top of page
Search

ბავშვის სიზმრები ფსიქოანალიზში

დღეს მე ვისაუბრებ ანალიზის დროს მიღებული ბავშვების სიზმრის მასალაზე და დავეყრდნობი ფროიდის ნაშრომს „სიზმრების ინტერპრეტაცია“, ასევე იმ ფსიქოანალიტიკოსებს, რომლებმაც იმუშავეს ბავშვებთან, ეყრდნობოდნენ რა საკუთარ თეორიებს.


ბავშვი სწრაფად იგებს, ხშირად პირველი ინტერვიუს განმავლობაშიც კი, რომ ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტი ნიშნავს - ელაპარაკო მას, ვინც გისმენს. ხშირად მშობლებს ბავშვები ფსიქოანალიტიკოსთან მიყავთ სიმპტომების გამო, რომელიც აწუხებს მშობლებს, ბავშვის გარემოცვასა და სკოლას. ეს სიმპტომები არის ენა, რომელიც მოითხოვს გაშიფვრას.


მნიშვნელოვანია წუხილის სიტყვებით გამოხატვა, გამოუთქმელი, დაკარგული ენის სიტყვებით ხორცშესხმა, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით მისთვის გასაგებ ენაზე. ბავშვისა და მშობლების თანხმობის შემდეგ ანალიტიკური ფსიქოთერაპია შეგვიძლია დავიწყოთ, თუ სწორედ ეს არის ის, რაც ბავშვს სჭირდება.


ხშირად მხოლოდ ერთი კონსულტაციაც კი საკმარისია სიმპტომის კვანძის გასახსნელად, იგულისხმება მიმართულების მიმცემი, მხარდამჭერი კონსულტაციები ამ სიტყვის ვინიკოტისეული გაგებით. სწორედ სიმპტომები ხდება ანალიზის დაწყების მიზეზი, რასაც ვინიკოტი განმარტავს პატარა პიგლიას (თხუპნია) შემთხვევის მაგალითზე, რომელიც იტანჯებოდა მძიმე შფოთვებით და ღამის შიშებით, რაც დაკავშირებული იყო პატარა დის დაბადებასთან. ვინიკოტი ამ სეანსებს აღწერს თავის ძალიან საინტერესო წიგნში, რომელიც არის ბავშვებთან და მშობლებთან მისი მუშაობის მანერის დემონსტრაცია.


პიგლიასათვის, რომელიც იტანჯება კასტრაციის კომპლექსით, კოშმარები მისი შფოთვისთვის საყრდენის ფუნქციას ასრულებენ, კოშმარები მას დაძინებაში უშლის ხელს და აღვიძებს ყვირილით. კითხვა „საიდან ჩნდებიან ბავშვები?“, რომელიც პიგლიას უჩნდება, თავისი არსით ტიპიურად ფროიდიანულია და დაკავშირებული კასტრაციის შფოთვასთან და არსებობის სიმბოლიზაციასთან. პიგლია ნაცვლად ჩივილებისა, სწორედ ამ კითხვით მოგვმართავს.


ანალიზს, განსაკუთრებით სიზმრის ანალიზს აქვს სიმბოლიზაციის ეფექტი. პიგლია თავის ერთ-ერთ სიზმარში ხედავს თუ როგორ კლავს ის „შავ დედას“. ლაკანი საუბრობს ბავშვზე, როგორც სიმპტომზე, „ბავშვი-სიმპტომი“, რასაც ის განმარტავს ნაშრომში Autres écrits, éditions duSeuil, Paris ,2001, dans une note à Jenny Aubry ... ლაკანის ციტატა: “ბავშვის სიმპტომი წარმოადგენს პასუხს ოჯახური სტრუქტურის სიმპტომატიკაზე. სიმპტომი არის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე მოვლენა ანალიზისთვის და ანალიტიკურ კონტექსტში განასახიერებს ჭეშმარიტების/სიმართლის რეპრეზენტაციას. სიმპტომი ბავშვთან შეიძლება იყოს ცოლ-ქმრული ურთიერთობების სიმართლის გამომხმატველი, {ანუ იმის რაც ამ ურთიერთობებში არის დაფარული} ოქტომბერი 1969. ბავშვებს აქვთ სიმპტომები, „ეს სიმპტომები თავად ბავშვს აქცევს სიმპტომად სხვისთვის, სხვის სიმპტომად“ {იგულისხმება პირველ რიგში მშობლები} (Colette Soler, Ce que Lacan disait des femmes)


ზოგჯერ კონსულტაციის მოტივს წარმოადგენს ძილის პრობლემები ბავშვთან და ჩვილთან, ღამის შიშები და კოშმარები!


