ობსესიური ნევროზის დაბადება
- საბა შოშიტაშვილი

- Nov 7
- 8 min read
შესავალი
მიუხედავად იმისა, რომ ობსესიური ნევროზის, როგორც ტერმინის, ასევე დიფერენცირებული კლინიკური ერთეულის დაფუძნება ზიგმუნდ ფროიდის სახელს მიეწერება, მაინც სამართლიანი იქნება, ვთქვათ, რომ ობსესიური ნევროზის მსგავსი მდგომარეობების აღწერა ფროიდამდეც ფიქსირდება. წინამდებარე სტატია ორ მიზანს ისახავს, პირველი, მოკლედ შეაჯამოს და მიმოიხილოს ობსესიური ნევროზის ადგილი ფროიდამდელ სოციო-კულტურულ და ფსიქიატრიულ კონტექსტში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მიმოხილვა მოკრძალებულია და მიზნად ისახავს მხოლოდ მცირედი კონტექსტის შექმნას, ნიადაგის მომზადებას ფროიდის წვლილის განხილვისთვის და არა ობსესიური მდგომარეობების ისტორიულ კვლევას, რაც შეიძლება ცალკე სტატიის თემა იყოს. ხოლო მეორე მიზანი, რომელსაც სტატია ისახავს და უპირატესობასაც ანიჭებს არის ფროიდის მიერ ობსესიური ნევროზის შემოღების საკითხი.
ობსესიური ნევროზი ფროიდამდე
განსხვავებით ისტერიისგან, რომლის შესახებ ჩვენამდე მოღწეული უძველესი ცნობები ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულით თარიღდება[1], ობსესიური ნევროზის ისტორია სულ რამდენიმე საუკუნეს ითვლის. მეჩვიდმეტე საუკუნეში ობსესიური ნევროზის მსგავს მდგომარეობებს აკავშირებდნენ რელიგიურ მელანქოლიასთან. რობერტ ბარტონი თავის „მელანქოლიის ანატომიაში“ (1621) აღწერს შემთხვევას: „თუ ის არის საზოგადოებაში სადაც სიჩუმეა, მაგალითად ქადაგებაზე, ეშინია, რომ ხმამაღლა არ თქვას რაღაც შეუფერებელი“. 1660 წელს ჯერემი ტაილერი საუბრობს აკვიატებულ ეჭვზე ტერმინით „scruples“, რაც გულისხმობს „პრობლემებს იქ სადაც პრობლემა არ არის, ეჭვებს სადაც ეჭვის საფუძველი არ არის“. ერთ-ერთ ქადაგებაზე ჯონ მურიმ ისაუბრა ადამიანებზე, რომლებსაც რელიგიური ცერემონიალებისას ებადებათ ღვთისმგმობი აზრები, რომლებიც მიუხედავად ინდივიდის წინააღმდეგობისა, უფრო და უფრო ძლიერდებიან (Obsessive-Compulsive and Related Disorders, 2025).
ობსესიური ნევროზის სახელით ცნობილი ფსიქიკური აშლილობის მსგავსი მგომარეობების შესახებ პირველი მეცნიერული შეხედულებები ჩნდება მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგ ალიენისტებთან. ჟან-ეტიენ დომინიკ ესკიროლთან ობსესიურმა ნევროზმა ადგილი ნებელობითი მონომანიის[2] (Délire Partiel) ცნების ქვეშ იპოვა. ესკიროლი ამ მდგომარეობს აღწერს, როგორც უნებლიე, დაუძლეველ ინსტინქტურ აქტივობას. აქტივობები რომლებსაც სუბიექტი ახორციელებს არც მისი ემოციის და არც მისი რაციოს შედეგია, პირიქით სუბიექტის სინდისი ცდილობს დათრგუნოს ეს აქტები, თუმცა