top of page
Search

ფსიქოანალიტიკური თეორიები ანტისოციალური ქცევის შესახებ (ნაწილი I)

Updated: Oct 10, 2021

ფსიქოანალიტიკური „კრიმინოლოგია“


ანტისოციალური ქცევა წარმოადგენს ფსიქიკურად დეტერმინირებულ აქტს, ხშირად დრამატული ფორმით განხორციელებულს სოციალურ სცენაზე, კანონის, როგორც სოციო–კულტურული ორგანიზატორის წინაშე („დამნაშავეა კანონის წინაშე“). ანტისოციალური ქცევა მოიცავს ინდივიდს, რომელიც არღვევს კანონს, აკრძალვას ან სოციალურ ნორმას, აგრეთვე კოლექტივს რომელიც ბრალს სდებს დამნაშავეს, ასამართლებს მას, ან კიცხავს მას მსუბუქი დანაშაულის, საყოფაცხოვრებო სოციალური ნორმის დარღვევის შემთხვევაში. კრიმინალური აქტი განუყოფელ კავშირშია სასჯელთან, ისევე როგორც მსუბუქი ანტისოციალური ქცევა, განხორციელებული ბავშვის მიერ მშობლების მხრიდან დატუქსვას იმსახურებს. ანტისოციალური ქცევა, განსაკუთრებით კრიმინალური აქტი სუბიექტთან დანაშაულისა და სასჯელის ტრაგიკულ გახლეჩაზე მიუთითებს. ძლიერი ლტოლვითი ბუნების პრიმიტიული, ხშირად უკიდურესად არქაული ტენდეცია ქცევის, აქტის დონეზე რეალურად ხორციელდება და გარეთ აწყდება „სასჯელაღსრულების ორგანოს“, სადამსჯელო სისტემას, რომლის შიდაფსიქიკურ დეფიციტსაც განიცდის ინდივიდი. საქმე ეხება ფსიქიკური აპარატის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი „ორგანოს“ ფუნქციონირების მოშლას. კანონი, სადამსჯელო ინსტანცია დამნაშავის პიროვნებისთვის მხოლოდ გარეთ არსებობს. ანტისოციალური ტენდენციების ფსიქიკური რეგულაცია შეუძლებელი ხდება. სასჯელი წარმოადგენს ხელოვნურ რეგულატორს ტენდენციისა, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების ჩარჩოებს არღვევს და სოციალურ სცენაზე კრიმინალური აქტის სახით ვლინდება. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი პოლ–ლორან ასუნი[1] ტერმინ დამნაშავის, კრიმინალის სემანტიკურ ანალიზს ეწევა: ზიგმუნდ ფროიდი იყენებს გერმანულ ტერმინს, რომლითაც ის აღნიშნავს კრიმინალის პიროვნებას: Verbrecher. Verbrecher გულისხმობს ზმნას Brechen და ქართულად ითარგმნება, როგორც დამსხვრევა, დამტვრევა, გატეხვა. ე.ი. კრიმინალი არის ის ვინც ამსხვრევს (Verbrecher) , ტეხავს, თუმცა საინტერესოა ის თუ რას უტევს კრიმინალი უპირველეს ყოვლისა. რა წარმოადგენს საგანს ან რეალობას, რომელიც კრიმინალის ხელით იმსხვრევა? თუ მკვლელობას ეხება საქმე საუბრობენ სხვა ადამიანის, მოყვასის სიცოცხლის ხელყოფაზე. ამ შემთხვევაში სუბიექტი ამსხვრევს სხვის სიცოცხლეს, თუმცა მოზარდობის ან პუბერტატის ასაკში (ანტისოციალური ქცევის პირველი გამოვლინებების ასაკი) ეს შეიძლება იყოს სკოლის ან რომელიმე სხვა აღმზრდელობითი დაწესებულების ფანჯარა. შინაგანი ფსიქიკური აუცილებლობის ძალით კანონი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სასჯელს, კრიმინალის პრიმიტიული სიძულვილისა და თავდასხმის ობიექტი ხდება. ე.ი. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ინდივიდი ამსხვრევს კანონს, და შესაბამისად სოციალურ კონტრაქტს, „ხელშეკრულებას“, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისაგან ამ კანონის დაცვას მოითხოვს. ის რასაც ამსხვრევს კრიმინალი არის მცნება: „არა კაც კლა“ „არ იქურდო“ და ა.შ. სოციალური წესისა და კანონის დამრღვევის ფსიქიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება კანონთან და სასჯელთან გამრუდებულ, პათოლოგიურ დამოკიდებულებას გულისხმობს. კრიმინალი თავს ესხმის ნევროტული სტრუქტურის, ე.ი. ოიდიპოსის კომპლექსზე სტრუქტურირებული საზოგადოებისა და მისი წევრებისათვის ყველაზე საკრალურს, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს კოლექტივისთვის და ასრულებს საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზატორის ფუქნციას. ანტისოციალური ტენდენციების მქონე ბავშვი, მოზარდი თუ ჩამოყალიბებული რეციდივისტი, რომელის კრიმინალური ქცევაც აკვიატებული განმეორების დესტრუქციულ მანქანას ექვემდებარება საზოდაგოებას, აღმზრდელებს, მასწავლებლებს შოკს გვრის. კრიმინალი არღვევს კანონს და ანტისოციალური ქცევით ემიჯნება საზოგადოებას. ორივეს კანონთან გარკვეული დამოკიდებულება აქვს, ერთი იცავ კანონს, მეორე არღვევს და კანონის მეორე ნაპირზე, კანონის მიღმა აგრძელებს ცხოვრებას. კრიმინალი აშინებს საზოგადოებას, რადგან ის სინამდვილეში ანხორციელებს კანონმორჩილი სუბიექტისა და ბავშვის ინფანტილურ, დესტრუქციული ბუნების ტენდენციებს და ნევროტული სტრუქტურის ფანტაზმს მკვლელობის შესახებ სოციალურ სცენაზე დატრიალებულ რეალურ ტრაგედიად აქცევს. კრიმინალი არ ხუმრობს, არ თამაშობს, ე.ი. დესტრუქციული ტენდენციების ფსიქიკური გადამუშავებისა და სიმბოლიზაციის ფარგლებს სცდება და მოქმედებს გარეთ. კრიმინალი და დანაშაული ზოგადად წარმოადგენს სარკეს კანონმორჩილი და სოციალური სუბიექტის არაცნობიერისთვის. სწორედ ამ მიზეზით, კრიმინალური ქრონიკა, ვიდეო–პატრული, საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქებული კანონდარღვევისა და კრიმინალის შემთხვევები საზოგადოებისა და მასის განსაკუთრებული ფსიქოლოგიური ინტერესის საგანია. დამოკიდებულება კანონდარღვევისადმი ცხადია ამბივალენტურია, თუმცა დანაშაული პერვერტული მიზიდულობის ძალას ფლობს, რაც აიძულებს ინდივიდს იყოს უკიდურესად კრიტიკული დანაშაულის მიმართ, თუმცა ამავე დროს თვალი ვერ მოსწყვიტოს დანაშაულის შემზარავ სცენას, ხშირად ტრაგიკული ფორმით გაშუქებულს საინფორმაციო საშუალებებში. ის რაც შუქდებაარის მაყურებლის არაცნობიერი, განდევნილი ტენდენციები, რაც უსიამოვნების განცდასა და ფსიქოლოგიურ ინტერესს ერთდროულად აღძრავს ინდივიდში.


ფსიქოანალიზის კვლევის საგანს წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის ფსიქიკური მიზეზობრიობა და ამ ქცევის ადგილი ფსიქოანალიტიკური თეორიის ფარგლებში. ერთის მხრივ, გვაქვს ფსიქოანალიზის ძირითადი კონცეპტები და მეორეს მხრივ ანტისოციალური ქცევა. კრიმინალური აქტის ახსნისათვის (რომელიც ხშირად წარმოადგენს ნამდვილ გამოცანას მათთვის ვინც ცდილობს დანაშაულის ფსიქო–სოციალური მოტივების იდენტიფიცირებას), განსაკუთრებით ფასეულია ისეთი ფსიქოანალიტიკური კონცეპტები, როგორიც არის ბრალის გრძნობა, სასჯელისა და დასჯის მოთხოვნილება, ოიდიპალური (ფროიდიანული) და პრიმიტიული (კლაინიანური) ზე–მე, პირველადი ნარცისიზმი, ნარცისტული ჭრილობა და დეფიციტი, მშობლებთან ურთიერთობა განვითარების პრეგენიტალურ სტადიებზე, მამის ფუნქცია, სიმბოლიზაცია და ფსიქიკური გადამუშავება, მიმართება ფანტაზმსა და აქტს, ფსიქიკურსა და რეალურს შორის.