შტეფან ცვაიგი თავის წიგნში „განკურნება გონით“, რომელიც მიუძღვნა ზიგმუნდ ფროიდს, წერდა: „ხშირად სიზმარი, ეს ჩვენი ძილის ყოველდღიური სტუმარი, აღქმულია, როგორც უცხო სხეულის შემოჭრა, ფანტასტიური ხეტიალი ჩვენი თავის ტვინის ლოგიკურ და სწორ გზაზე“ (ციტატის დასასრული).ბავშვებთან სიზმრის გზა უფრო მეტად მარტივი და სწორია, მაგრამ ამავე დროს ის შეიძლება იყოს საშინელი შავი ღრუბლებით გარემოცული, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ კოშმარებს.


რა ასაკიდან ყვებიან ბავშვები სიზმრებს? და თუ ყვებიან ეს არის კი სიზმრები? თუ ისტორიებია, რომლებსაც ისინი იგონებენ? ჩვილი ბავშვები ხედავენ სიზმრებს? რა აზრის მატარებელია ბავშვებთან ეს სიზმრები და კოშმარები? გააჩნიათ იგივე მნიშვნელობები, რაც ზრდასრულის სიზმრებს? სიზმრის მექანიზმები ზრდასრულთან და ბავშვთან იდენტურია?


ფროიდი ნაშრომის - სიზმრების ინტერპრეტაციის მე-3 თავში სათაურით „სიზმარი სურვილის ასრულებაა“ ეყრდნობა თავისი ბავშვების სიზმრებს, რომ აღმოაჩინოს „არაცნობიერისაკენ მიმავალი სამეფო გზა“.


ბავშვები ადრეული ასაკიდან ხედავენ სიზმრებს, რასაც ადასტურებს იმ ფსიქოანალიტიკოსთა მონათხრობები, რომლებიც მუშაობდნენ ბავშვების სიზმრებზე: ფროიდს მოჰყავს ჰერმან ფონ ჰელმჰუთ-ის (რომელიც იყო ბავშვთა ფსიქოანალიზის პიონერი), საბინა შპილრეინის, ტოსკის (მოკლული ფაშისტების მიერ), ვიგამის, ციტატები ამ საკითხთან დაკავშირებით.


ფროიდს „სიზმრების ინტერპრეტაციის“ ამ თავში მოყავს ბავშვების სიზმრები, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ეს აღმოჩენა. სიზმარი, წერს ის, არ წარმოადენს ინსტრუმენტზე შემთხვევით აღებულ უწესრიგო ბგერათა ქაოსს, ის არ არის აზრსმოკლებული წარმონაქმნი, ის არ არის აბსურდული...სიზმარი ფსიქიკური ფენომენია, ამ სიტყვის სრული გაგებით და განასახიერებს სურვილის აღსრულებას.


ფროიდი ამბობს, რომ სწორედ ბავშვთა ნაივურ სიზმრებში, იპოვა მან არგუმენტები სიზმრის, როგორც სურვილის აღსრულების იდეის სასარგებლოდ. სიზმრის საშუალებით ბავშვი ახორციელებს იმას, რაზეც იმავე დღეს, როდესაც ნახა სიზმარი უარი ეთქვა. მას მოყავს 19 თვის პატარა ანას სიზმარი.


მას არ მისცეს მარწყვის ჭამის უფლება, რადგან ჰქონდა გულისრევა მთელი დღის განმავლობაში, რის გამოც დიეტა ჰქონდა დანიშნული. მოუსვენარი ძილის დროს ის ხედავს სიზმარს და ენის მოჩლექით ამბობს ამ სიტყვებს: « Anna F.eud, f.aises, g.osses f.aises,flan, bouillie ! ».მისი სიზმარი ახორციელებს სურვილს, ის წარმოადგენს რევანშს. ფროიდი სხვა სიზმრებსაც აღწერს, მაგალითად 22 თვის დისშვილის სიზმარს, რომელსაც ის შეპირდა, რომ შეუნახავდა მარწყვს. ბავშვს დაეძინა და დაესიზმრა, რომ ოფიცერმა her man-მას სულ შეუჭამა მარწყვი. 4-5 წლის ასაკის ბავშვებთან სიზმრები ბევრად უფრო რთული და ბუნდოვანი ხდება.


