top of page
Search

სუბიექტის დიალექტიკა: ალიენაცია, სეპარაცია და ობიექტი a ბრიუს ფინკის “ლაკანიანური სუბიექტის” მიხედვით

შესავალი:

სუბიექტის ჩამოყალიბების პროცესი და სიმბოლურ წესრიგში მისი ინტეგრაცია ფსიქოანალიზის ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს. რა სტრუქტურულ დანაკლისს გულისხმობს ენაში შესვლა და რა პირობებში ხდება სუბიექტის ჩართვა სოციალურ და კულტურულ ჯაჭვში? ჟაკ ლაკანის სუბიექტის თეორიის გააზრება ამ საკითხების და შესაბამისად, ორი საკვანძო ცნების - ალიენაციისა და სეპარაციის ღრმა ანალიზის გარეშე შეუძლებელია.


ნაშრომში „ლაკანიანური სუბიექტი“ (The Lacanian Subject), ბრუს ფინკი ახდენს ამ ოპერაციების სისტემატიზაციას და მათ ქრონოლოგიური განვითარების კონტექსტიდან გამოყოფს. ფინკის მიხედვით, სუბიექტივაცია არ დაიყვანება ბავშვობის კონკრეტულ ეპიზოდებამდე, არამედ წარმოადგენს მუდმივმოქმედ მექანიზმს, რომელიც სუბიექტის სტრუქტურას განსაზღვრავს. ამ ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს, თუ როგორ განმარტავს ავტორი სუბიექტის მიმართებას დიდ სხვასთან (the Big Other) და როგორ ბადებს ეს დიალექტიკა გაყოფილ სუბიექტსა ($) და ობიექტ a-ს.


1. ალიენაცია - Vel და იძულებითი არჩევანი

რა არის ის, რაც ყოველთვის წინ უსწრებს სუბიექტის დაბადებას? ლაკანისთვის სუბიექტი იბადება კონკრეტულ ენობრივ გარემოში, რომელიც სტრუქტურირებულია იმ აღმნიშვნელთა სისტემებით, რომლებიც სუბიექტის დაბადებამდე უკვე არსებობს. ენა ყოველთვის წინ უსწრებს სუბიექტის დაბადებას და მასში იმ დისკურსის მეშვეობით აღწევს, რომელიც დაბადებიდან გარს აკრავს ჩვილობისა და ბავშვობის ასაკში. სუბიექტს არ გააჩნია შესაძლებლობა აირჩიოს თუ როგორი იქნება მისი ენა, მისი გარემო, ფანტაზმები თუ სურვილები, ეს ყოველივე წინასწარი შეუქცევადი მოცემულობაა და მეტიც, ენის გარეშე არ იარსებებდა არც სურვილი და არც თავად სუბიექტი.


ლაკანისეული ალიენაციის[1] კონცეფციაში ორი ჩართული მხარეა - ბავშვი და დიდი სხვა, სადაც ბავშვი ფუნდამენტურად ასიმეტრიულ ურთიერთობაშია მასთან.  დიდი სხვა არის ენის, კულტურის და კანონის ყოვლისმომცველი წინასწარ არსებული სტრუქტურა, ბავშვი კი - პრელინგვისტური, მოთხოვნილებებით აღსავსე არსება. ამ ურთიერთობაში, სადაც ბავშვმა თავისი ბიოლოგიური არსებობა სიმბოლურ წესრიგს უნდა დაუქვემდებაროს, ის გარდაუვალად დამარცხებულია იმ გაგებით, რომ იძულებულია დათმოს თავისი მყოფობა (Being), რათა იქცეს სტრუქტურის ნაწილად. აქ აუცილებელია განვმარტოთ, თუ რას გულისხმობს ფინკი მყოფობაში: მყოფობა არ არის უბრალოდ ფიზიკური არსებობა, ეს არის სუბიექტის ენამდე, სიმბოლურ წესრიგამდე არსებული მდგომარეობა, ე.წ.” წმინდა სიცოცხლე”, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დანაწევრებული ენის მიერ. ეს არის ცოცხალი არსების (the living being) უშუალო კავშირი სხეულსა და შეგრძნებებთან, სანამ მას სიტყვა ჩაენაცვლებოდეს.


როგორც აღვნიშნეთ, ბავშვი წაგებულ ბრძოლაში მონაწილეობს, თუმცა ეს წაგება მისთვის მაინც პარადოქსულ ხასიათს ატარებს, რადგან ამ დამარცხების შედეგად ის იძენს რაღაცას, რაც აქამდე არ გააჩნდა - სუბიექტურობას. აქამდე ის იყო ბიოლოგიური ორგანიზმი, ახლა კი ხდება “მე”, ენის ერთ-ერთი სუბიექტი. როგორც ფინკი ამბობს: “ბავშვი უფლებას აძლევს აღმნიშვნელს, წარმოადგინოს ის”. სწორედ ეს არის ალიენაციის ბირთვი - ბავშვი ხდება კონკრეტული აღმნიშვნელის, სახელის მატარებელი, რომელიც მას ენობრივ სტრუქტურებში წარმოადგენს (represent him or her). ამ მომენტიდან ის ფუნქციონირებას იწყებს, როგორც გახლეჩილი, გაყოფილი სუბიექტი, რადგან ის სამუდამოდ გაუცხოებულია თავისი თავდაპირველი მყოფობისგან, და ამავდროულად, არ წარმოადგენს იმ აღმნიშვნელს,რომელიც მის სახელდებას ახდენს (ე.ი სუბიექტი არ არის იგივე, რაც მისი სახელი). შედეგად, ის ვეღარასდროს იქნება გამთლიანებული არსება, აღმნიშვნელი იწყებს მის ნაცვლად ლაპარაკს, მისი მყოფობა კი ენის სტრუქტურის მიღმაა დამარხული. თუმცა ფინკი აქვე მიუთითებს, რომ სულაც არ არის აუცილებელი ბავშვი ამ ბრძოლაში ბოლომდე დამარცხდეს და ის ამ დაუმარცხებლობის ფასს ფსიქოტური სტრუქტურით გადაიხდის. ფსიქოზი შეიძლება გავიგოთ, როგორც ბავშვის ბრძოლის გამარჯვება დიდ სხვასთან, როდესაც არ ემორჩილება მას, როგორც ენას. ფროიდი საუბრობს ნევროზულ არჩევანზე, ხოლო ლაკანი მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული სახის არჩევანი უკვე არსებობს ბავშვის თანხმობაშიც, როცა ის დიდ სხვას ემორჩილება, რაც თავისთავად ერთგვარი ოქსიმორონია, მაგრამ გადაწყვეტილების შედეგი, რომ არ დამორჩილდეს დიდ სხვას (აქ განვმარტოთ გაუთვიცნობიერებელი მკითხველისთვის, რომ დაემორჩილოს დიდ სხვას, ნიშნავს დაემორჩილოს ენასა და სიმბოლურ წესრიგს და არა მშობლის ტირანიასა და მორჩილებას), საკუთარი თავის დაკარგვას გულისხმობს, რადგან ის სუბიექტად ვერ შედგება. აქ არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად იძულებითია, მაინც არსებობს, რადგან შესაძლებელია სუბიექტურობაზე უარის თქმაც.