როგორ მოვახდინოთ ანტისოციალური ქცევის პრევენცია? რას შეიძლება გულისხმობდეს პრევენცია, როგორც მიზანი? სიტყვა პრევენცია მოიცავს ისეთ შინარსებს, როგორიც არის გაფრთხილება, წინასწარ გაფრთხილება, თავიდან აცილება უსიამოვნო, ცუდი მოვლენის, რომლის გათვალისწინებაც შეიძლება. აგრეთვე გულისხმობს აღკვეთას, შეჩერებას რაღაცის რაც უკვე არსებობს და რომლის განჭვრეტაც შესაძლებელია. საქმე ეხება სიფრთხილის ზომებს, პროფილაქტიკას, ხშირად მედიცინას, რომელიც შეიძლება იყოს პრევენციული. ტერმინის სემანტიკური ასპექტი ნათლად აჩვენებს, რომ პრევენცია წარმოადგენს საზოგადოების პოზიციას ანტისოციალური ტენდენციებისა და ქცევის მქონე ინდივიდისადმი. ეს პოზიცია მიზნად ისახავს წინასწარი გამაფრთხილებელი ზომების მიღებას, რომელიც დაიცავს და გაუფრთხილდება საზოგადოების კონკრეტულ წევრს, როგორც ანტისოციალური ტენდენციების მქონე სუბიექტის პოტენციურ მსხვერპლს. მაგალითად მანდატურების ინსტიტუტი სკოლაში (რომელმაც შესაძლოა მართლაც შეამცირა ჩადენილი კრიმინალური აქტების რიცხვი) წარმოადგენს პრევენციულ ზომას, რომლის ზრუნვის ობიექტიც არის არა დამნაშავე, არა მოზარდი, რომელიც ატნისოციალურ ქცევას ანხორციელებს, არამედ საზოგადოება, საზოგადოების თითოეული წევრი, რომელიც ამ ქცევის მსხვერპლს შეიძლება წარმოადგენდეს. პრევენცია ზრუნავს სოციალური იდეალის ხელშეუხებლობაზე, რომელსაც კრიმინალი ძალადობრივი ფორმით ამსხვრევს და შოკში აგდებს საზოგადოებას, მაშინ როდესაც ფსიქოანალიზი მთლიანად მოწყვეტილია სოციო–პოლიტიკურ დისკურსს (პრევენციული ზომების მიღება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია, რომელმაც უნდა აღკვეთოს კრიმინალი, ხოლო კრიმინალის პიროვნებასთან საქმე მხოლოდ იურიდიულ ან სასამართლო ფსიქიატრიის ფარგლებში აქვს) და ორიენტირებულია კრიმინალის პიროვნებაზე, სუბიექტზე. ზრუნავს არა პარანოიკის მეზობელზე, არამედ ფსიქოზით დაავადებულ ინდივიდზე, რომლის მიერ განხორციელებული კრიმინალური აქტი აუცილებლად მოითხოვს ახსნას, გაგებას. ფსიქოანალიზს ანტისოციალური ქცევის მქონე ინდივიდისადმი არა აღმკვეთი ან პრევენციული არამედ ექსპლიკატორული და თერაპიული მიზნები ამოძრავებს.


პრევენციული ზომები, პრევენცია ფსიქოანალიზისთვის წარმოადგენს ფანტაზმს, რომელიც მომავლის საქმედ მიიჩნევს აღკვეთოს უკვე მომხდარი უბედურება. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ვისაუბროთ პრევენციაზე, მაგალითად მაშინ, როდესაც ბავშვს მომავალი კრიმინალისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომატური ქცევა აღენიშნება. ამ ქცევების რიგს განეკუთვნება გახანგრძლივებული ენურეზი 4,5,6 წილის ასაკში, ცხოველებისადმი სასტიკი დამოკიდებულება, პირომანიისადმი მიდრეკილება, წვრილმანი ქურდობა და ტყუილი (ეს ორი ხშირად განუყოფელ კავშირშია ერთმანენთთან). თუ ბავშვს აღენიშნება აღწერილი სიმპტომატიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფსიქიკური ნიადაგი ანტისოციალური ქცევისა და ნამდვილი კრიმინალის ფორმირებისათვის უკვე მომზადებულია. ე.ი. ის რაც პრევენციის მიზანს წარმოადგენს უკვე მოხდა და ფსიქოანალიზი ამ შემთხვევაში ნაცვლად პრევენციისა ანტისოციალური ტენდენციების მქონე ინდივიდის განკურნებაზე ან მის ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე ზრუნავს. მაშინ რა ასპექტში და რა დროს უნდა მოიხელთოს პრევენციულმა ზომებმა მომენტი, როდესაც ბავშვის ცხოვრებაში ფსიქიკური კატასტროფა ხდება? პრევენციული ზომების ინტერვენცია როდის არის საჭირო თუ ის მიზნად ისახავს აღკვეთას, გაფრთხილებას, პრევენციას. ის რაც წარმოადგენს პრევენციის ობიექტს უკვე მომხდარი ან ფორმირებული სახით ვლინდება. პრევენციაზე მაშინ საუბრობენ, როდესაც მოზარდებს შორის მკვლელობის შემზარავი აქტები განმეორებად სახეს იღებს და არღვევს სოციუმის სიმშვიდეს. პრევენციული ზომები საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც პათოლოგიური პროცესები სოციუმში, ოჯახში და კონკრეტულ სუბიექტთან დასრულებულ სახეს იღებს და წარმოადგენს საკმარის ფსიქიკურ საფუძველს იმ აქტის განხორციელებისათვის, რომელიც პრევენციამ უნდა აღკვეთოს. პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ანტისოციალური ქცევის მიზეზი და მნიშვნელობა არის გაგებული, რადგან ფსიქოანალიზში ანტისოციალური ქცევა წარმოადგენს გზავნილს საზოგადოებისთვის, რომელიც უნდა იყოს გაშიფრული, გაგებული. თუ კრიმინალური აქტის (განსაკუთრებით განმეორებადი კრიმინალური აქტების (მკვლელობის ფაქტები მოზარდებს შორის თბილისის საჯარო სკოლებში) ანალიზი და მნიშვნელობის, აგრეთვე „დანიშნულების“ (რადგან ის კარკვეული ფუნქციის სამსახურში დგას) სიღრმისეული გაგება არ მოხდა პრევენცია იღებს ფიქციის, საზოგადოებრივი ილუზიის სახეს: როგორ არის შესაძლებელი პრევენცია ქცევის, აქტის რომლის მნიშვნელობისა და წარმოშობის შესახებ (კონკრეტულ სოციო–კულტურულ სივრცეში) არაფერი ვიცით? განსხვავებით პოლიტიკური და სოციალური დისკურსისაგან, ფსიქოანალიზი ანტისოციალურ ტენდენციებს სუბიექტის დისკურსის ჭრილში განიხილავს, სუბიექტის, რომელიც არაცნობიერი ტენდენციების, არაცნობიერის გავლენას განიცდის. საზოგადოება ითხოვს პრევენციას (წინასწარ გაფრთხილებას, თავის არიდებას, აღკვეთას) ხოლო დამნაშავე შველას, გაგებას.



აქტუალობა

ანტისოციალური ქცევა ან კრიმინალური აქტი უნივერსალურ ფენომენს წარმოადგენს, რომელიც დამახასიათებელია ყველა ეპოქისა და ყველა დროის საზოგადოებისთვის. ფსიქოანალიზი კრიმინალს ფსიქოანალიტიკური ანთროპოლიგიის ჭრილში განიხილავს, როგორც მოვლენას, რომელიც არა მხოლოდ ფსიქოპათოლოგიისა და კლინიკური სივრცის, არამედ ისტორიის, ლიტერატურისა და მითოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სოფოკლეს ტრაგედია მეფე ოიდიპოსზე სწორედ ორ ფუნდამენტურ კრიმინალს გულისხმობს: მამის მკველობას და ინცესტს დედასთან. კრიმინალის ფორმირება ოჯახში ხდება, ხოლო ძალადობრივი ტენდენციების ფანტაზმატიკურ, წარმოსახვით ან რეალურ ობიექტებს დასაწყისისათვის სწორედ მშობლები და სხვა ოჯახის წევრები წარმოადგენენ. ანტისოციალური ტენდენციების, დანაშაულის განხორციელების არაცნობიერი სურვილის ან დესტრუქციული ფსიქიკური რეპრეზენტაციების „რაოდენობრივი“ ასპექტი სავარაუდოდ ყველა კულტურაში და სოციუმში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, თუმცა ერთი სოციუმი მეორისაგან შესაძლოა განსხვავდებოდეს რეალურად განხორციელებული კრიმინალური და ანტისოციალური აქტების სტატისტიკით. კრიმინალური სტატისტიკა ამ განსხვავებებს მაქსიმალური სიზუსტით აღწერს. გარდა განხორციელებული აქტების რაოდენობისა ერთი საზოგადოება მეორისაგან შეიძლება განსხვავდებოდეს ჩადენილი დანაშაულის ბუნებით. განსხვავება შესაძლოა არსებობდეს დანაშაულის განხორციელების ფორმის დონეზეც, რაც კრიმინალური აქტების კონკრეტული სოციუმისათვის დამახასიათებელ ესთეთიკაზე მიუთითებს.


საქართველოში ანტისოციალური ქცევის, როგორც სოციო–კულტურული და ფსიქიკური ფენომენის აქტუალობა განსაკუთრებით დიდია, თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ რეალობას, რომლის ფარგლებშიც მოზარდისა და მისი მშობლების სოციალიზაცია წარმოებდა. აკრძალვების სისტემის, კონკრეტულ სოციუმში მოქმედი წესებისა და კანონების ინტერიორიზაცია პირველადი ბავშვობის დროს დაბადებიდან 6–7 წლამდე ოჯახის ფარგლებში მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის დროს არის შესაძლებელი. მშობლებთან იდენტიფიკაცია ზე მეს, როგორც შიდაფსიქიკური ინსტანციის ფორმირების საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში ინდივიდის გარემოსთან ურთიერთობის მორალური რეგულაციის ფუნქციას ასრულებს. ოიდიპალური იდენტიფიკაციისა და აკრძალვების გაშინაგნების ფსიქიკური აუცილებლობის განხილვა აღნიშნული სტატიის ფარგლებს სცდება, რადგან წარმოადგენს ფსიქოანალიზის ერთ–ერთ რთულ თეორიულ კონსტრუქტს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მშობლებთან იდენტიფიკაცია გულისხმობს არა მშობლების მე–ს, არამედ მშობლების ზე–მეს, ანუ მშობლების მორალურ ფსიქიკურ ინსტანციას, რომელიც შეიცავს არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ, კონკრეტული ეთნოსისათვის დამახასიათებელ ეთიკურ სისტემას. ე.ი. ბავშვი იდენტიფიცირდება მშობლების ზე მესთან, ხოლო ეს უკანასკნელი წარმოადგენს იმ საზოგადოებისათვის დამახასიათებელი აკრძალვებისა და იდეალების ფსიქიკურ რეპრეზენტაციას, რომელშიც მოხდა კიდეც მშობლების ზე–მეს ფორმირება. კულტურული ტრანსმისია, ე.ი. საზოგადოებაში ცხოვრების წესების, აკრძალვებისა და იდეალების გადაცემა ძველი თაობიდან ახალ თაობაზე სწორედ იდენტიფიკაციისა და მამის ფუნქციის წყალობით არის შესაძლებელი. ანტისოციალური ქცევის, როგორც კომპლექსური პრობლემის აქტუალობის ერთ–ერთ განმაპირობებელ ფაქტორს საქართველოში წარმოადგენს სწორედ მშობლებისაგან იდენტიფიკაციისა და ტრანსმისიის გზით მიღებული ღირებულებათა სისტემის, აკრძალვებისა და სოციალური ნორმის კონფლიქტი ამჟამინდელ სოციო–კულტურულ რეალობსათან, რომელიც არის არა ახალი აკრძალვებისა და ნორმატიული ეთიკის გამოხატულება, არამედ ამ აკრძალვების, წესებისა და იდეალების დეფიციტის, ხშირად მათი არარსებობის მაგალითი. ე.ი. მოზარდის ან ზრდასრული ინდივიდის ზე მე იმყოფება კონფლიქტში არა ლტოლვითი ბუნების არაცნობიერ ტენდენციებთან, არამედ აქტუალურ გარემოსთან, რომელში ცხოვრებაც უწევს მას. შედეგად ნაცვლად ნევროტიზაციისა ფსიქიკური ცხოვრების პარანოიზაცია ხდება, რაც გზას უხსნის პროექციული მექანიზმების პათოლოგიურ მუშაობას, სიძულვილისა და დესტრუქციული ფსიქიკური რეპრეზენტაციების ექსტერიორიზაციას და მის აღსრულებას აქტის დონეზე. რეალობა ხდება დესტრუქციული ელემენტებით გაჯერებული.


