top of page
Search

პროპაგანდა - ენა სინამდვილის წინააღმდეგ

ომები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და განსაკუთრებით ომი უკრაინაში, პოპულიზმი, რადიკალურ მემარჯვენეთა დისკურსის აღზევება, რელიგიის დაბრუნება წარმოსახვით, პარანოიულ და ხშირად ბოდვით-ჰალუცინატორულ ღერძზე, ბოდვითი და ფსევდომეცნიერული კონსტრუქტებისა და კონცეფციების პროპაგაცია და ურყევი რწმენა მათ ჭეჭმარიტებაში, მათი გავრცელება სოციალური ქესელებითა და მედია საშუალებებით, პროპაგანდის საკითხს მთელი სიმწვავით აყენებს, პროპაგანდის, რომელიც  წარმოადგენს ენობროვ ფორმაციას და კონსტრუირებულია რამოდენიმე აღმნიშვნელზე.     


პოლიტიკური პროპაგანდის მავნებლობა, თუ ის განიცდის ტოტალიტარული იდეოლოგიის ან რელიგიის გავლენას განუზომლად დიდია, რაც მდგომარეობს რეალობის, სინამდვილის, ხშირად სრულიად თვალშისაცემი სინამდვილისა და ჯანსაღი აზრის წმინდად წარმოსახვითი, სიძულვილით გაჟღრენთილი პარანოიული ბუნების კონსტრუქტებით ჩანაცვლებაში. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, პროპაგანდა იწვევს ფსიქოლოგიურ სიბრმავეს მასებში.


პროპაგანდისტული კონსტრუქტების ინტერიორიზაცია, მათთან ასოცირება, რომელიც ამ კონსტრუქტებთან იდენტიფიკაციით შეიძლება დასრულდეს, სუბიექტთან და პოპულაციის უდიდეს ნაწილთან იწვევს ერთგვარ სიყრუესა და რადიკალურ მიუღებლობას ნებისმიერი სხვა აზრისა, ან მოცემული რეალობისა, როგორც ფაქტის. სხვაგვარად პროპაგანდა ანადგურებს ფაქტებს, ისევე როგორც რეალობის შემოწმებისა და ვერიფიკაციის უნარს სუბიექტთან.


პროპლემა : პროპაგანდით შემოსალტულ, შემოსაზღვრულ დისკურსიულ სივრცეში ნებისმმიერი ფორმა სიმართლის, სინამდვილის, თუნდაც რეალობის ყველაზე ბანალურ და უდავო ფორმებს ეხებოდეს საქმე, საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას იმისათვის, რომ ამ სინამდვილემ შესაღწიოს პროპაგაანდისტულ სივრცეში. ხშირ შემთხვევაში ეს ძალისხმევა მარცხისთვის არის განწირული. ჯანსაღი აზრი კარგავს საკუთარ ადგილს საზოგადოებაში და ჩანაცვლებულია სხვა დისკურსით, ხშირად ძალიან რთული, ბუნდოვანი დისკურსით, რომელიც კონსტრუირებულია სხვა ლოგიკის კანონებით, უფრო ზუსტად არღვევს ლოგიკის კანონებს, რომელზეც დგას კიდეც აზროვნების პროცესები.


მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება პროპაგანდისტრულ კონსტრუქტებს, მაშინაც კი თუ ისინი უკიდურესად ნათელია და გააჩნია მყარი არგუმენტაციული საფუძვლები, მარცხს განიცდის, ვინაიდან პროპაგანდისტული დისკურსის პირობებში რეზონის, რაციონალური აზრის ხმა სრულიად ჩახშობილია, არ ისმინება იმდენად რამდენადაც პროპაგანდა ახდენს ანესთეზიას რეალობის შემოწმების ფუნქციის, უფრო მეტიც რეალობის პრინციპის, რომლითაც ხელმძღვანელობს ცნობიერება და კოგნიტური პროცესები, ანაცვლებს რა მათ ე.წ. პირველადი პროცესებით, ე.ი. აზროვნების პრიმიტიული ფორმებით, რომლითაც არის ორგანიზებული არაცნობიერი.


ეს ძალიან ძვირფასი, ღირებული ფუნქცია სუბიექტთან, რომელიც მას სოციო-პოლიტიკურ რეალობაში ორიენტირების საშუალებას აძლევს განიცდის ერთგვარ ანესთეზიას პროპაგანდის გავლენით. თუ პროპაგანდა იმარჯვებს, უნდა ვიცოდეთ, რომ იმარჯვებს სიბოროტის ერთგვარი ფორმა, სხვისი განადგურება, სიძულვილი, ომი და ტოტალიტარული დიქტატურა.


ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია გავხსნათ დისკუსია პროპაგანდის არაცნობიერ დეტერმინატებზე და დავსვსვათ კითხვა, თუ რა განაპირობებს პროპაგანდის უკიდურეს ეფექტურობას ჯანსაღ აზრთან მიმართებაში, უფრო მეტიც, პროპაგანდის ეფექტურობას ჯანსაღი აზრის განადგურებაში. კვლევის მიზანი შეიძლება იყოს პროპაგანდის ფსიქიკური ეფექტურობის, მისი მოქმედების შიდაფსიქიკური მექანიზმისა და მისი ეფექტურობის ძირითადი წყაროების შესწავლა მეტაფსიქოლოგიური, ე.ი. ფსიქოანალიტიკური პრიზმიდან.


არც სოციოლოგიური ჰიპოთეზა, არც კოგნიტური მოდელები, არც მასის ფსიქოლოგია ამ სიტყვის სოციოლოგიური გაგებით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ზემოთ დასმულ კითხვებს გავცეთ პაასუხი. არ არის საკმარისი და უკიდურესად ზედაპირულია კომუნიკაციის თეორიები, ე.წ. ქცევის ფსიქოლოგიის მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზები და მითუმეტეს სოციალური ფსიქოლოგიის ე.წ. ექსპერიმენტები, რომლებმაც თითქოს გასაგები უნდა გახადოს პროპაგანდისტული მესიჯების ეფექტურობა.


არაცნობიერის, როგორც ჰიპოთეზისა და აღმნიშვნელის თეორიის გარეშე, რომლითაც სტრუქტურირებულია არაცნობიერი, ჩვენ ვერ შევძლებთ გავიგოთ თუ რა განაპირობებს ხშირად უკუდურესად პრიმიტიული და მარტივი ენობრივი კონსტრუქციების ეფექტურობას, რომლებიც გავლენას ახდენენ სუბიექტზე, ადვილად არწმუნებენ მას, როგორც ამ პრიმიტიული კონსტრუქტების პირდაპირ სამიზნეს. პროპაგანდის ფსიქოლოგიურ მოქმედებათა პრივილეგირებულ სამიზნეს, ე.ი. ელქტორატს.


პროპაგანდის მეტაფსიქოლოგია

პროპაგანდის პოსტსაბჭოთა ფორმები, აგებულია, ეფუძნება რამოდენიმე სტრუქტურიულ ელემენტს და ზოგიერთ აფექტურ შემადგენელს, ე.ი. ერთის მხრივ ენას და მეორეს მხრივ გრძნობად-ემოციურ, აფექტურ სფეროს. ჩემი მოსენების პირველ ნაწილში უბრალოდ ჩამოვთვლი მათ :

  • უპირველეს ყოვლისა პროპაგანდისტული მესიჯები, პროპაგანდის ენა და პრონონსი საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვისაც მოიაზრებს, როგორც მომხრეს, მხარდამჭრს, უფრო ზუსტად ერთგულს, ხოლო მეორე ნაწილი იკავებს მტრის ადგილს, განასახიერებს მტრის ხატს. სხვაგვარად პოლიტიკური პროპაგანდა საზოგადოებას არა პოლიტიკურ მომხრეებად და მოწინაააღმდეგეებად, არამედ ერთგულებად და მტრებად ყოფს და ამ  აქტით ჯანსაღი კონკურენციიისა და პოლიტიკური მეტოქეობის სცენას ანაცვლებს სიძულვილის სცენით, სადაც სხვა წარმოადგენს განადგურების, მოსპობის ობიექტს.

