top of page
Search

ფროიდი და კულტურა

 

შესავალი

 

ფსიქოანალიზის ისტორიას, როგორც წესი, 1900 წლიდან - „სიზმრების ინტერპრეტაციიდან“ - ითვლიან. აღნიშნულ ნაშრომში ფროიდი სიზმარს უყურებს ნევროტიკებთან კლინიკური გამოცდილებიდან მიღებული ცოდნის პრიზმიდან და, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ მისი აზროვნება პიროვნებაზე და ფსიქოპათოლოგიაზეა მიმართულა. თუმცა ფროიდის ამბიციები მხოლოდ ამ ორი ინტერესით ვერ შემოფარგლებოდა. 1913 წელს ფროიდი გამოსცემს გარდამტეხ ნაშრომს, როგორც ფსიქოლოგიისთვის ასევე ეთნოლოგიისთვის, „ტოტემი და ტაბუს“, რომელშიც ცდილობს ეს ორი მეცნიერება დააახლოვოს ფსიქოანალიზის გავლით.  ამ სინთეზს, რა თქმა უნდა, აქვს იდეური წანამძღვრები, რომელთაც ქვემოთ შევეხებით. ეთნოლოგიური კვლევების ფსიქოანალიტიკურ ინტერპრეტაციას ფროიდი ბუნებრივად მიჰყავს კულტურისა და რელიგიის საფუძველმდებარე ფსიქიკური მექანიზმებისა და „ეტიოლოგიის“ შესწავლამდე, მოცემული მოსაზრებები გადმოცემულია „ერთი ილუზიის მომავალსა“ და „კულტურით უკმაყოფილებაში“. ამგვარი მცირე მოცულობის ფარგლებში შეუძლებელი იქნება ზემოხსენებული ესეების დეტალური მიმოხილვა, ამიტომ  წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ფროიდის მოსაზრებების უზოგადეს მიმოხილვასა და მკითხველის დაინტერესებას კლასიკური ფსიქოანალიტიკური შეხედულებებით კულტურისადმი.

 

იდეური წანამძღვრები და კვლევის მეთოდები

 

 

თუ დავუბრუნდებით იდეურ წანამძღვრებს, რომლებიც შესაძლებელს ხდიან ინდივიდუალური და მასის ფსიქოლოგიის ურთიერთშეპირისპირებას, პირველ რიგში, ისმის კითხვა - რატომ არის მართებული ინდივიდის კვლევაში მიღებული მონაცემები, ანალოგიის სახით, გამოვიყენოთ ისეთი ფენომენების კვლევისას, რომლებიც ადამიანთა თანაცხოვრების შედეგად ყალიბდება? ამ კითხვაზე ფროიდი „მასების ფსიქოლოგია და მე-ს ანალიზში” გვპასუხობს – „ერთი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში სხვა ადამიანი ყოველთვის ჩართულია/თანამონაწილეობს, როგორც იდეალი, ობიექტი, თანამზრახველი ან მოწინააღმდეგე, ამიტომ ინდივიდუალური ფსიქოლოგია თავიდანვე იმავდროულად წარმოადგენს სოციალურ ფსიქოლოგიას“ (ფროიდი, 2013, გვ. 3). ამრიგად ფროიდის აზრით ცალკეული ინდივიდი, როგორც სოციოკულტურული წესრიგის ნაწილი, როგორც სხვასთან ურთიერთობის ისტორიის პირმშო, როგორც ოიდიპოსისა და სუპერ-ეგოს სუბიექტი აირეკლავს და საკუთარ თავში ატარებს სოციუმს, ამდენად ერთი ინდივიდის შესწავლამ შეიძლება მოგვცეს წარმოდგენები სოციოკულტურულ პროცესებზეც, ამრიგად, ანალოგია ინდივიდი-კულტურა გამართლებულია, სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ფროიდის აზრით, ცნობიერების ინდივიდუალური მდგომარეობების შესწავლა გვაძლევს შესაძლებლობას შევისწავლოთ ხალხთა/მასების ფსიქოლოგია (ფროიდი, 2013).


