top of page
Search

ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა

სტატია განიხილავს ჟაკ ალენ მილერის მოსაზრებას[1] ინტერპრეტაციის სირთულესთან დაკავშირებით ლაკანის ბოლო სწავლებებში რეალურის კონცეპტის პრობლემატიზაციიდან გამომდინარე.


ანალიზის მიზანი

ფსიქოანალიზი რეალობაა, თავისი მოთხოვნიდან, პროფესიიდან და ადამიანის ტანჯვიდან გამომდინარე, და სანამ ეს არსებობს ამას ეჭქვეშ არავინ აყენებს, რასაც ვერ ვიტყვით ფსიქოანალიტიკური კონცეპტების ეჭქვეშ დაყენების ფაქტზე, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი. ფსიქოანალიზის ნამდვილი არსი ამ ფუნდამენტური კონცეპტების გაყოლაშია და არა ბაზრისთვის ფეხის აწყობაში. მაგრამ მეორეს მხრივ ეს „ბაზარი“, რომელიც ლიბერალური წყობის პირმშოა, ქმნის შესაძლებელს ფსიქოანალიზის არსებობის, გამომდინარე იქიდან რომ სხვა სახის არალიბერალურ ბაზრებზე მაგ. კომუნისტურ წყობებში და მსგავსი ავტოკრატული მმართველობის პირობებში ფსიქოანალიზი ფეხს ვერ იკიდებს, იდევნება ან საერთოდ იკრძალება.


მილერის მოხსენების სათაური საწყისებთან დაბრუნებაა, ფუნდამენტურ ცნებებთან, რითიც ოპერირებს ფსიქოანალიტიკოსი. პრაქტიკა ემყარება ინდივიდს და პაციენტის ინდივიდუალურ ფსიქიკურ ტანჯვას, რომლის მოთხოვნაცაა გათავისუფლდეს ამ ტანჯვისგან თერაპიული გზით, მაგრამ ნაცვლად ამისა პროცესი მიმდინარეობს ძიების კუთხით, რაც გულისხმობს ჭეშმარიტი სურვილის აღმოჩენას, მიზანია არა გაგება, არამედ სურვილის მოძრაობის დაჭერა. პაციენტისთვის ფსიქოანალიტიკური გამოცდილება მიმდინარეობს "ლაქლაქის ნაკადით". ანალიზის ბოლო გვაძლებს არყოფნას (désêtre), რადიკალურ ცვლილებას, აღარ ვართ ის რაც ვიყავით. სურვილი ნეიტრალდება და გამოფხიზლებული რჩები (détrompé). ამრიგად, ანალიზის "საბოლოო სიტყვა" არის არა უბრალო არყოფნა, რომელმაც ყველაფერი გააუქმა, არამედ არყოფნა, როგორც გასუფთავებული პოზიცია, საიდანაც სუბიექტს შეუძლია დაიწყოს რაღაც ახალი, უკვე ცრუ არსებობისგან თავისუფალი (détrompé) პოზიციიდან.


აღმოსავლურ სიბრძნეებში სიცარიელის, არარას შეცნობა უმაღლეს ჭეშმარიტებად ითვლება. სიბრძნე უტოლდება რეალურის (le Réel), სიკვდილისა და არსებობის სიცარიელის აღიარებას. "შენ ხარ სიკვდილისთვის" - ეს არის მონოტონური, ფუნდამენტური ინტერპრეტაცია, რომელიც ანალიტიკურ პროცესში, სხვადასხვა ფორმით, საბოლოო ჭეშმარიტებისკენ (სიკვდილის სუბიექტივაციისკენ) მიუთითებს. ინტერპრეტაცია კეთდება მკვდარი (განთავისუფლებული საკუთარი "მე"-ს ვნებებისგან, სურვილებისგან, განსჯისგან), ობიექტური პოზიციიდან.

როდესაც ანალიზი წარმატებით დასრულდება და სუბიექტი გათავისუფლდება თავისი ფუნდამენტური „ნაკლისგან“ (manque-à-être), ანალიტიკოსის ფუნქციაც სრულდება.


ინტერპრეტაციის პრობლემა

ლაკანის მიხედვით, ჭარბი ტკბობა (Jouissance) არის რეალური (le Réel) და არ შეიძლება სრულად იყოს წარმოჩენილი სიმბოლური ენის საშუალებით (რომელიც ფსიქოანალიზის ინსტრუმენტია). აქედან გამომდინარე, ლტოლვა (pulsion) და ტკბობა „გამორიცხულია“ სიმბოლური ველისგან.


წარმოსახვითი (ეგო, სარკისებური იდენტიფიკაციები) აფერხებს სიმბოლურს და ქმნის ბზარს, რომელშიც ლტოლვისა და ტკბობის ელემენტები ილექება. ეს ბზარი არის მთავარი ადგილი, სადაც ანალიტიკური ინტერპრეტაცია უნდა განხორციელდეს.

სიმპტომი ააქტიურებს ინტერპრეტაციას, ვინაიდან ის სიმბოლურ გზავნილს წარმოადგენს.