მის ნებას ეს არ ძალუძს. ამდენად ესკიროლი მივიდა ნებელობის ან ნების სისუსტის ცნებამდე. ბენედიქტ ოგიუსტინ მორელთან ობსესიური ნევროზის წინამორბედად გვევლინება „Délire émotif“-ის[3] ცნება, რომელიც გულისხმობს არა შეშლილობას არამედ ნევროზს[4], სადაც ვხვდებით ფიქსირებულ იდეასა და არანორმალურ ქმედებებს, მაგრამ არა ინტელექტუალური უნარების დაზიანებას. მორელის თვალსაზრისი ობსესიური მდგომარეობების აფექტურ სფეროსთან კავშირის შესახებ ახალი სიტყვა იყო და იმ დროის გერმანული ფსიქიატრიის წრეებში დამკვიდრებული აზრისგან განსხვავდებოდა, რომლებიც მსგავს მდგომარეობებს, პარანოიის გვერდით, აზროვნების აშლილობებში აერთიანებდნენ. ლეგრან დიუ სოლის შრომა „ეჭვის სიგიჟე შეხების ბოდვით“[5] არსებითად ობსესიური ნევროზის კლინიკას ეხება. ოცდაშვიდი კლინიკური შემთხვევის ანალიზის საფუძველზე ლეგრანი მივიდა დასკვნამდე, რომ „ეჭვის სიგიჟე“ სამი საფეხურისგან შედგება – პირველ საფეხურზე ინდივიდს უჩნდებოდა სპონტანური აზრები, ეჭვისა და შიშის გრძნობის თანხლებით; მეორე ეტაპზე სუბიექტი ნათესავებს ან მეგობრებს გაანდობდა სიმპტომებს, ამ დროს შეიძლება თავი ეჩინა დეპრესიის, შფოთვის ან/და ფობიურ სიმპტომებს, თავს იჩენდა სუიციდური აზრები, საგნებზე შეხების შიში, ხელების არანორმალურად ხშირი დაბანა და გადაჭარბებული მიდრეკილება სისუფთავისკენ, თუმცა პაციენტი ინსაიტის[6] უნარს არ კარგავდა; მესამე სტადიაზე თავს იჩენდა სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი გაუარესება, რიტუალები და ობსესიური პარალიჩი[7], ინსაიტი მხოლოდ ნაწილობრივ ნარჩუნდებოდა და გამოკვლევა ავლენდა აშლილობის თითქმის ფსიქოტურ მხარეს (Berrios, 1989).
ობსესიური ნევროზის მოცემული მცირე ისტორიული მიმოხილვა ცხადყოფს, რომ მეოცე საუკუნემდე აღნიშნული მდგომარეობა მოხელთებული იყო რელიგიურ დისკურსში, ხოლო ფსიქიატრიის განვითარებასთან ერთად იქცა სხვა და სხვა ნოზოლოგიების შემადგენელ ნაწილად, რომლებიც, ხშირად, დესკრიფციულ და ტაქსონომიურ[8] დატვირთვას ატარებდნენ და ჰეტეროგენულ ერთეულებს მოიცავდნენ.
ობსესიური ნევროზის ფროიდიანული აღმოჩენა
მიუხედავად წინამორბედი მოსაზრებებისა, ობსესიური ნევროზის, როგორც ტერმინისა და დამოუკიდებელი კლინიკური ერთეულის დაფუძნებასა და ობსესიური სიმპტომების საფუძველმდებარე ფსიქიკური მექანიზმებისა და კაუზალობის წარმომავლობის დადგენაში გადამწვეტი როლი ფროიდის შრომებმა შეასრულა. ფროიდი, როგორც მახვილგონიერი კლინიცისტი, არა მხოლოდ აღწერს და აჯგუფებს ფსიქიკური აშლილობების სიმპტომებს, არამედ უფრო შორსაც მიდის და ცდილობს ფსიქიკური აშლილობების ფსიქიკური კაუზალობით ახსნას.