შეგვიძლია ვილაპარაკოთ ფროიდის პაციენტის „ადამიანი მგლებით“ ცნობილ სიზმარზე. ფროიდი ამ სიზმრის ანალიზს ეწევა ნაშრომში „ადამიანი მგლებით“--ამონარიდი ინფანტილური ნევროზის ისტორიიდან“ 1918წ. ეს პაციენტი ყვება თავის ყველაზე ადრეულ სიზმარს, 5 წლის ასაკში ნანახ შფოთვის სიზმარს, ის არა მხოლოდ ყვება, არამედ ხატავს კიდეც თავის სიზმარს, რომელიც აღწერს კაკლის ხეზე შემომსხდარ რამდენიმე მგელს, ისინი მას უცქერენ.... პაციენტის ასოციაცია ამ სიზმარზე დაკავშირებულია მოგონებასთან, როდესაც მან განიცადა აუტანელი შფოთვა. შფოთვა გამოიწვია წითელქუდას ზღაპრის გუსტავ დორეს ილუსტრაციებში დახატულმა მგელმა.


მეორე ასოციაცია აგრეთვე დაკავშირებულია ზღაპართან მგელზე და 7 თხაზე. ეს სიზმარი ნამდვილად დაკავშირებულია კასტრაციის კომპლექსთან, თუმცა მოიცავს გადაყლაპვის/გადასანსვლის თემებს და ცხოველების ფობიას. აქ ცხოველი, რომელიც შფოთვას იწვევს, არის მგელი. მგელი, როგორც მამის სუბსტიტუცია, ჩანაცვლება. თუმცა შეიძლება ვიკითხოთ, სიზმრებსა და ზღაპრებში ხომ არ იმალება კიდევ სხვა საიდუმლო, გარდა მამის ფიგურისადმი ინფანტილური შფოთვისა? ეს არის კითხვა, რომელსაც ფროიდი სვამს და ყურადღებას ამახვილებს ანალოგიაზე, რომელიც არსებობს ამ ზღაპრებსა და კრონოსის მითს შორის, რომელიც იკვლია ოტო რანკმა. ბევრი ინტერპრეტაცია და ანალიზი ეძღვნება ამ კაცის პიროვნებას {იგულისხმება ფროიდის პაციენტი}, შეგვიძლია გავიხსენოთ მრავალი ტექსტი, რომელიც სერგეი კონსტანტინოვიჩ პანკიევის ანალიტიკოსებმა დაწერეს, განსაკუთრებით კი რუთ-მაკ ბრუნსვიკი( Ruth Mack Brunswick),მარიელ გარდინერი (Muriel Gardiner), რომელიც სერგეი პანკიევს უძღვნის წიგნს 1971 წელს სახელწოდებით The Wolfman by the Wolfman. ნიკოლა აბრაჰამისა და მარი ტოროკის მიერ კლასიკად ქცეულ ნაწარმოებში ყურადღება მახვილდება მის პოლიგლოტიზმზე,4 ენაზე, რომელზეც საუბრობდა. რაც შეეხება ლაკანს, მას ეს კლინიკური შემთხვევა კონცეპტ - ფორკლუზიის განვითარებაში დაეხმარება.


ფსიქოანალიტიკოსი მარი ბონაფე, თავის შესანიშნავ წიგნში სათაურით: “წიგნები კარგია ბავშვებისათვის“ აანალიზებს სიკეთეს, რომელიც მოაქვს ბავშვებისათვის ჯადოსნურ ზღაპრებს და მათ უნივერსალურ ღირებულებას. რა თქმა უნდა, მას აუცილებლად მოჰყავს მარტ რობერტის ცნობილი წინასიტყვაობიდან ციტატა, რომელიც ძმები გრიმების ზღაპრების კრებულს ეძღვნება: “ზღაპარი სთავაზობს ბავშვს ადამიანთა ოჯახის ადამიანურ ხატს. ზღაპრის „სამფლობელო“ სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის ჩაკეტილი და საზღვრებში მოქცეული სამყარო. ძირითადად ზღაპარი აღწერს ბავშვის გადასვლას ბავშვობის ასაკიდან სიმწიფის ასაკში, აღწერს რთულ, აუცილებელ და ათასი დაბრკოლებით აღსავსე გარდამავალ დროით მონაკვეთს. ზღაპრების შინაარსებმა და ფსიქოანალიზმა ფროიდისა და მისი სიზმრების ინტერპრეტაციის შემდეგ, გვასწავლა, რომ ზღაპრები და სიზმრები ეფუძნება ფანტაზმებს, რაც გვაშინებს. ბავშვებისათვის ჩვეულია ზღაპრებისა და ფანტაზმების დონეზე საკუთარი სურვილებისა და იდენტიფიკაციების საპირისპირო შემცველობის სურვილებითა და იდენტიფიკაციებით ჩანაცვლება (მაგალითად, წითელქუდას ზღაპარი).


