პერვერსიის ზოგადი მიმოხილვა
- ანკო პირველი

- Dec 27, 2025
- 9 min read
Updated: Dec 29, 2025
ტერმინი „პერვერსია“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან pervertere, რაც ნიშნავს „გადაბრუნებას, შებრუნებას”. 1798 წელს პინელი[1]იყენებს ტერმინს „მორალური სიგიჟე“ (folie morale) იმის აღსანიშნავად, რასაც ჩვენ დღეს პერვერსიას ვუწოდებთ, ხოლო 1835 წელს პრიტჩარდი[2] იყენებს ტერმინს „მორალური შეურაცხადობა“ (moral insanity). ეს ტერმინი პირველად საფრანგეთში ამჟამინდელი ფსიქოლოგიური მნიშვნელობით 1882 წელს გამოჩნდა შარკოსა და მაგნანის[3]ნაშრომში სახელწოდებით „გენიტალური გრძნობის ინვერსია და სექსუალური პერვერსიები“[4] რაც კონკრეტულად ფეტიშისტური პერვერსიების შემთხვევებს ეხებოდა. კრაფტ-ებინგი 1886 წელს შეკრებს და დააკლასიფიცირებს თავის «Psychopathia sexualis»-ში, სადაც მათ მიაწერს დეგენერაციული ფორმის არსებობას — სხვა სიტყვებით, მემკვიდრეობით ნევროლოგიურ დარღვევას, რომელიც სექსუალურ სფეროში ვლინდება და რომლის მიმართაც სუბიექტი რეალურად ვერ არის პასუხისმგებელი. უშუალოდ ტერმინი „სექსუალური პერვერსია“ მე-19 საუკუნის ბოლოს ფსიქიატრებმა შემოიღეს, რაც აღნიშნავს სექსუალური პრაქტიკის განსაკუთრებულ, უჩვეულო ფორმას, რომელიც ამასთანავე უკიდურესად მრავალფეროვან ფორმებს იღებს. მე-19 საუკუნის მიწურულს კი ფროიდი იწყებს მუშაობას სექსუალობის საკითხებზე და 1905 წელს გამოიცემა მისი ფუნდამენტური ნაშრომი - „სამი ესსე სექსუალური თეორიების შესახებ“, რაც წარმოადგენს ლიბიდოს, ლტოლვის, პარციალური ლტოლვების, ეროგენული ზონების, სუბლიმაციის, ფიქსაციის, რეგრესიის და პერვერსიის შესახებ ძირითად კონცეპტუალურ წვლილს.
ფროიდი უარყოფს იმ დროისთვის გავრცელებულ შეხედულებას, რომ პერვერსია წარმოადგენს დეგენერაციის ან კონსტიტუციური დეფექტის შედეგს. იგი მათ წარმოშობას ბავშვობაში, ფსიქოსექსუალური განვითარების დონეზე ეძებს. ფროიდი სექსოლოგების მიერ აღწერილ გადახრებს განიხილავს ნორმასთან, ანუ “ნორმალურ“ სექსუალობასთან მათი მიმართების კუთხით. ამის საფუძველზე მას შემოაქვს შემდეგი განსხვავება: პერვერსია შეიძლება იყოს გადახრა სექსუალურ ობიექტთან მიმართებაში, (ვისკენ არის მიმართული ლტოლვა) ან გადახრა სექსუალურ მიზანთან დაკავშირებით (რა გზით ხდება დაკმაყოფილება), სადაც სექსუალური ლტოლვა სხვადასხვა კომპონენტებად იშლება; ამ კომპონენტებს იგი პარციალურ ლტოლვებს უწოდებს. პარციალურ ლტოლვებს სექსუალური აგზნების წყაროდ აქვთ ეროგენული ზონა, რის შედეგადაც პერვერსიები ეფუძნება ინფანტილური წარმოშობის ერთი პარციალური ლტოლვის დომინაციას. პარციალური ლტოლვები ხშირად საპირისპირო წყვილებში ჩნდება, ყველა აქტიურ პერვერსიას თან ახლავს მისიპასიური შესატყვისი; არაცნობიერში ეგზიბიციონისტი ასევე ვუაიერისტია, სადისტი - მაზოხისტი და ა.შ.
