top of page
Search

გალაკტიონის მელანქოლია


შესავალი

 

„დუმილი გახდა ვიწრო გალია,

დაუძინარი და უჩინარი,

მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალია,

მარად და მარად ტყდება ჩინარი.

როგორც ჩინარი - ისე პოეტი:

მისთვის სიმაღლე არის წამება -

არა ღიმილით და ალოეთი

დაფარავს მტერთა ცილისწამება.“

„ისევ ეფემერა“ 1922 წ.

1891 წელს სამუდამოდ შეიცვალა ქართული ლიტერატურული ისტორია, ამგვარი დიდი ცვლილება განმეორდა 1959 წელს, მათ შორის მოქცეულ 68 წელში თავმოყრილია ქართული ენის ზენიტი –– გალაკტიონის პოეზია.

შარლ ბოდლერი ლექსში „ალბატროსი“ გვთავაზობს პოეტის სახეს, გალაკტიონიც, მგავსად ბოდლერის ლექსისა, ის ალბატროსია, რომელიც პოეზიის ლაჟვარდებში გოლიათური ფრთებით დაფრინავს, მაგრამ მიწაზე დაცემულს სწორედ ეს ფრთები უშლის: „მაგრამ მიწაზე, სადაც კაცთა დგას ღრიანცელი, რომ გაიაროს, ფრთები უშლის გოლიათური“[1]. იქამდე, სანამ ქართული პოეზია ახალ ლაზარეს ელის, ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შევისწავლოთ ის პირობები, რომლებიც აყალიბებენ გენიას. გალაკტიონის ბიოგრაფიის კვლევა უკიდურესად კომპლექსურია, ხოლო ჩვენი კვლევა კონცენტრირდება მხოლოდ ერთი მიმართულებით, ამიტომ მკითხველს ვთხოვთ, ქვემოთ გადმოცემული, თუნდაც ყველაზე მკაცრი მტკიცებითი ტონით გამოთქმული მოსაზრებები მიიღოს ყველაზე თავმდაბლურ ვარაუდებად.

კვლევის საგნად გადავწყვიტეთ აგვერჩია გალაკტიონის სუიციდის გამომწვევი ფაქტორები და მის ფონზე განგვეხილა პოეტის ფსიქობიოგრაფია. კვლევის დროს მის ბიოგრაფიაში გამოიკვეთა პასაჟები, თეორიული წიაღსვლები, რომლებიც, შესაძლოა, საინტერესო იყოს, ამიტომ მკითხველებს ვთხოვთ მოგვიტევონ ძირითადი თემიდან მცირედი გადახვევები და ის სომნამბულური სტრუქტურა, რომლითაც შეიძლება დახასიათდეს ნაშრომი.

 


 

კვლევის მეთოდი და ეთიკა

 

ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს მცირედი ნათელი მაინც მოჰფინოს გალაკტიონის წყვდიადით მოცულ პერსონას. ვფიქრობთ, რომ მისი სუიციდი დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ცალსახად გალაკტიონის ორალურ, მელანქოლიურ ქარაქტეროლოგიასთან და მეორე მხრივ, ობიექტთან ურთიერთობის სპეციფიკასთან, რომელიც დაკავშირებულია დანაკარგისა და უგულვებელყოფის ფსქოპათოლოგიასთან –– აქ ორ ძირითად ხაზს გამოვყოფთ – დეტალურად განვიხილავთ პოეტის ბოლო დღეს და შეძლებისდაგვარად, გავაანალიზებთ მის ადრეულ ბავშვობას. ამისთვის შევისწავლეთ გალაკტიონის დღიურები, წერილები, ასევე სხვა ავტორების ჩანაწერები და გავაანალიზეთ ფსიქოანალიტიკური პროცედურის შესაბამისად.

გალაკტიონის შემოქმედება და პიროვნება ყოველთვის დიდი ინტერესის საგანი იყო, ამდენად მისი დღიურები, წერილები, ყოველგვარი ჩანაწერი, რომელიც დღემდე შემორჩა გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომია საჯაროდ. ამდენად, ჩვენს კვლევაში ეთიკის საკითხი არაა აქტუალური ორი მიზეზის გამო –– (1). კვლევა გარდაცვლილი ადამიანის ცხოვრებას შეისწავლის და (2). წყაროები რომლებსაც ვეყრდნობით საჯაროდ ხელმისაწვდომია.

 

ბოლო დღე

 

„...სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...“

„მთაწმინდის მთვარე“ 1915 წ.

 

1958 წელს გალაკტიონი სამკურნალო დაწესებულებაში ოთხჯერ მოხვდა, გარდაცვალების წელსაც პოეტი სამ კვირიან კურსს ასრულებს, თუმცა მალევე ბრუნდება სამკურნალო კომბინატის ნერვულ განყოფილებაში. ნოდარ ტაბიძე, გალაკტიონის ძმიშვილი, იხსენებს 17 მარტს და აღნიშნავს: გალაკტიონი დილით ისეთი აგრესიული აღარ არის, როგორიც აქამდე იყო. იგი ძმიშვილს ემორჩილება, რომელიც აცმევს პალტოს და გრძნობს, რომ გალაკტიონს ხელები უკანკალებს, ასეთ დროს გამოსავალი იყო ალკოჰოლის მიღება, მაგრამ იმ დღეს პოეტი გადაწყვეტს, არ დალიოს, იგი მთელი გზა ჩუმად არის (ბასილაძე, 2006). საინტერესოა ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, ვფიქრობთ ამ მომენტს საგულდაგულო ჩაღრმავება სჭირდება. ყველასთვის ცნობილია, რომ გალაკტიონის ცხოვრება მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული სპირტიანი სასმელების მოხმარებასთან. თუ გავიხსენებთ „კულტურით უკმაყოფილებას“ გაგვახსენდება, რომ უკმაყოფილებისგან, ტანჯვისგან, ტკივილისგან თავის დაღწევის, ერთ-ერთი, ყველაზე არაადაპტური, გზა ამ ფსიქიკური ტანჯვის ანესთეზირებაა ნივთიერებით (ფროიდი, 1930/2018). ანესთეზია ბერძნული სიტყვაა და უგრძნობლობას ნიშნავს, ამდენად, ტრივიალურია ამ მსჯელობიდან იმ დასკვნამდე მისვლა, რომ ალკოჰოლის მოხმარება, კომპენსაციის მიზნით, ემსახურება უგრძნობი მდგომარეობის მიღწევას. არაფერია ისეთი მგრძნობიარე, როგორიც ცოცხალი და არაფერია ისეთი უგრძნობი, როგორიც გვამი. აქ უნდა გავიხსენოთ ფროიდის „სიამოვნების პრინციპს მიღმა“, სადაც ავტორი გვესაუბრება ორ ფუნდამენტურ ლტოლვით ტენდენციაზე ადამიანში, კერძოდ, თუ თავდაპირველ არაცოცხალ მატერიაში შეიჭრა ვიტალური ენერგია, მაშინ უნდა გაჩენილიყო ორი საპირისპირო ტენდენცია: პირველი – სიცოცხლის გაგრძელების, თვითშენახვის ნარცისული თუ სექსუალური ლტოლვები; მეორე – პირველის საწინააღმდეგოდ პირველადი უსიცოცხლო მდგომარეობის აღდგენისკენ, თანატოსური, ლტოლვა (ფროიდი, 1920/2014). ამდენად ალკოჰოლის მოხმარება თანატოსური ლტოლვითი ტენდენციის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ, ხოლო მასზე უარის თქმა და სამკურნალო დაწესებულებაში დაწოლის გადაწყვეტილება თვითშენახვის ლტოლვის გამოვლინებად.

