აზროვნების თავისუფლება გენერაციული AI-ის ეპოქაში
რას ვკარგავთ, როცა აზროვნებას მანქანას ვაბარებთ?

„ერთ დროს ადამიანებმა საკუთარი აზროვნება მანქანებს გადააბარეს იმ იმედით, რომ ეს მათ გაათავისუფლებდა. მაგრამ ამან მხოლოდ ის გახადა შესაძლებელი, რომ სხვა ადამიანებს, მანქანების დახმარებით, ისინი დაემონებინათ.“
ფრენკ ჰერბერტი, Dune (Herbert, 1965, თავი 1) (თარგმანი ინგლისურიდან)
შესავალი: აზროვნების დელეგირება და თავისუფლების პარადოქსი
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, განსაკუთრებით დიდი ენობრივი მოდელები (Large Language Models, LLMs), თანამედროვე ადამიანის ინტელექტუალურ ცხოვრებაში ახალ, სტრუქტურულად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი გამოყენება სცდება ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების ფარგლებს და სულ უფრო მეტად უკავშირდება კითხვების ფორმულირებას, განმარტებების შექმნასა და მსჯელობის ორგანიზებას (Hamamra & Uebel, 2026).
ამ ფონზე ფრენკ ჰერბერტის ფრაზა განსაკუთრებით საგულისხმოდ ჟღერს. მანქანები დიდი ხანია გვათავისუფლებენ ფიზიკური შრომისგან, კალკულატორი გვიმარტივებს გამოთვლებს, საძიებო სისტემა კი ინფორმაციის მოძიებას. გენერაციული AI ადამიანის ინტელექტუალური საქმიანობის იმ სფეროებშიც შედის, რომლებიც აქამდე უშუალოდ ადამიანის აზროვნებას უკავშირდებოდა: ის წერს, აწესრიგებს ინფორმაციას, გვთავაზობს ინტერპრეტაციებს, აყალიბებს არგუმენტებს და ზოგჯერ პასუხს იმაზე ადრე გვაძლევს, ვიდრე ჩვენ თვითონ მოვასწრებდით კითხვის ბოლომდე გააზრებას.
ერთი შეხედვით, ეს თავისუფლების გაფართოებაა: ნაკლები დრო რუტინაში, უფრო სწრაფი წვდომა ცოდნაზე, რთული თეორიების მოკლე დროში დამუშავების შესაძლებლობა. თუმცა სწორედ აქ ჩნდება ჰერბერტის მიერ მხატვრულად დასმული პარადოქსი. როდესაც მანქანას მხოლოდ შრომას კი არა, შეფასებისა და განსჯის ნაწილსაც გადავცემთ, თავისუფლების საკითხი აღარ შემოიფარგლება იმით, რამდენ საქმეს აღარ ვაკეთებთ საკუთარი ხელით. ჩნდება უფრო რთული კითხვა: როგორ ყალიბდება ის საინფორმაციო და კოგნიტური გარემო, რომელშიც ვხედავთ, ვირჩევთ, სარწმუნოდ მივიჩნევთ და საბოლოოდ ვფიქრობთ?
თავისუფლება მრავალშრიანი ცნებაა და მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რამდენად თავისუფლად შეუძლია ადამიანს გარეგან სამყაროში მოქმედება. მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განზომილებას წარმოადგენს ადამიანის უნარი, განსაჯოს, შეაფასოს მიღებული ცოდნა და საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბოს. ამ მნიშვნელობით აზროვნების თავისუფლება ადამიანის თავისუფლების არსებითი ნაწილია, რადგან არჩევანი, განსჯა და სამყაროსთვის მნიშვნელობის მინიჭება თავად აზროვნების პროცესთან არის დაკავშირებული.
ამ სტატიაში აზროვნების თავისუფლება არ გულისხმობს აზრის სრულ დამოუკიდებლობას გავლენებისგან. ადამიანის აზროვნება ყოველთვის ყალიბდება ენის, კულტურის, ურთიერთობების, გამოცდილების, სოციალური გარემოსა და ფსიქიკური პროცესების მონაწილეობით. ტექნოლოგიაც დღეს ამ მრავალშრიანი გარემოს ნაწილია. ამიტომ თავისუფლების საკითხი აქ უფრო იმას ეხება, რამდენად რჩება ადამიანი აქტიურ მონაწილედ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში: შეუძლია თუ არა შეამჩნიოს მასზე მოქმედი გავლენები, შეინარჩუნოს კრიტიკული დამოკიდებულება მიღებული პასუხების მიმართ, გაუძლოს გაურკვევლობას და საკუთარი განსჯის პასუხისმგებლობა მთლიანად სხვას ან სისტემას არ გადააბაროს.
ამასთან, აზროვნების თავისუფლება მხოლოდ ინდივიდის კრიტიკულ უნარებსა და პირად სიფხიზლეზე ვერ იქნება დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს იმ საინფორმაციო და ტექნოლოგიურ გარემოსაც, რომელშიც აზრი ყალიბდება: რა ინფორმაცია ხდება ხილული, რა მეორდება, რას ენიჭება სანდოობის ნიშნები და რომელი წყაროები იძენს ავტორიტეტს. თანამედროვე დისკუსიაშიც AI-ისა და თავისუფლების პრობლემა ამ ფართო კონტექსტში განიხილება, როგორც აზრის ფორმირების პირობების საკითხი და არა მხოლოდ პირდაპირი მანიპულაციის საფრთხე (Crozatier, 2026; Pin, 2026).
AI-ის კონტექსტში გადამწყვეტი საკითხი მხოლოდ ის არ არის, რამდენად ფართო ცოდნაზე გვექნება წვდომა ან რამდენ სამუშაოს შევასრულებთ უფრო სწრაფად. მნიშვნელობას იძენს თავად აზროვნების დელეგირების ფორმა: როდის გვიადვილებს ტექნოლოგია მსჯელობას და როდის შეიძლება მისი გამართული პასუხი საკუთარი განსჯის ნაცვლად მივიღოთ? ეს განსხვავება ვერ აიხსნება მხოლოდ ტექნოლოგიის შესაძლებლობებით; საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმასაც, რა ფსიქიკურ ფუნქციას იძენს მისგან მიღებული პასუხი.
წინამდებარე სტატიის ცენტრალური კითხვაა: როგორ იცვლება სუბიექტის მიმართება საკუთარ აზროვნებასთან, ცოდნასა და ფსიქიკურ გამოცდილებასთან გენერაციული AI-ის პირობებში და რა მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებებს აზროვნების თავისუფლებისთვის? ამ კითხვის ნაწილი ისიც არის, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ განსჯასა და გამოცდილების განმარტებას სხვა ინსტანციას ანდობს. ამასთან, ტექნოლოგიის გამოყენებას წინასწარ არ ვაიგივებთ პასუხისმგებლობის დათმობასთან: სწორედ გამოყენების განსხვავებული ფსიქიკური მნიშვნელობების გარკვევა გვაინტერესებს.
