ობსესიური ნევროზის წარმომავლობა და სიმპტომის ფორმაცია
- მაია კერვალიშვილი

- Nov 7
- 6 min read
ფროიდი თავის 1926 წლის ნაშრომში სახელწოდებით „ინჰიბიცია, სიმპტომი და შფოთვა“ მიმოიხილავს როგორც ობსესიური ნევროზის წარმოშობის ეტიმოლოგიას, ასევე მისი სიმპტომების ფორმაციას.
დაწყებული 1894 წლიდან, ფროიდმა ობსესიური ნევროზის, როგორც ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულის დახასიათება დაიწყო. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ის სხვადასხვა თეორიას ავითარებს და აზუსტებს ამ ნევროზის წარმომავლობას. სხვადასხვა წლებში, საუბრობს როგორც მემკვიდრეობით, ასევე ტრავმატულ და ადრეული ბავშვობის აქტიურ სექსუალურ გამოცდილებაზე, საბოლოო ჯამში, ფროიდი, ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპზე მომხდარი ქრონოლოგიური მოვლენების თეორიას ავითარებს[1], რამაც სუბიექტი შეიძლება განაწყოს ობსესიური ნევროზისკენ. თუმცა, აღნიშნავს რომ ამ ნევროზის ბუნება ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ობსესიური ნევროზი, ისევე როგორც ისტერია ოიდიპოსის კომპლექსის ეტაპზე ვითარდება ლიბიდინალური მოთხოვნილებების გავლენით, რომლებიც იწვევენ შიდაფსიქიკურ კონფლიქტს. ამ კონფლიქტის გადასაჭრელად[2] ფსიქიკა ავითარებს ნევროზის ერთ ან მეორე ფორმას (ისტერიას ან ობსესიურ ნევროზს, იმისდამიხედვით სუბიექტი რა კონსტიტუციისაა, რაც განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე ყალიბდება[3]). დადასტურებულად ვიცით, რომ ფსიქოსექსუალური განვითარების ფალიკურ ფაზაზე[4], დატრიალებული ოიდიპალური დრამა, სუბიექტს გადაისვრის უკან, ადრეულ სადისტურ-ანალურ ფაზაზე[5]. სწორედ აღნიშნული რეგრესია განაპირობებს ობსესიური ნევროზის შემდგომ განვითარებას. შესაბამისად, ობსესიური ნევროზი ლატენტური პერიოდის გარიჟრაჟზე ავლენს თავს, ხოლო ობსესიური სტრუქტურისადმი გადახრას, კონსტიტუციური ფაქტორების წყალობით, სუბიექტი განვითარების ბევრად ადრეული პერიოდიდან იწყებს.
ფროიდი დეტალურ თეორიას გვთავაზობს ფსიქიკის ფორმირების ამ ეტაპზე მიმდინარე კონფლიქტზე, რაც კასტრაციის შიშის გავლენით უბიძგებს ეგოს რეგრესისკენ. ლატენტური პერიოდი იწყება ოიდიპოსის კონფლიქტის დაძლევა-დათრგუნვით[6], რის შედეგადაც წარმოიქმნება სინდისისა და მორალის ინსტანცია - სუპერეგო[7], რომელიც ეგოს მეშვეობით აწესებს ეთიკურ და ესთეტიკურ შეზღუდვებს ბავშვის სურვილებზე[8]. ობსესიურ ნევროზებში ეს პროცესები ნორმის ფარგლებს სცდება და პათოლოგიურად ძლიერდება: ოიდიპოსის კომპლექსის დაშლა ჩვეულებრივ ბავშვის განვითარების წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ობსესიური ნევროზის შემთხვევაში, ამ ნგრევას თან ერთვის ლიბიდინალური ენერგიის რეგრესული დეგრადაცია - ანუ, სექსუალური ენერგია უკან ბრუნდება განვითარების უფრო ადრეულ, კერძოდ, ანალურ ფაზასთან დაკავშირებულ ობიექტებსა და ფიქსაციებზე. ამ რეგრესიისა და კომპლექსის არასრულყოფილი დაძლევის შედეგად, ყალიბდება სუპერეგო, რომელიც ნორმალურისგან განსხვავებით, ხდება განსაკუთრებულად მკაცრი, დაუნდობელი და დესპოტური. ის ბავშვს უწესებს გადაჭარბებულად მკაცრ მორალურ მოთხოვნებსა და აკრძალვებს, რაც იწვევს მუდმივ დანაშაულის გრძნობას. ეგო, რათა როგორმე დაუპირისპირდეს მკაცრ სუპერეგოს და დათრგუნოს არასასურველი ლტოლვები (პირველ რიგში, ანალური-სადისტური იმპულსები), იყენებს დაცვით მექანიზმს, რომელსაც რეაქციის ფორმაცია ეწოდება. ეს რეაქციის ფორმაციები გამოიხატება საპირისპირო ქცევებისა და თვისებების ჰიპერტროფიულად (გადაჭარბებულად) განვითარებაში: წესრიგისადმი და სისუფთავისადმი გადაჭარბებული სწრაფვა (როგორც ანალური იმპულსების საპირისპირო); გადამეტებული სინდისიერება; თანაგრძნობის ან სიკეთის გამოხატვის გადაჭარბებული მოთხოვნილება, რაც კლინიკურად ობსესიების სახით ვლინდება.