ალიენაციის კლასიკური ილუსტრაციაა მუქარა: „ფული ან სიცოცხლე!“. ეს არჩევანი მოჩვენებითია: თუ მსხვერპლი არჩევანს ფულის სასარგებლოდ გააკეთებს, ის კარგავს სიცოცხლეს და, შესაბამისად, ფულსაც, რადგან მკვდარს ფული არ სჭირდება. ამიტომ, ერთადერთი რაციონალური სვლა სიცოცხლის არჩევაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სახეზეა დანაკლისი, ადამიანი რჩება ცოცხალი, მაგრამ ფულის გარეშე. ამ ლოგიკით, სუბიექტივაციის პროცესში ბავშვი იძულებულია, დათმოს თავისი უშუალო მყოფობა, რათა შეინარჩუნოს ადგილი სიმბოლურ წესრიგში. მყოფობის არჩევა სუბიექტის გაქრობას ნიშნავს, ამიტომ ის ირჩევს ენას. ენაში შესვლით სუბიექტი იძენს არსებობას, თუმცა კარგავს თავის „ცოცხალ“ ნაწილს. სწორედ ამ ეგზისტენციალურ დაბადებას უსვამს ხაზს ფინკი, როდესაც წერს: „სუბიექტი არსებობს იმდენად, რამდენადაც სიტყვამ ის არარადან გამოსჭედა და მასზე საუბარი, თხრობა და მსჯელობა შეიძლება.“ (გვ. 51). ალიენაცია წარმოადგენს ოპერაციას, რომელიც ენაში წარმოქმნის ადგილს სუბიექტისთვის. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ პროცესამდე სუბიექტის არსებობის საკითხიც კი არ იდგა, ის არც არსებობდა. ალიენაცია ქმნის სტრუქტურულ ადგილს (მაგ, სახელის ან სტატუსის სახით), თუმცა ეს ადგილი პარადოქსულად ცარიელი რჩება. რატომ არის ეს ადგილი ცარიელი? იმიტომ, რომ აღმნიშვნელი (სიტყვა) ვერასდროს იტევს და ფარავს სუბიექტის ცოცხალ ყოფიერებას სრულად. ენაში შესვლისას ჩვენი მყოფობა გარეთ რჩება. შედეგად, სუბიექტი კი არ ავსებს ამ ადგილს რაიმე სუბსტანციით, არამედ თავად წარმოადგენს ამ სტრუქტურულ დანაკლისს. სუბიექტი არის ის სიცარიელე, რომელიც აღმნიშვნელმა ვერ დაიტია.


ლაკანის ნაშრომებში „ნაკლს“ (Lack) განსაკუთრებული, თითქმის ონტოლოგიური სტატუსი აქვს: ის წარმოადგენს პირველ ნაბიჯს არარადან ყოფიერებისკენ. როდესაც რაღაცას ცარიელს ვუწოდებთ, უკვე ვიყენებთ სივრცით მეტაფორას. ეს გულისხმობს იმას, რომ არსებობს ადგილი, რომელიც შეიძლებოდა სავსე ყოფილიყო; ანუ ადგილი არსებობს მიუხედავად იმისა, ის სავსეა თუ ცარიელი. ამ კონტექსტში ლაკანი ხშირად იყენებს ფრაზას: “qui manque à sa place” — „ის, რაც თავის ადგილას არ არის“, ან რაც ადგილს აცდენილია. აქ ფინკი უმნიშვნელოვანეს დეტალს უსვამს ხაზს: იმისათვის, რომ ნაკლმა იარსებოს, ის ჯერ უნდა იყოს ლოკალიზებული და ჰქონოდეს მიჩენილი ადგილი, ეს ადგილი კი მხოლოდ მოწესრიგებულ სისტემებში არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნაკლის ფენომენი მხოლოდ სიმბოლური სტრუქტურის ფარგლებშია შესაძლებელი. ალიენაციაც სწორედ ამას ხდის შესაძლებელს: ის ქმნის სტრუქტურულ ადგილს, რათა შემდგომში სუბიექტმა საკუთარი თავი ამ ადგილას არსებულ ნაკლად აღიქვას.