ფროიდი ინფანტილური ეროგენული ზონების ადრეული როლის აღმოჩენის საფუძველზე საუბრობს ბავშვში პოლიმორფული პერვერსიის პრედისპოზიციის არსებობაზე. ეს ნიშნავს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის სხეულის სხვადასხვა ნაწილი განსაკუთრებულად მგრძნობიარეა ეროტიზაციის მიმართ და სექსუალობა ჯერ არ არის დაქვემდებარებული გენიტალურ ორგანიზაციას. ტერმინი „პოლიმორფული“ უსვამს ხაზს ეროგენული ზონების მრავალფეროვნებას. ამ კონცეფციის მიხედვით, ზრდასრულის პერვერსია შეიძლება განიმარტოს როგორც ინფანტილური სექსუალობის რომელიმე პარციალური კომპონენტის ფიქსაცია განვითარების ადრეულ ეტაპზე. თუმცა ფროიდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ ნიშნავს ბავშვის „პერვერტობას“ ზრდასრულის გაგებით: ინფანტილური პერვერსიული პოლიმორფული წინასწარგანწყობა წარმოადგენს ნორმალურ, ადრეულ ფაზას ფსიქოსექსუალური განვითარების გზაზე. განსხვავებით ამისგან, ზრდასრულის პერვერსია არის ორგანიზებული ქცევა, სადაც გენიტალური სექსუალობის ხარჯზე ხდება პარციალური დაკმაყოფილება განსაკუთრებული ობიექტების ან პირობების მოთხოვნით.
ადამიანის სექსუალობის კვლევისას ფროიდი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლიბიდო თავის ბუნებითა და კანონზომიერებით მასკულინურია— იქნება ის გამოვლენილი კაცში თუ ქალში, და მიუხედავად იმისა, ვინ არის მისი ობიექტი — კაცი თუ ქალი. იგი შემდეგ დააკონკრეტებს: „არსებობს მხოლოდერთი ლიბიდო, რომელიც სექსუალური ფუნქციის სამსახურშია, ჩვენ არ შეგვიძლია მას სქესი მივაკუთვნოთ”[5] –ფროიდისთვის ბისექსუალობის ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და თუ ბისექსუალობის გათვალისწინება არ მოხდება, კაცსა და ქალში სექსუალური გამოვლინებების გაგება თითქმის შეუძლებელი იქნება. ფროიდი ასევე გვაჩვენებს არა მხოლოდ ზრდასრულის სექსუალობის ინფანტილურ ფესვებს, არამედ — უფრო რადიკალურად — ადამიანის სექსუალობის „ინფანტილურობას“.
ფროიდის განაცხადებს „ნევროზი წარმოადგენს პერვერსიის ნეგატივს“, რაც ნიშნავს, რომ ნევროზში პერვერსიული მისწრაფებები განდევნილია და სიმპტომების სახით ბრუნდება, მაშინ როცა პერვერსიაში განდევნა არ მუშაობს იმავე ფორმით: ლტოლვა ორგანიზდება აქტში ან რიტუალში და არა სიმპტომში.
არსებობს სამი დიდი კონცეფცია, რომლებიც ფროიდმა გამოყო როგორც პერვერსიის სპეციფიკური ნიშნები: რეალობის უარყოფა (სქესთა შორის განსხვავება), კასტრაციის უარყოფა და ეგოს ხლეჩა.
