top of page
Search

ფემინურობის შესახებ

Updated: 16 hours ago

ფემინურობის საკითხი ფსიქოანალიზში არ წარმოადგენს იდენტობის მარტივ მახასიათებელს, იგი არ ემთხვევა „ქალურობის“ სოციო-კულტურულ მნიშვნელობას და არც სქესობრივ ანატომიაზე დაიყვანება. ქალისათვის ფემინურობა არ არის უბრალო მოცემულობა, არც დედისგან ხდება გადმოცემა, ის ყალიბდება შინაგანი კონფლიქტების, დანაკარგების, ანტაგონიზმებისა და ოიდიპალური ტრიანგულაციის გზით. ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან ფემინურობა უკავშირდება სუბიექტის პოზიციას სურვილის, კასტრაციისა და ტკბობის მიმართ და უკავია ისეთი ადგილი, რომელიც არ იფარება მთლიანად ფალიკური ლოგიკით.


ფროიდი თავიდანვე უსვამს ხაზს ამ სფეროს პრობლემატურობასა და სირთულეს. ქალის სექსუალობის შესახებ საუბრისას იგი მას უწოდებს „შავ კონტინენტს“ — უცნობ ტერიტორიას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს თეორიულ სიცხადეს. ეს მეტაფორა მიუთითებს არა ფროიდის თეორიის ნაკლზე, არამედ თავად ფემინურობის იმ თვისებაზე, რომელიც არ ექვემდებარება მარტივ კონცეპტუალიზაციას. ფროიდი არაერთხელ აღიარებს, რომ ქალის სურვილი და სექსუალური ორგანიზაცია არ იკითხება პირდაპირ იმ კატეგორიებით, რომლებითაც მანამდე აღწერდა კაცის ფსიქოსექსუალურ განვითარებას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია ფროიდის პოზიცია, სადაც იგი შეგნებულად ტოვებს ფემინურობის საკითხს ღიად და აღნიშნავს, რომ მომავალში სწორედ ქალ ფსიქოანალიტიკოსებს ექნებათ განსაკუთრებული როლი ამ „შავი კონტინენტის“ კვლევაში.


ფროიდი ფსიქოსექსუალობის განვითარებას აღწერისას იყენებს ოპოზიციურ წყვილებს: აქტიური-პასიური (ანალური ფაზა), ფალიკური-კასტრირებული (ფალიკური ფაზა) და მასკულინური - ფემინური (გენიტალური ფაზა). ამ წყვილებიდან მხოლოდ უკანასკნელი ეხება უშუალოდ სქესთა შორის განსხვავებას. თუმცა თავად ფროიდის ტექსტები ცხადყოფს, რამდენად რთულია „გენიტალურის“ მკაფიო გამიჯვნა პრეგენიტალური წინამორბედებისგან, სწორედ აქ იჩენს თავს ფემინურობის თეორიული პრობლემატურობა. ამ სირთულეს ფროიდი კვლავ უბრუნდება გვიანდელ პერიოდში, 1937 წლის ნაშრომში „ანალიზი დასასრულით და დასასრულის გარეშე“, სადაც იგი კიდევ უფრო მკაფიოდ აყენებს ფსიქიკური ბისექსუალობის საკითხს და გამოყოფს ორივე სქესში ფემინური მხარის უარყოფის პრობლემატიკას, როგორც ანალიტიკური მუშაობის ერთ-ერთ ცენტრალურ წინააღმდეგობას.


ფროიდი ქალური სექსუალობის განვითარებას განიხილავს ოიდიპოსის კომპლექსთან მიმართებით, დეტალურად აღწერს იმ ეტაპებს, რომლებსაც გოგონა გადის და იმ სირთულეებს, რომელთაც იგი ამ პროცესში აწყდება. ამ კონტექსტში ფროიდი თავიდანვე უსვამს ხაზს განვითარების ასიმეტრიას ორ სქესს შორის. ბიჭისთვისაც და გოგონასთვისაც პირველადი სასიყვარულო ობიექტი არის დედა, თუმცა ჰეტეროსექსუალობის შემთხვევაში მათი გზები იშლება: ბიჭისთვის დედის ფიგურა რჩება სიყვარულის ობიექტად, მაშინ როდესაც გოგონას უწევს დედის ფიგურის მამით ჩანაცვლება და სწორედ ეს ცვლილება ანიჭებს ქალურ განვითარებას განსაკუთრებულ კომპლექსურობას.


ამ განსხვავების შედეგად, გოგონაში ოიდიპოსის კომპლექსი არ არის პირველადი სტრუქტურა. იგი მეორადი ფორმაციაა, რომელსაც წინ უსწრებს და შესაძლებელს ხდის კასტრაციის კომპლექსის ზემოქმედება. ამგვარად, სქესთა შორის ფუნდამენტური განსხვავება ნათლად იკვეთება ოიდიპოსის კომპლექსსა და კასტრაციის კომპლექსს შორის არსებული ურთიერთობის ანალიზისას. მაშინ, როდესაც პატარა ბიჭის ოიდიპოსის კომპლექსი გადაილახება კასტრაციის კომპლექსთან შეხებისას, გოგონასთან პირიქით, ოიდიპოსის კომპლექსი სწორედ კასტრაციის კომპლექსის გავლენით შემოდის - გოგონასთვის სასიყვარულო ობიექტი ხდება მამა. ამ ლოგიკაში კასტრაციის კომპლექსი ყოველთვის მოქმედებს თავისი შინაარსის მიმართულებით: იგი შემზღუდავი და დამთრგუნველია მასკულინურობისთვის, ხოლო, პირიქით, წამახალისებელია ფემინურობისთვის. შესაბამისად, ოიდიპოსის კომპლექსი ქალთან არ არის განვითარების საწყისი, არამედ ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით სავსე პროცესის საბოლოო შედეგი.