ალიენაციის პროცესის უფრო ღრმა გააზრებისთვის, ჟაკ-ალენ მილერი გვთავაზობს საინტერესო მათემატიკურ ანალოგიას. ის სუბიექტის სიმბოლურ დაბადებას ადარებს „ცარიელი სიმრავლის“ (empty set) თეორიას. მათემატიკაში ცარიელი სიმრავლე აღნიშნავს სიმრავლეს, რომელსაც არ გააჩნია ელემენტები, თუმცა, როგორც კი მას ვანიჭებთ სიმბოლოს {0}, ის „არარადან“ იქცევა „რაღაცად“. პარადოქსულია, მაგრამ „არაფერი“ დათვლილია როგორც „ერთი“. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული სიმრავლეთა თეორია: ათვლა იწყება ნულის, როგორც სიმბოლოს დაფუძნებით. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს სუბიექტის ფსიქიკურ სტრუქტურაშიც. ლაკანიანური სუბიექტი დაფუძნებულია სიცარიელის სახელდებაზე. როდესაც ბავშვი შედის ენაში და იღებს სახელს, ის არსებითად არარას (თავის ენამდელ, ქაოტურ ყოფას) აქცევს სტრუქტურირებულ „რაღაცად“. ფინკი ამ პროცესს აღმნიშვნელის “ონტოლოგიურ ძალაუფლებას“ უწოდებს. აღმნიშვნელი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ერთგვარად გამოსტაცებს არსებობას რეალურს, თუმცა, ეს ორმაგი ბუნების მატარებელი აქტია: იმისათვის, რომ აღმნიშვნელმა რაღაცას სახელი დაარქვას, მან ჯერ უნდა გააუქმოს ან მოკლას ამ საგნის უშუალო, მატერიალური რეალობა. ჰეგელისეული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სიტყვა „ყვავილი“ კლავს კონკრეტულ, მატერიალურ ყვავილს, რათა დაბადოს ყვავილის იდეა. ზუსტად ასევე, სუბიექტიც არის ენის მიერ გამოჭედილი ეფექტი. ის, რასაც ამ პროცესის შედეგად ვიღებთ, არ არის მატერიალური სუბსტანცია ან ბიოლოგიური მოცემულობა; ის არის მხოლოდ პოზიცია სტრუქტურაში - ადგილი, რომელიც სიცარიელის შემოხაზვით გაჩნდა.


სიმბოლურ წესრიგში სუბიექტის ადგილის დამჭერი ეს „ცარიელი სიმრავლე“ პირდაპირ კავშირშია სუბიექტის სახელთან. სახელი ხშირად ბავშვის დაბადებამდე დიდი ხნით ადრეა შერჩეული და სწორედ მისი მეშვეობით ხდება ბავშვის ინსკრიფცია სიმბოლურ ველში. ამ სახელს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სუბიექტთან; ის ისეთივე უცხოა მისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა აღმნიშვნელი, თუმცა დროთა განმავლობაში სწორედ ეს აღმნიშვნელი, შესაძლოა ნებისმიერ სხვაზე მეტად, გაიდგამს ფესვებს მის ყოფიერებაში და განუყოფლად დაუკავშირდება მის სუბიექტურობას. საბოლოოდ, სახელი იქცევა სუბიექტის არყოფნის (absence) აღმნიშვნლად, რადგან ის იკავებს სუბიექტის ადგილს და წარმოადგენს მას სოციალურ ჯაჭვში.


2. სურვილი და ნაკლი სეპარაციის დროს

სეპარაცია ალიენაციისგან რადიკალურად განსხვავებულ დინამიკას გვთავაზობს. თუ ალიენაცია სუბიექტს აიძულებს დათმოს თავისი მყოფობა დიდი სხვის სასარგებლოდ და სიმბოლურ წესრიგში ადგილს ამგვარად მოიპოვებს, სეპარაცია პირიქით - სწორედ ახალი ტიპის ყოფიერებას სთავაზობს სუბიექტს, თუმცა ის ხასიათდება როგორც უკიდურესად წარმავალი და მოუხელთებელი. ამ დროს სუბიექტის ყოფიერება წარმოიქმნება “გარედან”, ისეთი წყაროდან, რომელიც არც სუბიექტს ეკუთვნის და არც სხვას. ყოფიერება წარმოიქმნება იქ, სადაც ისინი ერთმანეთს კვეთენ. ფინკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სეპარაციის არსი მდგომარეობს ორი ნაკლის თანხვედრასა და გადაფარვაში (overlapping), მაგრამ ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი არ არის ნაკლის არარსებობაზე (Lack of Lack), რომელიც გულისხმობს ბავშვის სასიცოცხლო სივრცის სრულად ამოვსებას იმდენად, რომ დანაკლისის გაჩენა შეუძლებელი გახდეს. ლაკანი სწორედ ამ ვითარებას უკავშირებს შფოთვის გაჩენის მექანიზმს ფროიდისგან განსხვავებით, რომელიც თვლიდა, რომ ობიექტის არყოფნა იწვევდა ბავშვთან შფოთვას: “ბავშვისთვის შფოთვის მომგვრელი ის მომენტია, როდესაც ირღვევა ნაკლის შესაძლებლობა, როდესაც დედა მას მუდმივად „კისერზე აზის“ და სურვილის გაჩენისთვის აუცილებელ სიცარიელეს არ უტოვებს.“ (5 დეკემბერი, 1962).” სეპარაციის პროცესი სათავეს იღებს გადახაზული სხვისგან (Barred Other), ანუ მშობლისგან, რომელიც თავადაც გაყოფილია, ე.ი. მას ყოველთვის არ აქვს გაცნობიერებული თავისი სურვილები, რომლებიც თავის მხრივ ხშირად ორაზროვანი, წინააღმდეგობრივი და მუდმივად ცვალებადი ბუნებისაა. სწორედ მშობლის ამ ნაკლში პოულობს სუბიექტი საყრდენს. ალიენაციის გზით სუბიექტი თავისი მყოფობის ნაკლს (manque-à-être) ანთავსებს ზუსტად იმ ადგილას, სადაც სხვასაც აქვს ნაკლი. სეპარაციის დინამიკაში სუბიექტი ცდილობს შეავსოს სხვისი ნაკლი თავისი დანაკლისით - თავისი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი არსებობით. ის იკვლევს და ერთმანეთს უსადაგებს ამ ორ ნაკლს; ეძებს სხვისი ნაკლის ზუსტ საზღვრებსა და კონტურებს, რათა შეავსოს საკუთარი თავით. ამ პროცესში ბავშვი ეჭიდება არა მშობლის ნათქვამ სიტყვებს, არამედ იმას, რაც ამ სიტყვებში მისთვის დაფარული და გაუგებარია. ის ცდილობს წაიკითხოს სიტყვებს შორის, ინტერვალებს შორის აზრი, რათა უპასუხოს კითხვებს: ”რა სურს მას ჩემგან?, რისი თქმა სურს მას?, რატომ ამბობს ამას? ან რა სურს მას ზოგადად?”


