top of page
Search
Writer's pictureGiga Maminashvili

ფროიდი და ფსიქოზი

1883 წლის მაისში ახალგაზრდა ზიგმუნდ ფროიდი უერთდება ფსიქიატრიის განყოფილებას, რომელსაც ხელმძღვანელობს ფსიქიატრიისა და ნეირო-ანატომიის კათედრის ხელმძღვანელი გერმანელი Theodor Hermann Meynert (1833-1892), ვისთანაც არის დაკავშირებული პირველი ფსიქიატრიული კლინიკის დაარსება ქალაქ ვენაში1870 წელს. ფროიდი მეინერისადმი, როგორც ფსიქიატრისადმი, დიდი მოწიწებით არის განსმჭვალული. ის ამ განყოფილებაში მუშაობს დღეში 7 საათს. 2 თვის განმავლობაში მუშაობს მამაკაცთა განყოფილებაში, ხოლო 3 თვის განმავლობაში ქალთა განყოფილებაში. ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებთან ეს მისი პირველი შეხვედრა იქნება.


Kahlbaum-მა(1826-1899) 1863 წელს, ხოლო Meckert-მა1871-წელს ცალკე გამოყვეს ებეფრენია, მეკერტმა 1874 წელს იგივე გააკეთა კატატონიისათვის, თუმცა სწორედ კრეპელინის(1856-1926) დამსახურებაა ფსიქიატრიის ნარკვევის 1899 წლის მეექვსე გამოცემაში, ნაადრევი გონებასუსტობისაგან, დემენცია პრეკოქსისაგან ისეთ ცნებების განცალკევება და კლასიფიცირება, როგორიც არის პარანოია, პარაფრენია და მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ფსიქიატრიას თითქმის არ აინტერესებდა ფსიქოზების ფსიქოგენეზის საკითხი, რაც ვერ დააკმაყოფილებდა ფროიდს, რომელიც ფსიქიკური აშლილობების ფსიქოგენეზის ძიებით იყო დაკავებული. ფროიდის ინტერესი ფსიქოზის საკითხისადმი გულისხმობს ერთი მხრივ, პარანოიის, მელანქოლიისა და დემენცია პრეკოქსის შემთხვევების კვლევაში ანალიტიკური მეთოდის გამოყენებას, ხოლო მეორე მხრივ, ის ცდილობს გამოყოს ფსიქოზების სპეციფიკურობა და განსხვავება ნევროზებთან მიმართებაში. 1894-დან 1897 წლამდე ფროიდი წერს არაერთ სტატიას, სადაც ის სწავლობს „დაცვის ფსიქონევროზების ბუნებას“, რომლის ფარგლებშიც ამ დროისათვის პარანოიაც მოიაზრება.


ფროიდის ფლისთან მიმოწერა, მდიდარია ისეთი აშლილობების წარმოშობისა და გენეზის შესახებ სპეკულაციებით, რომელსაც დღეს ჩვენ ვუწოდებთ ფსიქიკურ აშლილობებს. აღსანიშნავია, რომ პიერ ჟანესა (1859-1947)და G. M.Beard (1839-1883 )მოსაზრებებისაგან განსხვავებით, ფროიდისათვის მელანქოლია დაკავშირებულია ფსიქიკური ენერგიის სიჭარბესთან, აკუმულაციასთან და არა ამ ენერგიის დეფიციტთან. ფროიდი აგრეთვე აღწერს პროექციის მექანიზმს პარანოიის დროს, რომელიც განსხვავდება პროექციისაგან ნევროტიკთან, იმით, რომ პარანოიის დროს პროექციის ოპერაცია უცნობია სუბიექტისთვის, {ის ვერ აცნობიერებს, რომ პროეცირებს}, ხოლო აფექტი პარანოიის შემთხვევაში სუბიექტს გარედან უბრუნდება ჰალუცინატორული ფორმით, ჰალუცინატორული გზით. ხშირად ობსესიური ნევროზი, უფრო მეტად ვიდრე ისტერია, გამოიყენება როგორც მოდელი, რომელიც ფსიქოზებისა და ნევროზების შედარებისა და მათ შორის არსებული განსხვავებების ჩვენების შესაძლებლობას გვაძლევს.


მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, ფროიდის საზრუნავს წარმოადგენს არა მხოლოდ ფსიქოზის ეტიოლოგიური ფაქტორების კვლევა, არამედ ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებთან ფსიქოანალიტიკური მკურნალობის საფუძვლების შესწავლაც. (ფლისისათვის 1897 წელის სექტემბერს მიწერილი წერილი სწორედ ამ საკითხს ეძღვნება). ამ თვალსაზრისით ის განაცალკევებს ბოდვითი ფსიქოზის ორ ფორმას, რომელიც ყველაზე ნაკლებად ემორჩილება ფსიქოანალიტიკურ მკურნალობას. ერთ შემთხვევაში საქმე ეხება ფსიქოზს, სადაც ჭარბობს ე.წ. „მოგონებების“ (souvenirs) ბოდვა, ხოლო მეორე შემთხვევაში ფსიქოზს, სადაც დომინირებს „ინტერპრეტაციული“ ბოდვა.


ფსიქოზის ისეთი მწვავე ფორმები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარებოდნენ ფროიდში იწვევს იმედგაცრუებას, რაც მას უბიძგებს ნევროზის სხვადასხვა ფორმის არჩევის არაცნობიერი მოტივების ძიებისაკენ. მაგრამ ამავე დროს ფსიქოზისა და მისი წარმოშობის საკითხი ფროიდის მიერ იქნება განხილული პარანოიის მაგალითზე, რომლის დროსაც “ მე“ იხლიჩება და ძლიერი ავტოეროტიული ბიძგის ფონზე წარმოიქმნება ერთმანეთისადმი გაუცხოებული რამდენიმე პიროვნება.


ნაშრომში „Le Délire et les rêves dans la Gradiva de W.Jensen“ , რომელიც გამოიცა 1907 წელს, ფროიდისთვის ბოდვის განსაზღვრება ახლოს დგას ფანტაზმის ცნებასთან, სადაც ფანტაზმი უპირატესობას იძენს {ფსიქიკურ ცხოვრებაში} ქმედებასთან მიმართებაში.


ფროიდის მიერ ლიტერატურული ტექსტის ინტერპრეტაციის ეს მცდელობა სიზმარს წარმოაჩენს, როგორც ნორმალური ბოდვის მაგალითს. თუმცა ფროიდი თავის თეორიას ფსიქოზის შესახებ ანვითარებს ნაშრომში სათაურით: „ფსიქოანალიტიკური ნარკვევი პარანოიული პაციენტის ავტობიოგრაფიის შესახებ: „პრეზიდენტი შრებერი“, ეს ნაშრომი ეყრდნობა პოლ შრებერის 1911 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს სახელწოდებით „ნევროპათის მოგონებები“.


ფროიდი იზიარებს კრეპელინის იდეას, რომლის მიხედვითაც პარანოია და შიზოფრენია ორ განსხვავებულ აშლილობას წარმოადგენს, თუმცა, ამავე დროს მიიჩნევს, რომ არსებობს ფსიქოზის შერეული ფორმა {მიქსი}, როდესაც ორივე აშლილობის სიმპტომები კომბინირებული სახით გვხვდება.


იმისათვის, რომ ფროიდმა აღწეროს სიმპტომთა ეს ერთობლიობა, მას შემოაქვს ტერმინი პარაფრენია და ამავე დროს სისტემატიზირებული მიდგომისაგან განსხვავებით უპირატესობას ანიჭებს ფსიქოდინამიკურ ძალთა თამაშის კვლევას, სადაც მნიშვნელობას იძენს ისეთი ცნებები, როგორიც არის ფიქსაცია და დაცვითი მექანიზმები.