ფროიდი ობსესიური სიმპტომატიკით ინტერესდება 1894 წელს, ნაშრომში „დაცვითი ნეიროფსიქოზები“, სადაც ობსესიები, ფობიებისა და ისტერიის გვერდით, განიხილება, როგორც სუბიექტის მატრავმირებელ მოვლენასთან შეხვედრის შედეგად განვითარებული დისფუნქციური დაცვითი რეაქცია. ისტერიული, ფობიური და ობსესიური სიმპტომატიკის დასაწყისი ერთ და იგივე მექანიზმს ეფუძნება, სუბიექტი ცდილობს რა თავი დაიცვას მატრავმირებელი მოვლენისგან, ერთმანეთისგან განაცალკევებს მატრავმირებელ იდეას და მის თანმხლებ აფექტს – აგზნების ჯამს (Erregungssumm). აღნიშნული სამი კლინიკური ერთეულის გენეზისში განსხვავებები სწორედ ამ მომენტიდან იწყება, თუ სუბიექტი ახერხებს აგზნების კონვერსირებას[9] მაშინ საქმე გვაქვს ისტერიასთან, მაგრამ ინდივიდებში, რომლებიც მოკლებულნი არიან კონვერსიის უნარს, აფექტისა და იდეის სეპარაციის შედეგად, ძალაგამოცლილი იდეა – როგორც წესი სუბიექტის სექსუალური ცხოვრების შესახებ –ნარჩუნდება ცნობიერებაში, ხოლო დაუკავშირებელი აფექტი მიებმება სხვა იდეას, ამ ცრუ კავშირით ყალიბდება ობსესიური იდეები (FREUD, 2024 e). როგორც ფროიდი შემდგომში იტყვის: „ობსესიურ ნევროზს არ ახასიათებს ამოუცნობი ნახტომი ფსიქიკურიდან ფიზიკურში“ (FREUD, 2024 a, p. 228), შესაბამისად მისი სიმპტომატიკა შემოიფარგლება ფსიქიკურის სფეროთი განსხვავებით ისტერიისგან, რომელიც კონვერსიების სახით ვლინდება სხეულში.
1895 წლის ნაშრომში, ფროიდი ობსესიური და ფობიური სინდრომების სეპარაციას ახდენს ნევრასთენიისა და დეგენერაციის ცნებებისგან და მათ განიხილავს სეპარირებულ ნევროზებად, რომელთაც განსხვავებული ფსიქიკური მექანიზმები და ეტიოლოგია უდევთ საფუძვლად. ფროიდი ერთმანეთისგან განარჩევს ჭეშმარიტ ობსესიებს და ფობიებს. ყველა ობსესია შედგება ორი ფაქტორისგან: პირველი – პაციენტის თავს მოხვეული მაიძულებელი ხასიათის იდეა; მეორე – მასთან დაკავშირებული აფექტური მდგომარეობა. ობსესიებისა და ფობიების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეგვიძლია აფექტური ფაქტორის გათვალისწინებით, ვინაიდან ფობიებში შეხვედრადი აფექტი ყოველთვის არის შფოთვა, ხოლო ჭეშმარიტ ობსესიებს შეიძლება თან ერთოდეს, როგორც შფოთვა, ასევე ეჭვი, ბრაზი ან სინანული. კლინიკური შემთხვევების შესწავლის საფუძველზე ფროიდი მიდის დასკვნამდე, რომ ობსესიების დროს თანმხლები აფექტი ფიქსირებულია, უცვლელად პერსისტირებს და ამავდროულად აქვს რელევანტური საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია სუბიექტის სექსუალურ გამოცდილებასთან, რომლის დავიწყებასაც ის ცდილობს. ხოლო ობსესიური იდეა ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ცვალებადია და ასოციაციურად დაკავშირებულია აფექტურ მდგომარეობასთან. სხვაგვარად სუბიექტი ცდილობს დაივიწყოს სექსუალური ცხოვრების გარკვეული მომენტი და ამ მიზნით ახდენს პათოგენური იდეის საბსტიტუციას (Ersatz)[10] სხვა იდეით, მაპათოდენიზირებელი იდეის თანხმლები აფექტური მდგომარეობის ბაზაზე, რაც შედეგად გვაძლევს მისალიანსს (ცრუ კავშირს) აფექტსა და იდეას შორის და ობსესიურ მდგომარებებს სძენს, მათთვის დამახასიათებელ აბსურდულ ხასიათს. ფროიდი საბსტიტუციის გამომწვევ ფაქტორებს შორის ასახელებს, ერთი მხრივ, მემკვიდრეობით პრედისპოზიციას, ხოლო, მეორე მხრივ, ეგოს თავდაცვით პოზიციას შეუთავსებელი იდეის წინააღმდეგ, როდესაც პაციენტი მიზანმიმართულად ცდილობს თავიდან მოიშოროს გარკვეული იდეა, ზოგიერთ პაციენტში თავდაცვის ამ მცდელობის შესახებ მოგონება ცნობიერად შეიძლება შემორჩეს (FREUD, 2024 b).