ლაკანისთვის ბავშვის დაუსრულებელი კითხვები, რომლებიც იწყება სიტყვით - რატომ, არ გამომდინარეობს სამყაროს მოწყობის შესახებ არსებული დაუოკებელი ცნობისმოყვარეობიდან, არამედ ის მეტად ასახავს შფოთვას თავის ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ ცდილობს ამოავსოს თავისი არსებობით მშობლების სურვილი, დაიკავოს მთელი სივრცე, რადგან სურს იყოს ყველაფერი დედისთვის. ბავშვი გულდასმით სწავლობს დედის სურვილის ტოპოგრაფიას, რათა სრულად მოერგოს მის ყოველ ახირებასა თუ ფანტაზიას; დედის სურვილი მისთვის ბრძანება და მთავარი მოთხოვნაა. სწორედ ამ სრულ მორჩილებაში იბადება სუბიექტის სურვილი, რასაც ლაკანი თავისი ცნობილი მაქსიმით გამოხატავს: „Le désir de l'homme, c'est le désir de l'Autre“. ამ ფრაზის თარგმანი მრავალგვარია: „ადამიანის სურვილი სხვისი სურვილია“, „ადამიანს სურს ის, რაც სხვას სურს“. ეს ინტერპრეტაციები მართებულია, რადგან ადამიანი არა მხოლოდ იმას ისურვებს, რაც სხვას სურს, არამედ მას ისე სურს, როგორც სხვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სუბიექტის სურვილი სტრუქტურირებულია ზუსტად ისე, როგორც სხვისი სურვილი - ადამიანი სწავლობს თავის სურვილს ისე, თითქოს ის სხვის სურვილს სწავლობდეს. მიუხედავად ამისა, რა ძალისხმევაც არ უნდა გასწიოს ბავშვმა, დედას თითქმის ყოველთვის გააჩნია სხვა სურვილები და ინტერესები, შესაბამისად, მათი სურვილების აბსოლუტური თანხვედრის მცდელობა განუხორციელებელი მიზანია. ნევროტული სუბიექტისთვის ეს მარცხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ის ქმნის სივრცეს სურვილის ჩამოყალიბებისთვის.


სრულიად განსხვავებულ და დრამატულ დინამიკასთან გვაქვს საქმე ფსიქოზის დროს. ლაკანის მიხედვით, ფსიქოზი განპირობებულია ბავშვის მიერ პრიმორდიალური (პირველადი) აღმნიშვნელის ათვისების მარცხით. ეს არის ის ფუნდამენტური აღმნიშვნელი, რომელსაც ბავშვის სიმბოლური სამყაროს სტრუქტურირება ევალება. ამ ღუზის (anchoring point) გარეშე, სუბიექტი ჰგავს ნავს, რომელიც უკონტროლოდ დაცურავს. საყრდენი წერტილის არარსებობის გამო, მის ფსიქიკაში აღმნიშვნელები მუდმივად გადაადგილდებიან, რაც კლინიკურად ბოდვასა და ჰალუცინაციაში ვლინდება: ენა სუბიექტს კი არ ემორჩილება, არამედ რეალურში ბრუნდება და გარედან ესხმის თავს. იმისთვის, რომ პრიმორდიალური აღმნიშვნელი დაფუძნდეს, საჭიროა ოპერაცია, რომელსაც ლაკანი მამის მეტაფორას ან მამის ფუნქციას უწოდებს. მისი ფუნქცია კი სწორედ დედა-შვილის დუალური დიადის ერთიანობის რღვევაში ვლინდება, ის არის ე.წ. “მესამე ტერმინი”, რომელიც ამ დიადურ ურთიერთობაში იჭრება როგორც უცხო და არასასურველი ელემენტი. ამ ეტაპზე ბავშვი ჯერ კიდევ შეგრძნებების არადიფერენცირებული ერთობლიობაა; მას არ გააჩნია სენსო-მოტორული კოორდინაცია, არ გააჩნია მე-ს განცდა, ვერ მიჯნავს თავის თავს დედისგან და მასთან განუყოფელ ერთიანობაში იმყოფება. ამავდროულად, დედაც შესაძლოა მიდრეკილი იყოს, მთელი ყურადღება ბავშვს დაუთმოს, წინასწარ გამოიცნოს მისი სურვილი და იყოს ყოველთვის ხელმისაწვდომი. ასეთ მდგომარეობაში მამას, ან ოჯახის სხვა წევრს ეკისრება გადამწყვეტი როლი: შეასრულოს სიმბოლური მესამის ფუნქცია, რასაც ლაკანი მამისეულ მეტაფორას უწოდებს. მისი მიზანია დედასა და შვილს შორის დანაკლისის შექმნა. თუ ეს ინტერვენცია არ განხორციელდა და „მესამე ტერმინი“ ვერ დაფუძნდა, ბავშვი ფსიქოზის რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ლაკანი მესამე ტერმინს „მამის-სახელს“ (Name of the Father) უწოდებს. თუმცა მიუთითებს, რომ ეს ტერმინი არ არის გარდაუვალად დაკავშირებული არც ბიოლოგიურ მამასთან და არც მის საკუთარ სახელთან. მეოთხე სემინარში ლაკანი ამბობს, რომ ფროიდის ცნობილ შემთხვევაში - „პატარა ჰანსთან“ ერთადერთი აღმნიშვნელი, რომელსაც მამისეული ფუნქციის შესრულება შეეძლო, იყო ცხენი. ჰანსის შემთხვევაში, სწორედ ცხენი გვევლინება მამის-სახელად და არა მამის რეალური სახელი. სიმბოლურ ველში ის ანაცვლებს ჰანსის რეალურ მამას, რომელმაც ვერ შეძლო მამისეული ფუნქციის აღსრულება და ვერ მოახერხა შვილის დედისგან სეპარაცია.