საკითხის განხილვას დავიწყებთ იმ სოციალური, ინსტიტუციური და ტექნოლოგიური პირობების გააზრებით, რომლებიც მონაწილეობს სუბიექტის აზროვნებისა და არჩევანის შესაძლებლობების ფორმირებაში. შემდეგ ფსიქოანალიტიკურ თეორიას მივმართავთ, რათა უფრო ღრმად გამოვიკვლიოთ მზა პასუხის ფსიქიკური მნიშვნელობა და მისი კავშირი გაურკვევლობის ატანასთან, გამოცდილების ფსიქიკურ გადამუშავებასთან, სურვილთან, ცოდნის ავტორიტეტისადმი მიმართებასა და შემოქმედებითობასთან. ამგვარი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ხელოვნურ ინტელექტთან ადამიანის ურთიერთობა სუბიექტური გამოცდილებისა და არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების კონტექსტში განვიხილოთ.
ძალაუფლება, სუბიექტი და აზროვნების პირობები
აზროვნების თავისუფლების ასეთი გაგება ბუნებრივად გვაბრუნებს კითხვასთან, რა პირობებში ყალიბდება თავად მოაზროვნე სუბიექტი. რამდენად არის გარემო, რომელშიც ადამიანი ხედავს, ირჩევს, აფასებს და ფიქრობს, უკვე ნაწილობრივ სტრუქტურირებული სოციალური, ინსტიტუციური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური სისტემების მიერ?
ჰერბერტის ფრაზაში ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიუანსია: იგი არ ამბობს, რომ მანქანები თავად იმონებენ ადამიანს. საუბარია იმაზე, რომ ადამიანებს შეუძლიათ მანქანების გამოყენებით სხვა ადამიანებზე ძალაუფლების მოპოვება. პრობლემა, შესაბამისად, ტექნოლოგიისთვის მიწერილ დამოუკიდებელ „ნებაში“ კი არ არის, არამედ იმ სისტემებში, რომელთა შიგნით ტექნოლოგია იქმნება და მოქმედებს. მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ განსაზღვრავს სისტემის მიზნებს, ვინ ფლობს მონაცემებს, რას ანიჭებს სისტემა უპირატესობას და რა ღირებულებითი, ეკონომიკური თუ კულტურული პრიორიტეტები მონაწილეობს მისი მუშაობის ლოგიკის ჩამოყალიბებაში.
ამ საკითხის გასააზრებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიშელ ფუკოს მსჯელობა სუბიექტისა და ძალაუფლების ურთიერთობის შესახებ. ნაშრომში The Subject and Power ფუკო ყურადღებას ამახვილებს იმ გზებზე, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი სუბიექტად ყალიბდება. სუბიექტი მის ანალიზში არ არის სრულიად დამოუკიდებელი და წინასწარ მოცემული „მე“, რომელსაც ძალაუფლება მხოლოდ გარედან ზღუდავს. მის ფორმირებაში მონაწილეობს ცოდნის ფორმები, სოციალური პრაქტიკები, ნორმები, ურთიერთობები და ის გზებიც, რომლითაც ადამიანი საკუთარ თავს აღიქვამს და საკუთარ თავზე გარკვეულ ცოდნას აყალიბებს. ეს არ ნიშნავს, რომ სუბიექტი ამ პირობების უბრალო პროდუქტია. უფრო ზუსტად, მისი არჩევანი, თვითაღქმა და თავისუფლება ყოველთვის გარკვეულ ისტორიულ და სოციალურ ველში ხორციელდება (Foucault, 1982).
ციფრული გარემო ამ მექანიზმს თვალსაჩინოს ხდის. პლატფორმებზე არსებული „For You“, „Recommended“ ან „AI suggests…“ ფუნქციები სხვა ინფორმაციის მოძიებას, როგორც წესი, არ კრძალავს; ისინი მონაწილეობენ იმაში, რას ვხედავთ პირველად, რა მეორდება ჩვენს წინაშე და რა გვეჩვენება პოპულარულად, სარწმუნოდ ან მნიშვნელოვნად. ასეთ პირობებში არჩევანის ფორმალური შესაძლებლობა შენარჩუნებულია, მაგრამ ყურადღების განაწილებასა და შეფასების საწყის პირობებზე უკვე მოქმედებს სისტემის ლოგიკა.
გენერაციულ AI-ს ამ პროცესში განსხვავებული ფუნქცია აქვს. თუ რეკომენდაციის ალგორითმები უმთავრესად ინფორმაციის ხილვადობას აწესრიგებენ, გენერაციული სისტემა თავად აყალიბებს პასუხს, არჩევს მსჯელობის ფორმას და გვთავაზობს ინტერპრეტაციის ჩარჩოს. ამგვარად, ტექნოლოგია მონაწილეობს არა მხოლოდ იმაში, რომელ საკითხს შევხვდებით, არამედ იმაშიც, როგორ შეიძლება ეს საკითხი თავდაპირველად გავიგოთ. ცოდნისა და ავტორიტეტის ასეთი გადაადგილება თანამედროვე ფსიქოანალიტიკურ დისკუსიაშიც განიხილება (Hamamra & Uebel, 2026).
ამ ვითარებაში თავისუფლების შეფასება მხოლოდ კითხვით, „შემიძლია თუ არა სხვაგვარად არჩევა?“, არასაკმარისია. მნიშვნელოვანია, როგორ აღმოჩნდა კონკრეტული პასუხი ჩვენს წინაშე, რა ანიჭებს მას დამაჯერებლობას და რომელი შესაძლო ინტერპრეტაციები დარჩა შეუმჩნეველი. სუბიექტის არჩევანი რეალურია, თუმცა ის ყოველთვის განსაზღვრულ საინფორმაციო და სოციალურ გარემოში კეთდება.
ფუკოს მიერ აღწერილი ძალაუფლების მექანიზმები საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, როგორ მონაწილეობენ ინსტიტუტები და ტექნოლოგიური სისტემები არჩევანისა და ცოდნის პირობების ჩამოყალიბებაში. ამასთან, სუბიექტის მიმართება მიღებულ პასუხთან მხოლოდ ამ პირობებით ვერ აიხსნება. რატომ შეიძლება დამაჯერებელმა განმარტებამ განსაკუთრებული შვება მოგვგვაროს? რა გვაიძულებს ზოგჯერ გაურკვევლობის სწრაფად დასრულებას და რას ველით იმ წყაროსგან, რომელსაც ცოდნის ავტორიტეტს ვანიჭებთ? ამ კითხვების მიღმა იკვეთება სუბიექტის ფსიქიკური ცხოვრების ის პროცესები, რომელთა გააზრებისთვისაც ფსიქოანალიტიკურ თეორიას მივმართავთ.
აზროვნების თავისუფლება: ფსიქოანალიტიკური გააზრება
ფსიქოანალიზი XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, ზიგმუნდ ფროიდის კლინიკური კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ისტერიული სიმპტომების შესწავლამ, სიზმრების ინტერპრეტაციამ და თავისუფალი ასოციაციების მეთოდმა ფროიდი მიიყვანა მოსაზრებამდე, რომ ფსიქიკური ცხოვრება ცნობიერი გამოცდილებით არ ამოიწურება. ადამიანის განსჯასა და ქცევაში მონაწილეობს არაცნობიერი სურვილები, შინაგანი კონფლიქტები, განმეორებადი ფორმები და ფსიქიკური დაცვითი პროცესები, რომელთა მოქმედებაც სუბიექტისთვის სრულად გამჭვირვალე არ არის.