ანტისოციალური ქცევა, როგორც პათოლოგიური ან ანომალიური ზე მეს აქტივობის შედეგი დაკავშირებულია საქართველოში მომხდარ ისეთ სოციო–პოლიტიკურ მოვლენებთან, რომლებსაც ერთი შეხედვით არ აქვს კავშირი კრიმინალთან ზოგადად. შევეცდებით განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მამის ადგილთან და მის ფუნქციასთან საზოგადოებაში, საბჭოთა კავშირის ნგრევასთან და რელიგიის როლთან თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. რადგან ანტისოციალური ქცევა განუყოფელ კავშირშია კანონთან, შესაბამისად ის დაკავშირებულია მამასთან ან მის რეპრეზენტაციებთან, რელიგისათან და სახელმწიფოსთან, შესაბამისად პოლიტიკასთან.


საბჭოთა კავშირის ნგრევა და მისი ფსიქოლოგიური შედეგები

საქართველოში მოზარდთა შორის გახშირებული კრიმინალი და ძალადობა ცხადია ახსნას მოითხოვს. ფსიქოლოგი კლინიკაში პაციანტთან პირველი კონსულტაციის დროს რეალობისადმი გარკვეული ერთგულებით გამოირჩევა. იქამდე ვიდრე ის პაციენტის ფანტაზმატიკური ცხოვრების გამოკვლევას დაიწყებდეს, იქამდე ვიდრე მისთვის ფსიქიკური რეალობა გახდებოდეს მნიშვნელოვანი, ის ყოველთვის ინტერესდება ისტორიით, პაციენტის მონათხრობით რეალურად მომხდარი მოვლენების შესახებ. საწყის ეტაპზე ფსიქოლოგი ინტერესდება მოვლენებით, რომლებიც შესაძლოა წინ უძღვოდა სიმპტომის ფორმირებას, შფოთვის ინტენსივობის ზრდას, დაავადების ნამდვილ მანიფესტაციას. თუ ფსიქოტიკს ეხება საქმე ის (ფსიქოლოგი) ეძებს მოვლენას, რომელიც შეიძლება იქნეს მიჩნეული ფსიქოზის ჩამრთველ ფაქტორად. მოკლედ რომ ვთქვათ ის მატრავმირებელ მოვლენას, როგორც ჩამრთველ მოვლენას ეძებს. ზოგჯერ ასეთი მოვლენის პოვნა სრულიად არ წარმოადგენს სირთულეს, მაგალითად ტრვმატული ნევროზის დროს, თუმცა კლინიკაში ყოველთვის ეს ასე არ ხდება.

როდესაც მასის ფსიქოლოგიას ეხება საქმე, განსაკუთრებით კი ანტისოციალურ ქცევას, რომელიც როგორც ფსიქიკურ, ასევე სოციალურ ასპექტებს აერთიანებს არ იქნებოდა ზედმეტი ამ შემთხვევაშიც გვეკითხა თუ რა მოვლენები უძღვოდა წინ საზოგადოების გარკვეული ნაწილის დემორალიზაციას, ე.ი. ზე მე–ს ფუნქციის მოშლას ან ზე მეს პათოლოგიებს. განსხვავებით კლინიკისაგან, ჩვენს შემთხვევაში, მოვლენა რომელსაც შეიძლება ქონოდა მატრავმირებელი ძალა არ არის რთულად აღმოსაჩენი. ამ მოვლენას ჩემი აზრით, წარმოადგენს საბჭოთა კავშირის, როგორც გიგანტური იდეოლოგიური სისტემის ნგრევა. საბჭოთა კავშირის როგორც იდეოლოგიური და სოციო–კულტურული სისტემის ნგრევამ მატრავმირებელი მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის.


საბჭოთა კავშირის როგორც ეპოქის დასასრული არა ერთი არამედ რამოდენიმე მოვლენით არის აღნიშნული. უპირველეს ყოვლისა ეს იყო იდეალების დაღუპვა ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ იდეოლოგიის, როგორც რწმენებისა და დოქტრინალური სისტემის მოშლა.