მაგრამ თითოეული ბავშვი ზღაპარში პოულობს საკუთარ სამყაროს და შესაბამისად არ არსებობს ერთი კონკრეტული ანალიტიკური ინტერპრეტაცია ამა თუ იმ ჯადოსნური ზღაპრისთვის. საქმე ეხება ზღაპრის შინაარსის გაშიფვრას თითოეული ბავშვისათვის, როგორც ეს ხდება სიზმრის ან ნახატის ანალიზის დროს.


ხედავენ ჩვილი ბავშვები სიზმრებს? კლოდ ბუკობზა, ჩვენი კოლეგა და მეგობარი, , რომელთან ერთადაც მე მრავალჯერ ჩამოვედი საქართველოში, 2012 წლის ივნისის კოლოქვიუმზე, რომელიც მიეძღვნა ნაშრომს - სიზმრების ინტერპრეტაციის 100 წლის თავს 1999 წელს, სვამს შემდეგ კითხვას: „ბავშვი ხედავს თუ არა სიზმარს ლაპარაკის დაწყებამდე?“


გაერთიანებული სემინარების ფარგლებში მუშაობის დროს, ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს კლინიკურ გამოცდილებას ბავშვებთან, რომელთა ასაკიც მერყეობს 5 თვიდან 3 წლამდე, როდესაც კონსულტაციის მოტივს წარმოადგენს ძილის დარღვევები, დაძინების სირთულე და კოშმარები.


ბავშვები ლაპარაკობენ კოშმარებზე და შიშებზე. სიზმარი დაყვანილია თავის ცენტრალურ ნაწილზე, ბირთვზე: ბავშვი ეძახის „მადამ დოდოს“, „კოშმარების ქალს“ და ეს ხდება იმ სივრცეში, სადაც მათ შეუძლიათ დახატონ ან ილაპარაკონ საკუთარ კოშმარებზე.


ვინიკოტი მიიჩნევს, რომ ბავშვები დამოკიდებულნი არიან ზრდასრულებზე, რათა შეიცნონ საკუთარი სიზმრები. პატარა ბავშვებს სჭირდებათ ვინმე, ვისთანაც შეძლებენ ილაპარაკონ საკუთარ სიზმარზე, მესამე პირი, რომელსაც მოუყვებიან სიზმრებს. ბავშვი სიტყვების მნიშვნელობაზე 8-9 თვის ასაკიდან რეაგირებს, რასაც ადასტურებს დაკვირვევბები კონსულტაციაზე მოსულ ბავშვებზე, ისევე როგორც ლინგვისტიკის სპეციალისტის, ბენედიქ დე ბუასონ ბარდის (Bénédicte de Boissons Bardie) ნაშრომები, რომელიც აჩვენებს, რომ ბავშვები სიტყვების წარმოთქმას იწყებენ 11-დან14-თვემდე, თუმცა მართალია ამ ასაკში ბავშვს უფრო მეტი ესმის ვიდრე ამბობს, უფრო მეტის გაგება შეუძლია, ვიდრე წარმოთქმა, მაგრა 18-24 თვის ასაკში ბავშვი საგნების შესახებ ღრმა ცოდნას ამჟღავნებს.


რა ხდება სივრცეში,რომელიც იქმნება ლაპარაკის გაგებასა და ლაპარაკის დაწყებას შორის? მოდ მანონი ამბობდა, რომ ეს შინაგანი სივრცე დაკარგულია აუტისტებისთვის, სივრცე რომელიც აუცილებელია მეორე ადამიანთან კომუნიკაციისა და სიზმრისთვის/ წარმოსახვისთვის ( d’Un impossible à l’Autre).


სიზმრის ფუნქცია არის ფხიზლობა, ის ფხიზლობს და დარაჯობს ძილს, პოლ-ლორან-ასუნი სიზმარს უწოდებს ღამის დარაჯს. ამ ფუნქციის შესრულება პირველ რიგში დამოკიდებულია დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობაზე, სიზმრის ნახვის უნარი დაკავშირებულია სიმშვიდისა და უსაფრთხოების მომტანი დედის ინტერიორიზაციაზე. რენე შპიცი ნაშრომში - „ არა და დიახ“, მკერდს უწოდებს სიზმრის ეკრანს, ფონს, რომელზეც იქნება პროეცირებული სიზმარი, მკერდი სიზმრის მატრიცაა, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები, როდესაც აღწერენ სიზმრებში ფერებს ეს არის დასაწყისი ფიგურალურობის {ე.ი. სიზმრის მუშაობის ერთ-ერთი მექანიზმი}.


