ფუნქციას და ხდება მხოლოდ სიგნალი. ინდივიდი სიმბოლურის რეგისტრიდან ამოვარდნას განიცდის, რეალურს პირდაპირ ეჯახება და ენა მისი ,,ოპერაციული” ინსტრუმენტია მხოლოდ) და,  (2) თან სდევს და ,,ასურათებს’’ მოქმედებას, ზოგჯერ წინ უსწრებს  ან მოჰყვება მას, მაგრამ შეზღუდულ დროით ველში (Marty & de M'Uzan, 1994/1963). აზრი არ სცილდება მოქმედებას, ის განუყოფლად მიჰყვება მხოლოდ მას, ესაა არა აზროვნება, რომელიც სამყაროს გააზრებაში ინსტრუმენტად სჭირდება ინდივიდს, არამედ არის ,,მოქმედების ჩრდილი”.  აქ არ არის დაყოვნება, და ,,შეზღუდული დროითი ველიც” გულისხმობს არა დროის ფიზიკურ სიმცირეს არამედ იმას, რომ ინდივიდში არ არის წარმოდგენილი ფსიქიკური დროითი ფაქტორი, მაგ: წარსულის თანხლება და გააზრება. ოპერაციული სუბიექტი პირდაპირ მოქმედებაზეა გადაჯაჭვული, მასთან აზრი და მოქმედება თითქმის ერთიდაიგივეა, მიჯაჭვულია ,,აქ და ამჟამად” გამოცდილებას. დრო მხოლოდ თანმიმდევრობად იქცევა, ხოლო წარსული და მომავალი ინდივიდის დისკურსში მხოლოდ აწმყოს ,,ნაფლეთებადაა’’ ქცეული. შედეგად სუბიექტი არ ყვება განცდას ან არ საუბრობს ოცნებაზე, არამედ ასახელებს მოქმედებებსა და მოვლენებს. როდესაც აზროვნება ხდება ოპერაციული, ფსიქიკურ დაძაბულობას აღარ აქვს გამოსავალი, ის ფანტაზმში ვერ მოიხელთება, ამიტომ, მთელი ეს ენერგია პირდაპირ სხეულში, ორგანოში ჰპოვებს ,,გამოსავალს” და მასზე გადმოდის.