საკვანძო მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სახის უარყოფა იგულისხმება პერვერსიების შემთხვევაში: თუ ფსიქოზის დროს საქმე გვაქვს რეალობის სრულ უარყოფასთან, პერვერსიის შემთხვევაში ადგილი აქვს იმპლიციტურ უარყოფას — une dénégation implicite — რომლის აღსანიშნად ფროიდი იყენებს ტერმინს Verleugnung, ხოლო ფრანგულ ენაში ამგვარი უარყოფა აღინიშნება ტერმინით le désaveu.
Le désaveu (ქართულად იმპლიციტური დენეგაცია ან უარყოფა) არ ვლინდება აშკარა დისკურსში: ის არ ითქმის პირდაპირ. მაგალითად პერვერტმა თან იცის, რომ დედას არ აქვს პენისი, მაგრამ ამასთანავე უარყოფს ამას და ქმნის დედის პენისის აღმნიშვნელ ფეტიშისტურ ობიექტს.
ფროიდის შემდეგ პერვერსიის ცნებამ მნიშვნელოვანი თეორიული განვითარება განიცადა და აღარ მოიაზრება მისი მხოლოდ „კლასიკური“ განსაზღვრებით. შედეგად, პერვერსია თანდათან განიხილება არა მხოლოდ კონკრეტული სექსუალური პრაქტიკების ჭრილში, არამედ როგორც უფრო ფართო ფსიქიკური ორგანიზაციისა და ლიბიდინალური ფუნქციონირების ფორმა. ამგვარმა განვითარებამ, ცხადია, პერვერსიის ცნებაზე აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა, მაგალითად - რ. სტოლერი (1975) ცნებას ზღუდავს და პერვერსიაში ხედავს „სიძულვილის ეროტიკულ ფორმას“ დატერმინის გამოყენებას მხოლოდ პათოლოგიურ შემთხვევებს უკავშირებს; ჟ. მაკდუგალი (1978) მასხშირად ეთანხმება და უფრო გავრცელებულ გამოვლინებებში პერვერსიის ნაცვლად „ნეოსექსუალობის“ ტერმინს ამჯობინებს; მაშინ როდესაც ჟ. შასეგე-სმირგელი (1984), პირიქით, ცდილობს აჩვენოს მისი ყოვლისმომცველობა როგორც კლინიკაში, ასევე კულტურაში. სხვები კიდევ უფრო შორს მიდიან და თავად ცნებას უარყოფენ: ი. ბარანდე მიიჩნევს, რომ ტერმინი „პერვერსია“ არ უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტული ერთეულის აღსანიშნავად, რადგან იგი შეესაბამებ ასურვილის იმ განზომილებას, რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა. ჟერარდ ბონე ეწინააღმდეგება ასეთ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ დღევანდელობაში პროცესი კიდევ უფროშორს წავიდა, რადგან ტერმინი „პერვერსია“ საერთოდ გაქრა საერთაშორისო კლასიფიკაციებიდან.
ლაკანიანური ინსპირაციის მქონე მკვლევარებმა პერვერსია განიხილეს როგორც სტრუქტურა,ნევროზისა და ფსიქოზის გვერდით. 1967 წლის უმნიშვნელოვანეს ნაშრომში - «Le désir et la perversion » გ. როზოლატო, პ. ოლანიე, ფ. პერიედა ჟ. კლავრელი პერვერსიაში გამოყოფენ რიგ სპეციფიკურ პროცესებს, მათ შორის კასტრაციის უარყოფას, ეგოს ხლეჩას, კანონისა და იდეალების გამოწვევას. პ. ოლანიე აქ საუბრობს პერვერსიულ ქალზე, რომლისთვისაც პერვერსია არის სიამოვნების ერთადერთი შესაძლო წყარო. საპირისპიროდ, რამდენიმე წლის შემდეგ ვ. გრანოფი და ფ. პერიე (1979) ამტკიცებენ: ფემინური პერვერსია, მკაცრი მნიშვნელობით, არ არსებობს. ისინი ამ დებულებას ამყარებენ ფალოსთან[6]მიმართებაში, როგორც ჟ. ლაკანი იაზრებს; ამ კვლევებში და მათ შემდგომ განვითარებებში პერვერსია არა მხოლოდ ინარჩუნებს იმ ადგილს, რომელიც მას ფროიდმა მიანიჭა, არამედ შეესაბამება ზუსტ სტრუქტურას.