საბსტიტუციის მექანიზმში აფექტის უცვლელად პერსისტირების ჰიპოთეზის შემუშავების პირობებში ფროიდს უჩნდება კითხვა თუ რატომ არ ქრება ეს აფექტი, როგორც სხვა ემოციურ მდგომარეობათა უმეტესობა. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ფროიდი მიგვითითებს 1893 წლის ნაშრომზე ისტერიის შესახებ (FREUD, 2024 b), სადაც საუბარია მატრამვირებელი მოვლენის ძალის – აფექტის – მუდმივობაზე. როდესაც ადამიანი შეხვდება რაიმე მოვლენას ეს მის ფსიქიკაში სენსორული გზით ახდენს აგზნების ჯამის აკუმულაციას, რაც, წონასწორობის შენარჩუნების მიზნით, მიისწრაფვის განმუხტვისკენ მოტორული გზით. როდესაც საუბარი გვაქვს ტრავმატულ გამოცდილებაზე ამ დროს სუბიექტი ვერ ახერხებს დაგროვებული აგზნების ჯამის განმუხტვას მოტორულად, რაც ტრავმატულ მოვლენასთან დაკავშირებულ აფექტს პრივილეგირებულ სტატუსს ანიჭებს ფსიქიკურ ცხოვრებაში, შედეგად აფექტი ნაცვლად შესუსტებისა ინარჩუნებს ძალას და მაპათოგენიზირებელ როლს ასრულებს ინდივიდის ფსიქიკაში. სხვაგვარად, საქმე გვაქვს ინდივიდთან, რომელიც გარკვეულ მოვლენასთან შეხვედრისას, ნაცვლად საპასუხო რეაქციისა, მუნჯდება ფიზიკური და ფსიქიკური გაგებით, მაგრამ მასში საუბარს იწყებს სიმპტომი (FREUD, 2024 d). თუ გავითვალისწინებთ ფროიდის დამატებას, რომლის მიხედვითაც ობსესიურ ნევროზში აფექტის განმუხტვას გადანაცვლება ხდის შეუძლებელს (FREUD, 2024 b), მაშინ ამ კონტექსტშიც გასაგები გახდება ისტერიის კლინიკიდან მიღებული ცოდნა. თუ ისტერიაში მატრავმირებელ მოვლენასთან შეხვედრისას დაგროვებული აგზნების ჯამს პირდაპირ გამოთავისუფლებისგან განდევნით აქვს გზა ჩახერგილი, ობსესიურ ნევროზში ამგვარ ფუნქციას საბსტიტუცია ასრულებს, შედეგად ორივე შემთხვევაში აფექტი – აგზნების ჯამი – პათოგენურ ძალას იღებს და თავს ავლენს განსხვავებული სიმპტომატიკით.
ფროიდი უფრო და უფრო რწმუნდება ობსესიური სიმტომატიკით დახასიათებული მდგომარეობის ცალკე კლინიკურ ერთეულად გამოყოფის აუცილებლობაში. 1894 წლის 7 თებერვლით დათარიღებულ წერილში ფლისისადმი ფროიდი პირველად ახსენებს ტერმინს „ობსესიური ნევროზი“ (‘Zwangsneurose’). გერმანული სიტყვა ‘Zwang’ შეიძლება ითარგმნოს, როგორც იძულება ან აკვიატება, აღნიშნული სიტყვა სხვა ენებში, მაგალითად ინგლისურში დამკვიდრდა როგორც ‘obsession’[11]. შესაბამისად ‘Zwangsneurose’-ის ტერმინში ფროიდი გულისხმობს ერთგვარი იძულების ან აკვიატების მდგომარეობას (FREUD, 2024 c).