აქ ჩვენ ვაწყდებით თეორიულ პრობლემას – თუ გალაკტიონი სიცოცხლის ბოლო დღეს უარს ამბობს ჩვეულ კომპენსატორულ სტრატეგიაზე, თანხმდება ნოდარს ჰოსპიტალიზაციაზე, მაშინ რატომ იკლავს თავს ამ ყველაფრიდან რამდენიმე საათის შემდეგ? ცხადია ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ სწორედ იმ რამდენიმე საათში, რომელიც საავადმყოფოში დაწოლის გადაწყვეტილებასა და სუიციდს შორის არის მოქცეული. იქამდე კი აუცილებლად მიგვაჩნია გავცეთ პასუხი კითხვაზე, რომელიც კვლავ არ კარგავს აქტუალობას – გალაკტიონის ნაბიჯი იყო თუ არა თვითმკვლელობა?

გალაკტიონი იმ იშვიათ პოეტთაგანია, რომლის თუნდაც ერთი ლექსი მაინც ქართველების უმრავლესობამ ზეპირად იცის, ის საყოველთაო სიყვარულის საგანია, ხოლო ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებულ საზოგადოებაში რთულია იმის მიღება, რომ ამდენად საყვარელი პოეტი ჩადის ისეთ აქტს, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საზოგადოების მორალს და თავისივე ხელით სპობს საკუთარ სიცოცხლეს. მეცნიერული პოზიცია გულისხმობს მიუკერძოებელ, მორალს მიღმა ჭვრეტის პოზიციას, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავებს ვერ მივცემთ უფლებას, შევიქმნათ ილუზია, რომელიც გალაკტიონის სუიციდის მორალიზაციას მოახდენდა.

ნოდარ ტაბიძე, უკანასკნელ წლებში გალაკტიონთან ცხოვრობდა, უკანასკნელ დღეებში მის გვერდით იყო. ნოდარი აანალიზებს რა პოეტის ბოლო ორი წლის დღიურებს, ბოლო დღეების გათვალისწინებით დაასკვნის: „ –ვერავინ დამარწმუნებს, რომ მესამე სართულიდან გადმოხტომა შეგნებული აქტი იყო. –დიახ! ესა არ ყოფილა თვითმკვლელობა“ (ტაბიძე, 2011, გვ. 299). ვახტანგ ჯავახაძე გონივრულად შენიშნავს: „ვინც კი იმ დღეს იხილა, წინასწარ შეთანხმებულივით ყველა ნოდარის მოსაზრებას იზიარებს: ექიმები, ავადმყოფები, ნაცნობები...

–      მშვიდ მგომარეობაში იყო...

–      წყნარი, დამშვიდებული სახე ჰქონდა...

–      თვითმკვლელობის შესახებ ფიქრიც არ შეიძლებოდა...

ვერავინ ვერაფერი შეატყო: ისევ და ისევ ჩვეულებრივი მოკვდავის ნორმებით აფასებდნენ...” (ტაბიძე, 2011, გვ. 303). ჯავახაძე აქვე ჩამოთვლის გალაკტიონის სუიციდის დამამტკიცებელ თორმეტ მიზეზს, რომელთა განხილვაც ჩვენი მიზანი არ არის. სანაცვლოდ ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ გალაქტიონის სუიციდის საწინააღმდეგო არგუმენტები, რომელთა უმრავლესობა ამბობს: მშვიდად გამოიყურებოდა და თავს არ მოიკლავდაო. სუიციდზე აღნიშნული მოსაზრება კლინიკაში სამწუხარო ტრივიალურობაა, რომელსაც რამდენიმე მიზეზი აქვს: (1). სუიციდი ხშირად მელანქოლიური რეციდივის ამოწურვისას ხდება, როდესაც მოტორული შენელება მეტ-ნაკლებად მოხსნილია, მაგრამ ჯერ კიდევ ძალაში რჩება კოგნიტურ-აფექტური სიმპტომატიკა, ამდენად ადამიანი ფიზიკურად შეიძლება მხნედ გამოიყურებოდეს, თუმცა სუიციდს გეგმავდეს; (2). გალაკტიონის თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მორიგე ექიმი, რომელიც გამოელაპარაკება, აღნიშნავს: „სულ ღიმილით მელაპარაკებოდა, თავაზიანად...“ (ტაბიძე, 2011, გვ. 307), ამავეს აღნიშნავენ სხვებიც, ნოდარის სიტყვებსაც თუ გავიხსენებთ გალაკტიონი ბოლო დღეს ისეთი აგრესიული არ იყო, როგორც სხვა დროს სჩვეოდა. ზრდილობიანობის, თავაზიანობის შესახებ გალაკტიონი დღიურში წერს: „ყველასთან ზრდილობიანი ვიყავი, რადგან ყველა მეზიზღებოდა გულში“ (ტაბიძე, 2011, გვ. 304). რასაც გალაკტიონის სიტყვებში ვხედავთ ფროიდი დესტრუქციული ტენდენციებისაგან ნაწარმოებ რეაქციის ფორმაციას უწოდებს. საქმე გვაქვს თანატოსურ ლტოლვასთან, რომელიც გარე სამყაროში, ობიექტზე მიმართვის პირობებში ვლინდება აგრესიად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ სიკვდილის ლტოლვის გარეთ მიმართვა ვერ მოხდა, მაშინ ეს უკანასკნელი საკუთარ პირველად მიზანს ემორჩილება და ცდილობს ორგანული სიცოცხლის განადგურებას, რისი ყველაზე მკაფიო გამოხატულებაც არის სუიციდი (Freud, 1924/1961). ამდენად, სწორედ იმიტომ, რომ გალაკტიონი თავაზიანი იყო სიცოცხლის ბოლო საათებში, კი არ უარყოფს სუიციდს, არამედ, უფრო მეტიც, ამტკიცებს თვითმკვლელობის აქტს.