პერვერსია, პერვერსიული სტრუქტურის ცნების წყალობით, სცილდება აღწერითი ნოზოლოგიის მიერ მისთვის მინიჭებულ ვიწრო ჩარჩოს და წარმოადგენს სტრუქტურირებულ მთლიანობას - აღნიშნავს ჟან კლავრელი. გარდა ამისა, ფსიქიატრიული ნოზოლოგიის თვალსაზრისით, საინტერესო ხდება პერვერსიის განსაზღვრა არა იმდენად სექსუალურ პრაქტიკებთან (რომელიც ნორმალურადაც ჩაითვლებოდა), არამედ სხვა ლიბიდინალური ორგანიზაციებთან მიმართებით, როგორიცაა ნევროტული და ფსიქოტური სტრუქტურები.
პერვერტის დამოკიდებულება კანონის მიმართ განსაკუთრებით ბევრს გვეუბნება - ის არათუ უგუვებელყოფს მას - როგორც ზოგჯერ ამტკიცებენ, სუპერეგოს რაიმე ნაკლოვანების მტკიცებით - არამედ, პროვოცირებს და გამოწვევას უცხადებს კანონს. ამით პერვერტი უზრუნველყოფს მის არსებობას და იმას, რომ ყოველთვის აღმოჩნდება ვინმე, ვინც მას კანონის შესახებ შეახსენებს (თუნდაც ამას მოჰყვეს სანქციები…) ამგვარად, იგი მხარს უჭერს კანონის არსებობას, რომლის სიმტკიცის გამოცდის შესაძლებლობა მას არასოდეს ჰქონია — განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რაც კანონის წყაროდ გვევლინება: სქესთა შორის განსხვავება და ინცესტის აკრძალვა. მაგრამ პერვერტი თუ გამოწვევას უცხადებს იმას, ვინც დგას საზოგადოების საკანონმდებლო აპარატის მიღმა, ვინც წარმოადგენს კანონის ოჯახისეულ საყრდენს -ანუ მამას, მაშინ ის ასევე დაინტერესებულია ნებისმიერი კანონის საფუძვლების დამკვიდრებით და ხდება მორალისტი. სადი[7] არის მქადაგებელი და ყოველი პერვერტი სიამოვნებით აღმოაჩენს განმანათლებლის და ინიციატორის მოწოდებას. იგივე ლოგიკით, „ღირებულებების“ გადახედვა მას უბიძგებს განაახლოს კოლექტიურად აღქმული რეალობა და მისი რეინტერპრეტაცია მოახდინოს პოეტური, ხან მხატვრული და ხანაც მისტიკური ტრანსფიგურაციის გზით. ამიტომ ამგვარი სფეროს გარკვეული საქმიანობები განსაკუთრებით იზიდავს პერვერტებს, რომლებიც უმეტესად ამ დარგებში ბრწყინვალედ იჩენენ თავს.
კლავრელი ასევე აღნიშნავს პერვერსიაში ტკბობის მიერ დაკავებულ გამორჩეულ ადგილს, რომელსაც ზოგჯერ კომპულსიურად ეძებენ არა როგორც თვითმიზანს, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ პერვერტისთვის იგი წარმოადგენს ექსტრემალურ გამოცდილებას, ამ პროცესში სხეული, სქესთა შორის განსხვავების უარყოფის (Verleugnung) გზით, მოთავსებულია სიამოვნებასა და სიკვდილს შორის ორმაგ ურთიერთობაში, რაც წარმოშობს მაგალითად მაზოხიზმის პრობლემატიკას.