დასკვნის სახით რომ შევაჯამოთ, სიმბოლური წესრიგი აუქმებს რეალურს და გარდაქმნის სოციალურად მისაღებ რეალობად. ამ პროცესში მამის ფუნქცია ყოფს დედა-შვილის არადიფერენცირებულ ერთიანობას, რაც ბავშვს აიძულებს ეძებოს სიამოვნების მიღების სხვა წყაროები, რადგან დედასთან წვდომის გზები უკვე ჩახერგილია. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მამის ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებს დედისა და შვილის კავშირის რღვევას, თუ ის დედისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს. ფროიდის მიხედვით რომ ვთქვათ, ეს პრინციპი შეესაბამება რეალობის პრინციპს, რომელიც არ ბლოკავს სიამოვნების მიღებას, არამედ გარდაქმნის მას სოციალურად მისაღებ ფორმად. ამ ეტაპზე პრიმორდიალურ აღმნიშვნელს ჯერ კიდევ არ გააჩნია სრულყოფილი აღმნიშვნელის სტატუსი, რადგან ის ჯერ კიდევ ფიქსირებული და უძრავია და რადგანაც ლაკანისთვის დედის სურვილი ბავშვთვის პოტენციური საფრთხეა, მე -17-ე სემინარში სწორედ ამ საშიშროებაზე საუბრობს: “ დედის როლი მისი სურვილით განისაზღვრება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი სურვილი არ არის ისეთი რამ, რასაც გულგრილად შეხედავთ, თითქოს ეს თქვენთვის სულ ერთი იყოს. მას ყოველთვის პრობლემებამდე მივყავართ. დედა დიდი ნიანგია, თქვენ კი მის ხახაში ხართ. არასოდეს იცით, რამ შეიძლება მოულოდნელად აამოქმედოს ის და ეს ყბები დაიხუროს. აი, ეს არის დედის სურვილი. ვცდილობდი ამეხსნა, რომ არსებობს რაღაც დამაიმედებელი... არსებობს ქვისგან გაკეთებული საგანი (roller), რომელიც პოტენციურად იქ არის, ხაფანგის დონეზე და რომელიც აკავებს და ღიად ტოვებს ყბებს. სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვეფალოსს. ეს არის საგანი, რომელიც გიცავთ, რათა ყბები უცებ არ დაიხუროს.“ (გვ. 129).“ აქვე უნდა გვახსოვდეს ერთი ლინგვისტური ნიუანსი: ფრანგული ფრაზა - désir de la mère, რომელსაც ჩვენ „დედის სურვილად“ ვთარგმნით, ნამდვილად ორაზროვანია. ის მიგვანიშნებს როგორც ბავშვის სურვილზე დედის მიმართ, ასევე დედის სურვილზე ბავშვისადმი. თუმცა, რომელ ასპექტზეც არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, მთავარი აზრი უცვლელია: სიმბოლური წესრიგი, ე.ი. მამის კანონით სტრუქტურირებული ენა იცავს ბავშვს პოტენციურად საშიში დიადური შთანთქმისგან. მექანიზმი, რომლითაც ეს აქტი ხორციელდება არის დედის სურვილის მამის სახელით ჩანაცვლება. იმისათვის, რომ ამ ელემენტმა, რომელიც დედის სურვილს ანაცვლებს, სრულფასოვანი აღმნიშვნელის ფუნქცია შეიძინოს, საჭიროა რომ ჩაერთოს აღმნიშვნელთა დიალექტიკურ მოძრაობაში, ანუ გახდეს წანაცვლებადი და დაიკავოს ისეთი პოზიცია, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება სხვადასხვა აღმნიშვნელთა შინაარსით შეივსოს. იმისთვის, რომ ჩანაცვლება განხორციელდეს, აუცილებელია გამოჩნდეს მეორე აღმნიშვნელი - S2, ე.ი. სხვისი სურვილის აღმნიშვნელი. სწორედ მისი გამოჩენა ხდის შესაძლებელს რომ გარდაიქმნას დედის სურვილი. S2 რეტროაქტიულად ანიჭებს დედის სურვილს სიმბოლურ მნიშვნელობას და პირველად აღმნიშვნელად - S1-ად გადააქცევს. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ მაგალითი: “ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა დედა გადის სახლიდან და ტოვებს ბავშვს. როგორც ვთქვით, ბავშვი დედისგან გამოცალკევებული არ არის, ამიტომ ის შფოთავს: “რატომ მტოვებს? აღარ ვუყვარვარ? სამუდამოდ წავიდა?” დედის ქმედება მისთვის ტრავმულია, სახელი არ გააჩნია. ამ დროს ოთახში შემოდის სხვა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დედა სამსახურში წავიდა. დედის სამსახური აქ არის S2, რომელიც რეტროაქტიულად ანიჭებს მნიშვნელობას ბავშვის მდგომარეობას - S1-ს, რითიც დედის გაუგებარი, საშიში ქმედება გადაიქცევა სიმბოლოდ, რომლის მოხელთებაც ბავშვს უკვე შეუძლია ენაში; მაგ. ის დაიწყებს თამაშს, სადაც თავის თოჯინას ეტყვის, რომ ისიც სამსახურში მიდის. ე.ი. სიმბოლომ შეცვალა ბავშვის განცდები, შიში და შფოთვა ჩაანაცვლა სტრუქტურირებულმა ფაქტმა, რომ დედა მუშაობს და მას აღარ ეშინია, რომ დედას ის არ უყვარს. ასევე, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიმბოლიზაცია მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ თავად დედა (ან მზრუნველი) აღიარებს მამის სახელის (სამსახურის/კანონის) ავტორიტეტს. კლინიკურ პრაქტიკაში ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ბავშვი ვერ მშვიდდება სიტყვებით და დედის წასვლა მისთვის კატასტროფის ტოლფასია. ხშირად ამის მიზეზი ის არის, რომ თავად დედის დამოკიდებულებაა ორაზროვანი: ის ამბობს - უნდა წავიდე, მაგრამ მისი შფოთვა და დანაშაულის განცდა ბავშვს საპირისპიროს ეუბნება. ასეთ დროს სიტყვა (S2) კარგავს თავის წონას, ვერ ახერხებს ტრავმის გადაფარვას და ბავშვი რჩება დაუცველი რეალური განშორების წინაშე. სიმბოლო მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა მას სუბიექტი სერიოზულად აღიქვამს.