ლაკანის მიზანი იყო ფსიქიკის ირაციონალური ასპექტები (ფანტაზმი, ლტოლვა) გადაეტანა წმინდა სიმბოლური (ენობრივი) სტრუქტურის სფეროში. ფანტაზმი იდეალური მაგალითია ორი რეგისტრის გადაკვეთისა, რადგან ის ერთდროულად სიმბოლურიცაა და წარმოსახვითიც. სიმბოლურია გამომდინარე იქიდან, რომ აქვს წინადადების სტრუქტურა, სადაც გადახაზული სუბიექტი არის სიმბოლური სუბიექტი, რომელიც ენის (სიმბოლურის) გავლენით არის მოწყვეტილი საკუთარ თავს და არასდროს არის სრულად წარმოდგენილი. წარმოსახვითია, რადგან შეიცავს ობიექტ a-ს (objet a) - დაკარგული ობიექტის სურათს, რომელიც წარმოუდგენელია, მაგრამ ამავე დროს, ფანტაზმის ბირთვს წარმოადგენს, რომელიც არის დაკარგული ტკბობის ობიექტი. იგი ლაკანის ფანტაზმის ფორმულაში გამოსახულია, როგორც "დახრილი პატარა a" ან "პატარა a-ს სახე" იმის ხაზგასასმელად, რომ ამ კონტექსტში ის წარმოსახვითი სურათის ფუნქციასაც ასრულებს, თუმცა თავად ობიექტი a ლაკანთან სამივე რეგისტრში გვხვდება.


თანდათანობით, კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ფანტაზმი (სადაც სიმბოლური სუბიექტი და ობიექტი a ერთმანეთს ხვდება) არის ყველაზე არსებითი ადგილი სუბიექტის ჭეშმარიტების საპოვნელად. საბოლოოდ, ანალიზის მთელი მიმდინარეობა ფანტაზმის ლოგიკით აიხსნება – ანალიზი მიდის არა მხოლოდ სიმპტომის ამოხსნისკენ, არამედ ფუნდამენტური ფანტაზმის გადაკვეთისკენ (traversée du fantasme).


ლაკანის გვიანდელ პერიოდში ობიექტი a (ფანტაზმის ბირთვი, რომელიც წინა ფრაგმენტებში იყო წარმოსახვითი ელემენტი) განიხილება, როგორც რეალური (le Réel) – ის, რაც ენის მიერ ვერასდროს იქნება სრულად აღბეჭდილი. თუ ტკბობა არის რეალური, მაშინ სიმბოლური (ენა, სოციალური ნორმები) და წარმოსახვითი (ეგო, იდენტიფიკაციები) განიხილება როგორც სოციალური მოჩვენებები/ფორმალიზაციები, რომლებიც არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ დაარეგულირონ ან დაფარონ რეალური ტკბობა. მოჩვენებები (კულტურული სტრუქტურები, ენა) აუცილებელია იმისთვის, რომ სუბიექტმა საერთოდ შეძლოს ტკბობის განცდა ან მასთან დაკავშირება.


ლაკანის გვიანდელი, რადიკალური ცნება სინტომი არის ფანტაზმის ახალი ფორმა, რომელიც აღარ არის მხოლოდ სიმბოლური გზავნილი (როგორც ადრეული სიმპტომი), არამედ არის სიმბოლური, წარმოსახვითი და რეალური რეგისტრების შეკავშირება (კვანძი). ფანტაზმი შთანთქავს სიმპტომს ე.ი. ანალიზის საბოლოო მიზანი აღარ არის მხოლოდ ენობრივი სიმპტომის ამოხსნა, არამედ იმ ფუნდამენტურ სტრუქტურაზე მუშაობა, რომელიც აერთიანებს სუბიექტის ჭეშმარიტებას (სიმბოლური), მის იდენტობას (წარმოსახვითი) და მის ტკბობას (რეალური).


ლაკანის უგვიანესი თეორიის (განსაკუთრებით ბორომეულ კვანძთან მუშაობის) მიხედვით, სამივე რეგისტრი (რეალური, სიმბოლური, წარმოსახვითი) არსებობის თანაბარ სტატუსს იძენს; არც ერთი არ არის მეორეზე მნიშვნელოვანი ან უპირატესი. ეს არის მისი თეორიის ფუნდამენტური ცვლილება (ადრეულ პერიოდში სიმბოლური რეგისტრი უპირატესობას ფლობდა წარმოსახვითზე).


ეს "ტრანსფორმაცია" გულისხმობს თეორიის ცვლილებას, სადაც:

თავდაპირველად სიმბოლური (ენა, სიმპტომი) დომინირებდა. შემდეგ მოხდა „გადატრიალება“ (bascule), რამაც ფანტაზმი (როგორც სიმბოლურისა და წარმოსახვითის გადაკვეთა) და ტკბობის რეალური ასპექტი წინა პლანზე წამოწია. საბოლოოდ, სამი რეგისტრი (რეალური, სიმბოლური, წარმოსახვითი) ონტოლოგიურ თანასწორობას მიაღწია.