ჩარლზ მელმანი აღნიშნავს, რომ პერვერსიას ადგილი აქვს ყოველ ჯერზე, როდესაც ფალოსური ინსტანცია გამოყენებულია ისე როგორც ობიექტი, შეტანილი და მანიპულირებული რეალობის ველში. რადგან თუ ფალოსური ინსტანცია არის ის, რაც ამოქმედებს და ინარჩუნებს მეტონიმიურ[8] კურსს შეუძლებელის მიღწევისკენ, მათ შორის ყველაზე დამაკმაყოფილებელ სექსუალურ აქტშიც კი, პერვერსიის შემთხვევაში ამ დეფიციტის აღდგენისა და მკურნალობის ოპერაცია თითქოს შესაძლებელია რეალობის ველში უფრო დამაკმაყოფილებელი ტკბობის მატარებელი ობიექტის შეყვანით. რა არის ეს ობიექტი, რომელიც ასე შეიძლება შევიდეს რეალობის ველში? რა თქმა უნდაეს არის მამაკაცის ორგანო, მაგრამ იმ დისპოზიციით, რომ იგი რეალობის ველში უკვე აღარ შეიყვანება როგორც დანაკარგს მიმსგავსებული (semblent), არამედ როგორც მეტ ტკბობასთან (plus-de-jouir) გაიგივებული, ანუ ის რაც ფანტაზმის ქმედებით უნდა დაკარგულიყო და დაშორებულიყო თავდაპირველ ტკბობას, რეალობის ველში შეყვანილია როგორც შეუდარებელი ტკბობის მომტანი ობიექტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მელმანი აღწერს რომ პერვერსიის ეკონომიაში სუბიექტი ცდილობს ფალოსური დანაკარგის (კასტრაციის შედეგის) კომპენსირებას, რისთვისაც რეალობაში აწარმოებს სრული ტკბობის მომტან ობიექტს. ასეთი ჩამნაცვლებელი (substitute) ობიექტი წარმოადგენს პერვერსიის ეკონიმიის ბირთვს, ანუ იქმნება ისეთი ობიექტი, არ განიცდის სიმბოლურ ნაკლს, უნდა იყოს ყოველთვის ახლოს - სუბიექტი მუდმივად ამოწმებს, არის თუ არა ობიექტი კვლავ იქ. ანალოგიური ინვესტიციის საგანი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სხვა ობიექტიც, რომელსაც თავისი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით (და უკვე ნაკლებად წარმოსახვითი მექანიზმებით) შეუძლია დაძაბულობის სედაცია და ერთგვარი დამშვიდება, მაგალითად ალკოჰოლი, ნარკოტიკი დანებისმიერმა სხვა ნივთიერება. თანამედროვე რეალობაში ასეთი ობიექტის როლის შესრულება ასევე სოციალურ ქსელებსაც შეუძლია.
ჟან-პიერ ლებრანის აზრით, ფროიდის მიერ ნაჩვენები პოლიმორფული პერვერსია ყოველთვის არ ქრება ბავშვობის დასრულებასთან ერთად, არამედ განაგრძობს არსებობას ზრდასრულ ასაკშიც, აყალიბებს და ორგანიზებს სუბიექტის არსებობის წესს. სწორედ ამ ფენომენს ის უწოდებს „ჩვეულებრივ პერვერსიას“. ამასთანავე, ჟან-პიერ ლებრანი სვამს კითხვას, ხომ არ ჩნდება პერვერსიის კიდევ ერთი ფორმა პერვერსია ნორმის გარეთ, და არა უბრალოდ ნორმის წინააღმდეგ მიმართული.