აქედან გამომდინარე, საკვანძო მნიშვნელობას იძენს ის, თუ რა ხდება მანამდე — პრეოიდიპალურ პერიოდში. სწორედ ამ ფაზაში ჩნდება ის კითხვები, რომლებიც ფროიდისთვის გადამწყვეტი ხდება: როგორ იკვლევს გზას გოგონა მამისაკენ? როგორ, როდის და რა გზით ახერხებს იგი დედასთან პირველადი კავშირის დარღვევას?


პრეოიდიპალური პერიოდის მნიშვნელობა ფროიდმა შემოიტანა 1931 წლის ნაშრომში „ფემინური სექსუალობის შესახებ“, სადაც ამ ფაზას განიხილავს როგორც ყველა განდევნისა და ფიქსაციის ძირითად პერიოდს. ქალი ვერ აღწევს პოზიტიურ ოიდიპოსის კომპლექსს, თუ ვერ გადალახავს წინამორბედ ნეგატიურ კომპლექსს, რომელიც დედასთან პირველადი კავშირის ფორმით ყალიბდება, და სწორედ დედასთან ურთიერთობა იქცევა ქალის ფემინურობის საკითხის ქვაკუთხედად. მეტიც, ფროიდი გამოთქვამს ვარაუდს, რომ დედასთან ამ ინტენსიურ კავშირს შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ისტერიის ეტიოლოგიასთან და რომ ამავე დამოკიდებულებაში შეიძლება ვეძებოთ ქალის შემდგომი პარანოიული ფორმირებების ჩანასახიც.


ამ პრეოიდიპალური კონფიგურაციიდან გამომდინარე, ფროიდი ქალური სექსუალური განვითარების კიდევ ერთ არსებით ასპექტს გამოყოფს: ქალის სექსუალური ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: პირველს აქვს მასკულინური, ანუ ფალიკური ხასიათი, ხოლო მეორე ფაზა უკვე ფემინურ ორგანიზაციას უკავშირდება. ამგვარად, ქალს უწევს ფაზიდან ფაზაში გადანაცვლება — პროცესი, რომელსაც კაცთან არ აქვს ანალოგი. ფალიკურ ფაზაში გოგონასთვის პენისის ანალოგიურ სასქესო ორგანოს კლიტორი წარმოადგენს, რომელიც ატარებს დომინანტურ ხასიათს; ფემინური სექსუალობის განვითარების მიზანი კი სწორედ კლიტორის ჩანაცვლებაა ვაგინით, როგორც ახალი გენიტალური ზონით.


აქედან გამომდინარე, თუ ქალს კაცისგან განსხვავებით აქვს ორი გენიტალური ზონა — კლიტორი და ვაგინა — მაშინ ყველა ადამიანში კონსტიტუციურად არსებული ფსიქიკური ბისექსუალობა ქალში უფრო მკვეთრად არის წარმოდგენილი, ვიდრე კაცში. თუმცა ამ სტრუქტურულ მოცემულობას თან ახლავს შესაძლო გართულებებიც. ფროიდი აღნიშნავს იმ შემთხვევებს, როდესაც კლიტორის ვირილური ფუნქცია შემდგომ სექსუალურ ცხოვრებაში სხვადასხვაგვარად გრძელდება, რაც ფროიდის მიხედვით ვერ ითვლება ფემინური ორგანიზაციის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტად.


სწორედ ამ კონტექსტში ფროიდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გოგონას დედასთან მიჯაჭვულობის საკითხს. კლინიკურ პრაქტიკაზე დაყრდნობით იგი აღნიშნავს, რომ ზოგი ქალი ვერასოდეს ახერხებს ამ კავშირის გაწყვეტას და კაცისკენ ლიბიდინალურ შეტრიალებას. ამ შეუძლებლობას ფროიდი უკავშირებს სხვადასხვა სუბიექტურ პოზიციას: ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ჰომოსექსუალური არჩევანის სახით, ასევე ჰეტეროსექსუალი ქალის შემთხვევაში მასკულინობის კომპლექსის ფორმით, როდესაც ქალი ურყევად რჩება ფიქსირებული ფალიკურ ფაზაზე და პენისის შური და მისი მიღების ფანტაზმი მისი ცხოვრების ცენტრალურ მიზნად იქცევა.