1907 წლის ნაშრომში „ობსესიური ქმედებები და რელიგიურ პრაქტიკებში“ ფროიდი უკვე აშკარად ამკვიდრებს ობსესიური ნევროზს, როგორც ტერმინს და დამოუკიდებელ კლინიკურ ერთეულს. ფროიდის აზრით ობსესიური ნევროზის ტერმინში უნდა გავაერთიანოთ ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან, როგორც ობსესიური აქტივობებითა ან ცერემონიალებით, ასევე ისინიც, ვინც იტანჯებიან ობსესიური ფიქრებით, იდეებით და იმპულსებით. ნევროტული ცერემონიალები აერთიანებს ყოველდღიური საქმიანობების ერთგვარ მოდიფიკაციებს, დამატებებს ან შეზღუდვებს, რომლებიც რიტმულ, განმეორებად სახეს იძენენ. მიუხედავად ცერემონიალის მკაცრად ფორმალიზებულობისა, როგორც მხილველში, ასევე პაციენტში, ისინი უაზრობის შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა მცირედი გადახვევაც კი სტერეოტიპულობიდან პაციენტისთვის დაკავშირებულია აუტანელ შფოთვასთან. გარდა ობსესიური ქმედებებისა და რიტუალებისა აშლილობის სურათს შეადგენს აკრძალვები და აბულიები[12]. სხვაგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ობსესიური ნევროზი წარმოადგენს აკრძალული, დაშვებული და გარკვეული წინაპირობის შესრულების შემთხვევაში დაშვებული აქტების, ერთგვარი დაუწერელი კანონების ერთობლიობას, რომელთა დარღვევაც სუბიექტში იწვევს აუტანელ შფოთვას. თავდაპირველად ობსესიები და აკრძალვები შემოიფარგლებიან სუბიექტის პირადი საქმიანობებით და მის სოციალურ ცხოვრებას უვნებელს ტოვებენ. ფროიდის შედარებით ობსესიური ნევროზი იქცევა, როგორც წყლის ნიმფა მელუზინა, რომელიც უფლისწულთან სასიყვარულო ურთიერთობაში რჩება მხოლოდ იმ პირობით თუ შაბათს სატრფო არ შეხედავს მელუზინას, რომელიც ადამიანურის ნაცვლად ნიმფის ფორმას იღებს. ამის მსგავსად ობსესიური ნევროტიკიც, რიტუალების სახით, იხდის ერთგვარ ხარკს, რაც შესაძლებელს ხდის დღის მანძილზე სოციალური მოვალეობების მეტ-ნაკლები წარმატებით შესრულებას (FREUD, 2024 c). ობსესიური ნევროზი ხასიათდება სიმპტომთა არასტაბილურობით, პაციენტს შეუძლია ერთი სახის ობსესიური იდეა ან ქმედება ჩაანაცვლოს სხვით, რამაც შეიძლება თავდაპირველი სურათი საგრძნობლად შეცვალოს, მაგრამ სუბიექტი სიმპტომების აღმოფხვრას ვერ ახერხებს, მიუხედავად ამ ქმედებებისა თუ აზრების აბსურდულობაში სრული დარწმუნებულობისა (FREUD, 2024 a).
ზემოთ ვისაუბრეთ იდეების აფექტთან მისალიანსის შედეგად გამოწვეულ აბსურდულობაზე და ვახსენეთ ისიც, რომ ობსესიური ქმედებებიც მსგავსი აბსურდულობის შთაბეჭდილებას ტოვებენ დამკვირვებელშიც და სუბიექტშიც, მაგრამ ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა ფროიდს არწმუნებს, რომ ეს აბსურდულობა მოჩვენებითია. ობსესიური რიტუალები წარმოადგენენ ზესტრუქტურირებულ მნიშვნელობებით დატვირთულ და აფექტურად ინვესტირებულ ფსიქიკურ წარმონაქმნებს რომლებიც, როგორღაც დაკავშირებულნი არიან სუბიექტის მნიშვნელოვან ინტერესებთან ან წარსულ გამოცდილებასთან, რომელიც კვლავ ოპერატიულია და აქტუალობას არ კარგავს. ეს კავშირი შეიძლება დამყარდეს ორი – პირდაპირი ან სიმბოლური რეპრეზენტაციის – გზით და შესაბამისად ობსესიური აქტების ინტერპრეტაციაც შეიძლება იყოს ისტორიული ან სიმბოლური. ობსესიური ნევროზი გადანაცვლების (Verschiebung)[13] მექანიზმის მუშაობით სუბიექტის ფსიქიკურ აქცენტებს მნიშვნელოვანი მოვლენებიდან გადაანაცვლებს უმნიშვნელოებზე და შედეგად ქმნის ერთგვარ სიმბოლოს, რომელიც რეპრეზენტირებს რაღაცას, რასაც პათოგენური გავლენა ქონდა სუბიექტზე (FREUD, 2024 c).