ავტორს მოყავს ფროიდის სიტყვები კონფერენციიდან „შესავალი ფსიქოანალიზში“, რომელიც მან წაიკითხა 1915-1917 წლებში: „თუ ჩვენ ვერ ვიგებთ სექსუალობის ამ პათოლოგიურ კონფიგურაციებს და თუ ვერ შევძლებთ მათ მიკუთვნებას ნორმალურ სექსუალურ ცხოვრებასთან, მაშინ ჩვენ ვერც ნორმალურ სექსუალობასაც გავიგებთ“. და აღნიშნავს რომ ფროიდის ამ სიტყვებით პერვერსიული სექსუალობა შორს არის არანორმალურობისგან და ავლენს სექსუალობის ჭეშმარიტებას. სწორედ ამიტომ, ფროიდმა თავს უფლება მისცა და თქვა რომ ბავშვი პოლიმორფული პერვერტია! ამით მან არა მხოლოდ აჩვენა, რომ სექსუალობა უკვე არსებობს ბავშვში, არამედ უპირველეს ყოვლისა ის, რომ ეს თავად სექსუალობის ბუნებას წარმოადგენს. სექსუალობა კვალიფიცირდება, როგორც პერვერსიული მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ცდება გამრავლებისადმი დაქვემდებარებას; და შემდეგ ლებრანი დააკავშირებს ერთმანეთთან თანამედროვე რეალობას და პროკრეაციისადმი დაქვემდებარების ერთი შეხედვით მოძველებულ მიდგომას:
"დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა სექსუალური ტკბობის, როგორც თანდაყოლილი უფლების მიჩნევა თავისი ინდივიდუალობის შესაბამისად და აღარ არის გამრავლებაზე დამოკიდებული. ამ ევოლუციის შედეგი ლოგიკურია: გუშინდელი პერვერსია მოძველდა, ან მეტიც - საერთოდ გაქრა, რადგან ფროიდის მიხედვით, მას განსაზღვრავდა პროკრეაციული საჭიროებებისადმი მისი დაქვემდებარება. აი, ალბათ ამიტომაც მიგვაჩნია დღეს სრულიად ნორმალურად, რომ თითოეულმა ადამიანმა სექსუალური დაკმაყოფილება ისე მოიპოვოს, როგორც სურს – იმ მარტივი პირობით, რომ მის მიერ შერჩეული პარტნიორი თანხმობას აცხადებს. როგორც ამბობენ ხოლმე: ოღონდ ზიანი არავის უნდა მიადგეს! არგუმენტი რამდენადაც გადამწყვეტი, იმდენადვე მცდარია, რადგან აქედან იწყება ის, რომ პერვერსია თითქოს აღარ უნდა არსებობდეს და სწორედ ამ პოზიციას იზიარებენ ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პერვერსია აღარ არის ჩვენი სამყაროს ნაწილი.
მაგრამ რაც ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი დარჩა, არის ის, რომ პროკრეაციაზე დამორჩილების მოთხოვნა წარმოადგენდა სხვა, უფრო ფუნდამენტური მოთხოვნის ფორმულირების გზას — მოთხოვნისა, რომელიც დღესაც ძალაში რჩება: კოლექტივის პრიორიტეტი ინდივიდზე, ვინაიდან კოლექტივის გადარჩენა და მისი უწყვეტობის უზრუნველყოფა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი ამ კუთხით არ განვითარებულა; პირიქით, მან ინდივიდის დომინირება დააკანონა, რის შედეგადაც მოხდა გადატრიალება, რაც ჩვენი ეპოქის ნიშანია: თუ გუშინ სოციალური პრობლემა მიზეზად გვევლინებოდა, დღეს იგი მხოლოდ შედეგად შეიძლება იქცეს.