გარდა ამისა არსებობს პოპულარული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც გალაკტიონს ეგონა, რომ კი არ გადახტა არამედ ზღვაში გაცურა, ამაზე საუბრებს ნოდარ ტაბიძე და ამბობს, რომ ეს ზმანება თეთრი ცხელების ფონზე განვითარდა და შესაბამისად გადახტომა არ ყოფილა თვითმკვლელობა, არამედ გალაკტიონმა „ზღვაში გაცურა“ (ელბაქიძე, 2009). ლირიკას თუ გვერდს ავუვლით ეს მოსაზრება შეიცავს ეჭვს დელირიუმზე. მაგრამ, ჩვენი აზრით, გადახტომა შეგნებული, დაგეგმილი აქტი იყო. ამაში გვარწმუნებს ორი ფაქტი – ყველა მოგონება ხაზს უსვამს, რომ ბოლო საათებში გალაკტიონი კონტაქტური იყო და არ აღენიშნებოდა დეზორიენტაციის გამოვლინებები; დელირიუმში სუბიექტს არ სჭირდება ოთახში მარტო გამოკეტვა ჰალუცინაციის განვითარებისთვის, ამდენად ეს მოსაზრება ვერ ხსნის სუიციდამდელ ქცევას; 17 მარტს იგი ორჯერ ცდის თვითმკვლელობას, ერთხელ წარუმატებლად და ერთხელ წარმატებულად, ორივე საკითხი დეტალურად განხილულია ქვემოთ. ამას გარდა, თუნდაც ეს ყოფილიყო ჰალუცინაცია მაინც გაუგებარია თუ რატომ ჩნდება მაინც და მაინც იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც გაჩნდა.

მას შემდეგ, რაც გავაბათილეთ თვითმკვლელობის აზრის საწინააღმდეგო არგუმენტები დროა კვლავ დავუბრუნდეთ საავადმყოფოში გატარებული საათების განხილვას, ეს დრო, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია იმის ახსნისთვის თუ რატომ იკლავს გალაკტიონი თავს, მაინც და მაინც 17 მარტს, სამკურნალო კომბინატის ნერვულ განყოფილებაში. ჩვენთვის ცნობილი მონაცემებით, ათ საათზე პოეტი უკვე საავადმყოფოს ფოიეშია, აქ ის შეეჩეხება პირველ უგულვებელყოფას – საქმე ისაა, რომ ნერვულ განყოფილებაში არც თავისუფალი ოთახი და არც თავისუფალი საწოლი არ აღმოჩნდა (ბასილაძე, 2006). პირველი უგულვებელყოფა, ნარცისული ჭრილობა – გალაკტიონისთვის საავადმყოფოში ადგილი არ არის, ეს მისი მეგალომანიური ნარცისიზმისთვის კატასტროფული დარტყმა იქნებოდა.

დაახლოებით თორმეტ საათზე, როგორც ნოდარ ტაბიძე იხსენებს, საავადმყოფოში შალვა დადიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწერალთა კავშირის დელეგაცია მივიდა. დელეგაცია შედგებოდა კონსტანტინე გამსახურდიასგან, ირაკლი აბაშიძისგან აკაკი ხორავასა და ნიკოლოზ მუსხელიშვილისგან, მათგან ერთადერთი ირაკლი აბაშიძი მიესალმება, ხელს ჩამოართვა გალაკტიონს, დანარჩენს არც კი გამოუხედავთ ხელიც კი არ გაუწვდიათ ჩამოსართმევად, არა და გალაკტიონს ყველა კარგად ცნობდა. რა საკვირველია „ამხანაგი“ მწერლებისგან მსგავსი უგულვებელყოფა მძიმე დარტყმა იქნებოდა ნარცისულად ისეთი მყიფე ადამიანისთვის, რომელსაც სჭირდება, რომ საკუთარ თავს უთხრას: „ვწუხვარ: ერთადერთი ვერ...“[2] ან „ოჰ! ვიცი: სიცივიდან ტერფამდე ვარ: დიდება!“[3]. მიუხედავად იმ ნარცისული ჭრილობისა, რაც, შეიძლებოდა, გალაკტიონს მიეღო დელეგაციის ცივი დახვედრის გამო, მაინც არ იქნება სამართლიანი ამ ფაქტის გადაჭარბებული შეფასება და მისთვის იმ ხარისხის მნიშვნელობის მინიჭება, რომელსაც არ იმსახურებს. გალაკტიონი მსგავს დამოკიდებულებას სხვა მწერლებისგან შეჩვეული იყო ბოლოს და ბოლოს ამ დღემდე გაცილებით ადრე დაწერს:

„ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი -

შენ გსჯის ყოველივე, როგორც სიყვარული.

შენგნით დაწვრთნილები ყეფენ მოუსვენრად -

ისევ შენთვისსავე - ავი ძაღლებია.“[4]

ამდენად აღნიშნული შემთხვევა მხოლოდ კოლატერალური გზით თუ შეიძლება უკავშირდებოდეს სუიციდს და არა პირდაპირ.

დაახლოებით პირველ საათზე ორ საწოლიან პალატაში მესამე საწოლი დადგეს, ცხადია ოთახში განთავსებული სხვა ავადმყოფები ამ ფაქტს ყველაზე ლოიალურად არ შეხვედრიან. ექიმი მედეა ჩახუნაშვილი იხსენებს: გაჭირდა საწოლის შეტანაო (ბასილაძე, 2006). ექიმის თქმით პაციენტ ტაბიძეს განემარტა, რომ შეეძლო ოთახში შესვლა, მაგრამ არ შესულა, ვესტიბიულის სკამიდან დიდი ხანი არ დგებოდა. თვითმკვლელობამდე სამი საათით ადრე გალაკტიონი საავადმყოფოს დერეფანში ნერვიულად დადის და სიგარეტს ეწევა. დაახლოებით ექვსის ნახევარზე სკამს აიღებს და აივანზე გასვლას ცდის, თუმცა მედიცინის დის განმარტების შემდეგ – აივანი სველია და გასვლა არ ღირსო – უარს იტყვის (ბასილაძე, 2006). ჯავახაძის მოსაზრებით ეს შემთხვევა უნდა მივიჩნიოთ სუიციდის მცდელობად (ტაბიძე, 2011), ჩვენ ვითვალისწინებთ რა გარემოებას – გალაკტიონი ოთახში არ შედის, წყნარი საათია, ელოდება როდის დარჩება მარტო, იღებს სკამს და გადის აივანზე – გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ნამდვილად სუიციდის წარუმატებელი მცდელობა იყო, რაც გვიჩენს აზრს დაგეგმილი სუიციდის შესახებ. გალაკტიონი ზოგადად მიდრეკილია სუიციდის დაგეგმვისკენ. სუიციდის გეგმებს მის დღიურებში არც თუ იშვიათად ვხვდებით მაგალითად, როდესაც სოხუმიდან მომავლი გემიდან გადავარდნას გეგმავდა (გალაკტიონი, 2011). ესე იგი გვაქვს უფლება ვიფიქროთ, რომ მთელი ამ საათების განმავლობაში გალაკტიონი გეგმავდა სუიციდს, ელოდა ხელსაყრელ დროს და ასეთი დრო წყნარი საათის მიწურულს გამოჩნდა, ამ დროს გალაკტიონი სრული მიზანმიმართულობითა და აკურატულობით მიემართება სიკვდილისკენ – შედის განყოფილების გამგის ოთახში, რომელიც ცარიელია, ხურავს კარს, სკამს მიიტანს ორმაგ ფანჯარასთან, რომელსაც აღებს, ადის რაფაზე (ტაბიძე, 2011).