  • პროპაგანდა იყენებს ფანტაზმებს, კოლექტიურ მითებს, ან უფრო ხშირად ბოდვით-პარანოიულ კონსტრუქტებს, სხვაგვარად რეალურისა და წარმოსახვითის ელემენტებისაგან ქმნის დისკურსის ჰიბრიდულ ფორმებს.

  • მესამე და მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტია მამის ფიგურა სოციო-პოლიტიკურ სცენაზე ან რელიგიაში. იდეალური მამის. პოსტსაბჭოთა სივრცის შემთხვევაში საქმე ეხება ყოვლისშემძლე და დაუნდობელი მამის ფიგურის დაბრუნებას სოციალურ სცენაზე, რომელსაც წინ უძღვოდა ნოსტალგია ამ მამისადმი და ძახილი, მისი მოხმობის მცდელობა.

  • მეტრის ფიგურები,  შეფი და მტრის ხატი, რომელიც გამოცხადებულია, როგორც მუქარის წყარო აგრეთვე წარმოადგენს პროპაგანდის სტრუქტურულ საყრდენს.

  • გარდა ამისა, პროპაგანდის ის ფორმები, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში დღეს იყენებს ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ ტრავმას, მაგალითად ომის გამოცდილებას, საზოგადოების სხეულის ჩამოშლის, ჩამონგრევის გამოცდილებას, პოსტსაბჭოთა საზოგადოებისა და მისი წევრების სხეულზე არსებულ ნარცისტულ ჭრილობებს, ზარალისა და მძიმე დანაკარგის გამოცდილებას, რომელიც საზოგადოების ნაწილმა განიცადა. პროპაგანდა საკუთარი დისკურსის კონსტრუირებას ამ განიცდილ ტრავმატიზმებზე დაყრდნობით ახდენს და ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ მათი განმეორება გარდაუვალი იქნება თუ მხარს დაუჭერენ სხვა პოლიტიკურ ძალას. ამ თვალსაზრისით პროპაგანდა შეიცავს ფსიქოლოგიური ჟანტაჟის ელემენტებსაც.


რაც შეეხება პროპაგანდისტული დისკურსის აფექტურ ნაწილს :

  • შფოთვა, შფოთვის გამოწვევა საზოგადოების მოწყვლად ფენებთან.

  • მუქარა, მაგრამ ამ შემთხვევაში პროპაგანდისტი არ არის ის ვინც იმუქრება, არამედ სხვა, აღნიშნული, როგორც მტერი, ეს სხვა წარმოადგენს მუქარის წყაროს პროპაგანდისტის დისკურსში. პოსტსაბჭოთა რუსული პროპაგანდის შემთხვევაში ეს მტერი, ე.ი. მუქარისა და საფრთხის წყარო დასავლეთია. ე.ი. პროპაგანდისტი კი არ იმუქრება, არამედ აშინებს საზოგადოებას, რომ საფრთხის წყარო თვად კი არ არის, არამედ სხვაა, უცხო.

  • უნდობლობის გენერალიზაცია, სრული უნდობლობის აღძვრა ყველა ოფიციალური ვერსიისადმი, რომ ყველაფერი რაც ოფიციალურად ჟღერდება ტყუილია.  «პარანოიკი არის ის ვისაც არაფერის არ სჯერა » . არსებობს სხვა, რომელიც მე მატყუებს.

  • პერსეკუტორული კონსტრუქტების გავრცელება, რომელთა მიხედვითაც ეს სხვა (დიდი სხვა) არის მდევნელი, ის ვისაც ჩემი განადგურება სურს.


პროპაგანდის იდენტობასთან დაკავშირებული ღერძები:

  • წარსულის იდეალიზაცია.

  • ნაციის იდეალიზაცია, მისი ისტორიისა და ტრადიციის იდეალიზაცია ამ ისტორიისა და ტრადიციის ხშირად სრული არცოდნის ფონზე, ხშირად ტრადიციის დეგრადაციისა და ჩამოშლის ფონზე. იდეალიზაცია, რომელიც უკვე შეიცავს მეგალომანიურ და ნარცისტულ შემადგენლებს.

  • ეკლესიის, როგორც ინსტიტუციასა და ერს შორის ექვივალენტურობის დამყარების მცდელობა, მათი იგივეობრივობისათვის ხაზგაასმა პროპაგაანდისტულ დისკურსში, რომლის მიხედვითაც მართლმამდიდებლობა წარმოადგენს იდენტობის განმსაზღვრელ უმთავრეს ღერძს.

  • არქაული შფოთვების მობილიზაცია, ხშირად სადო-მაზოხისტირი ბუნების, ისევე როგორც ჰომოსექსუალური ბუნების შფოთვების მობილიზაცია, რაც უბრალოდ ჰომოფობიას კი არ იწვევს, არამედ აბსოლუტურ და სუფთა სახით სიძულვილს სექსუალური უმცირესობების მიმართ, უმცირესობების, რომელსაც პროპაგანდისტი და მისი ადრესატი ხშირად ჰალუცინირებს საჯარო სივრცეებში : « ყველგან ჰომოსექსუალები არიან… »


საქართველო

თითქმის 4 ათწლეული ბრძოლა დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. დღეს, უკიდურესად მოკლე დროში პოსტსაბჭოთა ანტიდასავლური პროპაგანდა თავბრუდამხვევი და მადესტაბილიზირებელი ძალით ბრუნდება და ტოტალიტარული გამოცდილების მნესტიკური კვალის უკიდურესად სწრაფ რეაქტუალიზაციას იწვევს.


ქართველი პროპაგანდისტების ძირითადი მესიჯები:

  • ქართულ ტრადიციულ ოჯახს ისევე როგორც ყველაფერ ქართულს ემუქრებიან, საჭიროა ოჯახის სიწმინდის დაცვა. აღნიშვნას არ საჭიროებს, თუმცა მაინც ვიტყვით, რომ ბოლშევიკების ინვაზიისა და ტოტალიტარიზმის 70 წლის განმავლობაში ტრადიციები და რელიგიის საკრალური სივრცე, ისევე როგორც ქართული ოჯახის ტრადიციული მოწყობა სრულიად იქნა დარღვეული, დეგრადირებული, თუმცა ახალი პოსტსაბჭოთა პროპაგანდის მიხედვით ტრადიციულმა ქართულმა ოჯახმა წარსულში კი არ განიცადა რღვევა ტოტალიტარიზმის გავლენით, არამედ მომავალში ემუქრება დეგრადაცია დასავლეთის გავლენით, დასავლური ცივილიზაციის გავლენით, რომელსაც უკვე უწოდეს ანტიქრისტიანული.

  • სქესისა და სქესობრივი იდენტობის საკითხი, ხშირად აღრეული სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხებთან. პროპაგანდისტული დისკურსის მიხედვით დასავლეთი არ სცნობს, ან უარყოფს სქესთა შორის დიფერენციაციას.

  • ამ პროპაგანდის მიხედვით, არა მხოლოდ გენდერული იდენტობაა საფრთხის ქვეშ, არამედ ნაციონალური, ეროვნული იდენტობა, კულტურა და ისტორია.

  • ამ პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელია აგრეთვე ბავშვები, ან წარმოსახვითი ახალი თაობა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ ისინი უნდა დაიცვას დასავლური მოდერნულობისაგან, ლგბტ პროპაგანდისაგან, რომელიც თოთქოს უტევს მათ სქესობრივ იდენტობას, ჰომოსექსუალებად აქცევს მათ. აქედან გამომდინარე, საჭიროა მათი დაცვა ამ სრულიად წარმოსახვითი საფრთხეებისაგან. პროტექტორისა და ღირებულებების დაცვის ფუნქცის საკუთარ თავზე აირებს ხელისუფლება და ეკლესია, როგორც ერთი სხეული.