ღამის შიშების დროს თითქოს ტკივილებში იბადება სიზმრის ნახვის ნორმალური უნარი. ლაკანისთვის ეს ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი იკავებს ადგილს, დოლტოსთვის სიმბოლიზაციის ამ პროცესს ანალიტიკური მუშაობა ხელს უწყობს. სწორედ სიმბოლიზაციის ამ გზაზე, რომელზეც უწევთ სიარული პატარა ბავშვებს, მეგზურობას მათ ფსიქოანალიზი უწევთ, რაც წარმოადგენს შეფერხებული, კალაპოტიდან ამოვარდნილი პროცესის ნორმალური მსვლელობის აღდგენას.

როგორ მუშაობს ეს ინკორპორაცია {დამამშვიდებელი დედის} და როგორ უწყობს ის ხელს სიზმრის ქმნადობის უნარის განვითარებას? ფროიდი „ესკიზში“ წერს: „სიზმრის რეპრეზენტაციების ბუნება ჰალუცინატორულია, ისინი აღვიძებენ ცნობიერებას და იძენენ გავლენას მასზე.

იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს, სურვილი ირჩევს ჰალუცინატორულ გზას „სიზმარი არის სურვილის ჰალუცინატორული ასრულება“ (ფროიდი. ილუზია, რომელსაც ჩვენ სიზმარი გვიქმნის, გულისხმობს ისეთ მითიურ სამყაროში აღმოჩენას, სადაც არაფერია განცალკევებული, სეპარირებული ერთი მეორისგან: „მითიური ადგილი, სადაც რეალური ხდება წარმოსახვითი, ხოლო წარმოსახვითი რეალური. სიზმარი ამავე დროს არის, შეკუმშვის, ყველაფრის გაერთიანების ადგილი“ წერს მარი-ფრანს კასტარედი 2006 წელს(Marie France Castarède).


ჩვილ ბავშვთა სიზმრის ბუნება უფრო რაოდენობრივია, ვიდრე ზრდასრული ადამიანების სიზმრები. იქნებ მათთვის ეს წარმოადგენს იმ მითიურ ადგილას დაბრუნების შესაძლებლობას, რომელიც არის დედის სხეული, როგორც თავშესაფარი სამყაროსაგან. ფროიდი საუბრობს ღრმა ურთიერთობებზე და გაგებაზე, რომელიც ემყარება დედის იდენტიფიკაციას ბავშვის სხეულებრივ შეგრძნებებთან, ბავშვის სხეულთან. სუბიექტთა შორისი და სუბიექტის შიგნით მიმდინარე პროცესები, მათთან დაცულობის შინაგანი განცდის კონსტრუირების საფუძველია, რაც ყოველთვის კონფლიქტური და მუქარისშემცველი გარე რეალობის დამორჩილებასა და მოთვინიერებას ხდის შესაძლებელს. ამ შენიშვნის საფუძველზე ვინიკოტი აგებს პირველადი დედობრივი პრეოკუპაციის თეორიას. დედისთვის ჩვილი სიამოვნებისა და სიხარულის წყარო ხდება.


დედის სახის, გამომეტყველებას აქვს სარკის ფუნქცია, სწორედ დედასა და ბავშვს შორის დამყარებული მზერითი ურთიერთობა ხდის ფალოსიზაციის მუშაობას შესაძლებელს. სწორედ აქ მყარდება კავშირი ნანახსა და გაგონილს შორის, მზერისა და სმენითის რეგისტრებს შორის, რომლებიც სიზმარში გადაკვეთს ერთმანეთს. თუ დედა მხოლოდ საკუთარ ემოციებს, როგორც მესიჯებს უგზავნის ბავშვს, ეს უკანასკნელი აღმოჩნდება უმწეობის მდგომარეობაში. სიზმრის ფორმირების უნარი დამოკიდებულია ჩვილის უნარზე, შეძლოს უსაფრთხოების განცდის მომტანი დედის ინტერიორიზაცია.


ჟიზელ შაბუდეზი, წიგნში - „სიზმრის განტოლება“, რომელსაც ის უძღვნის სიზმრების შესწავლას, წერს რომ სიზმარი, გარდა იმისა, რომ ის სურვილის რეალიზაციაა, არის აგრეთვე დიდი სხვის ინტერვენცია სიზმრის სურვილის სტრუქტურაში, სურვილის, რომელიც განიხილება წესრიგის, პრივაციისა და მოთხოვნის, მიმართვის ფარგლებში. აქ ისმება საკითხი თუ რა სურვილი {დიდი სხვა} იმალება იმ მოთხოვნის მიღმა, რომელიც ფორმულირებულია სხვის, დიდი სხვის, როგორც ინსტანციის მიერ. ის იხილავს იმ ბავშვების სიზმრებს, რომლებიც მასთან გადიოდნენ ანალიზს, და წინა პლანზე წამოწევს მეტონიმისა და მეტაფორის კონცეპტებს.