სინამდვილეში, ფროიდის მიერ პროკრეაციის მოთხოვნებთან დაქვემდებარების აუცილებლობაზე ხაზგასმა წარმოადგენდა იმდროინდელ ფორმულირებას იმის შესახსენებლად, რომ აუცილებელი იყო უარის თქმა პარციალურ ლტოლვებზე და ავტოეროტიზმზე, რათა შესაძლებელი გამხდარიყო ლიბიდოს კოლექტივის სამსახურში ჩადგომა. ამისათვის ინდივიდმა უნდა გაიაროს იერარქიული პროცესი — წესრიგისა და კანონისადმი დამორჩილება — ანუ გენიტალურ პრიმატს დაქვემდებარება".
ჟერარდ ბონე შემდეგნაირად ეხმიანება თანამედროვეობის კლინიკას: "ის თვალსაჩინო აღორძინება, რომელსაც XXI საუკუნის დასაწყისში ვაკვირდებით, არსებითად განსხვავებულ ხასიათს ატარებს. ერთი მხრივ, პერვერსია გვევლინება უფრო უწყინარ, ჩვეულებრივ, ესთეტიზირებულ ფორმებში — იმ მრავალფეროვანი თვითგამოხატვის შესაძლებლობების წყალობით, რომელსაც „განთავისუფლებულად“ მიჩნეული თანამედროვე საზოგადოება გვთავაზობს; მეორე მხრივ კი, იგი უკავშირდება უკიდურესად მძიმე დანაშაულებს — გაუპატიურებას, ინცესტს, პედოფილიას და სხვა. სექსუალური პერვერსიების პირველი გავრცელება ხშირად განიხილებოდა მოქმედი პურიტანიზმისადმი რეაქციად. დღეს კი ჩნდება კითხვა: რას უნდა მივაწეროთ მათი თანამედროვე აფეთქება — ზედმეტ ლიბერალიზმს თუ ორიენტირების ნაკლებობას?"
უნდა ვილაპარაკოთ თუ არა პერვერსიაზე ფსიქოტიკებთან, ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებით?
როდესაც პერვერსია გამოვლინდება ინდივიდში, რომელიც უკვე აღიარებულია როგორც დეფიციტური, ინტელექტუალურად შეზღუდული, ან ფსიქოზის (მაგალითად, მანიის, შიზოფრენიის) ჩარჩოში, მას სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა ენიჭება.
ბავშვთან მიმართებით კი, პერვერსიაზე საუბარი იშვიათად არის მართებული. უმეტესად საქმეგ ვაქვს მის პირველად ლტოლვით მოძრაობებთან, რომლებიც ზრდასრულთა პერვერსიების მსგავსია, მაგრამ იგივე მნიშვნელობა არ აქვთ.
რაც შეეხება მოზარდობის პერიოდს, ჟერარდ ბონეს შემოაქვს ტერმინი „ტრანზიციული პერვერსია“, ანუ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები, რომლებიც, მიუხედავად მათი აშკარა გამოხატულებისა, ხშირად არ მიიჩნევა პერვერსიად. ისევე როგორც ბავშვობის პოლიმორფულ პერვერსიას, ტრანზიციულ პერვერსიასაც შეუძლია ბევრი რამ გვასწავლოს პერვერსიების წარმოშობასა და მათი ჩამოყალიბების მექანიზმებზე, რადგან ის გვაძლევს შესაძლებლობას ჩავწვდეთ პერვერსიის შემქმნელ პროცესებს მათ ცოცხალ და მოძრავ მოდალობაში.
[1] Philippe Pinel (1745–1826) იყო ფრანგი ექიმი, რომელსაც ხშირად უწოდებენ თანამედროვე ფსიქიატრიის მამას. მან ფსიქიატრიულ პაციენტებს ჯაჭვები მოაშორა Bicêtre-ისა და Salpêtrière-ის კლინიკებში და ამით დაუდო სათავე ფსიქიკური ავადმყოფების ჰუმანური მოპყრობის ეპოქას.