ფსიქიკური გამოცდილება ყალიბდება ურთიერთობებში, იდენტიფიკაციებსა და ენასთან მიმართებაში. თუმცა სუბიექტის დამოკიდებულება საკუთარ გამოცდილებასთან ყოველთვის ვერ აიხსნება მისი ცნობიერი განზრახვით: გარკვეული არჩევანისა თუ განმარტების მიღმა შეიძლება მოქმედებდეს არაცნობიერი კონფლიქტი, განმეორება და ფსიქიკური დაცვითი პროცესები.
ამიტომ ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან არსებითია არა მხოლოდ აზრის შინაარსი, არამედ მისი ფსიქიკური ფუნქციაც: რას ემსახურება გარკვეული განმარტების მიღება, რა რჩება გაუცნობიერებელი და როგორ უკავშირდება ცოდნა სუბიექტის საკუთარ გამოცდილებას? ეს პერსპექტივა საშუალებას გვაძლევს, ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობისას ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ მიღებული პასუხების სიზუსტეზე, არამედ იმ სუბიექტურ მნიშვნელობაზეც, რომელსაც ადამიანი მათ ანიჭებს.
AI-ს შეუძლია რთული ინფორმაციის დალაგება, განსხვავებული კავშირების ჩვენება და ახალი კითხვების ჩამოყალიბებაში დახმარება. სწორედ ამიტომ საჭიროა გავარჩიოთ პასუხი, რომელიც საკუთარი მსჯელობისთვის მასალად იქცევა, და პასუხი, რომელსაც სუბიექტი საბოლოო განმარტების ფუნქციას ანიჭებს. ამ განსხვავებას პირველად კითხვასა და პასუხს შორის არსებული შუალედის განხილვით მივუბრუნდებით.
რას ნიშნავს სუბიექტისთვის ის დრო, როდესაც პასუხი ჯერ არ აქვს? შეუძლია თუ არა გაურკვევლობასთან დარჩენა და საკუთარი სიტყვების ძიება? ამ საკითხს ბიონის აზროვნების თეორიიდან განვიხილავთ.
როდესაც პასუხი ჯერ არ გვაქვს: ფრუსტრაცია და აზროვნება
კითხვისა და პასუხის შუალედში სუბიექტს შეიძლება მოუწიოს იმ მდგომარეობის ატანა, როდესაც საკუთარი გამოცდილება ჯერ კიდევ არ არის გამოხატული სიტყვებში. სწრაფი განმარტება ამ დისკომფორტს ზოგჯერ ამცირებს. თუმცა სწორედ ამ შუალედში შეიძლება იწყებოდეს კავშირების ძიება და აზრის ფორმირება; ამ შესაძლებლობას ფრუსტრაციის ფსიქიკური მნიშვნელობა გვიჩვენებს.
აზროვნებისა და ფრუსტრაციის ურთიერთმიმართებას უილფრედ ბიონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ნაშრომში Learning from Experience იგი იკვლევს, როგორ შეიძლება ემოციური გამოცდილება ფსიქიკური მუშაობისა და აზროვნების მასალად გარდაიქმნას. ბიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგომარეობა, როდესაც მოთხოვნილება დაუყოვნებლივ ვერ კმაყოფილდება და ის, რაც ადამიანს სურს ან სჭირდება, მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი გამოცდილება ფრუსტრაციას წარმოშობს, თუმცა ფრუსტრაცია თავისთავად ჯერ კიდევ არ ქმნის აზროვნებას. გადამწყვეტია, რამდენად შეუძლია ადამიანს ამ მდგომარეობის ატანა და მისი ფსიქიკურად გადამუშავება. სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება არყოფნა და დაუკმაყოფილებლობა წარმოდგენის, ფიქრისა და მნიშვნელობის შექმნის მასალად იქცეს (Bion, 1962).
ამ თვალსაზრისით, აზროვნება მხოლოდ უკვე არსებული ცოდნის ორგანიზება არ არის. ის შეიძლება სწორედ იქ იწყებოდეს, სადაც პასუხი ჯერ არ არსებობს და სუბიექტს უწევს გაურკვევლობასთან დარჩენა. არ-ცოდნა ამ შემთხვევაში მხოლოდ ცოდნის ნაკლებობა აღარ არის. გარკვეულ პირობებში იგი შეიძლება ფსიქიკური მუშაობის საწყისად იქცეს, რადგან ადამიანს უბიძგებს, შექმნას კავშირები, წარმოიდგინოს, მოსინჯოს შესაძლო მნიშვნელობები და საკუთარი გამოცდილებისთვის ფორმა მოძებნოს.
ბიონის მოგვიანებით ნაშრომი Notes on Memory and Desire ამ საკითხს სხვა მხრიდან ავითარებს. მისი ცნობილი ფორმულირება, რომლის მიხედვითაც ანალიტიკოსმა უნდა იმუშაოს „მეხსიერებისა და სურვილის გარეშე“, ცოდნის ან გამოცდილების უარყოფას არ გულისხმობს. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მიმდინარე გამოცდილება წინასწარ გამზადებულ მოლოდინს, ახსნას ან სასურველ შედეგს არ დაექვემდებაროს. ამგვარი დამოკიდებულება შესაძლებელს ხდის იმის მოსმენასა და შემჩნევას, რაც ჯერ არ არის ცნობილი და რომლის მნიშვნელობაც წინასწარ ვერ განისაზღვრება(Bion, 1967).
ხელოვნური ინტელექტის კონტექსტში ეს განსხვავება განსაკუთრებით საინტერესო ხდება. AI-ს შეუძლია დაგვეხმაროს გამოცდილების სიტყვიერად ჩამოყალიბებაში, რთული ცნებების გაგებაში, ახალი კავშირების დანახვასა და საკუთარი მსჯელობის განვითარებაში. ამ მნიშვნელობით იგი შეიძლება თავად აზროვნების რესურსად იქცეს. მაგრამ იგივე შესაძლებლობა საპირისპირო ფუნქციასაც შეიძენს, თუ მზა პასუხი გაურკვევლობის სწრაფად მოსახსნელად გამოიყენება და იმ ძიების ადგილს იკავებს, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ კავშირებს, სიტყვებსა და მნიშვნელობებს ქმნის.
ამ დაძაბულობას თავად გენერაციული AI-ის ფუნქციური ლოგიკაც აძლიერებს: დიდი ენობრივი მოდელი კითხვაზე თანმიმდევრული გაგრძელებისა და პასუხის წარმოქმნისკენ არის მიმართული. ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან კი ზოგჯერ ღირებულება სწორედ იმ შუალედს აქვს, სადაც პასუხი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული და თავად კითხვაც შეიძლება შეიცვალოს. თანამედროვე ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში ეს განსხვავება აღწერილია, როგორც დაძაბულობა ალგორითმულ დასრულებასა და კითხვის ღიად შენარჩუნებას შორის (Rossi, 2026).
ამიტომ პრობლემა პასუხის სისწრაფე თავისთავად არ არის. საკითხავია, რა ხდება მისი მიღების შემდეგ: იძლევა თუ არა პასუხი ფიქრის გაგრძელების შესაძლებლობას, თუ გაურკვევლობას იმგვარად ხურავს, რომ სუბიექტის საკუთარი ძიება წყდება? პასუხის არსებობასა და მის ფსიქიკურ ათვისებას შორის განსხვავება ფროიდის გადამუშავების ცნებასთან გადაგვიყვანს.
