top of page
Search

ჰიპერაქტიური ბავშვი

ჩემს ახალგაზრდობაში ცოტათი აჟიტირებული, მოძრავი, ნერვიული ბავშვები ექიმთან მიჰყავდათ ხოლმე. რას აკეთებდა მაშინ ეს გაბედული ოჯახის ექიმი? ცეკვას ან ფარიკაობას ურჩევდა და ხშირად მსგავსი აქტივობა ხდებოდა დამამშვიდებელი ფაქტორი ბავშვისთვის. რამოდენიმე წლის შემდეგ, იმ ბავშვებისა და ჩვილებისთვის, რომლებსაც ძილის დარღვევები აღენიშნებათ, ფენერგანის(Phenergan), ან ნოპრონის(Nopron) გამოწერას ვიწყებთ. ორივე მედიკამენტი ანტიჰისტამინიკს (antihistaminiques) წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ რისკს შეიცავს - პირველ წამალს ჩვილის მოულოდნელი სიკვდილის გამოიწვევაც კი შეუძლია. ემილ აჟარის, იგივე რომან გარის ძალიან კარგ წიგნში “ცხოვრება შენს წინაშე“ (Emile Ajar, alias Romain Gary, „La vie devant soi“), ერთი პასაჟია, სადაც პატარა არაბი ბიჭი მომო მადამ როზას, მოხუც ებრაელ ძიძასაა მიბარებული. ეს უკანასკნელი აჟიტირებული, ცელქი ბავშვების მთელ ჯგუფს უვლის. დაღლილობის გამო მიდის ექიმთან. ექიმი მომოს უწერს დამამშვიდებელს, მაგრამ ამ წამალს მადამ როზა დალევს, რადგან ფიქრობს, თვითონ უფრო საჭიროებს მკურნალობას.


მოგვიანებით ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის (TOC-Troubles Obsessionnel- Compulsif) ტალღა შემოდის. ბავშვებს იარლიყები აქვთ მიკრული თავიანთი ტიკებისა და “ტოკების” (TOC) გამო! TIC TOC TAC - ეს არის ფსიქოლოგის - კოლეტ ჩილანდის შემოთავაზებული სიტყვების თამაში: ტიკები, ტოკები და ტაკ- მკურნალობა.

რაც უფრო წინ მივიწევთ სამეცნიერო დარგში, ყველა იმ პროგრესის გათვალისწინებით, რასაც ის მოიცავს, მით უფრო ვიწყებთ კლასიფიცირებას, გამოვყოფთ დევიანტურ ქცევებს, ვაქცევთ კლასიფიკაციებში, ვაწებებთ იარლიყებს - როგორც დარღვევებს, ნორმასთან მიმართებაში. ეს ყოველივე სხვადასხვა სპეციალისტებში ახალი კლინიკური კონსენსუსის გაჩენას იწვევს, დასაბამს აძლევს ნოზოგრაფიულ კლასიფიკაციას - დღეისათვის ცნობილ DSM-V-ს ან ICID-10-ს. ამ ნოზოგრაფიებში, აჟიტირებული ბავშვი მოიხსენიება TDA H-ით ან H-ის გარეშე (Troubles de Déficit de l’Attention /Hyperactivité), რაც ნიშნავს ყურადღების დეფიციტის სინდრომს ჰიპერაქტიურობით ან მის გარეშე. (ინგლისურად ADHD : Attention Deficit Hyperactivity Disorder). ეს არის დიაგნოზი, რომელსაც უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით. ლარუსში (Larousse-ფრანგული ენციკლოპედიური ლექსიკონი) ის განიმარტება, როგორც ქცევითი აშლილობა, რომელიც თავს იჩენს ბავშვობაში და ხშირად გრძელდება მოზრდილობის ასაკშიც; ხასიათდება ყურადღების მობილიზების შეუძლებლობით, იმპულსურობითა და მუდმივი ჰიპერაქტიურობით.