პროპაგანდის პოლიტიკური ნაწილი გულისხმობს სემდეგ მესიჯებს :

  • დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკას სურ ომი საქართველოში, ე.ი. ჩვენი განადგურება. ეს იდეა გაფორმდა ისეთი აღმნიშვნელშის ქვეშ, რომელსაც უწოდებენ «გლობალური ომის პარტიას». ბოლო დროს ის ჩანაცვლდა აღმნიშვნელით « დიფსთეითი ».

  • ამ პროპაგანდის მიხედვით ევროკავშირის წევრობა საქართველოსაგან მოითხოვს ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე უარის თქმას, რაც ნიშნავს იმას, რომ პროპაგანდის მიხედვით ქართველმა ერმა გაწევრიანებისათვის ძალიან ძვირი უნდა გადაიხადოს, ე.ი. გადაიხადოს საკუთარი იდენტობით, რომელიც თავის მხრივ უკიდურესად ბუნდოვანი ცნებაა პოსტსაბჭოთა საქართველოში.

  • ისინი ვინც ემუქრებიან ჩვენს ტრადიციებს და ითხოვენ ჩვენგან ომს, უცხოელი აგენტები არიან. უცხოელი აგენტი ფუძნდება, როგორც ღერძული აღმნიშვნელი.


კომპლოტიზმი (განმარტება), შეთქმულების თეორიები (ჟაკ-ალენ მილნერი) :

აქ პროპაგანდის მექანიზმი : ის ამბობს სიმართლეს ან სიმართლის ნახევარს, რაც მთავარი სატყუარაა, ხოლო მეორე ნაწილი გულისხმობს მოცემული ფაქტის უკიდურეს განზოგადებას, ამ ფაქტით ყველაფრს ახსნას და მის არასწორ ინტერპრეტაციას. ე.ი. პროპაგანდა უპირველეს ყოვლისა სიცრუე კი არ არის, არამედ რეალობის მხოლოდ ერთი ნაწილის ბოდვითი ინტერპრეტაცია.


კომპლოტისტი არ არის პერსეკუტირებული სუბიექტი, მაგრამ ის ცდილობს გაშიფროს რეალობა, ინტერპრეტირებს რეალობას და უპირველეს ყოვლისა ის არის ის, ვინც იცის, ფლობს „ცოდნას“ არსებული და მიმდინარე მოვლენების მიზეზთა შესახებ. საქმე ეხება ინტერპრეტაციულ ბოდვას. კომპლოტისტი აგროვებს ფაქტებს და ცდილობს მათ შორის დაინახოს კავშირი, ის ახდენს ფაზლის ერთგვარ რეკონსტრუქციას და ამ ფაქტებს ანიჭებს მნიშვნელობას, გარკვეულ საზრისს, რომელიც ღრმად აცდენილია რეალობას, არ არის ადეკვატური რეალობასთნ მიმართებაში. ეს აზრი, ეს მნიშვნელობა, რომელიც მისთვის უტყუარ ჭეშმარიტებას წარმოადგენს და გამყარებულია ურყევი შინაგანი დარწმუნებულობის მდგომარეობით, განიცდის გენერალიზაციას, ხდება ამხსნელი კონსტრუქტი ყველაფრის.


კომპლოტისტი ამყარებს კავშირებს მოვლენებს შორის და პროექციისა და პირველადი პროცესების გავლენით მათ ბოდვით ჰალუცინატორულ გადამუშავებას ახდენს. მისთვის არ არსებობს შემთხვევითობა. „შემთხვევითი არ არის რომ... მაგ. „შემთხვევითი არ არის, რომ პანდემია დამთავრდა და ეგრევე ომი დაიწყო...“. „გამორიცხულია შემთხვევით გავრცელებულიყო ვირუსი უჰანში“ და ა.შ. ის უარყოფს შემთხვევითობას და რეალობაში გარდაუვალ აუცილებლობას ხედავს, დესტრუქციულ აუცილებლობას, როგორც ერთგვარ კაუზალობას.


კომპლოტისტს აქვს შემუშავებული ერთი პრინციპი, რომლითაც ახდენს მაქსიმალურად მრავალფეროვანი, მრავალი მიზეით განპირობებული რეალობის ინტერპრეტირებას. სწორედ ამიტომ, პროპაგანდა ხშირად არ ცვლის საკუთარ ფსევდო ექსპლიკატორულ კონსტრუქტებს, მაგალითად გლობალური ომის პარტია ძალიან ფრთხილად შეიცვალა დიფსთეითით.


რა არის ეს ერთადერთი პრინციპი? ყველა ფენომენი, მიმდინარე მოვლენები პოლიტიკაში მისთვის მხოლოდ ზედაპირია და არა თავისთავად ღირსი ყურადღების, მაგალითად უკრაინაში ომი, პანდემია და ა.შ. მხოლოდ ზედაპირია, რომლის მიღმაც დგას სხვა სინამდვილე, სხვა სიმართლე... მნიშვნელოვანია თავად მიზეზი, გამომწვევი მიზეზი... გარკვეული თვალსაზრისით კომპლოტიზმი მეცნიერების, მეცნიერული აზროვნების კვაზი ფორმაა, ან მისი ფსიქოტური ვერსია. 


„თქვენ არ იცით მიზეზები, რადგან მხოლოდ ოფიციალურ ვერსიებს სჯერდებით“, ხოლო კომპლოტისტმა იცის მიზეზების შესახებ. უმრავლესობისათვის მიზეზები უცნობია. ის ფლობს ცოდნას და ახდენს მის კომუნიკაციას ბოდვითი ფორმით. ამ შემთხვევაში სუბიექტს აქვს განცდა, რომ ის ფლობს ულტიმატურ, ზღვრულ ცოდნას, რომლის იქითაც არაფერი ახალი აღარ შეიძლება არსებობდეს...


საბოლოოდ მთელი ეს კონსტრუქტი დაიყვანება რწმენაზე, რომლის მიხედვითაც სხვას უნდა ჩემი განადგურება, რომ ეს სხვა არის ბოროტი, სიბოროტისა და დესტრუქციის ინკარნაცია...და ვინ არის ეს სხვა? ეს არის ერთგვარი სიბოროტის გენია, ეშმაკი, ანტიქრისტე; მაგალითად პოსტსაბჭოთა რელიგიურ დისკურსებში. ის ფლობს ყველა იმ შესაძლებლობას რომელსაც ფლობს ღმერთი და კიდევ უფრო მეტს, შეუძლია მოგატყუოს, რაც არ შეუძლია ღმერთს. სწორედ ამიტომ კომპლოტისტს არაფრის არ სჯერა, რადგან დარწმუნებულია, რომ ოფიციალური ინფორმაცია, ფაქტები სტყუიან და რომ სინამდვილე, სიმართლე წყდება და არსებობს სხვა სცენაზე. ეს არის დესტრუქციული სხვა, რომელიც მემუქრება... ერთადერთი სტრატეგია,  რომლითაც მე ხელიდან ვუსხლტები ამ ძალას. ეს არის „არა მე ვაზროვნებ, ე.ი. ვარსებობ“, ე.ი. კარტეზიანული კოგიტო, არამედ სტრატეგია „მე ვიცი“.


სხვა არის ის ვინც ტკბება ჩემით, თამაშობს, მანიპულირებს, მმართავს... მაგალითად, „თქვენი პატრონები“. მსგავსად სტრუქტურირებული საზოგადოების ამოცანა ხდება თავის დაცვა ამ წარმოსახვითი სიბოროტისაგან, დაცვა საკუთარი ოჯახისა და შვილების.


დავუბრუნდეთ პროპაგანდის საკითხს.

