top of page
Search

გოგონას სექსუაცია

მდედრობითი სუბიექტის სექსუაციას იმ ავტორებზე დაყრდნობით განხვიხილავ,

რომლებმაც ამ საკითხზე მსჯელობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ესენია ფრანგული ფსიქოანალიზის სკოლის წარმომადგენლები ფრანსუაზა დოლტო, ჟაკ ლაკანი და ზიგმუნდ ფროიდი. სანამ უშუალოდ მდედრობითი სუბიექტის სექსუაციაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია განვმარტოთ რას მოიაზრებს სიტყვა „სექსუაცია“ მისი წმინდად ფსიქოანალიტიკური გაგებით, რადგან ხშირად ეს სიტყვა მცდარად არის გაიგივებული სექსუალობასთან და მის ბიოლოგიურ კომპონენტებთან. პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ არაცნობიერს არ აქვს სქესი, ანუ არაცნობიერში არ არსებობს სქესობრივი სხვაობა სხეულებრივ დონეზე. რაც შეეხება სექსუაციას, ის ჟაკ ლაკანის შემოტანილი ტერმინია და აღნიშნავს ლოგიკურ პროცედურას, რომელიც გულისხმობს სუბიექტის მიერ საკუთარი სურვილის პრაქტიკაში მოყვანის გზას, იმის გათვალისწინებით თუ რომელ სქესს მიეკუთვნება თავად. [1] იმისათვის, რომ

მოხდეს სექსუაცია აუცილებელია კასტრაცია ანუ დანაკარგი, დედისგან გამოყოფა და სქესის არჩევა, რასაც მაგალითად ფსიქოტური სტრუქტურის მქონე სუბიექტი ვერ ახერხებს რადგან, ის ვერ გამოეყოფა დედას და მასთან არ მიმდინარეობს ეს პროცესი. სექსუაცია, სუბიექტის ფსიქოლოგიური სქესის არჩევასთანაა დაკავშირებული და არ არის ბიოლოგიურად დეტერმინირებული. ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ამ საკითხს იკვლევდა, ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი ფრანსუაზა დოლტოა. დოლტოსთვის პატარა სუბიექტის ფსიქიკის ჩამოყალიბება და შემდგომ უკვე სექსუაციის პროცესი, კასტრაციების თანმიმდევრობაა, რომელთა აქტუალიზაციაც სხვისი[2] სიტყვის საშუალებით ხდება. რაც შეეხება კასტრაციას, ის შეგვიძლია გავიგოთ, როგორც დანაკარგი, რომელიც აუცილებელია, როგორც საშუალება, გახდე სუბიექტი, რომელსაც სურს. ანუ დანაკარგი არის ის, რაც შესაძლებელს ხდის სურვილის გაჩენას სუბიექტთან. დოლტოს მიხედვით, იმისათვის რომ ბავშვის ფსიქიკამ სქესთა შორის განსხვავება აითვისოს, საჭიროა ე.წ სარკის ფაზის გავლა, რომელიც ორ კასტრაციას, ორალურისა და ანალურის შორისაა მოქცეული. ორალური კასტრაციისას ბავშვის სხეული გამოეყოფა იმ სხეულს, რომელიც მას აჭმევს, რის შედეგადაც ბავშვი ეზიარება მეტყველებას და მიიღებს კანიბალიზმზე აკრძალვას. ანალური კასტრაციისას ბავშვის სხეული გამოეყოფა იმ სხეულს, რომელიც ზრუნავს მასზე და მიიღებს აკრძალვას მკვლელობაზე. სწორედ მათ შორის მოქცეულ სარკის ფაზაზე ხდება იმის აღმოჩენა, რომ ბავშვი ტანით დედაზე პატარაა და მის ფსიქიკაში ჩნდება განსხვავება დიდი/პატარა, რაც თავის მხრივ აძლევს მას საშუალებას, რომ დედის სხეულისგან დეზიდენტიფიცირდეს და ამის შედეგად შეიძინოს ავტონომიური სხეული, რომელიც მისცემს მას საშუალებას სხვა ბავშვებთან იდენტიფიკაციისა.[3]

მდედრობითი სუბიექტი ორ სვლას აკეთებს ოიდიპაციის გზაზე.

თავდაპირველად, ის საკუთარ ლიბიდოს მამრობით ფიგურაზე მიმართავს და ამის შედეგად აკრძალვას ეჯახება (მამის უარი). მამის აკრძალვასთან შეჯახების შემდეგ ის კვლავ უნდა მიუბრუნდეს დედას, იდენტიფიცირდეს მასთან და ამ ადგილიდან იპოვოს მამის ნაცვლად სხვა ობიექტი ოჯახის გარეთ, რომელზეც მიმართავს საკუთარ ლიბიდოს. ფროიდი, გოგონას ოიდიპაციაზე საუბრისას, შემოვლით გზაზე მიგვითითებს, რომლის გავლაც მას უწევს, ბიჭისგან განსხვავებით.[4]როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სექსუაციის პროცესი სურვილთან არის კავშირში, უფრო კონკრეტულად კი მის პრაქტიკაში მოყვანასთან. რა სურს ქალს? ფროიდი იტყვის, რომ ჭეშმარიტი ქალური სურვილი - ბავშვის ყოლის სურვილია, რასაც შემდგომ უკვე ლაკანი ფალოსის ქონისა და ფალოსად ყოფნის დიალექტიკაში განიხილავს. ფროიდისთვის დედის პოზიციის დაკავება და შესაბამისად ბავშვის ყოლა - პენისის ქონის სურვილის სიმბოლური რეალიზაციაა. მისთვის პენისის ქონის/არ ქონის პრობლემატიკა დგას, ხოლო ჟაკ ლაკანი ამ საკითხს სხვა ადგილიდან მიუახლოვდება - ვიყო ფალოსი თუ მქონდეს ფალოსი? ფალოსის ქონის ანალოგად ის, როგორც ფროიდი, ბავშვის ყოლას მოიაზრებს, ხოლო ფალოსად ყოფნაში ქალურ მასკარადულობას გულისხმობს, რომელსაც ჯოან რივიერის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაშრომის საფუძველზე განიხილავს, სახელად „ქალურობა, როგორც მასკარადი“, რომელსაც მოგვიანებით მივუბრუნდებით.[5]