ავტორები კლინიკური მაგალითის განხილვისას აღნიშნავენ, რომ ადგილი აქვს ,,თეთრ ურთიერთობას”(relation blanche). პაციენტი მართალია, უჩივის სხვადასხვა სომატურ სიმპტომს, მაგალითად, როგორიცაა თავის ტკივილი, კიდურების კანკალი, მეხსიერების დარღვევები, მოძრაობის კოორდინაციის დეფიციტი, მაგრამ ის ჩივილებს გადმოსცემს როგორც იზოლირებულ ფაქტებს, მოაქვს საკუთარი სიმპტომები ისე, თითქოს მას აბარებს სხვას, რომელმაც ყოველგვარი აფექტური გაცვლის გარეშე უნდა უმკურნალოს სიმპტომს. იგი დისტანციას კი არ იჭერს ანალიტიკოსისადმი, არამედ ის თითქოსდა არის ,,ცარიელი”,  ეს კონტაქტი ერთგვარად მოკლებულია სინამდვილეს, იმდენად რამდენადაც პროცესის დროს, ანალიტიკოსი ვერ იღებს ვერც ერთ ასოციაციას, რომელიც მყარად არ უკავშირდება ფაქტების მხოლოდ ვიწროდ მატერიალურ აღწერას (მოქცეულს შეზღუდულ დროით ველში), წმინდად ტექნიკურ დეტალებს. ეს, უხეშად თუ ვიტყვით, არის „ტრანსფერული ვაკუუმი“. ოპერაციულ პაციენტთან ანალიტიკოსი ხშირად გრძნობს არა წინააღმდეგობას, არამედ ერთგვარ  „გამოთიშვას“ (déconnexion), რადგან პაციენტის სიტყვებს არ მოჰყვება ემოციური ექო. სუბიექტის მეტყველება მხოლოდ მაქსიმალურად ზუსტად ასახავს მის მოქმედებებს (ასურათებს მას), არ გულისხმობს არავითარ ელაბორაციას (გადამუშავების ფსიქიკურ პროცესს). შედეგად მისი აზროვნება მჭიდროდ ეკვრის საგნების პრაქტიკულ გამოყენებადობას. იმ შემთხვევაში თუ კი ხდება აზრთა მიმდევრობის წარსულში გადატანა, ეს მხოლოდ მათი აწმყოს ნაფლეთებად გადაქცევით არის შესაძლებელი, სადაც ყოველ სიტყვაზე დომინირებს აწმყო ფაქტების თანმიმდევრობა. ინდივიდი მიჰყვება აზრთა მდინარებას ისე, რომ არ ფიგურირებს ფანტაზმატიკური აქტივობა. ოპერაციული აზროვნების, როგორც სიმპტომის, სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მიმართულია არა მნიშვნელობის გადმოცემისაკენ, არამედ მისი დუბლირებისკენ. აქ სიტყვა სხვა არაფერია, თუ არა იმის გამეორება, რაც მოქმედებისას შესრულდა მოტორული თვალსაზრისით. სიტყვები დეინვესტირებულია, თითქმის (თუ არა უკიდურესად) აქრობენ დისტანციას აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის. ამგვარად, ოპერაციული აზროვნება აღმოჩნდება უუნარო  უზრუნველყოს ლიბიდინალური მუხტის ის ჰარმონიული განაწილება, რომელიც მოქნილი და ნიუანსირებული ურთიერთობების დამყარების საშუალებას იძლევა. ავტორების თქმით, მათი პაციენტები მსგავსი ფსიქიკური ორგანიზაციით არ ხედავენ სიზმრებს, ან, სულ მცირე, ვერ ახერხებენ გადმოსცენ ისინი, და თუ ამას ახერხებენ, მათი მონათხრობი მაინც ოპერაციული აზროვნების წესებს ექვემდებარება: ისინი მხოლოდ დეტალურად აღწერენ სიზმრის სცენოგრაფიიდან კონკრეტულ მოქმედებას ან მოქმედებათა თანმიმდევრობას, რომელიც ყოველთვის მჭიდროდ არის დაკავშირებული აქტუალურ რეალობასთან. რა თქმა უნდა, ასეთი სიზმრები გულისხმობს ლტოლვით ინვესტირებას, მაგრამ ასოციაციების სრული არარსებობა ძირეულ პრობლემას აჩენს, თუმცა დიდ თერაპიულ მნიშვნელობას იძენს ანალიტიკოსის დუმილი ანალიზის პროცესში (Marty & de M'Uzan, 1994/1963). დუმილი უნდა იქცეს იმ სივრცედ პაციენტისთვის, სადაც ხელი არ უნდა შეეშალოს იმის წარმოქმნას, რაც ჯერ პაციენტში არ ,,დაბადებულა”. მნიშვნელობას იძენს თავად სიმბოლიცაზიის უნარის რეკონსტრუქცია, ამ ფსიქიკური ფუნქციის ხელახლა დაბადება.


როდის ცხოვრობს ადამიანი ინსტრუქციებით და არა გრძნობებითა და შემოქმედებითი მიდგომით? ავტორები განიხილავენ ინდივიდს, რომელიც კლინიკაში შეხვედრისას კითხვას სვამს: ,,მამაჩემი გარდაიცვალა, რას აკეთებენ ასეთ შემთხვევაში?” ახალმა სიტუაციამ იგი უმწეო მდგომარეობაშ ჩააყენა (Marty & de M'Uzan, 1994/1963). გლოვა მისთვის სოციალური პროცედურის ნაწილი უფროა, ვიდრე ემოციური პროცესი, სუბიექტი გარკვეულწილად, კარგავს შინაგან საყრდენს, არ გააჩნია ფსიქიკური ,,ინსტრუმენტი” ტკივილის გასამკლავებლად, ფსიქიკური ,,კორპუსი” და იძულებულია აქტუალურ მოცემულობას ძლიერად ჩაეჭიდოს, ცდილობს გარეთ იპოვოს მზა რეცეპტში ის, რაც სჭირდება, რადგან მასში შემოქმედებითი აზროვნება არაა საკმარისად წარმოდგენილი. ის იწყებს საზოგადოებრივი შაბლონის ძებნას მისი უნიკალური გამოცდილების გადამუშავების და ,,მოწესრიგების” საპასუხოდ, რადგან ფსიქიკურად თავად უძლურია ფაქტის ფსიქიკური გადამუშავების წინაშე. ის რეალობასთან უკიდურესად ახლოს დგება, მაშინ როდესაც ფანტაზმატიკური აქტივობა მტკივნეული რეალობისაგან დისტანცირების შესაძლებლობას მისცემდა . ფაქტზე მსგავსად ძლიერი ,,მოჭიდება” მისი ფსიქიკური გადარჩენის საშუალებას ქმნის. შესაბამისად, აქ ვხვდებით იდენტიფიკაციას მაგ: სოციალურ როლთან, გარკვეულ ქცვასა თუ ჟესტთან, ეს იდენტიფიკაცია ლიბიდინალურ მუხტს არის მოკლებული. ლიბიდინალური ინვესტიციისა და ფანტაზმური ქატივობის დეფიციტი სომატურ ჩივილებში ვლინდება. ამ დროს ადამიანი სამყაროსთან მხოლოდ ფიზიკური მოქმედებებითა და შეგრძნებებით არის დაკავშირებული, და არა სიმბოლოებით ან ემოციებით, რადგან ის რეალურს იღებს პირდაპირ, როგორც ფაქტსა და მოცემულობას, შესაბამისად იმყოფება ერთგვარი  ,,თმენის” რეჟიმში, ხოლო ცხოვრებისეული მოვლენები ფაქტების გროვად იქცევა, რომელიც მას ეჯახება როგორც რეალური. აქტუალურ მოცემულობაზე დაწვრილებით და დეტალურად ,,ჩაძიება”  დამცავ ფუნქციას ასრულებს. შედეგად ოპერაციული აზროვნება წარმოგვიდგება როგორც საგრძნობი ლიბიდინური ღირებულების არმქონე აზროვნების ფორმა,  ინდივიდის ფსიქიკა ფაქტობრივად დაუცველი რჩება. 