პროპაგანდის ეს პოსტსაბჭოთა ვერსია, განსაკუთრებით პოლიტიკური პროპაგანდა ფუნქციონირებს, როგორც ერთგვარი მემბრანა, ზედაპირი, რომელიც იჭერს, მოიხელთებს ნებისმიერ ინფორმაციას, რის შემდეგაც პროპაგანდის ეს პროტექტორი მემბრანა ანადგურებს და ოფიციალური ინფორმაციისა და ცოდნის ნეიტრალიზაციას ახდენს. ლაკანიანურად რომ ვთქვათ პროპაგანდა ანეიტრალებს, ძალას უკარგავს ნებისმიერ ნათქვამს, თქმულს, წარმოთქმულს და ანგრევს ენის სიმბოლურ ეფექტურობას. ის ფუნქციონირებს სუბიექტის ენის, სუბიექტის სიმართლის წინააღმდეგ და ანადგურებს მას, როგორც უცხო სხეულს, რომელიც უნდა განეიტრალდეს, სიმართლე ძალდაკარგულად გამოცხადდეს.


პროპაგანდის მექანიზმი არ ფუნქციონირებს, როგორც განდევნა, ამ სიტყვის ფსიქოანალიტიკური გაგებით, ის არ განდევნის სიმართლეს, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ, ის არ მიჩქმალავს მას არქივებსა და გრიფით საიდუმლო დოკუმენტებში, არამედ ის ფუნქციონირებს, როგორც სიმართლის, სინამდვილის მომნელებელი ენობრივი სტრუქტურა. პროპაგაანდის სემანტიკური ბადე, აღმნიშვნელთაგან ნაქსოვი, სწორედ ამ სინამდვილეს იჭერს.


თქვენ შეგიძლიათ თქვათ რაც გსურთ, შეეწინააღმდეგოთ არგუმენტებით პროპაგანდისტულ დისკურსს, ე.ი. ფსვედო მიზეზ-შედეგობროვ კონსტრუქტებს და ცამდე მართალიც რომ იყოთ თქვენი სიმართლე ადრესატამდე ვერ მიაღწევს, უფრო ზუსტად დაკარგავს შეღწევადობის უნარს სწორედ ამ მემბრანის დაცვითი ფუნქციის ძალით. ნებისმიერი წარმოთქმული სიტყვა, მართალი სიტყვა მონელებული ხდება პროპაგანდისტის დომინანტური დისკურსის მიერ.


ეს რეალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის ე.წ. სიმბოლური მესამის ფუნქციას, რათა სიმბოლური მესამე მოვიდეს საშველად და გადაარჩინოს სუბიექტი და მისი სიტყვა, მისი სიმართლე გამორიცხვის, უარყოფისა და მარგინალიზაციისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მესამე სიმბოლურის სოციო-პოლიტიკური სივრციდან გამორიცხვა პროპაგანდის შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. მესამე სიმბოლურში ჩვენს შემთხვევაში იგულისმხება მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, დასავლეთი.


მესამის გამორიცხვის შემთხვევაში მმართველი კლასი და მოსახლეობა ერთმანეთის პირისპირ  დუალურ, სპეკულარულ, ე.ი. ნარცისტულ ურთიერთობაში რჩება, სადაც ერთის სიტყვა, ე.ი. პროპაგანდა აირეკლავს მეორის აზრებს, რომელიც ამ პროპაგანდით არის გენერირებული. ეს ნარცისტული და სარკისებური არეკვლა ხელისუფლებასა და მის მომხმარეებს შორის ისეთი დაუნდობელი ინსტანციის მობილიზებასა და აქტივაციას იწვევს, რომელსაც ფსიქოანალიზში უწოდებენ მე-იდეალს და ნარცისტულ იდენტიფიკაციებს. სხვაგვარად საზოგადოება იკეტება. ეს არის ის რაც მოხდა რუსეთში, რამაც დასრულებული, ლამის სრულყოფილი სახე მიიღო იქ.


საკმარისია სიმართლე იქნეს წარმოთქმული, რომ პროპაგანდის მანქანა მის განადგურებას იწყებს, რადგან ფუნქნციონირებს, როგორც ენობრივი ავტომატი. ე.ი. ავტომატურად მოდის მოქმედებაში, როგორც იმუნური სისტემა, მაგალითად მაშინ, როცა სისხლში ხვდება უცხო სხეული.


ჩემი აზრით, ამჟამად პროპაგანდის ენობრივი კონსტრუქტი ეფუძნება ორ ძირითად ღერძს : პირველ ღერძს წარმოადგენს აღმნიშვნელთა, ე.ი. სიტყვათა ბატარეა, ნაკრები, ხოლო მეორე ღერძს წარმოსახვითი მამა, იდეალური მამა, რომელიც წარმოთქვამს, ან პირიდან ისვრის ამ აღმნიშვნელებს, როგორც ავტომატი ტყვიებს. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა იყენებს ენას, როგორც სინამდვილის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღს ის აგრეთვე სტრუქტურირებულია იდეალური მამის ხატზე, რომელიც შეიძლება იყოს პოლიტიკური ან რელიგიური ინსტიტუციის რეალური და ამავე დროს წარმოსახვითი ფიგურა. ყველა ეს აღმნიშვნელი, ყველა სიტყვა, რომელზეც არის კონსტრუირებული, დაშენებული პროპაგანდისტული დისკურსი დამოკიდებულია პირველწყაროზე, თავად პირზე, როგორც ამ პროპაგანდის ერთადერთ წარმომთქმელზე, ფიგურაზე,  რომლის თავშიც იბადება აღმნიშვნელთა ეს ბატარეა და პროპაგანდა, როგორც დისკურსიული კონსტრუქტი.


ხშირად პროპაგანდისტული ტყუილის მთავარი წყარო არის ლიდერი, რომელსაც სჯერა, ან სრულიად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში, სიმართლეში, რომელსაც ფსიქოანალიზში უწოდებენ პარანოიულ სიმართელს. სხვები, ასე ვთქვათ პროპაგანდის სამსახურში მყოფი ფიგურები მხოლოდ და მხოლოდ იმეორებენ პროპაგანდისტულ დისკურსს, უცვლელად. ის რაც არ იცვლება, არის ზემოთხსენებული აღმნიშვნელთა ბატარეა.


პროპაგანდის ენა არ იყენებს, მაგალითად ქართული ენის სიმდიდრეს, მას არ სჭირდება მდიდარი ენობრივი სალარო, არამედ ის ეფუძნება რამოდენიმე, საგანგებოდ მომარაგებულ აღმნიშვნელს, რომელიც იბადება არა დისკურსის დროს, ე.ი. ენობრივი პრაქტიკისა და მსჯელობის დროს, არამედ წინასწარ არის, ასე ვთქვათ, მომარაგებული და დამტკიცებული პროპაგანდის სუბიექტის, ე.ი. ლიდერის, ლიდერების, პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც ენის საზროვნო ფუნქციას კი არ ასრულებს, ვინაიდან ენა და აზროვნების პროცესები განუყოფელ კავშირშია ერთმანეთთან, არამედ წარმოადგენს ხელოვნურად შედგენილ სემანტიკურ ბადეს, რომელიც აირეკლავს არა რეალობას, არამედ ლიდერის, პოლიტიკური ძალის სურვილს, იდეოლოგიას და ხანდახან ბოდვასაც კი.


როგორც ვთქვით, პროპაგანდის ენა მთლიანად აგებულია აღმნიშვნელთა ბატარეაზე, რომელსაც ხშირად შეიძლება ყავდეს ერთადერთი ავტორი, თავად დიქტატორის პერსონა. ჩვენი ჰიპოტეზის თანახმად პროპაგანდისტული დისკურსი იმ დღესვე ჩამოიშლება თუ მოხდება შეფის, მეტრის, ლიდერის იდეალიზირებული და წარმოსახვითი ვერსიის ჩამოშლა, ვინაიდან აღმნიშვნელთა ბატარეასთან ერთად სწორედ ის წარმოადგენს პროპაგანდის ეფექტურობის უმთავრეს გარანტორს.