ილუზიებმა განიცადეს ნგრევა, რამაც მატრავმირებელი გავლენა იქონია მასის ფსიქიკურ ცხოვრებაზე. „პერესტროიკა“ არ გულისხმობდა გარდამავალ პასაჟს ორ ერთმანეთისაგან განსხვავებულ დროსა და ეპოქას შორის. ილუზიებისა და რწმენების დესტრუქცია მატრავმირებლად მოკლე დროში განხორციელდა. რადიკალური ცვლილებები მასის სოციო–კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არ წარმოადგენდა ამ მაისი მიერ ორგანიზებული, პროვოცირებული გადტრიალების შედეგს და შესაბამისად არ პასუხობდა კოლექტიურ სურვილს, რომელსაც ნამდვილი რევოლუციის დროს შეიძლება ქონოდა ადგილი. ცვლილებებმა, რომლებმაც მოშალა საბჭოთა სოციო–კულტურული წესრიგი მასის ფსიქიკურ ცხოვრებაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, ვერ ჩაეწერა ფსიქიკაში, როგორც მოვლენა, რომლის რეპრეზენტაციაც არის შესაძლებელი, შედეგად ვერ გახდა ერის ისტორიის ნაწილი და შეიძინა მატრავმირებელი მოვლენისათვის დამახასიათებელი მუდმივი ფსიქიკური აქტუალობის თვისება. საქმე ეხება ორ განსხვავებულ დროსა და ეპოქას შორის მატრავმირებელ წყვეტას, რომელიც რადგანაც არ პასუხობდა მასის რეალურ სურვილს, ფსიქიკურ აქტუალობას დღემდე არ კარგავს. საბჭოთა კავშირის ნგრევა, როგორც მოვლენა არ განიცდის სიმბოლიზაციას, ისევე როგორც ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ და ისტორიულ გააზრებას ჩვენს ქვეყანაში. ნგრევის ფსიქო–სოციალურ შედეგებზე საუბარს ამჯობინებენ მისი ეთიკური ასპექტების განხილვას. ფსიქიკური კავშირი წარსულსა და მომავალს შორის ახალმა და მასისათვის გაუგებარმა წესრიგმა თუ უწესრიგობამ გაწყვიტა, რამაც იდენტობის პრობლემა წარმოშვა, რომელიც არის სუბიექტის დროში იგივეობის განცდის მუდმივობა. „პერესტროიკა“ არ წარმოადგენდა რევოლუციას, როდესაც ახალი იდეალების სახელით ლახავენ ძველს, როდესაც მასა ფსიქიკურად მეტ–ნაკლებად მზად არის აიტანოს და გაუძლოს ძველი წესრიგის ნგრევას. საბჭოთა კავშირის ნგრევის საქმეში მასის როლი უკიდურესად პასიური და უმნიშვნელო იყო. დღემდე ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი დაშალა არა ხალხმა, არამედ გორბაჩოვმა, შევარდნაძემ, ამერიკამ და ა.შ. აღნიშნული ძირეული ცვლილებების მიზეზს არაფერი აქვს საერთო მასის დიდი ნაწილის სურვილთან, პირიქით კოლექტივი არა პერესტროიკის სუბიექტი, არამედ მისი ობიექტი აღმოჩნდა, რომელმაც პასიური ფსიქიკური პოზიციისათვის დამახასიათებელ მატრავმირებელ პირობებში განიცადა პერესტროიკასთან დაკავშირებული ყველა ცვლილება. საზოგადოების დიდი ნაწილი პერესტროიკის აქტიური მონაწილე არ ყოფილა. კანონმა პერესტროიკის შემდეგ დაკარგა ფსიქიკური რეგულატორისა და ორგანიზატორის ფუნქცია რადგანაც ახალ რეალობასთან მიმართებაში მისი ლეგალურობა დადგა ეჭვ ქვეშ.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ სოციალისტურ ქვეყნებში რელიგიური პრაქტიკა ხდება აკრძალული, კომუნისტები ანგრევენ ეკლესიებს, დევნიან სასულიერო პირებს, თუმცა ამავე დროს აქტიურად ქმნიან ახალ იდეალებს, ქმნიან ახალ ხელოვნურ მასას, ახალი იდეალებით, დოგმებით, იდეოლოგიური სისტემითა და აკრძალვებით. მთელი 70 წლის მანძილზე იდეალები ხშირად იცვლება, თუმცა იდეოლოგია რჩება უცვლელი, როგორც გარკვეული პრიორიტეტებისა და აკრძალვების სისტემა. რელიგიურ ადამიანს ცვლის საბჭოთა ადამიანის იდეა. სიტყვა „ქრისტიქნულს“ ცვლის სიტყვა „საბჭოთა“, რომელიც თავის მხრივ საკმაოდ კომპლექსურია და ინარჩუნებს ყველა იმ თვისებას, რომელიც ახასიათებს დიდ სოციალურ ინსტიტუციებს ამ სიტყვის ფროიდისეული გაგებით. ამით იმის თქმა მსურს, რომ კომუნისტების მიერ ფორმირებულ ხელოვნურ მასასაც გააჩნია ყველა ის სტრუქტურული ელემენტი, რომელიც რელიგიურ მასას გააჩნდა კომუნისტებამდე (ტერმინ მასის ფსიქოანალიტიკური გაგებით). თუმცა ცხადია ღმერთის, როგორც იდეალის ხატი მხედველობაში მისაღებ ცვლილებას განიცდის. კომუნისტებისათვის მთავარ იდეალს წარმოადგენს ლენინი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ იმარხება, ინახება მავზოლეუმში, რათა ხალხმა შეძლოს თავისი იდეალის ნახვა, თვალის შევლება განსხვავებით ღვთაებისაგან, რომელიც არის უხილავი და შესაბამისად სიმბოლური მნიშვნელობის მქონე იდეალი. ლენინი დაუმარხავი იდეალია, ინარჩუნებს თავის ფიზიკურ, მატერიალურ ასპექტებს, არ არის მოკლული და დამარხული, არ განიცდის ე.წ. დასაფლავების მუშაობას (Le travaille de sépulture), რომელიც გლოვის მუშაობის ნორმალურ ფსიქიკურ დასასრულს უნდა უწყობდეს ხელს. სტალინი კვდება და იმარხება, მაგრამ კომუნისტები ცდილობენ ლენინის სხეული შეინარჩუნონ მაქსიმალურად ცოცხალი სახით, როგორც ერთგავრი პრიმიტიული, ველური ღმერთი, ველური მამის ხატი. საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ პოსტ–საბჭოთა ქვეყნებში სრულიად განსახვავებული ვითარება სუფევს. გადატრიალებები მასის სოციო–ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთი სართო სოციოლოგიური ტერმინის „პერესტროიკის“ ქვეშე ერთიანდება. პერესტროიკა არ არის ბოლშევიკური რევოლუცია, რომელიც მამის ფიგურას, მეფეს და მის ოჯახს კლავს და თვითონ იკავებს მის ადგილს. პერესტროიკა, როგორც პოლიტიკური წყობის რადიკალური ცვლა გამოირჩევა იმით, რომ ის არაფერს არ სთავაზობს ხალხს, რაც მთავარია არ გულისხმობს არც იდეოლოგიურ სისტემებს, არც მიზანს თავის თავში და არც იდეალებს (განსხვავებით ბოლშევიკებისაგან, რომლებმაც მაქსიმალურად სწრაფად აღმართეს ახალი იდეალები, რომელბსაც რელიგიური იდეალი, მონოთეისტური ღმერთი უნდა ჩაენაცვლებინათ). პერესტროიკის მსხვერპლს კი წარმოადგენს ხალხები, რომლებიც პერვერტული ბუნების იდეალებისა და იდეოლოგიის სრულ დაქვემდებარებაში ცხოვრობდნენ ათწლეულების განმავლობაში, ხოლო პერესტროიკის შემდეგ სრული სიცარიელის წინაშე აღმოჩნდნენ. სიტყვა სიცარიელეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგანაც პერესტროიკა იყო სტიქიური სახის ნგრევა, რომელიც თავის თავში მიზანს არ გულისხმობდა და არც მომავლის კატეგორიას. პერესტროიკა ტრავმატიზმს მსურს დავუკავშირო რადგანაც ეს იყო შემთხვევითი ნგრევა. სწორედ პერესტროიკის შემთხვევითი ბუნება ქმნის მისგან მატრავმირებელი ძალის მქონე მოვლენას. ამრიგად, პერესტროიკა განსხვავებით რევოლუციისაგან, ხალხს არაფერს არ სთვაზობს არც იდეოლოგიის, არც იდეალებს. პოსტ საბჭოთა ქვეყნები იწყებენ ცხოვრებას მატრავმირებელ და არასიმბოლიზირებად სიცარიელეში. განადგურებული იდეალების ადგილი სიცარიელემ დაიკავა. თავს ნებას დავრთავ გამოვიყენო შემდეგი შედარება: ბოლშევიკებმა ერებს წაართვეს რელიგია, ღმერთი, როგორც იდეალი, ისევე როგორც ბავშვი შეიძლება მოწყვიტონ დედის მკერდს, მოუკლან ნამდვილი დედა, მაგრამ სანაცვლოდ შესთავაზონ საწოვარა და ძიძა, რომელიც მას იხსნის გამანადგურებელი ფსიქოტური შფოთვისაგან, მაშინ როდესაც პერესტროიკის შემდეგ ერებმა ეს საწოვარაც და სუროგატი დედის ფიგურაც დაკარგეს (ხელოვნური ღმერთი, ლენინი დაიმარხა, მაგრამ მისი ადგილი არც ცოცხალ და არც მკვდარ იდეალს, არც ხილულ და არც უხილავ იდეალს აღარ დაუკავებია, დამარხული ლენინის ადგილმა შექმნა სიცარიელე პერესტროიკის შემდეგ) სანაცვლოდ კი მასას არაფერი მიუღია, რის გამოც მოვლენამ მატრავმირებელი ძალა შეიძინა. პერესტროიკა განსხვავებით რევოლუციისაგან არ გულისხმობდა მასის მიერ საკუთარი იდეალების დესტრუქციას, ეს არ იყო გამოცდილება, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს იერიშს იდეალზე, მამის ფიგურაზე, ეს იყო იდეალის დაკარგვის გამოცდილება და არა მისი ძალადობრივი ფორმით გზიდან ჩამოცილების. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მასა (პერესტროიკის შემდეგ) მამის მკვლელი კი არ არის, არამედ დაობლებულია, წარმოადგენს მასას, რომელმაც მამა კი არ მოკლა (როგორც ეს ბოლშევიკებმა გააკეთეს), არამედ დაკარგა, მამა დაკარგა. სწორედ მამის ფიგურის უეცარი დაკარგვის და არა მისი მოკვლის გამოცდილება წარმოადგენს მატრავმირებელ მოვლენას, რომელმაც მამის კანონს, როგორც ფსიქიკური და ლტოლვითი ცხოვრების ორგანიზატორის ფუნქციის მუშაობას შეუქმნა საფრთხე.


აქ მსურს მოკლედ შევეხო მასის ერთგვარ ფსიქო–აფექტურ დინამიკას, რომელიც პერესტროიკის შემდეგ ცხადად დაიკვირვებოდა. უშუალოდ პერესტროიკის დროს და პერესტროიკის შემდეგ მასა განიცდის გარკვეულ მანიაკალურ მდგომარეობას, უმრავლესობას აქვს ტრიუმფის განცდა და ერთგვარ აფექტურ განმუხრუჭებას განიცდის (désinhibition affective maniaque) რაც შედეგად საზოგადოებაში ქაოსისა და დეზორგანიზაციის მიზეზი ხდება. მასა საბჭოური რეალობის ნგრევას ზეიმობს და სასწრაფოდ აღმართავს იდეალს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახით, რომლის პათოლოგიურ და მასიურ ინვესტიციასაც ეწევა. პოსტსაბჭოური ეპოქის მეორე ფაზა ხასიათდება ერთგვარი სიჩუმით, სიმშვიდით. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ფაზა, რომელიც ჩემი აზრით, მიახლოებით 1997–1998 წლებამდე გრძელდება და რომლის დროსაც მოსახლეობა რეალობისადმი მელანქოლიური პოზიციით გამოირჩევა (position mélancolique), მომავალი ხდება წარმოუდგენელი. მეორე ფაზა გრძელდება ზოგიერთი პათოლოგიური დაცვის მექანიზმისა ანომალიის წარმოშობამდე, რომლებიც სოციალური და ფსიქიკური ცხოვრების სცენაზე ავლენენ თავს. მოცემული ნაშრომი არ ეძღვნება პერესტროიკის ფსიქოპათოლოგიას, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ პერესტროიკამ მნიშვნელოვნად დააზარალა ინდივიდის კანონთან და აკრძალვათა სისტემასთან ნორმალური ურთიერთობა, რასაც პოსტსაბჭოთა საქართველოში უკიდურესად გახშირებული კრიმინალიც მოწმობდა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ მოზარდები და ახალი თაობა ზოგადად, ისინი ვინც დღეს წარმოადგენენ პრევენციული ზომების ობიექტს და განასახიერებენ ანტისოციალური ქცევის რისკ ჯგუფს, არიან შვილები მშობლებისა, რომლებიც ზემოთ აღწერილი მატრავმირებელი მოვლენების უშუალო ობიექტბი იყვნენ.