ფროიდი აღნიშნავს, რომ ქალთან პრეოიდიპალური ფაზისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებამ შესაძლებელი გახადა იმ მოვლენების გააზრება, რომლებიც მანამდე გაუგებრად რჩებოდა ქალის სექსუალურ ცხოვრებაში. მაგალითად, ქორწინებაში ერთი შეხედვით უნდა ველოდოთ, რომ ქმარზე მამასთან არსებული ოიდიპალური ურთიერთობის გადმოტანა ხდება, თუმცა ფროიდი აჩვენებს, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს გაცილებით უფრო ღრმა და არქაულ პროცესთან. ქორწინებაში იჩენს თავს დედასთან არსებული, მაგრამ განდევნილი კავშირი: დედობრივი ობიექტის მიმართ არსებული აფექტური ინვესტიცია გადადის მამობრივ ობიექტზე, ანუ ქმარზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალის არაცნობიერში ქმარი ხდება დედა, რაც მიუთითებს არა ოიდიპოსის კომპლექსის, არამედ მისი პრეოიდიპალური, დედასთან დაკავშირებული ფაზის გადმონაშთზე.


ფროიდი ასევე აღნიშნავს, რომ ქალს პირველ ქორწინებაში შესაძლოა ბევრად უფრო კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდეს ქმართან, ვიდრე მეორე ქორწინებაში. ეს განსხვავება აიხსნება იმით, რომ პირველ ქორწინებაში უფრო ინტენსიურად არის წარმოდგენილი ამბივალენტობა. სიძულვილი, როგორც სიყვარულის საპირისპირო მდგომარეობა, მიმართულია ქმრისაკენ, თუმცა თავისი წყაროთი იგი დედის ფიგურას ეხება და წარმოადგენს მისგან სეპარაციის მცდელობას. სწორედ ამიტომ, მეორე ქორწინება შედარებით თავისუფალი ხდება ამ არაცნობიერი ტრანსფერისგან: ქმარზე აღარ არის, ან მნიშვნელოვნად ნაკლებად არის გადატანილი დედის ფაქტორი.


ამ დაკვირვებებიდან გამომდინარე, ფროიდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიზის ინტერესის ცენტრში უნდა მოექცეს სწორედ ის მექანიზმები, რომლებიც მოქმედებენ დედობრივი ობიექტის მიტოვების პროცესში — ობიექტის, რომლის მიმართაც არსებობს ინტენსიური და ექსკლუზიური სიყვარული. კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით იგი აღნიშნავს, რომ ქალებზე დაკვირვებისას ხშირად ვხვდებით დედის მიერ შთანთქმის შიშს. იმისათვის, რომ ქალმა შეძლოს დედის დისკურსიდან გამოსვლა, მასთან სეპარაცია და საკუთარი ქალური სექსუალობის განვითარება, აუცილებელია დედის მიმართ სიძულვილის გამოჩენა — თუმცა ეს სიძულვილი არ უნდა გავიგოთ ზედაპირული ან მორალური მნიშვნელობით. ფროიდის მიხედვით, დედის მიმართ უკმაყოფილება, წყენა, ბრაზი ან სიძულვილი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც დედა იკავებს მკაცრ, მაგრამ ამავე დროს შვილის ფსიქოსექსუალური განვითარებისათვის სტრუქტურულად მნიშვნელოვან პოზიციას. ეს პოზიცია ხშირად გამოიხატება მასტურბაციის აკრძალვაში. ფროიდი ხაზს უსვამს, რომ როდესაც მასტურბაცია განმტკიცებულია და აკრძალვა არ ფუნქციონირებს, გოგონას უფრო მეტად ეხსნება გზა მასკულინურობისკენ.


ფროიდს აქვე მოჰყავს უმნიშვნელოვანესი პასაჟი, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას:

“იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვმა ვერ შეძლო მასტურბაციის დათრგუნვა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო აკრძალვის ეფექტი თავს იჩენს შემდგომ მცდელობებში — უდიდესი მსხვერპლის ფასად გათავისუფლდეს იმ დაკმაყოფილებისგან, რომელიც მას გაუფუჭეს“ (Freud, 1931) - ანუ თუ თუ ბავშვმა ვერ შეძლო მასტურბაციის შეწყვეტა, ეს არ ნიშნავს იმას რომ აკრძალვა საერთოდ არ ტოვებს კვალს, პირიქით მასტუბაციული ტკბობა მოწამლული ხდება დანაშაულის განცდით, ამით ხდება “გაფუჭება”. და იმის გამო, რომ გარედან აკრძალვამ ვერ იმუშავა საკმარისად კარგად, სუბიექტი თვითონ ქმნის აკრძალვას - ეს შეიძლება იყოს ასკეტიზმი, ზედმეტი მორალიზმი, თვითდასჯა, ან ისეთი ობიექტის არჩევა ვისთანაც ვერ მოხდება სექსუალური დაკმაყოფილება.


„თავისუფალი სექსუალური აქტივობის შეფერხების გამო დაგროვილი წყენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედასთან განშორებაში. იგივე მოტივი კვლავ ამოქმედდება პუბერტატის შემდეგ, როდესაც დედა საკუთარ მოვალეობად აღიქვამს ქალიშვილის სიწმინდის დაცვას. ბუნებრივია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედა ანალოგიურად ეწინააღმდეგება ბიჭის მასტურბაციასაც და ამით მას აძლევს აჯანყების ძლიერ მოტივს” (Freud, 1931).