[2] James Cowles Pritchard (1786–1848) ინგლისელი ექიმი
[3] ჟან-მარტენ შარკო (ნევროლოგი) და ვალენტინ მაგნანი (ფსიქიატრი) ) მე-19 საუკუნის საფრანგეთის მედიცინის ორიგამორჩეული ფიგურა. ისინი ცნობილნი იყვნენ ნერვული სისტემის, ჰისტერიისა და განსაკუთრებით კი „დეგენერაციის“ და„სექსუალური ინვერსიის“ გაგების შესახებ განხორციელებული კვლევებითა და თანამშრომლობით.
[4] « Inversion du sens génital et autres perversions sexuelles »
[5] Freud 1933, «Nouvelles conférences d’introduction à la psychanalyse» – „ფსიქოანალიზის შესახებ ახალი შესავალი ლექციები“
[6] ფალოსი - სურვილის აღმნიშვნელი, ის რაც აღნიშნავს სხვის სურვილს (désir de l’Autre). ფალოსი წარმოადგენს იმას, რაც ან გაქვს (avoir le phallus) ან ხარ (être le phallus). პერვერსია როგორც სტრუქტურა არის ფალოსურ ლოგიკაში ჩაწერილი. ფემინური პოზიცია მთლიანად ფალოსით არ განისაზღვრება; ქალი არის „არა-მთლიანი“ (pas-tout) ფალოსურ ფუნქციაში; მას აქვს წვდომა სხვა ტკბობაზე (Autre jouissance), რომელიც ფალოსურ ლოგიკას სცდება, ამიტომ თუ პერვერსია ფალოსის სპეციფიკურ თამაშზეა აგებული, და თუ ქალური პოზიცია არ ექვემდებარება მთლიანად ფალოსს, მაშინ ფემინური პერვერსია სტრუქტურულად არ არსებობს.
[7] იგულისხმება მარკიზ დე სადი, ცნობილი ფრანგი არისტოკრატი, მწერალი და ფილოსოფოსი. ეროტიკული, პორნოგრაფიული და ფილოსოფიური ტექსტების ავტორი, რომლებიც აერთიანებდა სექსუალურ ძალადობას, ტრანსგრესიას, თავისუფლებისა და კანონის უტეხ კრიტიკას, იმდენად, რომ მისი ნაწერები 19–20 საუკუნეებში ხშირად აკრძალული იყო. იგი მუდმივად ცდილობს დაასაბუთოს თავისი პერვერსიული ეთიკა, თითქოს მორალს ქმნის, პერვერსიის მნიშვნელობას ქადაგებს ფილოსოფიური, ლოგიკური ფორმით.
[8] მეტონიმია არის სურვილის სტრუქტურული მოძრაობა, სადაც ობიექტი არასოდეს არის ის, რასაც სუბიექტისინამდვილეში ეძებს.
ბიბლიოგრაფია:
· Aulagnier, Piera ; Clavreul, Jean ; Perrier, François. Le Désir et la perversion. Paris : Pocket, coll. « Agora », 2016.
· Bonnet, Gérard. Les perversions sexuelles. Paris : Presses Universitaires de France, coll. « Que sais-je ? », no 7, 2021. ISBN 978-2-7154-0916-3.
· Bonnet, Gérard. « La perversion transitoire à l’adolescence ». Revue française de psychanalyse, Paris : Presses Universitaires de France, 2001, vol. 65, no 3, p. 755–768.
· Freud, Sigmund. Trois essais sur la théorie sexuelle. Paris : Presses Universitaires de France, coll. « Quadrige », 1905 (trad. fr.).
· Lebrun, Jean-Pierre. Un immonde sans limite : 25 ans après Un monde sans limite. Toulouse : Éditions érès, 2019.
· Melman, Charles. « La perversion ». Bulletin de l’Association lacanienne internationale, 2018.
· Quinodoz, Jean-Michel. Lire Freud. Découverte chronologique de l’œuvre de Freud. Paris : Presses Universitaires de France, coll. « Quadrige », 2004.





Comments