აქ მსჯელობაში ვაწყდებით კიდევ ერთ თეორიულ პრობლემას, კერძოდ ჩვენი ვარაუდით გალაკტიონი 17 მარტს, დილით თვითშენახვის ლტოლვის მობილიზებას ახდენს, თანხმდება რა მკურნალობას, მაშინ საავადმყოფოში ყოფნისას, რატომ გეგმავს სუიციდს, ეკონომიკური ტერმინებით, რომ ვთქვათ რა გახდა აუტოდესტრუქციული ლტოლვის კოლოსალური რეაქტუალიზაციის მიზეზი. ვფიქრობთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ერთ ცენტრალურ და ერთ კოლატერალურ მიზეზთან მიგვიყვანს, ვგულისხმობთ იმ ორ ნარცისულ ჭრილობას, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ავადმყოფისთვის სამედიცინო დაწესებულება ყოვლისშემძლე პარენტალური ინსტანციაა – დიდი სხვის რეპრეზენტაცია – აღნიშნული მიმართება საკუთარ თავში გულისხმობს, ფუნდამენტური უმწეობის გამო, პაციენტის რეგრესიას ადრეულ გამოცდილებებზე. ამრიგად საავადმყოფოში მისული პაციენტი, რომელიც იტანჯება და რომელიც ტანჯვისგან ხსნას ელის დიდი სხვისგან, მშობლის რეპრეზენტაციისგან, ემბლემატურად განასახიერებს ურთიერთობას დედასა და ჩვილს შორის, რომელშიც ჩვილი აბსოლუტური უმწეობის გამო ტოტალურად დამოკიდებულია დიდ სხვაზე (ვანიე, ფსიქოანალიზის შესავალი, 2018). თუ გავიხსენებთ სიტუაციას ნერვულ განყოფილებაში დავინახავთ: ავადობისგან დაუძლურებული უმწეო გალაკტიონი მიმართავს საავადმყოფოს, ამ პარენტალურ ინსტანციას, და შეეჯახება უგულვებელყოფას, აღმოაჩენს რა, რომ მისთვის ადგილი არ არის, რომ ის ზედმეტია. როდესაც ზედმეტი ხარ ისე არ გაქვს ადგილი სოციუმში, მაშასადამე სიცოცხლეში, როგორც ორ საწოლიან პალატაში მესამე საწოლი არ არის ადგილი. გალაკტიონი თითქოს მიტოვებულია პარენტალური ინსტანციის მიერ. მართალია, გალაკტიონი 1959 წელს ჩვილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ სტრუქტურული თვალსაზრისით მიმართებები – უმწეო ჩვილი-გალაკტიონი, ყოვლისშემძლე ობიექტი-საავადმყოფო – არსებითად იგივურია, ამდენად გალაკტიონისთვის აღნიშნული ეპიზოდი შეიძლება პაროქსიზმული ყოფილიყო და მოეხდინა სუიციდის პროვოცირება. ხოლო „ამხანაგი“ მწერლებისგან უგულვებელყოფა კოლატერალურად უკავშირდება მაგისტრალური უგულვებელყოფის გამოცდილებას და გალაკტიონს მიანიშნებს, რომ მისი ადგილი მწერალთა კავშირში ან სხვა მწერლების ირგვლივ არ არის, თუმცა ამ ფაქტს ის ისედაც შეგუებული იყო, შესაბამისად ეს მეორე ნარცისული ჭრილობა მხოლოდ დამატებით ფაქტორად უნდა განვიხილოთ.

 

 

 

ვარდისფერი გზა

 

„გულში მწუხარე ის მორევია,

რომელსაც გული ვერ მორევია.

მე იდეა მაქვს სხვა განაზრახი:

ვით სიყვარული, მძლე ხელოვანი,

როგორც სიცოცხლე არა ნაძრახი,

როგორც სიკვდილი სახელოვანი.“

„* გულში მწუხარე ის მორევია...“ 1935 წ.

 

დაკვირვებული მკითხველი, სრულიად სამართლიანად შენიშნავს და იტყვის: ბევრ ადამიანს ქონია მსგავსი უგულვებელყოფის გამოცდილება, მაგრამ მათ უმრავლესობას თავი არ მოუკლავთო. წინა თავში აღვნიშნეთ, რომ 17 მარტის ტრაგედია მხოლოდ და მხოლოდ პაროქსიზმული მომენტი იყო, რომელიც თავის მხრივ დეტერმინირებულია უფრო ადრეული გამოცდილებებით. ბიოგრაფიის შესწავლა გვიბიძგებს ვაღიაროთ, რომ გალაკტიონის პიროვნება მელანქოლიური ბუნებისაა და სუიციდიც სწორედ ამ მელანქოლიურობასთანაა დაკავშირებული. პოეტი დღიურებში, პირად წერილებში, ლექსებში ხშირად უჩივის „მელანხოლიას“:

„შემოდგომაა. წვიმამ მოლია

ტყეთა მსუბუქი მელანხოლია...