სუპერეგოს დაუნდობელი სიმკაცრე პირველ რიგში ვლინდება მასტურბაციის ცდუნების დაგმობაში. მასტურბაცია, რომელიც წარმოიშვა განვითარების ფალიკურ ფაზაში, რეგრესიის გზით უკავშირდება სადისტურ-ანალურ ფანტაზიებს (აგრესია, ჭუჭყი, კონტროლი). მიუხედავად ამისა, ის მაინც რჩება ადრეული ფალიკური ორგანიზაციის დაუქვემდებარებელ ნაწილად (სექსუალურ ენერგიად, რომელიც არ დაემორჩილა ახალ, მორალურ კონტროლს). ეს კონტროლი გადაჭარბებულია, თუმცა სრულად მაინც არ არის წარმატებული. ჩახშული მასტურბაცია და მასთან დაკავშირებული ლტოლვები ნელ-ნელა მაინც უახლოვდება დაკმაყოფილებას (ხშირად სიმპტომების, მაგალითად, კომპულსიური ქმედებების სახით). ლატენტური პერიოდის მთავარი ამოცანა, მასტურბაციის ცდუნებისგან თავის არიდება, წარმოშობს სიმპტომების ერთგვარ სერიას, რომელთაც აქვთ ცერემონიული ხასიათი და ტენდენცია დაუკავშირდნენ ყოველდღიურ აქტივობებს, როგორიცაა დასაძინებლად მომზადება, ბანაობა, ჩაცმა, სეირნობა. მათ ასევე ახასიათებთ გაუთავებელი განმეორება და დროის კარგვა. ამ სიმპტომებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანალურ-ეროტიკული კომპონენტების სუბლიმაციას. ლტოლვითი იმპულსი, მიუხედავად განდევნისა პოულობს ჩამნაცვლებელს, თუმცა ეს ჩამნაცვლებელი ძალიან სუსტი, დამახინჯებული და შეზღუდულია, იმდენად რომ იგი საცნადი აღარ არის როგორც დაკმაყოფილება. შედეგად, განხორციელებისას, სიამოვნება არ განიცდება და თავად განხორციელება კი იძენს იძულების ხასიათს. ეს ქმნის პარადოქსს: ყოველი გადაჭარბებული კონტროლი თავადვე ატარებს ნგრევის თესლს. ამიტომ, ობსესიური ნევროზი იქცევა კონფლიქტისა და ლტოლვების ფარული დაკმაყოფილების (სიმპტომის) თანაარსებობის ადგილად. ობსესიური ნევროზის დროს კონფლიქტი ორი მიმართულებით მწვავდება: დამცავი ძალები (სუპერეგო და ეგოს დაცვის მექანიზმები) ხდება უფრო შეუწყნარებელი. გასანეიტრალებელი ძალები (ანალური-სადისტური ლტოლვები) ხდება უფრო აუტანელი (გაძლიერებული). ორივე ეფექტი ერთი ფაქტორით, კერძოდ, ლიბიდოს რეგრესიით არის განპირობებული. ანალურ ფაზაზე რეგრესია აძლიერებს როგორც აკრძალვის სიმკაცრეს, ისე ლტოლვითი იმპულსების ინტენსივობას.
ფროიდის აზრით, ობსესიური სიმპტომები ყალიბდება, რადგან მიმდინარეობს უწყვეტი ბრძოლა განდევნილის წინააღმდეგ, სადაც დამთრგუნველი ძალები თანდათან კარგავენ პოზიციებს. თავის მხრივ, ეგო და სუპერეგო განსაკუთრებულად დიდ როლს ასრულებენ სიმპტომების ფორმირებაში.