ფსიქიკური პროცესების ბუნება, რომლებიც პროპაგანდის უკან დგას, რომელიც პროპაგანდას წარმოქმნის და ამუშავებს ღრმად პარანოიულია. თვალშისაცემია პროექცია, განსაკუთრებით მასიური და დესტრუქციული პროექცია დასავლეთზე, სხვისი დადანაშაულება ყველა შესაძლო უბედურებაში, პერსეკუცია და პერესკუტორული შფოთვები, სხვისი სიძულვილი, მოწინააღმდეგის სიძულვილი, მისი განადგურების სურვილი და ურყევი რწმენა საკუთარი კონცეფციებისადმი, რომელთა მოსმენაც ხშირად აუტანელია მათთვის ვინც ამ კონცეფციებს ისმენს ისე რომ იმყოფება პროპაგანდისტული ველის მიღმა, გარეთ.


პროპაგანდა დღეს შემოსაზღვრავს სოციო-პოლიტიკურ რეალობას, ის ავსებს გეოპოლიტიკურ სივრცეს ლამის ასი პროცენტით. ადამიანთა საზოგადოებაში თუ რაღაც არ არის წარმოდგენილი ენაში, ე.ი. ნომინირებული, მაშინ ეს რაღაც არ არსებობს, შედეგად თუ სინამდვილე, სიმართლე გამორიცხულია ენობრივი რეალობიდან, ის ვეღრ აგრძელებს არსებობას. სიმართლე აღარ  არ არსებობს სიმბოლური და ენობროვი წესრიგის ფარგლებში და თავს ავლენს სიმპტომში, ტანჯვასა და აქტინგ აუთში, დესტრუქციულ და თვითდესტრუქციულ სასოწარკვეთილ აქტებში.


პროპაგანდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავსებს სივრცეს საკუთარი ენით, საკუთარი სემანტიკით, რაც მას საშუალებას აძლევს გამოთიშოს სინამდვილე აღმნიშვნელთა ცირკულაციიდან, გამოთიშოს სუბიექტის ენა, ავტომატიზირებული პროპაგანდისტული დისკურსიდან აკრძალვის გზით. სიმართლის თქმის უფლება აღარავის აქვს, სიმართლე განაგრძობს არსებობას ნეგატივში, მინუს ნიშნით.


როგორ ახერხებს პროპაგანდისტი, დიდი სხვის სახელით, მაგალითად დიფსთეითის, ან გლობალური ომის პარტიის სლოგანის ქვეშ, გამორიცხოს სიმართლე პოლიტიკური, კულტურული, დისკურსიული და თვით ენობრივი სივრცეებიდანაც კი? ის ფუნქციონირებს, როგორც ჩემი საკუთარი ფსიქიკური სინამდვილისა და რეალობის დიდი ფალსიფიკატორი იმ რეალური რეგისტრის გადაფარვის მიზნით, რომელსაც მაგალითად შეიძლება ვუწოდოთ ომი, ან დარბევები ; პროპაგანდა ჩემივე ჩადენილი დანაშაულის, როგორც რეალური აქტის ფალსიფიკატორია.


პროპაგანდა, როგორც წმინდად ენობროვი კონსტრუქტი სინამდვილესა და სიმართლეზე ზემოქმედებს ისე როგორც იმუნური სისტემა შეიძლება ზემოქმედებდეს ვირუსზე, ორგანიზმში შეჭრილ უცხო სხეულზე, ანეიტრალებდეს მას და ანადგურებდეს.  ამ პროპაგანდის ერთ-ერთი ფუნქციაა მთლიანად შეავსოს, ამოქოლოს, დაახშოს ენობრივი და სემანტიკური სივრცე, ისე რომ თუნდაც უმცირესი ხვრელის ადგილიც კი არ დატოვოს, რომელშიც შეიძლება სინამდვილე გაძვრეს. სინამდვილის ნებისმიერი მცდელობა გაარღვიოს პროპაგანდით აღმართული ეს ენობრივი ციხესიმაგრე განწირული ხდება მარცხისთვის. პროპაგანდა ქმნის იმას, რასაც ლაკანი უწოდებს «Le mur du langage», ენობრივი კედელი, რომელიც შედგება სტანდარტიზირებული სემანტიკისაგან და სუბიექტის ენას აკავებს, ენის შემოქმედებით პოტენციალს, ე.ი. ენას, როგორც პოეზიას, ენას როგორც მეტაფორას, ბლოკავს. პროპაგანდა ქმნის ენობრივ ციხესიმაგრეს, აუღებელ ენობრივ ციხესიმაგრეს და ფუნქციონირებს, როგორც ჩემი სუბიექტური სიმართლისა და ზოგადად სინამდვილის დიდი ფალსიფიკატორი, რომელიც უპირველეს ყოვლისა გადაფარავს ჩემი დანაშაულის, ჩემს მიერ განხორციელებული კრიმინალის რეალურობას, მაგალითად ომის დანაშაულის რეალობას.


როგორ ფუნქციონირებს აღმნიშვნელი პროპაგანდის დროს ?

როდესაც სუბიექტი ლაპარაკობს, როცა ჩვენ მივმართავთ სხვას. ვიყენებთ ასეულობით სიტყვას, სინტაქსს, მათ შორის ვამყარებთ კავშირებს, ვქმნით აღმნიშვნელთა ჯაჭვს. თითოეული სუბიექტი საუბრობს საკუთარი ენით, უნიკალური ენით, რომლის სუბიექტივაციაც სოციალიზაციისა და აკულტურაციის პროცესში შესძლო. რაც შეეხება პროპაგანდის ენას, პირიქით, პროპაგანდის ენა არ არის სუბიექტის ენა, ის საუბრობს სუბიექტის გარეშე, თავისით, თითქოს არ აქვს მნიშვნელობა მთქმელს, წარმომთქმელ სუბიექტს, თითქოს პროპაგანდის ენა მასში ლაპარაკობს.


იმისათვის, რომ პროპაგანდის ენა იყოს ეფექტური, არ არის აუცილებელი ბევრის თქმა, მითუმეტეს ყოველ ჯერზე განსხვავებული სემანტიკისა და გრამატიკის გამოყენება, მთავარია თქვა ერთი და იგივე და გაუჩერებლად. ეს არის ენობრივი და სტერეოტიპული განმეორების მანქანა, რომელიც არ ჩერდება, თითქოს პროპაგანდისტთა მრავალი პირი ამბობდეს ერთი და იგივეს, უწყვეტად და უცვლელად.


პროპაგანდისტულ მესიჯები სრულიად მოწყვეტილია სინამდვილესა და სუბიექტის ენას, ისევე როგორც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ რეალობას; ეს არის ენა, რომელიც ასახავს არა რეალობას, არამედ პროპაგანდისტის ან იდეოლოგიას, ან ბოდვით-პარანოიულ კონსტრუქტებს, მაგრამ ამავე დროს ფარავს რეალობას, სინამდვილეს ეფარება, როგორც აღნიშვნელთა ბატარიისაგან შემდგარი ენობრივი ქსოვილი. 


იმისათვის, რომ ტოტალიტარულ სივრცეში პროპაგანდა იყოს ეფექტური, აუცილებელია, რომ რამოდენიმე აღმნიშვნელმა შექმნას ჩარჩო, კარკასი. აღმნიშვნელთა რაოდენობა, რომელიც ქმნის კარკასს, ე.ი. პროპაგანდისტული ენობრივი კონსტრუქციის მთავარ საყრდებებს, ამ აღმნიშვნელთა რაოდენობა სრულიად ლიმიტირებულია, შეიძლება მათი ჩამოთვლაც კი. აღმნიშვნელთაგან შემდგარი კარკასის ფარგლებში, ამ ჩონჩხის ფარგლებში პროპაგანდისტი თავისუფლად ყრის, ამოავსებს ამ ჩარჩოს აღსანიშნებით, მაგრამ ლაპარაკის დროს მუდმივად იმეორებს ასე ვთქვათ საყრდენ აღმნიშვნელებს, მაგალითად აგენტი, დიფსთეითი და ა.შ. თავად კონტენტს, რომლითაც არის ამოვსებული აღმნიშვნელთაგან შემდგარი კარკასი, ჩაჩო არავითარი მნიშვნელობა და ეფექტურობა არ აქვს, ის მხოლოდ ავსებს ცარიელ ადგილებს ფორმალურად. ეს აღმნიშვნელები შინაარსის, ე.ი. აღსანიშნთა ნეიტრალიზაციას ახდენენ. აღმნიშვნელთა ამ სივრცეში ნებისმიერი დისკურსი კარგავს ეფექტურობას, ის რაც მნიშვნელობას არის მეტრი-აღმნიშვნელები, დომინანტი აღმნიშვნელოები, რომლებსაც როგორც ბურჯებს ისე ეყრდნობა პროპაგანდის ენობრივი ნაგებობა.