ჰიპერაქტიურობა განისაზღვრება, როგორც შემდეგ სიმპტომთა ერთობლიობა: ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, იმპულსურობა ... არა და ეს სიმპტომები ხომ ყველა ბავშვისთვის დამახასიათებელია! აქ კი აღწერილია, როგორც ნევროლოგიური წარმოშობის დაავადება, რომელიც თავს იჩენს 7 წლის ასაკში, მაგრამ დიაგნოსტირებულ ბავშვებს რთული ქცევა 2 წლის ასაკიდანაც აღენიშნებათ (ჩვენ კარგად ვიცით ეს ეტაპი, როდესაც ბავშვები სწავლობენ „არა“-ს თქმას და საბედნიეროდ, ეს ხშირად ის პირველი სიტყვაა, რომელსაც ისინი ინტენსიურად წარმოთქვამენ!) . ეს ქცევა ასოცირებულია ისეთ სხვა პრობლემებთან, როგორიცაა : დასწავლის დარღვევები, შფოთვა, აფექტური ნიშნები. მშბლებისთვის სიაც კი არსებობს : თქვენს ბავშვს სავარაუდოდ TDA/H დარღვევა აქვს, თუ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ის უყურადღებობის 6 სიმპტომს, ჰიპერაქტიურობის ან იმპულსურობის 6 სიმპტომს ან ორივე მათგანის 6 სიმპტომს გამოხატავს. TDA/H დახასიათებულია, როგორც გესტაციის დროს განვითარებული ნევროლოგიური ან მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს თუთუნზე, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, ბაქტერიული მენინგიტი, თავის ქალის-ტრავმა, ან მშობიარობის დროს წარმოქმნილი სხვა პრობლემები, რაც ჩვილ ბავშვში ჟანგბადის ნაკლებობას წარმოშობს.


ამ კლასიფიკაციების შემდგომ, ფსიქიატრებმა და ფსიქოანალიტიკოსებმა, (მათ შორისაა პატრიკ ლანდმანი, ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი, Espace Analytique-ს წევრი) დააარსეს მოძრაობა სახელად STOP DSM, ინიციატივა სუბიექტის კლინიკისთვის, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ამ კლასიფიკაციების საჭიროებას, ექსპერტების როლს, ხაზს უსვამს მედიკამენტების არასწორად გამოწერისა და მოხმარების უარყოფით შედეგებს.

მოძრაობა დიაგნოსტიკის მართებულობის საკითხს აყეენებს. არის თუ არა TDA/H სამედიცინო დარღვევა?


რა შედეგი მოაქვს ასეთ დიაგნოსტიკას ბავშვისთვის, მისი ოჯახისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის? რა მკურნალობას გვთავაზობს DSM-V და რა ეფექტი აქვს ამ მკურნალობას? რა ალტერნატივას გვთავაზობს ფსიქოანალიტიკური კლინიკა ?

ეჭვქვეშ დგას მეთოდი, რომლითაც ბავშვის სტიგმატიზირება მოვახდინეთ, როცა აღმოვაჩინეთ მისი ზოგიერთი სირთულე სკოლასა თუ ოჯახში. ჩვენ დევიანტურ ქცევას ნორმასთან მიმართებაში განვსაზღვრავთ. კლასიფიკაციის მიხედვით, თუ ბავშვს 6 თვის განმავლობაში აღენიშნება ჩამოთვლილი ქცევის ტიპები, იგი დიაგნოსტირებულია TDA/ H-ით. ზოგადი პროფილის ექიმი ან პედიატრი თავისი განათლების, კომპეტენციისა და ინფორმირებულობის მიხედვით ბავშვს დაუსვამს ან/არა დიაგნოზს და ამის მიხედვით გადააგზავნის მას ფსიქიატრთან, რომელიც გამოუწერს წამალს. ამ დიაგნოზის ფარგლებში არ ცდილობენ ბავშვის ფსიქიკის გაგებას, იმ კონტექსტის გაგებას, რომელშიც ის ცხოვრობს, მოკლედ იმის გაგებას, რაც არასასურველი ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს.