ობსესიური ნევროზის სიმპტომები ორ ძირითად, ურთიერთსაწინააღმდეგო ჯგუფად იყოფა:
აკრძალვები/დაცვითი ქცევები (უარყოფითი სიმპტომები): ესენია სხვადასხვა აკრძალვა, სიფრთხილის ზომა ან „საზღაური“, რომლითაც პიროვნება ცდილობს თავი დაიცვას ან დანაშაულის გრძნობა შეიმსუბუქოს.
ჩანაცვლებითი დაკმაყოფილებები: ეს არის სურვილების სიმბოლური, შენიღბული სახით დაკმაყოფილება.
სიმპტომის ფორმირება აღწევს ნამდვილ ტრიუმფს მაშინ, როცა ახერხებს აკრძალვა და დაკმაყოფილება ერთმანეთში გააერთიანოს, ისე რომ, ის ბრძანება ან აკრძალვა, რომელიც სუბიექტმა თავის დასაცავად შექმნა, ამავე დროს, მისთვის სასურველი (თუმცა შენიღბული) დაკმაყოფილების ფუნქციასაც ასრულებდეს. ამ მიზნის მისაღწევად სიმპტომი ხშირად იყენებს ყველაზე გამომგონებელ ასოციაციურ გზებს. ასეთი მიღწევა ცხადყოფს „მე“-ს მიდრეკილებას სინთეზისკენ. პაციენტს შეუძლია თავისი სიმპტომების უმეტესობას მიანიჭოს მათი თავდაპირველი მნიშვნელობის გარდა სრულიად საპირისპირო მნიშვნელობაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამბივალენტობის ძალას, რომელიც, უცნობი მიზეზით, ობსესიურ ნევროზებში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს. ობსესიური ნევროზის სიმპტომთა ფორმირების ზოგადი ტენდენცია გულისხმობს იმას, რომ ფრუსტრაციის ხარჯზე, იზრდება სივრცე ჩანაცვლებითი დაკმაყოფილებისთვის. ეს პროცესები განაპირობებს, დაცვითი მექანიზმების სრულ მარცხს, რის შედეგად, ვიღებთ უკიდურესად შეზღუდულ ეგოს, რომელიც დაყვანილია სიმპტომებში კმაყოფილების ძიებაზე. ძალთა განაწილების ამპლიტუდის გადანაცვლებამ დაკმაყოფილების სასარგებლოდ შესაძლოა გამოიწვიოს ეგოს ნების პარალიზება, რომელიც ყოველ გადაწყვეტილებაში თითქმის თანაბრად ითვალისწინებს ერთ მხარესაც და მეორესაც. იდსა და ზემეს შორის ცხარე კონფლიქტი, რომელიც თავიდანვე დომინირებდა დაავადებაში, შეიძლება გაიზარდოს ისეთ გროტესკულ ზომამდე, რომ „მე“, როგორც შუამავალი, ვერ შეძლებს ვერცერთი ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც არ იქნება ამ კონფლიქტის თანამონაწილე.
ყველაზე ელემენტარულ შემთხვევებში სიმპტომი ორფაზიანია. ეს კარგად ჩანს ობსესიური სიმპტომების ფორმაციის ისეთ მექანიზმებში როგორიცაა ანულაცია (Ungeschehenmachen) და იზოლაცია. ობსესიური ნევროტიკის ეგოში არსებულ ამ ფორმაციებს, ფროიდი განდევნის სუროგატებად თვლის და მიიჩნევს, რომ დაცვის კიდევ ერთ მექანიზმად უნდა ჩაითვალოს რეგრესიისა და განდევნის გვერდით. პირველის შემთხვევაში, სუბიექტი აბათილებს ერთ ქმედებას, აზრს ან სურვილს მეორეთი, იყენებს რა მოტორული აქტს (ხელის დაბანა, საგნის შეხება, რაიმეს ორჯერ გაკეთება), ისე რომ ორივეს (ფსიქიკური შინაარსი და მოტორული აქტი) კვალს აქრობს ფსიქიკიდან. შედეგად, აკვიატებულ მოქმედებას, რომელიც გარკვეულ ბრძანებას ასრულებს, დაუყოვნებლივ მოჰყვება მეორე მოქმედება, რომლის მიზანია პირველი მოქმედების შედეგების განეიტრალება ან გაუქმება, თუნდაც ეს მეორე მოქმედება სრულად საპირისპირო არ იყოს. ეს მექანიზმი ემსახურება შფოთვისა და დანაშაულის გრძნობის შემცირებას (Ungeschehenmachen)[9]. იზოლაციის მექანიზმის მუშაობისას, თუნდაც მაშინ, როცა განდევნა არ ეხება იმპულსის შინაარსს, ის მას აშორებს ემოციურ ნაწილს (მაგ აგრესიას), რის შედეგადაც, ობსესიურ იდეას პაციენტები აღწერენ, როგორც უწყინარ აზრს, რომელიც არანაირ ემოციას არ აღძრავს[10], მაგრამ რეალურად ჩამოცილებული აფექტი სხვა ადგილას განაგრძობს ყოფნას. სუპერეგო იქცევა ისე, თითქოს განდევნა არ მომხდარა და ეგოს შესაბამისად ექცევა. „მე“, რომელმაც ერთი მხრივ იცის საკუთარი უდანაშაულობა, განიცდის ბრალის გრძნობას და იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რის შესახებაც არაფერი უწყის. თუმცა, ეს მდგომარეობა იმდენად დამაბნეველი არ არის, როგორც თავიდან ჩანს. სუპერეგოს ქცევა სრულად არის გასაგები, ხოლო ეგოში არსებული წინააღმდეგობა მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ იდი განდევნის გზით არის შეკავებული, თუმცა ეგო სრულად ხელმისაწვდომი რჩება სუპერეგოს გავლენისთვის.