... იმ დარდად ჩემს გულს ხშირად სწოლია

ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.“[5]

ამ კუთხით საინტერესოა, მართლაც ემბლემატური, 1932 წლის 31 დეკემბრის დღიურის ჩანაწერი, სადაც გალაკტიონი აჯამებს გასულ წელს და აღწერს მანიაკალური მდგომარეობებისთვის დამახასიათებელ განმუხრუჭებულ და გაუფრთხილებელ ქცევას, რისხვიანი ეპიზოდებით, ხოლო შემგომ მელანქოლიისთვის დამახასიათებელ დაქვეითებულ გუნება-განწყობასა და თანმხლებ სუიციდურ აზრებს (გალაკტიონი, 2011). სხვათა შორის, ამავე წერილში საუბრობს უთანხმოებაზე სხვა მწერლებთან, რომლებმაც ხელი არ გაუწოდეს, რასაც მოსდევს საუბარი სუიციდურ აზრებზე, ისე, როგორც 17 მარტს სამკურნალო კომბინატში, როდესაც მწერალთა კავშირის დელეგაცია მისასალმებლად ხელს არ გაუწოდებს, სამწუხაროდ, 1959 წელს ავი ფიქრები ხორცს შეისხამენ. ამდენად, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ გალაკტიონი პერიოდულად მელანქოლიზაციისგან დაცვის სახით ავითარებს მანიაკალურ მდგომარეობას, რაც ერთგვარ ციკლოთიმიურ წრეს კარავს. ეჭვი გალაკტიონის „ბიპოლარული“ აშლილობის შესახებ ახალი არა არის, მაგრამ, თავისთავად, „დიაგნოზის დასმა“ ჩვენი მიზანი არაა და არაფრის მომცემია თუ ბიოგრაფიის კვალდაკვალ თვალი არ მივადევნეთ ეტიოლოგიას.

თუ გავიხსენებთ ფროიდის ფსიქოპათოლოგიის თეორიას აღმოვაჩენთ, რომ პათოლოგიის ჩამოყალიბება ფიქსაცია-რეგრესიის ავტომატიზმით ფუნქციონირებს და მინიმუმ ორ დროიან წარმონაქმნს საჭიროებს – ერთს ადრეული ბავშვობიდან, ხოლო მეორეს მოზარდობა-მოზრდილობის პერიოდიდან (ფროიდი, 1917/2023). ფროიდი თავის „გლოვა და მელანქოლიაში“ გვთავაზობს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც ფსიქოგენური მელანქოლიური დეპრესია დაკავშირებულია ობიექტის დაკარგვის პათოლოგიზაციასთან, რომელშიც სუბიექტი ვერ ახერხებს ობიექტისადმი ამბივალენტური ფსიქო-აფექტური ინვესტიციების დათმობას. ასეთ პირობებში ობიექტი ინკორპორირდება ეგოში, ხოლო ობიექტისადმი გაუცნობიერებელი დესტრუქციული ტენდენციები მიემართება ეგოს. ამგვარად სუბიექტი მაზოხისტურად პოზიციონირებს, განმსჭვალულია ბრალის განცდითა და თვითდასჯის მოთხოვნილებით. თუ ასეთმა პიროვნებამ კლინიკური გამოსავალი ვერ მონახა, მაშინ სუბიექტი ობიექტის განადგურების ყველაზე არქაულ ფორმას მიმართავს –– ინადგურებს თავს, მაშასადამე, ანადგურებს ობიექტს (Freud, 1917/2005). ამდენად თუ ჩვენ გვსურს სრულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გავიგოთ გალაკტიონის სუიციდი, მაშინ აუცილებელია შევისწავლოთ მისი მთელი ბიოგრაფია, დანაკარგის ყველა გამოცდილება, ჯერ კიდევ იმ მომენტიდან სანამ დაიბადებოდა. სამწუხაროდ ამგვარი გლობალური მიზანი ჩვენს შესაძლებლობებს სცდება, ამდენად შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ მხოლოდ ზოგიერთ საკითხებზე და გვერდი ავუაროთ თემებს, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

ლაკანი მახვილგონივრულად შენიშნავს, რომ ენა ყოველთვის სხვისი (მშობლების) ენაა და რომ სუბიექტი ნალაპარაკებია სხვის მიერ, იქამდე სანამ დაიბადება. სხვანაირად რომ ვთქვათ ლაკანი საუბრობს ენის გენერაციულ თვისებაზე, ანუ ენა არის მშობლიური ენა, რომელიც პარენტალური ფიგურებისგან გადმოგეცემა, ასეთ პირობებში სუბიექტი ნაგულისხმევია სხვის მიერ, ანუ მშობელი ბავშვში იქამდე მოიაზრებს სუბიექტს ვიდრე ის დაიბადება. ეს მოაზრება გულისხმობს მშობლის სურვილს რომელიც მიმართულია ბავშვზე. ამდენად, იბადება სუბიექტი, რადგან ის დიდმა სხვამ მოიაზრა. როგორც ენა არის სხვისი ენა, ისე სურვილიც არის სხვისი სურვილი, რომლის ჩემად გადაქცევაც უნდა მოხდეს (ვანიე, 2023), მაგრამ რა ხდება მაშინ როცა სხვისი, დიდი სხვის[6], სურვილი ჩემკენ არ არის მომართული?

ფრანსუაზ დოლტო საკუთარ თეორიაში სიმბოლიგენური კასტრაციის შესახებ ამბობს – „ჭიპლარული კასტრაცია არის შესვლა ენაში, პატარა ადამიანი მისალმებულია Parlêtre-ის[7] სამყაროში, სახელის დარქმევით” (Dolto, 1998, p. 253). სხვანაირად რომ ვთქვათ დოლტოსთვის ადამიანის ჰუმანიზაცია, სოციო-კულტურულ, ენობრივ სისტემაში შემოსვლა დაკავშირებულია სახელდებასთან, სახელის დარქმევასთან და ამ სახელთან იდენტიფიკაციასთან. სახელი გალაკტიონი/გალაქტიონი მართლაც უჩვეულოა, იგი საკუთარ ფუძეში მოიაზრებს გალაქტიკას, რაც, თავის მხრივ, იმთავითვე მეგალომანიურ სიგნიფიკაციაზე მიგვანიშნებს.

გალაკტიონის ადრეული ბავშვობა გარდაცვალებასთან მჭიდრო კავშირშია, მის დაბადებამდე მამა, ვასილი ავადმყოფობისგან გარდაიცვალა (გალაკტიონი, 2011). მამის გარდაცვალებამ მის ფსიქიკაზე ღრმა ნაკვალევი დატოვა, რაც მის პოეზიაში ნათლად გამოვლინდა, ამ კუთხით უაღრესად საინტერესოა 1916 წლის ლექსი „ჭიანურები“:

„ხშირად ვიგონებ ვერლენს,

როგორც დაღუპულ მამას,

დაღვრის შეშლილი ცრემლებს,

მოგონებათა გამმას.

ხშირად ვიგონებ პარიზს...