როგორც უკვე აღვნიშნეთ ის ფუნქციონირებს, როგორც ენობრივი ციხესიმაგრე. შედეგად იქმნება განცდა, რომ სინამდვილე აღარ არსებობს, ვინაიდან ის ვეღარ აღწევს პროპაგანდის მიერ შემმქნილ დახურულ დისკურსიულ სივრცეში. ამ აღმნიშვნელთა ტირანია რეალობასა და სინამდვილეს ყლაპავს. ეს აღმნიშვნელები თითქოს ისრუტავენ მნიშვნელობებს, ლოგიკურ არგუმენტებსა და ფაქტებს. ამ შემსრუტავ, დომინანტ აღმნიშვნელებს გამანადგურებელი ეფექტი აქვთ ენის პოლისემიურობასა და მრავალმნიშვნელოვნებაზე, ისინი ენის უკიდურეს ჰომოგენეიზაციას ახდენენ მისი მასიური დემეტაფორიზაციის გზით.


პროპაგანდისტულ ენაში ჩვენ აგრეთვე ვპოულობთ ისეთ აღმნიშვნელებს, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ, ნახევრად ხუმრობით, აღმნიშვნელი-წურბელები. ეს აღმნიშვნელები სრულიად სპეციფიკურ და დესტრუქციულ ფუნქციას ასრულებენ, ვინაიდან ისინი სუბიექტისა და მისი იდენტობის, ან სოციუმის ნაწილის იდენტობის პარაზიტირებას ახდენენ. განსაკუთრებით იმ სოციალური ჯგუფების იდენტობისა და ღირებულებების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეჟიმს. მაგალითად, ეს წურბელა-აღმნიშვნელები ეწებებიან სუბიექტის იდენტობას, როგორც სხეულს და გარდაქმნიან მას მაგალითად მოღალატედ, ან უცხოთის აგენტად, მტრადაც კი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პარაზიტ აღმნიშვნელებს ენაში (ზურაბიშვილის მაგალითი) გააჩნიათ სრულიად განსაკუთრებული ეფექტი : ისინი სუბიექტს, ან ჯგუფს გამორიცხავენ სოციალური და კულტურული წესრიგიდან, ისინი სუბიექტის სოციალური კავშირებიდან ამოძირკვას ემსახურებიან. მაგალითად, აღმნიშვნელი «მოღალატე » სუბიექტის დისკვალიფიკაციას ახდენს მისი სიმბოლური საყრდენების დონეზე. ე.ი. იგულისხმება სუბიექტი, რომელიც საკუთარი სახელითა და გვარით ეწერება სიმბოლურ წესრიგში.


ეს აღმნიშვნელები უტევენ არა პიროვნებას, ე.ი. მის ეგოს, ეს შეურაცხყოფის, ლანძღვა-გინების ბანალური შემთხვევბია, არამეს უტევენ სუბიექტს, როგორც არა პიროვნებას, არამედ როგორც მოქალაქეს ჩაწერილს სიმბოლურ წესრიგში საკუთარი სახელით. სუბიექტი უძლური ხდება მოიგლიჯოს საკუთარი სხეულიდან ეს აღნიშვნელები, რომლებიც ეწებებიან მის კანს, სოციალურ სხეულს.


პროპაგანდის ენა უკიდურესად ღარიბია, სტერეოტიპული და განმეორებადი. ერთი და იგივეს განმეორება ენის ჰომოგენეიზაციას ახდენს და გამორიცხავს კონფლიქტუალობის, ჰეტეროგენულობისა და მსჯელობის ელემენტებს. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ყოველგვარი რეფლექსიისაგან ათავსიუფლებს ენას. ამბივალენტურობა ენაში აღარ არსებობს, ხოლო ობიექტი, რომელზეც ლაპარაკობს პროპაგანდა განიცდის გახლეჩას ცუდ და კარგ ობიექტად, ხოლო თავად პროპაგანდის ენა სტერილურია, აკომფლიქტუალური და ჰარმონიული, შინაგანი დაპირისპირებების გარეშე.


პროპაგანდისტი ცდილობს ჯანსაღი აზრის დესტაბილიზაციას, უტევს ჯანსაღ აზრს და ქმნის ერთგვარ სიგიჟეს ენაში, რაც მას მიზნის მიღწევაში ეხმარება, რომელიც მდგომარეობს რეალობის ფალსიფიკაციასა და დამახინჯებაში პერცეპტულ დონეზეც კი.


ჩვენ ვიცით, რომ სუბიექტის ცოცხალი ენა სავსეა ლაფსუსებით, მცდარი ქმედებებით, მაშინ როდესაც პროპაგანდისტის დისკურსიული სტრუქტურა გამორიცხავს წამოცდენის შესაძლებლობას და ერთგულია ურყევი პარანოიული ლოგიკის, რომელიც რეფლექსიისა და ნორმალური მსჯელობისაგან განსხვავებით ბევრად უფრო მტკიცე და ურყევია, გამყარებულია ე.წ. პარანოიული ცოდნითა და დარწმუნებულობის მდგომარეობით. ცოცხალი ენის მნიშვნელობათა განჭვრეტა შეუძლებელია, საკმარისია სუბიექტმა დაიწყოს ლაპარაკი, რომ მან არასდროს იცის თუ რას იტყვის, როგორ იტყვის, რა მიმართულებით წაიყვანს მსჯელობას.


აქედან გამომდინარე, პოლიტიკური, ტოტალიტარული პროპაგანდის ენა წინასწარ გაწერილი და არა ცოცხალი ენაა, წინასწარი ფაბრიკაციის პროცედურა აქვს გავლილი იქამდე ვიდრე იქნებოდეს წარმოთქმული. სწორედ ამიტომ გასაგები ხდება თუ რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენს პროპაგანდაზე აგებული პოლიტიკური დისკურსისათვის პოეზია, ლიტერატურა და ვიტყოდი ფსიქოანალიზი.


ენა, მეტყველება წარმოადგენს სუბიექტურ აქტივობას, როდესაც სუბიექტი სრულიად სხვა რამეს ამბობს იმასთან მიმართებაში რის თქმასაც აპირებდა ან ფიქრობდა, რომ თქვა : პროპაგანდის ენაში სწორედ ეს წინასწარ განუჭვრეტლობა არ არსებობს, ისევე როგორც კონფლიქტი, რაც ამ ენას სიმბოლიზაციის უნარს აკარგვინებს. პროპაგანდის ენა არ სიმბოლიზირებს რეალობას, ვერ ახდენს მის სუბიექტივაციას. პროპაგანდის ენა იდენტურია სიზმრის ენის, რომელიც მთლიანად პირველადი პროცესებით არის ორგანიზებული, სადაც არ არსებობს ნეგაცია, უარყოფა, როგორც გრამატიკული ფორმა და მოქმედებს მხოლოდ მტკიცებითი ფორმები. ისევე როგორც არაცნობიერში, პროპაგანდის ენაში არ არსებობს ეჭვი, როგორც აზროვნების პროცესების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს პროპაგანდის ეფექტურობას. პროპაგანდის ეფექტურობა არაცნობიერში არსებულ პირველად პროცესებს ეფუძნება, ვინაიდან არაცნობიერი არ აზროვნებს ამ სიტყვის კარტეზიანული გაგებით.