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კაცსა და ქალში ფემინური ნაწილის უარყოფის პრობლემატიკა ფროიდმა წამოაყენა ბოლოდროინდელ 1937 წლის ნაშრომში “ანალიზი დასასრულით და დასასრულის გარეშე“. ფროიდი ანალიზის რეზისტენციას უკავშირებს ფემინური ნაწილის მიღების სირთულეს ორივე სქესში. ის ახსენებს ფერენცის და აღნიშნავს, რომ ქალის პენისის სურვილისა და მამაკაცის მხრიდან პასიური პოზიციისადმი წინააღმდეგობის განსაკუთრებულ მნიშვნელობა ფერენცის ყურადღებას არ გამორჩენია. ფერენცი 1927 წლის მოხსენებაში აყენებს მოთხოვნას, რომ ყოველი წარმატებული ანალიზი უნდა ახერხებდეს ამ ორი კომპლექსის გადალახვას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ ნევროზი გადაჭრილად ჩაითვალოს.


თუმცა ფროიდის აზრით, ფერენცი ზედმეტად მომთხოვნია. იგი აღნიშნავს, რომ ანალიტიკური პროცესის არც ერთ ეტაპზე ადამიანი არ განიცდის ისეთ ძლიერ დამთრგუნველ განცდას, როგორც მაშინ, როდესაც ანალიტიკოსი ცდილობს ქალებს გადააწყვეტინოს უარი თქვან პენისის სურვილზე, როგორც განუხორციელებელზე, და მამაკაცებს დააჯეროს, რომ პასიური პოზიცია მამაკაცის მიმართ ყოველთვის არ ნიშნავს კასტრაციას და რომ იგი აუცილებელია ცხოვრების მრავალ ურთიერთობაში.


ამასთანავე, ფროიდი ხაზს უსვამს, რომ წინააღმდეგობის ფორმა — იქნება ეს ტრანსფერის სახით თუ სხვა გზით — არსებითი არ არის; გადამწყვეტი რჩება ის, რომ წინააღმდეგობა არ უშვებს არანაირ ცვლილებას. სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება „უხეში კლდის“ (roc crû)  მეტაფორა: შთაბეჭდილება, თითქოს ფსიქიკის ყველა ფენა გავლილია და ანალიტიკური მუშაობა ამ წერტილზე ჩერდება.


ფროიდის დასკვნა აქ უკიდურესად ფრთხილია. ქალურობის უარყოფა, მისი აზრით, ვერ აიხსნება მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორებით; იგი უკავშირდება ამ სქესის დიდ ენიგმას და ნაწილობრივ ბიოლოგიურ მოცემულობასაც. ძნელი სათქმელია, როდის ან საერთოდ თუ ოდესმე შეძლებს ანალიტიკური მკურნალობა ამ ფაქტორის სრულ გადალახვას. ფროიდი თავს იმით იმშვიდებს, რომ ანალიზანდს მიეცა ყველა შესაძლო სტიმული, რათა მან შეძლოს საკუთარი პოზიციის გადახედვა და შეცვლა ამ ფუნდამენტური სირთულის მიმართ.


ამასთან დაკავშირებით ჟაკლინ შეფერი აყალიბებს თეორიულ ხაზს, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ სქესთა შორის განსხვავება  არც თავიდანვეა მოცემული და არც ბოლომდე დამუშავებული, ამასთან ვაწყდებით პარადოქსს - თუ ერთი მხრივ გადამწყვეტია ფსიქიკური ბისექსუალობის საკითხის დამუშავება, მეორე მხრივ ბისექსუალობა თავად უარყოფს სქესთა შორის განსხვავებას. ამასთან დაკავშირებით ჟაკლინ შეფერი აყენებს ჰიპოთეზას, რომ ის, რასაც ფროიდი „კლდეს“ უწოდებს, სწორედ სქესთა შორის განსხვავების კლდეა.


ფემინურობის უარყოფა წარმოადგენს იმის უარყოფას, რაც სქესთა შორის განსხვავებაში ყველაზეძნელად ექვემდებარება ჩარჩოში, ანალური ან ფალიკური ლოგიკის ფარგლებში მოქცევას. ფემინურობა წარმოადგენს ენიგმას, უკავშირდება უსაზღვრო ტკბობას, მოიცავს საშიშ ფანტაზმებს და ორივე სქესში აგენერირებს შფოთვას.


ჟაკლინ შეფერი თავის ნაშრომში « ფემინურის უარყოფა » ფსიქოსექსუალური განვითარება სამ ძირითად ეტაპს მოიაზრებს, რასაც მკვებავ შეღწევას უწოდებს (effracteurs nourriciers). ისინი სამი რეალობის გამოცდაა, რომლებიც წარმოშობს ფსიქიზაციის გამოცდილებებს სხეულისა და ფსიქიკის საზღვარზე — სწორედ იქ, სადაც განისაზღვრება ლტოლვა.