ფსიქოანალიტიკოსებმა და ფსიქიატრებმა აიღეს ინიციატივა ბავშვების დასაცავად და დააარსეს ასოციაცია ფსიქოანალიზისთვის, რომელიც არ ეთანხმება TDA/H -ს დიაგნოზის განსაზღვრაში, არ ეთანხმება, რომ ბავშვები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აღენიშნებათ, აუცილებლად განიცდიან ორგანულ დეფიციტს ან აუცილებლად აქვთ ნეირო-განვითარების დარღვევა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება! რასაც ბავშვი გამოხატავს - ეს სიმპტომია! ჩვენთვის, ფსიქოლოგებისთვის, სიმპტომი - გამქრალი, ვერგამოთქმული სიტყვაა, ტანჯვაა, რომელსაც უნდა გავუგოთ და პედიატრთან ერთად დავეხმაროთ, რადგან ეს შეიძლება გამოიხატებოდეს სხეულის საშუალებით და მოითხოვდეს მკურნალობას (მაგალითად ბავშვი საბავშვო ბაღში სკამიდან ვარდებოდა და ბაღის აქტივობების დროს მაგიდის ქვეშ იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ მას ჰქონდა ეპილეფსიის შეტევები. ამ შემთხვევაში მკურნალობასთან ერთად დედასთან სეპარაციის საკითხზე უნდა ვიმუშაოთ). სიმპტომი ყოველთვის მრავალმხრივ უნდა იყოს გააზრებული. სხეული საუბრობს და რას გვეუბნება? სად არის სუბიექტი? რას ითხოვს? როგორია მისი ცხოვრება ოჯახში და რა გვინდა ჩვენ მისგან? რა ფანტაზმური ადგილი აქვს ოჯახში და რა უნდათ მისგან მშობლებს?


- სანამ დავსვამთ დიაგნოზს და გამოვწერთ ისეთ მედიკამენტს, როგორიცაა მეტილფენიდატი -Méthylphénidates (საფრანგეთში რიტალინის -Ritaline ან კონცერტას-Concerta სახელით ცნობილი), რაც ამფეტამინების ჯგუფს წარმოადგენს, იქნებ კითხვები დავსვათ ექსპერტების როლსა და კლასიფიკაციების მიზანშეწონილობაზე, მედიკამენტების საჭიროებასა და მათი არასწორი მოხმარებით მიღებულ რეზულტატებზე.


- ასევე დავფიქრდეთ იმ ლაბორატორიების როლზე, რომლებიც აწარმოებენ მსგავს მედიკამენტებს. მათ ხომ არ შეუწყვეს ხელი ფსევდო-დაავადების ფაბრიკაციას?

- რატომ ვეწინააღმდეგებით ამ დიაგნოზს? ჩვენი კოლეგები STOP DSM -ის კოლექტივიდან გვპასუხობენ : იმიტომ რომ, თავსებადი სემიოლოგიური ერთეულიდან ფსევდო-დაავადებაზე გადავედით, ფარმაკოლოგია ინდუქციური და უკონტროლო გახდა. TDA/H -ის ზოგიერთი დამცველი ირწმუნება, რომ ეს მენტალური დარღვევა ბურნევილის ფსიქიატრის, ფსიქოლოგ ანრი ვალონის აღწერილობებში მოიძებნება.


არაფერს ვამბობთ TDA /H - ის შექმნის ისტორიის კიდევ ერთ ასპექტზე, რომელმაც ძველი არასტაბილურობა თუ ჰიპერკინეზია ფარმაკო-ინდუქციურ მენტალურ დარღვევად გადააქცია; მენტალური დარღვევა წარმოქმნილი „ნარკოტიკისგან“ მიისწრაფის იყოს დიაგნოსტირებული, რათა წაადგეს ამ ნარკოტიკის გამოყენებას, წარმოშვას „ცრუ ეპიდემია“. ამ მიმართულებამ ძალიან სწრაფად მოიკიდა ფეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიცით, რა არის ანტიდეპრესანტების ფენომენი.