1960 - იანი წლებიდან ლაკანი S2 აღმნიშვნელს მოიხსენიებს როგორც “ნაკლის აღმნიშვნელს სხვაში” და გამოსახავს ფორმულით: S/A. რადგან ლაკანთან ნაკლი და სურვილი თანაფარდობითია - ერთი და იმავე რეალობის ორი მხარეა, ეს ფორმულა ნიშნავს „სხვისი სურვილის აღმნიშვნელსაც“. ეს არის ის გადამწყვეტი სიმბოლო, რომელიც ადასტურებს, რომ სხვა არ არის ყოვლისმომცველი, ღვთაებრივი ფიგურა; პირიქით,ეს იმას ნიშნავს, რომ მასაც გააჩნია ნაკლი და მასაც აქვს სურვილი, რომელიც ახლა უკვე სიმბოლიზირებულია. სწორედ ეს ცოდნა, რომ სხვა არ არის სრულყოფილი, ათავისუფლებს სუბიექტს მისი ტოტალური გავლენისგან. ჩანაცვლების ოპერაციის (მამის მეტაფორის) შედეგია სუბიექტის გამოჩენა. თუ მანამდე ის სიმბოლურ ველში მხოლოდ პოტენციალს, უბრალო „ადგილის დამჭერს“ წარმოადგენდა, რომელიც შევსებას ელოდა, ახლა ის უკვე მსურველ სუბიექტად ყალიბდება. სეპარაციას მივყავართ სუბიექტის დიდი სხვისგან განდევნამდე. გამარტივებული სახით, ეს შეიძლება დავუკავშიროთ ფროიდის ხედვას ოიდიპოსის კომპლექსთან დაკავშირებით, სადაც მამის მხრიდან კასტრაციის მუქარა - „თავი დაანებე დედას, თორემ!..“ საბოლოოდ იწვევს ბავშვის მოწყვეტას დედისგან. ამ სცენარში ბავშვი გარკვეული აზრით, გაგდებულია დიდი სხვის ველიდან. ეს მომენტი ფუნდამენტურია ლაკანთან, რადგან სწორედ აქ ხდება ყველა გადამწყვეტი ელემენტის: S1-ის, S2-ის, $-ის, a-ის ერთდროული წარმოქმნა. მართალია, ამ პროცესის ქრონოლოგიური იზოლირება რთულია, რადგან ის ინდივიდის ისტორიაში ბევრჯერ მეორდება, თუმცა ლოგიკური სტრუქტურა ნათელია: როგორც კი S2 ყალიბდება და შემოდის სცენაზე, ის რეტროაქტიულად განსაზღვრავს S1-ს; ამ ორი აღმნიშვნელის შეხვედრის შედეგად კი „ილექება“ გადახაზული სუბიექტი $, ხოლო სხვისი სურვილი იძენს ახალ როლს და იქცევა სურვილის მიზეზად - ობიექტ a-დ.


3. ობიექტი a და დიდი სხვის სურვილი

სუბიექტის სურვილი იბადება არა იქ, სადაც ყველაფერი ნათელია, არამედ იქ, სადაც ჩნდება გამოცანა. ბავშვი აწყდება დედის სურვილის გაუშიფრავ ნაწილს, რასაც ლაკანი „X ცვლადს“ უწოდებს. ეს არის კითხვა: „დედა მიყურებს, მელაპარაკება, მაგრამ რა დგას ამის მიღმა?“. სწორედ დედის სურვილის ეს ენიგმატური ნაწილი იქცევა ბავშვის სურვილის ძრავად. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედას ყურადღება გადააქვს სხვაგან, ის ხვდება, რომ დედა სრულყოფილი არ არის. სწორედ ეს წართმეული ყურადღება ხდება ის სატყუარა, რომელიც ბავშვს აიძულებს, ჩაერთოს სურვილის თამაშში. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვისთვის ყველაზე სასურველი არის არა დედა, არამედ ის, რომ დედას გააჩნია სურვილი. ბავშვი მოჯადოებულია იმ ფაქტით, რომ დედას რაღაც სურს, რომ მასში არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მზრუნველი მშობელი. ამ ფენომენის ასახსნელად ფინკი იშველიებს ლაკანის კომენტარს პლატონის „ნადიმიდან“. ლაკანი საუბრობს ალკიბიადეს სოკრატეთი გატაცებაზე - ალკიბიადე მოხიბლული იყო არა სოკრატეს გარეგნობით, რომელიც სიმპათიურ კაცად ნამდვილად არ ითვლებოდა, არამედ მასში არსებული რაღაც კონკრეტულით, რასაც პლატონი “agalma” -ს უწოდებს. ეს არის უხეშ გარსში დამალული ძვირფასი, პრიალა, მოელვარე განძი.ლაკანის ინტერპრეტაციით აგალმა სხვა არაფერია, თუ არა თავად სოკრატეს სურვილი. ალკიბიადეს იზიდავდა სოკრატეს მსურველობა, მისი დანაკლისი. სწორედ ეს მეტაფორა გვაძლევს გასაღებს იმის გასაგებად, რასაც ლაკანი ობიექტ a-ს უწოდებს. ბავშვისთვის დედის სურვილი არის სწორედ ის აგალმა - იდუმალი, მოელვარე ობიექტი, რომელიც სურვილის მიზეზად გვევლინება. დედის სურვილის დამოუკიდებლობა აჩენს ბზარს (rift)  დედასა და შვილს შორის, სიცარიელეს, სადაც მისი სურვილი ბავშვისთვის მიუწვდომელი, უნიკალური გზით ფუნქციონირებს. სეპარაციის ეს განმარტება ამტკიცებს, რომ დედა-შვილის სიმბიოზში ბზარი გამოწვეულია თავად სურვილის ბუნებით და რომ სწორედ ამ ბზარს მივყავართ ობიექტი a-ს გამოვლენამდე. აქ ობიექტი a შეიძლება გავიგოთ როგორც ნარჩენი, რომელიც ამ ერთიანობის დარღვევის შედეგად წარმოიქმნება, როგორც დაკარგული ერთობის უკანასკნელი კვალი და შეხსენება. სწორედ ამ ნარჩენზე ჩაბღაუჭებით ახერხებს დიდი სხვისგან განდევნილი, გახლეჩილი სუბიექტი შეინარჩუნოს მთლიანობის ილუზია და დროებით უგულებელყოს საკუთარი დაყოფა. ეს არის ზუსტად ის, რასაც ლაკანი გულისხმობს ფანტაზმში და რასაც ის გამოსახავს მათემით: $a (სადაც $ არის გაყოფილი სუბიექტი და მისი მიმართება ობიექტ a-სთან). სწორედ ობიექტ a-სთან ამ რთულ, მრავალშრიან მიმართებაში აღწევს სუბიექტი მთლიანობის, სისრულისა და კეთილდღეობის ფანტაზმატურ განცდას.