პირველი არის ლიბიდოს მუდმივი ბიძგი, რომელიც განსხვავდება ინსტინქტისა და საჭიროების პერიოდული ბიძგებისგან. აგზნება იქცევა ლტოლვად, რაც არსებით ადამიანურ ფაქტორს წარმოადგენს.


მეორე - სქესთა შორის განსხვავების გამოცდა და მისი რეალობის მოთხოვნები, რაც ოიდიპოსის გადამუშავებას გულისხმობს. სწორედ ეს შეღწევა მოწყვეტს  ძალადობრივად პრეგენიტალური მოდელებისგან პენისსა და ვაგინას.


მესამე არის სასიყვარულო პარტნიორი ტკბობის სექსუალურ ურთიერთობაში, ის ვინც ქალშიგამოავლენს გენიტალური დონის ფემინურობას.


ზოგადად, ლიბიდინალური მუდმივი ბიძგები ეგოს მიერ შეიძლება დაკვალიფიცირდეს ანალურ, ფეკალურ და ლიბიდინალურ პოლუსებზე:


ანალურ პოზიციაზე სფინქტერული ფუნქციონირების წყალობით ეგოს ეძლევა შესაძლებლობას, გაიხსნას და დაიხუროს ლტოლვისა და ობიექტის მიმართ.


ფეკალურ პოზიციაზე ეგო ნებისმიერ ფასად უარს ამბობს და იკეტება ლტოლვითი შეჭრის წინაშე: ეს არის დენეგაციის და ლტოლვის მიმართ სიძულვილის რეპრესიული გადაწყვეტა. ამ დროს კაცს სჭირდება თავისი პარტნიორის დამცირება, დასვრა და სრულად დაქვემდებარება, ქალის სქესი ხდება საზიზღრობა, აქ შეიძლება განვითარდეს პერვერსიული ფორმაციები. ქალი კი თავის მხრივ ფეკალურ პოლუსზე ყველაფერს აკეთებს კაცის კასტრირებისთვის და ასევე ცდილობს მის ექსკრემენტებამდე დაყვანას.


ლიბიდინალურ პოზიციაზე კი ხდება ლტოლვაზე დამორჩილება, რაც იძლევა სექსუალური ტკბობის გამოცდილებას.


ლიბიდინალური „გენიტალური“ არის ის, რაც ყველაზე რთული და ძალადობრივია, და რაც ყველაზე ინტენსიურად ამოქმედებს ანალურ, ფეკალურ და ფალიკურ დაცვებს, რომელთაც შეიძლება ეწოდოს „ფემინურის უარყოფა“. გენიტალური პოზიცია უნდა დაუპირისპირდეს და წინ აღუდგეს არქაული დედის რეგრესულ მიზიდულობას, რომელიც უბიძგებს განუსხვავებლობისკენ, რაც თავის მხრივ სიკვდილის ლტოლვას მიეწერება.


ზოგადად დედა როგორც მზრუნველი და ასევე პირველადი შემაცდენელი - თავისი მზერით, ხმით და შეხებით ახდენს ბავშვის სხეულის ეროტიზაციას, აღვიძებს მის ეროგენულ ზონებს და ასევე საკუთარ თავსაც აძლევს საშუალებას ბავშის მიერაც იყოს შეცდენილი, თვითონაც მიიღოს სიამოვნება. თუმცა ამასთანავე საჭიროა დედამ ბავშვს ზედმეტი ექსიტაციის საწინააღმდეგო ინვესტიციის მიწოდებაც შეძლოს. პატარა გოგონასთვის ფემინურობის მონახაზი მაშინ იქმნება, როდესაც დედა სექსუალურ ღამეს უბრუნდება, სადაც აღარ არის დედა და განაახლებს თავის ეროტიკულ ცხოვრებას. ეს ნიშნავს რომ დედა შვილს საკუთარი სხეულის გავლით გადასცემს შეტყობინებას, რომელშიც დედის სურვილი სხვა ობიექტს ეკუთვნის, ეს მესიჯი თავის მხრივ კი, საშუალებას აძლევს ბავშვს ორგანიზება გაუწიოს თავის აღზნებას „სხვისკენ“, ანუ ადგილი აქვს ობიექტის კონსტრუირების პრელუდიას.


გოგონა ვერ გახდება ქალი, თუ ის არ დაუპირისპირდება დედის დედობრივ ფემინურს. გადაჭარბებული დედობრიობა, რომლის მიზანია მამის ფიგურის გამორიცხვა და ქალიშვილის ნარცისულ დანამატად გამოყენება, ქალიშვილში იწვევს იდენტობის და მომავალი ქალის სექსუალობაში სერიოზულ დარღვევებს. თუმცა ამასთანავე, პირიქით, დედაში ჭარბი სექსუალობის დომინირებამ შეიძლება ქალიშვილში აღძრას სიძულვილი პრიმიტიული სცენისა და სექსუალობის მიმართ, რაც შეიძლება გამოვლინდეს მძიმე ისტერიაში და ფრიგიდულობაში. ზოგიერთი დედა ქალიშვილს გადასცემს კაცების სიძულვილს, პენისის შიშს, სექსუალური აქტის და პენეტრაციის ზიზღს.