შეიძლება ითქვას, ფროიდის შეხედულებები „ტოტემი და ტაბუში“ უნივერსალისტურია და ეფუძნება პარადიგმას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი კულტურა მარტივიდან რთულისკენ მსგავსი ფსიქიკური მექანიზმებით ვითარდება, შესაბამისად, „პირველყოფილი ტომები“ ერთგვარ „ატავიზმებს“ წარმოადგენენ, რომეთა შესწავლაც შესაძლებლობას გვაძლევს განვჭვრიტოთ თანამედროვე ადამიანის (და ზოგადად კაცობრიობის) განვითარების წინა საფეხურები. ამავდროულად ფროიდი აკვირდება და ამჩნევს, რომ არსებობს გარკვეული ანალოგიები „პირველყოფილი ტომების“ წარმოდგენებსა და ნევროტიკების ფსიქიკური ცხოვრების დინამიკას შორის, მაგალითად, როგორიცაა რიტუალი პირველ შემთხვევაში და კომპულსიური ქმედებები მეორე შემთხვევაში, ტოტემი ერთ შემთხვევაში და ფობიური ობიექტი მეორე შემთხვევაში, მაგია ერთგან და აზრის ყოვლისშემძლეობა ობსესიურ ნევროზში და სხვა მრავალი (ფროიდი ზ., 2018). მიუხედავად ფროიდის აზროვნების წესის ამ უნივერსალობისა, შეცდომა იქნებოდა ფროიდი დაგვედანაშაულებინა რაიმე სახის ეთიკურ შეფასებაში, თითქოს ის კვარცხლბეკიდან უყურებდეს „პირველყოფილ ტომებს“, ამ მოსაზრებაში გვარწმუნებს ამ ტომების ნევროტიკებთან შედარება, ვინაიდან ფროიდი არის ის ვინც ახდენს ნევროზის სეპარაციას ეთიკური თუ მორალისტური დისკურსებისგან და ცდილობს დაგვანახოს, რომ ნორმასა და პათოლოგიას შორის განსხვავება მხოლოდ რაოდენობრივია.


ორიოდე სიტყვით უნდა აღვნიშნოთ კვლევის მეთოდის შესახებ - ფროიდი ფსიქოანალიტიკური პრიზმიდან ცდილობს მოახდინოს ეთნოლოგების (მაგ. ფრეიზერი) მიერ „პირველყოფილი ტომების“ დაკვირვების შედეგად შეგროვებული მითების, რელიგიური წარმოდგენების, მსოფლმხედველობის, ზღაპრებისა და წეს-ჩვეულებების დეკონსტრუქცია. ფროიდი ეთნოგრაფიულ მონაცემებს აანალიზებს სიზმრების ინტერპრეტაციის მეთოდზე დაყრდნობით და აღმოაჩენს მსგავსებებს კულტურის ელემენტებსა და ნევროტულ სიმპტომებს შორის, რითაც, საბოლოოდ ცდილობს მიაკვლიოს ზემოხსენებული ორივე სტრუქტურის მაორგანიზებელ საერთო ფსიქიკური მექანიზმებს (მოცემული საკითხის უკეთ განხილვა, ამ ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს, ამისთვის იხილეთ „ტოტემი და ტაბუ“). ამ ანალიზზე დაყრდნობით ფროიდი ცდილობს გამოიტანოს დასკვნები კულტურის წარმოშობის შესახებ (ფროიდი ზ. , 2018).

 

კულტურა როგორც უკმაყოფილების წყარო

 

იქამდე სანამ კულტურის წარმოშობის საკითხს განვიხილავთ, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ფროიდის თვალთახედვა კულტურის რაობის შესახებ. ამისთვის უნდა გავიხსენოთ ნაშრომი „კულტურით უკმაყოფილება“, რომელშიც ფროიდი აჯამებს საკუთარ შეხედულებებს კულტურისა და მისით გამოწვეული უკმაყოფილების შესახებ.