გარკვეული თვალსაზრისით, ავტორები აღნიშნავენ, რომ ოპერაციული აზროვნებისას გვხვდება ორიენტაცია გრძნობად რეალობაზე, მიზეზ-შედეგობრიობაზე, ლოგიკასა და უწყვეტობაზე და ა.შ. მაგრამ მსგავისი აზროვნების აქტივობა არსებითად საგნებს უკავშირდება და არასოდეს — წარმოსახვის პროდუქტებს ან სიმბოლურ გამოხატულებებს. თუკი არსებობს მომავალზე ორიენტაცია (განჭვრეტა), იგი ყოველთვის მიემართება ან კონკრეტულ ობიექტებს, ან მოქმედებებს, ან აბსტრაქტულ კონცეპტებს, ისე, რომ არასოდეს ავითარებს, მაგალითად, სიზმრის მეორადი გადამუშავების ანალოგიურ აქტივობას. რაც მიგვანიშნებს სიტყვებთან კავშირის სისუსტეზე (სიტყვას, ასე ვთქვათ ჩამოშლილი აქვს ფანტაზმური, ასოციაციური ან სიმბოლური დონე, ის ,ცარიელია”, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვაა მისი მკაცრი პირველადი გაგებით). ადამიანის გონება ამ დროს იქცევა არა როგორც მთარგმნელი, არამედ, როგორც უბრალოდ ,,გამტარი”.    მიშელ დ’მუზენი მიუთითებს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს არქაულ დონესთან და სიდერაციის (უეცარი ,,გაშეშება” შეჩერება, დე მ;უზანის მიხედვით: ფსიქიკური ,,დამბლა” ძლიერი ფსიქიკური დარტყმის საპასუხოდ) ცნებას იყენებს, რა დროსაც განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩნდება ,,ნაპრალი” ფსიქიკურ აპარატში. ავტორის აზრით, ხშირად, ეს არის პასუხი იმგვარ გარემოზე, სადაც ინდივიდისაგან მოითხოვდნენ მხოლოდ ფუნქციონირებას (Marty & de M'Uzan, 1994/1963), რა დროსაც მის მიერ აფექტური ლტოლვის ფსიქიკური ელაბორაცია ვერ ხდება, ის ოპერაციული აზროვნების, როგორც კომპრომისული ფორმაციის გზით, იცავს ფსიქიკას, მაგრამ საპასუხოდ ავითარებს სომატურ დაავადებას. 