ის სიზმარში სიმბოლიზაციის მექანიზმის მუშაობას მეტაფორულ სიზმრებზე დაყრდნობით გვიჩვენებს და ეფუძნება ჟაკ ლაკანს, რომელიც ამ მეტაფორიზაციას განმარტავს, როგორც ერთი აღმნიშვნელის მეორეთი ჩანაცვლებას, ერთი სიტყვის მეორე სიტყვით ჩანაცვლებას. ამ ტიპის ჩანაცვლებას/სუბსტიტუციას წარმოადგენს ცნობილი ფორ-და (Fort Da),რომელსაც ფროიდი აღწერს ნაშრომში „სიამოვნების პრინციპის მიღმა“, მისი შვილიშვილი დედის სიმბოლიზაციას, დედის მეტაფორიზაციას ახდენს ძაფის გორგალით, ის ამ გორგალით გაითამაშებს დედის არყოფნასა და ყოფნას, ის გააგორებს და გამოაგორებს გორგალს, გადაკარგავს მას და ისევ აღმოაჩენს {დედის წასვლა-მოსვლის სიმბოლიზაცია}. მეტონიმის ფუნქცია მდგომარეობს ერთი სიტყვის მეორე სიტყვით ჩანაცვლებაში, სადაც სიტყვის ნაწილობრივი მნიშვნელობა გამოხატავს ჩანაცვლებული სიტყვის მთლიან მნიშვნელობას.


მე მსურს მოგიყვეთ პატარა გოგონას შესახებ, რომელიც იყო შვიდი წლის, როდესაც მე ის პირველად მივიღე. დავარქვათ მას ლორა. დედასთან მისი გართულებული ურთიერთობები, განსაკუთრებით მისი დის ლუიზას დაბადების შემდეგ, რომელიც იმ დროისათვის არის სამი წლის, ხდება ჩემთან მოსვლის მიზეზი. დედა მიყვება, რომ ლორამ ძალიან კარგად მიიღო ის ამბავი, რომ მას შეიძლება ჰყოლოდა და ან ძმა, თუმცა ბავშვს უფრო მეტად სურდა, რომ დაბადებულიყო ძმა. დედის სამშობიაროში დაწვენიდან და პატარა დის დაბადებიდან რამოდენიმე დღით ადრე ლორას აწვენენ საავადმყოფოში ნაწლავების ანთებით! აქვს 40 გრადუსი სიცხე. ის 4 წლის არის, მაგრამ საავადმყოფოში უვლიან, როგორც ჩვილს, ღამე უკეთებენ პამპერსს, ექთნები არ ელაპარაკებიან, უკეთებენ ნემსებს, იქ ყოფნა მისთვის მატრავმირებელი აღმოჩნდა, რადგან საქმე ეხებოდა რეალურ დაავადებას და ბავშვის ყოლის სურვილს, რადგან დედას უნდა ჰყოლოდა ბავშვი. დედა ამ მონათხრობს ამატებს, ფრაზას: „მე თითქოს თავს ვიკავებდი მშობიარობისაგან!“, ეს ფრაზა აჩვენებს, რომ ლორას ადგილს დედის ფანტაზმის დონეზე ენიჭებოდა უპირატესობა. ყველაფერი ლორასთვის. დედას მის გვერდით არ შეეძლო ყოფნა, არ შეეძლო მისი მხარდაჭერა ბავშვისთვის ისეთ რთულ მომენტში, როგორიც არის მეორე ბავშვის დაბადება, რაც ამძაფრებდა დედის ქალიშვილისადმი ამბივალენტურობას.


ლორა ამჟამად საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც ცოტათი ეჭვიანს თავისი დის მიმართ. ის ძალიან აქტიური გოგონაა, უკრავს ვიოლინოზე, ცეკვავს, დადის თეატრალურ წრეზე, არტისტია ნამდვილი! ხშირად არის ძალიან პირდაპირი და აგრესიული: „ჩემთვის არა ნიშნავს არას“, ამ ფრაზის გამოძახილია დედის სიტყვები, რომლითაც ის საკუთარ თავს ახასიათებს, როგორც ავტორიტარულს (დედა სკოლის მასწავლებელია) და იმეორებს თავისი შვილის მიერ წარმოთქმულ ფრაზას: „როცა მე ვამბობ არას, ეს ნიშნავს არას, მორჩა“. ლორა მეგობრებთან ურთიერთობის დროს შიშობს, რომ მათ არაფერი ავნოს და ეუბნება დედას, რომ ის ვერ პასუხობს მეგობრებს, როდესაც ისინი მას თავს აბეზრებენ. დედა ლაპარაკობს ბრძანებითი კილოთი, მეომრის ტერნმინებით.