ცოდნა, გაგება და ფსიქიკური გადამუშავება
ბიონის თეორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გაურკვევლობის ატანასა და პასუხის ძიების პროცესს, ხოლო ფროიდის მსჯელობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უკავშირდება უკვე მიღებული ცოდნა სუბიექტის ფსიქიკურ გამოცდილებას და მის გადამუშავებას. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მდგომარეობის დამაჯერებელი განმარტება, მაგრამ კვლავ მოქმედებდეს ის წინააღმდეგობები და გამეორებები, რომლებზეც ეს განმარტება თითქოს მიუთითებს.
მაგალითად, სუბიექტს შეუძლია თეორიულად ახსნას საკუთარი ურთიერთობითი კონფლიქტი და მაინც განმეორებით აღმოჩნდეს მსგავს ვითარებაში. ეს განსხვავება ინტელექტუალური გაგების მნიშვნელობას არ გამორიცხავს, თუმცა ცხადყოფს, რომ ცოდნის მიღება თავისთავად არ არის საკმარისი ფსიქიკური ცვლილებისთვის.
ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომი „გახსენება, გამეორება და გადამუშავება“ (Remembering, Repeating and Working-Through) სწორედ ამ პროცესის გაგებაში გვეხმარება. ფროიდი აღწერს, როგორ შეიძლება სუბიექტი მოქმედებაში იმეორებდეს იმას, რასაც ვერ იხსენებს ან ჯერ ვერ აცნობიერებს. გამეორება შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომში, ქცევაში ან თავად ანალიტიკურ ურთიერთობაში. ადამიანს შესაძლოა უკვე ჰქონდეს საკუთარი მდგომარეობის ინტელექტუალურად დამაჯერებელი ახსნაც, თუმცა ამ ახსნის ცოდნა თავისთავად არ ცვლის იმ ფსიქიკურ ფორმებს, რომლებიც კვლავ მოქმედებს მის გამოცდილებაში (Freud, 1914/1958).
სწორედ აქ იძენს მნიშვნელობას working-through, ანუ გადამუშავება. ეს ტერმინი გულისხმობს უკვე არსებულ ფსიქიკურ მასალასთან განმეორებით დაბრუნებას, წინააღმდეგობებთან შეხვედრას და მათ თანდათანობით გააზრებას. გადამუშავება ერთჯერადი ინტერპრეტაციის მიღება არ არის. იგი პროცესია, რომლის დროსაც სუბიექტი კვლავ ხვდება საკუთარ გამეორებებს, წინააღმდეგობებსა და კონფლიქტებს, მათთან მუშაობს და თანდათან შეიძლება შეიცვალოს მისი მიმართება საკუთარი გამოცდილებისადმი. ამ მნიშვნელობით „გადამუშავება“ ასახავს უკვე არსებულის გარდაქმნის პროცესს და არა მის პირველად დამუშავებას.
ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის პირობებში. AI-ს შეუძლია სწრაფად მოგვაწოდოს ლოგიკური, თანმიმდევრული და ხშირად დამაჯერებელი განმარტება, დაგვანახოს კავშირები და დაგვეხმაროს საკუთარი გამოცდილების კონცეპტუალიზაციაში. ასეთი ცოდნა შეიძლება შემდგომი აზროვნების მნიშვნელოვანი მასალა გახდეს. თუმცა მიღებული პასუხის დამაჯერებლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ სუბიექტმა იგი საკუთარ გამოცდილებას დაუკავშირა, გადაიაზრა ან ფსიქიკურად გადაამუშავა.
ამ პერსპექტივიდან აზროვნების თავისუფლება გულისხმობს მიღებულ განმარტებასთან საკუთარი მიმართების შენარჩუნებას: სუბიექტს შეუძლია მას დაუბრუნდეს, შეამოწმოს იგი გამოცდილებასთან მიმართებით და დაუშვას, რომ მისი მნიშვნელობა შემდგომი ფსიქიკური მუშაობის პროცესში შეიცვალოს.
მაგრამ მიღებული პასუხის შინაარსის გარდა მნიშვნელოვანია, ვისგან ველით მას და რატომ შეუძლია გარკვეულ ინსტანციას განსაკუთრებული სანდოობა შეიძინოს. აქ განხილვა ცოდნის გადამუშავებიდან სუბიექტის მიმართებაზე გადადის იმ სიმბოლურ ადგილთან, რომელსაც მნიშვნელობისა და გარანტიის წყაროდ აღიქვამს.
დიდი სხვა, ცოდნის ავტორიტეტი და საბოლოო პასუხის მოლოდინი
ადამიანის მიმართება ცოდნასთან მხოლოდ ინფორმაციის მიღების საჭიროებით არ განისაზღვრება. საკუთარი გამოცდილების, არჩევანისა თუ ურთიერთობების გააზრებისას იგი ხშირად ეძებს ისეთ ავტორიტეტს, რომლისგანაც სარწმუნო განმარტებას, აღიარებას ან საკუთარი განცდების დადასტურებას მოელის. ამგვარი მიმართების ფსიქიკური მნიშვნელობის გასაგებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟაკ ლაკანის ორი ურთიერთდაკავშირებული ცნება: დიდი სხვა (Grand Autre) და სუბიექტი, რომელსაც ცოდნა მიეწერება (sujet supposé savoir).
ლაკანის თეორიაში დიდი სხვა კონკრეტულ პიროვნებას ან ინსტიტუციას არ აღნიშნავს. იგი სიმბოლური წესრიგის ადგილია, რომელიც ენის, კანონისა და აღმნიშვნელთა ურთიერთმიმართებებით არის ორგანიზებული. სუბიექტი სწორედ ამ წესრიგში იძენს მეტყველების შესაძლებლობას, საკუთარ გამოცდილებას მნიშვნელობას ანიჭებს და სხვებთან ურთიერთობაში საკუთარ ადგილს განსაზღვრავს. სიმბოლური წესრიგი წინ უსწრებს ინდივიდის ცნობიერ არჩევანს, რადგან ადამიანი უკვე არსებულ ენობრივ, კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებში იბადება. ამდენად, დიდ სხვასთან მიმართება სუბიექტის ჩამოყალიბებისა და მისი სურვილის ორგანიზების ფუნდამენტური პირობაა (Lacan, 1966/2006).
ლაკანიანური პერსპექტივიდან სურვილი არ დაიყვანება ცნობიერ მოთხოვნილებებსა და რაციონალურად განსაზღვრულ მიზნებზე. იგი დიდ სხვასთან მიმართებით ყალიბდება და დაკავშირებულია იმასთანაც, თუ როგორ აღიქვამს სუბიექტი სხვის სურვილს, რას მოელის მისგან და რა ადგილს იკავებს მის მიმართ. კითხვა „რა სურს სხვას ჩემგან?“ ამ დამოკიდებულების ერთ-ერთ არსებით განზომილებას გამოხატავს. შესაბამისად, ავტორიტეტული განმარტების ძიებაში შეიძლება მონაწილეობდეს აღიარების მოთხოვნა, საკუთარი სურვილის გაგების მცდელობა და იმ გაურკვევლობის დაძლევის მოლოდინი, რომელიც სუბიექტის თვითაღქმასა და სხვებთან ურთიერთობას უკავშირდება.
სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში რელიგიური, პოლიტიკური, სამეცნიერო თუ პროფესიული ავტორიტეტები სუბიექტისთვის ხშირად იკავებდნენ იმ სიმბოლურ ადგილს, საიდანაც იგი ცოდნას, ჭეშმარიტებასა და საკუთარი არსებობის მნიშვნელობის დადასტურებას მოელოდა. რელიგიური მოძღვარი, გურუ, პოლიტიკური ლიდერი თუ მეცნიერების ავტორიტეტული წარმომადგენელი შესაძლოა დიდი სხვის ადგილის განსახიერებად ქცეულიყო, რამდენადაც სუბიექტი მათ მიაწერდა ცოდნისა და ჭეშმარიტების განსაზღვრის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას.
თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმაც შესაძლოა სუბიექტის მიმართებაში დიდი სხვის ადგილი დაიკავოს. როდესაც ადამიანი სისტემას ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის იყენებს, იგი ინტელექტუალური საქმიანობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. თუმცა ამ ურთიერთობამ შეიძლება სხვა ფსიქიკური მნიშვნელობაც შეიძინოს, თუ სუბიექტი AI-ს განსაკუთრებულ ავტორიტეტს მიანიჭებს და საკუთარი სურვილების, განცდებისა თუ გადაწყვეტილებების საბოლოო განმარტებას მისგან მოელის. ასეთ შემთხვევაში ტექნოლოგიური სისტემა ფუნქციურად შეიძლება აღმოჩნდეს იმ სიმბოლურ ადგილას, საიდანაც სუბიექტი სარწმუნო პასუხისა და საკუთარი გამოცდილების დადასტურებას ელოდება.
ამგვარი მიმართება არ ნიშნავს, რომ AI თავად წარმოადგენს ლაკანურ დიდ სხვას. არსებითია ის სიმბოლური ადგილი, რომელსაც სუბიექტი მას ანიჭებს და ცოდნის ის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელსაც მისგან მიღებული პასუხი იძენს. ამ განსხვავების გათვალისწინებით, ლაკანის ცნება საშუალებას გვაძლევს, ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაში გამოვიკვლიოთ უკვე არსებული ფსიქიკური მიმართების ახალი ფორმა: სუბიექტის სწრაფვა ისეთი ინსტანციისკენ, რომელსაც საკუთარი გამოცდილების შესახებ სარწმუნო და საბოლოო ცოდნას მიაწერს.
ამ საკითხის გასაგებად აუცილებელია დიდი სხვის სტრუქტურული ნაკლებობის გათვალისწინება. ლაკანის თანახმად, სიმბოლური წესრიგი არ შეიცავს საბოლოო ინსტანციას, რომელიც ყველა მნიშვნელობისა და სურვილის ამომწურავ განსაზღვრას უზრუნველყოფს. თავად დიდი სხვაც მოკლებულია საბოლოო გარანტიას. ეს ნაკლებობა არ წარმოადგენს ინფორმაციის დროებით დეფიციტს, რომლის აღმოფხვრაც დამატებითი ცოდნის მიღებით იქნებოდა შესაძლებელი. იგი სიმბოლური წესრიგის სტრუქტურას უკავშირდება და სუბიექტის სურვილის ჩამოყალიბებაში არსებით როლს ასრულებს (Lacan, 1966/2006).
გენერაციული AI-ის სწრაფმა, თანმიმდევრულმა და დამაჯერებელმა პასუხებმა შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ნებისმიერი გაურკვევლობის დაძლევა საკმარისად ზუსტად დასმული შეკითხვით არის შესაძლებელი. თუმცა ინფორმაციის მოცულობა და განმარტების დამაჯერებლობა ვერ უზრუნველყოფს სუბიექტის სურვილისა და ფსიქიკური გამოცდილების საბოლოო განსაზღვრას. ტექნოლოგიას შეუძლია კონკრეტული საკითხის გარკვევა, ახალი ცოდნის შეთავაზება და აზროვნების პროცესის ხელშეწყობა, მაგრამ ვერც ერთი განმარტება ვერ აღმოფხვრის სიმბოლური წესრიგისთვის დამახასიათებელ სტრუქტურულ ნაკლებობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, როგორ მიმართებას ამყარებს სუბიექტი იმასთან, რაც მიღებული პასუხის მიუხედავად კვლავ გაურკვეველი რჩება.
ცოდნის ავტორიტეტისადმი სუბიექტის მიმართების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ლაკანის ცნებაში sujet supposé savoir, ანუ „სუბიექტი, რომელსაც ცოდნა მიეწერება“, ვლინდება. XI სემინარში (1964) ლაკანი ამ ცნებას ტრანსფერის წარმოქმნასა და ფუნქციონირებას უკავშირებს. ანალიტიკურ ურთიერთობაში ანალიზანტი ანალიტიკოსს გარკვეულ ცოდნას მიაწერს საკუთარი სიმპტომის, სურვილისა და არაცნობიერი გამოცდილების შესახებ. ეს ნავარაუდევი ცოდნა განსხვავდება ანალიტიკოსის რეალური პროფესიული კომპეტენციისგან. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ცოდნის მიწერა ტრანსფერული ურთიერთობის ერთ-ერთ საფუძველს ქმნის და სუბიექტის არაცნობიერი გამოცდილების გამოკვლევის პროცესში მონაწილეობს (Lacan, 1973/1978).
ანალიტიკური მუშაობის მიზანი ამ მოლოდინის ყოვლისმცოდნეობის დაპირებით განმტკიცება არ არის. ანალიტიკოსი არ ფლობს ანალიზანტის შესახებ წინასწარ გამზადებულ საბოლოო ჭეშმარიტებას. ანალიზანტის მეტყველება, თავისუფალი ასოციაციები, წინააღმდეგობები და განმეორებები ქმნის იმ ფსიქიკური მუშაობის საფუძველს, რომლის პროცესშიც მისი არაცნობიერი სურვილი და კონფლიქტები შეიძლება გამოიკვეთოს. ამასთან, ანალიტიკური ტრანსფერი ცოდნის ავტორიტეტის უბრალო აღიარებით არ განისაზღვრება. იგი დაკავშირებულია სუბიექტის არაცნობიერ სურვილთან და იმ სპეციფიკურ მიმართებებთან, რომლებიც ანალიტიკურ ურთიერთობაში აქტიურდება.
ამ განსხვავების გათვალისწინება მნიშვნელოვანია AI-სთან ურთიერთობის განხილვისას. როდესაც ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს საკუთარი გამოცდილების განმარტებისთვის მიმართავს, მას შესაძლოა ისეთი ცოდნა მიაწეროს, რომელიც მისთვის განსაკუთრებულ სანდოობას იძენს. თუმცა ცოდნის მიწერის ამგვარი ფორმა თავისთავად არ წარმოადგენს ანალიტიკურ ტრანსფერს და არც ტექნოლოგიას ანიჭებს ანალიტიკოსის კლინიკურ თუ ეთიკურ ფუნქციას. ჩვენი კვლევისთვის საინტერესოა ცოდნის მიწერის უფრო ფართო ფსიქიკური მნიშვნელობა: რატომ იძენს გარკვეული წყარო სუბიექტისთვის განსაკუთრებულ ავტორიტეტს და რა ხდება მაშინ, როდესაც მისგან მიღებული განმარტება საკუთარი გამოცდილების შესახებ საბოლოო ჭეშმარიტებად აღიქმება.