ობსესიური ნევროზის მექანიზმის სიღრმისეული გაგების მცდელობაში ფროიდი მიდის დასკვნამდე, რომ აშლილობის საფუძველს წარმოადგენს ლტოლვითი (პირველ რიგში სექსუალური) იმპულსის განდევნა. ამ ლტოლვის მიზნის რეალიზაციის წინააღმდეგ რეაქციის ფორმაციის (Reaktionsbildung)[14] სახით იქმნება სპეციფიკური სინდისი, მაგრამ ლტოლვა, რომელიც არაცნობიერში აგრძელებს არსებობას, გამუდმებულ საფრთეს წარმოადგენს სუბიექტისთვის და განიცდება როგორც საცდური. საცდურს დამორჩილების ანუ განდევნილი (Verdrllngun)[15] ლტოლვის რეალიზაციის არაცნობიერი სურვილი სუბიექტში იწვევს ბრალის არაცნობიერ (Unbewusste)[16] გრძნობას, რომელიც სასჯელის შესახებ იდეებთან კავშირის შედეგად გვაძლევს მოლოდინის შფოთვას (expectant anxiety), რომ შეიძლება რაღაც საშინელება მოხდეს. ასეთ პირობებში ჩნდება კითხვა – თუ ადგილი ქონდა განდევნას, მაშინ კომფლიქტი რატომ არ ფორმდება ფიქსირებულ წარმონაქმნად, როგორც ვთქვათ კონვერსია ისტერიაში? ფროიდის აზრით, ობსესიურ ნევროზში განდევნა მხოლოდ ნაწილობრივი წარმატებით ფუნქციონირებს და გამუდმებით განიცდის მარცხის საშიშროებას, რაც სათავეს უდებს დაუსრულებელ კონფლიქტს, რომელიც საჭიროებს ინდივიდის გამუდმებულ ფსიქიკურ ძალისხმევას ლტოლვის იმპულსის ზეწოლის წინააღმდეგ (FREUD, 2024 c). ობსესიურ ნევროზში განდევნის არასაკმარის წარმოდგენილობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი რომ, პაციენტებს ხშირად ახსოვთ მოგონება რომლის რეკონსტრუქციაც ხდება სიმპტომში თუმცა მოგონებასა და სიმპტომებს შორის ანალოგია მათთვის შეუმჩნეველი რჩება (FREUD, 2024 a). განდევნის წარუმატებლობა ქმნის რეაქციის ფორმაციებისა და ობსესიური ქმედებების აუცილებლობას, რომლებიც შემუშავებულია ლტოლვის მიზნის რეალიზაციისგან დაცვის მიზნით, მაგრამ ობსესიური ქმედებები უბრალოდ კი არ აფერხებენ ლტოლვის რეალიზაციას არამედ კომპრომისული სახით აკმაყოფილებენ კიდეც მას, ამდენად ობსესიური აქტები საკუთარ თავში აერთიანებენ სიამოვნებას, რომლისგან დაცვისთვისაც არიან შექმნილები და ამგვარად ემსახურებიან განდევნილსაც და იმასაც, რაც განდევნის. ხოლო თუ რიტუალებიც ვეღარ ახდენენ ცდუნების ლიკვიდაციას, პაციენტი მიმართავს აკრძალვებს, რომლებიც მის დისტანცირებას ახდენენ იმ სიტუაციებისგან, რომლებშიც შეიძლება ცდუნებამ რეაქტუალიზაცია განიცადოს (FREUD, 2024 c).
შეჯამება
დასასრულს ვიმედოვნებთ, რომ ნაწილობრივ მაინც მოვახერხეთ, მკითხველისთვის შეგვექმნა მცირედი წარმოდგენა, როგორც ობსესიური ნევროზის „პრეისტორიაზე“, ასევე ამ აშლილობის ფსიქოანალიტიკურ დაბადებასა და იმ ძირითად განსხვავებებზე, რომელბიც ობსესიური ნევროზის სხვა აშლილობებისგან სეპარაციას ახდენს.
ბიბლიოგრაფია
Berrios, G. E. (1989). Obsessive-Compulsive Disorder: Its conceptual history in France during the 19th century. Journal of Psychiatric Research, 23(2), 109–119. Retrieved from https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/0010440X89900527
FREUD, S. (2024 a). Introductory Lectures on Psychoanalysis (Vol. XVI). LONDON: Rowman & Littlefield.
FREUD, S. (2024 b). Obsessions and Phobias. In S. FREUD, the revised standard edition of the complete psychological works of sigmund freud (Vol. III, pp. 65-79). LONDON: Rowman & Littlefield.