არსებობს ობსესიური ნევროზის შემთხვევები, სადაც ბრალის გრძნობა საერთოდ არ არის წარმოდგენილი. იქ, როგორც ჩანს, ეგო თავიდან იცილებს ბრალის გრძნობის გაცნობიერებას ახალი სიმპტომების, სასჯელის ან შეზღუდვების შექმნით. ეს სიმპტომები, ამასთან, ერთდროულად წარმოადგენს მაზოხისტური იმპულსების დაკმაყოფილებას, რომლებიც თავის მხრივ რეგრესიის შედეგად კიდევ უფრო ძლიერდებიან.
ობსესიური ქმედებების უმრავლესობა ხშირად ფობიურ ხასიათს ატარებს. თუმცა, თუკი ფობიებში წამყვანი ემოცია მხოლოდ შფოთვაა, ობსესიებს შფოთვასთან ერთად შესაძლოა თან ახლდეს ისეთი აფექტები, როგორიცაა ეჭვი, ბრაზი ან სინანული.
ობსესიური ნევროტიკის სიმპტომატიკა მრავალფეროვანია. ზოგჯერ ისინი ვლინდება შფოთვისგან დასაცავად შემუშავებული ინჰიბიციების (ფუნქციის შეზღუდვის) სახით. მაგალითად, ფროიდი აღწერს პაციენტს, რომელსაც რისხვის გამომწვევი მოვლენის შემდეგ ხანგრძლივი დამბლის მსგავსი დაღლილობა იპყრობდა. ინჰიბიციამ შეიძლება მოიცვას როგორც მთელი სხეული, ისე მისი ცალკეული ნაწილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაწილის ეროტიზაცია მოხდა (მაგალითად, წერის ან დაკვრის უნარის შეზღუდვა).
ობსესიური ნევროზით შეპყრობილი ადამიანისთვის, მისი მკაცრი სუპერეგოს (სინდისის) გამო, მოსალოდნელი წარმატებაც კი შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, ვინაიდან მას დაუმსახურებლად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, ხშირად ვხვდებით პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინჰიბიციებს, როგორიცაა საქმის გაჭიანურება, გადადება ან ერთ წრეზე ტრიალი.
დაბოლოს, როგორც ობსესიური ნევროზის, ისე პარანოიის დროს, სიმპტომების მიერ მიღებული ფორმები „მე“-სთვის განსაკუთრებით ფასეული ხდება, არა პრაქტიკული სარგებლის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნარცისულ დაკმაყოფილებას აძლევენ. ობსესიური ნევროზით შეპყრობილი ადამიანი ქმნის ისეთ სისტემებს, რომლებიც საკუთარი თავის სიყვარულს აძლიერებს — ის თავს სხვებზე უკეთესად გრძნობს, რადგან გამორჩეულია განსაკუთრებული სისუფთავით ან სინდისიერებით.
ობსესიური ნევროზის საბოლოო მიზანი, ფსიქოანალიზური თვალსაზრისით, ოიდიპოსის კომპლექსის ლიკვიდაციაა, ხოლო ეგოს წინააღმდეგობის მამოძრავებელი ძალა კასტრაციის შიშია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს შიში მხოლოდ ფობიების დროს ამოდის ზედაპირზე და აღიქმება ცნობიერად. ამის საფუძველზე, ბუნებრივად ჩნდება კითხვები:
რა ბედი ეწევა კასტრაციის შიშს დანარჩენ ორ ნევროზში (ისტერიასა და ობსესიურ ნევროზში)?