მაგალითად, ადამიანი შესაძლოა AI-ს მიმართავდეს საკუთარი ურთიერთობის, შფოთვის ან განმეორებადი კონფლიქტის გასააზრებლად. შეკითხვა, რომელიც გარეგნულად ინფორმაციის მოძიებას ემსახურება, ზოგჯერ საკუთარი განცდების დადასტურების სურვილსაც შეიძლება შეიცავდეს: „სწორად მესმის, რაც ჩემთან ხდება?“ მიღებულმა განმარტებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს თვითრეფლექსიას, ახალი კავშირების დანახვასა და შემდგომი კითხვების ჩამოყალიბებას. სხვა შემთხვევაში კი მისი დამაჯერებლობა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ სუბიექტმა საკუთარი გამოცდილების შემდგომი გამოკვლევის საჭიროება ვეღარ დაინახოს. ამგვარად, მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ მიღებული პასუხის შინაარსი, არამედ ის ფსიქიკური ფუნქციაც, რომელსაც სუბიექტი მას ანიჭებს.
გენერაციული AI-ისადმი ნდობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს თავად ტექნოლოგიური ურთიერთობის თავისებურებებიც. როგორც Hamamra და Uebel (2026) განიხილავენ, გამართულმა ენამ, მყისიერმა რეაგირებამ, ტექნიკური მექანიზმების გაუმჭვირვალობამ და სისტემასთან განმეორებითმა ურთიერთობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მისთვის განსაკუთრებული ცოდნისა და ავტორიტეტის მიწერას. მომხმარებლისთვის პასუხის დამაჯერებლობა ზოგჯერ აღიქმება არა მხოლოდ კონკრეტული განმარტების საპირწონედ, არამედ სისტემის ზოგადი სანდოობისა და კომპეტენციის დადასტურებად. ამ შემთხვევაში ნდობის საფუძველი შეიძლება თანდათან გადაინაცვლოს პასუხის შინაარსობრივი შეფასებიდან იმ ავტორიტეტისკენ, რომელიც სუბიექტმა თავად სისტემას მიანიჭა.
ამ პრობლემატიკას უკავშირდება ლაკანის სიმბოლური კასტრაციის ცნებაც. ფსიქოანალიტიკური მნიშვნელობით სიმბოლური კასტრაცია არ გულისხმობს მხოლოდ დანაკარგს ან საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობის გაცნობიერებას. იგი დაკავშირებულია სუბიექტის სიმბოლურ წესრიგთან მიმართებასთან, რომლის ფარგლებშიც წარმოსახვითი სისრულისა და შეუზღუდავი დაკმაყოფილების შესაძლებლობა შეზღუდვას ექვემდებარება. სუბიექტის სურვილი სწორედ ნაკლებობასთან კავშირში ყალიბდება და ვერ ამოიწურება რომელიმე ობიექტის დაუფლებით ან საბოლოო ცოდნის მიღებით (Lacan, 1966/2006).
სიმბოლური კასტრაციის მნიშვნელობა, ამდენად, სცდება იმის აღიარებას, რომ ადამიანს ყველაფრის ცოდნა არ შეუძლია. იგი უკავშირდება იმ ფანტაზმის შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია არსებობდეს საბოლოო პასუხი, რომელიც სუბიექტს საკუთარი თავის, სურვილისა და ცხოვრების შესახებ სრულ განსაზღვრულობას მიანიჭებს. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებმა შესაძლოა ზოგჯერ სწორედ ასეთი მოლოდინი გააძლიეროს, როდესაც ტექნოლოგიისგან მიღებული განმარტება საკუთარი გამოცდილების ამომწურავ ცოდნად აღიქმება. ამგვარად, სწრაფი და ხელმისაწვდომი პასუხი შესაძლოა იქცეს იმ საშუალებად, რომლის მეშვეობითაც სუბიექტი დროებით გაურბის ნაკლებობასთან და გაურკვევლობასთან შეხვედრას.
ამ კონტექსტში შესაძლოა ნარცისული ყოვლისშემძლეობის ფანტაზმიც მონაწილეობდეს. ტექნოლოგიის ფართო შესაძლებლობებთან იდენტიფიკაციამ ზოგჯერ შეიძლება წარმოშვას განცდა, თითქოს თითქმის შეუზღუდავ ინფორმაციაზე წვდომა თავად ცოდნისა და კონტროლის ფლობასაც გულისხმობს. სუბიექტმა შესაძლოა ტექნოლოგიის შესაძლებლობები საკუთარი შესაძლებლობების უშუალო გაგრძელებად განიცადოს და ცოდნის ხელმისაწვდომობა საკუთარი განსჯის ყოვლისმომცველობის ილუზიას დაუკავშიროს. ეს არ წარმოადგენს AI-ის ყველა მომხმარებლისთვის დამახასიათებელ მდგომარეობას. იგი ერთ-ერთი შესაძლო ფსიქიკური დინამიკაა, რომლის ფარგლებშიც მზა პასუხების მიღება შეიძლება სისრულისა და კონტროლის ფანტაზიის საყრდენად იქცეს.
ლაკანისეული პერსპექტივიდან გენერაციულ AI-სთან ურთიერთობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სუბიექტის ცოდნასთან, სურვილთან და სიმბოლურ ავტორიტეტთან მიმართების ერთ-ერთი თანამედროვე ფორმა. ტექნოლოგიის გამოყენებას შეუძლია გააფართოოს ცოდნა, გაამდიდროს მსჯელობა და ხელი შეუწყოს საკუთარი გამოცდილების გააზრებას. თუმცა, როდესაც მისგან მიღებული პასუხი საბოლოო ჭეშმარიტების მნიშვნელობას იძენს, არსებობს შესაძლებლობა, რომ სუბიექტის საკუთარი შეკითხვა, ეჭვი და შემდგომი ძიება ამ პასუხით ჩანაცვლდეს.
აზროვნების თავისუფლების საკითხი სწორედ ამ მიმართებაში იკვეთება. იგი არ მოითხოვს გარეგანი ავტორიტეტების უარყოფას ან ცოდნის დამოუკიდებლად მოპოვებას. არსებითია, რომ მიღებული განმარტების დამაჯერებლობამ არ გააუქმოს სუბიექტის შესაძლებლობა, გადაამოწმოს მისი მნიშვნელობა, დაუბრუნდეს საკუთარ გამოცდილებას და შეინარჩუნოს სივრცე იმ კითხვებისთვის, რომლებზეც საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს.
ფსიქოლოგიური ცოდნა და ფსიქიკური მუშაობა
ფსიქოლოგიური და ფსიქოანალიტიკური ტერმინოლოგია დღეს ციფრული სისტემების მეშვეობით ფართოდ არის ხელმისაწვდომი. ადამიანმა შეიძლება AI-ს მიმართოს საკუთარი განცდის, ურთიერთობის ან სიზმრის გასააზრებლად და მიიღოს კარგად ჩამოყალიბებული შესაძლო განმარტება. ასეთი პასუხი შეიძლება დაეხმაროს გამოცდილების სიტყვიერად გამოთქმასა და ახალი კითხვის დასმაში. მაგრამ ფსიქიკური გამოცდილების ინდივიდუალური მნიშვნელობა მზა განმარტების დამაჯერებლობით არ განისაზღვრება.