კანონის სხვადასხვა ვერსია არსებობს, რომელიც ფსიქოანალიზში მამის კანონისა და აკრძალვის ტერმინის ქვეშ ერთიანდება. საქართველოში დესტრუქციული პროცესების შემდეგ (პერესტროიკა, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთში და ოსეთში) ინტერიორიზებული, გაშინაგნებული კანონის ადგილს იკავებს რელიგიური კანონი, რომელიც სიძულვილის ფსიქიკური გადამუშავებისა და სიმბოლიზაციის შინაგანი მექანიზმის მოშლით გამოწვეული დეფიციტის ხელოვნურად (გარედან) შევსების ფუნქციას იძენს. სახელმწიფო კანონი და რელიგიური კანონი მთავრობასა და ეკლესიას შორის გამოუთქმელ, ფარულ დაძაბულებას ქმნის, რომელიც სვამს კითხვას: რომელი მათგანი ფლობს საზოგადოების ფსიქო სოციალური და კულტურული ცხოვრების ორგანიზების უფლებას? პოლიცია თუ ეკლესია? მანდატური სკოლაში თუ მოძღვარი ეკლესიაში? რომლის კანონია უფრო ლეგალური და აგრეთვე გავლენიანი ახალი თაობის ფსიქიკური და სულიერი აღზრდის საქმეში? ეს კითხვა ისმება მთავრობასა და ეკლესიას შორის, მაშინ როდესაც მას პათოლოგიური შედეგები აქვს მოზარდის ან ბავშვის ფსიქიკური ცხოვრების დონეზე. საქმე ეხება არა რწმენას, რომელსაც დადებითი გავლენა შეიძლება ქონდეს ბავშვზე ან მოზარდზე, არამედ გავლენას, ძალაუფლებას და ამ ძალაუფლებისათვის ბრძოლას, შესაბამისად ზემოთ აღნიშნული დაპირისპირება დესტრუქციულ ელემენტებს შეიცავს და არაფერს არ სთავაზობს ახალ თაობას, თუ არ ჩავთვლით პერესტროიკით გამოთავისუფლებულ ცარიელ ადგილზე აღმოცენებულ ღირებულებათა ორად გახლეჩილ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ მუტაციურ სისტემას, რომელიც ახლად შექმნილი საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო ეს უკანასკნელი ღირებულებათა სისტემის სასწრაფო წესით, ხელოვნურად შექმნის საჭიროებას განიცდის. მასის დამოკიდებულება როგორც რელიგიის, ასევე სახელმწიფოს კანონის მიმართ სტიქიურია და მთლიანად დაქვემდებარებული ე.წ. პირველად არაცნობიერ პროცესებსა და სიამოვნების პრინციპს. შედეგად კანონი ინდივიდთან დესტრუქციული ტენდენციების რეგულაციის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, რადგანაც მისი გაშინაგნება შეუძლებელი ხდება. ოჯახში მამის ფუქნციისა და მისი ადგილის დაკარგვამ, მამის დეპრესიამ და ფსიქოსოციალური თვითეფექტურობის განცდის დაქვეითებამ (მამის კასტრაციამ) ბავშვის აღზრდისა და სოციალიზაციის საქმეში დედის ფიგურის პათოლოგიური აქტივაცია გამოიწვია. ბავშვი დარჩა დედის სურვილის ობიექტი, მისი სხეულისა და ფალიკური იდეალის ნაწილი, გაგრძელება, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებას შეუერთდა როგორც ნარცისტული პიროვნება, რომელიც უარყოფს სხვას, სხვის უფლებებს, სხვის უსაფრთხოებას, ტკივილს (ისევე როგორც კრიმინალი), რომელსაც არ გააჩნია ნორმალური აფექტური რეაქცია სხვისი გაჭირვებისა და ტანჯვის მიმართ, რომელიც ექვემდებარება არა მამის კანონს, არამედ საკუთარი სურვილისაგან ქმნის კანონს და მოქმედებს ამ სურვილის კარნახით. პრიმიტიული და არქაული ტენდენციების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ნარცისტული რისხვის პროექციისათვის ობიექტს ეძებს. ფრუსტრაცია წარმოადგენს გამანადგურებელ გამოცდილებას და თვითდესტრუქციის ან სხვისი დესტრუქციის მიზეზი ხდება. საქართველოში კლინიკური პრაქტიკა ბავშვთა ფსიქოანალიზში ყოვლისშემძლე დედის როლისა და ადგილის ჰიპერტროფიაზე მიუთითებს. ყალიბდება ე.წ. დედობრივი, პრიმიტიული ზე–მე, რომელიც პრიმორდიალური დესტრქუციულობისა და არქაული სიძულვილის ელემენტებით არის გაჯერებული და წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის ერთ–ერთ ძირითად ფსიქიკურ დეტერმინატს. მამასთან იდენტიფიკაციასა და ოიდიპალური ზე მეს ფორმირებას დედობრივი წესრიგი ანაცვლებს, რომელიც ქმნის დიადას დედა–შვილი, ჰერმეტიზმს, ჩაკეტილ სისტემას, საიდანაც მამის და შესაბამისად მესამის მასტრუქტურირებელი სიმბოლური ფუნქცია გამორიცხულია. დედობრივი სიყვარული და ბავშვის, როგორც ობიექტის უკიდურესი ეროტიზაცია მამის კასტრაციასა და აღმზრდელობითი პროცესებიდან მის უხეშ გამოთიშვას ეწევა.


ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით გამოწვეული მშობლების დეპრესია (რომელიც პირველადი ბავშვობის ასაკში მშობლებთან აფექტურ ურთიერთობებს უკიდურესად აზარალებს), დაკარგული იდეალებისა და საზოგადოებაში დაკარგული ადგილის გლოვა, (რომელიც ხშირად გლოვის პროცესის ალკოლიზაციას იწვევს), ქრონიკული დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობა ფსიქოფიზიკური და სოციალური ცხოვრების ყველა დონეზე, ოჯახური კონფლიქტები და ძალადობა ოჯახში იმ ძირითადი მიზეზების ნუსხას ქმნის, რომლებიც ანტისოციალური ქცევისა და კრიმინალური პიროვნების ჩამოყალიბებაში იღებენ მონაწილეობას. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა, თუ რა წარმოადგენს ფსიქო–სოციალური პრევენციის ობიექტს? ანტისოციალური ქცევა მხოლოდ მატერიალური გამოვლინებაა შიდაფსიქიკური მიზეზობრიობის. პრევენციული ზომების ობიექტი უნდა იყოს არა ქცევა თავისთავად არამედ ამ ქცვის განმაპირობებელი მიზეზები, რომლებიც უკიდურესად კომპლექსური ბუნების არის ჩვენს კულტურაში და სირთულით ბევრად აღემატება კონკრეტული ქცევის სტრუქტურას.


ანტისოციალური ქცევა, კრიმინალი, დანაშაული და სასჯელი თანამედროვე ქართული რეალობისათვის უკიდურესად აქტუალურ საკითხებს წარმოადგენს თუნდაც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ათწლეულების განმავლობაში საზოგადოების დიდი ნაწილის ცხოვრება რეგულირებული იყო ქურდული კანონით. ქურდიული სამყარო წარმოადგენს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, რომლის ანალიზისა და გაგების გარეშეც ალბათ შეუძლებელია განისაზღვროს პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოქალაქის დამოკიდებულება ზოგადად კანონთან, კრიმინალთან და ა.შ. იტალიური მაფია განსხვავებით ქურდული სამყაროსაგან არასდროს წარმოადგენდა საზოგადოების იდეალს და მოზარდთა იდენტიფიკაციის ძირითად ღერძსა და ეტალონს. მაფიის კანონები ლეგალური იყო მაფიის წევრებისათვის და არა საზოგადოებისთვის მთლიანად. ქურდული ინსტიტუტისადმი მკვლევართა დაქვეითებული ინტერესი შეუძლებელს ხდის გავიგოთ პარადოქსის ბუნება, რომელიც გამოიხატება შემდეგში: თუ კრიმინალი გულისხმობს კანონდარღვევას, კანონსაწინააღმდეგო აქტს და ასევე შინაგანი კანონის დეფიციტს, თუ კრიმინალი თავს ესხმის და ამსხვრევს კანონს, როგორ არის შესაძლებელი, რომ ის ამავე დროს ქმნიდეს კიდეც მას და ე.წ. ქურდულ კანონს უქვემდებარებდეს ადამიანებს შორის ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, ქონების განაწილებასთან დაკავშირებული დავების მოგვარებას და ა.შ. როგორ არის შესაძლებელი, რომ კრიმინალი ქმნიდეს საზოგადოებაში კანონს, ხოლო კრიმინალის ფიგურა საზოგადოებრივი იდეალის ადგილს იკავებდეს? ქურდული კანონი საზოგადოების ზე–მეს სტრუქტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქურდული კანონი კრიმინალის დაკანონებას ისახავდა მიზნად. ე.ი. ჩვენ ანტისოციალური ქცევის პრევენციის აქტუალობაზე უნდა ვისაუბროდ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ათწლეულების განმავლობაში კრიმინალური აქტი ლეგალიზებულ ფენომენს წარმოადგენდა და ქმნიდა მისთვის დამახასიათებელ, სრულიად სპეციფიურ სიმბოლიკას, სრულიად სპეციფიურ, ხშირად სიმბოლური მნიშვნელობის ენას, ინიციაციისა და აღიარების რიტუალებს, ისევე როგორც დასჯისა და განაჩენის ეგზეკუციის მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოსა და წესებს და ა.შ.


აქედან გამომდინარე ნათელია, რომ საქართველოში ადგილი აქვს კანონებისა და შესაბამისად მამის განსხვავებული ვერსიების (ფიგურების) აღრევას. ეს აღრევა ხშირად უკიდურეს ფორმებს იღებდა, რის მაგალითსაც წარმოადგენდა ქურდების მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაახლოების მცდელობები, ქურდული კანონის კიდევ უფრო მეტად ლეგალიზაციის მიზნით. ე.ი. ქურდის ინსტიტუტი, როგორც მაღალორგანიზებული და სტრუქტურირებული მასის პერვერტული ვერსია სახელმწიფო კანონს წარმოაჩენდა როგორც რაღაც ძაღლურს, ხოლო ქურდულ კანონს, როგორც ღმერთთან წილნაყარს. ამ მცდელობას, ასე ვთქვათ საზოგადოების არაქურდული თუმცა ქურდებისადმი ტოლერანტულად განწყობილი მასა, ზურგს უმაგრებდა. უკიდურესად მნიშვნელოვანია იმის გაგება თუ რა ასპექტში გადაკვეთდა ერთმანეთს ეკლესია და ქურდული სამყარო (ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, კოლექტივისთვის), რა იყო გადაკვეთის საერთო წერტილი, გადაბმის ადგილი და ის თუ ქურდული ინსტიტუტის მოსპობამ რა შეცვალა მასის რელიგიისა და ეკლესიისადმი დამოკიდებულებაში, ასევე განიცადა თუ არა ცვლილება მრევლის რაოდენობამ? ანტისოციალური ქცევა, როგორც აქტუალური პრობლემა სვამს კითხვას სწორედ კანონთან დაკავშირებით: რომელი კანონი უნდა გადასცეს მამამ შვილს იდენტიფიკაციისა და კულტურიული ტრანსმისიის გზით იმისათვის, რომ გაშინაგნებული აკრძალვა ასახავდეს სოციო–კულტურულ რეალობას, რომელშიც მოუწევს ცხოვრება ბავშვსა და მოზარდს? რა ნორმატიულ ეთიკას უნდა ეფუძნებოდეს ოჯახში და შემდეგ აღმზრდელობით–საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინდივიდის სოციალიზაცია იმისათვის, რომ ცხოვრება კოლექტივში მისთვის არ იყოს რთული და ბავშვი ანტისოციალურ ქცევას არ აფარებდეს თავს?