გარდა პრობლებებისა, რომელიც მას დედასთან ურთიერთობაში აქვს, ლორა ხშირად ხედავს კოშმარებს, აქვს სომნამბულიზმის შეტევები და ბევრად უფრო დამოკიდებულია სხვაზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სეანსის ბოლოს ის დედას მიმართავს ფრაზით, რომელიც მე არ უნდა გავიგო, დედას მიმართავს იდიშზე, თუმცა არ იცის, რომ მე ეს ენა მესმის: „Kich me le touress „-„მაკოცე უკანალზე“, თუმცა ამ ფრაზას შესაძლოა ჰქონდეს კიდევ უფრო აგრესიული და უცენზურო მნიშვნელობა, სიამოვნების მნიშვნელობა (jouissance).გოგონას მამა წარმოშობით პოლონელი ებრაელია.


ჩემთვის ეს გამონათქვამი მოდის კავშირში იმასთან, რაც სეანსის დროს გოგონამ თქვა. ის თანხმდება, რომ დაიწყებს სეანსებს. მამასთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ ანალიზს. მე მთლიანად არ ვყვები მისი მკურნალობის შინაარს, მოვიყვან მხოლოდ მცირე ფრაგმენტს. არაერთი სეანსის განმავლობაში ის ლაპარაკობს კოშმარებზე.


ერთ კოშმარში ის ნერვიულობს მუსიკაში მიღებულ ნიშნებზე: „მე ყველაფერს ვამტვრევ“. მეორე კოშმარში მას ესიზმრება, რომ დედამისი მკვდარია, შემდეგ მისი დაც მკვდარია. ის დიდხანს საუბრობს თავის დაზე და მამაზე. კოშმარები იშვიათდება. კოშმარებთან ერთად კასტრაციის შფოთვა პოულობს გამოსავალს. თქმის შესაძლებლობას სეანსებზე პრობლემის გადაწყვეტამდე მივყავართ. რამოდენიმე სეანსის შემდეგ, როდესაც მას მოუწია ლოდინი მოსაცდელში, შემოსვლისას მითხრა: „მე შენ დაგიხატავ ჩემს კოშმარს“ ის ხატავს სამ ნახატს.


ფრანსუაზ დოლტოსა და სოფი მორგენშტეინის შემდეგ, რომლებიც იყვნენ პირველი ფსიქოანალიტიკოსები, რომლებმაც გამოიყენეს თერაპიაში ხატვა, ჩვენ ვიცით, რომ ნახატი ინტერპრეტირდება, ისე როგორც სიზმარი. ფროიდი ხაზს უსვამს, რომ სიზმარი არ არის უბრალო ხატების ერთობლიობა, არამედ წარმოადგენს რებუსს (p. 242de l’Interprétation des rêves : chap. sur le travail du rêve).ნახატი ბავშვთა თერაპიაში არის არაცნობიერის დამწერლობა, რომელიც ექვემდებარება გაშიფვრასა და გაგებას.


ლორასთვის კოშმარებზე ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, თქმის შესაძლებლობას, გამოუთქმელის სიტყვებით გამოთქმის შესაძლებლობას ჰქონდა ინტერპრეტაციის ეფექტი.


პირველი ნახატი: დედა კომპიუტერში დისკს დებს, ის ზის. ბავშვმა დედა დახატა მაკიაჟით. ის უყურებს დედას და ზის კომპიუტერის გვერდით.


მეორე ნახატი: დედა ხურავს დისკის ჩასადებს და აჭერს თითს ჩამწერ ღილაკს, შტრიხები ამ ნახატში ბევრად უფრო მკრთალია.


მესამე ნახატი: მოქმედება მთავრდება, დედა დისკს ჩაწერს და დედის ადგილას რჩება პატარა წერტილები, სკამი ცარიელია, მხოლოდ კომპიუტერი ჩანს. ბავშვის ასოციაცია: დედა არის კომპიუტერში, შიგნით, მოქცეულია დისკში.


ბავშვი ამბობს: დედა ხშირად მანერვიულებს, მაქვს სურვილი, რომ დავარტყა მას ლუიზას გამო, არ მაქვს სურვილი დედას შევუსრულო ის რასაც მთხოვს, მამასთან მე უფრო დამჯერი ვარ, მამის უფრო მეშინია, მე ის ლუიზას გამო იშვიათად მეჩხუბება, და როცა დედა ამბობს არას, ეს ნიშნავს არას, მამა უფრო რბილი ხასიათის არის. მაგრამ მამა უფრო ხშირად კამათობს, არ ვიცი რომელი ამოვირჩიო. (მე ვეუბნები: მამამ და დედამ ერთმანეთი უკვე აირჩიეს).