FREUD, S. (2024 c). Obsessive Actions and Religious Practices. In S. FREUD, the revised standard edition of the complete psychological works of SIGMUND FREUD (Vol. IX, pp. 95-109). LONDON: Rowman & Littlefield.
FREUD, S. (2024 d). on the psychical mechanism of hysterical phenomena. In J. B. Freud, the revised standard edition of the complete psychological works of SIGMUND FREUD (Vol. II, pp. 3-19). LONDON: Rowman & Littlefield.
FREUD, S. (2024 e). the neuropsychoses of defence. In S. FREUD, Early Psychoanalytic Publications (Vol. III , pp. 41-65). LONDON: Rowman & Littlefield.
Obsessive-Compulsive and Related Disorders. (2025, September 30). (Stanford Medicine) Retrieved from Stanford Medicine: https://med.stanford.edu/ocd/treatment/history.html
[1] კაჰუნის პაპირუსი
[2] Gk. monos და mania „ერთი“ და „სიგიჟე“. ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შემოიფარგლება ერთი კონკრეტული პათოლოგიური იდეითა და/ან აკვიატებით.
[3] ემოციური ბოდვა/დელირიუმი.
[4] ძველი, მორალური გაგებით.
[5] “La folie du doute avec délire du toucher“.
[6] ფსიქოპათოლოგიაში ინსაიტი აღნიშნავს პაციენტის მიერ საკუთარ თავში მომხდარ ავადმყოფურ ცვლილებებზე ცნობიერების შენარჩუნებას.
[7] აღწერილობითი ტერმინი, არა ფიზიკური დამბლა, არამედ აკვიატებული ეჭვებითა და რიტუალებით გამოწვეული მდგომარეობა, რომელიც აღნიშნავს ნებისყოფის, გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების სრულ ინჰიბიციას.
[8] (ბერძნ. taxis – მოწესრიგება, დაჯგუფება, nomos – კანონი) – ფსიქიატრიაში აღნიშნავს ფსიქიკური აშლილობების აღწერის, კლასიფიკაციისა და ორგანიზების შესახებ მოძღვრებას.
[9] ფროიდის მიერ 1894 წელს შემოღებული ტერმინი ისტერიის სომატური სიმპტომების ახსნისთვის. კონვერსია გულისხმობს განდევნას დაქვემდებარებულ იდეასთან დაკავშირებული ლიბიდოს ტრანსფორმაციას სომატურ სიმპტომებში.
[10] ფროიდის ერთ-ერთი ადეული კონცეპტი, გულისხმობს ერთი არაცნობიერი შინაარსის მეორით სიმბოლურ ჩანაცვლებას.
[11] აქედან ტერმინი ‘obsessional neurosis’
[12] გადაწყვეტილების მიღების უუნარობა
[13] ფროიდის მირე “სიზმრების ინტერპრეტაციაში“ (1900) შემოღებული ცნება, რომელიც აღწერს ფსიქიკური აქცენტის, ლიბიდოს, აფექტის გადანაცვლებას ერთი რეპრეზენტაციიდან მეორეზე.
[14] მექანიზმი, რომელიც ქმნის განდევნილი ლტოლვის დიამეტრალურად ოპოზიციურ ფრომაციას ფსიქიკაში.
[15] ფროიდის ერთ-ერთი ცენტრალური ცნება, რომლეის მიხედვითაც ეგო ცდილობს თავი დაიცვას არატოლერირებადი ლტოლვისგან, ამ უკანასკნელის ცნობიერიდან არაცნობიერში გადატანით. განდევნის დროს ლტოლვასთან, როგორც ეკონომიკურ ფაქტორთან, დაკავშირებული რეპრეზენტაცია ცნობიერებისთვის მიუწვდომელია, მაგრამ თავად ლტოლვის როგორც წმინდად ენერგეტიკული წარმონაწმნის განდევნა შეუძლებელია, ამიტომ ის საჭიროებს დამატებით გადამუშავებას ფსიქიკური წონასწორორობის შენარჩუნებისთვის.
[16] ცენტრალური ცნება ფსიქოანალიზში, განდევნილი ლტოლვითი რეპრეზენტაციების საცავი და ფსიქიკური ენერგიის რეზერვუარი.





Comments