ჰიპოთეზა

ფსიქოანალიტიკური თეორიები ანტისოციალური ქცევისა და ანტისოციალური პიროვნების შესახებ განსხვავდება იმის მიხედვით თუ ფსიქოანალიზის განვითარების რა ეტაპებზე იქმნებოდა ისინი და რომელი ფსიქოანალიტიკური სკოლის ფარგლებში. მოცემულ თავში, რომელსაც ქვია ჰიპოთეზა, მოკლედ განვიხილავთ ფსიქოანალიზის საწყის კლასიკურ პოზიციას ანტისოციალური ქცევის კლინიკური და თეორიული პრობლემისადმი. პირველი თეორიული კონსტრუქტი დანაშაულის შესახებ იყო აგებული ნევროტული სტრუქტურის მქონე პაციენტებთან კლინიკური მუშაობის დროს მიღებულ გამოცდილებაზე და ანტისოციალური ქცევის ახსნას პიროვნების სტრუქტურისა და დინამიკის კლასიკური, ნევროტული მოდელით ცდილობდა. ისეთი კონცეპტები, როგორიც არის ბრალის გრძნობა, დასჯისა და აღიარების (დანაშაულის აღიარების)[2] ნევროტული მოთხოვნილება და ზე–მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ფსიქოანალიტიკური „კრიმინოლოგიის“ განვითარების პირველ ეტაპებზე.


ძველი თაობის ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი ანჯელო ჰესნერი[3] ნაშრომში „დანაშაულის ფსიქოლოგია“ აღწერს ანტისოციალური ქცევის, დესტრუქციული ტენდენციების ფსიქოდინამიკას პიროვნების სტრუქტურის სამი ძირითადი შემადგენელი ნაწილის ურთიერთქმედების კონტექსტში. ერთის მხრივ გვაქვს არაცნობიერი და ლტოლვითი ბუნების ტენდენციები, ხოლო მეორეს მხრივ მე, რომელიც ფლობს ლტოლვების შეკავების, განდევნის ან მათი სუბლიმაციის შესაძლებლობას. მეს ფუქნციას წარმოადგენს ლტოლვების რეალურ აქტებად, ქცევად გარდაქმნის აღკვეთა[4]. არაცნობიერისა და მე–ს გარდა, ფსიქიკური სტრუქტურის მესამე მნიშვნელოვანი და ძალაუფლების მქონე ინსტანცია ზე–მე, მეს ლტოლვებთან დამოკიდებულების მორალურ კონტროლს ანხორციელებს, სელექციურ მუშაობას ეწევა და აიძულებს მას განდევნოს ზოგიერთი ლტოლვა თუ რეპრეზენტაცია ან მორალურად მისაღები ფორმით მოახდინოს მისი დაკმაყოფილება. აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნორმალურმა ადამიანმა, რომელის სოციალიზაციის პროდუქტსაც წარმოადგენს ნორმალური ზე–მე, შეიძინა სოციალურ რეალობასთან ადაპტაციის მარტივი უნარი, რადგან ზე მე თავისუფლად კრძალავდა, აფერხებდა დესტრუქციული ტენდენციებისა და კრიმინალისათვის დამახასიათებელი ანტისოციალური ქცევების განხორციელებას. ზე მეს, როგორც შიდაფსიქიკური მექანიზმის ფუნქციონირების მოშლის შედეგად ანტისოციალური ტენდენციების შეკავების ფუქნციას გარე ძალები იძენენ. ნაცვლად ბრალის გრძნობისა აგრესიული ლტოლვების ინიბიციაში მონაწილეობს დასჯის, სასჯელის შიში, რომელიც გარემოდან იღებს სათავეს.


პირველი თაობის უნგრელი ფსიქოანალიტიკოსი და ფროიდის ერთ–ერთი ერთგული მოსწავლე შანდორ ფერენცი სტატიაში „ფსიქოანალიზი და კრიმინოლოგია“[5] აღწერს ფსიქოანალიზის კლასიკურ თეორიულ პოზიციას ანტისოციალური ქცევის შესახებ, რომელსაც აქ მოკლედ განვიხილავთ.


ფერენცისათვის არ არსებობს განსაკუთრებული ტენდენცია, მიდრეკილება კრიმინალისადმი, რომელიც ანტისოციალური ქცევის მქონე ინდივიდს კანონმორჩილი ნევროტიკისაგან შეიძლება განასხვავებდეს. ლტოლვითი ბუნების დესტრუქციული ტენდენციები წარმოადგენს საერთო მახასიათებელს ყველა ინდივიდისთვის, რომელიც არაცნობიერი ფსიქიკურის გავლენას განიცდის. ე.ი. ფსიქოანალიზი უარყოფს კრიმინალური ქცევის ბიოლოგიური და თანდაყოლილი ფაქტორებით ახსნის მცდელობებს, რომლებიც მხოლოდ ანტისოციალური ქცევის მქონე ინდივიდს შეიძლება ახასიათებდეს. ფსიქოანალიტიკური კლინიკისთვის არაცნობიერი შინაარსებისა და რეპრეზენტეციების, განდევნილი სურვილების, ფანტაზმებისა და ლტოლვების „კრიმინოგენული ბუნება“ იმთავითვე ცნობილია ნევროტული სტრუქტურის პაციენტებთანაც კი. პერვერტი, ფსიქოტიკი, ნარცისტული აშლილობების მქონე პაციენტი ან ფსიქოპათი მატერიალური ფორმით, რეალურად განხორციელებული აქტით კიდევ ერთხელ ამყარებს ფსიქოანალიზის საფუძვლიან „ეჭვს“ ნევროტულ სიმპტომში, ფანტაზმში ან განდევნილ რეპრეზენტაციაში შენიღბული ფორმით არსებული ანტისოციალური, კრიმინალური სურვილის შესახებ. განსხვავება მესა და ზე მეს სტრუქტურულ და ფუნქციონალურ დონეზე არსებობს. თანდაყოლილი ლტოლვითი ბუნების ანტისოციალური ტენდენციის ინტენსივობის ზრდა კრიმინალთან აწყდება ამ ტენდენციის შეკავებისა და ფსიქიკური გადამუშავების სტრუქტურულ დეფიციტს, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის რეალობასთან და სოციუმთან ადაპტაციას. არაცნობიერი ანტისოციალურია თავისი ბუნებით, თუმცა ის შეიძლება შეიცავდეს სოციალურ დისკურსს (ლაკანი), იყოს სტრუქტურირებული, როგორც ენა ან გააჩნდეს კონკრეტული კულტურისათვის დამახასიათებელი რეპრეზენტაციები, სიმბოლიკა და ა.შ. დაკმაყოფილების ობიექტსა და დესტრუქციულ ტენდენციას შორის არსებული ფიზიკური და ფსიქიკური დისტანცია სიმბოლური მნიშვნელობის რეპრეზენტაციით არ არის გაშუალებული. ლტოლვასა და პრიმიტიულ ობიექტს შორის კრიმინალური აქტის დროს, კავშირი სწრაფად, ყოველგვარი გაშუალების გარეშე მყარდება, რაც ობიექტის დესტრუქციით, განადგურებით უნდა დამთავრდეს, რომელიც გადაუმუშავებელი, არასიმბოლიზირებული და არქაული ლტოლვითი დენდენციის მსხვერპლს წარმოადგენს.

ფერენცი ანტისოციალური ქცევის ფსიქიკურ დეტერმინაციას დინამიკისა და ეკონომიკის ტერმინებში აღწერს და ცდილობს კრიმინალური აქტის კლასიკური ფსიქოანალიტიკური მეტაფსიქოლოგიის ჩარჩოებში მოქცევას. კრიმინალური აქტი წარმოადგენს სამი ძირითადი სტრუქტურული ელემენტის ურთიერთქმედების შედეგს და დაკავშირებულია ფროიდის მიერ ფორმულირებული მე–ს სამ განსხვავებულ ვერსიასთან: მე–ლტოლვა (ლტოლვითი მე, რომელსაც არაცნობიერში და სხეულში აქვს ფესვები გადგმული, რომელიც ტოპოგრაფიულად ყველზე ახლოს იმყოფება არაცნობიერთან და განიცდის პირველადი პროცესები გავლენას), მე–რეალობა (მეს კლასიკური გაგება ფსიქოანალიზში და ეგო–ფსიქოლოგიაში) და მე–მორალი (მორალური მე, რომელიც ზე–მეს სახელით არის ცნობილი). ფერენცი აღწერილ პირობით დაყოფაზე დაყრდნობით გამოყოფს კრიმინალური აქტის წარმოშობის სამ წყაროს:


ლტოლვების უკიდურესი აქტივაცია. როდესაც ფსიქიკური ეკონომია განიცდის დისბალანსს და შიდაფსიქიკური დეზორგანიზაციის მიზეზი ხდება იერარქიულად უფრო მაღალორგანიზებული სტრუქტურები ვერ უმკლავდებიან ფსიქიკური ეკონომიის დონეზე მიმდინარე ენერგეტიკულ ცვლილებებს. შეიძლება თქვას, რომ ლტოლვა, ან უფრო ზუსტად დესტრუქციული ტენდენცია არღვევს ფსიქიკურ ბარიერს, დაცვის მექანიზმებს ხელიდან უსხლტება და მთლიანად მოიცავს სუბიექტს, როგორც შეპყრობილს ანტისოციალური ირაციონალური ტენდენციით ან მისი გადაუდებელი, სასწრაფო განხორციელების სურვილით.