სიმართლის უეცარი აღმოცენება ენაში მაშინა არის შესაძლებელი თუ ლაპარაკობს სუბიექტი, რომელიც ამ აქტით ყოველთვის რისკავს თქვას სიმართლე, რომელიც მოლაპარაკე სუბიექტს ყოველთვის ხელიდან უსხლტება ამა თუ იმ ფორმით, მაშინ როდესაც პროპაგანდის ენა არ სცნობს მსგავს ჩავარდნებს, ბზარს, ხვრელს სადაც სიმართლემ თავი შეიძლება გამოავლინოს.


მნიშვნელობები, რომელსაც პროპაგანდა გადმოსცემს სრულიად გამორიცხავს სხვა მნიშვნელობების არებობას. პროპაგანდა არის საკუთარ თავში ჩაკეტილი დისკურსი, წრედის ნაწილი, რომელიც ყოველგვარ გარღვევას გამორიცხავს, გარღვევას, რამაც ახალი მნიშვნელობა, ან მნიშვნელობები შეიძლება დაბადოს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, პროპაგანდის ენა სრულიად ბერწია ახალი მნიშვნელობებისა და საზრისის წარმოქმნის საქმეში. კოგნიტური ფსიქოლოგიის ტერმინებით თუ ვიტყვით პროპაგანდა არ ააზროვნებს, ვინაიდან ის აზროვნების პროცესების პარალიზების, მის დაბლოკვის პროდუქტი უფროა ვიდრე მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების ნაყოფი.


ძალიან ადვილია პროპაგანდისტული მესიჯების  მცდარობის დემონსტრაცია ლოგიკისა და რეალური ვითარების ობიექტური აღწერის გზით, ისევე როგორც აზროვნების პროცესებისა და მსჯელობის გზით, მაგრამ არა ინტელექტუალიზიაციის გზით, რადგან ხშირად პროპაგანდა მიმართავს ინტელექტუალიზაციას და მარტივი რეალობის ხელოვნულ სოფისტიკაციას ახდენს.  მიუხედაავად ამისა, საუბედურიდ ეს არის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე არაეფექტური გზა, ვინაიდან პროპაგანდის  არაცნობიერი ბირთვი, პარანოიული რეალური რეგისტრი ურყევია და სრულიად შეუვალი ლოგიკისა და ჯანსაღი აზრის, რეზონისადმი, რადგან ის კონსტრუირებულია სხვა რეზონზე, სხვა ლოგიკაზე, ისევე როგორც გააჩნია სრულიად განსხვავებული ფსიქოგენეზი, რომელიც ცნობიერებისა და აზროვნების სცენის მიღმა, არაცნობიერში ფორმირდება. პროპაგანდისტი საკუთარი ლოგიკის ლეგიტიმაციას არა მსჯელობისა და არგუმენტების, არამედ წარმოსახვითი მამის სახელით ახდენს და ამდენად შეიცავს ფანატიზმის ელემენტებსაც. შემთხვევითი არ არის, რომ სიტყვა პროპაგანდა სწორედ რელიგიის, კერძოდ კი კათოლიკური ეკლესიის წიაღში დაიბადა.  ლათინური სიტყვა პროპაგარე აღნიშნავს გავრცელებას, განვრცობას, დარწმუნებას… ეს ტერმინი ისვა მე-17 საუკუნეში პაპ გრეგუარ მე-15 დროს 1622 წელს, რომელმაც დააფუძნა გაერთიანება სახელწოდებით «congregatio de propaganda fide» - «რწმენის გამავრცელებელი კონგრეგაცია».


პროპაგანდა შედის ღია და ფსქოტურ, მაფსიქოტიზირებელ კონფლიქტში რეალობასთან. ტოტალიტარული რეჟიმების პროპაგანდა სხვა არაფერია თუ არა შემოვლითი, ხანგრძლივი და გართულებული ფორმა რეალობის უარყოფისა, რომელიც ფსიქოზის დაცვის მექანიზმია. ამგვარად, საზოგადოება, რომელიც მასიურად განიცდის პროპაგანდის გავლენას, იმყოფება პროპაგანდის გავლენის ქვეშ, ცხოვრობს ერთგვარ სიგიჟეში, რომელიც ინდუცირებულია პროპაგანდისტული დისკურსით და ეხება კოლექტივისა და მისი თოთოეული წევრის პარანოიულ და ფსიქოტურ ბირთვს, ამ ბირთვის აქტივაციას ახდენს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდა აზროვნების არქაული ფორმაა.


თეორიული კითხვა : რა მიმართება შეიძლება არსებობდეს სუბიექტის, არაცნობიერის სუბიექტის ფსიქიკურ სიმართლეს, სინამდვილესა და პროპაგანდისტულ დისკურსს შორის ? მმართველი ძალის პოლიტიკური პროპაგანდა ახდენს არა უბრალოდ ტყუილის, სიცრუის ინსტიტუციონალიზაციას, არამედ ფანტაზმებისა და კოლექტივის წარმოსახვითი სფეროს, ხშირად თვით ბიოდვითი კონსტრუქტების ინსტიტუციონალიზიაციას პროპაგანდისტული დისკურსის ოფიციალურ სახელისუფლებო ენად გამოცხადების გზით. თითოეულის არაცნობიერი, არაცნობიერში არსებული ტრავმები, შიშები, ფანტააზმები, ბოდვითი კონსტრუქტები პროპაგანდისტის პირით იწყებენ ლაპარაკს და მე, როგორც პროპაგანდის ადრესატს ჩემივე განდევნილი შინაარსები, ან გადაუმუშავებელი, არაინტეგრირებული ელემენტები გარედან მესმის, რაც ქმნის გადაკვეთის წერტილს, შეხვედრის ადგილს პროპაგანდისტის დისკურსსა და ჩემივე არაცნობიერ შინაარსებს შორის.


პროპაგანდის დროს საქმე არ ეხება ერთგვარი ცრუპენტელობის პერვერსიულ ფორმებს, როცა მე ვცდილობ კონკრეტულ შემთხვევაში რეალობის გაყალბებას, არამედ საქმე გვაქვს სუბიექტისა და კოლექტივის არაცნობიერი და წარმოსახვითი რეპრეზენტაციების აქტივაციასთან. წარმოსახვითი მე, როგორც ნარცისტული ინსტანცია ფანატიკურად რწმუნდება პროპაგანდისტული მესიჯების ჭეშმარიტებაში.


როგორია პროპაგაანდისტის მიერ წარმოთქმული, ნათქვამის ფსიქიკური სტატუსი ? სხვაგვარად რას ამბობს, ან რას მეუბნება პროპაგანდისტი, ან რას მიმართავს ჩემში ?  შეიძლება თავს უფლება მივცეთ და დავუშვათ შემდეგი ჰიპოთეზა, რომლის მიხდვითაც პოლიტიკური პროპაგანდა ლაპარაკობს ჩემს სიმართლეზე, ჩემს ფსიქიკურ სინამდვილეზე, როგორც სინამდვილეზე, რომელიც სხვის მიერ არის მოაზრებული ჩემში… ე.ი. პროპაგანდისტი ჩემში მოიაზრებს ცოდნას, ან გარკვეულ განწყობებს რომელსაც აჟღერებს მწყობრი დისკურსის სახით. მაგალიითად, თუ პროპაგანდისტი თვლის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ანტისემიტური განწყობების მატარებელია, ის მელაპარაკება ებრაელებზე, ან თუ თვლის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მრევლია, ის მელაპარაკება საფრთხეებზე, რომელებიც ემუქრება მართლმადიდებლურ ტრადიციებს.