ნახე იგი და დაგმე!

ნისლის, სულის და ქარის -

ლაკმე, სადა ხარ, ლაკმე!“

პირველ რიგში, აღვნიშნოთ ის რაც აშკარაა, ლექსში ვერლენი რეპრეზენტირებს მამას, რომელიც დაკარგული, გარდაცვლილია. როგორც ვიცით, ვერლენი ფრანგი პოეტია, შესაბამისად პარიზი მამულის რეპრეზენტაციაა, მაშინ ჩნდება კითხვა: რატომ გვეუბნება ავტორი, რომ პარიზი უნდა დაიგმოს? სავარაუდოდ გალაკტიონი ამბივალენტურად არის განწყობილი პარიზი-მამულის, პატერნალური რეპრეზენტაციის მიმართ. უფრო საინტერესოა ლექსის ბოლო სიტყვები. ფროიდის მიხედვით ყველა სიმპტომის მიღმა დგას ფანტაზმი, რომლითაც თავს ავლენს ლტოლვა (ფროიდი, 1917/2023). მაშინ რა ფანტაზმი იმალება ლაკმეს მიღმა? როგორც ვიცით ლაკმე არის ოპერა, რომელიც გვიამბობს ჟერალდისა და ლაკმეს ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაზე, ოპერის ბოლოს ლაკმე თავს იწამლავს და ჟერარდის ხელებში კვდება, ლაკმე კვდება, როგორც გალაკტიონის მამა, და ჟერალდიც და გალაკტიონიც მარტო რჩებიან ამ სამყაროში მიტოვებულები. ფანტაზმი, რომელსაც აქ ვხედავთ არის მიტოვებულობის ფანტაზმი (Abandonment pantasy), სადაც სუბიექტი მიტოვებულია სიყვარულის ობიექტის (ამ შემთხვევაში მამის) მიერ, მიტოვება ნიშნავს, რომ სუბიექტი აღარ არის ინვესტირებული ობიექტის მიერ, რომ სუბიექტი უგულვებელყოფილია, როგორც 17 მარტს გალაკტიონი უგულვებელყოფილი იქნება ჯანდაცვის ინსტიტუციის მიერ.

საინტერესოა თუ რას შეიძლებოდა ამოევსო დაკარგული პატერნალური ობიექტის ადგილი გალაკტიონისთვის? პოეტი ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარ დიდებულ წარმომავლობაზე საუბრობს, რომ მწიგნობრებისა და აფხაზთა მეფეების შთამომავალია, რომ სოლომონ II-მ მის წინაპრებს „მეფის ჭალა“ უბოძა, რომლის მემკვიდრეც თავადაა, რომ მამა დაბადებამდე გარდაიცვალა (გალაკტიონი, 2011). საინტერესოა, რომ ამ ჩანაწერებში აღნიშნული თემების ხშირად მეორდება, თითქოს გალაკტიონი საკუთარი წარმომავლობის შესახებ მითის კონსტრუირებით, საკუთარი პერსონის ჰიპერტროფირებითა და მეგალომანიური კომპონენტის გამოკვეთით რაღაცის კომპენსირებას ცდილობს, კერძოდ, რეალური მამის დანაკარგის კომპენსირებას, რომლის ადგილსაც იკავებს ფანტაზმი დიდებული მწიგნობარი წინაპრის შესახებ, რომელთანაც გალაკტიონი იდენტიფიცირდება, სხვანაირად, რომ ვთქვათ სწორედ წინაპრის ეს ფანტაზმი ასრულებს იმ ობიექტის როლს, რომლის ჩრდილიც, ფროიდის მიხედვით, ეცემა ეგოს. ამრიგად გალაკტიონის ეგო მთლიანად შთანთქმული ხდება ამ დაკარგული ობიექტით, რომლსაც თავს ატყდება გალაკტიონის მელანქოლიაგენური (დეტალურად იხ. ქვემოთ) სუპერ-ეგო, მთელი თავისი სადისტური სიმკაცრით და მთლიანად შთანთქავს გალაკტიონში ყველაფერს გარდა პოეტობისა, რაზეც კარგად მეტყველებს პასაჟი დღიურიდან:_„––მე ხომ სრულიად ლაპარაკი არ ვიცი. ––მე იმდენად არ ვიცი ლაპარაკი, რომ კაცს ხშირად ვერ ვაგებინებ. ––ეს ფუსფუსი პატარ-პატარა ხალხის ჩემთვის სრულიად გაუგებარია“ (ტაბიძე, 2011). საინტერესოა, რომ არა ეს ფანტაზმი გალაკტიონი გახდებოდა თუ არა მწერალი, თუ მისი გენია სხვა არხს მოძებნიდა დინებისთვის. მიტოვებულობის თემა გალაკტიონის პოეზიაშიც ხშირი მოტივია:

„ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

წყდებოდენ, როგორც მწყდებოდა გული

და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,

ლირი, ყველასგან დატოვებული.“[8]

გარდაცვალება ყოველთვის დაკავშირებულია გლოვის პროცესთან, ამიტომ სავარაუდოა, რომ მამის გარდაცვალება გალაკტიონისთვის ნიშნავდა არა მხოლოდ პატერნალური ფიგურის დაკარგვას, არამედ ობიექტ-ურთიერთობის გაფუჭებასაც მატერნალურ ფიგურასთან. გალაკტიონი მოგონებებში აღწერს დედის მონათხრობს ვასილის შესახებ, სადაც დედა მეუღლეს ადარებს გალაკტიონის ძმას, და შემდგენ დასძენს: „––საწყალი ძალიან ჩამოგავდა აბესალომს სახით... მაღალი არ იყო მხოლოდ, არც აბესალომივით, არც შენსავით“ (გალაკტიონი, 2011). ამ სიტყვების ქვეტექსტი, შეიძლება ვივარაუდოთ, ამბობს – შენი ძმა გავს მამას, მაგრამ შენ მას არაფრით გავხარ, შენ მის ჩასანაცვლებლად არ გამოდგები. თავის მხრივ ეს სიტყვები ნიშნავს უგულვებელყოფას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გალაკტიონი სასურველი არ არის ანუ დიდი სხვის სურვილი არ არის მასზე მიმართული და როდესაც არ ხარ სასურველი, მაშინ არც შენში იბადება სურვილი, პირველ რიგში, სიცოცხლის სურვილი. ამგვარად შენი ადგილი არსად არ არის, როგორც არ არის ადგილი ორ საწოლიან ოთახში მესამე საწოლი.