- DSM ის ახალ გამოცემებთან ერთად, TDA/H-ის ინკლუზიის ზღვარი თანდათანობით შემცირდა 12-დან 7 წლამდე. ახლა მას უკვე აუტისტურ დარღვევებთან აკავშირებენ, რაც ბაზრის კიდევ უფრო გაზრდას უწყობს ხელს.


- DSM-V-ში TDA/H აღარ განისაზღვრება ქცევის დარღვევად, ახლა ის ნეირო-განვითარების დარღვევად განიხილება. დღეს TDAH ის დარღვევაა, რომელიც საწყობს წააგავს. ის ბევრ ბუნდოვან ფაქტორს მოიცავს. TDAH-ით დიაგნოსტირებულები შეიძლება იყვნენ ეპილეფსიის მქონე ბავშვები, ტრავმირებული ბავშვები, რომლებსაც ძილის დარღვევები აღენიშნებათ, დიდი პოტენციალის მქონე ბავშვები, ფსიქოზის, აუტიზმის მქონე ბავშვები, დისლექსიის ან სხვა „დი-ს“ მქონენი, ბავშვები რომლებსაც აქვთ ობსესიური აშლილობები - (ფრანგულად TOC , ინგლისურად - OCD, ობსესიური ნევროზი უკვე აღარც განიხილება)... ასევე ბავშვები აშლილობების ან დარღვევების გარეშე, რომლებიც უბრალოდ დროებითი, რეაქციული სირთულეების პერიოდში იმყოფებიან. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბავშვი პატარა სუბიექტია, რომელიც თვით-კონსტრუქციის პროცესშია და როგორც ყველა მსგავს პროცესს, ამასაც შეიძლება თან ახლდეს სირთულეები. ბავშვი ვითარდება და მისი სირთულეები ხშირად არც რჩება.


- ასეთ დიაგნოსტიკას შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, რადგან ეს ბავშვები ვერ ისარგებლებენ ადეკვატური დახმარებით (ეს ხშირად ხდება ფსიქოზისა და აუტიზმის შემთხვევაში). ვფიქრობთ, უმჯობესია ამ „საწყობზე“ უარის თქმა და უფრო ზუსტ, მგრძნობიარე კლინიკასთან რეფერირება, სადაც ყველა შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, სადაც ნეირო-ფსიქოლოგიურ გამოკვლევას თავისი ადგილი აქვს, სადაც დახმარება ეფუძნება ბავშვის ფსიქიკური ფუნქციონირების ზოგად მიდგომას და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში-პედიატრიულ გამოკვლევას. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ხანდახან მედიკამენტური ჩარევა აუცილებელია. ასეა ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს პროცესი ზედმიწევნით უნდა იყოს კონტროლირებული (რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება, საავადმყოფოები პაციენტის მდგომარეობას ამოწმებენ წელიწადში ერთხელ, სხვა ტიპის დახმარების გარეშე). ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობას გლობალური სახე უნდა ჰქონდეს, ბავშვისა და მშობლებისთვის თერაპიულ მხარდაჭერასთან ერთად. როგორც პ. ლანდმანი აღნიშნავს, TDA/H - ის ბიოლოგიურ ნიშნებს ვერც ვერასდროს ვიპოვით.


- მეტილფენიდატი არ არის ჯადოსნური აბი; მას უკუჩვენებები აქვს: მადის დაკარგვა, ძილის დარღვევა, მოზარდობისას დეპერსონალიზაციის ეფექტი.