მაგალითად, ურთიერთობის განმეორებადი სირთულის შესახებ კარგად ფორმულირებულმა პასუხმა შეიძლება ადამიანს მისცეს განცდა: „ახლა ვიცი, რატომ ხდება ეს“. ამგვარი განმარტება ზოგჯერ კვლევის დასაწყისი ხდება, სხვა შემთხვევაში კი შეიძლება ნაადრევად ჩაანაცვლოს საკუთარ ასოციაციებსა და წინააღმდეგობებთან შეხვედრა. ამ განსხვავების გასაგებად განსაკუთრებით ნათელი მაგალითია სიზმარი.
ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომში „სიზმრების ინტერპრეტაცია“ (The Interpretation of Dreams) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავად სიზმრის მთხრობლის თავისუფალ ასოციაციებსა და მისი გამოცდილების ინდივიდუალურ კონტექსტს. სწორედ ამიტომ სიზმრის სიმბოლოების უნივერსალური მნიშვნელობებით „გაშიფვრამ“ შეიძლება გადაფაროს ის პირადი ასოციაციები, რომლებიც კონკრეტული სუბიექტისთვის სიზმარს მნიშვნელობას ანიჭებს. AI-ს შეუძლია შემოგვთავაზოს საინტერესო და დამაჯერებელი ინტერპრეტაცია, თუმცა გარედან მიღებული განმარტება ზოგჯერ იმდენად მიმზიდველი ხდება, რომ ადამიანი საკუთარ ასოციაციებსა და შესაძლო მნიშვნელობებზე შემდგომ კვლევას წყვეტს. ასეთ შემთხვევაში მზა ინტერპრეტაციამშეიძლება ჩაანაცვლოს სწორედ ის ინდივიდუალური ასოციაციური მუშაობა, რომელსაც ფსიქოანალიზში სიზმრის მნიშვნელობის გასაგებად განსაკუთრებული ღირებულება აქვს (Freud, 1900/1953).
სიზმრის მაგალითიც გვაჩვენებს, რატომ ვერ შეფასდება განმარტების ღირებულება მხოლოდ მისი თანმიმდევრულობით. ფსიქოანალიტიკურ მუშაობაში მნიშვნელოვანია სუბიექტის საკუთარი სიტყვები, ასოციაციები, წინააღმდეგობები და მათი განვითარების დრო. AI-ის ტექსტმა შეიძლება ახალი შეკითხვა გააჩინოს, მაგრამ ამ პროცესს თვითონ ვერ ჩაანაცვლებს.
ამავე დროს, ფსიქოლოგიური ენით გამართული პასუხი პროფესიულ კომპეტენციას არ უდრის. კლინიკური პასუხისმგებლობა მოიცავს მომზადებას, გამოცდილებას, სიტუაციის შეფასებასა და ადამიანურ ცოცხალ ურთიერთობას; ტექსტის დამაჯერებლობა თავისთავად არც ერთ მათგანს არ ადასტურებს. ამ განსხვავებას აქ მხოლოდ იმდენად ვეხებით, რამდენადაც იგი განმარტებისადმი ნდობის საკითხს უკავშირდება.
ამრიგად, ფსიქოლოგიური ცოდნის გავრცელების მნიშვნელობა მხოლოდ სწრაფ და ხელმისაწვდომ განმარტებებში არ მდგომარეობს. მისი სუბიექტური ღირებულება შეიძლება იმითაც განისაზღვროს, აჩენს თუ არა იგი სივრცეს საკუთარი ასოციაციების, გამოცდილების ახალი კავშირებისა და ჯერ დაუდგენელი მნიშვნელობების მოსაძიებლად.
სივრცე აზროვნებისა და შემოქმედებისთვის
წინა თავებში ვიკვლევდით, როგორ შეიძლება სუბიექტმა გაუძლოს პასუხის არქონას, გადაამუშაოს მიღებული ცოდნა და შეამჩნიოს მისთვის მინიჭებული ავტორიტეტი. ახლა სხვა განზომილებას მივუბრუნდეთ: რა პირობებში შეუძლია ადამიანს ახალი მნიშვნელობის თავად შექმნა? დონალდ ვინიკოტის Playing and Reality ამ საკითხის გასაგებად თამაშისა და შემოქმედებითობის მნიშვნელობას გამოკვეთს (Winnicott, 1971).
ვინიკოტის მიერ აღწერილი პოტენციური სივრცე (potential space) შინაგან გამოცდილებასა და გარე რეალობას შორის არსებული შუალედური სფეროა, რომელიც თავდაპირველად ბავშვისა და მისი გარემოს ურთიერთობაში ყალიბდება. ნდობაზე დაფუძნებული ეს სივრცე ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, ითამაშოს, მოსინჯოს სხვადასხვა მნიშვნელობა, გამოიყენოს წარმოსახვა და საკუთარი გამოცდილების სიმბოლური გამოხატვის გზები აღმოაჩინოს. აქ მნიშვნელობა მთლიანად არც გარედან არის მოცემული და არც მხოლოდ შინაგანი ფანტაზიის პროდუქტია; იგი სუბიექტისა და რეალობის ურთიერთქმედებაში იქმნება (Winnicott, 1971).
ვინიკოტისთვის შემოქმედებითობა მხოლოდ მხატვრულ ან ინტელექტუალურ საქმიანობას არ გულისხმობს. იგი სამყაროსთან ცოცხალი და პიროვნული მიმართების შესაძლებლობას უკავშირდება, როდესაც ადამიანი რეალობას მხოლოდ პასიურად არ ეგუება, არამედ მასთან ურთიერთობაში საკუთარი გამოცდილების, წარმოსახვისა და მნიშვნელობის ფორმირებაში მონაწილეობს (Winnicott, 1971). ამ თვალსაზრისით შემოქმედებითობა მჭიდროდ უკავშირდება აზროვნების თავისუფლების იმ გაგებასაც, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ.
ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანი რესურსი შეიძლება იყოს. მას შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია, შემოგვთავაზოს განსხვავებული პერსპექტივები, დაგვეხმაროს ახალი კავშირების დანახვასა და ჯერ ბუნდოვანი აზრის სიტყვიერად ჩამოყალიბებაში. თუმცა ვინიკოტისეული პოტენციური სივრცის AI-სთან პირდაპირი გაიგივება მართებული არ იქნებოდა. ეს ცნება პირველ რიგში ადამიანის ფსიქიკურ და ურთიერთობით გამოცდილებას აღწერს. ჩვენი მსჯელობისთვის მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი გვაჩვენებს ისეთი სივრცის აუცილებლობას, სადაც პასუხი წინასწარ განსაზღვრული არ არის და ახალი მნიშვნელობის წარმოქმნა შესაძლებელია.
AI-ის მიერ შეთავაზებული ტექსტი, იდეა ან განსხვავებული პერსპექტივა შემოქმედებით პროცესში შეიძლება საწყის მასალად იქცეს. მაგრამ ახალი მნიშვნელობის შექმნა დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადააწყობს, დაუპირისპირდება ან განავითარებს ამ მასალას თავად სუბიექტი.