მელანი კლაინის ობიექტ-ურთიერთობის თეორია გვესაუბრება პარანოიდულ-შიზოიდური პოზიციის შესახებ, სადაც ჩვილი პერსეკუტორული შფოთვისგან დასაცავად პრიმორდიალურ ობიექტს ხლეჩს კარგ და ცუდ ნაწილებად. ცუდ ნაწილზე ჩვილი ახდენს დესტრუქციული ფანტაზმებისა და ლტოლვითი ტენდენციების პროექციას, რაც ობიექტს კიდევ ურო სასტიკ პერსეკუტორად აქცევს, ხოლო ამის საპირისპიროდ ახდენს კარგი ობიექტის იდეალიზაციას. სიცოცხლის მესამე-მეოთხე თვეში ეგოს მზარდი ინტეგრაციის ფონზე ჩვილი იწყებს ობიექტის კარგი და ცუდი ასპექტების ინტეგრაციას და აცნობიერებს, რომ ცუდი ობიექტი ასეთი გახდა საკუთარი დესტრუქციული იმპულსების გამო, რაც დეპრესიულ შფოთვას – ბრალის გრძნობას – წაახალისებს, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვილი მხარდაჭერილი იყოს მოსიყვარულე პარენტალური გარემოთი, ვინაიდან ადრეული ეგოსა და სუპერეგოს ბირთვი, კლაინის მიხედვით, პროექციებისა და იდენტიფიკაციების რეციპროკაციით, სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება (klein, 1957/1997). თუ ვივარაუდებთ, რომ გალაკტიონის დედის ობიექტ-ურთიერთობა შვილის მიმართ დარღვეული იყო გლოვის პროცესით, მაშინ შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ გალაკტიონმა ჩვილობაში განიცადა კარგი ობიექტის დეპრივაცია, სიამოვნების სტაბილურ, განმეორებად გამოცდილებებს სჭარბობდა უკმაყოფილებისა და უსიამოვნების განცდები, რასაც ჩვილის ფსიქიკა უპასუხებდა ცუდი ობიექტის დემონიზაციით, ვინაიდან უსიამოვნება იწვევს დესტრუქციული ეკონომიკის აქტივაციას, რომლისგანაც ჩვილი თავს იცავს პროექციით. შესაბამისად, რაც უფრო ინტენსიური იქნებოდა დესტრუქციული ფანტაზმების პროექცია პარანოიდულ-შიზოიდურ პოზიციაზე, მით ურო ძლიერი იქნებოდა ბრალის განცდა დეპრესიულ პოზიციაზე, შედეგად კი გალაკტიონის ადრეული სუპერ-ეგო ფუნდამენტურად მელანქოლიაგენური და სასტიკი იქნებოდა. ასეთი სუპერ-ეგო გალაკტიონის წინაშე აყენებს იმპერატივს, რომ მან თავი უნდა მოიკლას, რომ ის სიცოცხლის ღირსი არ არის, რომ სამყარო სასტიკი და პირქუში ადგილია, რომ „ჯვარს ეცვი! თუ გინდა საშველი არ არის, არ არის, არ არის...“[9], რომ „ჩემს სამშობლოში მე მოვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები...“[10]. გალაკტიონის დღიურებსა და პოეზიაში ბევრჯერ ვხვდებით მსგავსი შინაარსის ჩანაწერებს, რაც გვიმტკიცებს ჰიპოთეზას ადრეული ობიექტ-ურთიერთობის შესახებ.

როგორც ფროიდი ამბობს სიმპტომის ჩამოყალიბება ორ დროიანი წარმონაქმნია, პირველზე ზემოთ ბევრი ვისაუბრეთ და ახლა დროა მცირედით შევეხოთ მეორე დროსაც, ანუ ცხოვრებას გენიტალური სტადიიდან, პუბერტატიდან. სასულიერო სემინარიის თორმეტი წლის მოსწავლე გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, დალევს კარბონის მჟავას, რადგან საღვთო რჯულის გამოცდას ვერ ჩააბარებს. იმ დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩება. ჩვენთვის ცნობილი წყაროები სუიციდის უფრო ადრეულ მცდელობას არ ადასტურებენ, ამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ რეგრესიის ავტომატიზმი სწორედ ამ დროს მოვიდა მოქმედებაში. და მაინც, რა არის ასეთი განსაკუთრებული გამოცდაზე ჩაჭრაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სიტუაცია სტრუქტურულად უნდა დავშალოთ, სასულიერო სემინარია ინსტიტუციაა, რომელიც პარენტალურ ინსტანციას რეპრეზენტირებს, გამოცდაზე ჩაჭრა კი არის რაღაც რის მერეც შენი ადგილი სემინარიაში აღარ არის, სხვაგვარად, რომ ვთქვათ აღნიშნული მომენტი არის მშობლების მხრიდან უგულვებელყოფის რეპეტიცია, ამდენად ეს ეპიზოდი ყველაზე რელევანტურია რეგრესიისთვის.