ლაკანის ადრეულ პერიოდში ინტერპრეტაცია მარტივი იყო: სიმპტომი განიხილებოდა, როგორც დაშიფრული ენა (შეტყობინება), რომელსაც ანალიტიკოსი უბრალოდ „თარგმნიდა“ (რაც სიმარტივეს გულისხმობდა). გვიანდელ პერიოდში, ტკბობის რეალური ასპექტის გამო, ინტერპრეტაცია ვეღარ ხერხდება მხოლოდ ენის წესებით.


ამ კონტექსტში, ინტერპრეტაცია, ფაქტობრივად, არის ინტერსუბიექტური მეტყველება, რომელიც მიდის სუბიექტიდან სუბიექტთან. ინტერსუბიექტური მოდელის მიხედვით, ანალიზის მიზანი იყო საერთო „ჩვენ“-ის შექმნა, სადაც ანალიტიკოსი და ანალიზანტი ერთმანეთს სუბიექტებად აღიარებენ. ინტერპრეტაცია გარდაქმნის სუბიექტს: მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი გზავნილის შინაარსზე კეთდება, საბოლოო მიზანი მაინც სუბიექტის ეგზისტენციური პოზიციის შეცვლაა.


“სუბიექტი აღსანიშნის ადგილზეა“ (ფრანგ. Le sujet est à la place du signifié) ეს არის ლაკანის მთავარი ფორმულა. თუკი ინტერპრეტაცია მუშაობს აღმნიშვნელით (signifiant), და ამ აღმნიშვნელით სუბიექტი იცვლება, მაშინ სუბიექტი თავად არის შინაარსი, რომელიც ამ აღმნიშვნელებმა გამოიწვიეს. სუბიექტი არ არის „მთქმელი“; ის არის ნათქვამის შედეგი (Sujet... un effet de signifiant) კლასიკური ლაკანისეული პოზიციაა, სადაც აღმნიშვნელი (მნიშვნელობის მიმცემი ენაში) ქმნის სუბიექტს.


თუ სუბიექტი ენაა, მაშინ ანალიტიკოსის ამოცანაა, უბრალოდ ჩაერიოს ენაში (მნიშვნელობის მიმცემში) - გამოიყენოს ორაზროვნება, შეწყვიტოს სესია, შეცვალოს სინტაქსი. ეს ცვლილება ავტომატურად იწვევს სუბიექტის ცვლილებას, რადგან სუბიექტი მისი შედეგია. ამიტომაცაა, რომ ინტერპრეტაციის პრაქტიკა ამ დოქტრინაში მარტივი და ეფექტური ჩანს.


თუ სუბიექტს გავუტოლებთ ნათქვამის შედეგს, მაშინ ინტერპრეტაცია მარტივია. მაგრამ აქ შემოდის პრობლემა: თუ ლაკანის გვიანდელი თეორიის მიხედვით, სუბიექტი განისაზღვრება აგრეთვე ლტოლვით და ტკბობით, და თუ ობიექტი a არის რეალური ნარჩენი (რაც არ ექვემდებარება ენას), მაშინ ენობრივი ინტერპრეტაცია (რომელიც სიმბოლურზეა დაფუძნებული) ვეღარ შეძლებს ამ რეალურის (le Réel) გარდაქმნას ან მასზე გავლენის მოხდენას. ეს რეალური ნარჩენი (objet a/Jouissance) ხდება შეუღწევადი ენისთვის და, შესაბამისად, ინტერპრეტაციის წინაღობა.


ფანტაზმის ფორმულა გვიჩვენებს, რომ სუბიექტის სრული განსაზღვრისთვის საჭიროა ობიექტი a-ც.


ზემოთქმულიდან გამომდინარე მილერს შემოაქვს პოზიცია "Adieu au signifiant" ("მშვიდობით აღმნიშვნელს"). ეს პოზიცია მიუთითებს ჟაკ-ალენ მილერის რადიკალურ პოზიციაზე ლაკანის გვიანდელი თეორიის ინტერპრეტაციაში. ლაკანის ადრეული პერიოდის ცენტრალური კონცეფცია, აღმნიშვნელი (ენა), ეჭვქვეშ დგება და რელატივიზირდება რეალურის (Jouissance) სასარგებლოდ. მილერის მოხსენებებში სათაურები, როგორიცაა „მშვიდობით აღმნიშვნელს“ და „ინტერპრეტაციის სიკვდილი“, ემსახურება აუდიტორიის „შოკირებას“ და აიძულებს მათ, დატოვონ „კონცეპტუალური კერპები“ და დაფიქრდნენ იმის შესახებ, რომ ლაკანისეული ცნებები (მათ შორის „აღმნიშვნელი“) აღარ არის „მოსახერხებელი დივანი“ (იგულისხმება კონცეპტების ბრმად გამოყენება), რომელშიც ანალიტიკოსი თავის კაბინეტში კომფორტულად მოთავსდება.

 


[1] 1995 წლის 22 ნოემბრის კურსის ფარგლებში სახელწოდებით „საწყისებთან დაბრუნება (ფრან. LA FUITE DU SENS)“

 
 
 

Comments


bottom of page