[აქ შეიძლება დავამატოთ თანამედროვე ანალიტიკოსთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმე ეხება არა ბრალის გრძნობას, რომელსაც ლტოლვის უკიდურესი აქტივაცია შეიძლება იწვევდეს ნევროტიკთან, არამედ ეჭვის (არა ეჭვიანობის), როგორც ბრალის გრძნობასთან შედარებით უფრო პრიმიტიული აფექტის აქტივაციას. კრიმინალი ყოყმანობს, ვერ რწმუნდება, ვერ წყვეტს განახორციელოს თუ არა დანაშაული, რაც მისთვის სრულიად აუტანელ ფსიქოაფექტურ სიტუაციას ქმნის, რომელსაც მხოლოდ ჩადენილი კრიმინალური აქტით აღწევს თავს. კრიმინალური აქტის განხორციელების ფსიქიკური ლეგიტიმაცია მტანჯველ პროცესს წარმოადგენს. ამ მდგომარეობის ნათელი მაგალითია დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“–ის გმირი, რასკოლნიკოვი, სადაც მწერალი კლინიკური სიზუსტით აღწერს კრიმინალური აქტის ფსიქიკური მომწიფების მტანჯველ, გაუსაძლის გამოცდილებას. დამნაშავე თავისუფლდება არა ბრალის გრძნობისგან (რასაც ნევროტიკის მიერ ჩადენილი წვრილმანი ქურდობის დროს შეიძლება ქონოდა ადგილი), არამედ კითხვისგან: „მოვკლა თუ არა, მოვიპარო თუ არა?“ საბოლოოდ დესტრუქციული ტენდენციები სიმბოლიზაციისა და ფსიქიკური გადამუშავების დეფიციტის მიზეზით იმარჯვებენ და კრიმინალი სვამს შემდეგ კითხვას: „როგორ მოვკლა, როგორ მოვიპარო“? თუ კლინიკურად შევაფასებთ კრიმინალური აქტის ამ ირაციონალურ წინამძღვრებს კითხვა: „როგორ მოვკლა ან როგორ მოვიპარო“ პოზიტიური სიმპტომია და შიდაფსიქიკური (არანევროტული) კონფლიქტის გამოსავლის ერთ–ერთ ვერსიას წარმოადგენს. პირველი კითხვიდან მეორეზე გადასვლა კრიმინალისათვის გარკვეული შვების მომტანია, თუმცა „სრული გამოჯანმრთელება“ მხოლოდ ჩადენილი აქტის შემდეგ არის შესაძლებელი. ე.ი. არსებობს რაღაც რისი დამორჩილების ძალაც სუბიექტს არ შესწევს, რის გამოც ის მთლიანად ექვემდებარება ლტოლვით ტენდენციებს და აუტანელი დაძაბულობისაგან თავისუფლდება, დაძაბულობისაგან, რომელიც არ არის მორალური ბუნების (განსხვავებით ნევროტიკისაგან)].


ანტისოციალური ქცევის მეორე მიზეზი ფერენცისთვის არის სუსტი მე–რეალობა, ე.ი. სუსტი მე, რომელიც კარგავს განსჯისა და ლოგიკური აზროვნების უნარს. ხშირად როდესაც ადამიანი იმუქრება, ვეღარ აკონტროლებს აგრესიას, დესტრუქციის რეალობაში გადმოღვრისა და მისი განხორციელების ზღვარზე დგას, გარშემომყოფები ამბობენ: „გაგიჟდა“, „აზროვნების უნარი დაკარგა“, „კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე“, „საკუთარ თავს აღარ გავდა“. გამონათქვამები სწორედ არაცნობიერის მიერ სუსტი მე–ს ნაწილობრივ ან სრულ ასიმილაციაზე მიუთითებენ.

მესამე მიზეზად ფერენცი ასახელებს ფროიდისა და შემდგომში რაიკის[6] მიერ განვითარებულ მოსაზრებას, რომელსაც მოკლედ შეიძლება ვუწოდოთ „კრიმინალი ბრალის გრძნობის გავლენით“. ფროიდის ფუნდამენტურ შეხედულებას შემდეგ თავში განვიხილავთ, თუმცა აქ შეიძლება აღვწეროთ რაიკის პოზიცია. რაიკი ითვალისწინებს ფროიდის მოსაზრებას ბრალის გრძნობის, როგორც ანტისოციალური ქცევის ძირითადი დეტერმინატის შესახებ. საქმე ეხება ზე–მორალურ ზე–მეს, რომელიც ბრალის გრძნობის პათოლოგიური ფორმების მიზეზი ხდება და სუბიექტს აიძულებს სასჯელი და მონანიება ეძებოს გარეთ. პათოლოგიური ბრალის გრძნობა, როგორც პათოლოგიური ზე მეს მუშაობის პროდუქტი დასჯის ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებას წარმოშობს. რაიკის აზრით, დანაშაულის აღიარების დაუოკებელი სურვილი სწორედ დასჯის მოთხოვნილებასთან არის კავშირში. დანაშაულის აღიარების სურვილი კომპულსიურ სახეს იღებს, ხოლო აღიარების შემდეგ ერთგვარი შვებისა და შინაგანი თავისუფლების ეფექტი აქვს. აღიარება ფსიქიკურ მნიშვნელობას მაშინაც არ კარგავს თუ ის დაკავშირებულია რეალურ სასჯელთან. სასჯელი, რომელიც აღიარების შემთხვევაში გარემოდან იღებს სათავეს გაცილებით უფრო მსუბუქია (ფსიქიკურად უფრო ასატანი), ვიდრე პათოლოგიურად სადისტური ზე მეს თვითდასჯის მექანიზმები და ტირანია. ზე–მეს შიდაფსიქიკურ სამსჯავროზე მე თავს უფრო უბედურად გრძნობს ვიდრე აღიარების შემდეგ ციხეში.

ამრიგად, ფსიქოანალიზის საწყისი კლასიკური ჰიპოთეზა ანტისოციალურ ქცევას ხსნის აკრძალვის ინტერიორიზაციის დეფიციტით და ზე–მეს ფუნქციონირების მოშლით. ანტისოციალური ქცევის მიზეზს წარმოადგენს ერთის მხრივ, სუსტი ზე მე და და სუსტი მე, ხოლო მეორეს მხრივ ლტოლვითი და დესტრუქციული ბუნების ტენდენციების არანორმალური აქტივაცია. ანტისოციალური ტენდენციების შიდაფსიქიკური რეგულაცია შეუძლებელი ხდება, გარდაიქმნება ქცევად ან კრიმინალურ აქტებად და რეგულირებულია კანონის მიერ იურიდიულად.


კლასიკური შეხედულების არასრულფასოვნება

აღწერილი კლასიკური პოზიცია არასრულფასოვანია და არ ითვალისწინებს ნამდვილი კრიმინალის პიროვნებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ნევროტიკი, მოკლებულია ბრალის გრძნობას, ისევე როგორც თვითდასჯისა და მონანიების სურვილს. ხშირად კრიმინალური აქტი სრულიად არ შეესაბამება მისი ჩამდენის პიროვნულ ნიშნებს, რაც გარშემომყოფთათვის თავად დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაუჯერებელს ხდის (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრეფსიქიოტურ პიროვნებას, ე.წ. თეთრ ფსიქოზს, პიროვნების შიზოიდურ ტიპს). ნაცვლად ბრალის გრძნობისა კრიმინალი განიცდის სიამაყეს, აქვს შვებისა და თავისუფლების განცდა კრიმინალური აქტის აღსრულების შემდეგ. სასჯელი, როგორც გამოცდილება ვერ პოულობს კრიმინალის ფსიქიკურ ცხოვრებაში ადგილს. მოხდილი სასჯელი დანაშაულის განმეორებით ჩადენისაგან სრულიად არ იცავს მას. ხშირად სადომაზოხიზმის ნევროტულ ფორმებს კრიმინალთან პრიმორდიალური, არასიმბოლიზირებული და სრულიად უმი, გადაუმუშავებელი სისასტიკე ანაცვლებს. ამ თემას ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი ჟერარ ბონე უძღვის ნაშრომს „პერვერზია“,[7]სადაც ის ცდილობს გამიჯნოს პერვერზიის ფროიდიანული ვერსია სისასტიკის, გაუპატიურებისა და პედოფილიის შემზარავი აქტებისაგან, რომლებიც მისი აზრით, დეტერმინირებულია არა პერვერზიის ეროტიზირებული, ნაწილობრივი ლტოლვითი ტენდენციებით, არამედ დეზეროტიზირებული, ლიბიდოსაგან სრულიად დაცლილი მთლიანობითი და არქაული დესტრუქციულობით, რომელიც ობიექტის სრულ განადგურებას, მოსპობას ისახავს მიზნად. სექსუალური აქტი ამ შემთხვევაში წარმოადგენს არა პერვერტული სადიზმის ან მოზოხიზმის გამოვლინებას, არამედ სიყვარულის პრიმიტიულ ფორმას, რომელიც მატრავმირებელ აგზნებასთან არის დაკავშირებული და რომელიც სწრაფად შეიძლება გარდაიქმნას პრიმიტიულ სიძულვილად. გაუპატიურებისა და მკვლელობის აქტი, მაგალითად პედოფილიის შემთხვევაში პერვერზიასთან ამ სიტყვის ფროიდიანული (ლიბიდინალურ–პარციალური) გაგებით არ არის კავშირში. პედოფილს უყვარს ობიექტი, წარმოადგენს ინდივიდს, რომელსაც ბავშვებისადმი პრიმიტიული სიყვარული ამოძრავებს, პრიმიტიული, იმდენად, რამდენადაც სიყვარულის ეს ფორმა გამორიცხავს სქესობრივ დიფერენციაციას, სრულიად უსქესოა, ისევე როგორც გამორიცხავს დიფერენციაციას თაობებს შორის (ოიდიპოსის კომპლექსის ფსიქიკური მემკვიდრეობის ორ ძირითად ასპექტს სწორედ სქესთა და თაობათა შორის დიფერენციაცია წარმოადგენს).