ოპერაციული აზროვნება ზემოთხსენებული აღწერილობის მიუხედავად, არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ის არაცნობიერთან კავშირის დანახვის შესაძლებლობას ართმევს ანალიტიკოსს. რეალურად,  ვერბალური კონტექსტთან შეუსაბამო დესტრუქციული აქტები თუ გამოვლინებები ფსიქოსომატურ პაციენტებში იმას უსვამს ხაზს, რომ ვისაუბროთ იმგვარ არაცნობიერ დეტერმინაციაზე, რა დროსაც ფსიქიკური აპარატი უბრალოდ კოლაფსს განიცდის,  ,,გამოტოვებს” ფანტაზმურ აქტივობას და რეგრესიის წყალობით (რომელიც აზროვნების დემეტაფორიზაციაშიც თუ დესიმბოლიზაციაშიც ვლინდება), დეზინტეგრაციის საფუძველზე, გზა ეხსნება სომატიზაციას. თუ ლტოლვებს და მათ ფსიქიკურ ენერგიას წარმოვიდგენთ როგორც მაღალი ძაბვის დენს, ისინი სანამ ცნობიერებამდე მიაღწევს და გამოიხატება რაიმე ფორმით, გადის მრავალ არხში, უხეშად თუ ვიტყვით, ,,ტრანსფორმატორში”, როგორებიცაა სიზმარი, სიმბოლო, ფანტაზმი, მოგონებები და ა.შ ეს უსაფრთხო გზაა დენის გასატარებლად. ოპერაციული აზოვნების მქონე ინდივიდის ფსიქიკა ასე ვთქვათ, აკეთებს ,,ნახტომს” და ფანტაზმატიკური აქტივობის ,,ტრანსფორმატორს” არ გაივლის, ეს ფსიქიკის ერთგვარ ,,მოკლე ჩართვას” ჰგავს, ენერგია არ გარდაიქმნება აფექტური მუხტის მქონე აზრებად, ის ფიზიკურ დაძაბულობად რჩება და ნედლი სახით გადმოედინება სხეულში, ადგილი აქვს სომატიზაციას და ჩნდება დაავადება. ამრიგად, ინდივიდი ფსიქიკურ სიღარიბეს განიცდის და კიდევ ,,საზღაურს’’ იხდის სომატიზაციით.


ავტორების თანახმად, ოპრაციული აზროვნების მქონე ინდივიდის შემთხვევაში, წამოცდენას არაცნობიერი საფუძველი არ გააჩნია, არამედ, ესაა დაძაბულობის შეკავების შეუძლებლობა, რაც ენაში გამოვლინდება. ჩვეულებრივ შემთხვევაში, დაძაბულობას ინდივიდის ფსიქიკა ამუშავებს სიმბოლიზაციის, ფანტაზმატიკური აქტივობის, დრამატიზაციისა თუ წარსულის გახსენების საშუალებით, ოპერაციული აზროვნების შემთხვევაში მსგავსი ფსიქიკური ,,ფილტრაცია” არ არსებობს, არამედ რჩება მხოლოდ ინსტრუმენტული ფუნქცია გონების და აზროვნების, რჩება ლოგიკა, ფაქტები და ტექნიკური დეტალები. ინსტრუმენტული ფუნქცია იპყობს ინდივიდის მთელი ფსიქიკური თუ ფიზიკური ცხოვრების ველს (Marty & de M'Uzan, 1994/1963). სიმბოლური ან აფექტური გადამუშავების ადგილი არ რჩება.      


ავტორთათვის ოპერაციული აზროვნების მქონე ფსიქოსომატური პაციენტი არის სუბიექტი, რომლის ფსიქიკამაც გარკვეული „დეზორგანიზაცია“ განიცადა; „აზროვნების მსგავსი ორგანიზაცია, ლტოლვების ინტეგრაციისთვის ფუნქციური ღირებულების ნაკლებობის გამო, ვერ პოულობს ადგილს სუბიექტის ფსიქიკურ ეკონომიაში. კლინიკურ შემთხვევებზე დაკვირვებისას ასკვნიან, რომ სომატური ფუნქციები წარმოადგენს ძირითად ეკონომიკურ გზას და ხდება პათოლოგიური ჯაჭვების ფორმირების ადგილი (Marty & de M'Uzan, 1963/1994). ფსიქიკის ამგვარი მუშაობა ერთის მხრივ, არის ის, რაც ფსიქოსომატურ პაციენტებში სიმპტომის სახით ვლინდება, ხოლო, მეორე მხრივ — შესაძლოა ფსიქოსომატური დაავადების ჩამოყალიბების ფუნდამენტად იქცეს. ორგანული პათოლოგია თავს იჩენს მაშინ, როდესაც ფანტაზმური აქტივობის დეფიციტის გამო, სუბიექტი რაიმე მოვლენისა და ბიოლოგიური მოწყვლადობის ფონზე ვეღარ ახერხებს აფექტურ გადამუშავებას. 





ბიბლიოგრაფია:

Marty, P., & de M'Uzan, M. (1994). La « pensée opératoire ». Revue française de psychosomatique, (6), 197–208. https://doi.org/10.3917/rfps.006.0197 (Original work published 1963). 

ფროიდი, ზ. (2024). სიზმრების ინტერპრეტაცია. თბილისი. გამომცემლობა: ,,დიოგენე”.

ვანიე, ა. (2022). ფსიქოანალიზის შესავალი. თბილისი.  გამომცემლობა: ,,დიოგენე”.

Laplanche, J., & Pontalis, J.-B. (1973). The language of psycho-analysis (D. Nicholson-Smith, Trans.). W. W. Norton & Company. (Original work published 1967).

 


 
 
 

Comments


bottom of page