როგორ ახერხებს ეგო ამ შიშისგან თავის დაღწევას?
გარდა ამისა, რამდენად დარწმუნებულები ვართ, რომ კასტრაციის შიში არის განდევნის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა?
გამოყენებული ლიტერატურა:
Freud, S. Inhibition, symptom and anxiety, 1926
Freud, S. The Neuro-Psychoses of Defence, 1894
Freud, S. The Disposition to Obsessional Neurosis: A Contribution to the Problem of Choice of Neurosis, 1913
[1] ფროიდი თავის ბოლო ნაშრომებში, როგორიცაა "ინჰიბიცია, სიმპტომი და შფოთვა" (1926) ობსესიურ ნევროზს განიხილავს, როგორც ლიბიდოს განვითარების ფიქსაციის, რეგრესიის, ამბივალენტურობის და დაცვითი მექანიზმების შედეგს, სადაც წამყვანი როლი მკაცრ სუპერ-ეგოსა და არაცნობიერ ბრალის გრძნობას ენიჭება
[2] სუბიექტი ცდილობს შეაჩეროს ან გადაამუშაოს ოიდიპოსის კომპლექსის ლიბიდინალური მოთხოვნები, რათა თავი აარიდოს კასტრაციის საფრთხეს
[3] ფროიდი აღნიშნავს, რომ ეს ადრეული ეტაპი შესწავლის საგანია, მაგალითად ვიცით რომ ობსესიური სტრუქტურა შეიცავს ისტერიული სიმპტომების სუბსტრატს, თუმცა შემდეგ იგი სრულიად სხვაგვარად ფორმირდება.
[4] ფროიდი ფსიქოსექსუალური განვითარების ფაზებს შემდგომი თანმიმდევრობით გამოყოფს: ორალური, ანალური, ფალიკური, ლატენტური და გენიტალური ფაზა
[5] ფროიდი ხაზს უსვამდა ლიბიდოს განვითარების ანალურ-სადისტურ სტადიაზე ფიქსაციის მნიშვნელოვან როლს. ეს ფაზა (დაახლოებით 1-დან 3 წლამდე) დაკავშირებულია აგრესიასთან, კონტროლთან, სიჯიუტესთან და ობიექტის მიმართ ორმაგ (ამბივალენტურ) გრძნობებთან (სიყვარული/სიძულვილი).
[6] ამ ეტაპზე ბავშვი (ბიჭი - მამის მიმართ კონკურენცია დედის სიყვარულისთვის, გოგონა - დედის მიმართ კონკურენცია მამის სიყვარულისთვის) საბოლოოდ თრგუნავს თავის სექსუალურ და აგრესიულ ლტოლვებს საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ და იდენტიფიცირდება თავისივე სქესის მშობელთან.
[7] ოიდიპოსის კომპლექსის დაშლის შედეგად, საკუთარი სქესის მშობელთან იდენტიფიკაციის გზით, ყალიბდება სუპერეგო. ეს არის პიროვნების ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მორალურ ნორმებს, სინდისს, იდეალებსა და აკრძალვებს, რომლებიც ბავშვმა მშობლებისა და საზოგადოებისგან შეითვისა. ის ხდება შინაგანი კონტროლისა და თვითშეფასების ინსტანცია.
[8] იმისთვის რომ მოხდეს ბავშვის სოციალური ადაპტაცია და ქცევის რეგულირება
[9] მაგ. პირველი მოქმედება (აკვიატებული ბრძანება): პაციენტმა შეხედა ან შეეხო „ბინძურ“ საგანს (რის გამოც შფოთვა გაეზარდა). მეორე მოქმედება (გაუქმება/განეიტრალება): ის დაუყოვნებლივ იწყებს ხელების ხანგრძლივად და რიტუალურად ბანას, რათა „გააუქმოს“ ის შფოთვა და დანაშაული, რაც პირველმა მოქმედებამ გამოიწვია.
[10] ეს მექანიზმი დაკავშირებულია შეხების ტაბუსთან, რომ სუბიექტისთვის ყველანაირი გზა მოიჭრას შეხების, როგორც სასიყვარულო ისე აგრესიული მიზნით, იზოლაციის გზით ერთ აზრი ვეღარ დაუკავშირდება მეორეს ასოციაციური გზითაც კი.





Comments