პედოფილი იდენტიფიცირდება მსხვერპლთან, როგორც ბავშვობაში ტრავმირებული ინდივიდი (საქმე ეხება არა ფსიქიკურ–ნევროტულ, არამედ ნამდვილ სექსუალურ ტრავმას, ხშირად სექსუალურ ძალადობას, რომლის მსხვერპლიც თავად იყო მომავალი პედოფილი) და ნარცისტულად უყვარს ის. ბავშვი, როგორც ნარცისტული იდენტიფიკაციის ობიექტი პედოფილთან მატრავმირებელი აგზნების მობილიზაციას ახდენს, რომლიც პედოფილის დეფიციტარულ ფსიქიკას განტვირთვის ფსიქიკური აუცილებლობის წინაშე აყენებს. მკვლელობა ხდება არა პედოფილური სქესობრივი აქტის აღსრულების, არამედ ობიექტის მხრიდან გამოვლენილი წინააღმდეგობის შემთხვევაში. სწორედ წინააღმდეგობის გამოვლენა, რომელიც პრიმორდიალური ტენდენციების აღსრულებას ეღობება წინ სიძულვილის სრულიად წარმოუდგენელი რაოდენობის მობილიზაციას ახდენს პედოფილთან, რაც ობიექტის მოკვდინების მიზეზი ხდება. საქმე ეხება არა სუბიექტის, ინდივიდის ან პიროვნების მიერ აღსრულებულ აქტს, არამედ სიძულვილის მანქანის მოქმედების ავტომატიზირებულ ფორმებს, რომელიც მთლიანად გამორიცხავს ფსიქიკური სუბიექტის, ან როგორც ამბობენ არაცნობიერის სუბიექტის მონაწილეობას აქტის დროს. ამ მიზეზის გამო ჩადენილი აქტი პედოფილთან არაფსიქიკური ბუნების არის, ფსიქიკურ ცხოვრებაში ადგილს ვერ იმკვიდრებს, არ წარმოადგენს პედოფილის გამოცდილების ნაწილს და დანაშაულის ავტორთან გაკვირვების ემოციას შობს. აქტი, რომელიც მან განახორციელა ფსიქიკურად არ არსებობს, შესაბამისად პედოფილი აქტის განხორციელების დროს მოკლებულია სიბრალულის გრძნობას (აქტის დროს ადამიანის, სუბიექტის არარსებობის გამო), ხოლო განხორციელების შემდეგ ბრალის გრძნობასა და თვითკრიტიკას. ე.ი. მძიმე ფორმის დანაშაულის განხორციელება გულისხმობს არაადამიანურ მომენტს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რაც მსხვერპლს გადარჩენის ყოველგვარ შანსს უსპობს, თუ არ ჩათვლით ფიზიკური გაქცევის წარმატებულ მცდელობებს. ბონეს აინტერესებს ის, თუ რატომ აქვს ადგილი მკვლელობას, სწორედ მაშინ, როდესაც ობიექტი ფიზიკურად უსხლტება ხელიდან მოძალადეს. მისი აზრით, პრიმიტიული ფორმის მატრავმირებელი აგზნება (ფსიქოანალიზში ტრავმატიზმი სწორედ აგზნების რაოდენობრივ ასპექტს უკავშირდებ, რომელიც ქმნის ფსიქიკურ ხვრელს, არღვევს დამცავი ბადის მთლიანობას), რომლის მობილიზაციასაც ნარცისტული ობიექტი ახდენს მოძალადესთან, ობიექტის გარეშე დარჩენის შემთხვევაში მის ფსიქიკურ არსებობას უქმნის საფრთხეს. აგზნების მატრავმირებელი რაოდენობა, რომელიც მსხვერპლის მიერ გაქცევის მცდელობების გამოვლენის შემთხვევაში, ობიექტის გარეშე შეიძლება დარჩეს, მოძალადესთან ფსიქიკური აფეთქების, ფსიქიკის ნაწილებად დაშლის საფრთხეს ქმნის და მსხვერპლს არქაული სიძულვილის ობიექტად აქცევს. მსხვერპლის მოკლვა ამ შემთხვევაში მისი იმობილიზაციისა და შენარჩუნების გარანტიაა. მკვლელობა ხდება მაშინ, როდესაც მოძალადე ფსიქიკური კატასტროფის წინაშე დგას და ექვემდებარება სიძულვილის ავტომატიზირებულ ფორმას, როგორც არქაული დაცვის მექანიზმის ერთ–ერთ ყველაზე შემზარავ გამოვლინებას. აქ უნდა აღინიშნოს, რომ საქმე არ ეხება აგრესიის ინსტინქტუალურ, ან ცხოველურ გამოვლინებას, თანდაყოლილ აგრესიას ამ საიტყვის ბიოლოგიური, კონრად ლორენცისეული გაგებით, რომელიც ცხოველთან და ადამიანთან თავდაცვისა და ფიზიკური უსაფრთხოების სამსახურში შეიძლება იდგეს. საქმე ეხება სიძულვილს, რომელიც აგრესიისა და ეროტიზირებული სადიზმის მიღმა მოქმედებს და დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისთვის. ე.ი. ფსიქოანალიზის კვლევის ობიექტს ხშირად შეიძლება წარმოადგენდეს ყველაზე არაადამიანური აქტები, მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი სიძულვილით ჩადენილი, სადაც ბიოლოგიური ინსტინქტი წმინდად „ადამიანურ“ დამახინჯებას განიცდის და დაკარგული აქვს ფესვები დარვინისეულ მიზანშეწონილობასთან, ბუნებრივ გადარჩევასთან და ა.შ. კრიმინალური აქტი ბიოლოგიური ინსტინქტის დენატურალიზაციის შედეგია და მკვლელობის წმინდად ადამიანურ სურვილს ექვემდებარება.


კრიმინალის პიროვნების კლინიკური ანალიზი დანაშაულის ჩადენის შიდაფსიქიკური მექანიზმის კლასიკური მოდელის უნივერსალურობას აყენებს ეჭვ ქვეშ, რომელიც ნამდვილად ვალიდურია იმ შემთხვევაში თუ დანაშაულს სჩადის ნევროტული ფსიქიკური ორგანიზაციის მქონე ინდივიდი. კრიმინალის პიროვნება ხშირად გულისხმობს სხვისი დამცირების, სხვისი უფლებების ძალადობრივი უარყოფის ლატენტურ ტენდენციას. ავტორები საუბრობენ არა დაკმაყოფილების გამოცდილებაზე, არამედ კმაყოფილების ეგოცენტრულ განცდაზე, რომელსაც კრიმინალი სხვა ადამიანის უსაფრთხოების, უფლებების, თავმოყვარეობისა თუ ფიზიკური და მატერიალური კეთილდღეობის ხარჯზე მოიპოვებს. ანტისოციალური ტენენციების მქონე ინდივიდს აღენიშნება ერთგვარი ძალაუფლების ინსტინქტი, რომელიც სხვისი დამცირების ხარჯზე საკუთარი მეგალომანიური ბუნების თვითშეფასების გამყარებას ემსახურება. ხშირად ადგილი აქვს ეგოცენტრიზმს საკუთარ თავში ნარცისტული ჩაკეტვისა და პერვერტული სადიზმის გამოვლინებების გარეშე, და გულისხმობს ყოველგვარი ძალადობის გარეშე მეორე ადამიანზე ტრიუმფს(მაგალითად ადამიანების სერიული მოწამვლის შემთხვევაში).[8] კრიმინალი საზოგადოებასსოციუმის წინაშე საკუთარი თავის დამკვიდრების შოკისმომგვრელ ფორმებს სთავაზობს. აღწერილი კლინიკა ერთი საერთო პრობლემის გარშემო ერთიანდება, ის შეიძლება განისაზღვროს, როგორც კრიმინალის განსაკუთრებული დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ. მეორე ადამიანთან დამოკიდებულების ეს სპეციფიური ფორმა როგორც წესი არც ერთი ფსიქიკური აშლილობის კლინიკურ სურათს არ წარმოადგენს და არსებობს, ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად, რომელიც მხოლოდ კრიმინალური პიროვნებისთვის არის დამახასიათებელი. ანჯელო ჰესნერი, ერთ ერთი პირველი ავტორი, რომელიც კრიმინალური ქცევის ფსიქოანალიტიკურ კვლევას აწარმოებდა დამოკიდებულების ამ ფორმას განსაზღვრავს, როგორც ეგოს (Ego) ტრიუმფს ალტერზე (Alter) ე.ი. სხვაზე.


აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ფსიქოანალიზის საწყისი კლასიკური ჰიპოთეზა ყველა კრიმინალურ აქტს, ყველა ფსიქიკური სტრუქტურის მქონე ინდივიდებთან ვერ ხსნის. მიუხედავად ამისა, მომდევნო თავში, რომელსაც ქვია „ლიტერატურის მიმოხილვა“ კვლავ დავუბრუნდებით ფროიდის შეხედულებას, რათა ნათელი გახდეს არა კრიმინალური აქტის განხორციელების ფსიქოპათოლოგია (რომელსაც კლასიკური „მორალური“ თეორია ვერ უმკლავდება ნევროზისადმი გადამეტებული სიყვარულის გამო), არამედ კრიმინალური ტენდენციებისა და სურვილის ადგილი, ასევე მათი წარმოშობა ინდივიდის ფსიქიკურ ცხოვრებაში. რადგანაც ფსიქოანალიზი იკვლევს არა ქცევას, არამედ ქცევის მადეტერმინირებელ შიდაფსიქიკურ ძალებს, იძულებული ვართ დავუბრუნდეთ ნევროზების ფსიქოპათოლოგიას, სადაც წმინდად ფსიქიკური ფორმით არსებობს ყველა ტენდენცია, რომელიც კრიმინალის ხელით ხორციელდება და შოკისმომგვრელი ეფექტი აქვს მის კანონიერ მფლობელზე, ნევროტიკზე.


იხ. გაგრძელება.



73 views0 comments
bottom of page