იდეალური იქნებოდა პრაქტიკოსების ფორმირება ფსიქოპათოლოგიაში, აქტიურ მოსმენაში, ფსიქოთერაპიაში, ჯგუფის ტექნიკაში, ფსიქოდრამაში, ფსიქომოტორიკაში, სადაც ბავშვები და მშობლები მრავალპროფილიან სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებით ჩაერთვებოდნენ: (ცხოვრების ჰიგიენა, კვება, დაწოლის დრო, საგანმანათლებლო ზომები ეკრანთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით). ბავშვი ისარგებლებდა გლობალური მიდგომით, იმ მკურნალობით, რომელიც მის მდგომარეობას მიესადაგება.


ეს დიაგნოზები ასევე სტრესის ქვეშ მყოფ, გადატვირთულ უფროსებსაც ეხებათ. ყველა ამ კლასიფიკაციაში იგრძნობა ნეირომეცნიერებების დისკურსის გავლენა ჯანდაცვის დარგის პოლიტიკაზე. კარგი იქნებოდა, მისი ადგილი დაბალანსებული რომ იყოს. TDA/H- ზე შეიძლება ითქვას, რომ „ეს არის გამოგონილი დაავადება ლაბორატორიების ჯიბეების გასავსებად“ -როგორც ჩვენი კოლეგა ფრანგულ სატირულ ჟურნალ „Charlie Hebdo“-ში წერს, რომლის კოლექტივის ნაწილიც 2015 წლის 7 იანვრის ტერაქტს შეეწირა. ექიმმა ლეონ ეიზენბერგმა, აშშ-ს პედოფსიქიატრმა, რომელმაც აბრევიატურა TDA/H შექმნა, თავად აღიარა, რომ ის ფიქტიური დაავადების მაგალითია.


რა თქმა უნდა, ბევრი ბავშვია, რომელიც ვერ პასუხობს ყურადღების იმ უნარს, რასაც მისგან სკოლაში მოითხოვენ. პრობლემა ის არის, რომ სასწრაფოდ ისმევა ავადმყოფობის დიაგნოზი და გამოიწერება მეტილფენიდატი. 30 წლის მანძილზე აშშ-ში ლაბორატორიები გამდიდრდნენ TDA/H -ის მედიკამენტების გაყიდვის ხარჯზე. ამჟამად ამერიკელი ექიმები კრიტიკულად აფასებენ ამ წამლის გამოწერის ფუნქციას, მაგრამ ევროპაში, და ალბათ საქართველოშიც, ექიმები გამოწერენ ამ წამლებს, რადგან ლაბორატორიები ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ბიზნესის გასავითარებლად. დღეს საფრანგეთში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში (მაგალითად მეტროში), ვხედავთ კარგად მარკეტირებულ რეკლამებს თანამედროვე და გასართობი აღმზრდელობითი მეთოდების შესახებ, მაგალითად ასეთს: „წყნარი და ყურადღებიანი, როგორც ბაყაყი - მედიტაცია ბავშვებისთვის“ - წიგნი და CD ჩვენი პატარა მოუსვენარი ბავშვების დასაჰიპნოზებლად ! „ბაყაყებიც კი თვლიან, რომ თავიდან ძნელია, ყურადღება უნდა მოიკრიბო და წყნარად იყო... შენი ხელები მოდუნდა, შენი ფეხები მოდუნდა, შენი თავი მოდუნდა“ (წიგნი, რომლის წინასიტყვაობის ავტორი კრისტოფ ანდრეა, ჭკუით გატენილი გურუ).


და ბოლოს, როგორც ბერნარ გოლსი (პარიზის ნეკერსის საავადმყოფოს ექიმი, პედოფსიქიატრიული განყოფილების უფროსი) ამბობს: - „რაც პათოლოგიურად არის წოდებული ერთ ეპოქაში, შესაძლოა ნორმალურად იყოს მიჩნეული მეორეში“.


370 views0 comments
bottom of page