სხვაგვარად თუ ვიტყვით პროპაგანდისტი კი არ მატყუებს, პირიქით, სიმართლეს მეუბნება, მაგრამ არა ობიექტურ სიმართლეს, ან ლოგიკურს, არამედ მთლიანად კონსტრუირებულს კოლექტივის არაცნობიერ ტენდენციებზე, რაც ცხადია ადრესატში განაპირობებს პროპაგანდისტული მესიჯისადმი არა მხოლოდ ნდობასა და რწმენას, არამედ იდენტიფიკაციას პროპაგანდისტულ აღმნიშვნელებთან. ეს როგორც პროპაგანდის ადრესატი, იმ სიმართლის, სინამდვილის, ფსიქიკური სინამდვილის მატარებელი ვარ, რომელსაც ჩემში მოიაზრებს სხვა, ე.ი. პროპაგანდისტი. აქედან გამომდინარე ერთი მხრივ, ახდენს რა პროპაგანდისტი რეალობის ფალსიფიკაციას, მეორე მხრივ და ამავე დროს, პროპაგანდისტის სიტყვა მე რაღცას მეუბნება, სხვაგვარად იდი, მე მელაპარაკება გარედან ça(Lacan) me parle. მე რაღაცას მეუბნება და ეს რაღაცა არის კიდეც არაცნობიერი.  ლაკანი ამბობდა, არაცნობიერი არის სხვისი დისკურსი, ან არაცნობიერი არის სოციალური დისკურსი, სხვისი დისკურსი ჩემში.  


აქედან გამომდინარე, პროპაგანდა არ არის უსაფუძვლო, ან ცარიელი ენა, რომელიც მხოლოდ წმინდა წყლის სიცრუეს დაეფუძნებოდა; პირიქით, ის სავსეა აზრით, მნიშვნელობებით, თუმცა მცდარია რეალობასთან მიმართებაში და ვინაიდან აჟღერებს ჩემს ღრმად განდევნილ სინამდვილეს, ჩემს ღრმად განდევნილ ბარბაროსობას, ე.ი. არაცნობიერის ლოგიკას, შედეგად რეზონი და ცნობიერების ყველა სხვა იარაღი და ინსტრუმენტი განეიტრალებულია და ყოველგვარ ეფექტურობას მოკლებული ხდება. სწორედ ამიტომ პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფი სუბიექტის გადარწმუნება შეუძლებელი ხდება, რადგან პროპაგანდის სარკეში საკუთარი არაცნობიერის ყველაზე დესტრუქციულ, პრესეკუტორულ, მეგალომანიურ, ნარცისტულ ანარეკლს ხედავს და დარწმუნებულია, რომ თვალი არ ატყუებს. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ის უმზერს არა რეალობას, არამედ სარკეს.


ჩვენ პროპაგანდა და მისი ფსიქიკური ეფექტურობა წარმონათქმნისა და წარმომთქმელის ლაკანიანურ ტერმინებში შეიძლება გავიაზროთ. პროპაგანდის დროს ჩვენ არ გვაყავს ენონსიაციის, ანუ წარმოთქმის სუბიექტი, მე არ ვლაპარაკობ, მაგრამ გვაქვს წარმონათქმნები, რომლებიც სათავეს იღებენ დიდი სხვისგან და მიზანში ყავთ ამოღებული მასის ფსიქოლოგიის წარმოსახვითი მე, ამ სიტყვის ფროიდიანული გაგებით.


პროპაგნდისტის აფირმაციული, ე.ი. მტკიცებითი ბუნების მესიჯები ფუნქციონირებენ, როგორც დადასტურებები, როგორც დასტური და მტკიცებულება ჩემი, როგორც პროპაგანდის ადრესატის წარმოსახვითი კონსტრუქტებისა რითაც ჩემში სპობენ ჯანსაღ ეჭვს, ისევე  როგორც აზროვნების ლოგიკური პროცესების პარალიზებას ახდენენ.


პროპაგანდა ამ თვალსაზრისით წარმოსხვით-ნარცისტული კაპტაციაა, სუბიექტის გამოჭერა, აზროვნებით და იდეაციურ ჩიხში მომწყვდევა. პროპაგანდა ამ გიზით ხურავს კარებს დისკუსიისათვის, ამოქოლოავს მსჯელობისა და განხილვის, კამათისა და პაექრობის ნებისმიერ სივრცეს, რაც მისგან ქმნის მტკიცე და ძნელად მოსანგრევ ენობრივ ფორმაციას. აგრეთვე მოქმედებს პარადოქსი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი მცდელობა არგუმენტებით მისი განადგურებისა კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს პროპაგანდისტულ ნაგებობას შემდეგი ლოგიკის ძალით : «თუ ჩემი პოლიტიკური პოზიცია თქვენში შობს ბრაზს, სიძულვილს, ან უმწეობის განცდას, ვინაიდან თქვენივე არგუმენტები ერთი მეორეზე მიყოლებით იმსხვრევა პროპაგანდისტულ ენობრივ კედელზე, მაშინ მე მართალი ვყოფილვარ, ვინაიდან თქვენ მებრძვით და მართალი რომ არ ვიყო, მსგავსი რეაქცია არ გექნებოდათ »


პროპაგანდისტული მესიჯი ჩემი საკუთარი ფანტაზმია, ან ბოდვითი კონსტრუქტი, ჩემივე მესიჯი, რომელსაც ვისმენ სხვისგან, ამ მესიჯს ვიღებ სხვისგან, რაც ქმნის ილუზიას, რომ პროპაგანდისტი სხვა ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მე, ჩვენი აზრები უცნაურად ემთხვევა პროპაგანდისტულ მესიჯებს, უფრო მეტიც მყარდება იდენტობა ამ აზრებს შორის, რაც კიდევ უფრო მეტად ახშობს მსჯელობის სივრცეს.


საზოგადოების გადაუმუშავებელი და არაინტეგრირებული ელემენტები, ისტორიული თუ მიმდინარე ტრავმა, ომისა და დესტრუქციის გამოცდილება, რომელიც არ ყოფილა ენაში გადაამუშავებული და სიმბოლიზირებული პროპაგანდისტისათვის წარმოადგენს მასალას, რომელზეც ის საკუთარ დისკურსებს აგებს.


შფოთვა, უნდობლობა, მუქარა, მტრის ხატი, მე-იდეალის პათოსი, ცრუ პატრიოტიზმი, დიდი ტრავმატიზმები და მასიური ნარცისტული ჭრილობები, დანაკარგისა და აუნაზღაურებელი, აუღიარებელი ზარალის გამოცდილება… აი ის ელემენტები, რომლითაც იკვებება პროპაგანდა, რომელიც პროპაგანდისტული დისკურსისთვის ნაყოფიერ ფსიქოაფექტურ ნიადაგს ქმნის.


პროპაგანდისტული ენა წარმოადგენს ენას, დაცლილს სუბიექტურობისაგან, რომელიც ლიმიტირებს, ახლოს დგას სიგიჟესთან, რატომ ? იმიტომ რომ პროპაგანდის საბოლოო შედეგი და რეზულტატი რეალობის, ხშირად ფაქტუალური რეალობის უხეში უარყოფაა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ პროპაგნდა წარმოქნის ბზარს რეალობასა და საზოგადოებას შორის, აჩენს უფსკრულს რეალობასა და კოლექტივს შორის, რომელიც პროპაგანდის ძალით რეალობის გაღმა ნაპირზე დგას.


კიდევ ერთი და ბოლო კითხვა : როგორ შეიძლება გამოვათავისუფლოთ პროპაგანდისტული აღმნიშვნელებისაგან აგებული ციხესიმაგრის ტყვეობიდან ენა, სიმართლის ენა, სუბიექტის ენა ? ეს კითხვა უმნიშვნელოვანესია თავად ფსიქოანალიტიკური პროცესისთვისაც პაციენტთან მუშაობის დროს, რომელშიც დიდხანს ლაპარაკობს სხვა, პაციენტთან, რომელიც ბავშვობიდან დაბომბილია «პროპაგანდით» ოჯახის, მშობლებისა, დედისა და მამის დისკურსებით…


 
 
 

Comments


bottom of page