დედობრივი ფიგურის ამგვარი არქაული ძალის გათვალისწინებით, რომელიც პრეოიდიპალურ დონეზე უკვე მოქმედებს და ბავშვს განუსხვავებლობისკენ ექაჩება, გადამწყვეტი ხდება ის, თუ როგორ და რა პირობებში ხერხდება ამ ძალის სიმბოლური დამუშავება. სწორედ ამ წერტილზე უნდა ჩაერთოს მამის ფუნქცია, როგორც ის ინსტანცია, რომელიც შესაძლებელს ხდის დედასთან პირველადი კავშირის გადამუშავებას და სუბიექტის სიმბოლურ წესრიგში ჩაწერას.


ამ ლოგიკას ავითარებს მარკოს ზაფიროპულოსი, როდესაც აღნიშნავს, რომ გოგონას ოიდიპოსში შესვლა გულისხმობს დედის უარყოფას. თუმცა თუ ეს უარყოფა ვერ პოულობს სიმბოლურ დამუშავებას მამის ფუნქციის მეშვეობით, ქალი, ლაკანის თქმით, შეიძლება მივიდეს „სუბიექტური იდენტიფიკაციის ფორკლუზიამდე“, რაც სტრუქტურულად ფსიქოზს უახლოვდება. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველადი დედობრივი ფიგურა ვერ სიმბოლიზდება, ეს ვითარება შეიძლება გადაიქცეს დედის ფორკლუზიად, სადაც დედა იქცევა რეალურ ძალად, რომელიც დევნის ან მოითხოვს გოგონასგან იყოს საკუთარი დაკმაყოფილების და ტკბობის ობიექტი. ასეთ კონფიგურაციაში დედობრივი ფიგურა აღარ არის ჩართული საკუთარ სურვილში როგორც ქალი; იგი მთლიანად დედად არის ქცეული და ბავშვს იყენებს ფეტიშისტური დაკმაყოფილების მიზნით.


ფემინურობის საკითხის კვლევაში ქალიშვილის სიმპტომები შეიძლება დავუკავშიროთ დედის სუპერეგოსეულ ძალას, რომელიც ქალიშვილისთვის ხშირად უფრო დესტრუქციულია, ვიდრე ბიჭისთვის, რადგან დედასთან იდენტიფიკაცია ამ შემთხვევაში უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველია. სწორედ ამიტომ ხდება გადამწყვეტი კითხვა დედის ფიგურის სტატუსის შესახებ ლაკანიანურ თეორიაში.


ვინ არის დედა ლაკანთან? ლაკანიანური დედა მნიშვნელოვნად განსხვავდება ფროიდიანული დედისგან. ლაკანთან დედა წარმოდგენილია როგორც საშინელი, სუპერეგოსეული ძალა, რომელიც ბავშვს ემუქრება არა სხეულის რომელიმე ნაწილის დაკარგვით, არამედ თვით სხეულის განადგურებით. იგი არის პრეოიდიპალური, სუპერეგოსეული და ბარბაროსული ძალა, მაშინ როცა ფროიდთან ასეთი დედა არ არსებობს: ფროიდთან სუპერეგოზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ოიდიპოსის შემდეგ და ამასთან სუპერეგოს ინსტანცია მკაფიოდ არ არის გამიჯნული მეს იდეალისგან (l’idéal du moi).


ლაკანი, პირიქით, მკვეთრად განასხვავებს სუპერეგოსა და მეს იდეალს. ფროიდთან მეს იდეალი დედასაც მოიცავს, მაშინ როცა ლაკანი დედას გამორიცხავს მეს იდეალისგან. თუ ფროიდთან სუპერეგო არსებითად პატერნალურია — მამობრივი და პოსტ-ოიდიპალური — ლაკანი 1938 წლიდან იცავს, უფრო კლაინიანურ ხაზზე, პრეოიდიპალური დედობრივი სუპერეგოს იდეას. ამ კონსტრუქციას მოგვიანებით ავსებს უკვე პოსტ-ოიდიპალური მამობრივი მეს იდეალი, რომლის ფუნქციაც სწორედ ის არის, რომ ბავშვი ამოგლიჯოს პირველადი დედის დაკმაყოფილების იმპერიიდან და ჩართოს იგი სიმბოლურ წესრიგში.


ამგვარად, პრეოიდიპალურ დონეზე — მანამ, სანამ მამის კანონი ამოქმედდება — მატერნალური იმაგო უკვე ფუნქციონირებს როგორც ძალა, რომელიც ბავშვს ემუქრება მთლიანი სხეულის დანაწევრებით და არა მხოლოდ ერთი ორგანოს კასტრაციით. სწორედ ამ არქაული საფრთხის ფონზე ხდება გასაგები ფალიკური ფაზის სტრუქტურული მნიშვნელობა.


ფალიკური ფაზა — პენისის ნარცისული ზეინვესტირების ფაზა — გარდაუვალია როგორც გოგოსთვის, ისე ბიჭისთვის. ზოგადად ფალიკური აღნიშნავს იმას, რაც ამოძრავებს ძალაუფლების, კონტროლისა და დომინაციის წყურვილს და ორივე სქესში ფუნქციონირებს როგორც თავდაცვა კასტრაციის შფოთვის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით, ფალიკური შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ბავშვი თავს აღწევს პრეგენიტალური დედის არქაულ და დამთრგუნველ მიზიდულობას.