მოდით გავყვეთ ქალის სურვილის ფროიდისეულ ინტერპრეტაციას და ამგვარად განვიხილოთ თუ როგორ ხდება დედის პოზიციის დაკავების პროცესი მასთან. იმისათვის,რომ ქალმა დედის პოზიციის დაკავება შეძლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში საჭიროა საკუთარ დედასთან იდენტიფიკაცია, შემდეგ ერთგვარი გახლეჩა უნდა მოხდეს ამ ადგილისა, რაც მისცემს მას საშუალებას, რომ დედის პოზიციის დაკავება არ იქნას გაიგივებული საკუთარ, რეალურ დედად გადაქცევასთან მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი იმაზე რთული განსახორციელებელია, ვიდრე ამას თეორია გვიჩვენებს. სირთულეს ალბათ ისიც განაპირობებს, რომ რიგ შემთხვევებში შიში - დავემსგავსო დედას, იმდენად აუტანელია რომ სუბიექტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს მაგრამ, ამისთვისაც კი საჭიროა ჯერ დედასთან იდენტიფიკაცია. რაც შეეხება ფალოსად ყოფნის, ანუ მასკარადულობის პოზიციას, ამ საკითხზე ფრანსუაზა დოლტოც მსჯელობს და ამბობს, რომ ქალური მასკარადულობა ოიდიპოსის დასაწყისია, იმ იდეის უარყოფა გოგონასთან, რომ კლიტორიდან მომავალში პენისი გაიზრდება მთელი სხეულის ლიბიდინალურად დატვირთვას ახდენს, ლოკალურად კლიტორის ლიბიდინალურად დატვირთვის ნაცვლად, რაც შემდგომ გამოიხატება მთლიანი სხეულის დემონსტრირებაში, ანუ იმის დემონსტრირებაში, რაც ქალს არ აქვს.[6]

ამის შემდგომ დოლტო ვაგინალურ კასტრაციაზე გადადის, რომლის ფუნქციაც საკუთარი გენიტალიების აღმოჩენა და მასთან დაკავშირებული ბიოლოგიური თავისებურებების გაცნობიერებაა. ხშირ შემთხვევაში კლიტორული კასტრაციიდან ვაგინალურზე გადასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან მასკარადულობიდან გამოსული ქალი ან დედის პოზიციას დაიკავებს, ან უბრალოდ სიცარიელეში აღმოჩნდება. მასკარადულობის პოზიციის ფუნქცია ქალის მხრიდან მამაკაცის მზერის მიზიდვაა. თუ მასკარადულობის სცენაზე შესაძლებელია პენისის ქონის სხვადასხვა ვარიაციებით გათამაშება და სხვისი სურვილის ობიექტად ყოფნა, მასკარადულობიდან გამოსვლისას მდედრობითი სუბიექტი თითქოს მამაკაცის პოზიციაში აღმოჩნდება, რომელიც წინასწარ განწირულია და მაშინ ქალის პოზიციის ლოგიკური გაგრძელება ან დედად გახდომა, ან დედასთან იდენტიფიკაციის შეუძლებლობის ფონზე, მასკულინური პოზიციის გაძლიერებაა და უკვე ამ პოზიციიდან იმის დემონსტრირებაა, რაც მას არ აქვს, ანუ იმ კომპლექსში აღმოჩენაა, რომელსაც დოლტო მამაკაცურობის კომპლექსს ეძახის.

იმას გარდა, რაც უკვე განვიხილეთ, გოგონას ოიდიპაციის შედგომისთვის კიდევ

ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო და ეს კომპონენტი მამის სურვილია. იმისათვის, რომ გოგონამ დედასთან იდენტიფიკაცია შეძლოს, აუცილებელია მამის სურვილი, რომელიც მიმართულია დედაზე. იმ შემთხვევებში, როდესაც მამის სურვილი არ არის დედაზე მიმართული, საკმაოდ რთული ხდება მასკარადულობისგან თავის დაღწევა. ამის გაკეთების მცდელობა სპეციფიურ შფოთვას აღძრავს, რომელიც ადგილის დაკარგვის შიშით არის გამოწვეული, იმ ადგილის, რომელშიც ასე თუ ისე ქალის პოზიცია გასაგებია თავად ქალისთვისვე.

რა სურს ქალს? ალბათ ამ სურვილის აღმოჩენასთან შეჯახება კიდევ უფრო მეტი

გაურკვევლობით იმუქრება და შედეგად ამ საკითხის გარშემო მნიშვნელოვანი

წინააღმდეგობები იყრის თავს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ართულებს ბნელი კონტინენტისთვის ნათელის მოფენას.

 


[1] ჟაკ ლაკანი, კიდევ, 1972-1973.

[2] იგულისხმება მნიშვნელოვანი სხვა, რომელიც ბავშვზე ზრუნავს.

[3] ფრანსუაზა დოლტო, ქალური სექსუალობა, 1983.

 [4] ზიგმუნდ ფროიდი, ქალის სექსუალობა, 1931.

 [5] ჯოან რივიერი, ქალურობა როგორც მასაკარადი, 1929.

 [6] პენისი

 
 
 

Comments


bottom of page