ფროიდი მოუწოდებს მკითხველს „ღრმად ჩასწვდეს პარანოიული პაციენტის ისტორიას {იგულისხმება პრეზიდენტი შრებერი} და ამ ისტორიაში დაინახოს ყველასათვის ნაცნობი კომპლექსები და ინსტინქტუალური ძალები“. ის ანვითარებს მოსაზრებას, რომ პარანოია ნაცვლად „მამის კომპლექსისა“ დეტერმინირებულია ჰომოსექსუალური ფანტაზმით, რომელიც სხვადასხვა ფორმის ბოდვის შინაარსების ორგანიზებას ახდენს. იგულისხმება: პერსეკუცია/დევნა, განდიდების ბოდვა, ეროტომანია, ეჭვიანობის ბოდვა.


ბოდვის ეს ფორმები დაკავშირებულია პოზიციასთან მეორე ადამიანის მიმართ ზოგადად, აგრეთვე ნარცისულ ფაქტორებთან, რომლებიც ჰომოსექსუალური ფანტაზმის შემადგენლებს წარმოადგენენ. ფროიდის მიერ პროექცია მიჩნეულია, როგორც ყველაზე თვალშისაცემი მექანიზმი, რომელიც ბოდვის ამ ფორმების კონსტრუირებაში იღებს მონაწილეობას, ხოლო ბოდვა გაგებულია, როგორც განკურნების მცდელობები. ამგვარად, ფროიდი ითვალისიწნებს რა შრებერის ჰომოსექსუალობაზე მიმართულ დაცვით მექანიზმებს, ის მას პარანოიით დაავადებულთა რიცხვს მიაკუთვნებს, მაგრამ ამავე დროს შრებერთან პარანოიდული ასპექტებიც საკმარისად არის წარმოდგენილი. განასხვავებით პარანოიისაგან ფროიდი შიზოფრენიას განიხილავს, როგორც ბევრად უფრო არქაული ავტოეროტიული ფიქსაციების შედეგს.


ბოდვის ფორმები, რომლებიც ფროიდმა შრებერთან აღწერა, განუყოფლად არის დაკავშირებული ისეთ ფენომენთან, როგორიც არის გარესამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა. წვლილი, რომელიც ფროიდს მიუძღვის ფსიქოზების კლინიკური კვლევის საქმეში, გასაგებს ხდის მის თავშეკავებულ პოზიციას ფსიქოზების ფსიქოანალიტიკური მკურნალობისადმი.


ე.ი. თუ გარე სამყარო ფსიქიკური ენერგიისაგან იცლება, რაც ქმნის ბოდვისათვის აუცილებელ ენერგეტიკულ რესურსს, მაშინ სუბიექტს, რომელიც მსგავს ფსიქოდინამიკურ ცვლილებას განიცდის, აღარ ძალუძს ფსიქოთერაპიული ალიანსის დამყარება ფსიქოანალიტიკოსთან.


იმ დროისათვის ფროიდს მიაჩნდა, რომ ფსიქოანალიტიკოსი განასახიერებდა გარე სამყაროსა და სხვას {ამ სიტყვის ზოგადი გაგებით}, რაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს მის მიერ 1890 წელს ფსიქოზის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გაგრძელებას, განსკუთრებით ისეთ ფენომენს ეხება საქმე, რომელსაც ის უწოდებდა რეალობის უარყოფას და ამ მექანიზმით ცდილობდა აეხსნა ცნობიერების ჰალუცინატორული დაბინდვა.


მიუხედავად ამისა, ფროიდის 1911 წელს დაწერილი ტექსტი წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს თეორიაში, რადგან ის ცვლის თავის შეხედულებას ფსიქიკური რეალობის შესახებ. ამგვარად ტერმინ „ნარცისიზმის“, ან უფრო სწორად „ნარციზმის“, როგორც ფროიდი წერდა ამ სიტყვას, მნიშვნელობები კიდევ უფრო ზუსტდება, ის აღწერს ავტოეროტიული ლტოვების საკუთარ სხეულზე გაერთიანებას, ლტოლვების სხეულში დაგუბებას.