თუ ფალიკური ეტაპი გარდაუვალია, ფემინურზე წვდომა სხვა გზას მოითხოვს. ამ პროცესს ჟაკლინ შეფერი „ფემინურის მუშაობას“ უწოდებს, რომელიც როგორც კაცთან, ასევე ქალთან უზრუნველყოფს სქესთა შორის განსხვავებაზე წვდომას და მის შენარჩუნებას.


კაცთან „ფემინურის მუშაობა“ იმაში მდგომარეობს, რომ მან შეძლოს მიენდოს ლიბიდოს მუდმივ ბიძგს, მაშინ როცა მისი სიამოვნების პრინციპი შეიძლება უბიძგებდეს, დაკმაყოფილდეს პერიოდიზებული რეჟიმით — დაძაბულობითა და განტვირთვით. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ანალური სექსუალობასთან, „ანალურ პენისთან“. კაცის ორგაზმს მცდარად აიგივებენ ტკბობასთან, მაშინ როცა იგი სინამდვილეში ტკბობიდან გაქცევას წარმოადგენს და ეგოს კონტროლში რაც შეიძლება სწრაფ დაბრუნებას.


ქალს ორი ანტაგონისტური რამ სურს - ერთი მხრივ მას სძულს, ეზიზღება დამარცხება,  მისი სქესი კი ითხოვს ამას, მეტიც — მოითხოვს. იგი მოითხოვს დაცემას, დამარცხებას, კაცის „მასკულინურს“, ანუ იმას, რაც „ფალიკურის“ ანტაგონისტია - ფემინურს. მას სჭირდება ლიბიდოს დიდი რაოდენობა და ეროტიკული მაზოხიზი და სწორედ ეს არის „ფემინურის“ სკანდალი.


ამ საკითხთან დაკავშირებით ჟაკლინ შეფერი შემდეგნაირად განმარტავს მაზოხიზმის „ენიგმას“: რაც უფრო მეტად არის ქალი დაშავებული, მით მეტად სჭირდება, რომ იყოს სასურველი; რაც მეტად არის დამორჩილებული, მით უფრო მეტად ძლიერია თავის საყვარელზე. ქალის დამარცხების შესაძლებლობა — ეს არის ქალის ძალა. ამრიგად, შემთხვევითი არ არის, რომ ფროიდთან ვხვდებით ამ „ფემინური ენიგმის“ და „იდუმალ მაზოხისტურ ტენდენციების“ კავშირს.


შეფერი შემდეგნაირად ხსნის პირველადი მაზოხიზმის « საჭიროებას » გოგონას შემთხვევაში: ზოგადად გოგო ლოდინს არის მიძღვნილი - თავდაპირველად ჯერ პენისს ელოდება, შემდეგ — მკერდს, „ციკლს“, თავიდან პირველ ჯერზე და შემდეგ ყოველთვიურად. ელოდება პენეტრაციას, ბავშვს, მშობიარობას, ძუძუთი კვების შეწყვეტას და სხვა. ის არასოდეს წყვეტს ლოდინს, და რადგან ეს მოლოდინები უმეტესად უკავშირდება რეალურ, არაკონტროლირებად დანაკარგთა გამოცდილებებს - იქნება ეს საკუთარი თავის ნაწილების თუ ობიექტების დაკარგვა რომელთა სიმბოლიზაციაც მას არ შეუძლია ისე, როგორც ბიჭს - ორგანოს დაკარგვის შფოთვის სახით, რომელიც რეალობაში თითქმის არასოდეს იკარგება - და რადგან ასეთ გამოცდილებებს თან სდევს მისი ნარცისული ეკონომიის ძლიერი რყევები, ქალს ამ ყველაფრის გამკლავებისთვის სჭირდება სოლიდური პირველადი მაზოხიზმის საყრდენი.


ლიბიდინალური თანააღგზნება, რომელიც ტკივილის ეროტიზაციას ახდენს, გოგონას ეხმარება საკუთარი სხეულის ათვისებაში. აქ არ არის საუბარი პათოლოგიურ მიდრეკილებაზე, ამ შემთხვევაში ეს ასრულებს დედისგან დაცვის ფუნქციას რათა არ მოხდეს მასთან შერწყმა. შემდეგ მნიშვნელოვანია მაზოხიზმის შებრუნება მამისკენ, ანუ პირველადი მაზოხიზმიდან — რომელიც აუცილებელია დედობრივი სხეულისგან დიფერენცირებისთვის — მეორად, ეროტიკულ მაზოხიზმზე გადასვლა, რომელიც გოგოს მიიყვანს მამის პენისით პენეტრაციის სურვილამდე. ამ ოიდიპალურ სურვილთან დაკავშირებული დანაშაულის გრძნობას გოგონა გამოხატავს ფანტაზმში სადაც მას სცემენ, რაც ფროიდმა აღწერა თავის ნაშრომში „ნაცემი ბავშვი“.