პრობლემა არის ჩემი და, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს. ლორა ამ სეანსის განმავლობაში უფრო მშვიდია .მას აღარ აწუხებს კოშმარები. თუმცა, მას აშინებს ცხოველები, რომლებიც გადასანსვლასთნ, შეჭმასთან არის დაკავშირებული, მონსტრები დიდი კბილებით. სიზმარი ახორციელებს მის არაცნობიერ სურვილს ჩამოიშოროს დედა და ამავე დროს შეინარჩუნოს ის. ის განიცდის შვებას, რადგან საფრთხის შემცველი და მაკონტროლებელი დედა კომპიუტერს არის ამოფარებული, რომელიც {კომპიუტერი} წარმოადგენს მამის ექვივალენტს, წარმოადგენს მამის აღმნიშვნელს, მამი სფუნქციას, ის ახდენს დედის კონსერვაციას {როდესაც ბავშვი დედას დებს კომპიუტერში}.


ლტოლვა, რომელიც უცბად აღმოცენდა იდიშზე ნათქვამ ფრაზასთან ერთად პირველი სეანსის დროს, იდიშზე რომელიც არის მამის ენა, გამოხატავს მამის ეროტიულ სურვილს დედისადმი. ამ შემთხვევაში კოშმარები ლტოლვითი ტკბობის გამომხმატველია.


Lapulsion qui était brusquement apparu dans le premier rendez-vous avec cettephrase en Idish , langue du père, le désir érotique pour la mère, qui pourrait lui prendre le contenu de ses fesses et la dévorer commel’infirmière qui lui met une couche la nuit à l’hôpital, pendant que la mère seretient d’accoucher! Jouissance pulsionnelle que le cauchemar révèle


როგორც ფროიდმა აღნიშნა, სიზმარზე გავლენას ახდენს ანალიტიკური მუშაობაც, რაც იმას ნიშნავს, რომ სიზმრების ინტერპრეტაციის სამუშაო არ შეიძლება მოვიაზროთ, როგორც იზოლირებული აქტივობა, ის ანალიტიკური მუშაობის ნაწილია, ისევე როგორც ნახატი, რომლის ინტერპრეტაციაც მხოლოდ პაციენტის ნაქვამზე, სიტყვაზე დაყრდნობით შეიძლება. ლორასთვის ოიდიპოსური კრიზისი გადალახულია, მისი უკანასკნელი სიზმარი, ისევე ნათელი, როგორც პატარა ბავშვების სიზმრები, მაგრამ ეს სიზმარი როგორც ოიდიპოსის გამოსავალი, მხოლოდ ანალიტიკური მკურნალობის ფარგლებში ასრულებს ამ ფუნქციას.


ამგვარად, სიზმარი არის ენა, „არაცნობიერის ენა, რომელიც ყოველთვის მზად არის შეიძინოს მნიშვნელობა, იმ პირობით, თუ ის მოქმედებაში მოჰყავს იგივე ძალის ცნობიერ სურვილს, რომელზეც არაცნობიერი სურვილი საკუთარი ინტენსივობის ტრანსფერს/გადატანას ახორციელებს“ (Christian Hoffman : IntroductionàFreud). სიზმარი შემოქმედებითი მუშაობის პროდუქტია, ისევე როგორც თამაში ბავშვთან.


ფრანსუაზ დოლტო საუბრობს სიზმრებზე, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანოს ნევროზის გადაწყვეტამდე, განკურნებამდე. მთელი მისი შემოქმედებისა და სემინარების განმავლობაში მას მოაქვს თავისი პაციენტების სიზმრები, მათ შორის შფოთვის სიზმრები, კასტრაციული შფოთვის. მე არ მისაუბრია მელანი კლაინის მიერ აღწერილ მრავალ შემთხვევაზე, რომლის ფარგლებშიც ის აღწერს 2-3 წლამდე ბავშვების სიზმრებს, რომლებიც იტანჯებოდნენ შიშებით, მისთვის მნიშვნელოვანია ოიდიპოსის კომპლექსის ნევროტული გადამუშავება. ანა ფროიდი აანალიზებს უფროსი ასაკის, 8-9 წლის ბავშვებს და საუბრობს აგრეთვე მათ სიზმრებზე. მამის საპატივცემულოდ ის წერს (revue française depsychanalyse TomeIV n°4, 1930) “ჩვენ ვრჩებით სიზმრების ინტერპრეტაციის ფარგლებში, როდესაც მოზრდილთა სიზმრების ანალიზით მიღებული გამოცდილების გამოყენება სრულიად არის შესაძლებელი ბავშვებთან“.


2014 წ. სემინარისთვის თარგმნა გ.მამინაშვილმა

98 views0 comments
bottom of page