ანალიზის პროცესში, როდესაც ანალიზანდი თავის ფანტაზმებს უზიარებს ანალიტიკოსს, ის სინამდვილეში აწვდის გასაღებს იმის შესახებ, თუ როგორ არის სტრუქტურირებული მისი სურვილი. ფანტაზმი არ არის ქაოსური ოცნება; ეს არის მკაცრად გაწერილი სცენარი, სადაც სუბიექტი აფიქსირებს თავის პოზიციას ობიექტ a-სთან მიმართებით. ფანტაზმის ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ საშიში ობიექტი - სხვისი სურვილი მოათვინიეროს და ფანტაზმურ სცენარში ობიექტი a იქცევა ერთგვარ ინსტრუმენტად, რომლის კონტროლიც შეუძლია. აქ სუბიექტი გვევლინება როგორც რეჟისორი, რომელიც დგამს მიზანსცენას, სადაც ალაგებს ობიექტებს, ანაწილებს როლებს და განსაზღვრავს მოქმედების თანმიმდევრობას ისე, რომ საბოლოო შედეგი იყოს გარანტირებული აგზნება. თუ რეალურ ცხოვრებაში სხვისი სურვილი მოულოდნელობებითაა სავსე, ფანტაზმატურ სცენაზე სუბიექტი მანიპულირებს ამ სურვილით ისე, რომ ამით სიამოვნებას მიაღწიოს. სწორედ აქ ვეჯახებით სუბიექტური გამოცდილების ფუნდამენტურ პარადოქსს: ის, რაც სუბიექტთან ყველაზე მეტად იწვევს აგზნებას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სასიამოვნოა ჰედონისტური გაგებით, პირიქით, სხვის სურვილთან თამაში ხშირად ზიზღსა და ძრწოლასთან არის წილნაყარი. ლაკანი ამ სპეციფიკურ, მტკივნეულ აღგზნებას ტკბობას (Jouissance) უწოდებს, რაც რადიკალურად განსხვავდება მარტივი სიამოვნებისგან. ტკბობა არის ზღვარგადასული აგზნება, რომელიც სუბიექტისთვის ერთდროულად მიმზიდველიცაა და აუტანელიც. ამის კლასიკური მაგალითია ფროიდის ცნობილი შემთხვევიდან ნაწყვეტი - “კაცი ვირთხებით”, სადაც ფროიდი მის სახეზე ამოიკითხავს რაღაცას, როგორც თავზარდაცემას საკუთარი სიამოვნების გამო, რომლის შესახებაც თავადაც არ უწყის (SE X, გვ. 167), რის საფუძველზეც აცხადებს, რომ „პაციენტები იღებენ გარკვეულ კმაყოფილებას საკუთარი ტანჯვისგან“ (გვ. 183). ფანტაზმის ფუნქცია სწორედ ამ საშიში და ამბივალენტური ენერგიის მართვაა. ფანტაზმი არ არის ბედნიერი სცენარი; ეს არის სივრცე, სადაც სუბიექტი „დგამს“ (ახდენს ინსცენირებას) საკუთარ ტკბობას, იქნება ეს სექსუალური აგზნება, ძალადობა თუ მზერა.


ამრიგად, ტკბობა გვევლინება იმ ინსტანციად, რომელიც ანაცვლებს დედა-შვილის დაკარგულ ერთობას, თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ ერთობას შესაძლოა არც არასდროს უარსებია სრულყოფილი ფორმით. ის არსებობდა მხოლოდ ბავშვის სუბიექტურობის მსხვერპლად შეწირვისა და სრული დაქსაქსულობის ფასად. ფინკი მიჯნავს ჟუისანსის 2 მხარეს: პირველადი ტკბობა (J1) - ეს არის ტკბობა ასომდე[2] (Jouissance before the letter), ანუ სიმბოლური წესრიგის დამკვიდრებამდე არსებული მდგომარეობა. ის შეესაბამება დედასა და შვილს შორის უშუალო, რეალურ კავშირს, რომელიც შემდგომში უქმდება და იშლება მამისეული ფუნქციის შედეგად და მეორადი ტკბობა (J2) - ეს არის ტკბობა ასოს შემდეგ. მას შემდეგ, რაც რეალური კავშირი დაიკარგა, მისი მცირე ნაწილი, მისი ნარჩენი ხელახლა მოიპოვება ფანტაზმში. ეს არის ტკბობა, რომელიც მიიღება სიმბოლიზაციის შედეგად ობიექტ a-სთან მიმართებით. მეორე რიგის ტკბობა, J2 იკავებს იმ დაკარგული მთლიანობისა და სისრულის ადგილს, რომელიც სუბიექტს ენაში შესვლამდე ჰქონდა. ფანტაზმი, რომელიც ამ ტკბობის ინსცენირებას ახდენს, სუბიექტს ალიენაციის მიღმა გაიყვანს და მყოფობის განცდას ანიჭებს. აქ უნდა გავავლოთ ფუნდამენტური ზღვარი: მაშინ, როდესაც არსებობა (Existence) სუბიექტს მინიჭებული აქვს მხოლოდ სიმბოლური წესრიგის მეშვეობით (რადგან ალიენაცია მას ადგილს მიუჩენს ენაში), მყოფობა მიეწოდება მხოლოდ რეალურზე ჩაჭიდებით - ანუ ფანტაზმის გზით.