1911 წელს გამოცემული სტატია დანიელ-პოლ შრებერის მემუარების შესახებ, ფროიდსა და იუნგს შორის არსებულ უთანხმოებას კიდევ უფრო მეტად ამწვავებს და ნათელს ხდის. შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ლიბიდოსა და განდევნის ცნებები არ არის საკმარისი დემენცია პრეკოქსის {შიზოფრენია} სპეციფიურობის ასახსნელად, ე.ი. ეს ცნებები ამ დაავადების ყველა ასპექტს ვერ ითვალისწინებს, რასაც მრავალი კამათი და დაპირისპირება მოყვა.


ფროიდთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ იუნგი გვთავაზობს შიზოფრენიის მისეულ ხედვას. მისთვის ეს აშლილობა ავლენს როგორც პაციენტის ინდივიდუალურ შემადგენელ ნაწილებს, ასევე მითიურ-კოლექტიურ ასპექტებსაც, რომლებსაც ის უწოდებს არქეტიპებს.

1913 წელს ფროიდი სტატიაში „მკურნალობის დასაწყისი“ წერს: „როდესაც პაციენტი დაავადებულია პარაფრენიით და არა ისტერიით, ან ობსესიური ნევროზით, ექიმისთვის შეუძლებელია უერთგულოს განკურნების პირობას . სწორედ ამ მიზეზის გამო ის ცდილობს დიაგნოსტიკაში დაშვებული შეცდომების თავიდან აცილებას“.1914 წლიდან 1916 წლამდე, რომელიც გულისხმობს დროით მონაკვეთს ნაშრომებს შორის „ნარცისიზმის შესახებ“ და „შესავალი ფსიქოანალიზში“, რეალობის ადგილი, რეალობისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს ფსიქოზისა და ნევროზის განმასხვავებელ კრიტერიუმს.

შიზოფრენიის შემთხვევაში განდევნის ოპერაცია არ მუშაობს, საგნები ჩანაცვლებულია სიტყვებით. 1915 წელს დაწერილ სტატიაში სათაურით „არაცნობიერი“ ნათლად არის ნაჩვენები ის, თუ როგორ ეპყრობა ფსიქოზი ენას. ენისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით ფსიქოზი ძალიან ახლოს დგას სიზმართან.


დემენცია პრეკოქსის დროს საგნების მოხელთება მხოლოდ იმ ვერბალური ექსპრესიების დონეზე ხდება, რომლებიც შეესაბამებიან ამ საგნების „ჩრდილს“.1915 წლის და 1916 წლის ფროიდს ახსოვს კი ფროიდი 1891 წელს, როდესაც ის წერდა თავის ტექსტს აფაზიაზე და იკვლევდა სიტყვასა და საგანს შორის არსებულ კომპლექსურ მიმართებებს? ფროიდი დელიკატურ კავშირს სიტყვასა და საგნებს შორის ხელახლა იკვლევს. ნათელი ხდება, რომ ფსიქოზი სიტყვას ანიჭებს მთელ უპირატესობას საგანთან მიმართებაში. ე.ი. ფსიქოზის დროს ლიბიდოს გარე სამყაროსაგან უკან მიტაცება სრულიად არ ნიშნავს გარე სამყაროს დეზინვესტიციის შინაგანი ობიექტის ინვესტიციით ჩანაცვლებას.


ამ სიცარიელის ამოვსების მცდელობები ძალიან მყიფეა, ხოლო სიტყვის ინვესტირება საგნის ინვესტირების ხარჯზე, ხდება თეორიული ქვაკუთხედი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ნევროზი და ფსიქოზი. ნევროზების შემთხვევაში სიტყვები განდევნილია, ხოლო ფსიქოზის დროს საქმე ეხება გარე რეალობის ობიექტური ინვესტირების მცდელობებს, რაც „მე“-ს ნარცისტული რეგრესიის რისკის წინაშე აყენებს.