ამ პერსპექტივიდან აზროვნების თავისუფლება კიდევ ერთ განზომილებას იძენს. ის მხოლოდ მიღებული პასუხების კრიტიკულ შეფასებას არ გულისხმობს; იგი მოიცავს შესაძლებლობასაც, რომ სუბიექტმა თავად მიიღოს მონაწილეობა მნიშვნელობის შექმნაში. სწორედ ასეთი სივრცე აძლევს აზროვნებას საშუალებას, არ შემოიფარგლოს უკვე არსებული პასუხების არჩევით და გახდეს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და ახალი მნიშვნელობის წარმოქმნის პროცესი.
დასკვნა: თავისუფლება როგორც პასუხისმგებლობა საკუთარ აზროვნებაზე
ფრენკ ჰერბერტის ეპიგრაფი ტექნოლოგიის უარყოფისკენ მოწოდება არ არის. იგი გვიბრუნებს კითხვას, რა შეიძლება შეიცვალოს ადამიანის თავისუფლებაში, როდესაც ინტელექტუალური სამუშაოს ნაწილი სხვას ან სისტემას ენდობა. ამ კითხვაზე პასუხი არც ტექნოლოგიის სრულ უარყოფაშია და არც მისი შესაძლებლობების უპირობო მიღებაში. გადამწყვეტი ხდება მიმართება, რომელსაც სუბიექტი მისგან მიღებულ ცოდნასა და საკუთარ აზროვნებას შორის ამყარებს.
განხილულმა თეორიულმა პერსპექტივებმა ერთი და იმავე პროცესის განსხვავებული მხარეები აჩვენა. მზა პასუხის მოლოდინი შეიძლება უკავშირდებოდეს გაურკვევლობის შემცირების სურვილს; მიღებული ცოდნა ყოველთვის არ გადაიქცევა ფსიქიკურ გადამუშავებად; ავტორიტეტული განმარტება კი ზოგჯერ საკუთარ გამოცდილებაზე საბოლოო გარანტიის მოლოდინს აძლიერებს. ამავე დროს, სუბიექტს შეუძლია მიღებული პასუხი კითხვების, ასოციაციებისა და შემოქმედებითი აზროვნების ახალ მასალად აქციოს. ამ შესაძლებლობებს შორის განსხვავება ტექნოლოგიის თვისებებით წინასწარ არ განისაზღვრება.
საკუთარ აზროვნებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ინდივიდის სიფხიზლეს არ გულისხმობს. იგი ხორციელდება ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ გარემოში, რომელიც გარკვეულ პასუხებს უფრო ხილულსა და დამაჯერებელს ხდის და ავტორიტეტის მინიჭების პირობებსაც ცვლის. ამიტომ აზროვნების თავისუფლება ერთდროულად მოითხოვს მიღებულ ცოდნასთან კრიტიკულ მიმართებას და იმ გარემოს გააზრებას, რომელშიც ეს ცოდნა გვხვდება (Crozatier, 2026; Pin, 2026).
ადამიანს ყოველთვის ჰქონდა მოთხოვნილება, ეპოვა ვინმე ან რამე, ვისაც „ცოდნა“ მიეწერებოდა: მეფე, მოძღვარი, ექიმი, იდეოლოგია, პროფესორი თუ გურუ. ახლა ამ ადგილზე ალგორითმიც შეიძლება აღმოჩნდეს. აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რა ფსიქიკურ ფუნქციას ვანიჭებთ მას? მხოლოდ ცოდნის წყაროდ აღვიქვამთ, თუ მისგან საკუთარი გაურკვევლობის დაძლევასა და საბოლოო პასუხის მიღებასაც ველით? სწორედ ამიტომ AI მხოლოდ ტექნოლოგიური საკითხი აღარ არის; ის ეპისტემური ავტორიტეტის, სურვილის, პასუხისმგებლობისა და თავისუფლების საკითხიც ხდება.
ფსიქოანალიზის ერთ-ერთი შესაძლო ეთიკური შედეგი იმ ილუზიის შესუსტებაა, რომ სადღაც არსებობს სხვა, რომელსაც ჩემი ცხოვრების შესახებ საბოლოო პასუხი აქვს. ამ თვალსაზრისით თავისუფლება ყველაფრის ცოდნას არ ნიშნავს. ის შეიძლება ნიშნავდეს გაცილებით რთულ უნარს: დარჩე კითხვასთან, გაუძლო არასრულ პასუხს, გამოიყენო ცოდნა ისე, რომ იგი ფსიქიკურ დაცვად არ იქცეს და საკუთარ აზროვნებაზე პასუხისმგებლობა სხვას მთლიანად არ გადააბარო.
AI-ის ეპოქაში მთავარი გამოწვევა ალბათ ის არის, რომ ტექნოლოგიის შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ადამიანმა შეძლოს მათი გამოყენება ისე, რომ არ დაკარგოს ის, რაც ყველაზე მეტად ადამიანურია: დამოუკიდებლად ფიქრის, წარმოსახვისა და შემოქმედებითობის უნარი.
ბიბლიოგრაფია
Bion, W. R. (1962). Learning from experience. Basic Books.
Bion, W. R. (1967). Notes on memory and desire. Psychoanalytic Forum, 2(3), 271–280.
Crozatier, N. (2026). The political turn of the extended mind: Rethinking autonomy beyond individualism in a technological world. Synthese, 208, Article 163. https://doi.org/10.1007/s11229-026-05804-6
Foucault, M. (1982). The subject and power. Critical Inquiry, 8(4), 777–795. https://doi.org/10.1086/448181
Freud, S. (1953). The interpretation of dreams (J. Strachey, Trans.). In J. Strachey (Ed.), The standard edition of the complete psychological works of Sigmund Freud (Vols. 4–5). Hogarth Press. (Original work published 1900)
Freud, S. (1958). Remembering, repeating and working-through (Further recommendations on the technique of psycho-analysis II) (J. Strachey, Trans.). In J. Strachey (Ed.), The standard edition of the complete psychological works of Sigmund Freud (Vol. 12, pp. 145–156). Hogarth Press. (Original work published 1914)
Hamamra, B., & Uebel, M. (2026). Generative AI and the reconfiguration of symbolic authority: Implications of a psychoanalytic view. Human Arenas. https://doi.org/10.1007/s42087-026-00687-y
Herbert, F. (1965). Dune. Chilton Books.
Lacan, J. (1978). The seminar of Jacques Lacan, Book XI: The four fundamental concepts of psycho-analysis (J.-A. Miller, Ed.; A. Sheridan, Trans.). W. W. Norton. (Original work published 1973)
Lacan, J. (2006). Écrits: The first complete edition in English (B. Fink, Trans.). W. W. Norton. (Original work published 1966)
Pin, A. (2026). Freedom of thought, conscience, and AI. Journal of Law and Religion, 1–20. https://doi.org/10.1017/jlr.2026.10079
Rossi, C. (2026). Between the artefact and the artificial: Rethinking artificial intelligence through psychoanalysis. Psychoanalysis, Culture & Society. https://doi.org/10.1057/s41282-026-00626-4
Winnicott, D. W. (1971). Playing and reality. Tavistock Publications.





Comments