ფროიდი კულტურას შემდეგნაირად განმარტავს: „კულტურა იმ მიღწევებისა და ინსტიტუტების ერთობლიობაა, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ჩვენი პრიმიტიული წინაპრების ყოფისგან განასხვავებს და ორ მიზანს ემსახურება: დაიცვას ადამიანი ბუნებისგან და ადამიანთა ურთიერთობები მოაწესრიგოს“ (ფროიდი ზ. , 2018, გვ. 278). ადამიანთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებას თანაცხოვრების აუცილებლობა განაპირობებს, რაც თავის მხრივ, განპირობებულია მამაკაცის მხრიდან სექსუალური ობიექტის მუდმივად წარმოდგენილობის აუცილებლობით (სიყვარულით), ხოლო ქალის მხრიდან საკუთარი ნაშიერის დაცვისა და მასზე ზრუნვის აუცილებლობით. ფროიდის აზრით თანაცხოვრება, შესაბამისად, კულტურა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც ინდივიდზე ძლიერი უმრავლესობა ჩამოყალიბდა, ასეთ უმრავლესობას აქვს მოთხოვნები, რომლებიც კულტურაში მანიფესტირდება, კერძოდ - „ცალკეული ინდივიდის ძალაუფლების საზოგადოების ძალაუფლებით ჩანაცვლება...“ (ფროიდი ზ., 2018, გვ. 284) და „სამართლიანობა, ანუ გარანტია იმისა, რომ ერთხელ დადგენილი სამართლებრივი წესრიგი რომელიმე ცალკეული ინდივიდის სასარგებლოდ არ დაირღვევა“ (ფროიდი ზ. , 2018, გვ. 284). ასეთ პირობებში ინდივიდუალური თავისუფლება მნიშვნელოვან დარტყმას განიცდის და მისი საზღვრები მცირდება, კულტურით განპირობებული აკრძალვების ხარჯზე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ცალკეულ ინდივიდს აღარ შეუძლია დაიკმაყოფილოს საკუთარი ლტოლვითი მიდრეკილებების ნაწილი, ასეთი აკრძალვის ქვეშ ექცევა აგრესიული და სექსუალური ლტოლვების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი სისხლის მოყვარეობისა და ინცესტუალური ლტოლვები. ლტოლვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს ლტოლვის გაქრობა, ხოლო დაუკმაყოფილებელი ლტოლვა წარმოქმნის უსიამოვნების, დაძაბულობის, უკმაყოფილების განცდას, სწორედ ამიტომ თვლის ფროიდი, რომ კულტურაში არის რაღაც, რაც უკმაყოფილებას განაპირობებს. მოცემული შეხედულება საკმაოდ პესიმისტურად გამოიყურება, თუმცა იმედის ნაპერწკალი მაინც არსებობს, ვინაიდან ლტოლვას შეუძლია არა მხოლოდ უსიამოვნების გამოწვევა, არამედ სუბლიმაციაც - კომპრომისული, ალტერნატიული სახით ნაწილობრივი დაკმაყოფილების მიღწევა. ასეთი სუბლიმაცია ქმნის კულტურის ყველაზე მიმზიდველ ელემენტებს ხელოვნების, მეცნიერებისა თუ სხვა მრავალის ჩათვლით (ფროიდი ზ. , 2018).

 

პატრიციდი და კულტურის დაბადება

 

ფროიდის ცენტრალური პრობლემა „ტოტემი და ტაბუში“, შეიძლება ვთქვათ, არის ეგზოგამიის - ინცესტის ტაბუს - და ტოტემური ცხოველის მოკვლაზე აკრძალვის -  მკვლელობის ტაბუს - წარმოშობის ფსიქიკური საფუძვლები, მოცემული საკითხები ოიდიპოსის კომპლექსშიც ცენტრალურია. იმისთვის, რომ ფროიდის მოსაზრებები უკეთესად გავიგოთ მცირედით უნდა შევეხოთ ოიდიპოსის კომპლექსს, სუპერ-ეგოს წარმოშობას და მის კავშირს კულტურასთან.