დასკვნა:

წინამდებარე ნაშრომში განხილული ალიენაციისა და სეპარაციის ოპერაციები ფინკის ინტერპრეტაციით წარმოადგენს არა სუბიექტის განვითარების უბრალო ქრონოლოგიურ ეტაპებს, არამედ იმ ფუნდამენტურ ლოგიკურ მატრიცას, სადაც სუბიექტურობა იწრთობა. ანალიზმა ცხადყო, რომ სუბიექტად გახდომა არ არის ბუნებრივი მოცემულობა; ეს არის დრამატული აქტი, რომელიც ორ ურთიერთსაპირისპირო, თუმცა ურთიერთშემავსებელ ძალას ეფუძნება. ალიენაციის ეტაპზე ვნახეთ სუბიექტის ტრაგიკული ბედი იძულებითი არჩევანის წინაშე, როცა ის თმობს თავის უშუალო, ცოცხალ მყოფობას, რათა მოიპოვოს არსებობა სიმბოლურ წესრიგში. ენა, რომელიც სუბიექტს სიკვდილისგან იცავს, ამავდროულად კლავს მას, აქცევს რა გაუცხოებულ, გადახაზულ ($) არსებად, რომელიც სრულად დამოკიდებულია დიდი სხვის აღმნიშვნელებზე. მიუხედავად ამისა, სუბიექტის სტრუქტურა ვერ დასრულდება მხოლოდ სხვის ველში გაუჩინარებით. სეპარაცია გვევლინება როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის მანევრი, სადაც სუბიექტი პირისპირ ხვდება დედის ნაკლს და სვამს ფუნდამენტურ კითხვას: „რა სურს მას?“. სწორედ აქ, ორი ნაკლის თანაკვეთის წერტილში, შემოდის მამის მეტაფორა, „მესამე ტერმინი“, რომელიც ანეიტრალებს დედის სურვილისმშთანმთქმელ ბუნებას და მას სიმბოლური კანონით ანაცვლებს. ეს ოპერაცია სუბიექტს აძლევს საშუალებას თავი დააღწიოს ფსიქოტურ სტრუქტურას და სხვისი ტკბობის ობიექტიდან საკუთარი სურვილის მქონე სუბიექტად იქცეს. საბოლოოდ, ამ რთული დიალექტიკის პროდუქტი არის არა მთლიანი, ჰარმონიული პიროვნება, არამედ სუბიექტი, რომელიც ფლობს ნარჩენს, ობიექტ a-ს. ეს ობიექტი, როგორც დაკარგული რეალური კავშირის უკანასკნელი კვალი, ხდება სურვილის მიზეზი და ფანტაზმის ღერძი. თუ ალიენაციამ მოგვანიჭა სოციალური არსებობა, სწორედ ფანტაზმში დალექილი ობიექტი a გვაძლევს საშუალებას, დავიბრუნოთ ჩვენი მყოფობის მცირე, მაგრამ აუცილებელი ნაწილი.


ამრიგად, ნათელია, რომ სუბიექტად ყოფნის აუცილებელი პირობა და ერთადერთი გზა, რომლითაც სურვილი ფუნქციონირებას ახერხებს არის სუბიექტის დაყოფა და ნაკლი.



   [1]  ტერმინი ალიენაცია მომდინარეობს ლათინური ენიდან (alienus), რაც ნიშნავს უცხოს, სხვას. ინგლ. Alienation, ფრანგ. Aliénation, ქართულად ითარგმნება, როგორც გაუცხოება, გასხვისება, სხვაში დანთქმა; ხოლო ფსიქიკური კაუზალობის თვალსაზრისით, ალიენაციას ვიყენებთ, როგორც ტერმინს, რომელიც აღნიშნავს სუბიექტის მიერ საკუთარი თავის დათმობას „დიდი სხვის“ სასარგებლოდ.(ავტ.შენიშ.)

[2] ტერმინი „ასო“ (ფრანგ. Lettre; ინგლ. Letter) გამოყენებულია ლაკანიანური მნიშვნელობით და გულისხმობს არა ანბანის გრაფიკულნიშანს, არამედ ზოგადად ენობრივ სტრუქტურას, აღმნიშვნელის მატერიალურ მხარესა და კანონს. შესაბამისად, ფრაზა „ტკბობაასომდე“ აღნიშნავს სუბიექტის მდგომარეობას მანამ, სანამ ის ენისა და სიმბოლური წესრიგის გავლენის ქვეშ მოექცევა.



გამოყენებული ლიტერატურა:

1. Fink, B. (1995). The Lacanian Subject: Between Language and Jouissance. Princeton, NJ: Princeton University Press. (თავი 5: "The Subject and the Other’s Desire"). 2. Lacan, J. (1998). The Seminar of Jacques Lacan, Book XI: The Four Fundamental Concepts of Psychoanalysis (A. Sheridan, Trans.). New York: W. W. Norton & Company. (ალიენაცია და სეპარაცია).

3. Lacan, J. (2014). The Seminar of Jacques Lacan, Book X: Anxiety (A. R. Price, Trans.). Cambridge: Polity Press. (შფოთვა და დედის სურვილი).

4. Lacan, J. (2007). The Seminar of Jacques Lacan, Book XVII: The Other Side of Psychoanalysis (R. Grigg, Trans.). New York: W. W. Norton & Company. (დედა-ნიანგის მეტაფორა).

5. Lacan, J. (2015). The Seminar of Jacques Lacan, Book VIII: Transference (B. Fink, Trans.). Cambridge: Polity Press.

6. Freud, S. (1909). Notes upon a Case of Obsessional Neurosis (The "Rat Man"). In The Standard Edition of the Complete Psychological Works of Sigmund Freud (Vol. X). London: Hogarth Press.

 
 
 

Comments


bottom of page