მელანქოლიის დროს საქმე გვაქვს მსგავსი რეგრესიის მანიფესტაციასთან, მაშინ როდესაც მანია ერთადერთი ობიექტით ვერ კმაყოფილდება და არც ამ ობიექტზე დიდხანს ფიქსაცია ხდება შესაძლებელი, რის გამოც მანია ამ ობიექტებს ერთი მეორის მიყოლებით ინელებს.


ფსიქიკური სტრუქტურის მეორე ტოპოგრაფიის შემოტანა ფროიდს შესაძლებლობას აძლევს შემოგვთავაზოს იდეა, რომელიც საერთო იქნება ყველა ფორმის ფსიქოზისათვის ზოგადად. მეორე ტოპოგრაფია წარმოადგენს ორიენტირს „სტრუქტურის“ დონეზე. ე.ი. ნევროზსა და ფსიქოზს შორის არსებული ძირითადი ტოპოგრაფიული განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: ნევროზის დროს საქმე ეხება ურთიერთობას მესა და იდს შორის, ხოლო ფსიქოზის დროს „მე“-სა და რეალობას შორის. აქ ფროიდი აღწერს მახასიათებლებს, რომელიც საერთოა ფსიქოზების ჯგუფისათვის და მათ განასხვავებს ნევროზისაგან. ის რაც ფსიქოზებს აერთიანებს, არის ნარცისტულ სტადიაზე ფიქსაციის ბუნება, ერთი ობიექტის მეორეთი ჩანაცვლების შეუძლებლობა და ზე-მეს დანაწევრება/მისი სრუქტურის მოშლა, რომლის სისასტიკეც ფსიქოზის დროს გარედან ჰალუცინატორული ფორმით უტევს შიზოფრენიით ან პარანოიით დაავადებულს, ხოლო მელანქოლიკთან თავს ავლენს სინდისის, მორალური ცნობიერების გრიმასში, რომელიც მელანქოლიაში მყოფ სუბიექტს თვითბრალდებებით გულს უწყალებს.


დასასრულს უნდა ავღნიშნოთ, რომ გავრცელებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ფროიდი არასდროს იღებდა ფსიქოტიკ პაციენტებს ანალიტიკურ მკურნალობაზე, არ არის სწორი, რადგან David D. Lynn-ის მიერ1933 წელს დადგენილ იქნა, რომ ფროიდი აწარმოებდა მკურნალობას ერთ ფსიქოზით დაავადებულ პაციენტთან 1925-დან 1930 წლამდე. ეს კაცი არქივებში მოხსენიებულია სახელით „A. B“, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო დაბადებული მდიდარ ამერიკულ ოჯახში. მას შემდეგ რაც ევგენი ბლეიერმა E. Bleuler (1857_1939) კლინიკურად აღწერა ეს პაციენტი, ის პასტორმა ო.ფისტერმა O. Pfister (1873-1956) ანდო ფროიდს. ამ მკურნალობის დროს მიღებული გამოცდილება გამოყენებული იქნება 1927 წელს დაწერილ სტატიაში სახელწოდებით „ფეტიშიზმი“.


თარგმანი: გიგა მამინაშვილი

794 views1 comment

1 Comment


Unknown member
Aug 04, 2022


PROBLEMES DE STÉRILITÉ , EMPÊCHER UN DIVORCE , TES PROBLÈMES DE COUPLE , TON INSTABILITÉ AU FOYER , TES PROBLEMES SENTIMENTAUX, LES MALADIES DÉCLARÉES INCURABLES PAR LA MÉDECINE MODERNE MAIS GUERIES PAR LA MÉDECINE TRADITIONNELLE , LA RICHESSE MAGIQUE ET TOUS VOS PROBLÈMES PARTICULIERS . CLIQUEZ SUR LE LIEN ET OBTENEZ VOS SOLUTIONS EN 3 JOURS DE RITUELS SPIRITUELS INTENSES SUR LE SITE WEB DU MAÎTRE https://maraboutagogoicha.com/ Email support@maraboutagogoicha.com WhatsAp +22996222048

Like
bottom of page