ოიდიპოსის კომპლექსი არის ფანტაზმი, რომელიც, ფროიდის მიხედვით, ლიბიდოს განვითრების ფალიკურ სტადიაზე - სიცოცხლის 4-5 წელი - იჩენს თავს. ფალიკურ სტადიაზე ბიჭის ლიბიდო ფალოსზეა ცენტრირებული და სიამოვნების განცდაც ინფანტილური ონანიზმიდან მომდინარეობს. ასეთ პირობებში, ბავშვის სიყვარულის ობიექტი არის დედა, ვინაიდან, იგი დაბადებიდანვე მისი ლტოლვების დაკმაყოფილების პირობას წარმოადგენს, თუმცა ამ დიადაში შემოიჭრება მამა, რომელიც დედაზე პრეტენზიას აცხადებს. ამგვარად ბავშვს მამისადმი მეტოქეობრივი დამოკიდებულება უჩნდება, მას სურს, მამა თავიდან მოიშოროს, მოკლას. თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის, ვინაიდან მამა არა მხოლოდ სიძულვილის ობიექტია, არამედ მისი ექსკლუზიურობა, დედასთან ურთიერთობაში, ბიჭისთვის სასურველიცაა, რაც განაპირობებს იდენტიფიკაციის პირობას და ამავდროულად ბიჭი ნაზ გრძნობებსაც ავლენს მამის მიმართ, ანუ სიყვარულით პოზიციონირებს. გრძნობათა ეს ამბივალენტობა, რომელიც დატვირთულია კასტრაციის შიშითა და ბრალის განცდით განაპირობებს ოიდიპოსის კომპლექსის განდევნას - ბიჭი უარს ამბობს დედობრივ ობიექტზე, იდენტიფიცირდება მამასთან და მის ინტროექცირებას ახდენს სუპერ-ეგოს სახით, რომელიც ამ ეტაპისთვის ორ ფუნდამენტურ აკრძალვას აწესებს - არა კაც კლა, ვინაიდან გსურდა მამაშენის მოკვლა, და არ შერთო დედა ცოლად, ვინაიდან გქონდა ლიბიდინალური ლტოლვა დედისადმი. ოიდიპოსის კომპლექსი არის ის რაც ბავშვს კულტურის, აკრძალვისა და სუპერ-ეგოს სუბიექტად აქცევს, ფროიდის აზრით კულტურული ტრანსმისია, ნებისმიერი მორალური თუ ეთიკური ნორმების გაშინაგნება, სწორედ ოიდიპოსის გადალახვასთან და მამასთან იდენტიფიკაციასთანაა დაკავშირებული  (ფროიდი ზ. , 2014).


ახლა კი იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, შეგვიძლია მოვახდინოთ კულტურის, საზოგადოებრივი თანაცხოვრების შესაძლებლობისა (რაც მხოლოდ ლტოლვაზე დაწესებული აკრძალვის პირობებში თუ იქნებოდა წარმოსადგენი) და რელიგიის წარმოშობის პირობების რეკონსტრუქცია. ფროიდი ეყრდნობა დარვინის თეორიას პირველადი ურდოს შესახებ, ატკინსონის თეორიას პატრიციდის შესახებ, იზიარებს ფრეიზერის მოსაზრებებს ტოტემური ცხოველის, როგორც ტომის განსახიერების შესახებ და ამავდროულად უ. რობერტსონ-სმითის მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც ტოტემური ტრაპეზი ტოტემიზმის ორგანული ნაწილია, რომლებიც მისი ჩანასახიდანვე გაჩნდა, საბოლოოდ კი ყველა ამ მოსაზრებას ოიდიპოსის კომპლექსის ჩარჩოში აქცევს და შედეგად ვიღებთ მითს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: უხსოვარ დროში ადამიანები მცირე ურდოებად (ოჯახებად) ცხოვრობდნენ, რომლებიც შედგებოდა აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ძლიერი მამრისგან, მის სრულ დაქვემდებარებაში მყოფი ქალებისგან და ამ კავშირების შედეგად გაჩენილი ბავშვებისგან. ურდოში ვაჟებს ეკრძალებოდათ ქალებთან სქესობრივი კავშირის დამყარება და ხშირად ეჭვიანობის საფუძველზე პატრიარქი-მამა ვაჟებს განდევნიდა. ერთ დღესაც განდევნილი ვაჟები გაერთიანდნენ მოკლეს მამა და შეჭამეს (თუ გავითვალისწინებთ კანიბალიზმს ეს აქტი უჩვეულოდ სულაც არ მოგვეჩვენება). ვაჟებისგან არც ერთს არ ეყო ძალა იმისთვის, რომ მამის ადგილი დაეკავებინა, ამავდროულად მამის შეჭმით მათ უკვე დაიკმაყოფილეს მასთან იდენტიფიკაციის სურვილი, მიისაკუთრეს მისი ძალაუფლება, ასეთ პირობებში სისხლის წყურვილი ჩაქრა და გზა ნაზ გრძნობებს დაუთმო. ლტოლვითმა ამბივალენტობამ ვაჟები სავალალო რეალობის წინაშე დააყენა, რომლის მიხედვითაც მათ მოკლეს არა მხოლოდ მჩაგვრელი, არამედ საყვარელი მამაც, რის გამოც სინანულის გრძნობა გაუჩნდათ. მკვდარი მამა ცოცხალზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვაჟებმა შეინარჩუნეს მამის კანონი და უარი თქვეს ურდოს ქალებთან სქესობრივ კავშირზე, ვინაიდან ამ ასპექტში ისინი მაინც მეტოქეებად რჩებოდნენ, რაც მათ ახალ ორგანიზაციას განადგურებით ემუქრებოდა. მიზეზებით, რომელთა დადგენაც შეუძლებელია (შესაძლო, იმიტომ, რომ მამაც და ტოტემური ცხოველიც ძლევამოსილნი და ომნიპოტენციურები არიან) ვაჟებმა მოკლული მამა ცხოველს გაუთანაბრეს, და დიად წინაპრად აღიარეს, ამდენად, დანაშაულის გრძნობის გამო, ტოტემური ცხოველის მოკვლა, ისევე როგორც ინცესტური კავშირი, სიკვდილით ისჯებოდა მთელი ტომის მიერ. მიუხედავად ასეთი მკაცრი რეგულაციისა, ძმები პერიოდულად მსხვერპლშეწირვას აწყობდნენ, რომელშიც ზუსტად იმეორებდნენ მამის მკვლელობის აქტს - მთელი ტომი ერთად კლავს ტოტემურ ცხოველს (მამის რეპრეზენტაციას) და ტომის ყველა წევრი ვალდებულია ტოტემის თუნდაც მცირე ნაწილი შეჭამოს (მოახდინოს მისი ინკორპორაცია). ფროიდის აზრით, სწორედ ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ რელიგიისა და პირველი რიტუალის დაბადების პირობად (ფროიდი ზ. , 2018).