ქალისთვის ტკბობის ობიექტი კაციც ასევე დგება გამყოფი მესამის პოზიციაში, რათა ქალი ამოგლიჯოს დედასთან მისი არქაული ურთიერთობიდან.თუ დედამ ქალიშვილს პენისი არ მისცა — რაც, ფროიდის მიხედვით, მას სიძულვილის ობიექტად აქცევს — ის ქალიშვილს არც ვაგინას გადასცემს. სწორედ ვაგინის გახსნითა და გამოვლენით შეძლებს კაცი ქალის ამოგლეჯას მისი ავტოეროტიზმისა და პრეგენიტალური დედისგან. აქ ადგილი აქვს ობიექტის ცვლილებას : დედისადმი ანალური დამორჩილება, რომლისგანაც გოგო პენისის შურით ცდილობდა გაქცევას, იქცევა საყვარლისადმი ლიბიდინალურ დამორჩილებად.


შეუძლებელია ამ კავშირზე საუბარი ფანტაზმის გარეშე - ორი ფანტაზმური სცენარის შეხვედრა ნიშნავს, რომ თითოეული სუბიექტი მეორეში ამოიცნობს საკუთარ არაცნობიერ ისტორიას. ობიექტი არის ის „ვინც შენს ამბებს გიყვება“, ანუ საყვარელი თითქოს ამბობს იმას, რაც სუბიექტმა უკვე იცოდა თავისი თავის შესახებ, მაგრამ ვერ ამბობდა. ლაკანისთვის სიყვარული ყოველთვის ფანტაზმის სტრუქტურაშია ჩაწერილი. სუბიექტს არ უყვარდება „რეალური სხვა“, არამედ ის, ვინც მისი ფანტაზმის ადგილს იკავებს, სწორედ ამიტომ ამბობს ლაკანი, რომ სიყვარული არის მისცე ის, რაც არ გაქვს.


ფანტაზმური მიზანსცენა არის ის რაც ახდენს ლიბიდოს შეკავშირებას, რომელიც მონაწილეობს სურვილის გაჩენასა და მის შენარჩუნებაში. ამასთანავე ფანტაზმების შენარჩუნება ურთიერთობებში დღევანდელობის fastlove - ის პირობებში არ არის მარტივი. აღსანიშნავია, რომ ფანტაზმი ბევრნაირი შეიძლება იყოს, საქმე გვაქვს ადამიანის ფსიქოსექსუალობის პოლიმორფულად პერვერსიულ ნორმალურ კომპონენტთან და არა პერვერსიასთან.


წარმოდგენილი ანალიზი აჩვენებს, რომ ფემინურობა ფსიქოანალიზში არ დაიყვანება არციდენტობის სტატიკურ კატეგორიაზე, არც სქესობრივ ანატომიაზე და არც კულტურულად დადგენილ „ქალურობის“ მოდელზე. ფემინური იკვეთება როგორც სუბიექტური პოზიცია, რომელიც ყალიბდება პრეოიდიპალური და ოიდიპალური პროცესების, დანაკარგის, კასტრაციისა და ტკბობის სპეციფიკურ კონფიგურაციაში. იგი ჩნდება იქ, სადაც ფალიკური ლოგიკა აღწევს თავის საზღვარს და სუბიექტი იძულებულია შეხვდეს იმ გამოცდილებას, რომელიც სრულად ვერ ექვემდებარება კონტროლს, სიმბოლიზაციასა და ფალიკურ ეკონომიას.


ფემინურობა მუდმივად უკავშირდება წინააღმდეგობას — დედობრივი ფიგურისგან სეპარაციის სირთულეს, ფემინური ნაწილის უარყოფას ორივე სქესში, მაზოხიზმის ენიგმასა და ფანტაზმის სტრუქტურას. სქესთა შორის განსხვავება აქ არ არის ერთხელ და საბოლოოდ გადაწყვეტილი საკითხი, იგი მუდმივად უბრუნდება სუბიექტს სიმპტომის, ფანტაზმისა და ტკბობის ფორმით. სწორედ ამიტომ ფსიქოანალიზის ამოცანა არ არის ამ განსხვავების ნორმატიულ ჩარჩოში მოქცევა, არამედ იმ სივრცის შენარჩუნება, სადაც სუბიექტს შეუძლია კვლავ და კვლავ გადაამუშავოს საკუთარი სურვილის, სხეულისა და სიყვარულის უნიკალური გზა.




ბიბლიოგრაფია

·      De Neuter, P., & Bastien, D. (2009). Clinique du couple.

·      Freud, S. (1925). Quelques conséquences psychiques de la différence anatomique entre les sexes.

·      Freud, S. (1931). Sur la sexualité féminine.

·      Freud, S. (1933). La féminité.

·      Freud, S. (1937). L’analyse finie et l’analyse infinie.

·      Schaeffer, J. (1997). Le féminin. Un sexe autre.

·      Schaeffer, J. (1999). Le refus du féminin.

·      Zafiropoulos, M. (2010). La question féminine, de Freud à Lacan : la femme contre la mère.

 



 
 
 

Comments


bottom of page