ვთვლით, რომ უკვე საკმარისად ვესაუბრეთ იმ გარემოებებზე, რომლებსაც გალაკტიონის პიროვნების მელანქოლიური ღერძი შეიძლებოდა ჩამოეყალიბებინათ, ახლა კი შეჯამებისთვის შევეცდებით ზემოთ ნათქვამი კონცენტრირებულად გადმოვცეთ აბრაჰამის მიერ შემოთავაზებული მელანქოლიის ეტიოლოგიის კრიტერიუმების მიხედვით: (1). კონსტიტუციური ფაქტორი; (2) ლიბიდოს ფიქსაცია ორალურ სტადიაზე; (3). ნარცისული ჭრილობა; (4). პირველი მნიშვნელოვანი იმედგაცრუება სიყვარულში, ოიდიპალური სურვილების დაძლევამდე; (5). პირველადი იმედგაცრუების რეპეტიცია მოგვიანებით ცხოვრებაში (Abraham, 1924/1988). (1). ჩვენი მოკვლევა ორალური ეროტიზმის კონსტიტუციური ფაქტორის გამოძიებას მოკლებულია, ვინაიდან ამისთვის ოჯახის ისტორიის შესწავლა იქნებოდა აუცილებელი, ამიტომ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ ამგვარი ფაქტორის არსებობის შესახებ. (2). არ გვაქვს არც ლიბიდოს ორალურ სტადიაზე ფიქსაციის დამამტკიცებელი პირდაპირი არგუმენტი, ამისთვის გალაკტიონის დედასთან გასაუბრება იქნებოდა საჭირო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ საფუძვლიან ეჭვს ობიექტ-ურთიერთობის გლოვის პროცესით დაზიანების შესახებ, ალკოჰოლზე დამოკიდებულებასა და მელანქოლიური ეპიზოდების არსებობის დამამტკიცებელ ფაქტებს, მაშინ ეს ყოველივე დაგვიმტკიცებს ამგვარ ფიქსაციაზე ეჭვს. (3) აბრაჰამი ამბობს: მელანქოლიის ჩამოყალიბებისთვის არ არის საკმარისი ისეთი სასიყვარულო ფრუსტრაცია, როგორც ნევროზში გვხვდება, არამედ მელანქოლიის პირველ შეტევებს იწვევს ბავშვის მიერ დედის მოხმობა, რომელიც ფრუსტრაციით სრულდება, გარდა ამისა, ბავშვის მცდელობა - მოუხმოს მამას, ასევე ფრუსტრაციით სრულდება. ამგვარად, ბავშვი სრულიად მიტოვებულის პოზიციაში აღმოჩნდება (Abraham, 1924/1988), სწორედ ესაა გულის ის მწუხარე მორევი, რომელსაც გული ვერ მორევია. აღნიშნული ორმაგი უარყოფა და მიტოვებულობა მკაფიოდ გამოკვეთა ჩვენმა გამოძიებამ. (4). გამოკვლევამ სპეციალურად აუარა გვერდი ოიდიპოსის კომპლექსს, ვინაიდან სუიციდი გაცილებით არქაული აქტია ვიდრე ოიდიპოსი, ამდენად ამ პუნქტში რაიმეს დაბეჯითებით თქმა გაგვიჭირდება, თუმცა თუ გავიხსენებთ იმ, მოსაზრებას რომლის მიხედვითაც გალაკტიონი დედის მიერ უგულვებელყოფილია, სხვანაირად რომ ვთქვათ, გალაკტიონი დედისთვის ვერ აკომპენსირებს ქმრის დანაკარგს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გალაკტიონის ოიდიპოსიც ობიექტისგან უგულვებელყოფით არის დაღდასმული. (5). გამომდინარე იქიდან, რომ გალაკტიონის სუიციდის მცდელობა და მისი მიზეზი დოკუმენტირებულია, ვინაიდან ის მოგვიანო ცხოვრებას განეკუთვნება, შესაბამისად ამ პუნქტში ყველაზე ძლიერი არგუმენტი გვაქვს, პირდაპირი ფაქტის სახით, სადაც სემინარიისგან უგულვებელყოფილი გალაკტიონი თავს იწამლავს.

 

შეჯამება

 

წინამდებარე სტატიაში დეტალურად განვიხილეთ გალაკტიონის ცხოვრების ბოლო დღე და გავყევით მის ცხოვრების ადრეული პერიოდისკენ. რა საკვირველია ეს მსჯელობა ვერ ჩაითვლება დასრულებულად, ის მხოლოდ გვაძლევს ბუნდოვან კონტურებს გალაკტიონის იდუმალებით მოცული ფიგურის შესახებ. გამოკვლევა ყურადღების მიღმა შეგნებულად ტოვებს ბევრ მნიშვნელოვან ხაზს გალაკტიონის ცხოვრებიდან – ჩვენ არაფერი გვითქვამს ძმის ან ოლღა ოკუჯავას შესახებ. ასეთ პირობებში გვრჩება მხოლოდ ის, რომ მომავალი კვლევები შედარებით მეტს გვეტყვის პოეტის ბურუსით მოცული პერსონის შესახებ და გამოჩნდება სულ უფრო მეტი ადამიანი, რომელიც ჩირაღდნით გაგვიკვალავს გზას ამ უსიერ ტყეში

 






 

ბიბლიოგრაფია

(თ. გ.).

Abraham, K. (1924/1988). A short study of the development of the libido, viewed in the light of mental disorders. K. Abraham-ში, selected papers on psychoanalysis (გვ. 418-503). LONDON: MARESFIELD LIBRARY.

Dolto, F. (1998). Françoise Dolto and symbolic castration. paris: Monique Tricot.

Freud, S. (1924/1961). The economic problem of masochism. London: The hogarth press.

Freud, S. (1917/2005). Mourning and Melancholia. S. Freud-ში, On Murder, Mourning and Melancholia (გვ. 342-366). London: Penguin Books.

klein, M. (1957/1997). Envy and gratitude. M. Klein-ში, Envy and gratitude and other Works 1946-1963 (გვ. 176--236). London: Vintage.

ბასილაძე, მ. (რეჟისორი). (2006). საუკუნის პორტრეტები – გალაკტიონი [მოძრავი სურათი].

გალაკტიონი. (2011). გალაკტიონ ტაბიძე პროზა 4 ტომი. თბილისი: პალიტრა L.

ელბაქიძე, ბ. (რეჟისორი). (2009). ჟურნალისტის დღიურები [მოძრავი სურათი].

ვანიე, ა. (2018). ფსიქოანალიზის შესავალი. თბილისი: დიოგენე.

ვანიე, ა. (2023). ნაგულისხმები სუბიექტი. ს. მორგენსტერნი, ფ. დოლტო, მ. მანონი, კ. ბუკოვზა, კ. სალადენ, კ. ვანიე, და სხვ.-ში, ბავშვთა ფსიქოანალიზი ფრანგული სკოლა (გვ. 387-411). თბილისი: აზროვნების აკადემია.

ნაწარმოებები - ლექსები. (თ. გ.). დაბრუნებული galaktioni: https://galaktion.ge/?page=Poetry-დან

ტაბიძე, გ. (2011). გალაკტიონ ტაბიძე წერილები 5 ტომი. თბილისი: პალიტრა L.

ფროიდი, ზ. (1917/2023). ფსიქოანალიზის შესავალი. თბილისი: აქტი.

ფროიდი, ზ. (1920/2014). სიამოვნების პრინციპის მიღმა. ზ. ფროიდი-ში, ფსიქოლოგიური თხულებები (გვ. 137-205). თბილისი: პეგა.

ფროიდი, ზ. (1930/2018). კულტურით უკმაყოფილება. ზ. ფროიდი-ში, რჩეული შრომები (გვ. 249-337). თბილისი: დიოგენე.

 

 

 


[1] თარგმანი გივი გეგეჩკორისა

[2] „ეფემერა“ 1922 წ.

[3] „დომინო“ 1916 წ.

[4] “როცა აკტეონი, ძეჲ არისტეას“ 1916 წ.

[5] „წერილი სოფლიდან“ 1915 წ.

[6] Object A

[7] ლაკანის ნეოლოგიზმი, რომელიც ფუნდამენტურად მეტყველ ადამიანს აღნიშნავს

[8] „მერი“ 1915 წ.

[9] “შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში“ 1917 წ.

[10] „თოვლი“ 1916 წ.

 
 
 

Comments


bottom of page