 

შეჯამება

 

ამგვარად ინდივიდის ძალაუფლება ჩაანაცვლა ერთზე ძლიერმა ერთიანობამ. ურდოს ძმების საზოგადოება, ერთი მხრივ, დაეყრდნო პატრიციდით გამოწვეულ დანაშაულის განცდას, რომელზეც აღმოცენდა პირველი ორი ფუნდამენტური ტაბუ, ინტერნალიზებული აკრძალვა, რომელმაც შესაძლებელი გახადა თანაცხოვრება, შესაბამისად კულტურა; ხოლო, მეორე მხრივ საზოგადოება დაეყრდნო ამ თანაცხოვრების შენარჩუნების მოთხოვნას, მოთხოვნას ეგალიტარიზმზე, რომ ამიერიდან კანონი ყველასთვის თანაბარი იქნება და არავის სასარგებლოდ არ დაირღვევა, როგორც ეს ხდებოდა ურდოს მამის შემთხვევაში. თუმცა ძმებს რომლებიც სასტიკი სამყაროს წინაშე მარტოდ-მარტო აღმოჩნდნენ მაინც დასჭირდათ რაიმე სახის გარე ძალა, რომელიც ყოვლისშემძლე იქნებოდა, როგორც მამა, ამან საფუძველი დაუდო რელიგიის (პირველ რიგში ტოტემისტურის) განვითარებას, რომელიც ბრალის განცდით იკვებება.


მოცემულ ნაშრომში შევეცადე რაც შეიძლება კონდენსირებულად გადმომეცა ფროიდის მოსაზრებები, ამის გამო ზოგიერთი მომენტი შეიძლება ბუნდოვნად ან გაუგებრად ჟღერდეს, ზოგიერთი იდეა კი საერთოდაც აბსურდულად, თუმცა რეალურად მოსაზრებები, რომლებსაც ფროიდი აყალიბებს ტიტანური მეცნიერული და პრაქტიკული მუშაობს შედეგია, რომელთა მეტნაკლებად ცხადად გასაგებადაც მხოლოდ ერთი გზა არსებობს - კვლავ და კვლავ დავუბრუნდეთ ფროიდის ტექსტებს.

 

ბიბლიოგრაფია

 

ფროიდი, ზ. (2013). მასების ფსიქოლოგია და მე-ს ანალიზი. თბილისი: გეო.

ფროიდი, ზ. (2014). მე და იგი. In ზ. ფროიდი, ფსიქოანალიზი (pp. 105-151). თბილისი: სიახლე.

ფროიდი, ზ. (2018). კულტურით უკმაყოფილება. In ზ. ფროიდი, რჩეული შრომები (pp. 249-337). თბილისი: დიოგენე.

ფროიდი, ზ. (2018). ტოტემი და ტაბუ. In ზ. ფროიდი, რჩეული შრომები (pp. 7-191). თბილისი: დიოგენე.

 

 

 
 
 

Comments


bottom of page